გოდერძი ჩოხელიტყის ქათამი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

ნინო სადღობელაშვილი:  ნაწილიანი 


       

I

     
       
ტყის ქათამი ბუდეზე იჯდა. დროდადრო თავს წამოწევდა, ჭროღა კისერს წაიგრძელებდა და გარემოს ხმას მიუგდებდა ყურს. ბუდე ერთ დიდ ღვიის ბუჩქში ჰქონდა გამართული. გაღმა ფერდობზე ჯერ ისევ სქლად იყო თოვლი. იქ ძლივს აღწევდნენ მზის სხივები, დილიდან საღამომდე ჩრდილი იყო. აქ კი მზორე იყო და ისე აცხუნებდა გაზაფხულის მზე, ისე სასიამოვნო დარი იყო, სულ ამ ღვიენურებში მოეყარათ თავი ფრთოსნებს. ღვიის ბუჩქებს ახალი წიწვები გამოსდიოდათ. ერთმანეთში იყო არეული ღვიისა და იის დამათრობელი სურნელი და ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი. აქა-იქ ასკილიც ყვაოდა. დილიდან ბინდამდე აშენებდნენ ბუდეებს შაშვები, ბოლოყვითელები, ჩხიკვები და წიწკანები. ეს ადგილები ბუდეებისათვის მოსახერხებელი იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მზის გულზე და წვიმის მერე მალევე შრებოდნენ ბუდეზე მჯდარი დედა ჩიტები, მეორე კიდევ იმიტომ, რომ ღვიის წიწვები იფარავდნენ ბუდეს და მელიებსა და ტყის კატებს უჭირდათ ღვიის წვეტიან ბუჩქებზე ახოხება. პეპლები ხომ იმდენი დაფრინავდნენ, თანაც მარწყვიც მალე შემოდიოდა და ცოტა ზემოთ ღვიის ძირებში მოცვიც იცოდა, ამის გამო შორს აღარ უწევდათ დედა ჩიტებს საკვებისათვის შორს ფრენა.     ჭროღა – მოყავისფრო ჭრელი.
მზორე (მზვარე) – მზიანი, უჩრდილო ადგილი.
 
      
ჯერ ადრიანი გაზაფხული იყო და ფრინველებიც ის-ის იყო შეუდგნენ სამზადისს. ტყის ქათმები მთელი ორი კვირა აშენებდნენ ბინას ქუჩის ღეროებით. ქუჩი წვიმას არ იკარებს და არ სველდება, ამიტომაც აღარც კვერცხები ლაყდება ბუდეში.     
      
ბუდეს რომ მორჩნენ, დედალი კვერცხების გამოსაჩეკად დაჯდა. მამალი ღვიის კენწეროზე შემოჯდა და ამწვანებულ ღვიენურებს გადახედა. ქათმები ისე იყვნენ ღვიის წიწვებს შეხამებული, ძლივს გაარჩევდით.     
      
თანდათან აივსო ბუდე კვერცხებით. დედალი უკვე აღარ მიფრინავდა ბუდიდან, რომ კვერცხები არ გასცივებოდა. Mმამალს მისთვის საკვებად პეპლები და ღვიის მარცვლები მოჰქონდა.     
      
დღეს დილიდან გაფრინდა მამალი. დედალი იჯდა და დროდადრო კისერს იგრძელებდა. მიუგდებდა მიდამოს ყურს, მერე უფრო წაიგრძელებდა კისერს და ღვიის მარცვლებს გაკენკავდა. თვალებში სითბო და სიმშვიდე ჰქონდა ჩაბუდებული. გამხდარი იყო, თითქმის ცარიელი ფრთები და ნისკარტიღა იყო დარჩენილი. ჯერ იყო და ძლივს გააღწია ზამთარში სული. ისეთი თოვლი მოვიდა თებერვალში, თითქმის ორი კვირა მშიერი იყო. იჯდა ქუჩის ძირში და იქიდან წაიღო კინაღამ ზვავმა, მერე ბუდის აშენებამ გაწყვიტა წელში და მთლად დაილია.     
      
ქვემოთ ღვიენურებში რაღაცამ შეაშფოთა ფრინველები. ტყის ქათამმა თავი წამოსწია. დამფრთხალმა კურდღელმა ჩაურბინა გვერდით. ტყის ქათამი ბუდეს ჩაეკრა და გაინაბა. რაღაც გაფაჩუნდა გვერდით მდგარ ღვიებში. ქათამმა ნელა წამოსწია თავი. კაცი მოდიოდა. ღვიას  ჯოხით გადასწევდა და ეტყობა, ბუდეებს ეძებდა. ქათამი ისევ ბუდეს ჩაეკრა და შიშისაგან ისე დაუწყო გულმა ბაგაბუგი, ეგონა, კვერცხები დაემტვრეოდა ტყის ქათამი  და ოდნავ ზევით აიწია. აკანკალებული ფეხებით ძლვს იმაგრებდა ტანს.    ღვია – დაბალი მარადმწვანე მცენარე, იზრდება მშრალ ფერდობებსა და კლდეებზე.
 
      
კაცი პირდაპირ მისკენ წამოვიდა, ღვიის ბუჩქი ჯოხით გადასწია და დასაჭერად დაექანა ქათამს. შეშინებულმა ფრთები აიქნია და ძლივს გაუსხლტა უკვე ხელებში მომწყვდეული. კაცი ჯერ გამოედევნა, მერე ისევ ღვიის ბუჩქს მიუბრუნდა და ბუდიდან ამოალაგა კვერცხები. ტყის ქათამი იქვე, შორიახლოს, იყო და შეშინებული უთვალთვალებდა.  კაცმა ქუდი მოიხადა, კვერცხები შიგ ჩააწყო და კმაყოფილი სახით წავიდა ქვემოთ, სოფლისაკენ.     
      
ტყის ქათამი ჯერ ბუდესთან მიფრინდა და შეშფოთებული თვალებით დააშტერდა. ბუდეს ისევ ეტყობოდა კვერცხებისაგან დანატოვარი პატარა ჩამრგვალებული ღრმულები. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ტყის ქათამი ქვემოთ მიმავალ კაცს დაედევნა. კაკანებდა, თავს დასტრიალებდა, თავის ენაზე ტირილით ეხვეწებოდა, მაგრამ კაცი ისეთი სახით მიდიოდა ქვემოთ, ვერც კი შენიშნა მის კვალს ადევნებული ტყის ქათამი.     
      

II

     
      
კაცმა ღვიენურები ჩაათავა და შარას გაუყვა. სოფლის თავთან ბალღები შემოეგებნენ ჟრიამულით, ხელებზე ეზიდებოდნენ და კაციც აჩვენებდა ქუდში ჩაგროვილ მონაცრისფრო კვერცხებს.     
      
ტყის ქათამი არასდროს ჩამოფრენილა აქამდე, ახლა კი თითქმის სახლშიც შეჰყვა კაცს, მაგრამ კაცი სახლში არ შევიდა, დერეფანში ჩამოჯდა და ახლა აქ შემოეხვია ხალხი. ქათამი იქვე, ხის ტოტზე, ჩამოჯდა დაღონებული და თვალს არ აცილებდა კაცს, რომელიც ცალ ხელს ღვიენურებისაკენ იშვერდა, ცალი ხელით ქუდი ეჭირა. ტყის ქათამს არც ეს ადამიანებთან მოსიარულე შინაური ქათმები ენახა დღემდე. ქორი მამალი გამწარებული ჩხუბობდა. ახლა ყველანი მათ უყურებდნენ. კაცს ისევ ისე ეჭირა ქუდი. მამლებმა მთლად დაასისხლიანეს ერთმანეთი. მერე ერთმა თავი დახარა, ბოლო ჩამოუშვა და გაიქცა. გამარჯვებული ყიჟინით გამოედევნა.     
      
–  ფუჰ, შენი! –  შეუკურთხა კაცმა და ისე შეიქნია ქუდი ჰაერში, ტყის ქათამს გული გადაუქანდა. კინაღამ ჩამოვარდა დაბლა.     
      
ხალხი სიცილითა და კმაყოფილი სახეებით მიმოიფანტა.  კაცმა ქუდი სახლში შეიტანა და კარგა ხანს გაუჩინარდა. საღამო ხანს გამოჩნდა, ხელში პატარა ცული ეჭირა, ცოლმა გასისხლიანებული მოჩხუბარი მამალი გამოუყვანა საქათმიდან. კაცმა კუნძი მოხერხებულ ადგილას დააგდო... მეზობლის მამალი ღობეზე გადმომდგარიყო და ისევ გამარჯვებული ხმით ყიჟინებდა…     
      
ტყის ქათამი დაბინდებამდე იჯდა ხეზე.  მიდამო რომ შემომგლისფერდა, დაღონებული სახით გაფრინდა ღვიენურებისაკენ.      
      
იმ დღის მერე თითქმის ყოველდღე ჩამოდიოდა სოფელში. კაცმა კი ცოლს უბრძანა, კრუხისათვის მალვით შეეპარებინა საბუდარში ტყის ქათმის კვერცხები. ქალმა ბუდეზე მჯდარ კრუხს იმავე ღამეს გამოუცვალა კვერცხები.     
      
რაც დრო გადიოდა, მოსვენებას კარგავდა ტყის ქათამი. ჩამოფრინდებოდა ღვიენურებიდან  და იმ კაცის სახლს უტრიალებდა. შიმ- ტყის ქათამი  შილმა ისე წაართვა ღონე, ერთი-ორჯერ ძლივს გადაურჩა ყვავებს. იმათკი ამის მერე მოსვენება აღარ მისცეს. რამდენჯერმე მამალიც ჩამოჰყვა ღვიენურებთან, მაგრამ იმან მალე მიივიწყა ეს ამბავი და ამის მერე მთლად მარტო დარჩა ტყის ქათამი.    ღვიენური – ღვიებით დაფარული ადგილი (შდრ. ფიჭვი – ფიჭვნარი, ნაძვი – ნაძვნარი).
 
      
ამასობაში სამი კვირა გავიდა. ბუდეზე მჯდარმა შინაურმა კრუხმა წიწილები გამოჩეკა. ახლა მაშინ შეიკრიბა მთელი სოფელი იმ კაცის ეზოში.     
      
მზიანი დღე იყო. კრუხი ამაყად გამოუძღვა წიწილებს. ცნობისმოყვარე ხალხი კრუხს გარს ეხვეოდა. კაცმა ნიშნისმოგებით გადახედა მამალს.ტყის ქათამს წიწილების დანახვაზე ჟრუანტელმა დაუარა ტანში. ეზო-ში ხალხი ყაყანებდა. Kკრუხი ხან იქით გაუძღვებოდა აწიკწიკებულ წიწილებს, ხან –  აქეთ.     
      
ხის ტოტზე შემომჯდარ ტყის ქათამს გულმა ვეღარ გაუძლო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაიკაკანა. ხალხმა ზემოთ აიხედა და ვერავინ შენიშნა, როგორ აიფხორნენ ამ ხმაზე წიწილები, ატეხეს ჟივჟივი, შეიფრთხიალეს ერთხელ, მეორედ და ჰაერში აცვივდნენ. ხის ტოტზე შემომჯდარმა ტყის ქათამმაც შეიფრთხიალა ხალხის თავზე და ღვიენურებისაკენ გაუძღვა წიოკ-წიოკით უკან ადევნებულ ჭროღა შვილებს.     
      
გაკვირვებული ხალხი დიდხანს ღვიენურებისაკენ იშვერდა ხელს, ჩოჩქოლებდა, თავ-თავის აზრებს გამოთქვამდა ბუნებაზე, დედაშვილობაზე, ჯიშზე... ბოლოს ლაპარაკით გული რომ იჯერეს, წავიდ-წამოვიდნენ.     
      
მარტო კრუხიღა დარჩა ისე იმ ადგილას გაშეშებული, ჯერაც ვერ მიმხვდარიყო, რა მოხდა და ბინდობამდე შეჰყურებდა ცას, რომელიც შებინდებისას საბუდარს დაემსგავსა, ვარსკვლავებით სავსე საბუდარს, შემოქმედს თავისი ფრთები რომ გადაეფარებინა და შიგნით მისი სითბო და სიმშვიდე იყო   დავანებული.     დავანებული – აქ: დასადგურებული (ძვ. დავანება – დადგომა, დასახლება,  დაბინავება; ვანი – სადგომი, სახლი)