რევაზ ინანიშვილი:  კედელი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

 

კითხულობს: მეთერთმეტე კლასელი სოფო სურმანიძე



 
  აკაკი წერეთელი სხვიტორში იყო, თავის სამშობლო სოფელში. ოქტომბერი იწურებოდა, წვრილი წვიმების, მსუბუქი ნისლებისა და წითელ-ყვითელი ფერების თვე. ხანდახან ნოტიო ნიავიც წამოუბერავდა, ხილნარის ფოთლებს დაბლა ყრიდა და მერე ცდილობდა მიწა-მიწა წაეღო.

აკაკი უთენია დგებოდა. ბებრული ფათურით აანთებდა ლამპას, მიუჯდებოდა სამუშაო მაგიდას და ხან შუბლზე ხელმიბჯენილი კითხულობდა, ხანაც ოდნავ გვერდზე გადახრილი წერდა.

მაგიდა ფანჯარასთან ედგა. ფანჯრიდან მთის ფერდობი ჩანდა. მთას მაღლა მუხნარი გადავლებოდა, ქვემოთ და ქვემოთ კი რცხილის ბუჩქები იყო გაფანტული.

იმ ბუჩქებში, ჯერ ისევ გათენების ბინდში თხები გამოჩნდებოდნენ. დაქივქივებდნენ, უკანა ფეხებზე შემდგარნი ეწვდებოდნენ რცხილის ნორჩ ყლორტებს, ტუჩებს გაჩქარებით აცმაცუნებდნენ. გაივლიდნენ გამხდარი, დაფიქრებული ბოჩოლებიც. გაირბენდა შოლტიანი ბიჭიც. აჰყვებოდნენ აღმა ამავალ ბილიკს წელში წალდგარჭობილი სხვა ბიჭებიც, კაცებიც, ზოგჯერ თავსაფრით პირახვეული ქალებიც. ცოტა ხანში, ოთხად მოღუნულები, ფერდობზე ჩამოატარებდნენ შეშის გუდურებს, ჩამოათრევდნენ ფიჩხს, ანდა ტოტებშესხეპილ მოზრდილ ხეებს. ზემოდან მომავლები ყველანი მორბოდნენ, აქეთ-იქით იხედებოდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება ჩქარა ჩაჰფარებოდნენ ბუჩქნარებსა და ბექობებს.

ბიჭების უმეტესობა ფეხშიშველი იყო, შარვლის ტოტები აეკარწახებინათ და დაურიდებლად "მოსუსხურებდნენ" ხმელ, ეკლიან ბალახებში.

უყურებდა მოხუცებული, მოტეხილი პოეტი, თითქოს მას ჩხვლეტდნენ ეკლები, თანაც ფეხებში კი არა, გულში, და გული ეკუმშებოდა, ეწურებოდა, უთავდებოდა ტკივილით.

     
         
  შემოვიდოდა მოურავი კოწია, სალამს იტყოდა, იდგა, ჩოხის ქილებზე  ისვამდა ხელს, მერე ისიც გაიხედავდა ფანჯარაში და მოჰყვებოდა წუწუნს.

- გაკაფეს, ბატონო, ყველაფერი. ათი-თხუთმეტი წელიწადი და ხე აღარ დარჩება, სიცხეში რომ თავი შეაფაროს შეწუხებულმა კაცმა. სულ დაიხრამება ეს ფერდობები, ნიაღვრები წაიღებს ყანებს, უტყეოდ რაღა ქართული სოფელი იქნება ჩვენი სოფელი...

- უნდა ავუხსნათ, კოწია, თვითონ გლეხობას უნდა შევაგნებინოთ ეს გარემოება.

- ვუხსნი, ბატონო, სულ მაგას ვუჩიჩინებ ყოველდღე, მაგრამ ვინღაა ახლა ჩვენი დამჯერი! რიდი აღარა აქვთ და შიში; გლეხს კიდევ, ბატონო, თუ შიში არა აქვს რამის, რა დააკავებს სხვა!

აკაკი ადგებოდა, ხელჯოხს აიღებდა და ბოლთის ცემას იწყებდა დიდ, სევდიან ოთახში.

- ძნელია, კოწია, ძალიან ძნელი, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი უნდა შევეცადოთ, ჩვენცა და გლეხებიც.

კოწია დასტურს აძლევდა, - კი, ბატონოო, რა თქმა უნდა ბატონოო, - მერე ისევ თავის სამიზნეს უმიზნებდა.

- წყალში ქვას არ დატოვებენ ხელშეუვლებელს. თუ რამე დაძრეს, შინ მიაქვთ ყველაფერი. ამას წინათ თითისოდენა ბავშვი რეზინს აჭრიდა ეტლის ბორბალს,

    ჩოხის ქილა - მასრა, რომელიც ჩოხის გულისპირზე დაკერებულ საქილეშია მოთავსებული.
         
  ბებიას სჭირდება, ბღერის წამალი უნდა გააკეთოსო. ერთი  სარეკელი  გლეხი ღამით ხიდის ყურის ქვებს გლეჯდა...

აკაკი გაჩერდებოდა, ჯოხს ორივე ხელით დაებჯინებოდა და დაინტერესებული შეჰყურებდა კოწიას. სულ მალე ისეთი სახე უხდებოდა, აშკარა ჩანდა, ფიქრით უკვე სადღაც იყო გადასახლებული. მაშინ კოწიაც ჩუმდებოდა და ფეხაკრეფით გადიოდა გარეთ.

შეკრიბეს სოფლის თავკაცები, გაუშალეს სუფრა, დასხდნენ, ისაუბრეს - შინაურულად, ნათესავურად, მამაშვილურად. ყველა შეწუხებული იყო. უტყეოდ რაღა იქნება ჩვენი სოფელიო. პირობა დადეს, არც ერთ ჯანსაღ ხეს აღარ მოჭრიდნენ, მაგრამ სამი დღეც არ გასულა, ისევ ჩამოატარეს ბიჭებმა და ქალებმა ნედლი გუდურები.

ერთმა ქვრივმა ქალმა კინაღამ ფრჩხილებით ამოკორტნა თვალები კოწიას. შემოვიდა კოწია, გული ყელში ჰქონდა მობჯენილი.

- არაო მათრახი და, ა! შეხედეთ, ბატონო, შეხედეთ!

    სარეკელი - აქ: თავკომბალა, თავდიდი.
         
  ჩამოდიოდა ფერდობზე ორი პატარა, საცოდავი ბიჭი, ხელუღელისათვის  გამოებათ ახალმოჭრილი, გრძელი ლატანი  და მოათრევდნენ, მოარბენინებდნენ.

აკაკი გამტკნარებული იდგა. მერე თქვა: „ცხენი შემიკაზმეთ!“

შეუკაზმეს დის, ანას, წყნარი, ღონიერი ცხენი. შეჯდა, ნელა გავიდა ჭიშკარში, ნელა აუყვა მთის ფერდობს. წამოეწია კოწიაც, ხან მარჯვნიდან, ამოუდგებოდა, ხან - მარცხნიდან, ხშირად ახსენებდა მათრახს.

მიუბრუნდა აკაკი: ნუ მომდევ, მარტო მინდა ვიყოო. კოწია შეჩერდა. აკაკიმ მარტო განაგრძო გზა, მარტო გავიდა მთის იქით. ნაშუადღევს დაბრუნებული კიდევ უფრო დაბერებული და მოტეხილი ჩანდა. განაწყენებული კოწია რაღაცებს ეკითხებოდა. აკაკი არ პასუხობდა. ავიდა მაღლა, საჭმელზე უარი თქვა, დაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა.

მეორე დღეს კი ფანჯარა ნახევრად ამოაშენებინა გარედან. ახლა მაგიდასთან მჯდარი მოხუცი პოეტი შეულესავ კედელს, მთის თავზე გადავლებულ ჩამუქებულ მუხნარს და მოწყენილ ცასღა ხედავდა. თუ სიმშრალე იყო, ჩადიოდა ბაღში. დადიოდა ლანდივით ჩუმად. გაჩერდებოდა, იყურებოდა მაღლა, დასცქეროდა მიწას. მიწაზე ნიავი აწვალებდა უკვე გამხმარ ფოთლებს, - ცდილობდა დაეძრა, ვერ ძრავდა. პოეტი ფოთლებს ჯოხის წვერს აჰკრავდა, ნიავი გაიხარებდა, ფოთლებს რამდენიმე ნაბიჯზე წააფრიალებდა.

პოეტს დამცინავად ეღიმებოდა. მერე ისევ დაფიქრებული იდგა.

შეხედავდა ნახევრად ამოშენებულ ფანჯარას კოწია და გაუგებრობის ნიშნად გაშლიდა ხელებს. 

    ხელუღელი - ხეების გადასაბმელი ღვედი ან თოკი. ლატანი - წვრილი და გრძელი ძელი (სულხან-საბა).