კლდიაშვილი სერგო: ძველთაძველი ამბავი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 
  თუმცა მოქანდაკე ლიზიპე ოსტატობით თავის თანამედროვეებზე მაღლა იდგა, კოლეგებს ის მაინც აბუჩად ჰყავდათ აგდებული, ვინაიდან მეტისმეტად მოკრძალებული იყო და უმეტეს დროს შრომაში ატარებდა.

ვინმე დიპოკრატე, ისიც მოქანდაკე, მაგრამ უფრო დიდი ოსტატი იმისა, თუ როგორ მიაღწიოს კაცმა კეთილ ცხოვრებას, ასე იტყოდა ხოლმე:

– დაე, ლიზიპემ იმით ინუგეშოს თავი, რომ ტალანტი აქვს. ის ვერასოდეს იგემებს სიხარულს თავისი ნიჭისაგან. რა თქმა უნდა, კარგია, თუ მარჯვე ხელებითა და მგზნებარე გულით დაგაჯილდოვეს ღმერთებმა, მაგრამ, მერწმუნეთ, უფრო მნიშვნელოვანია, გქონდეს უნარი ყველაფერი შენს სასარგებლოდ გამოიყენო ცხოვრებაში და მიაღწიო იმას, რომ შენსავით არავინ ჩანდეს, თუნდაც სხვა ვინმე უფრო ღირსეული იყოს.

დიპოკრატემ მართლაც მიაღწია ამას, ლიზიპე კი მუდამ ჩრდილში იყო.

ერთ დილას დიპოკრატესთან მივიდა მისი ერთგული მოწაფე და მორიდებით, თითქოს სხვათა შორის, უთხრა:
– გუშინ შემთხვევით ლიზიპეს ახალი ნამუშევარი ვნახე, მას გამოუძერწავს მეფე ალექსანდრეს სახე. ეს ქანდაკება ყველაზე უკეთესია, რაც აქამდე შეუქმნია. არ დავიფიცავ, თრთოლვამ ამიტანა, როცა შევხედე. ვერ წარმომედგინა, თუ ქვას სიცოცხლის ასეთი უნარი ჰქონდა.

ქალაქში ალაპარკდნენ ლიზიპეს ახალ ქმნილებაზე და საფიქრებელი იყო, რომ ეს ხმა დიდ ალექსანდრე მაკედონელამდე მიაღწევდა.

გამჭრიახმა დიპოკრატემ წარმოიდგინა ეს და აფორიაქდა. მან საჩქაროდ იხმო თავისი მოწაფე და ჰკითხა:
– ხომ არ უთქვამს ლიზიპეს, რომ აპირებს გაუგზავნოს თავისი ქანდაკება მეფეს?

– ჩემი აზრით, ქანდაკება უნაკლოა, – მოახსნე შეგირდმა, – მაგრამ თვითონ ოსტატი მაინც არ არის კმაყოფილი და არ თვლის დამთავრებულად.

– მაშ, საქმე კარგადაა! – ღიმილი გამოისახა დიპოკრატეს სახეზე, – მე ვიცი ლიზიპეს ხასიათი. ის არ იჩქარებს და იმუშავებს მანამდე, სანამ დარწმუნდება, რომ ქანდაკება უნაკლოა... დაე, კიდევ იმუშაოს და ეცადოს, მეფის ბუნება, რაც შეიძლება, სრულქმნილად გამოძერწოს. მე კი ჩემი ნაცადი ხერხი მაქვს და ვფიქრობ, უფრო სწრაფი და უტყუარი. ბოლოს და ბოლოს მაკედონელიც ადამიანია და მეფური სამოსის ქვეშ ისეთივე ვნებით სავსე გული უცემს, როგორიც ყველა ჩვენგანს.

დიპოკრატემ საჩქაროდ შეადგინა მაკედონელის ქანდაკების გეგმა, მოახერხა მასთან მისვლა და მოახსენა:

     
         
  – დიდო მეფეო, ჩვენს ქვეყანაში მრავალი ცდილობს შექმნას შენი ქანდაკება. მაგრამ ყველა უღირსად მიმაჩნია. ვერავინ მისწვდა სიდიადეს შენსას, ვინაც ღმერთებს ედრება. ნება მიბოძე, მე გამოვძერწო შენი შესაფერი. მომისმინე, რა განვიზრახე. მოგეხსენება, თრაკიაში არის მთა ათონი. ის ძალიან მაღალი და განიერია. მწვერვალისაგან შენი სახე უნდა გამოვძერწო, მთის კალთებს მანტიად ვაქცევ, ერთ ხელში ქანდაკება დაიჭერს ვრცელ ადგილს, სადაც მთელი ქალაქი გაშენდება, ხოლო მეორეში – ლარნაკს, საიდანაც მდინარე გადმოხეთქს. აი ძეგლი, შენი საკადრისი!.. დიახ, მეფეო, მე უნდა უკვდავგყო შენ!     თრაკია, იმაუსი - გეოგრაფიული სახელები.
         
 

მაკედონელმა ერთხანს უყურა დიპოკრატეს და ბოლოს მშვიდად უთხრა:

– კარგი აზრია, მაგრამ კასპიის ზღვამ, იმაუსმა და უდაბნოებმა, რომლებიც მე გადავლახე, უკვე მომანიჭეს უკვდავება. ამაზე ნუღარ ზრუნავ. თავი დაანებე ათონის მთასაც, დარჩეს ისეთივე, როგორიც აქამდე იყო!

     

თრაკია, იმაუსი - გეოგრაფიული სახელები.