დავით წინასწარმეტყველი: ფსალმუნი 50

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

   



დავით წინასწარმეტყველი, ბიბლიის მიხედვით, იყო იესე ბეთლემელის ვაჟი. ფიზიკურად სუსტი არც გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგრამ უფალი მის გულს ხედავდა და სწორედ ის აირჩია მომავალ მეფედ, მას სცხო მირონი საულის ხელით. დავითმა, უფლის შეწევნით, მრავალ განსაცდელს გაუძლო, მაგრამ სახელი ფილისტიმელ გოლიათზე გამარჯვებით გაითქვა. დავით მეფე მადლითაც შეიმოსა და ცოდვათაგანაც იძლია, მაგრამ მუდამ ახსოვდა უფალი და მისი მოწყალების იმედი ჰქონდა. მისმა ცხოვრებამ ხატოვანი ასახვა პოვა ფსალმუნებში. ცოდვათა განცდა, სულიერი ტკივილი, უდიდესი სინანული, რწმენა და სიყვარული ჩანს დავითის საგალობლებში. გარდა ამისა, მისი გალობანი განმსჭვალულია ლირიზმითა და გრძნობათა სიწრფელით. ფსალმუნის მხატვრული სახეები, ღრმა მეტაფორული აზროვნება, ამოუწურავი სიბრძნე მრავალ მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურულ ნაწარმოებში განსახოვნდა.     ფსალმუნი - სახელწოდება წარმოდგება სიტჲვისგან „ფსალმოს“ - ვგალობ, საგალობელი. ფსალმუნი ეწოდება საგალობელს, რომელსაც მუსიკალურ სიმებიან საკრავზე, ქნარზე, უკრავდა დავითი, უფლის შთაგონებით, თხზავდა ღვთის სადიდებლებს. ფსალმუნებს ხშირად „დავითნსაც“ უწოდებენ. მასში ადამიანის სულის ყველა მოძრაობაა გამოხატული. „დავითნი“ 150 ფსალმუნს შეიცავს, რომლებიც განაწილებულია 20 კანონად. თითოეული კანონი, თავის მხრივ, 3 მონაკვეთად, „დიდებად“, იყოფა.
       
1. მიწყალე, მე, ღმერთო , დიდითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი.     მიწყალე - შემიწყალე, შემიბრალე. დიდითა წყალობითა შენითა - შენი უსაზღვრო წყალობით; აჴოცე - წაშალე, გააცამტვერე; უსჯულოებაჲ ჩემი - ჩემი უზნეობა, დანაშაული;
       
2. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.     უფროჲს განმბანე - სრულიად განმწმინდე (ცოდვისაგან).
       
3. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე; უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.     უწყი - ვიცი, შეცნობილი მაქვს; ცოდვაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის - ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
       
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.     შენ მხოლოსა - მხოლოდ შენ; ბოროტი შენ წინაშე ვყავ - ბოროტება შენ მიმართ ჩავიდინე; რაჲთა განჰმართლდე - რადგან მართალი ხარ; სძლო სჯასა შენსა - სწორი ხარ შენს სამართალში; სამართლიანი ხარ და განვმართლდე განსჯისას
       
5. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.     უსჯულოებათა შინა მიუდგა - ცოდვით ჩავისახე; ცოდვათა შინა მშუა - ცოდვაში გამაჩინა (ცოდვის ნაყოფი ვარ); უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან - წმინდა მამები განმარტავენ, რომ დავითი თავისი დაბადების უკანონობაში ევასაგან ადამის ცდუნებას გულისხმობს. ადამის ცოდვამ დაუდო სათავე სამოთხის გარეთ, უფალთან განშორებით, ცხოვრებას და შობადობასაც. ამიტომ ყოველი ადამიანი პირველქმნილი ცოდვის შვილია.
       
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
 
    ესერა - აჰა. უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე - შენი უხილავი, დაფარული სიბრძნე მამცნე. უსუპი - მძაფრსუნიანი ბალახი, რომლის ნაყენი კეთრს კურნავდა; აქ: მეტაფორულად უფლის წყალობას, მადლს აღნიშნავს. განმბანო მე - გამბანე (ცოდვათა უკეთურებისაგან), ჩამომრეცხე (ცოდვა).
       
7. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.     მასმინო - მომასმენინე; იხარებდენ - გაიხარებენ; ძუალნი - იგულისხმება: მთელი სხეული, მთელი ფიზიკური არსება; დამდაბლებულნი - დათრგუნვილი (იგულისხმება ხორციელი ვნებების დათრგუნვა).
       
8. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ.     გარემიაქციე პირი შენი - პირი აარიდე, ნუ მიაქცევ ყურადღებას. უსჯულოება - დანაშაული, ცოდვა.
       
9. გული წმიდაი დაჰბადე  ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.     დაჰბადე - აღადგინე, შექმენი. გული წმიდაჲ დაჰბადე - დავითი უფალს სთხოვს, რომ აღადგინოს მასში დაცემული სულიერი მდგომარეობა პირვანდელ, დაცემამდელ, მშვენიერებაში (შევადაროთ„ნათლით შემოსვა“, „ღვთის შემოსვა“). სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა - წმინდა სული შთამბერე, კვლავ განმაახლე (სულიერად).
       
10. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.     ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან - ნუ განმაშორებ შენგან. ნუ მიმიღებ - ნუ წამართმევ.
       
11. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ  და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.     სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ - შენგან ხსნის სიხარული. სულითა მთავრობისაიჲთა დამამტკიცე - ღვთიური სულით განმამტკიცე, გამამაგრე.
       
12. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.     ვასწავლნე - ვასწავლო. უსჯულოთა  - აქ: ცოდვილებს. შენდა მოიქცენ - შენკენ მობრუნდნენ, შენთან მოვიდნენ.  ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ - იმის შემდგომაც, რაც ახალი აღთქმა გავრცელდა ურჯულოთა და წარმართთა შორის, ძველი აღთქმის წიგნებიდან „ფსალმუნნი“ უპირველესი გახდა და ასეა დღემდე. ის ცოდვილებს და, საერთოდ, ადამიანებს სულიერ განწმენდაში ეხმარება და უფალთან აახლოებს. დავითი წინასწარმეტყველებს თავისი საგალობლების მნიშვნელობას ადამიანთათვის.
       
13. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.     მიჴსენ მე სისხლთაგან - დამიხსენი დანაშაულისაგან, სისხლიანი ცოდვის დადებისაგან (მკვლელობისაგან). იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა - ხოტბას შევასხამ შენს სიმართლეს, სამართლიანობას.
       
14. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე,  და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.     აღახუნე - გააღე. უთხრობდეს ქებულებასა შენსა - აღავლენს შენს ქებას.
       
15. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა;  არამედ საკუერთხი არა გთნდეს.     უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა - რომ მოგესურვებინა, მსხვერპლს შემოგწირავდი. საკუერთხი არა გთნდეს - საკურთხი, შესაწირავი არ გნებავს.
       
16. მსხუერპლი ღმრთისა არს სული  შემუსრვილი  გული  შემუსრვილი, და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.     შემუსრვილი - დამდაბლებული, მონანული. რა შეურაცხ-ყოს - არ დაამცირებს, არ უარყოფს.
       
17. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი.     ნებითა შენითა - შენი სურვილისამებრ. ზღუდე - გალავანი, სიმაგრე.  სიონი - ბორცვი ქალაქ იერუსალიმში. გადმოცემით, აქ იყო მეფე დავითის რეზიდენცია და უფლის ტაძარი. ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ის დამკვიდრდა როგორც ქრისტიანთა ცხოვრების სიმბოლო.  იერუსალიმი - იგულისხმება ქალაქი იერუსალიმი, რომელიც მაშინ მტერთაგან იყო დარბეული. დავით წინასწარმეტყველი იმედოვნებს, რომ ღვთის წყალობით იერუსალიმი აღდგება. სჯულის მოძღვრების აზრით, დავითმა ამგვარად იწინასწარმეტყველა ქრისტიანული ეკლესიის გაბრწყინება. იერუსალიმი ქრისტიანული ეკლესიის სახე-სიმბოლოდ დამკვიდრდა ისევე, როგორც სიონი. 
       
18. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ,  შესაწირავი და ყოვლადდასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.     გთნდეს - მიიღებ (არ იუკადრისებ). მსხუერპლი სიმართლისაჲ - სიმართლის მსხვერპლი. ზოგი წმინდა მამის განმარტებით, წინასწარმეტყველურად ქრისტეს სისხლსა და ხორცს (წმინდა ზიარებას) აღნიშნავს. საკურთხეველი - სამსხვერპლო.  შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი - ებრაელები უფლისთვის გამზადებულ სამსხვერპლო პირუტყვს კლავდნენ და მერე წვავდნენ ან მთლიანად, აუჭრელად, ან ნაწილ-ნაწილ. შესაწირავი მთელის ნაწილს აღნიშნავს, ხოლო ყოვლადდასაწველი - მთლიანს. ზუარაკი - მსხვერპლი, შესაწირავი.