გოდერძი ჩოხელიწერტილი და მძიმე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

ნინო სადღობელაშვილი:  ნაწილიანი 


ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, ვივლით ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ... მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე".

იქით რა რის, არავინ იცის. აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელი. ო, ღმერთო ჩემო, რამდენი სახელი მახსოვს: ბატატური, ბეჟია, საბა, ხვთისო, აშექალი, ნინო, გუჯა და რამდენი კიდევ სხვა, ვინც მინახია მოარული ამ მიწაზე და აღარ არის, ჩავლილი აქვს საწუთროს შარა. თითქოს იმათი სახეებიც დამავიწყდა. ერთხელ, მახსოვს, სოფლის ორღობეში მოდიოდა სიჯაანთ ნინო. წვიმდა. ტალახი მუხლებამდე იყო. სიჯაანთ ქალს პატარა გოგო მოეკიდა ზურგზე და ისედაც სიბერისაგან წელში ორად მოხრილი, ძლივს მოდიოდა. სიჯაანთ ქალი ჩვენს დერეფანს შემოეფარა, სული მოითქვა და იქვე მდგომი მეზობლების გასაგონად ჩაილაპარაკა: "მე რა კარგს გამოვრჩი ამ წუთისოფელს, ამ ქალსაც რო ჩემი სახელი დაარქვეს!". ეს თქვა, ისევ წვიმას შეერია და თვალს მიეფარა.

რამდენს, რამდენს, ცხოვრებაზე გამწარებულს, წაჰყოლია სახელის სევდა.

რამდენს მიუმატებია სახელისათვის სახელი...

რამდენი დარჩენილა უსახელოდ...

რამდენი ეძებს სახელს...

და კიდევ რამდენი კარგავს...

და კიდევ... მახსოვს და აღარც მახსოვს, და იმათ შორის, ვინც მახსოვს, ყველაზე ნათლად გამოკრთიან ხოლმე წერტილი და მძიმე, ეს ორი პატარა გოგო, რომელთაც, არც კი ვიცი, რა ერქვათ ნამდვილი სახელები. ალბათ, ორივეს ბებიის სახელს დაარქმევდნენ, მაგრამ არ ვიცი, მასწავლებელს, არ ვიცი იმათ თანაკლასელებს, ერთისთვის წერტილი შეურქმვიათ, მეორისათვის - მძიმე და იმას მერე დადიან სკოლაში - წერტილი და მძიმე; ცხოვრობენ ერთ პატარა, მიტოვებულ სოფელში. სოფლიდან ზამთრობით ორ ადგილას ამოდის კვამლი. ორი სახლიდან გამოკრთის შუქი. სამყაროს სამი იმედის ძაფით უკავშირდება ეს პატარა სოფელი - კვამლით, რომელიც მძიმე-მძიმედ მიიზლაზნება ცისკენ; ღამღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და ორი პატარა გოგოთი, რომლებიც ყოველ დილით უთენია გამოდიან ხოლმე სოფლიდან და ზურგზე ჩანთამოკიდებულები გორდაგორ ქვემოთ ჩამორბიან. აქედან ძალიან შორს არის სკოლა. ჭალაზე რომ ჩამოვლენ, იქ ავტობუსი მოდის. აქედან ავტობუსს მიჰყვებიან. ეს ავტობუსი ერთადერთია, რომელიც ამ მივიწყებულ ხეობას სამყაროსთან აკავშირებს. ავტობუსმა თბილისში უნდა მოასწროს ჩასვლა, ამოსვლა და ჩასვლა, ამიტომ დილაობით მოწაფეები რიჟრაჟზე გამოეფინებიან ხოლმე გზის პირზე და სკოლამდე მიჰყვებიან.

რამდენჯერ ამ ავტობუსით მომიხდებოდა მგზავრობა, იმდენჯერ ასეთ სურათებს ვხედავ:

დილაა. თოვლიან ფერდობზე მოცურავენ ჩანთებზე დამსხდარნი, წერტილი და მძიმე, წინ - წერტილი, უკან - მძიმე. ერთ ადგილას წერტილი თოვლში ჩაიფლო და მძიმე ექაჩება ამოასყვანად. ავტობუსი ჩერდება, მთელი ავტობუსი წერტილს და მძიმეს ველოდებით. მძიმე, როგორც იქნა, ამოაძრობს თოვლში ჩაფლულ წერტილს და გამორბიან. ავტობუსშიც ჯერ წერტილი ამოდის, მერე – მძიმე. სკოლასთანაც ასეთი თანმიმდევრობით ჩადიან.
თოვს. სოფლისაკენ მიდიან აღმა, წინ – წერტილი, უკან - მძიმე.


წვიმს. წინ წერტილი მიდის, უკან - მძიმე. მძიმეს ქოლგა უჭირავს და ორივეს აფარია ის ქოლაგა.

ცალ-ცალკე აღებული არასოდეს მინახავს წერტილი და მძიმე. თურმე მასწავლებელიც ჯერ წერტილს გაიძახებდა და მერე - მძიმეს. მგონი, შერიგებულნი არიან ზედმეტ სახელებს. ერთხელ განგებ ვკითხე, რა გქვიათ-მეთქი და, რა თქმა უნდა, წერტილმა მიპასუხა: მე წერტილი მქვია, ამას - მძიმე.
- არ ბრაზდებით, რომ წერტილსა და მძიმეს გეძახიან?!

- მერე რა, დაგვიძახონ რა, მერვე კლასში ერთს კვადრატულ ფესვს ეძახიან, ის ბრაზდება.

- თქვენ არ ბრაზდებით?

- არა, რად უნდა გავბრაზდეთ, კარგია წერტილი და მძიმე, - მითხრა წერტილმა და ორივეს ისეთი სიკეთით გაუბრწყინდა სახე, გავჩუმდი, არაფერი ვაწყენინო-მეთქი.

იმის მერე რამდენიმე ავტობუსი გამოიცვალა იმ გზამ. ის პატარა, მთის ფერდობზე დაკიდებული, თითქმის მიტოვებული სოფელი კი დიდხანს იყო სამყაროზე იმედის სამი ძაფით გამოკიდებული - ცისკენ ზანტად ამავალი კვამლით, ღამღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და სკოლისაკენ მიმავალი წერტილით და მძიმით.

გავიდა დრო.

გაიზარდნენ.

გათხოვდნენ.

ჯერ - წერტილი, მერე - მძიმე.

წერტილის ქმარი მაღალია და ძახილის ნიშანს ჰგავს, მძიმეს ქმარი მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.

ახლაც ჩანს ხოლმე: მამის სახლში სტუმრად მიდის წერტილი, აღმართში მას უკან მიჰყვება ჩემოდნებით დატვირთული ძახილის ნიშანი, იმათ უკან მიჰყვებიან პატარა წერტილები.

ხანდახან მძიმესაც ვხედავ, აღმა სოფლისაკენ მიმავალს, ოღონდ მძიმეს ქმარი მოუსვენარია და სულ წინ გარბის. არ ვიცი, რატომ არ ჩანან პატარა მძიმეები, შეიძლება, ჯერ არ გაჩენილან, შეიძლება, მამასავით მოუსვენრები არიან და კარგა ხანია, ავლილი აქვთ პაპა-ბებიასკენ მიმავალი აღმართი.

რა იქნება მერე, რა შეცვლის ამ სურათებს, არავინ იცის. ალბათ მოვა დრო და შეწყდება კვამლი, ღამღამობით ფანჯრებში აღარ გამოკრთება სინათლე და ეს
პატარა წერტილ-მძიმეებიც შეწყვეტენ ამ გზაზე აღმა-დაღმა სიარულს... ღმერთო მაღალო, შეიწყნარე ყოველივე სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი.