დავით წინასწარმეტყველი: ფსალმუნი 118

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

   



 

დავით წინასწარმეტყველი, ბიბლიის მიხედვით, იყო იესე ბეთლემელის ვაჟი. ფიზიკურად სუსტი არც გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგრამ უფალი მის გულს ხედავდა და სწორედ ის აირჩია მომავალ მეფედ, მას სცხო მირონი საულის ხელით. დავითმა, უფლის შეწევნით, მრავალ განსაცდელს გაუძლო, მაგრამ სახელი ფილისტიმელ გოლიათზე გამარჯვებით გაითქვა. დავით მეფე მადლითაც შეიმოსა და ცოდვათაგანაც იძლია, მაგრამ მუდამ ახსოვდა უფალი და მისი მოწყალების იმედი ჰქონდა. მისმა ცხოვრებამ ხატოვანი ასახვა პოვა ფსალმუნებში. ცოდვათა განცდა, სულიერი ტკივილი, უდიდესი სინანული, რწმენა და სიყვარული ჩანს დავითის საგალობლებში. გარდა ამისა, მისი გალობანი განმსჭვალულია ლირიზმითა და გრძნობათა სიწრფელით. ფსალმუნის მხატვრული სახეები, ღრმა მეტაფორული აზროვნება, ამოუწურავი სიბრძნე მრავალ მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურულ ნაწარმოებში განსახოვნდა.     ფსალმუნი - სახელწოდება წარმოდგება სიტჲვისგან „ფსალმოს“ - ვგალობ, საგალობელი. ფსალმუნი ეწოდება საგალობელს, რომელსაც მუსიკალურ სიმებიან საკრავზე, ქნარზე, უკრავდა დავითი, უფლის შთაგონებით, თხზავდა ღვთის სადიდებლებს. ფსალმუნებს ხშირად „დავითნსაც“ უწოდებენ. მასში ადამიანის სულის ყველა მოძრაობაა გამოხატული. „დავითნი“ 150 ფსალმუნს შეიცავს, რომლებიც განაწილებულია 20 კანონად. თითოეული კანონი, თავის მხრივ, 3 მონაკვეთად, „დიდებად“, იყოფა.
ძველი ქართული     ახალი ქართული
1 ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
2 ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
3 რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
4 შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
5 წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა,
6 მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა,
7 აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
8 სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
9 რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
10 ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
11 გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ.
12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
13 ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
14 გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
15 მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი.
16 სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი.
17 მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
18 განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი.
19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
20 სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
21 შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
22 მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
23 და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
24 და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
25 მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
26 გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
27 გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა.
28 მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა.
29 გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე.
30 გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
31 შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე.
32 გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
33 შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის.
34 გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
35 მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
36 მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
37 მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე.
38 დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან.
39 მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
40 ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
41 და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა.
42 და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
43 და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
44 და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
45 და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
46 და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა.
47 და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად.
48 და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა.
49 მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
50 ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
51 ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე.
52 მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
53 ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი.
54 საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
55 მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი.
56 ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
57 ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი.
58 ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა.
59 განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა.
60 განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
61 საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
62 შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
63 შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
64 წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
65 სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა.
66 სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
67 პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე.
68 ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
69 გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
70 შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე.
71 კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
72 კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ
73 ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
74 მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
75 გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე.
76 იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა.
77 მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
78 ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა შენთა.
79 მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
80 იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე.
81 მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
82 მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე?
83 რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
84 რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
85 მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო.
86 ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე.
87 წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
88 წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
89 უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა.
90 და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს.
91 ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
92 არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
93 უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
94 შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
95 მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ.
96 ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად.
97 რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
98 უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
99 უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
100 უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე.
101 ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
102 სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე.
103 რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა.
104 მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა.
105 სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა.
106 ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
107 დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
108 ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
109 სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
110 დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
111 დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
112 მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს მოსაბებელისა.
113 უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
114 შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
115 მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
116 შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.
117 შემეწიე მე, და ვსცხონდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
118 შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
119 გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი.
120 განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
121 ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
122 შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
123 მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
124 ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
125 მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი.
126 ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. ა
127  მისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა;
128 ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე.
129 საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
130 განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა;
131 პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება
132 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა.
133 სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ.
134 მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცუნე მცნებანი შენნი.
135 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
136 ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი.
137 მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
138 ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
139 განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა.
140 გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
142 სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი _ ჭეშმარიტ.
143 ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
144 სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე.
145 ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
146 ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცუნე წამებანი შენნი.
147 აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ:
148 აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
149 ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე.
150 მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს.
151 ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
152 დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
153 იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე.
154 საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე.
155 შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს.
156 წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე.
157 მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
158 ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს.
159 იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
160 დასაბამი სიტყუათა მათ შენთა ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
161 მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა,
162 ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი.
163 ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
164 შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
165 მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
166 ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
167 დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.
168 დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
169 მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე.
170 შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე.
171 აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
172 თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
173 იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
174 მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
175 ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე.
176 შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდება
   
1 ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2 ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
3 არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
4 შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
5 ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
6 მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7 განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8 შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
9 რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
10 მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
11 გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13 ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14 შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
15 შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16 შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
17 კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
18 აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19 მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20 მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21 შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
22 ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
23 დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24 შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
25 მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26 გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27 გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28 დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
29 გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
30 გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31 მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
32 შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33 მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34 გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35 დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36 განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
37 ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
38 დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39 ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
40 აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
41 მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
42 და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43 ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.
44 დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45 ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46 ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
47 გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48 ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49 გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
50 ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
51 ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52 ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
53 თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
54 სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55 ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56 ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57 ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
58 გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59 ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60 ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61 ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
62 შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
63 თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
64 შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
65 კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66 კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67 ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68 კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
69 ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70 დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71 კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
72 უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73 შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74 მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75 ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76 დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77 მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78 შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79 დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80 იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.
81 დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82 დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?
83 ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
84 რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85 გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.
86 ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87 ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.
88 შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
89 უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90 თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
91 შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92 რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93 უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
94 შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
95 მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96 ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97 რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98 ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99 ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
100 მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101 ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102 შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
103 რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
104 შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
105 ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
106 დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
107 დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
108 აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109 სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110 დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111 დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112 მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.
113 ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
114 თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115 შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
116 შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
117 შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
118 მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119 როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
120 თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121 ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122 გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123 დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124 მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125 მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
126 ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
127 ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
128 ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129 საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130 საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
131 პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132 მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
133 ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
134 გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135 შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
136 წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137 მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
138 ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139 დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
140 ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141 მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142 სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143 განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
144 სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
145 მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
146 შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
147 ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148 ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149 ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
150 მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
151 ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152 ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153 იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
154 გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
155 შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
156 წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
157 ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
158 ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
159 ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160 საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
161 მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162 ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163 სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164 დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის სამართალთათვის.
165 დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166 იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
167 იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168 ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169 მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
170 მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171 წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.
172 იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.
173 იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174 ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175 იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
176 დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.