რევაზ ინანიშვილი: სამგორი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



 
  კოშკის თავზე იდგნენ.

თავადის ასულმა ლამაზად ასწია ხელი:

– ერთი, ორი, სამი.

არტური ღიმილით მიადევნებდა თვალს თავადის ასულის ხელს.

მდინარის იქით, გრძელი მაღალი კბოდის თავზე, ტრიალი მინდორი იწყებოდა.

    კბოდე – მიუდგომელი კლდოვანი ნაპირი მდინარისა.
       
 

მიდიოდა ის მინდორი ჰორიზონტამდე ერთფეროვნად, სულ ყვითლად, იქ ოქროსფერი სუფთა ცა კვეთდა. გადაკვეთის სწორ ხაზზე სამი პატარა გორაკი იყო გამწკრივებული..

მზე იმ გორაკების უკან ჩასულიყო და ახლა სამივე მკვეთრად იყო მიხატული ცაზე.

– დააკვირდით, ბატონო არტურ: შუალა გორა ოდნავ მომცროა. იმ შუალასთან ერთი გორა უფრო ახლოსაა, ვიდრე მეორე, ხომ აშკარაა?

– რა თქმა უნდა, – ისევ ეღიმებოდა არტურს.

– იცით, რას ჰყვება ჩვენი ხალხი ამ სამ გორაზე? შუალა გორა ყოფილა  მთავრის ქალიშვილი, რა თქმა უნდა, ლამაზი, მზეთუნახავი. ეს ქალიშვილი შეჰყვარებია ორ ვაჟკაცს, ორივე დიდგვაროვანს, ყოვლად შემკულს. ქალიშვილს ვერცერთისთვის ვერ ეთქვა თანხმობა ცოლობაზე. ბოლოს გადაეწყვიტა: გაიქეცით, აი, ამ ველს შემოურბინეთ, ერთმა ამ მხრიდან, მეორემ იმ მხრიდან, და, რომელიც პირველი მოვა, მისი გავხდებიო. გაიქცნენ ჭაბუკები, შემოურბინეს ველს და ხედავს ქალიშვილი, აი, ის, მარცხნიდან წასული, მოდის ადრე, ვისკენაც უფრო ნაკლებად მიუწევდა გული, და შესთხოვა უფალს, ადგილზევე გაექვავებინა სამივე, და აუსრულა უფალმა, გაქვავდნენ სამივენი.

თავადის ასული ოდნავ შეყოვნდა და ისევ მიუბრუნდა არტურს.

– ხომ არის ამ ლეგენდაშიც ლამაზი აზრი, ბატონო არტურ? ქართველები ან ისე ცოცხლობენ, როგორც მათ სურთ, ან სულ არ ცოცხლობენ, გაქვავება ურჩევნიათ ულამაზოდ ყოფნას.

გაღიმებულ არტურს ცრემლების მოწოლამდე მოუნდა პატარა ბავშვსავით მოჰფერებოდა თავადის მშვენიერ ასულს, ეს კი არ შეიძლებოდა – თავადის ასული უკვე თექვსმეტი წლისა იყო – და ამასღა ამბობდა აჩქარებით:

– თქვენთან ყველაფერი ლამაზია, თავადის ასულო, მინდორიც, მთაც, ქვებიც, ბალახებიც.

– რადგან ყველაფერს განწირულების შუქი ადგას, არა?

არტური შეკრთა. ახლა უკვე თავადის ასული იღიმებოდა გამომწვევად. ო, ეს ღიმილი!.. ღმერთო, სად ენახა ასეთი ღიმილი!.. სად ენახა!..

და უცებ მიხვდა:

`ბებერი დედოფლები იღიმებიან ასე~.

ორმოცდაშვიდი წლის არტური იმ ღამის ჩანაწერს ამთავრებს სიტყვებით: `ოჰ, ეს ძველი პატარა ხალხები! მე, დიდი ძლიერი ერის შვილს, სიკვდილი მომინდა მთლად ნორჩი თავადის ასულის ამ ღიმილის ქვეშ~.