ნიკო ლორთქიფანიძე:   საშობაო მინიატურები

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



        მინიატურა – მცირე ფორმის ნაწარმოები, რომელიც კომპოზიციურად მარტივია, შინაარსობრივად კი გამოირჩევა მასში გამოხატული აზრების სირთულით, ფილოსოფიური განზოგადებით.
  იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი...

აქ კი... დღეს...
    ბეთლემი – (ებრ.) ბეით ლეხემ – „სახლი პურისა“, ქალაქი, სადაც დაიბადა იესო ქრისტე. მას „დავითის ქალაქიც“ ეწოდება, რადგან დავით წინასწარმეტყველმა ააგო. მაშვრალი – დიდად ნაშრომი, ნაჯაფი, დაღლილ-დაქანცული.
         
  სარეცელზე

- ნუ გეშინია, შვილო, ექიმმა თქვა ყველაფერი აჭამეო, რაც კი მოისურვოსო. პირში მაინც გამოივლე შაქრის ყინული... ტკბილია... გიამება. ამ ამ ანგელოზის ქანდაკებას მოკიდე ხელი... მთელ ქალაქში ერთი იყო და შენ მოგიტანე. ნუ გეშინია, შვილო, დამშვიდდი. აი ასე, ასე ამოისუნთქე... გაგივლის. ახლა უმწვერვალესი წუთაი ავადმყოფობისა, აი, ახლავ დაგიკლებს სიცხე...

ბავშვის პატარა ხელებს მოხვდა ცივი მარმარილოს ქანდაკება; იამა, გახურებულ მკერდზე მიიკრა და გაყუჩდა ბავშვი. დედა კი ნელა უსვამდა ხელს ოფლიანს შუბლზე, უსწორებდა გაჩეჩილ თმას. მერმე ჩაიკეცა და მიითვლიმა.

აგონდება ქალს პირველი ამბორი - განა ეს გარდაქმნა არ იყო.

აგონდება ქალს, როგორ დაიძრა სხეულში ახალი ადამიანი.
     

შაქრის ყინული – შაქარყინული, შაქრითა და ხილის წვენით დამზადებული გამჭვირვალე კრისტალური ტკბილეული.

         
  აგონდება ქალს, როგორ ტანჯვათა შორის ქვეყნად იშვა მისი ბიჭი, ახლა კი, ამ შობის ღამეს, როგორ წაართმევს ღმერთი?!

ბავშვს კი გულში მაგრად ჩაუკრავს ანგელოზის ქანდაკება, სუნთქვა უსუსტდება და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას იწყებს.
    შობის ღამე – 25 დეკემბრის (ახალი სტილით 7 იანვრის) ღამე.
         
         
  საქართველო იყიდება

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
     

სვე-ბედი – ბედ-იღბალი, ხვედრი.
ფარჩა – ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი. ხავერდი – რბილი, გლუვი ხაოს მქონე აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი.
ბანოვანი – ქალბატონი, დარბაისელი ქალი, მანდილოსანი, პრივილეგირებული წოდების ქალი.

         
  ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.     პირაკრული – აქ: ვინც საერთოდ არ სვამს.
         
  იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

 
     
         
  ბრმა თერძი

ხელის ფათურით მონახა ლევანა თერძმა კარების გასაღები, შეჩერდა, რაღაც გადაწყვიტა და კარები გააღო. სუფთა, ცივმა ქუჩის ჰაერმა, თითქოს შიშით დაიხია უკან და გზა მისცა შმორის და ოფლის სუნით გამსჭვალულს ოთახის ჰაერს.

- ქალო, გზა გამიკვლიე, ვერას ვხედავ!..
     

თერძი – მამაკაცის ტანსაცმლის მკერავი.
შმორი, შმორის სუნი – სინესტის ან დამდგარი (ხანგრძლივად) წყლის სუნი.

         
  - ჩუუ!.. - იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ, - მოიტა ხელი აბა, ფეხაკრეფით. ბავშვები, როგორც იქნა, დავაძინე, - ფუჩუნით ეუბნებოდა დამხდომი. - ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშვები კედლისკენ დავაწვინე,

- სუფრასთან მიმიყვანე. რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ, არაფერი მომიტანია, ქალო!

- რატომ? - ყრუდ ჩაეკითხა ქალი.
    ფუჩუნი – (დიალექტ.) მეტად ხმადაბალი ჩურჩული.
         
  - რატომ? რატომ? რატომ და თვალი აღარ ჭრის; ჩემი გავლებული გვირისტი სულ დასარღვევი გაუხდათ. დუგმები უკუღმა დავაკერე. გამლანძღეს, გამათრიეს და ისე გამომიშვეს... სამართლიანადაც. რათ ჩავდგი შენს ცოდვაში ფეხი. რათ მოვიკიდე მისუსტებულ ზურგზე სამი ადამიანის სვე-ბედი. მთლათ დავბრმავდებოდე მაინც... თავშესაფარში მიმიღებენ.     გვირისტი – მჭიდროდ, ძაფის ამოგებით ნაკერი. დუგმა – ლითონის შესაკრავი, ღილ-კილო.
         
  - არაფერია, კაცო, ნუ გმობ ღმერთს...

- არ ვგმობ, პირიქით, თაყვანსა ვსცემ მის კანონს... ღირსი ვარ, მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ თქვენ... თქვენ?! ხვალ ძაღლებიც კი ხორცით გაძღებიან; ზოგს გადუგდებენ, ზოგიც მოიტაცებს... თქვენ კი? ნაცრიანი მჭადი მაინც გქონდესთ.

- დედა, მოვიდა მამა? - კვნესის მისუსტებული ხმით ბავშვი...

ბრმა თერძის ავადმყოფ თვალებს სწვავს ცრემლები.

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი...

აქ კი... დღეს...