პოლიკარპე კაკაბაძე: ყვარყვარე თუთაბერი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


  მოქმედება პირველი

რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზთან სოფლის წისქვილი. შუა ცეცხლთან ზის ყვარყვარე თუთაბერი, მეტსახელად ნაცარქექია, და ქექავს ნაცარს. მეწისქვილე ფქვილს მინდავს და ჩუმად ღიღინებს.

ყვარყვარე

კმარა, მუდამ ხომ არ უნდა იღიღინო?!

მეწისქვილე

შენ რას გიშლი?!

ყვარყვარე (თავაუღებლად.)

ფიქრს ნუ მაწყვეტინებ (დუმილია).

მეწისქვილე (ხელის მოსათბობად დაიხრება კერასთან და აკვირდება ნაცარს) ეს რა მოგიქარგავს ნაცარში?!

ყვარყვარე

გეგმაა, ხომ გესმის, ბებერო. დახედე აქ, რა ამბავია... ეს არის რკინიგზა, აი, აქ იწყება, ასე მიდის... ა... ასე უხვევს და მიადგება ამ მაღალ მთას, ახლა აქედან გზა სად წავა, შე ძველო, აბა, თუ მიხვდები?!

მეწისქვილე (აკვირდება)

რა ვიცი!

ყვარყვარე

აქ გვირაბია საჭირო.

მეწისქვილე

გვირაბი რა საჭიროა?

ყვარყვარე

მაშ, ხომ არ გადაახტება მატარებელი ამოდენა მთას?!

მეწისქვილე

მერე, შე კაცო, მთას რად უხვედრებ წინ, ველზე გაუშვი, შენი ნება არაა?!

ყვარყვარე

მოდი და ასეთ კაცს ელაპარაკე! გესმის, რა არის გეგმა? არ გესმის.

მეწისქვილე

რა ვიცი!

ყვარყვარე

მთავრობას ამ მთის გარშემო გაჰყავს გზა და იმ უხეირო ინჟინრებს ფიქრად არ მოსვლიათ, რომ გვირაბი აქ გზას შეამოკლებს (ამაყად). აი, მე რომ ჩემს გეგმას უფროსს წარვუდგენ და მერე ლარივით რომ გავიყვან მთაში ამოდენა გვირაბს, შენ ის უნდა ნახო.

მეწისქვილე

ნელა ილაპარაკე.

ყვარყვარე

რატომ?

მეწისქვილე

მანამადე ბაყაყს კბილები ამოუვა.

ყვარყვარე

დიდი მოიჯარადრე ვიქნები, დიდისგან დიდი. აი, ნახავ, ქრთამს სულ ქერივით დავაბნევ დიდკაცობაში. თვალი დაგიბრმავდება, რომ გაგივლი და არ შეგხედავ.

მეწისქვილე (წყენით)

ჰმ!

ყვარყვარე

გეწყინა? მაშ, როგორ გგონია, მე, ყვარყვარე თუთაბერს, ენით შენ შემომიარ?

მეწისქვილე

რა ვიცი, პატარა ხიდის გაკეთება აიღე იჯარით და ისეთი ბუქი დააყენე, თითქოს მთა და ბარი გქონდა გასასწორებელი და ის ხიდი მაინც ვერ გააკეთე.

ყვარყვარე

კი გავაკეთებდი, მარა დამეზარა, ის ოხერი, ტვინი წაიღო იმისმა ანგარიშებმა, თავი მომაძულა!

მეწისქვილე

ჰოდა, აი, აგერ შენი პირით გამოტყდი.

ყვარყვარე

შე უტვინო, ამას თავს ვერ გავართმევ?! დახედე?!

მეწისქვილე (ღიმილით)

ნაცარში გვარიანად ქარგავ.

ყვარყვარე

ვითომ იცინი, არა? დამალე მაგ ჩაქონქილი კბილები, თორემ!..

მეწისქვილე (წყენით)

ჰმ! (მიდის და ფქვილში ხელს ურევს გულმოსული) ასე რომ იწელები, ამ წისქვილის პატრონი მე ვარ, თუ შენა ხარ?!

(ყვარყვარე არ უპასუხებს. განაგრძობს ნაცრის ქექვას. წისქვილი იწყებს ხრიალს)

მეწისქვილე

ეჰე, საფქვავი შემომელია. (ყვარყვარეს) შენთან ღიტინს მირჩევნია წყალი გადავუშვა და წისქვილი შევასვენო (მიდის).

ყვარყვარე

ეე, ცეცხლი იფშუტება. სადაა შეშა?! ჯირკს მაიც მოვაგორებ კერასთან. (დაეჭიდება ჯირკს და ვერ დაძრავს) მძიმეა, რა ზარმაცი მოხუცია, სულ იმას უყურებს, რომ მე დავუპო შეშა და შემოვუტანო. მანამ ნუ გაითბობს გვერდებს, სანამ მე მას შეშა არ დავუჩეხო! (შემოდის მეწისქვილე. აკანკალებს, კერასთან თბება)

მეწისქვილე

თათრების მხარეზე რომ გავიხედე, გული გადამიტრიალდა.

ყვარყვარე

რა მოხდა?

მეწისქვილე

თოფის სროლა აქეთ მოიწევს. ეტყობა, საქმე ცუდადაა.

ყვარყვარე

მაშ, შენი სიტყვით, დღეს აქ თათრები შემოცვივიან და დაგვკლავენ?!

მეწისქვილე

თუ ჯარმა უკან დაიხია, ვინ იცის.

ყვარყვარე (აღშფოთებული)

ჩერჩეტობ!

მეწისქვილე

განა ცოტა სასწაული მომხდარა?! (იხვევს წელზე ძველ შალს) ამისთანა დროს წელში ქარი გამიდგა და ვერც გავიქცევი.

ყვარყვარე

რას ამბობ?! ტყუილა გული არ დამიშინო, თორემ... ამ წისქვილს სულ რიარიად წავიღებ!

მეწისქვილე

მოერევი?

ყვარყვარე

რას ვერა, გინდა ახლავე შიგ გამოგჭეჭყო?!

მეწისქვილე

ეს რა გადავიკიდე. მე ისე ვატყობ, აქედან გადენასაც მიპირებ.

ყვარყვარე (მოლბება)

არა, რატომ!.. (სიცივისაგან შეაჟრჟოლებს) სად უნდა გაგაგდო ახლა ამისთანა ამინდში.

მეწისქვილე

როგორ, ვინ უნდა გავიდეს აქედან, მე თუ შენ?! ვისია ეს წისქვილი?!

ყვარყვარე

კარგი, გქონდეს.

მეწისქვილე

როგორ, შენი ნაჩუქარია?

ყვარყვარე

ახლა ეს ზამთარიც ილევა და რომ გამოზაფხულდება, მერე მე ვიცი შენი სამაგიერო პატივისცემა. ისეთ განიერ მუხის ჩრდილს გიშოვი, რომ მეფესავით წამოწვე. (ამთქნარებს) ზაფხულში ჩრდილს რა ჯობია, ოჰ, რა მადაზე მოხვალ! მაშინ ნახე ჩემი მასპინძლობა, ჩიტის რძე რაა, იმას არ მოგაკლებ.

მეწისქვილე (დაფიქრდება)

რა ვიცი, ახლა შენ არ იყავი... ისე ავარდი, რომ...

ყვარყვარე

რა ვუყოთ, კაცი ხან ავარდები, ხან დავარდები... და... ბოლოს... ეჰ, ადამიანის ბოლო უბედურია, სიკვდილი რომ გამახსენდება, სულ ჭინჭარივით გამბურძგლავს ტანში. ერთი ეს მითხარი, რაა კაცის სიცოცხლე?!

მეწისქვილე

არაფერი არაა, ჭირის დღეზეა კაცი გაჩენილი.

ყვარყვარე

ჰოდა, აბა, სიამტკბილად მოვუქციოთ ერთმანეთს ღრანჭი, მეტი რაა ქართველი კაცის სიცოცხლე.

მეწისქვილე

ამას არ ამბობ უჭკუოდ (ხელს უფათურებს კერას). ოჰ, ცეცხლიც გვეფშუტება.

ყვარყვარე

მაშ, ერთი შენს გახარებას, წადი და შეშა მოიტანე.

მეწისქვილე

ხომ იცი, წელი რომ მტკივა, შენ მოიტანე.

ყვარყვარე

ნელა ილაპარაკე. მე ყინვაში გავალ?! აქედან ახლა თოფითაც ვერ ამაგდებ. ხომ ხედავ, არ მცალია.

მეწისქვილე

რას აკეთებ? შეშის დაჩეხა გიჭირს და ვითომ მთების გათხრაზე ფიქრობ?

ყვარყვარე

სად შეშის დაჩეხა, შე უტვინო, და სად მთების გათხრა, რას მელაპარაკები?! მე ხიდის იჯარასაც იმიტომ გავუშვი ხელი, რომ პატარა საქმე ჭირივით მეზარება! (აღშფოთებული) და ახლა შენ ისე ამიგდე, რომ შეშის მჩეხველად მხდი?!

მეწისქვილე

ეს რა გადავიკიდე, სამი ნაცოლევი კაცი ვარ და ამისთანა გაჭირვება არ დამდგომია. ქუჩიდან კაცი შემოვიხიზნე, ვიფიქრე, კედელყურეს გამიცოცხლებს-მეთქი, ეს კი სულ მომხდურივით არის (აღშფოთებული). მორჩა და გათავდა, შენი შემხიზვნელი აღარა ვარ!

ყვარყვარე

ჭკუაზე მოდი, ეს კერა არ გამიცივო, თორემ... (მუშტს მოუღერებს)

მეწისქვილე

რას მემუქრები?

ყვარყვარე

სულს ამოგაცლი, თუთაბერი ვარ, სულძაღლო!

მეწისქვილე

ბიჭო, ხელი დასწიე!

ყვარყვარე

ყვარყვარე ვარ, ყვარყვარე! ძველებური ვაჟკაცის სახელი მქვია. ისე გავადენ ბდღვირს აქაურობას! (ნაცარს ურტყამს ჯოხს)

მეწისქვილე (აღშფოთებული)

ეს რა ბუღი დამიყენე! (მიდის კარისაკენ) ჩემს წისქვილში მე არ მეცხოვრება. (გააღებს კარს და კარიდან აწვდის ხმას) მართალი მითხრა გულთამზემ, ვინმე მაწანწალა არ შეიხიზნო წისქვილშიო. ნამდვილად გულთმისანია ის ჩემი გოგო. დღეს უნდა მოვიდეს და ვეტყვი, რაც შენგან შავ დღეში ვარ.

ყვარყვარე

რაო, დღეს მოვა შენი ქალიშვილი? (მღელვარედ) მერე მაგ კარში, კაცო, რად ცივდები? შემოდი, არ გრცხვენია, ავად რომ გახდე?!

მეწისქვილე

არა, უნდა წავიდე. გაიგოს, რა ცეცხლში ვარ.

ყვარყვარე (თავისთვის)

ეჰ, რა ბებერი ძაღლია! (მივა კართან და ეძახის) მასპინძელო, მოდი, იმ წმინდა კვირიკეს ხატს გაფიცებ, გუშინ რომ ამბობდი, სასწაულმოქმედიო...

მეწისქვილე (ყოყმანით მიუბრუნდება)

ჩვენი შერიგება, რაც უნდა ხატზე დამაფიცო, არ მოხერხდება.

ყვარყვარე

შენ პირდაპირ ნაწილად დასარიგებელი კაცი ხარ... ჩამოჯექი ერთი, იმ ქალის ამბავს მომიყევი.

მეწისქვილე

აბა, უპატრონო გგონივარ?!

ყვარყვარე

დღეს უნდა მოვიდეს?

მეწისქვილე

როცა ბარზე მუშაობამ გამტეხა, იჯარით ეს დოლაბი ამაღებინა.

ყვარყვარე

მან გაშოვნინა ეს წისქვილი?

მეწისქვილე

ჭკვიანი ქალია ჩემი გულთამზე. სახიერიც კარგი დადგა. მოწყალე დებში იმისთანა მეორე ვერ მოგართვეს.

ყვარყვარე

ეს სიტყვები შენი ენიდან პირდაპირ თაფლივით მეწვეთება გულში.

მეწისქვილე

ყველა მადლიერი ჰყავს სიკეთისათვის.

ყვარყვარე

ალბათ სახეც ნახატივით ექნება, ა?

მეწისქვილე

არ ვიცი, შენ და ის როგორ მორიგდებით. მე ერთხელაც შენი ამბავი რომ მოვუყევი, ასე მითხრა: წისქვილიდან გააგდეო, იქ რომ მოვალ, არ დამხვდესო.

ყვარყვარე

არ დამხვდესო? (გაანჩხლდება) ის შენი გულთამზე, როგორც ვატყობ, ხრონჩებიანია, ცხვირი იმას წეროსავით ექნება.

მეწისქვილე

ბოლოს კი, ღვთის წინაშე, როდესაც ავუხსენი, არსად ბინა არა აქვს-მეთქი, კიდეც შეებრალე, იყოსო.

ყვარყვარე

შევებრალე? იცის კაცის შებრალება?!

მეწისქვილე

მაშ, რა იქნება? როცა ქალი ომში და ტყვიაში მიდის ჭრილობების მოსავლელად, ალბათ, გულმოწყალეა.

ყვარყვარე (სასოებით)

ძალიან გულმოწყალეა! იმ ლამაზ სახეზე კბილები მარგალიტივით ექნება ჩაჩხრიალებული

(შემოდიან კაკუტა და ქუჩარა - სანგრის მთხრელი მუშები).

ქუჩარა

ბიჭო, კაკუტა! აქ რა სითბოა, ა? ხომ ხედავ, ჩვენი ნაცარქექია სულ კარგ ყოფაშია!

კაკუტა (მოიკუნტება)

ეგება აქ, ჩემო ქუჩარა, სადმე პურის ნატეხი ვიშოვოთ სულის ჩასაბრუნებლად.

მეწისქვილე

რა ქარმა გადმოგაგდოთ, გამარჯობა მაინც გვითხარით!

კაკუტა

თავიც რო დაგვავიწყდა?!

ყვარყვარე

რა დაგემართათ, თქვე გლახაკებო? სულ ასე უნდა იწანწალოთ, უთაურებო? თქვენი კაცად გახდომა ვერასოდეს რომ ვერ მოვახერხე! აფსუს, თქვენ ჩემი მეზობლები იყოთ, სწორედ მერცხვინება.

ქუჩარა

იმ შეჩვენებულმა მოიჯარადრემ ჯარისთვის სანგრები გვათხრევინა, ასე თქვა, ფულს აიღებთო... და სოფელში სახლს დაიდგამთო... მაგრამ, თათრის ყუმბარები სულ ხეს და მიწას რომ გლეჯენ, სამუშაოზე რა გაგაჩერებს?!

კაკუტა

ჩვენმა ჯარმა უკან დაიხია და მე და ქუჩარამ ნიჩბები მივაგდეთ თხრილში და რომ ვიბრუნეთ პირი, სულ დათვებივით მოვძუნძულებდით. რას ვიზამთ, კაცნი ვართ.

ქუჩარა

ყურებთან რომ ტყვიები აზუზუნდა, ვიფიქრე ნაცარქექიამ...

ყვარყვარე (გააწყვეტინებს)

ვინ არის ნაცარქექია? მაგ სახელის შემრქმევი თუ მოვიგდე ხელში!..

ქუჩარა

არა, ყვარყვარე თუთაბერმა-მეთქი. ჰო, ასე ვიფიქრე, ჭკუა მოიხმარა და იჯარაზე ხელი აიღო-მეთქი (შარვალზე ანახებს ღიმილით). აგერ ტყვიამ ხორციც გამიწვა, (თითის თავს აზომებს) ამოდენაა ეს ოხერი და სულს კი ამოგაცლის.

ყვარყვარე

მე ჭკუით ვცხოვრობ.

კაკუტა

ისეთ უბედურ სამუშაოზე მიგვაყენა მოიჯარადრემ, რომ მე და ქუჩარას ხელის გული აბედივით გაგვიხდა, ფული კი სადაა!.. რამდენია ჩვენი ფული, ქუჩარა, საგზლად გვეყოვა?

ქუჩარა

ერთი კიდევ დავთვალოთ (კაკუტა და ქუჩარა გაყუჩდებიან და ფულს ითვლიან).

კაკუტა

კიდევ დავითვალოთ.

ქუჩარა

თუ გინდა, დავითვალოთ, მაგრამ... (შეჩერდება) ეს არის რა... ათასჯერ რომ დავთვალოთ ეს არის. კიდევ კარგი, ბედი გვეწვია, თორემ... ეს რომ არ გვეშოვა...

(მიუთითებს შეხვეულზე)

კაკუტა

ჰო, ეს რომ არ გვეშოვა, ჩვენზე უცოდვესი ძაღლი არ იქნებოდა.

ქუჩარა

მაინც გაჭრა ჩვენმა იღბალმა.

კაკუტა

გაჭრა, პირდაპირ გაჭრა.

ყვარყვარე

რა იშოვეთ?

ქუჩარა (კაკუტას)

ნუ ეტყვი, დამალე (კაკუტა მალავს შეხვეულს, ყვარყვარეს). არაფერია, აგერ, სადღაც, ერთ მკვდარს წავაწყდით.

ყვარყვარე

მკვდარს წააწყდით? მკვდრები კიდევ მკვდარს წააწყდით?!

ქუჩარა

საქმეც ეს არის და ამიტომ გავძარცვეთ, თორემ ცოცხალი რას გაგატანს (კაკუტას) არ ანახო, მოიტა, მე დავიჭერ (გამოართმევს შეხვეულს).

მეწისქვილე

ეჰ, მკვდარი გაძარცვეთ? ღმერთო, შენ შემეწიე! როგორ გაფუჭდა ხალხი, მარტო ამის გაგონება წარწყმედს ქრისტიან კაცს.

კაკუტა

ჩვენი რჯულის არ იყო და...

ქუჩარა (კაკუტას)

ო, არ წამოგცდეს (კაკუტა დადუმდება) თათარი გავძარცვეთ.

ყვარყვარე

მკვდარი თათარი სად ნახეთ, თქვე ბრმებო?!

ქუჩარა

იმ სანგრებიდან რომ გამოვიქეცით, აურზაურში მხარი გვეცვალა და სხვა ხევში შევსულვართ. მერე, ვხედავთ, აგერ, ჩვენ წინ, თათარი გაშოტილა, ერთ გულზე კიდევ შევშინდით, მაგრამ ვხედავთ, მკვდარია და ძვირფასად აცვია... მერე კაკუტამ ვერ მოითმინა და...

კაკუტა

ქუჩარამაც ვერ მოთმინა.

ქუჩარა

ცოცხალი კაცის მოკვლისთვის ჯვარს აძლევენ და ჩვენ...

მეწისქვილე

წაწყდებით, თქვე საწყლებო.

ყვარყვარე

მანახეთ ერთი, რა აგიღლეტიათ.

ქუჩარა (გაშლის თურქულ ძვირფას სამოსელს)

ო, რა თვალსანახავია!

კაკუტა

ო, რა ჩასირმულია!

ქუჩარა

ხომ ფასად გაიყიდება?

ყვარყვარე (სინჯავს ხელში)

ვისაც ვაჭრობის შნო აქვს, კი გაყიდის. ამას მე გავყიდი (მხარზე გადაიდებს). თქვენ ხომ მაინც ტყუილად დაკარგავთ.

ქუჩარა (ხელს სტაცებს სამოსელს)

ხელი გაუშვი!

ყვარყვარე (არ უშვებს ხელს)

დამანებეთ, თორემ, თუ სისხლი ამივარდა თავში, ხომ იცით, რას გიზამთ!

ქუჩარა და კაკუტა (ხელს გაუშვებენ)

შენით მოგვეცი, ჩქარა მოგვეცი!

ქუჩარა

სულ ერთია, არ მოგეშვებით.

ყვარყვარე (მუქარით)

ჩვენს სოფელში, ერთხელ ხელით რომ ხე მოვთხარე, არ გახსოვთ?!

ქუჩარა

არ ვიცი.

ყვარყვარე

გზაში რომ დიდი ლოდი მოვხეთქე და მთიდან გრიალ-გრიალით დავაგორე, ის ხომ თქვენი თვალით ნახეთ!

კაკუტა

როდის ვნახეთ?

ქუჩარა (ყვარყვარეს)

ამ ნასისხლარს თუ მოგვცემ, ყველას ისე ვეტყვით, რომ მართალია-თქვა.

კაკუტა

სულ ბატონ ყვარყვარეს დაგიძახებთ. სხვამ რომ გაგინოს, ჩვენ არ გავერევით.

მეწისქვილე

დაუბრუნე, კაცო, მათი ნაცოდვილევი, მთელ ქვეყანაში გაგლანძღავენ, რად გინდა?

ყვარყვარე (დაშოშმინდება)

მე, რასაკვირველია, ფულს სახელი მირჩევნია.

კაკუტა (ქუჩარას)

დაშოშმინდა.

ყვარყვარე

გული არ მომაყვანიოთ, იცოდეთ, არ გამაბრაზოთ... თორემ, ფეხებში რომ მოგკიდებთ ხელს, თავებით მიგაწყვეტთ ამ წისქვილის ქვაზე.

ქუჩარა

ცხრა მთას იქით მეზობელს შეგეყარეთ და აქ გაწყენინებთ?

ყვარყვარე

მე იმნაირი ხასიათის ვარ, ხანდახან კაცი თუ არ მოვკალი, ავად გავხდები.

ქუჩარა

კი... ასეა...

კაკუტა

ახლა მოგვეცი ბარემ.

ყვარყვარე

მაშ, თუ გინდათ ეს მიიღოთ, შეშა დამიჩეხეთ.

კაკუტა

დავჩეხოთ.

ყვარყვარე

აი, იქ, შემოსავალში რომ ბოძია, დაჭერით და მოტანეთ. ამ საწყალი მოხუცის ხათრით გეუბნებით.

ქუჩარა

იმოდენა ძელი? (კაკუტას) დავაპოთ.

კაკუტა

სულ მარილივით დავფშვნით... (აპირებენ წასვლას)

ყვარყვარე

დაიცათ, ჯერ ეს ჯირკი მოაგორეთ ამ კერიასთან.

კაკუტა (უცბად აიღებს და დააგდებს დიდ ჯირკს კერიასთან)

კიდევ ათი რო იყოს, რა არის...

ქუჩარა

ახლა - იქ (აპირებენ წასვლას).

ყვარყვარე

ეს რა გიქნიათ! (ჯირკზე უთითებს კაკუტას) შე ვირო, ა, დასაღუპავად დაგასაქმეთ?

კაკუტა (დაბნეულედ უყურებს ჯირკს)

ის ვქენი, რომ მითხარი.

ყვარყვარე (ანჩხლად)

რა გიქნია, მკვდარო, ა? შეიძლება ჯირკის ასე შემოდება კერიაზე?

კაკუტა

შევაბრუნო? (ასწორებს ჯირკს) ასე?

ყვარყვარე

ახლა - გარეთ (კაკუტა და ქუჩარა ხელებს წაიკაპიწებენ და მიდიან) მაგათ ჰგონიათ, ერთი ბოძის დაჩეხვისთვის დავუბრუნებ ამ ტანისამოსს.

მეწისქვილე

როგორ, კიდევ პირს უტეხ?

ყვარყვარე

სულ ვამუშავებ და მომეშვებიან, აბა, რას იზამენ.

მეწისქვილე (წყენით)

იმე!..

ყვარყვარე

თვალი სულ კარისაკენ მაქვს, რად არ გამოჩნდა, აღარ მოდის?

მეწისქვილე

ვინ?

ყვარყვარე

შენი სანაქებო ქალი, ის... გულმოწყალე.

მეწისქვილე

გულთამზე?

ყვარყვარე (კმაყოფილად)

ეჰ, რა დაგირქმევია ქალისათვის, პირველი საქმე სახელია.

მეწისქვილე

ცუდად დამირქმევია, რას იტყვი?

ყვარყვარე

თამარ მეფეს ეკადრება, ისეთი სახელია (დუმილია, ქექავს ნაცარს).

მეწისქვილე

რომ თქვას კაცმა, კარგი მუშებია კაკუტა და ქუჩარა, ხომ გესმის, როგორ მარჯვედ ჭრიან.

ყვარყვარე (ქექავს ნაცარს, თავს არ იღებს)

დამაცადე.

მეწისქვილე (დუმილის შემდეგ)

სწორედ საქები მუშებია, ოღონდ ბევრს თუ არ ანაფოტებენ იმ ნაჯახით.

ყვარყვარე (თავს არ იღებს)

ნუ მიშლი!

მეწისქვილე

რას უნდა გიშლიდე... (აკვირდება ნაცარში) ეს რა მოგიქარგავს?

ყვარყვარე (დუმილის შემდეგ)

სასახლე, გალავანი, ბაღები... ვერ ხედავ?! აი, აქ, შეხედე, აქ სულ კიბეებია.

მეწისქვილე

სად?

ყვარყვარე

ეს არის მარმარილოს კიბე. აქედან შემობრძანდება შენი ქალიშვილი. აქ, ამ განიერ დარბაზში, გვრიტივით მოგოგმანდება და აქ ნესვივით გაგორდება.

მეწისქვილე

სად, ამ ნაცარში?

ყვარყვარე

ნაცარი კი არა, ეს ჩემი სასახლეა.

მეწისქვილე

ეს?

ყვარყვარე

რომ ვერ გავაგებინე ამ კაცს, რა არის გეგმა?! იცი, რა არის გეგმა?

მეწისქვილე

მე, რაც გლეხკაცს შეეფერება, ვიცი.

ყვარყვარე

იცი, რა არის კაპიტალისტი?

მეწისქვილე

რა უნდა იყოს, ვთქვათ ...

ყვარყვარე

კაპიტალისტი - ფულია. იცი, რა არის სოციალისტი?

მეწისქვილე

ჰო...

ყვარყვარე

ბებერო, შენ აწი ხომ მალე დაგელევა სიცოცხლე, აბა რა, წელსაც ვერ აბრუნებ.

მეწისქვილე

ეს ასეა, რას იზამ?!

ყვარყვარე

სოციალისტი ამბობს, რომ საიქიოს ვერ ნახავო.

მეწისქვილე

რატომ ვერ ვნახავ?

ყვარყვარე

რატომ?! შენ იცი, ღმერთი რომ არ არის, ა?

მეწისქვილე (აღშფოთებული)

იმე! (თოფის ხმა)

ყვარყვარე (შემკრთალი)

რა ამბავია?

მეწისქვილე

რისხვა არ იყოს, პირჯვარი მაინც დაიწერე, შე წაწყმედილო! (კაკუტა და ქუჩარა კარებში შემოყოფენ თავს)

კაკუტა და ქუჩარა (ერთად)

გესმით?

მეწისქვილე (უცბად წამოდგება)

რა ამბავია, ბიჭებო?

ქუჩარა

ვითომ თათრის ჯარი შემოიჭრა, ისეთი ბრძოლაა.

კაკუტა

აგერ ქალი და კაცი მორბის.

მეწისქვილე

სწორედ უბედურებაა.

კაკუტა

ხედავთ, ქალი და კაცი აქეთ რომ მოძუნძულებენ?!

ქუჩარა (კაკუტას)

ჩვენც მოვუსვათ, რაღას ვუცდით?

მეწისქვილე (კართან)

თავს უშველეთ! (მეწისქვილე, კაკუტა და ქუჩარა გარბიან)

ყვარყვარე

(აპირებს გაქცევას. ჩაიკეცება და წამოდგება, მიირბენს კარებთან) გარეთ ტყვია რომ მომხვდეს?! (შიშით დააყურებს) ფეხის ხმა მესმის (უცბად დააკვირდება მხარზე გადაკიდებულ თურქულ სამოსელს და ხელს ჩაავლებს) ჰა, ეს ხომ მიშველის ახლა! (იცვამს ტანისამოსს და თან უკან იხევს) ახლა თათარი თათარს ხომ არ მოკლავს... მათი ენა რომ არ ვიცი?! აა, მუნჯი ვარ, ვითომ მუნჯი ვარ... მუნჯური ხომ ყველა ენაზე ერთნაირია! (მოისმის ფეხის ხმა) მოდიან, მოდიან... და, ახლა რომ არ მომკლან, სწორედ ძაღლის იღბალია საჭირო!.. (ყვარყვარე იმალება. წისქვილში შემოდიან გულთამზე და სევასტი)

სევასტი (უჭვრეტს კარში)

ჩაიარეს, სხვა კვალმა გაიტყუა!

გულთამზე

დაჭრილი არა ხარ?

სევასტი

არა.

გულთამზე

პროკლამაციები ცეცხლში ჩაყარე, აგერ ცეცხლი.

სევასტი

არ დამრჩა.

გულთამზე (მიმოიხედავს)

ნეტა სად გაქრა მამაჩემი, რა მოუვიდა? (ჩამოიღებს კედლიდან მეწისქვილის ტანისამოსს) აი, გადასაცმელი.

სევასტი (ათვალიერებს და იცვამს)

ისეთია, ჩემს გაჭირვებას რომ მოუხდება?

გულთამზე

ბედს ვუმადლოდეთ, თუ გადავრჩით... სამხედრო ფორმის მითვისება და ჯარში პროპაგანდა. რომ მოგვწეოდნენ, ხომ დავიღუპებოდით!

სევასტი

ხანდახან გმირობაც მარტო ესაა - არ ფიქრობ, რა მოგელის.

გულთამზე

აწი მაინც ვერ გაიჭაჭანებ ამ არემარეზე.

სევასტი

ფრონტი დიდია. სადაც წავალ, ყველგან ვიპოვი თანაგრძნობას.

გულთამზე

მე რომ აქ ვარ სამსახურით დაბმული?!

სევასტი

მერე რა მოხდა, მაგ დაბრკოლებას განა ვერ გადავლახავთ?!

გულთამზე

როგორ არა, მე ისე ვამბობ, თორემ... ჩვენ ერთმანეთს ისე შევეთვისეთ, სიკვდილის მეტი, არ ვიცი, რა გაგვთიშავს.

სევასტი

ჩვენ ისეთი გზა ავირჩიეთ, ყოველ ნაბიჯზე გველოდება რაიმე ხიფათი, ამიტომ უნდა შევეჩვიოთ განსაცდელს და მუდამ გულგრილად უნდა შევხვდეთ. (უჭვრეტს კარში) ეჰე, გამოჩნდნენ!

გულთამზე

ისევ აქ ტრიალებენ?

სევასტი

ეს წისქვილი საიმედო არაა.

გულთამზე

მაშ?

სევასტი

სადმე ბუჩქებში შევძვრები და მერე, როდესაც დაღამდება, გავიპარები.

გულთამზე (ხელს ხელზე ურტყამს)

მერე მე?.. მე სად შეგეყარო?

სევასტი

შეგატყობინებ... ახლა უნდა დაგემშვიდობო... როგორ მიყურებ? ნუ გეშინია. შენ გგონია, უკანასკნელად ვხვდებით ერთიმეორეს?.. რად კანკალებ?!

გულთამზე

სიცოცხლევ! (ერთმანეთს ეხვევიან)

ყვარყვარე (თავი წამოყო)

რა ხვევნა-ალერსია, ეე, რას შვრებით! (სევასტი და გულთამზე მოიხედავენ)

სევასტი (გულთამზეს)

აქ ოსმალო საიდან გაჩნდა?!

გულთამზე (გაკვირვებული)

არ ვიცი.

ყვარყვარე

აქეთკენ თათრები არ გადმოჭრილან?

სევასტი

არა.

ყვარყვარე (გამოდის)

მაშ, რა იყო, ასე გულის გასახეთქად რომ შემოვარდით (გულთამზეს დააკვირდება). ოჰო, ოფოფივით ქალია.

სევასტი

უკაცრავად, ბატონო.

ყვარყვარე

უკაცრავადო!

სევასტი

თუ შეგაწუხეთ, ბოდიშს ვიხდით,

ყვარყვარე

მესმის, (თავისთვის) ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე: მაგრამ, თუ მაგრადაა - გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს...

(სევასტის) ბოდიშს იხდი?

სევასტი

მე მგონია, გითხარი.

ყვარყვარე

მერე, საალერსოდ რომ შემოხიზნულხარ, რა წესია? თქვენც კუთხე მოგინახავთ, რაღა! წყალი კი არ მაქვს ამ ძარღვებში, მეც ვაჟკაცის სისხლი მაქვს. სულ არ მერიდებით მამაკაცს?!

სევასტი

დამშვიდდით. (ამოიღებს უბიდან პაპიროსს) თქვენ, პაპიროსს ხომ არ ინებებთ, მიირთვით.

ყვარყვარე

კი. (გამოართმევს, თავისთვის) ეტყობა, ძალიან მშიშარაა.

სევასტი

აქ, თურმე, შესანიშნავი სანადირო ადგილებია.

ყვარყვარე

ოო, მონადირის ნანადირევი მე ძალიან მიყვარს. (გადახედავს გულთამზეს) ეს ოფოფი ვინ არის?

სევასტი

ეს გახლავთ ამ მეწისქვილის ქალი.

ყვარყვარე

გულთამზე?

გულთამზე

დიახ. (გაკვირვებით) თქვენ ვინ ბრძანდებით?

ყვარყვარე (უცბად)

შენ ამის ცოლი ხომ არა ხარ?

გულთამზე

არა.

ყვარყვარე (მღელვარედ)

მაშ, რა იყო, რომ გულში ჩაგიხუტა?

სევასტი

ეს რა თქვენი საქმეა?

ყვარყვარე

უჰ, რა ქალს აფუჭებს!

გულთამზე

ძალიან როშავ, ვიღაცა ხარ!

ყვარყვარე (გულთამზეს)

შენ გაჩერდი შენთვის! (სევასტის) შენ ახლა ჩემთან გაქვს საქმე და, თუ ვაჟკაცი ხარ, გამაგრდი!

სევასტი (მოემზადება თავის დასაცავად)

არ გაბედო, თორემ ცუდ პასუხს გაგცემ!

ყვარყვარე (ძრწოლით)

ეს კაცი ახლა შემომაკვდება, არ გავუშვებ...

გულთამზე (შეშინებული გააღებს კარს)

წავიდეთ.

სევასტი

ჰო, კარგი, გავშორდეთ ამ თავხედს.

ყვარყვარე (გულთამზეს)

შენ აქ დარჩი (მოიგდებს მკლავით გულთამზეს) იმას კი ნამდვილად დავგლეჯ... დავ... დავ... მაგრამ თუ ბედი აქვს და გამასწრო, რა...

გულთამზე

რა აშვებული ნადირია!

სევასტი

(სასოწარკვეთილებით გაიწევს ყვარყვარეზე. ყვარყვარე მოულოდნელად გარბის და ეფარება ტომრებს).

გულთამზე (იცინის)

როგორ უცბად მოიკუნტა.

ყვარყვარე (კანკალებს)

თუ ასეთი რამე მოვახერხე, რომ არ დამახრჩო, სწორედ მოსალოცი ვიქნები. (სევასტის) შე კაცო, ხელმწიფეები შერიგებულა და ჩვენ რა...

სევასტი

სულ მთლად უსუსურია.

ყვარყვარე (სევასტის)

ღონე კი მაქვს, შენისთანა პატიოსან კაცს თითი როგორ დავაკარო?! კაცს ხელს როგორ შემოვარტყამ, სინდისი გობქვეშ კი არ შემინახავს?!

სევასტი

უტიფარია, ვიღაცაა.

გულთამზე

ოო, ეს კაცი, ალბათ, ის არის, მამამ რომ მითხრა, (იცინის) ნაცარქექიაა!..

სევასტი

რას ამბობ! (ყვარყვარეს) შენ ვინა ხარ?

ყვარყვარე

ყვარყვარე თუთაბერი.

გულთამზე

დია!

სევასტი და გულთამზე (ერთად)

ყვარყვარე თუთაბერი! (იცინიან. მოისმის სროლის ხმა. დააყურებენ)

გულთამზე

სიცილის დროც არა გვაქვს.

სევასტი (იცქირება ჭიტანოში)

წავალ, თორემ... მაგვიანდება.

გულთამზე

ჯერ გავიხედოთ, უცაბედად არავის შეეფეთო. (სევასტი და გულთამზე მიდიან)

ყვარყვარე

ეე, რას იზამ, კიდევ არა უშავს, რა უშავს! ენის მასალით ქალთან კაცი პირს ყოველთვის მოიბან. ეს ვერ გამიგია, ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ ჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო. ასეა... (ქექავს ნაცარს) ახლა ისეთი რამე უნდა მოვიგონო, რომ მისი თეთრი პერანგი ხელში დავაფრიალო... უჰ, რა ქალია! ცეცხლივით არ შემომენთო! რა დროს ნაცრის ქექვაა! (კრავს ფეხს ნაცარს) გათავდა, ყვარყვარე, შენთვის თბილი ნაცრის ქექვა. (წამოდგება) ერთხელ დავბადებულვარ და ერთხელ უნდა მოვკვდე! (ბრაზით მიდის კარისკენ, შეჩერდება) ჭკუით, ყვარყვარე თუთაბერო, მართალია, ერთხელ დაიბადე, მაგრამ მეორეჯერ კი არ დაიბადები... მოითმინე, ფეხის ერთი გაკვრით ბურთი ლელოზე ვის გაუტანია. ოო, ასეა... (ფრთხილად გაყოფს თავს კარში) ესენი კიდევ აქ არიან?!

(დაღონებული შემოდიან სევასტი და გულთამზე).

გულთამზე

ხომ ხედავ, როგორ დაგეძებენ!

ყვარყვარე

მგონია, ვიღაცას ემალებიან, ერთი გავიხედო? (კარს გააღებს)

სევასტი (უკან გამოსწევს ხელით ყვარყვარეს)

აქეთ!

ყვარყვარე (თავისთვის)

აა, მთავრობას ემალება! ნეტა რის მოქმედია? რა გამეხარდება, თუ გაკოჭეს! (სევასტის ხმამაღლა) ნუ გეშინია, მე ქურდს და ყაჩაღს არ გავწირავ.

სევასტი

მაგაზე ვერ გეტყვი მადლობას. მე არც ერთი არა ვარ.

ყვარყვარე (თავისთვის)

მაშ ვინაა? სოციალისტი ხომ არ არის? (სევასტის) მე სოციალისტები უფრო მიყვარს, ისინი რომ ქადაგობენ, სწორედ ჩემი საქმეა. რომელ სახლშიც გინდა შედი და მოირთხე მაგრად ფეხი, სმა-ჭამა სულ მუქთი იქნება. მე რომ მკითხონ, სოციალისტების სურათებს ეკლესიაში დავკიდებდი, სულ წმინდანებივით წვალობენ ხალხისათვის, მეც ხალხისათვის ვწვალობ ამ ქვეყანაზე და, ჩემი არ იყოს, შენც სოციალისტი ხარ. გულთამზე (რომელიც მღელვარედ იცქირებოდა ჭიტანოში) უი, აქეთ მოდიან, რა ვქნათ, კარს მოადგნენ.

სევასტი

მაშ, როგორც ვხედავ, ვერ გავძვრები. (ურტყამენ გარედან კარს)

ყვარყვარე (ნეტარებით)

გაება.

გულთამზე

ვინა ხართ?

ხმა გარედან

კარი გააღეთ!

გულთამზე

რა გნებავთ?

ხმა გარედან

კანონის სახელით მოვითხოვთ, გააღეთ კარი!..

გულთამზე კედელს მიეყუდება, გარედან ურტყამენ კარს. კარი ჩამოვარდება შემოდის ორი ოფიცერი. ჯარისკაცები დგანან კართან.

პირველი ოფიცერი (აღშფოთებით უთითებს ყვარყვარეზე)

ხედავ?

პირველი ოფიცერი (რევოლვერს უმიზნებს ყვარყვარეს)

თქვენ დატუსაღებული ხართ.

ყვარყვარე

მეე?

გულთამზე

ვერ გავიგე, ვის ეძებთ?

პირველი ოფიცერი

განა ეს ოსმალოა?

გულთამზე

არა, ეს ერთი საწყალი ნაცარქექიაა, მხოლოდ გადაცმულია, ბატონებო.

პირველი ოფიცერი (1-ლ ოფიცერს)

ოო, ეს ქალიცა ადასტურებს, რომ გადაცმულია (ოფიცრები იცინიან).

პირველი ოფიცერი

ეს არის ფარულად მომუშავე რევოლუციონერი. ოთხი თვეა, რაც შტაბის საიდუმლო განყოფილება ეძებს, მაგრამ ისე სცოდნია გადაცმა, რომ ეშმაკს თვალს აუხვევს.

სევასტი (გულთამზეს ჩუმად)

თუ ყვარყვარემ არ გამცა, გადავრჩები. (ოფიცრებს) რას ლაპარაკობთ? ღმერთმა დასწყევლოს, თუ ეს ავი კაცია, სინდისის მაინც არ რცხვენია?!

პირველი ოფიცერი

უჰ, რამდენი ხანია, ამას ვეძებთ!

პირველი ოფიცერი

ბოლოს მივაგენით, მაგრამ დილას აქეთ კი ვდევთ.

პირველი ოფიცერი

ოო, რაც ჩვენ გავსავათდით!

ყვარყვარე (გაბრუებული)

ეს რა შავი დღის გადარეულები მომადგნენ! (სასოწარკვეთილებით მოიხედავს, უეცრად შეაჩერებს თვალს სევასტის) ააა, მივხვდი...

პირველი ოფიცერი (ცეცხლისკენ)

ქარყინვამ ლამის სახე სულ დამითუთქა.

პირველი ოფიცერი

არაყმაც ვერ გვიპატივა, იმ პირსაცეცხლემ! (ოფიცრები ცეცხლს ეთბობიან)

ყვარყვარე

ძლივს არ მივხვდი! ბატონო ოფიცრებო, თქვენ რომ ეძებთ, ის კაცი...

ოფიცრები (რევოლვერებით ემუქრებიან)

ხმა გაკმინდე!

გულთამზე (ტუჩზე ხელს მიაფარებს)

არ წამოგცდეს.

ყვარყვარე (იშორებს გულთამზეს)

თუ მომკლავენ?

გულთამზე (ალერსით ეჩურჩულება)

ხვალვე გაიგებენ, ვინცა ხარ და გაგიშვებენ (ეალერსება). გემუდარები, არ დაგვღუპო!

ყვარყვარე (აღელვებული, გულთამზეს ალერსით)

რას მთხოვ, შე გვრიტო, ცეცხლმოკიდებულო! (ხვევს ხელებს)

გულთამზე

გაჰყევი, ხმა არ ამოიღო!

ყვარყვარე

სად წავიდე? (კოცნის)

გულთამზე (ზიზღით)

ნუ იმტლუშნები. (ოფიცრებმა განკარგულება გასცეს კართან და პირი მოიბრუნეს)

ოფიცრები (ყვარყვარეს)

აიბარგე.

ყვარყვარე

მე კი არა, ის კაცი, ეგერ...

გულთამზე (მუდარით)

წადი! (ეალერსება) წადი...

ყვარყვარე (ოფიცრებს)

არა, ვისაც თქვენ ეძებთ...

გულთამზე (ტუჩებზე ხელს მიაფარებს, ყვარყვარე კოცნის)

პირველი ოფიცერი

აკოცე?

პირველი ოფიცერი

ეს რა გულჩვილობაა! (გულთამზეს) თქვენ თანაუგრძნობთ?

გულთამზე (ტუჩზე ხელს აფარებს ყვარყვარეს და თან უპასუხებს ოფიცრებს)

არა, მე ვემუდარები, ყუმბარა არ გაისროლოს... დაგნებდეთ. ხომ ხედავთ, როგორ ვკანკალებ. მე მშიშარა ქალი ვარ...

ოფიცრები (უკან დაიხევენ)

რაო, ყუმბარაო! ისეთი ალყაა, ჩიტი ვერ გაფრინდება (მიდიან კარისაკენ და იძახიან). მარჯვედ, ბიჭებო, ყუმბარები ჰქონია, მოემზადეთ, ეცადეთ კი, მაინც ცოცხლად წამოიყვანოთ! (მიდიან)

ყვარყვარე

გამიგონეთ, ბატონო ოფიცრებო. (სევასტის) ჩქარა, გაჰყევი, შე პირუტყვო, შენი გულისთვის არ დაგვწყვიტონ! (გულთამზეს) მოდი, ერთი აქ ჩამოჯექი. (ცდილობს მუხლზე დაისვას გულთამზე)

სევასტი

კმარა! ამ დამცირებას სიკვდილი მირჩევნია! (გადაწყვეტილად) წადი, ვერაგო, და გამაცხადე.

გულთამზე (სევასტის)

გიჟო, შენ ხომ იცი, სახრჩობელა არ აგშორდება (მიუჯდება ყვარყვარეს და ელაპააკება თანაგრძნობით). იცი შენ, რა მოგელის ეს რომ გასცე?

ყვარყვარე

კი, ხახვს დამაჭრიან.

გულთამზე

რევოლუციონერები მოგკლავენ, ეს არ იცი?

ყვარყვარე (აწრიალდება)

ეჰე, ვაი, უბედურებას!

გულთამზე

ჯაშუშს დაგარქმევენ და იმ დღესვე ტყვიით გაგაციებენ.

ყვარყვარე

მართლა მომკლავენ ის წყეულები. (წამოდგება) ამას რა ჭირს გადავეკიდე.

გულთამზე

ახლა გაჰყევი, ხმა არ დასძრა, იქ კი თქვი შენი ვინაობა და გაგიშვებენ. რა გიჭირს, უდანაშაულო კაცი ხარ.

ყვარყვარე

ჰოდა, იცოდე, კარგი ბუმბული დამახვედრე. მე მაგის ტყავის გადასარჩენად რა თავს ვიტკენ!.. ფეხს ტყუილად არ დავისველებ, გაიხედე ერთი, რა თოვლყაპია.

გულთამზე

ყელამდე პატივში იქნები, როცა მოხვალ.

ყვარყვარე

კიდევაც შევიშნობ, თქვენი ამბავი ხომ გავიგე! (მოკუმშავს მუშტს) აწი ასე მეყოლებით გამოჭერილი და ერთმანეთს არ მიგაკარებთ.

(ჯარისკაცები მოღერებული ხიშტებით შემოდიან. აკეთებენ წრეს ყვარყვარეს გარშემო)

ოფიცრები

ცოცხლად წამოიყვანეთ, თუ დაგნებდათ.

ყვარყვარე

ჰო, არ მომკლათ, მართალი კაცი ვარ, არ დამღუპოთ.

ოფიცრები

მარჯვედ, ბიჭებო, მარჯვედ... (მიჰყავთ ყვარყვარე ჯარისკაცებს, ოფიცრებიც მიჰყვებიან)

გულთამზე (ცხვირსახოცით იწმენდს ტუჩებს)

ტფუ, რა ბილწად დამლოშნა...

სევასტი

შენ ნამდვილი გმირი ხარ მოთმინებით.

გულთამზე

შენ ამ წუთში მდევრები არ გყავს, შორს წავიდეთ.

სევასტი

შენც?

გულთამზე

მეც მოვდივარ.…

     
         
         
 

მოქმედება მეორე

 

არმიის შტაბის საიდუმლო განყოფილება. საწერ მაგიდასთან ზის  ადიუტანტი. ცოტა მოშორებით მეორე მაგიდასთან ზის დაბალი ჩინის მწერალი.

მწერალი (წერს. რამდენჯერმე გაუბედავი წამოდგება, ბოლოს სასოწარკვეთილებით მიდის ადიუტანტთან)

თქვენო... კე...კე...კეთილშობილებავ, პოლკოვნიკის წარწერაა... და ეს... ვერ ამოვიკითხე.

ადიუტანტი

მერე მე ახლა შენთვის სად მცალია? (დაკეცავს ქაღალდს და ჯიბეში ჩაიწყობს ხელებს). ხომ გაიგონე, არ მცალია (მწერალი  დაბრუნდება თავის მაგადასთან და სცდილობს ამოიკითხოს). და ასეთ წერა-კითხვის უცოდინარს გზავნიან შტაბის საიდუმლო განყოფილებაში მწერლად (აფურთხებს). ტფუ, შენ უნდა ეგდო პირველ ხაზის სანგრებში და არა კანცელარიაში.

მწერალი (ტუჩები უკანკალებს)

ფრიად გაურკვეველია.

ადიუტანტი

შენთვის ყველაფერი გაურკვეველია, შე უტვინო. ხატზე დავიფიცებ, რომ შენ სტუდენტი არა ხარ. აკი მითხრა პახომამ, ყალბი დოკუმენტით შევიდა უნივერსიტეტშიო.

მწერალი

პახომამ, თქვენი ერთგული რომ ვარ, იმისთვის ამითვალისწუნა, თქვენო კეთილშობილებავ. (ქვლიქვინით) რა ვქნა, რად მიწყრებით?!

ადიუტანტი

უყურე ამ კატის ჯიშს, როგორ შემაბრალა თავი. მოდი, ჰო, მოდი!...

მწერალი (უცბად წამოვარდება და მიდის ქაღალდით. ჩურცულებს)

ადიუტანტი

ეს რა ოქმია, წისქვილში რომ რევოლუციონერი დაატუსაღეს, რა ვერ ამოიკითხე?

მწერალი (უთითებს)

აი, ეს წარწერა, თქვენო კე... კეთილშობილებავ.

ადიუტანტი (კითხულობს, ეტყობა ვერ ამოიკითხა)

რა გაქენებულია, რა... ეშმაკიც ვერ გაარჩევს (მიუგდებს უკანვე. ხურავს თავის ქაღალდებს, თითქოს მალავს). შე ძაღლის გაჩენილო, ამ ფრიად საიდუმლო ქაღალდებში ნუ იყურები. ხანდახან რევოლუციონერიც კი მგონიხარ, - რა ვიცი.

მწერალი (დაჩაგრულად)

მე რევოლუციონერი?

ადიუტანტი (აღშფოთებით)

სტუდენტი ხომ ხარ?!

მწერალი

კეთილ საიმედოდ მიცნობენ. - წმინდა მიხეილის ჯგუფში ვითვლები, თქვენო კეთილშობილებავ.

ადიუტანტი

ვირი ხარ. მორიდება არა გაქვს, ყველაფერს მეკითხები.

მწერალი

სადაცაა პოდპოლკოვნიკი შემოვა, თქვენო კე.... კეთილშობილებავ, თუ ასლი არ დახვდა მერე...

ადიუტანტი

მერე, ამისათვის მეც ხომ მიმაყოლებს. ამ საქმის გამოძიებამას მიანდვეს?

მწერალი

დიახ, ეგრე, თქვენო კეთილშობილებავ.

ადიუტანტი

მაშ, რიგიანად გადასწერე.

მწერალი (ფლიქვინი)

რა ვქნა, თუ გაბრაზდა სანგრებში მიკრავს თავს.

ადიუტანტი

ნუ ფლიქვინებ (ფეხებს დაურტყამს). ყველაფერი შენი ბრალია! (შემოდის გენერალი და პოლკოვნიკი).

გენერალი

ის დიდი ამბები ვის არ ახსოვს. ჩვენს შტაბში ბრძოლა ყველას წაგებული ეგონა... და, ასეთ დაბნეულობაში, მე მოულოდნელად მოვიპოვე ბრწყინვალე გამარჯვება.

პოლკოვნიკი

თქვენო მაღალაღმატებულებავ, სამხედრო ისტორიკოსები მრავალ ფურცლებზე გადაშლიან თქვენს საგმირო მოღვაწეობას და, ალბათ, იტყვიან, რომ ეს მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ.

გენერალი

ჩემი მტრები გამარჯვების შედეგაც არ ცხრებიან, ახლა გაიძახიან, თითქო მე დაუზოგავად ვეპყრობი ცოცხალ ძალებს... თითქო ძვირად მიჯდება გამარჯვება... მაგრამ იმათ პატრიოტიზმი ხომ არასოდეს არ ჰქონიათ - მხოლოდ შური ალაპარაკებთ

პოლკოვნიკი

რასა ბრძანებთ?! თქვენი წყალობით არმიამ დიდი სახელი მოიხვეჭა, ცოცხალ ძალების დანაკლისიც უცბად შევავსეთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ!... მხოლოდ ერთი გარემოება მაბრაზებს, როგორც ჩანს, ჩვენს არმიაში მავნე სოციალისტები დაძვრებიან.

გენერალი

ოჰო, მაგ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს.

პოლკოვნიკი

ერთი ქვემძრომი დავატუსაღეთ.

გენერალი

რა დანაშაული აქვს?

პოლკოვნიკი

ომის საწინააღმდეგო ფურცლების გავრცელება.

გენერალი

სად, ჯარში?

პოლკოვნიკი

დიახ, აქ, ფრონტზე.

გენერალი

ჩამოახრჩეთ.

პოლკოვნიკი

დიახ, რასაკვირველია. (ადიუტანტს) პოდპოლკოვნიკი იყო აქ? აწარმოებს გამოძიებას იმ სოციალისტზე, რომელიც წისქვილში დაიჭირეს?

ადიუტანტი

სწორედ ასე, ბატონო პოლკოვნიკო, გამოძიებას აწარმოებს.

გენერალი (პოლკოვნიკს)

ამ საღამოსვე შედგეს საველე სასამართლო თქვენი თავმჯდომარეობით. ასეთმა დამნაშავეებმა სასჯელისაგან გამოძრომა იციან. მაგრამ ახლა მარჯვედ დახვდით, თოკი არ ააცილოთ.

პოლკოვნიკი

ისეთი მამხილებელი საბუთებია, თქვენო მაღალაღმატებულებავ, რომ დამნაშავე, ალბათ, ხმასაც ვერ ამოიღებს. (ადიუტანტს) ტუსაღს დაჰკითხა გამომძიებელმა?

(ადიუტანტი  და მწერალი  ცახცახებენ).

ადიუტანტი

ჯერ არ დაუკითხავს, ბატონო პოლკოვნიკო (ტელეფონი რეკავს.  ადიუტანტი აიღებს მილს და დააყურებს).

ადიუტანტი (გენერალს)

თქვენო, მაღალაღმატებულებავ, პირადად გთხოვენ ტელეფონთან.

გენერალი (ტელეფონში)

ოო, წამოიყვანეთ? მოგილოცავთ, მოგილოცავთ... როდის წამოიყვანეთ? დაჭრილი არ არის? ცბიერი ფაშა იყო. აცნობეთ ტფილისს. (პოლკოვნიკს) ისრაფილ ფაშა დაუტყვევებიათ.

პოლკოვნიკი (აღტაცებით)

მოულოდნელი სიხარულია.

გენერალი

ჩემი კბილის მატლი ის იყო.

პოლკოვნიკი

უმაღლესი ორდენი გერგებათ, თქვენო მაღალაღმატებულებავ.

გენერალი

არც თქვენ დარჩებით უნაწილოთ, ბატონო პოლკოვნიკო. სამწუხაროა, რომ გერმანიის ფრონტზე ასე არ მიდის ჩვენი საქმე (გენერალი და პოლკოვნიკი მიდიან.  ადიუტანტი და მწერალი თავისუფლად ამოისუნთქავენ).

ადიუტანტი

ეს დიდი კაცები რომ დამადგებიან თავზე, ისე ვიკარგები, ისე ვკანკალებ, თითქო ეს არის ფეხი უნდა წამკრან და გამსრისონ.

მწერალი

მეც - რომ გადმომხედავენ, ვნატრობ მიწა გამისკდეს.

ადიუტანტი

შენ მასე შეგფერის (მუქარით წამოდგება). ისევ რომ მელაპარაკება! მე შენი უფროსი ვარ, პირდაპირი უფროსი.

მწერალი (აწურვით)

სწორედ ასე, თქვენო კეთილშობილებავ.

ადიუტანტი (აჯავრებს)

თქვენო კეთილშობილებავ. ასე ხომ არ დამაბერებენ, წარმატებას ველი. შეიძლება ორი ჩინი ერთად მივიღო, მაშინ როგორ მომმართავ? კეთილშობილებას მეტყვი?

მწერალი

მაღალკეთილშობილებავ.

ადიუტანტი

ახლა?

მწერალი

თქვენო კეთილშობილებავ.

ადიუტანტი

მაშინ, აი, მაშინ? როცა ორ ჩინს მივიღებ?

მწერალი

 

თქვენო მაღალკეთილშობილებავ.

ადიუტანტი (ბრაზით)

ახლა?

მწერალი

თქვენო კეთილშობილებავ.

ადიუტანტი (აღშფოთებით)

რატომ ა? სადა გაქვს უფროსის დაფასება.

მწერალი (ფლიქვინით)

რა წყალში გადავარდე! (შემოდის ჯარისკაცი ხელში ქაღალდით. შეჩერდება და ღრმად ითქვამს სულს. ჯარისკაცი მიდის ადიუტანტის მაგიდასთან).

ჯარისკაცი (მღელვარედ)

პეტროგრადიდან აპარატზე დეპეშა მივიღეთ  (ღრმად სუნთქავს). ჩვენ გვგონია ფრიად საიდუმლოა... თუმცა იქედან ასეთი წარწერა ახლავს... ყველას, ყველას, ყველას!...

ადიუტანტი

ჩამაბარე (უცქერის ჯარისკაცს).

მწერალი (ჯარისკაცს)

შენ ჭეშმარიტ რუსთა კავშირიდან მახსოვხარ. აი, თქვენო კეთილშობილებავ, ამანაც იცის როგორი კეთილსაიმედო ვარ.

ჯარისკაცი

იცოდეთ, ქვეყანა სულ გადაბრუნებას აპირებს. ჰო, ჰო, რა ამბავია!

ადიუტანტი

რაო, რას მიედ-მოედები! შენ ჩვენი კავშირის წევრი ხარ?

ჯარისკაცი

არა, რა ვიცი, მე ჩემთვის ვარ...

ადიუტანტი

მაშ, აპარატზე ვინ მიგიღო, თუ იქაც ებრაელი დაგვისვეს?

ჯარისკაცი

ახლა რა ვთქვა... ისეთი ამბავია, რომ...

ადიუტანტი (აღშფოთებით)

რაო, ეს რა პასუხებს მაძლევს?!

ჯარისკაცი (აძლევს დეპეშას)

წაიკითხე და ნახავ, თუ შენს ენა არ დაგებმება (ჯარისკაცი სწრაფად გაბრუნდება. კარებში შეეფეთება გამომძიებელს, გვერდს აუვლის და მიდის. შემოდის გამომძიებელი - პოდპოლკოვნიკი. ადიუტანტს გადაუკითხავი დეპეშა ხელში შერჩება და წამოდგება სალამით. მწერალი ფეხზე გაშეშდება.

გამომძიებელი

გამოიყვანეთ ტუსაღი. (მოხელეებს) მომეცით მასალები. ( ადიუტანტი და მწერალი უხერხულად გადახედავენ ერთმანეთს). ხომ გაამზადეთ?

მწერალი

მოგართმევთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ.

გამომძიებელი

ცქვიტად, - ნუ გეძინებათ.

მწერალი (მიაქვს გამომძიებელთან საქმე)

გამზადებულია... მხოლოდ ერთი წინადადება...

გამომძიებელი (შლის ქაღალდებს)

რა წინადადება?

მწერალი (ცახცახებს)

თქვენო მაღლ... კეთილ... შობ... ლებავ...

გამომძიებელი

გაციებს?

მწერალი

 

დიახ.

გამომძიებელი (გაიცინებს)

აი, შენ ძაღლის შვილო (მოხელეები პატივისცემით იღიმებიან). აგერ ჩექმამ ფეხი დამჭეჭკა, მაგრამ პანღურს ისე მოგცხებ ამ ფეხით, რომ ერთსაც არ დავიკვნესებ (მოხელენი ისე იღიმებიან).

ადიუტანტი (თითქო აღტაცებით)

რა კარგ ხასიათზეა.

გამომძიებელი (კარებში ეძახის)

შემოიყვანეთ ტუსაღი ( ადიუტანტი იხედება დეპეშაში. სახეზე ეხატება გაკვირვება. შემოჰყავთ ნაცარქექია. გამომძიებლის ყურადღება უცებად ნაცარქექიაზე გადადის).

გამომძიებელი (ნაცარქექიას აკვირდება)

თავს ძალიან ისაწყლებ, მაგრამ შენს სახეზე მაინც ვკითხულობ, რომ სახელმწიფო დანაშაულის ჩადენა შეგიძლიან.

ნაცარქექია

ბატონო, რას ბრძანებთ, სულ ტყუილად ამაგდეს კერიდან.

გამომძიებელი

როდის დაიწყეთ მუშაობა არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ?

ნაცარქექია

მეე?!  ვინ გგონივართ, ბატონო, დამაკვირდით. ხელმწიფის ერთგულ კაცს მეუბნებით?

გამომძიებელი

კმარა. მოჰყევი აღსარება. იცოდე, რამდენ მეტს დანაშაულს აღიარებ, იმდენად შეგიმსუბუქდება სასჯელი. ჩამოხრჩობა დახვრეტად შეგეცვლება, ესეც საქმეა.

ნაცარქექია

ვაი, ამ შავ დღეს!.

ადიუტანტი (დეპეშას კითხულობს და ხმამაღლა ამოიგმინებს) ეს რა ამბავია დეპეშაში?!

გამომძიებელი (აღშფოთებული მოხელეებისკენ)

ხმა გაკმინდეთ! (ნაცარქექიას) აბა, ჯერ დამისახელეთ თქვენი თანამოსაქმენი? დაიწყეთ, სულერთია, სიმართლე არ დაიმალება.

ნაცარქექია

აქ ფანჯრიდან ორ მეზობელ გლეხს მოვკარი თვალი, გეტყვიან ვინა ვარ, ტყვილად არ დამღუპოთ. ისე მიყურებ, ბატონო, რომ... სულ მაკანკალებს, ეს რა მდუღარესი ვტუცე ფეხი.

ადიუტანტი (მღელვარედ)

ამ განყოფილების მოხელეები მაინც შუა ცეცხლში ვართ.

გამომძიებელი (ფეხებს უბაკუნებს)

როგორ ბედავ?

ადიუტანტი

ჯერ ეს წაიკითხე და მაგ ფეხი მერე დამირტყი.

გამომძიებელი

რაო? კიდევ ენას მიბრუნებ? (მუქარით უახლოვდება).

ადიუტანტი (აცქერდება დეპეშას)

ასეა... რევოლუციაა... დეპეშაა... მოდით.

გამომძიებელი

რევოლუციაა, სად?

ადიუტანტი

არის, არის... (მწერალს რბილად) შენც მოიწი აქეთ.

გამომძიებელი (გაკვირვებული)

ხომ არ გაგიჟებულა?! (გამოართმევს დეპეშას, კითხულობს) ნიკოლოზ მეორე გადადგა... (ჩიფჩიფებს).

ადიუტანტი (რბილად მწერალს)

შენც წაიკითხე, მეგობარო.

გამომძიებელი (გარკვეულად იმეორებს)

უმაღლესი ძალაუფლება... სახელმწიფო სათათბირო... აღმასრულებელი კომიტეტი... (მღელვარედ მოხელეებს) თქვენ ხომ გესმით, რას ვკითხულობ.

მწერალი (გაბედა მისვლა და კიდეც კითხულობს)

შედგა პეტროგრადში მუშათა დეპუტატების საბჭო.

ადიუტანტი

ახლა ვრწმუნდები, რომ არაფერი არ მომჩვენების.

გამომძიებელი (განაგრძობს კითხვას

შედგა დროებითი მთავრობა.

ადიუტანტი (განაგრძობს კითხვას)

ამიერ-კავკასისი მეფის მოადგილის ნაცვლად დაინიშნება რწმუნებული-ემისარი...

გამომძიებელი

რევოლუციაა

მწერალი

მე, როგორც სტუდენტმა, თქვენ უნდა გითხრათ...

ადიუტანტი (პატივისცემით)

ჰო, ჰო, შენ იცი, - ალბათ.

მწერალი

ეს რევოლუციაა.

გამომძიებელი

რევოლუციაა.

ადიუტანტი

რევოლუციაა.

მწერალი

და, როგორც სტუდენტი, გეტყვით, რომ... ჩემი მატერიალისტური თვალსაზრისით რევოლუცია შლის ისტორიაში ახალ ფურცლებს.

ადიუტანტი

ჰო, ჰო, კიდევ, კიდევ რა იცი?

მწერალი

რევოლუცია სპობს მის მოწინააღმდეგე ატომებს.

ნაცარქექია

შიშით ისე ვარ გაბრუებული, რომ ყურთა სმენა დამეკარგა, ისინი ჩემ ჩამოხრჩობას ხომ არ ამზადებენ. განა არ მომხდარა ასეთი მაგალითი, რომ მართალი კაცი ეშმაკის კლანჭში ჩავარდნილა?!

გამომძიებელი (ნაცარქექიასაკენ მიბრუნდება და უკვე ნაცარქექიას წინაშე დგას, როგორც დამნაშავე. ადიუტანტი და მწერალი განაგრძობენ თავისთვის დეპეშის კითხვას. ინტიმურად ეჩურჩულებიან ერთმანეთს)

გამომძიებელი

ბატონო რევოლუციონერო, თქვენ, ალბათ, დიდიხანია მუშაობდით ხალხის საკეთილდღეოდ მეფის მთავრობის წინააღმდეგ.

ნაცარქექია

ბატონო, არ დამღუპო.

გამომძიებელი

არა, ნუ გეფიქრება.

ნაცარქექია

სხვისი ცოდვა არ წამცხო.

გამომძიებელი

თქვენ, სპეტაკი რევოლუციონერი ხართ, კარგად ვიცი.

ნაცარქექია

რას ბრძანებთ, ჩემისთანა მართალი ხეც არ არის. - ტყუილად ღადარში არ განხვიო.

გამომძიებელი

ნუ, ნუ ღელავთ, დაბრძანდით. (ჯარისკაცებს) გადით აქედან. რა საჭიროა თოფიანი ყარაული, ადამიანია, მხეცი ხომ არ არის?!. (ჯარისკაცები მიდიან).

  ადიუტანტი (ამოიღებს ყუთიდან ქაღალდებს. მწერალს)

ეს საბუთები თუ არ მოვსპეთ სულ, სულ, სულ დავიღუპებით.

მწერალი

გუშინ რომ ცნობები შევადგინეთ?

ადიუტანტი

ოო, ის უსათუოდ მოვნახოთ. მაგრამ ჯერ ეს მოვსპოთ.

(ადიუტანტი და მწერალი მიდიან ქაღალდებით.)

გამომძიებალი (ლაქუცით)

თქვენი ყარაული მოვხსენით.

ნაცარქექია

ჯერ, ბატონო, გამიკითხეთ.

გამომძიებელი

მიიღეთ ჩემგან აღსარება, რომ მე სულისა და გულის სიღრმეში მუდამ დემოკრატი ვიყავი... და როდესაც მეფე უმოწყალოდ სჯიდა რევოლუციონერებს, მწარე გულით ვტიროდი... მაგრამ ისეთი დრო იყო, რომ ცრემლს ვერ გამოაჩენდი.

ნაცარქექია

მეფის მოღალატეები, ბატონო, მე ყოველთვის მძულდა, ტყუილად რატომ მცდით.

გამომძიებელი

არა, მუდამ თავგანწირული  ყოფილხართ ხალხისთვის.

ნაცარქექია

ბატონო, რატომ მჭრი ამ ყელს!

გამომძიებელი

თქვენი მოღვაწეობა ამ არმიაში კარგად ვიცით.

ნაცარქექია

მე არ ვარ ის კაცი, გაიგონეთ.

გამომძიებელი

ის არა ხართ?

ნაცარქექია

ოო, მადლობა ღმერთს, გაგაგონეთ, ის კაცი მე არა ვარ.

გამომძიებელი

აა, მივხვდი. თქვენ ამ ხერხით გინდოდათ სასჯელი აგეცდინათ, რათა მეორედ შეგეწირათ თავი ქვეყნისთვის. ო, რა კეთილშობილებაა.

ნაცარქექია

მაშ, არაფერს არ დამიჯერებ?! (ძრწოლით) მახრჩობ მართალ კაცს?

გამომძიებელი

როგორ გეკადრებათ, - კაცს ჩამოვახრჩობ? ადამიანი ხომ ბუნების გვირგვინია.

ნაცარქექია

მერე მე კატად მთვლი?!!

გამომძიებელი

ო, თქვენ ვერ ხედავთ თქვენს სიმაღლეს, თქვენ არ იცით სად მიგიყვანათ თქვენმა წმინდა ცხოვრებამ, სად, სად...

ნაცარქექია

სად?!.

გამომძიებელი

მე მოვსულვარ თქვენთან იმ მტრედის მსგავსად, რომელმაც ნოეს კიდობანში მშვიდობის ამბავი მოუტანა... ოღონდ, დაიმახსოვრეთ ჩემი მტრედობა და კალთა მაფარეთ თქვენს სასუფეველში.

ნაცარქექია

სასუფეველშიო, - უსათუოდ მახრჩობენ.

გამომძიებელი

მე თქვენ გახარებთ ისეთ ამბავს, ისეთ ბედნიერებას, რომელზედაც თქვენ ოცნებობდით, რომლისთვისაც სულს ლევდით! მოემზადეთ დიდი სიხარულისთვის.

ნაცარქექია

რაო, რას ბრძანებ?

გამომძიებელი

რევოლუცია მოხდა, მეფე ტახტიდან გადადგა და დღეს ახალი მთავრობაა.

ნაცარქექია

რევოლუცია მოხდა? (თავისთვის) რას ლაპარაკობს ეს კაცი?! (გამომძიებელს) მერე?

გამომძიებელი

თქვენ იმდენი ღვაწლი მიგიძღვით, საფლავშიაც არ დაგივიწყებდნენ, თორემ, ცოცხალს, ხალხი თქვენზე მეტად ვის დააფასებს.

ნაცარქექია

ეჰე! (თავს ასწევს) რევოლუცია მოხდა?

გამომძიებელი

დიახ.

ნაცარქექია (ამაყად)

მერე?

გამომძიებელი

ქვეყანა გადაეცა თავგანწირულ რევოლუციონერებს.

ნაცარქექია

მერე ჩემი თავგანწირვა?!

გამომძიებელი

სულ დაგიფასდება.

ნაცარქექია (აღშფოთებით)

ამ ამბავს მიმალავდი?

გამომძიებელი

აკი ვთქვი.

ნაცარქექია

ენა იმდენი ათოხარიკე, სული კინაღამ გამძვრა.

გამომძიებელი

არა, მე მხოლოდ თქვენი ამაგი და თავისდადება მოვიგონე.

ნაცარქექია

ჩემი ამოდენა თავისდადება და ამაგი ახლა წყალში გადაიყრება თუ, როგორ გგონია!...

გამომძიებელი

რას ბრძანებთ, თქვენ დიდი მოღვაწე ხართ. (ქაღალდებზე მიუთითებს) აქ ამის შესახებ საბუთებია.

ნაცარქექია

აქ კიდევ რაა! (გადაუყრის საბუთებს) შენ გგონია ახლა მთელი ჩემი ცხოვრება ხელისგულზე გიწერია!

გამომძიებელი

არა, მე რა ვიცი... ამ არმიაში რაც ჩაგიდენია, კიდევ ცოტაა... სხვაგანაა თქვენი მთავარი გმირობა.

ნაცარქექია

ჰო და, ასე ილაპარაკე.

გამომძიებელი

თქვენს შუბლზე მე ვკითხულობ ღრმა ფიქრების ნიშანს, თქვენა ხართ უდიდესი რევოლუციონერი.

ნაცარქექია

ტყუილია თუ?

გამომძიებელი

მე, როგორც შეგნებული დემოკრატი, დაბლა ვიხრები თქვენს წინაშე.

ნაცარქექია

მერე ახლა მე ტუსაღი კი არა ვარ!.. არა ვარ... არა ვარ...

გამომძიებელი

არა, თუმცა ფორმალურად ითვლებით, სანამ ჩვენი უფროსი ოფიციალურად არ გამოგიცხადებთ ამ ბედნიერებას, რაც მე გაცნობეთ... მანამდე კი, თავი ტუსაღად რომ არ იგრძნოთ, აი შემობრძანდით კაბინეტში, წამოჯექით სავარძელში და...

ნაცარქექია

ენა დაამოკლე. ბედნიერება, თორემ შენი მოცემულია. ჩამოხრჩობას რომ მიპირებდით, რას ფიქრობდით? გეგონათ ასე შეგრჩებოდათ?!.

გამომძიებელი

მე? (ხმის კანკალით) ჩემს შესახებ ცუდ რამეს ხომ არ ფიქრობთ, აგიხსნით, ბატონო, მე ერთი პატარა კაცი ვარ.

ნაცარქექია

არა, სად მცალია მე ახლა შენთვის, შე ჩიჩია - შე გლახა,

გამომძიებელი

დიახ, ხალხისთვის უნდა იფიქროთ და იზრუნოთ.

ნაცარქექია

რა მაქვს მე საფიქრალი?! მოტყუილდება რამეში ყვარყვარე თუთაბერი თუ რა გგონია?! (შედის კაბინეტში. შემოდიან ადიუტანტი და მწერალი).

ადიუტანტი

როგორ არის საქმე; ამ რევოლუციონერს ყველაფერი უთხარი?

გამომძიებელი

არა.

მწერალი

სულ არ იცის?

გამომძიებელი

მე არ მითქვამს, მაგრამ იცის.

ადიუტანტი და მწერალი

საიდან, საიდან გაიგო?

გამომძიებელი

გამჭრიახი კაცია.

ადიუტანტი (მწერალს)

დავიღუპეთ. მე და შენ ყალბი საბუთები რომ შევადგინეთ სოციალისტებზე, ის თუ...

მწერალი (სიტყვას წაართმევს)

ოო, ის თუ არ გავანადგურეთ, ვიღუპებით - მერე სად არის?

ადიუტანტი

ეგებ პოლკოვნიკთანაა

(აპირებენ წასვლას. შემოდის გენერალი. ცივად შეხვდებიან. გენერალი გარშემო მიმოიხედავს, შეხვედრა იუცხოვა).

გენერალი (მრისხანე ტონით)

გამიმზადეთ ცნობა?

ადიუტანტი

რომელი ცნობა?

გენერალი (გაკვირვებული)

ააა, არმიაში დეზერტირობის საღამო.

მწერალი

ეს როდის მოითხოვეთ?

გენერალი (მწერალზე)

ეს ვინაა?

ადიუტანტი (აწოდებს დეპეშას)

პეტროგრადიდან დეპეშაა. ტვინი გადაგვიბრუნდა, ღმერთო ჩემო, აი, აი, დახედეთ.

გენერალი (მრისხანე გამომეტყველებით უპასუხებს)

ეს რას ჰგავს?!!

ადიუტანტი

თქვენო მაღ...ალ... კიდევ მოგაგონებთ: დეპეშას დააკვირდით.

გენერალი

რაო, ა? ეს რა წესრიგია!..

ადიუტანტი

მე მგონია წესიერება არ დამირღვევია.

გამომძიებელი

რასაკვირველია.

გენერალი (გამომძიებელს)

თქვენც (დაბნეული იხედება) აააა, ყველას ავიწყდება მოვალეობა. გასწორდი!

ადიუტანტი (მშვიდად მოიტანს დეპეშას და თვალწინ დაუდებს)

პეტროგრადიდან გახლავთ

გენერალი (თანდათან მეტის ინტერესით კითხულობს, დრო და დრო ამოიყივლებს)

სახელმწიფოს... სათათბიროს აღმასრულებელი კომიტეტი... დროებითი მთავრობა.. (გარკვეულად კითხულობს) პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ... საბჭო... (ჩაჯდება სავარძელში, დუმილის შემდეგ) მეგობრებო!

გამომძიებელი

დიახ...

გენერალი (უცბად)

სად არის პოლკოვნიკი?

ადიუტანტი

ეს დეპესა პოლკოვნიკს არ უნახავს.

მწერალი (ვაჟკაცური ხმით)

ეს მნიშვნელოვანი ცნობებია; ჩემი აზრით, ეს დიდი ამბავია.

გენერალი

განაგრძეთ თქვენი მოვალეობის აღსრულება (აპირებს წასვლას. გამომძიებელს). თქვენ კიდევ ჩემთან წამობრძანდით. (გენერალი და გამომძიებელი მიდიან. ადიუტანტი და მწერალი შეხედავენ ერთმანეთს).

ადიუტანტი

ხომ დავიღუპეთ!

მწერალი

შენი ბრალია. შენ შეადგინე სოციალისტებზე ის ყალბი საბუთები. მე მხოლოდ გადავწერე.

ადიუტანტი

იცოდეს ღმერთმა, რომ ბოროტი განზრახვით არ მიქნია.

მწერალი

ეს, რა ეშმაკმა შემომაგდო პატიოსანი სტუდენტი საიდუმლო განყოფილებაში და, ისიც, შენისთანა უწმინდურთან, ტფუ...

ადიუტანტი

რა ვქნა!!

მწერალი (ფეხებს დაუბაკუნებს)

გასასრესი ხარ.

ადიუტანტი

რა ვქნა, უნდა მოვძებნოთ, თორემ თუ ნახეს!..

მწერალი

ოო, თუ ნახეს მეც ხომ მომეცხება... ჰო, კარგი, წამოდი, წამოდი...

(ადიუტანტი და მწერალი მიდიან. კაბინეტიდან გამოდის ნაცარქექია და ხელს უქნევს ფანჯარაში).

ნაცარქექია

ბიჭებო, აქეთ, ბიჭებო!

(კაკუტა და ქუჩარა მოადგებიან ფანჯარას).

კაკუტა

ხომ მოვნახეთ?!.

ქუჩარა (კაკუტას)

ახლა მე მაცალე. (ნაცარქექიას) რა უყავი ის ჩვენი ნასისხლარი, ა? მიწაში რომ ჩახვიდე, არ მოგეშვები, - ხომ იცი.

ნაცარქექია

რა ცხვირში მეცით. ჯერ რა მომივიდა ამ სატუსაღოში, არ იკითხავთ?

ქუჩარა

სატუსაღოშიო?

კაკუტა (ქუჩარას)

ახლა ხომ ხედავ, რო გვითხრეს, გაკოჭილი მიყავდათო.

ქუჩარა

რა დაგემართა?

ნაცარქექია

ახალთაობის კაცად მიცნეს, ხელმწიფის მტრად გამომაცხადეს.

კაკუტა (ქუჩარას)

ეე, ხომ გესმის?

ქუჩარა (ნაცარქექიას)

მერე მაგისთვის თავზე ხელს დაგისობენ?

ნაცარქექია

თავზე ხელს დამისობენ კი არა კიდეც ჩამომახრჩობენ. დავიღუპე კაცი, ჩემს საფლავს პატრონი ვერც კი მონახავს და ცოდვით გიბარებთ, მამაჩემს წყვიწყვის ასე უთხარით: იმისთანა ვაჟკაც შვილს ნაცარქექია რომ შეათქვითქა, ცოლი არ ათხოვიე და კეტით გააგდე საშოვარში, ეს მოეწიათქვა... ასე გადაეცით, სახრჩობელაზე რომ გაყავდათ, იქიდან შემოგითვალა, ძაღლი ჩაგაკვდა მაგ სულშითქვა.

კაკუტა

უჰ, საწყალი, დაღუპულა!

ქუჩარა (მღელვარედ)

შე საწყალო ა? ახლა... რისთვის შეგხვდა ეს შენ?...

ნაცარქექია (ამაყად)

ახალთაობის საქმისთვის.

კაკუტა

რო არ იყავი შენ მაგისთანა კაცი?!!

ნაცარქექია (თოფნაკრავივით)

როგორ არ ვიყავი! მაშ, პოლიციას ვემალებოდი და თქვენისთანა ენაყრანტალებს ვეტყოდი! ქვეყანას რომ ეძინა, მე მაშინ ვმუშაობდი.

ქუჩარა

სულ დაგიქცევია ოჯახი! აბა, ხელმწიფის ღალატი რა...

ნაცარქექია

ასეა, თქვენისთანა შეუგნებლებიდან, მართლა რომ დავღუპულიყავი კაცი, გაკილვის მეტს რას მივიღებდი... მაგრამ გამიცინა ბედმა, თქვენი ყბიდან ამოვედი, იღბალმა გამიჭრა, რევოლუცია მოხდა და ხელმწიფე ტახტიდან გადააგდეს.

კაკუტა და ქუჩარა (ერთად)

ხელმწიფე გადააგდეს?

ნაცარქექია

კი.

ქუჩარა

ეს რა ამბავი დატრიალებულა?!!

ნაცარქექია

თქვენ ის უნდა ნახოთ აწი, ხალხი რომ ხელისგულზე დამიჯენს ხვითოსავით.

კაკუტა (სიხარულით იმანჭება)

ეე. რა...

ქუჩარა

მთლად ბედნიერი კაცი ყოფილხარ.

ნაცარქექია

მარა რა... რა გემოს ვნახავ, ქვეყანას უნდა ვუქადაგო.

კაკუტა და ქუჩარა (ერთად)

რა უნდა უქადაგო?

ნაცარქექია

სიმართლე.

ქუჩარა  (კაკუტას)

ასეა, ხომ გესმის, სოციალისტები იმას თვლიან სიმართლეთ, რასაც თვითონ ამბობენ.

კაკუტა

ვიცი. კიდევ ამბობენ რომეო, ციხესო რკინის კარები არ უნდაო, სულ შუშაბანდები იყოსო.

ქუჩარა (ნაცარქექიას)

სიმართლეს რა ჯობია. მაგისთვის ხალხი, მართლაც, ხვითოსავით მოგეფერება.

ნაცარქექია

მაშ, ტყუილა ვეწვალე! ხომ ხედავდი დღე და ღამე, რომ პოლიცია მსდევდა.

კაკუტა

როდის ვხედავდით?!!

ნაცარქექია (აჯავრებს)

როდის ვხედავდით!

კაკუტა

რა ვიცი...

ნაცარქექია

ხომ იცი, ჩვენ, სიციალისტები, ტყუილს რომ არ ვიტყვით.

ქუჩარა

კი.

კაკუტა

კი.

ნაცარქექია

მე ხომ გითხარით, პოლიცია რომ მეძებდა.

კაკუტა

კი.

ნაცარქექია

ხო და, ხომ კარგად იცით, რაც მე ხალხისთვის წვალება გადამხდა?!.

კაკუტა (ყოყმანით)

კი.

ქუჩარა

კი, კაკუტა, ასე ყოფილა და...

კაკუტა

რას იზამ...

ნაცარქექია

ჰო, მართლა, თქვენ წისქვილში გამოივლიდით და იქ გულთამზე არ გინახავთ? (მოისმის ყვირილი).

ქუჩარა

დარაჯი გაგვირისხდა, გავეცალოთ აქედან (კაკუტა და ქუჩარა მიდიან).

ნაცარქექია

რა ყვირილია მანდ, ვინ ბედავს? (ათვალიერებს ნივთებს. გააღებს კაბინეტის კარს). ამ სავარძლისთანა ძვირფასი მაინც ვერაფერი ვერ ვნახე, რა რბილი ჩასაწოლია, არცაა აქ დასატოვებელი (შედის კაბინეტში. ხმაურობაა. შემოდიან: გენერალი, გამომძიებელი, პოლკოვნიკი, ადიუტანტი და მწერალი).

პოლკოვნიკი

როგორმე, ძალაუფლება ხელიდან არ გავუშვათ... სხვა არმიების ოფიცრობაც ასე შეკავშირდება და რევოლუციის ნაპერწკლებს სულყველგან ჩააქრობენ.

გენერალი

ზოგადი სიტყვები მე არ მინდა. - თქვენ მითხარით, პირველ ღონისძიებად რა ვიხმაროთ ახლა, რა გავაკეთოთ?!

პოლკოვნიკი

უპირველეს ყოვლისა, აქ რომ რევოლუციონერი ზის, ახლავე ჩამოვახრჩოთ...

გენერალი

ეს ადვილია.

პოლკოვნიკი

მერე, რევოლუციაზე კრინტი არავინ დაძრას!

გენერალი

ფოსტა-რადიოები რომ დაიწყებენ ღრიალს?

პოლკოვნიკი

ჯარში დავატრიალოთ ჭეშმარიტ რუსთა კავშირის აგენტები (ადიუტანტს და მწერალს), აქ თქვენც უნდა გაანძრიოთ კუდი, ბიჭებო.

გამომძიებელი

მართალია, საქმე სულ ამათზეა, - სიცოცხლე არ დაზოგოთ, თავი უნდა გასწიროთ.

ადიუტანტი და მწერალი (ერთად)

რაო?... ჩვენ დავდვათ თავი სასიკვდილთ?

გამომძიებელი

რასაკვირველია.

პოლკოვნიკი

დიახ, თქვენც, ჩვენც და ყველამ, ყველამ, სულ ყველამ...

გენერალი

რასაკვირველია (შემოდის ნაცარქექია. ყველანი მიიხედავენ).

გენერალი

ეს ვინაა?

   ადიუტანტი (გადაუჩურჩულებს შიშით მოხელეებს. ყველანი შეწრიალდებიან)

   ნაცარქექია (მათი აწრიალების მიხედვით თამამად წამოიჭიმება)

რას აწრიალდით? ის თქვენი უფროსი რატომ არ მოვიდა ჩემთან, ა? რას იხევთ უკან. თქვენ, როგორც გატყობთ, ჩემი არც გეშინიათ.

ადიუტანტი

რას ბრძანებთ, როგორ არ გვეშინია.

ნაცარქექია

ო, თავს მაღლა წევთ, მაგრამ... ისეთ დღეს დაგაყენებთ, თვალებს დაგათხრევინებთ.

ადიუტანტი (მიუთითებს მწერალზე)

მე და ეს კაცი არაფერ შუაში ვართ, ტყუილად, კრინტიც არ დაგვიძრავს.

ნაცარქექია

ამას კი გავიგებ, ვის რა უთქვამს. ფაჩუნიც არ გამომეპარება, მაგრამ მაინც კარგად გამაგებინეთ: ვინაა ჩემი მტერი?!

მწერალი (უთითებს გენერალზე და პოლკოვნიკზე)

აი, ისინი.

ნაცარქექია (შიშით)

ვითომ რას მიპირებენ.

გენერალი (პოლკოვნიკს)

უნამუსოდ გაგვწირეს.

მწერალი

ბატონო რევოლუციონერო! მიიღეთ ჩემგან ეს სასიამოვნო ცნობა (მიაქვს მაგიდიდან დეპეშა. ადიუტანტი თან მისდევს) პეტროგრადში მოხდა...

პოლკოვნიკი (გამოგლეჯს ქაღალდს)

ხმა ჩაიწყვიტე.

გენერალი (პოლკოვნიკს)

ფრთხილად, ნუ გააბრაზებ, ბატონო პოლკოვნიკო. ხელმწიფე თუ გადადგა, ჩვენ აქ არაფერი არ შეგვიძლია.

ნაცარქექია (შეშინებული)

ეს რა გამიბედეს, ჭკუით, ყვარყვარე თუთაბერო, მგონი რაღაცას გიპირებენ.

გენერალი (პოლკოვნიკს)

ჩვენი ფონი ვეძიოთ, ბატონო პოლკოვნიკო.

პოლკოვნიკი (მოტეხილად)

მაშ, თქვენ თვითონ წაუკითხეთ (აძლევს ქაღალდს გენერალს).

გენერალი (ნაცარქეაიას მღელვარედ)

მე მოგახსენებთ, ბატონო, იმას, რაც თქვენ არაოფიციალურად გაგიგიათ... ბატონო, ჩვენ დიდ პატივს გცემთ, როგორც...

ნაცარქექია

რა პატივს მცემთ, მაშ, რა იყო წუხილის რომ ჭაში ჩამაგდეთ (ადიუტანტს და მწერალს მიაქვთ სკამი ნაცარქექიასტან).

გენერალი (სკამს ხელს მიახმარს)

დაბრძანდით. (პოლკოვნიკს) მართლაც ბნელია ის სარდაფი.

პოლკოვნიკი

დიახ, დიახ, ურიგო იყო.

მწერალი

ბატონო რევოლუციონერო...

გენერალი (გააწყვეტინებს მწერალს)

შენ ნუ შეგვეჩხირები. (ნაცარქექიას) იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა.

   ნაცარქექია

ჰო-და, ასე მითხარი.

ადიუტანტი

შედგა სახელმწიფო სათათბიროს...

მწერალი (სიტყვას წაართმევს)

აღმასრულებელი კომიტეტი.

გენერალი

მე დამაცადეთ.

   ნაცარქექია

ყველა ნუ მელაპარაკებით. ნუ სხრიალობთ.

გენერალი (აძლევს დეპეშას)

აქ ყველაფერი სწერია, აი, ინებეთ.

   ნაცარქექია (დახედავს დეპეშას)

ვიცი... (დაკეცავს).

გენერალი

ესეც წაკითხული გაქვთ?

ნაცარქექია

მიწაში რაა, ის ვიცი.

პოლკოვნიკი (ჩამოიღებს კედლიდან ნიკოლოზის პორტრეტს) ეს მართლაც, არ შეეფერებოდა რუსეთის ტახტს. (რეკავს ტელეფონი. ადიუტანტი მიდის ტელეფონთან, მაგრამ მწერალი ტლანქად გააგდებს).

მწერალი (ტელეფონში)

ა? საყვედურს მივიღებთ დროებითი მთავრობისაგან?

გენერალი და პოლკოვნიკი (ერთად)

რაო? რაო?

ნაცარქექია (ამაყად იხედება დეპეშაში)

დავიღუპეთ, ყველა კორპუსებს უცვნიათ რევოლუცია. ჩვენ კი დავაგვიანეთ.

ადიუტანტი (გენერალს და პოლკოვნიკს)

ეს სულ თქვენი ბრალია.

მწერალი (ტელეფონში)

ჩვენც ვზეიმობთ, ააა, არის როგორ არა (ნაცარქექიას) ჯარისათვის ორატორი იკითხეს, მე ვუპასუხე აქაა ცნობილი რევოლუციონერი-მეთქი.

ნაცარქექია

ჩემისთანა ორატორობა ვის შეუძლია, ხეს ავატირებ.

მწერალი (ტელეფონში ეძახის)

დღეს ჩვენ მოვისმენთ უუწამებულეს კაცის მხურვალე სიტყვას.

ადიუტანტი

ოო, რა იქნება თქვენი სიტყვა, ბატონო რევოლუციონერო, სწორედ თვალებს აგვიხელს.

ნაცარქექია

ისეთ უბედურებას დავატრიალებ მე ახლა აქ, რომ ჭექას და ქუხილს მოგანატრებთ.

ადიუტანტი

დამშვიდდით, ბატონო.

მწერალი

ერთი სიტყვა გვითხარით.

ნაცარქექია

სიტყვა გინდათ? რა ღირსი ხართ, თორემ სულ წყალივით ვილაპარაკებ. (ორატორულად). ვინც შრომობდა,მდიდარი ატყავებდა. იყვნენ ბრმები, მაგრამ გათენდა (მიმოიხედავს მრისხანედ). გადასახადებს აწესებდით, ჩემი სახრჩობელის წინ ღიპით ძირმომპალ ტახტზე. მაგრამ გაიმარჯვებს სიმართლე და ხალხი შურისძიებით და ხელებით, და ფრჩხილებით, და კბილებით, და.... ტა..ტა..ტა...

ყველანი (კანკალით)

გული დაიმშვიდე, ავღელდით

ნაცარქექია

უსარძიკვლო, ჯალათებო, ციხის კედლები სულ დაიმსხვრა. ახლა რას მიპასუხებთ, მტარვალებო! (კარების იქით მოისმის ხმაურობა).

ნაცარქექია (შეშინებული)

რა ამბავია?!.

მწერალი

რევოლუცია გაიგეს, დეპეშის წაკითხვას მოითხოვენ.

ნაცარქექია

წაუკითხეთ!

ადიუტანტი (სწრაფად აწოდებს მწერალს დეპეშას)

მწერალი (გადასცემს კარებში)

კედელზე გააკარით.

ნაცარქექია (გენერალს და პოლკოვნიკს)

შემომხედეთ, მოპასუხენო! (გარედან მოისმის მარსელიაზის ხმა).

გენერალი და პოლკოვნიკი (ხელს აიღებენ)

გემორჩილებით. (შემოდიან კაკუტა და ქუჩარა).

ნაცარქექია (მოხელეებს)

თქვენ გინდოდათ ჩემი ჩამოხრჩობა!

კაკუტა

რა ჩამოხრჩობაო, ხვითოსავით გეძებენ.

ქუჩარა

ვის უნდოდა შენი ჩამოხრჩობა? ქვეყანა კარში შენს ჭირს ნატრობს.

ნაცარქექია

ამ ღვთის გლახებს, ვერ ხედავ რას ბედავდნენ? (შემოდიან ჯარისკაცები)

1-ლი ჯარისკაცი

მოგვეცით რევოლუციონერი.

ნაცარქექია (შეშინებული)

რატომ? რას მემართლებით?!!

1-ლი ჯარისკაცი

სიტყვა გვითხრას.

ნაცარქექია (ღიმილით)

კი, გეტყვით.

2-ე ჯარისკაცი (მესამეს)

განა ეს არის ჩვენ რომ პროკლამაციები გადმოგვცა? ეს არ არის!

3-ე ჯარისკაცი

სად არის ის რევოლუციონერი, აქ რომ პატიმრად გყოლიათ? ეს სხვაა, ის კაცი რა უყავით?

მწერალი (ჯარისკაცებს)

პატიმარი სხვა არა გვყავს.

ადიუტანტი (ჯარისკაცებს)

წისქვილში ეს დაიჭირეს.

ნაცარქექია

მე ვარ დაპატიმრებული, ვერ მხედავთ?

2-ე ჯარისკაცი

ეს არის, ალბათ, ეს მისი ნამდვილი სახეა, მაშინ კი გრიმი ჰქონდა.

3-ე ჯარისკაცი

ოო, მეც იმიტომ გამიკვირდა. რა დიდი გონიერი მოღვაწე ყოფილა.

1-ლი ჯარისკაცი (მიდის კარებში და იძახის)

მე გავათავისუფლე სატუსაღოდან რევოლუციონერი.

2-ე ჯარისკაცი (კარებში იძახის)

რევოლუციონერი მოდის (გარედან მოისმის აპლოდისმენტები. შემორბის რამდენიმე ჯარისკაცი).

5-ე ჯარისკაცი

ხალხი მოუთმენლად გელის. (კაკუტა, ქუჩარა და შემოსული ჯარისკაცები აიტაცებენ ნაცარქექიას ჰაერში).

ადიუტანტი (მწერალს)

რაკი მოვიმადლიერეთ, ნუ მოვშორდებით.

ნაცარქექია (კაცების მხრებზე ამაყად ზის. ათითებს მოხელეებზე)

ეს დამნაშავენი არ გაუშვათ.

ყველანი

არ გაუშვათ! (კარებში მხრებზე მჯდარ ნაცარქექიას გამოჩენა იწვევს აღტაცებას. გარედან მოისმის ტაშის ცემა და მარსელიეზი).

ნაცარქექია

ხომ გესმით, კაკუტა და ქუჩარა, ყურები კარგად გამოიფხეკეთ.

 

ფ ა რ დ ა

 

     
         
         
 

მოქმედებაქ მესამე

დროებიოთი მთავრობის ამიერ-კავკასიის რწმუნებულის კაბინეტი.

რწმუნებული ზის მაგიდასთან. შემოდის შიკრიკი.

 

შიკრიკი

მაზრიდან გახლავთ ერთი კაცი.

რწმუნებული

არ მცალია.

შიკრიკი

კი, ბატონო, მაგრამ ხალხი ამბობს, როგორ არ სცალიაო. მეფის მთავრობა ხომ არ არისო... მეც მლანძღავენ, ვისი ტიკის ტომარა ხარ მაგ კარებზეო. რევოლუცია მოხდაო.

რწმუნებული

ჰო-და შენაც ნუ აჰყვები იმათ ლაპარაკს.

შიკრიკი

არ იცი, ბატონო, რა დღეში ვარ?! გუშინ ერთმა ბღენძიანმა მუქარა წამოიწყო: მართლაც უნდა შემოვიდნენ ის ბოლშევიკები და ერთი კარგად გაგატყავონო. მე ვუთხარი: ბოლშევიკები მე თუ ტყავს გამაძრობენ, ძვალის მეტი რა შერჩებათ, შენ კი ხუთი ტკაველი ქონი გაქვს და უფრთხილდი-მეთქი.

რწმუნებული

დამასვენე, გული ნუ გააწყალე.

შიკრიკი

კი, ბატონო, მაგრამ ის რომ არ მომეშვება!

რწმუნებული

ვინ არის?

შიკრიკი

რა ვიცი, მაზრის კომისარია - გვარად ნატუტარი ვარო.

რწმუნებული

აა, ტიტე ნატუტარი იქნება, ძველი მეგობარია, შემოვიდეს (შიკრიკი მიდის - შემოდის მაზრის კომისარი ტიტე ნატუტარი).

ტიტე

სალამი, ბატონო, მადლობა ღმერთს, რომ მოვაღწიე.

რწმუნებული

დაბრძანდით.

ტიტე

არა... (იხედება უკან).

რწმუნებული

მოგყავთ ვინმე? უკან რად იხედებით?!

ტიტე

აქ რომ შემოვდიოდი, სასახლის წინ ბოლშევიკები იკრიბებოდნენ.

რწმუნებული

არა უშავს, - თქვენი მაზრის ამბავი მომიყევით.

ტიტე

ჯერ აქაური ამბავი გამაგებინეთ.

რწმუნებული

მე მოხსენებას ვუკეთებ დროებით მთავრობას და არა მაზრის კომისრებს.

ტიტე (ნერვიულად)

აქაც ცუდად გქონიათ საქმე, ისე ვატყობ.

რწმუნებული

ეს მე ვიცი.

ტიტე

მაშ, ლაპარაკიც არ ღირს (ამოიღებს უბიდან ქაღალდს). ჩაიბარეთ მანდატი და გამიშვით.

რწმუნებული

რას მაძლევ?

ტიტე

თქვენი მოცემული მანდატია.

რწმუნებული

ეს ქაღალდის ნაფლეთია, მე კი თქვენ მაზრა ჩაგაბარეთ.

ტიტე

იმ მაზრას ბოლშევიკები დაეუფლნენ.

რწმუნებული

ოო, მაშ, ასე კარგად უპატრონეთ?!.

ტიტე

რაო, მე ვერ მიპატრონებია!

რწმუნებული

მაშ!

ტიტე

როგორ, ა, ვინ არის ამ მხარეში ჩემოდენა თეორეტიკოსი, ვინც გინდა მეკამათოს!

რწმუნებული

ცოდნას მოხმარა უნდა.

ტიტე

განა, მე არ შევეცადე გამომეყენებინა ჩემი ცოდნა... მაგრამ არ მოხერხდა, ხალხი არ გამომადგა. ეჰ, წინათ სიტყვა ხალხი ჩემთვის წმინდათა-წმინდა იყო, ახლა კი, ვფიქრობ, როგორც პოეტების დახატული ქალი არ იპოვება ბუნებაში, ისე არ არსებობს ხალხი იმ სახით, როგორც ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები გვასწავლიდნენ... დიახ, ასეა, მეგობარო. მე ხალხისთვის რა არ ჩავიდინე, იმდენი ვუქადაგე, რომ ტვინი ამიდუღდა, მაგრამ ეს ათასთავიანი დევი მაინც გაბოლშევიკდა და, ბოლოს, ფარული ბილიკები რომ არ მეპოვა, მაზრიდან ტყავს ვერ მოვიტანდი... დიახ, თქვენი გულისთვის მე ამდენი ცეცხლი გამოვიარე. თქვენ კი რა მომეცით, ეს მანდატი, რომელსაც თვითონვე ქაღალდის ნაფლეთს უწოდებთ.

რწმუნებული

როდესაც მე თქვენ მაზრაში გაგაგზავნეთ, იქ ბოლშევიკების ჭაჭანიც არ ყოფილა.

ტიტე

მერე კი, როცა გაჩნდნენ, ამ ქაღალდის ამარა მიმატოვეთ. აი, აი, ჩაიბარეთ. ჩაიბარეთ მანდატი.

რწმუნებული

მოითმინეთ, ბატონო ტიტე ნატუტარო. ჩვენი მდგომარეობა გამოკეთდა და ახლა გარბიხართ?

ტიტე

არა, არა, მდგომარეობას ძალა უნდა.

რწმუნებული

ძალა გვაქვს.

ტიტე

საიდან?

რწმუნებული

დაბრძანდით, ბატონო ტიტე ნატუტარო, მოგახსენებთ, დაბრძანდით.

ტიტე (ვერ ბედავს დაჯდეს)

არა, ისედაც დიდხანს შევრჩი.

რწმუნებული

შენ ხომ იცი, რომ ოსმალეთის ფრონტიდან ჩვენი ჯარი გამორბის.

ტიტე

უბედურებაც მაგაშია - გაბოლშევიკდნენ.

რწმუნებული

გუშინ ქალაქს ფრონტიდან დიდი ჯარი მოადგა. ხალხი შეშინდა და განაპირა უბნებში დუქნის დარაბები დახურეს. ჩვენმა ოფიცრებმა არსენალიდან შიშით ზარბაზანი გაისროლეს... მაგრამ ეს ფრონტელები ქალაქგარეთ მშვიდობიანად დაბანაკდნენ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ სასტიკი დისციპლინა ჰქონიათ.

ტიტე

ღმერთო ჩემო, მასეთი ჯარი დღეს სად არის!

რწმუნებული

იმათ ჰყოლიათ ყვარყვარე თუთაბერი, რასაც ის იტყვის - კანონია. მთელი ჯარი მის ბრძანებას ემორჩილება.

ტიტე

მერე, მერე... ის ყვარყვარე თუთაბერი რა ჭკუაზეა?

რწმუნებული

დროებითი მთავრობა იცნო.

ტიტე (ჯდება)

როგორ?!

რწმუნებული

პირველად ჩვენ მას დავემუქრეთ, დელეგაცია გავუგზავნეთ... მაგრამ აღმოჩნდა, რომ დროებითი მთავრობის ერთგულია.

ტიტე

არა, ასეთ პირობებში მეც თქვენთანა ვარ.

რწმუნებული

მას ჰყავს ათი ათასი ჯარისკაცი.

ტიტე

ათი ათასი?!!!

რწმუნებული

სულ შეიარაღებულია თავით ფეხებამდე.

ტიტე

ოო, ეს სულ სხვა საქმეა! (კარები გაიღება, გამოჩნდება ორი ჯარისკაცი ყარაულები)

1-ლი ჯარისკაცი

დავიღალეთ ბატონო.

2-რე ჯარისკაცი

ფეხზე ჩამოვწყდით!

რწმუნებული

მოითმინეთ და გამოგცვლიან. წეღანაც დევურეკე, დამაცალეთ.

1-ლი ჯარისკაცი (მეორეს)

ეს არის ბიჭო, თავისუფლება?

2-რე ჯარისკაცი

ვირები გვნახა, რაღა!

რწმუნებული

გასწორდით, ნუ იქექებით. თქვენ მანდ ძალაუფლების სიმბოლო ხართ.

1-ლი ჯარისკაცი (გაღიზიანებული)

რა ვართ?

2-რე ჯარისკაცი

ჩვენც შენსავით სისხლი და ხორცი გვაქვს, რა გგონია? თუ თავისუფლებამ მარტო შენთვის დაართყა ბარი.

1-ლი ჯარისკაცი

მანდ ოფოფივით, რომ წამომჯდარხარ.

რწმუნებული

კარგი, მოწყდით, აქედან გამეცალეთ (ჯარისკაცები ყოჩაღად მიდიან).

ტიტე (ავარდება, ამოიღებს მანდატს)

არა, არა, ჩაიბარეთ ეს მანდატი, - გამიშვით!

რწმუნებული

ეჰე, გარბიხარ?

ტიტე

მე ჩემი გზა მაქვს.

რწმუნებული

საკვირველი კაცი ბრძანდები, ნატუტარო, დღეს ბაღლინჯოც კი სხვაგან არ იჭყლეტს თავს, თუ არა ისტორიის ფურცლებზე. და ამ დროს შენ სულ უსახელოდ იღუპები.

ტიტე

მე ვიღუპები?!

რწმუნებული

მაშ როგორ ფიქრობ. აბა, ერთი მე დამაკვირდი. ხომ ხედავ, წელებზე ფეხს ვიდგამ და სახელმწიფო საჭეს მაინც ხელიდან არ ვუშვებ. რატომ?! შენა გგონია ქვეყანას თავსა ვწირავ. არა, როდესაც წარღვნა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკუიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს... (ქუჩიდან მოისმის თოფის სროლა. ხმაურობაა).

ტიტე

ეჰე, მგონია, ახლა კი აგვიღეს.

რწმუნებული (ფრთხილად იცქირება ფანჯარაში. სიხარულით) ბოლშევიკების მიტინგი დაიშალა.

კომისარი (გაკვირვებული)

აა? (იხედება ფანჯარაში).

რწმუნებული

გულიანად დაურთეს ბოლშევიკებს, ხედავ, ხედავ, გარეკეს.

კომისარი

ეს ვინა ქნა!

რწმუნებული

აკი ვთქვი, რომ ახალი ჯარი შემოვიდა.

ტიტე

მაშ, მთლად უძლური არ ვყოფილვართ

მდივნის ხმა

ეს დედაკაცი არ გაუშვა!

რწმუნებული

ემი მდივნის ხმაა. - ვიღაცას ემუქრება, ალბათ, კარგი ამბავი მოაქვს (შემოდის მდივანი).

მდივანი (კარებიდან)

ჩვენს ახალ გმირს, ბატონო რწმუნებულო, ერთი სისუსტე აქვს.

რწმუნებული

ვის?

მდივანი

ყვარყვარე თუთაბერს.

რწმუნებული

რა მოხდა, გვიღალატა?

მდივანი

არა, ბოლშევიკი ქალი უყვარს და თუ იმის მხარეზე გადავიდა, კორიანტელი ამ ქალაქში მაშინ დატრიალდება.

რწმუნებული

ბატონო, ჩვენ ხელისუფლება ვართ, მაგრამ არც ფრონტი გვემორჩილება და არც ადგილობრივი რაზმები გვცნობს... მაგრამ ბედმა გამოგვიგზავნა გმირი ათი ათასი კაცით და ვეცადოთ ხელიდან არ გავუშვათ. (მდივანს). ჩვენზეა, რაც უნარს გამოვიჩენთ, წადი მონახე და შეატყობინე, რომ ის გაინიშნება მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად. მას უფლება ქალზე უფრო მოხიბლავს.

მდივანი

არა, ეს საქმე მე უკეთესად გავაკეთე.

რწმუნებული

როგორ?!!

მდივანი

თქვენ აქედან ბოლშევიკების მიტინგი დაინახეთ?

რწმუნებული

კი! ვინ დაშალა ის მიტინგი?!

მდივანი

ადგილობრივ სოციალისტების რაზმებმა.

რწმუნებული

ყველაფერს ისინი აკეთებენ. მაშ, მე რა ვარ, ერთი გამაგებინეთ.

მდივანი

მიტინგის გარეკის დროს მენშევიკებმა იარაღი იხმარეს და ბოლშევიკები ამაზე პროტესტს გვიცხადებენ. აი, აქ, დავტრიალდი და ვთქვი, თითქო დროებითი მთავრობის რწმუნებული მზადაა მიიღოს ბოლშევიკების დელეგატი. ბოლოს ის ქალი დავარწმუნე, თითქო მოვუსმენდით და რამდენიმე ამხანაგს გავუთავისუფლებდით. ის დაპირებამ გააბრუა და ამ კარებთან მომყვა.

რწმუნებული

მერე სად არის? დამანახვე. შემოიყვანე.

მდივანი

ხომ იცით, რა უნდა ქნათ?!

რწმუნებული

დიახ, ციხეში გადავაგზავნოთ.

მდივანი

ოღონდ საიდუმლოდ დარჩეს ეს საქმე (მდივანი მიდის)

ტიტე

ამ თქვენს მდივანს თავში ჭკუა ჰქონია.

რწმუნებული

ოო, ძალიან მოხერხებული არის.

ტიტე

ახლა მითხარით, იმ ჯარების უფროსი აქ წესრიგს მართლა დაამყარებს?!!

რწმუნებული

რასაკვირველია.

ტიტე

მაშ, მერწმუნეთ, იმ კაცის სახით მოდის ჩვენი დროის ნაპოლეონი (შემოდის მდივანი და შემოჰყავთ გულთამზე).

მდივანი

ეს ის ქალია, ვისზედაც გესაუბრეთ.

გულთამზე

აქ უზენაესი ძალაუფლების წარმომადგენელი ვინ ბრძანდება?

რწმუნებული

უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის მომავალ დამფუძნებელ კრებას, ხოლო მის შეკრებამდე ქვეყანას განაგებს დროებითი მთავრობა, რომლის რწმუნებულიც მე გახლავარ.

გულთამზე

მერე თქვენ მომავალმა კრებამ რა მოგანდოთ, ბატონო რწმუნებულო, რევოლუციის გაღრმავება და სისხლით მოპოვებულ თავისუფლების დაცვა, თუ მშვიდობიან კრების დახვრეტა?!!

რწმუნებული

ძალიან თავხედად ლაპარაკობთ!

გულთამზე

არა, მე მინდა გავიგო, მენშევიკებმა დროებითი მთავრობის ნება აღასრულეს, თუ თვითნებურად ჩაიდინეს ბოროტმოქმედება?!

რწმუნებული

ჩვენ მენშევიკებისთვის ნება არ მიგვიცია, რომ კრება დაეხვრიტათ, მაგრამ არც პასუხს მოვთხოვთ.

გულთამზე

მაშ, გამოაცხადეთ, რომ მთავრობა არ არსებობს და მშრომელი ხალხი, რომელმაც ეს რევოლუცია მოახდინა, შესძლებს მთავრობა შეადგინოს.

ტიტე

ეს რა ალქაჯი ყოფილა! მე საზოგადოდ სიკვდილით დასჯის მომხრე არ ვარ... მაგრამ ეს ქალი, რომ დახვრიტოთ, უარს არ გეტყვით. (შემოდის შიკრიკი).

შიკრიკი

ვიღაცაა, ბატონო, დიდის რიხით მოითხოვს თქვენს ნახვას.

რწმუნებული (გულთამზეს)

წამობრძანდით იმ ოთახში, ლაპარაკი იქ დავასრულოთ.

გულთამზე

არა, აქ, კარებთან მიცდიან სხვა ამხანაგები (მდივანი და რწმუნებული გულთამზეს ხელს სტაცებენ). ეს უხეში ძალადობაა (მდივანს). თქვენ შემპირდით, რომ მეგობრებს გამითავისუფლებდით... იცოდეთ პასუხს აგებთ...

მდივანი?

ვისთან?

გულთამზე

მასთან, ვისი უფლებაც მოდის! ხელი გამიშვით, ვერაგებო! არამზადებო! (გულთამზე მიჰყავთ, სცენაზე რჩება შიკრიკი, აპირებს წასვლას და გააღებს კარებს, მაგრამ მორიდებით შეჩერდება. გამოჩნდება ნაცარქექია).

ნაცარქექია (შიკრიკს)

კარები ფართედ გააღე, ხომ ხედავ, ხალხი მომყვება: (შემოდის, იძახის კარებისკენ) კაკუტა და ქუჩარა, ნუ გწყდებათ ფეხები, თორემ თქვენი მოთურგნა მაინც კი შემიძლია (შემოდიან ყოყმანით კაკუტა და ქუჩარა თოფ-ფარაჯაში).

ნაცარქექია (შიკრიკს)

სადაა ის ხალხი?

შიკრიკი

გასულა, მოვახსენებ, ბატონო (მიდის კაბინეტში).

ნაცარქექია (კაკუტას და ქუჩარას)

რატომ ჩამოგიშვიათ ეს ცხვირები? ცოტა სარგებლობა გაქვთ ჩემგან!

კაკუტა

რა სარგებლობა, აქ მთავრობის ხელში კი გვყრი და...

ნაცარქექია

მაშ, სულ იალაღზე უნდა იაროთ, ვირისთავებო. კმარა, რაც გზა და გზა ძარცვეთ. აქ ქალაქია, მთავრობაა. ხომ ხედავთ, რამოდენა ყელები აქვთ ზარბაზნებს გადმოწეული. წუხელის, რომ იმ ზარბაზანმა იგრიალა, მაშინ ხომ ყველამ მუცელში ჩაიგდეთ ენა. იმის მერე გახდით ისეთი ვაჟკაცები?!!

ქუჩარა

რა ვიცი ის ზარბაზანი, ამბობენ, პროვოკაცია იყოვო.

ნაცარქექია

რას მეუბნები, შე სულელო, რა იყო პროვოკაცია?!

ქუჩარა

ასე ამბობენ, თორემ მე არც კი ვიცი, რაა პროვოკაცია.

ნაცარქექია

ჰოდა, რაც არ ვიცი, იმას არ ვიტყვი.

ქუჩარა

აქ აგვწერავენ, დაგვწერავენ და სულ ძმარს გამოგვადენენ.

ნაცარქექია

მოლაპარაკება მაქვს, ყვარყვარე თუთაბერი ბრმად არავის ჩაუვარდება.

კაკუტა

მთავრობას ღონე სულ არა აქვსო.

ნაცარქექია

ვინ ამბობს??!

ქუჩარა

ჩემი მარჯვენა ცხონდა, - არ აგეტეხა აყალმაყალი იმ ჩვენს ჯარში - ის სჯობდა.

კაკუტა

ოო, კარგი კედელი იყო.

ნაცარქექია

რა ამეტეხა, ჩემი პატივისცემა აქ ერთ დღეში დაკარგეს.

ქუჩარა

ღმერთობა მოინდომე და!...

ნაცარქექია

მაშ, სულ თავით ნიორს უნაყავდი? რედესაც ფრონტზე მტერი თოფზარბაზნით მოგვადგა, და ჯარს შევძახე: აბა, ბიჭებო, აქედან გავიქცეთ, თათრებს თავი არ მოვაკვლევინოთ-მეთქი, მაშინ ხომ მოსწყინდათ ჩემი მოხერხება. მერე გზაში რომ წვრილ-წვრილი ყაჩაღები დაგვხვდა და იარაღის წართმევა დაგვიპირეს, ხომ არ დავანებე და ჩემს ჯარს გავამარჯვებინე. საკვები რომ შემოგველია, სულ განკარგულებას ვაძლევდი გზა და გზა სოფლიდან ჯოგი გამოერეკათ და მაგ ვირებს ღმერთივით ჩავუდგი სული. იმოდენა ჯარს სულ თვალში შევსქეროდი და რასაც მოისურვებდა, სულ იმას ვასრულებინებდი, მაშინ ხომ დიდ რევოლუციონერად მთვლიდნენ.

კაკუტა

ო, და გაფასებდნენ.

ნაცარქექია

აქ კი ამაგი სულ წყალში გადამიყარეს.

ქუჩარა

აქ ბოლშევიკებმა იქადაგეს, რომ ეს მთავრობა ღარიბს ნებას არ აძლევს, მდიდარი გაძარცვოსო. მთავრობა აგინეს, შენ კი მთავრობის შეგეშინდა. რატომ შეგეშინდა, აი, სულ ამაზე გაიცივეს გული.

ნაცარქექია

ვის? მე შემეშინდა?

ქუჩარა

სულ თავი რომ დიდად მოგაქვს, აქ ენის მასალით სხვამ გაჯობა. იმათ ენა გასარსალებული აქვთ, სულ ლექსივით ლაპარაკობენ.

ნაცარქექია

ვინ, ეგება თქვენ მართლა გონიათ, რომ მე ვინმემ მაჯობა!... არა უშავს, ერთი აქედან კარგად გადავუჭირო. (მღელვარედ) რომ ამოვდებ ყველას ლაგამს პირში და დავაჩოქებ, მაშინ იცნობენ ყვარყვარე თუთაბერს, ამ მუხლებზე აკოცებენ. (შემოდიან რწმუნებული, მდივანი, კომისარი - ტიტე ნატუტარი. ყველანი გაფაციცებით დახურავენ კარს, სადაც გულთამზეს ამწყვდევენ. მდივანი თვალს მოჰკრავს ნაცარქექიას).

მდივანი (რწმუნებულს ნაცარქექიაზე)

მოსულა. (ყველანი შეხედავენ ნაცარქექიას, მდივანი ჩამოართმევს ხელს ნაცარქექიას) მაქვს ბედნიერება გაცნობო, ბატონო რწმუნებულო, რომ დღეს ამ კაცთან ერთად, ჩვენ მივიღეთ დიდი ლაშქარი.

რწმუნებული (ჩამოართმევს ხელს ნაცარქექიას)

ძალიან სასიამოვნოა. თქვენ დროზედ მოეშველეთ მთავრობას.

ნაცარქექია

ქვეყანამ იცის, ბატონო, ჩემი ვაჟკაცობა, რამდენჯერ სახრჩობელას გადავურჩი. რევოლუციამ სწორედ ყელზე მომხსნა თოკი, მარა უარესში კი ჩამაბა. ჯერ ფრონტზე იმდენ ჯარს პატრონობა გავუწიე, რევოლუცია და ჩემი თავი გავაცანი, მერე იქიდან აქამდე ვატარე  გზაზე-უგზურზე და ხალხი უკლებლად მოვიყვანე. ეს ყველაფერი ერთმა კაცმა ვქენი... მაგრამ რისთვის გადავიტანე ამდენი შრომა და გაჭირვება? სულ იმისათვის, რომ თქვენ, როგორც ბედნიერ მთავრობას სამსახური გაგიწიოთ, თუ კი დამიმადლებთ. (კაკუტას და ქუჩარას) თქვენ ენა გააქვავეთ.

რწმუნებული (თავისიანებს)

მორჩილებით სავსე სიტყვა წარმოთქვა. (ნაცარქექიას). თქვენისთანა გმირს საკადრისად ისტორია დააფასებს. თუმცა არც ჩვენ მოგაკლებთ პატივისცემას, თუ ერთგულებას გამოიჩენთ.

ნაცარქექია

პატივცემაც არის და პატივცემაც, მე უნდა მოგახსენოთ, რომ პატარა მოწყალებისათვის კაცს თავს ვერ დავუკრავ.

რწმუნებული

თქვენ დანიშნული ხართ მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად.

კაკუტა და ქუჩარა

ოოო!!!

რწმუნებული

და თქვენს განკარგულებაშია ის ათი ათასი კაცი, რომელიც ფრონტიდან მოიყვანეთ. ეს ძალა ჩვენთვის ჯერჯერობით საკმაოა, ოღონდ, საქმე ისაა, მუხრუჭი მაგრად მოუჭირეთ, შიგ ბოლშევიკი არ შეუშვათ.

ნაცარქექია

ოო, ეს იყო ჩემი ნატვრა. (კაკუტა და ქუჩარას) ხომ გესმით?

რწმუნებული

ნატვრა? განა ის ჯარი არ გყავთ ხელში გამოჭერილი?!

ნაცარქექია (სიხარულით)

ეს რა კარგი მითხარით, ზარბაზნის ტყვიები ხომ ბლომად გაქვთ!

რწმუნებული

რამდენიც გინდათ, - ჩვენ გვაკლია მხოლოდ ერთგული ხალხი.

ნაცარქექია

იმ თქვენს ზარბაზნებს ყელებს სულ არ გავუციებ... სულ დღე და ღამე ვაგრილებ, სანამდე ბოლშევიკებს არ მოვსპობ და მთელ ხალხს არ დავუჩოქებ... მანამდე ჩემი მოსვენება არ იქნება. ხომ გესმით! ოღონდ ხელი უნდა შემიწყოთ და მაცალოთ. (საერთო აღტაცება).

კომისარი (მღელვარეთ)

მე ახლა სხვა კაცი ვარ ამის გვერდით.

რწმუნებული

დღეს რწმუნებულთა არაჩვეულებრივ სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ და რამდენიმე დავალებას მოგცემთ. (შემოდის შიკრიკი პაკეტით).

შიკრიკი

გარეთ ჯარისკაცები აყაყანდნენ, ბატონო. იმ ჩვენ დელეგატ ქალს ვუცდით, ხომ არ დაგიტუსაღებიათო.

რწმუნებული

იმ ქალს... სატუსაღოში გავგზავნით... გადაეცით, რომ აწი დელეგატობია გათავდა.

შიკრიკი

კი, ბატონო, ეს პაკეტიც მიიღეთ.

რწმუნებული (გამოართმევს პაკეტს და ხსნის).

დიახ, ასე გადაეცი.

შიკრიკი

კი, ბატონო, ოღონც, ოღონც... ჯარისკაცები კარებს არ შორდებიან. (შიკრიკი მიდის. რწმუნებული ხსნის პაკეტს და კითხულობს).

რწმუნებული

ამიერ-კავკასიის ყველა სოციალისტური პარტიების შეერთებული სხდომაა. (მიდებს თავზე ხელს) ახლა იქ ისეთი რთული საკითხებია... (გადაწყვეტილად ნაცარქექიას) ჩემს მოსვლამდის მდგომარეობას გაგაცნობთ ჩემი მდივანი და აგრეთვე (ტიტე ნატუტარზე) ეს მეგობარი. (გაიხმობს კუთხეში მდივანს და ჩუმად ეუბნება) რაც შეიძლება კარგის მხრით გააცანი ჩვენი მდგომარეობა, ორივე ფეხით ჩავითრიოთ. (კარებზე ურტყამს გულთამზე).

ტიტე

ის ქალი რომ ურტყამს კარებზედ?

რწმუნებული

ნუ გეშინიათ. (ნაცარქექიას) დიდხანს არ გალოდინებთ, ნახვამდის. (მიდის).                

ტიტე (ნაცარქექიას)

მე მოგახსენებთ რა დიდი მომავალი აქვს თქვენს ფარ-ხმალს ქვეყანაზე.

მდივანი

მე ამ მასალებით დაგიმტკიცებთ, რამდენად მტკიცეა დროებითი მთავრობის მდგომარეობა... თქვენ რა უფრო გაინტერესებთ, საგარეო პოლიტიკა თუ შინაური.

ნაცარქექია

საგარეოც ვიცი და შინაურიც.

მდივანი (შლის და აწყობს ქაღალდებს)

ჩვენ გაზეთებში ყველაფერს არ ვაქვეყნებთ.

ნაცარქექია (მტკიცედ)

ვიცი.

მდივანი (მოაქვს ქაღალდები)

კარგადაა ჩვენი საქმე ადგილებზე და ცენტრშიც... არც ფრონტზეა ცუდი ამბავი. (დაუდებს წინ ქაღალდებს) აი, წაიკითხეთ. (ფანჯარაზე დაეცემა ქვა).

მდივანი (აღშფოთებული)

ხედავ ამ დეზერტირებს, რას ბედავენ.

ნაცარქექია (წაუკითხავად, რიხიანად ფურცლავს ქაღალდებს).

მდივანი

წაიკითხე.

ნაცარქექია

რაო?

მდივანი

ჩაუკვირდი.

ნაცარქექია (გაღიზიანებული)

ამდენ ქაღალდებს რა წამაკითხებს?

ტიტე (მდივანს)

ნუ აწუხებ.

მდივანი

მე ყოველ ცნობაზე მოგცემთ ახსნა-განმარტებას.

ნაცარქექია

რად მინდა შენი ახსნა, მე ჭურში კი არ ვზივარ. კარგად ვხედავ რაც ხდება ქვეყანაზე.

მდივანი (ტიტეს ჩუმად)

ძალიან გამჭრიახია, ტყუილების სათქმელად პირი არც კი დამაღებინა. (კიდევ დაეცემა ქვა ფანჯარაზე).

ნაცარქექია

ეს რა ამბავია?!!!

მდივანი

ჯარის კაცებია, არ იციან თუ თქვენ აქ ზიხართ.

ნაცარქექია

ისეთ საქმეს ვუზამ დღეს იმათ, რომ სოროში ჩაძვრებიან. (კიდევ დაეცემა ქვა).

ნაცარქექია (შეკრთება)

კაკუტა და ქუჩარა, გადით კარში და კარგად მიიხედ-მოიხედეთ. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან).

ტიტე (აღტაცებით)

ოო, ასე, კარგია ძალა (ნაცარქექიას მდივანზედ) მას თქვენისთანა პიროვნებასთან მუსაიფის შნო არა აქვს, მე კი, მე ბუნებით თვითონაც სარდალი ვარ. მხოლოდ, ტყუილად სხვებს ავყევი და შეუფერებლად შევიჭრი ფილოსოფიაში.

ნაცარქექია

მერე რა ქენი რომ შეიჭერი.

ტიტე

რა უნდა ქნას ჩრჩილიან წიგნებში იმან, ვინც სარდლად გაჩენილა... თუმცა დღეს ყველა გმირი სოროშია ჩამძვრალი, მარტო თქვენა გყავთ ჯარი... თქვენ ერთადერთი სარდალი იქნებით და მე თქვენს დაპყრობილ ქვეყანაში, წესიერებას დავამყარებ.

ნაცარქექია (ამაყად მიმოიხედავს)

არავის გესმის? (ტიტეს) აი, მართლაც სასიამოვნო ლაპარაკი გცოდნია.

ტიტე

დიახ, დიახ, მაქვს თქვენთან საერთო... ახლა იცით, მე თქვენ დიდი საიდუმლო უნდა აგიხსნათ.

ნაცარქექია

აბა, ჩქარა მითხარი.

ტიტე

რა არის ადამიანი?! ეს არის უდიდესი გამოცანა. ჩემსავით ეს ვის გაუგია ან ვინ ჩამწვდარა ცხოვრების შინაარსში?!

ნაცარქექია

გითხრა სიმართლე, მომწონს შენისთანა მეცნიერი კაცი.

ტიტე

მაგალითად, ჩვენ წარმოვიდგინოთ თავშეყრილი ათი ათასი კაცი; ყოველ მათგანს თითო კაცის ღონე აქვს და, თუ ჩვენ მათი ღონეს შევაერთებთ, ვღებულობთ უზარმაზარ ძალას... მაგრამ ათი ათასი კაცის ჭკუას თუ შევაერთებთ, ეს იქნება ვირის ჭკუაზედ ნაკლები. და ამიტომაც, ასე ხდება, - გამოდის საუკეთესო ვინმე და თავის ერთი ჭკუით სულ ყველას იმორჩილებს. ეს ადამიანი არის სარდალი და ეს სარდალი თქვენ ბრძანდებით.

ნაცარქექია

მშვენიერი სიტყვაა. ასე მგონია მე თვითონ ვლაპარაკობ.

მდივანი (ქაღალდი გამონახა)

აი, ბატონო, ამ ცნობას უსათუოდ უნდა გავეცნოთ.

ნაცარქექია

არა, შენ გაჩერდი.

ტიტე

რა არის სახელმწიფო? ამის შესახებ მე მაქვს საკუთარი შეხედულება და შემდეგ გაგაცნობთ. ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვით, სახელმწიფოს დამორჩილების დროს თქვენ გაამზადებთ ლაშქარს და ძლევა-მოსილი ჯარით მიადგებით შორეულ საზღვრებს, მაგრამ მე აქ გეტყვით: შესდექ, ნუ გავიმეორებთ ნაპოლეონ დიდის შეცდომას, სჯობს დავისვენოთ და გავიმაგროდ ფესვები, დიახ, ყველაფერია ფესვები, ძირი და საფუძველი.

ნაცარქექია

რა აზრიანი სიტყვაა. ეს საქმე, რომ მართლა გაკეთდეს,კარგი საქმე იქნება. იცოდე ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემს საკუთარს რომ მოვათავებ იმის მერე.

ტიტე

ეს ასე იქნება, მე წინასწარმეტყველივით ვხედავ შენს სახეში უდრეკ ძალას, რომელიც დაეუფლება დიდ სახელმწიფოს... თქვენ იქნებით სახელმწიფოს უფალი, მაგრამ დაგჭირდებათ გვერდით პოლიტიკოსი, მეცნიერი. ასეთი მე ვიქნები. თქვენ მაგრად დაიჭერთ ხელში მოთურგნილ ქვეყანას, მე კი მას სამოთხედ გადავაქცევ. მე ახლავე შემიძლია დავჯდე და დახუჭულ თვალივით დავწერო ბედნიერ სახელმწიფოს სრული კონსტიტუცია

ნაცარქექია

სუფთად დასწერე და მაჩვენე.

ტიტე

და, როდესაც ეს იდეალისტური სამეფო აშენდება, ადამიანებს იმდენი სიხარული ექნებათ, რომ სიკვდილით სასჯელს მხოლოდ ტირილის წინააღმდეგ შემოვიღებთ. ყველა ჯვარს ეცმება ხალხისთვის და ჩვენს სურათებს ოთახებში ჩამოჰკიდებენ იმის ნიშნად, რომ ჩვენ მათი მიწიერი ცხოვრება გავაზეციურეთ.

ნაცარქექია

თუ ეს ჭკუა არ გაგექცა თავიდან, შენისთანა მეცნიერი ქვეყანაზე მეორე არ იქნება. ასე მგონია, რაც ცეცხლის პირად ნაცარში გეგმები მომიქექია, ვითომ ესაა, ახლა მომყავს ცხოვრებაში.

ტიტე

ო, რა საამურია, ზამთარში, შუა ცეცხლთან ნაცრის ქექვა და ფიქრები კაცობრიობაზე, ქვეყნის დასაბამზე და დასასრულზე, და ტირილი და ოცნება...

ნაცარქექია

შენც გიყვარს? (გარედან მოისმის ყვირილი).

ტიტე

მიყვარს. (შემოდის შიკრიკი).

შიკრიკი

ჯარისკაცები მოგროვდნენ, ბატონებო, კარებს ასკდებიან,ქალის განთავისუფლებას მოითხოვენ.

მდივანი

გესმის, სანამდე მიდის მათი უტიფრობა?!!

ნაცარქექია (შიკრიკს)

ასე გადაეცი, რომ თუ ახლავე არ დაფანტულან, ამათი ზარბაზნებით, სუყველას გავსრეს. ჯარისკაცებს თავს ვერ ავაგდებინებ. (შიკრიკი მდაბალი სალამით მიდის. ტიტე და მდივანი აღტაცებულნი არიან).

მდივანი (ტიტეს)

როდესაც ეს კაცი ათი ათასი თოფით მოადგა ქალაქს - მე შევეგებე, ახლა კი ენა პირში ჩამაგდებინეთ.

ტიტე

რასაკვირველია.

მდივანი

რაც შენ მაგას უთხარი, (გადაუშლის ქაღალდს), სულ აქა მაქვს ჩაწერილი. ნაპოლეონ დიდი, სახელმწიფოს დაპყრობა, ხალხის მოთურგვნა და სხვა... მე, როგორც დემოკრატი, აღშფოთებული ვარ შენი ლაპარაკით.

ტიტე

დიახ, მე და ეს კაცი დემოკრატიზმის ნაჭუჭში ვერ მოვთავსთებით. მართალია გატეხილად უნდა ვთქვა, რომ სულ სხვა გაქანება გვაქვს. (კარს გააღებს შიკრიკი. მოისმის ჯარისკაცების ხმა.)

შიკრიკი

მუქარა რომ გადავეცი, მთლად შეჭმა დამიპირეს. მე ვის რა დავუშავე, ბატონებო, ერთი მითხარით, რას მერჩიან. (შიკრიკი მიდის და მოიხურავს კარებს).

მდივანი (გადაიხედავს ფანჯარაში)

გესმით, ქვევით კარებს ამტვრევენ, დიდი ბრბოა.(გულთამზე ურტყამს კარებზე). უკვე აღარ ხუმრობენ. (ნაცარქექიას) ხელი გამოიღე, ბატონო, გადაგვარცინე.

ტიტე

ვიღუპებით, გვიშველე!

ნაცარქექია (დატრიალებს ოთახში)

მე კი გიშველით, მაგრამ მე ახლა ვინ მიშველის.(თავს შემოჰყოფენ კაკუტა და ქუჩარა).

კაკუტა

ქვეყანა რო იქცევა, რა ვქნათ?!

ნაცარქექია

რაღაც ქენით.

ქუჩარა

თავს ტყუილად ხომ არ შევაკლავთ.

ნაცარქექია

შეაკალით, ბიჭებო, მაშ... სულ ყოველთვის მე შევაკლავ თავს?!.

 ქუჩარა (კაკუტას)

დავიღუპეთ.

კაკუტა

რო შემოცვივდნენ სულ მატყლივით დაგვწეწენ.

ქუჩარა

კარგად გავიხედოთ.

კაკუტა

რო მოგვკლან, გავიხედოთ, რას იზამ!.. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან. გულთამზე ურტყამს კარებს).

ნაცარქექია

რა უნდათ იმ უღმერთოებს.

ტიტე

აი, აქ რომ ტუსაღია იმის განთავისუფლებას ითხოვენ.

ნაცარქექია

იმისთვისაა ეს ამბები? გაუშვით და გადამარჩინეთ.

ტიტე (მდივანს)

გავუღოთ კარი.

მდივანი (ჩუმად ტიტეს)

მერე აქ ამას შეხვდება და ხომ სულ დავიღუპებით?!.

ტიტე (ნაცარქექიას)

იმ შენი ლაშქრიდან ახლა ერთ ასეულს ვერ გააჩენ? (ისმის გარედან მტვრევა)

ნაცარქექია (მდივანს)

კაცო, უთენიაში რომ დამეცი თავზე ამ ქვეყნის მთავრობა ვარო, ახლა ერთი ასეულიც არა გყავს?!.

ტიტე (შეძვრება მაგიდის ქვეშ)

შემოდი.

ნაცარქექია

კაცს ქვეყანას მპირდებოდი და ახლა მაქ მაძვრენ! ეს რა ცხრა ჭკუის ყოფილა.

მდივანი

გვიშველეთ ვინმემ!

ნაცარქექია (ამოიღებს რევოლვერს)

თქვენ მაინც მოგკლავთ და იქნება ამან დამიხსნას. (მდივანი აღებს კაბინეტის კარებს და მირბის. ტიტე და ნაცარქექია შეშინებული მირბიან იმავე კარებით. შემორბის კაკუტა და ქუჩარა. კაკუტას ზურგზე ებღაუჭება ქუჩარა).

ქუჩარა

ბოლოს ხომ მაინც დაგვღუპა ნაცარქექიამ.

კაკუტა

რო მოგვკლავენ ახლა კი ვხედავ, ომე, ალალია ჩვენზე, ჩემო ქუჩარა.

ქუჩარა

მწყენია ეს სიკვდილი.

კაკუტა

რას იზამ! (კაკუტა და ქუჩარა ორივენი ცალ-ცალკე იხედებიან ფანჯარაში. ჩამოვარდება სრული სიჩუმე).

ქუჩარა

ბიჭო!

კაკუტა

ბიჭო!

ქუჩარა

ჩვენ რომ გასრესას გვიპირებდნენ იმ ხალხს ეგერ მისდევენ და მიარბენინებენ.

კაკუტა

აქეთაც მათი ბაიბური რო არ ისმის?!

ქუჩარა

მგონი გადავრჩით.

კაკუტა

ვინაა რო გვიშველა!

ქუჩარა

რა ვიცი. ამ ქალაქში ათასი პარტიააო და ერთმანეთი არ ერთს არ უყვარსო.

კაკუტა (კმაყოფილად)

გადავრჩით.

ქუჩარა

თუ ახლა კი გადავრჩით, მერე ნაცარქექიას სათოფეზე არ მივეკაროთ.

კაკუტა

რო ვიბრუნებ პირს, ნაცარქექია ჩემ ბუნდღლასაც ვერ ნახავს. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან. კაბინეტის კარებით გამოდის გულთამზე. გამოჰყვება ნაცარქექია. კომისარი და მდივანი იმავე კარებიდან ფრთხილად თავს გამოჰყოფენ.)

ნაცარქექია

წადი ის ხალხი ჭკუაზედ მოიყვანე, თუ ქალი ხარ, ასე უთხარი, ყვარყვარე თუთაბერი ჩემი ძველიათქვა, ხომ გესმის? არ დამაფეთონ, თორემ რაღაცას ვიზამ.

გულთამზე

მე თუ დამიჯერეს ამ ფანჯრიდან გაგაბრძანებენ.

ნაცარქექია

რას ამბობ? აქედან რომ გადამაგდონ, მიწაზე სული არ დამყვება.

გულთამზე

ო, განა ასე გეშინია?

ნაცარქექია

უყურე ამას! მე შენთვის ოქროს ლოგინს ვამზადებდი და შენ უფსკრულში მაწვენ?

გულთამზე (ტიტეს და მდივანს)

მოდით, ნუ თუ ეს თქვენი ბელადია?

მდივანი

ეს დიდი ლაშქრის მპყრობელია, ჯარიც ისე მორჩილი ჰყავს, რომ დროებითი მთავრობა იცნო.

ტიტე

ასეა... ოღონც, ქალბატონო, ჯერ ის ხალხი დააშოშმინე, უბედურებას გვიპირებენ.

გულთამზე

მერე, რატომ აგვიანებენ, თუ რამეს გიპირებენ. (იძახის კარებში). ეე, ამხანაგებო! (დუმილია, ტელეფონი რეკავს).

მდივანი (ისმენს ტელეფონში. ტიტეს და ნაცარქექიას)

ეჰე, კიდევ ახალი ამბავია. (შემოდის შიკრიკი).

გულთამზე (შიკრიკს)

ხალხი სად არის, ამხანაგო?

შიკრიკი

ახლა მე თვითონ არ გაგიშვებ. ხომ ხედავ შენი გულისთვის, როგორ მცემეს, ისინი კი ეროვნულმა რაზმებმა გადარეკეს.

გულთამზე

მაშ, ისევ ხაფანგში დავრჩი. (უცბად მდივანს) ბატონო, მე ხომ ტყვე არა ვარ, უბრძანეთ, რომ კარი გააღონ.

მდივანი (ტელეფონში)

მაშ, სასახლეს ვინ ჩაიბარებს? მერე, რა ვუყოთ იმ ათი ათასი კაცს, ყვარყვარე თუთაბერმა რომ ფიცით დაგვიმორჩილა.

ნაცარქექია

მე მაქ რატომ მახსენებ!

მდივანი

ბოლშევიკებს პეტროგრადი აუღიათ. დროებითი მთავრობა გაპარულა.

ტიტე (დახევს მანდატს)

მერე, მე ხომ მტყუანი არავისთან არა ვარ!

მდივანი

რწმუნებული ამბობს ჩემი მოვალეობა მოხსნილიაო.

გულთამზე (ნეტარებს)

მაშ, ახლა ჩემთან მოდით, მოდით, რა გეშინიათ? ახლა მივხვდი ასე უცბად რად წავიდნენ ჩემი ამხანაგები, ალბათ, ქუჩაში ჩვენი ძალები ირაზმება ხელისუფლების შესადგენად. (ნაცარქექიას) შენ კი ვისი ჯარების უფროსი ხარ?

ნაცარქექია

დამნიშნეს... და... არ უშველათ.

გულთამზე

სხვა რა იცით, სთქვით, გაბედეთ.

მდივანი

აქაური სოციალისტური პარტიები ამიერ-კავკასიის მთავრობას ადგენენ.

გულთამზე (შეკრთება)

მიჰქარავ!

მდივანი

ქალაქი დაიკავეს.

გულთამზე

მაშ არ თავდება ჯამბაზობა?!.

მდივანი (ნაცარქექიას)

მე მგონია ქალაქი ისევ შენს ხელშია, შენოდენა ლაშქარი არავის ჰყავს.

ტიტე

რასაკვირველია.

მდივანი

ამ სოციალისტების ამბავი მე მკითხე. კუდს ეშმაკსაც გადაუსკვნიან.

ნაცარქექია

რომ ატრიალებთ მაგ ენას, ახლა, არ იცით, რომ მასე იქნება?

გულთამზე

განა ამასთან შეთანხმება იმათ უშველის?

ტიტე (ნაცარქექიას)

ეს დრო მაინც შენია და მოიხმარე, გეგმას მე მოგცემ.

ნაცარქექია

შენი გეგმა რად მინდა. როგორც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა, სულერთია თავი მე უნდა დამიკრას.

მდივანი

მართალია, ბოლოს მაინც შენ გადაწყვეტ ამ ქალაქის ბედს.

გულთამზე (თავისთვის)

განა მართლა ქალაქის ბედს ეს ათამაშებს?... (რბილად) ყვარყვარე! თქვენ არ შეგიძლიათ გამაცნოთ თქვენი გეგმა, მე, ძველ მეგობარს.

ნაცარქექია (ღელავს და მაგრად უჭერს ხელს)

არ შემიძლიან რომ დაგიმალო... არაფერს არ დაგიმალავ... არა...

გულთამზე (ხელს წაართმევს)

დაიცა, ხელი მომაშორე.

ნაცარქექია

ბღერი კი არ მჭირს.

გულთამზე

არა, რა საჭიროა, ისეც კი უნდა დამიჯეროთ, რომ მე თქვენთან მაკავშირებს ძველის ძველი გრძნობები.

ნაცარქექია

გახსოვს, შენ ცეცხლმოკიდებულო?!!

გულთამზე

როგორ არა, მას აქეთ სულ გეძებდი.

ნაცარქექია

მერე, ვერ მნახე, შე დაკარგულო?!.

გულთამზე

აკი აგერ მოულოდნელად გნახე.

ნაცარქექია

ერთია ზღაპარში შენისთანა ქალი, მეორეა სიზმარში, და ცხადში მარტო შენა ხარ და შენ.

ტიტე  (ნაცარქექიას)

შენ ამ ეშმაკს რომ აჰყვე, ქალაქს მოგასპობინებს.

ნაცარქექია

იქით, თორემ თავს სკვინჩასავით წაგწყვეტ (მდივანი და ტიტე ერთმანეთს ეჩურჩულებიან).

გულთამზე

ახლა, ჩვენი სიყვარული რომ კარგად დაგვირგვინდეს...

ნაცარქექია

ოჰო, ჰო, ჰო... შენს მკლავზედ მატუსელასავით უნდა დავბერდე, იმდენ ხანს უნდა ვიკოტრიალო.

გილთამზე

რა ბედნიერებაა, მხოლოდ ჯერ ჩვენი ფიქრები შევაერთოთ.

ნაცარქექია

ფიქრებს მე სულ კოლოფივით მოგარგებ. ოღონდ ცოცხალი თავი მომე.

გულთამზე

ახლა მითხარი: შენ ჯარი გყავს?

ნაცარქექია

ჩემოდენა ჯარი ჭიანჭველასაც არ ჰყოლია. ფრონტიდან რომ მომყავდა, რამ თოვა და წვიმაო იძახოდნენ...

გულთამზე

ყველაფერი გამიმხილე, მე ქალი ვარ, მართალია, მაგრამ კაცებზედ უფრო მიყვარს დიდ ამბებში ჩარევა.

ნაცარქექია

ეს კი, მარა, იცოდე, კაცებთან რომ დაგინახო გავლილი, ისე ჩაგავლებ მაგ თმაში ხელს და ისე გაგწეწავ, შენი კივილი ცას ესმოდეს.

გულთამზე

არა, მამაკაცებიდან მხოლოდ ორ-სამ ბოლშევიკს ვიცნობ, სხვას არავის.

ნაცარქექია

რაო? რაც მე იმგენმა გუშინ საქმე მიყვეს, ბოლშევიკს რომ დაელაპარაკო ძველ ბალიშივით გაგშლი.

გულთამზე (უკან დაიხევს)

მაშ, აღარ მომეკარო.

მდივანი (ტიტეს)

ეს ქალაქი გადარჩა.

ტიტე

ოო, ჩვენი საუკუნე ჭკუიანია, ახლანდელ გმირს ქალის ალერსი ვერ ატყუებს.

ნაცარქექია (უახლოვდება გულთამზეს)

ფუნთულა!

გულთამზე

აწი შენთვის ეკალი ვარ.

ნაცარქექია

ჩემო, სულის კვარაკუნჩხა.

გულთამზე

ამდენმა ბრმამ თავი როგორ მოიყარა შენს ხელში.

ნაცარქექია

ჩემო, ბოლო გაშლილო გვრიტო!

გულთამზე

რა დაპირებით მოატყუე, ნეტავ ვიცოდე.

ნაცარქექია

ხატივით ნუ შემირისხდი.

გულთამზე

ვნახავ, ის ჯარი შენვე გეძებდეს გასაწეწად.

ნაცარქექია

ასე რამ გაგამწარა. ჩემი საქმე შენთვის ყოფილა მოწყობილი. ის ლაშქარი გუშინს აქეთ ბოლშევიკურ გუნებაზეა.

გულთამზე

როგორ, ხომ არ გაგაძევეს იქედან!

ნაცარქექია

არა, ახლა ბოლშევიკურად რომ გამოვიწყო პირი, და იქ დავბრუნდე, გუშინდლამდე რაც იყვნენ, ორჯერ მეტ პატივს აწი მცემენ.

გულთამზე

მაშ, ლაშქარი არ გყოლია.

ნაცარქექია

საქმე, ჩემო მოპოებულო, ასეა. აქ ისინი ქუჩების ჭორმა გადარია და ბოლშევიკური პროგრამა მომთხოვეს, მაგრამ მე ვერ დავუფქვი და დღეს პანღური მომაყოლეს... ახლა ცოტა ბოლშევიკურ ლაპარაკში მინდა გაწაფვა. შენ ვერ მასწავლი?

გულთამზე

როგორ არა.

ტიტე (მდივანს)

ერიჰა. - გესმის?!.

მდივანი (ნაცარქექიას)

მაშ, აქ ტყუილებით დაჯექ სარდლის ადგილზე?

ნაცარქექია

რაო?

ტიტე

ათი ათასი მყავსო, რომ ამბობდი...

მდივანი

თუ გიპანღურეს ახლა ამხელ?

ნაცარქექია

ასი წყალობა რომ შემპირდით? ჩემ პურ-მარილზე მპატიჟობდით, ვირის თავებო? ორი ერთგული კაცი რომ მომყვა ამირანის გოშებივით, სად დამიღუპეთ?

გულთამზე

როგორ არის დაწყობილი ლაშქარი?

ნაცარქექია

წესიერად.

გულთამზე

ძალა აქვთ?

ნაცარქექია

ამ ქალაქს სულ მიასწორ-მოასწორებენ.

გულთამზე

საით დგანან?

ნაცარქექია

ქალაქის აღმოსავლით.

ტიტე (მდივანს)

რა ვქნათ?!

მდივანი (ტიტეს ჩუმად)

ვაცნობოთ ახალ მთავრობას ესენი გზაზედ დააკავონ, საქმეს ვიშოვი.

გულთამზე (დაადებს მხარზე ხელს ნაცარქექიას)

შენ შეგიძლია იქ მალე მიმიყვანო?

ნაცარქექია

ასე მხარგადახვეული თუ წავალთ, გზას ვერც კი გავიგებთ, ისე მივალთ. (მიდიან).

ფარდა

     
         
  მოქმედება მეოთხე

მაზრის რევკომის შენობა, აივნიდან კიბე ეშვება მოედანზე. პირველი და მეორე გლეხი მოედანზე შეხვდებიან მესამე და მეოთხე გლეხს.

პირველი გლეხი

რევკომი აქ სად არის?

მესამე გლეხი

ჩვენც ის გვინდოდა. აქ არის და შიგ ვერავინ ვერ ვნახეთ.

მეორე გლეხი

ეჰ, გლეხკაცის საშველი არ ყოფილა.

მესამე გლეხი

თქვენ სადაურები ხართ?

პირველი გლეხი

ქარიატიდან ამოვედით.

მეოთხე გლეხი

რა მოგივიდათ?

პირველი გლეხი

ტყეში დარჩენილ ბრბოებს მენშევიკებისაგან იარაღი შერჩათ და ახლა გვაწიოკებენ.

მეორე გლეხი

სწორედ გითხრათ, უსაშველო გვჭირს.

მესამე გლეხი

რა ვიცი, ასე გამიგია, რაზმი წამოვიდა თქვენკენ ყაჩაღების ასალაგმავადო.

პირველი გლეხი

ყვარყვარე თუთაბერმა ჩამოიარა, მარა რად გინდა, ვინც საწყალი ნახა, ზურგზე ბოლი ადინა და ყაჩაღებს კი თავზე ხელი გადაუსვა.

მესამე და მეოთხე გლეხი

როგორ?!!

მეორე გლეხი

ყველა თავის რაზმში მიიღო.

მეოთხე გლეხი

ეს რა საქციელია?!

პირველი გლეხი

თუ ძმა ხარ, არ გამაცხადო, ასე ამბობენ, ყაჩაღების თვითონ შეეშინდაო.

მესამე გლეხი

რა ვიცი, აქ რომ ძალიან ვაჟკაცობს?!

პირველი გლეხი

მაშ, ერთს გეტყვით.

მესამე და მეოთხე გლეხი

ჰო, თქვი, ნუ გეშინია.

პირველი გლეხი

იმ ყვარყვარეზე საჩივლელად მოვედით სოფლელები.

მესამე გლეხი

კარგი საქმეა, მაგრამ თავმჯდომარე ავად არის, ვისთან უჩივლებ?! (ხმაურობაა. შემოდიან მეხუთე და მეექვსე გლეხი)

მეოთხე გლეხი

მაქეთ რა ჩოჩქოლია?

მეხუთე გლეხი

ყვარყვარე მოდის, ხალხი დაუჭერია.

მესამე გლეხი

ეჰ, შეარცხვინა ღმერთმა. მაზრა ააწიოკაო, ამბობენ.

მეოთხე გლეხი

მაგის წამალი რევკომიდან გამოვა.

მეორე გლეხი

ეს როდის იქნება?!

მეექვსე გლეხი

სულ ერთია, ყვარყვარეს ვერავინ დააჭრის ყურებზე ხახვს.

მეორე გლეხი

რატომ?!

მეექვსე გლეხი

ხელმწიფე მაგას გადაუგდიაო.

მეხუთე გლეხი

კი, ასე ამბობენ, დიდი ბადეები გაუგლეჯიაო.

მეორე გლეხი

აბა, გავეცალოთ ამ მოედნიდან (გლეხები აჩქარებით გადიან. შემოდის ყვარყვარე, თავით ფეხებამდე შეიარაღებული).

ყვარყვარე (ეძახის)

დაურთეთ თოფის კონდახები, ისე მოსცხეთ, რომ დაწყნარდნენ. (ისმის ჩოჩქოლი.) ეს რა ღრიანცელია, კიდევ ატყდნენ! შენ, ჰეი, მაგას თავი გაუხეთქე და მაშინ შეუშვებს შიგ ახალ-ახალ ცხოვრების აზრს. ოო, შედენეთ იმ სარდაფში, კარი გამოუხურეთ. მორჩა (თავისუფლად ამოისუნთქავს). რა გლახაა ხალხის სიბნელე, რამდენიც არ უნდა უჩაჩქუნო თავში, ვერაფერს ვერ შეაგნებინებ. (შემოდის პირველი რაზმელი)

პირველი რაზმელი

ერთი ბებერი კაცია შეპყრობილი, მეწისქვილე ყოფილა. ასე იძახის, ყვარყვარე თუთაბერის ძველი მასპინძელი ვარ და ნუ მომკლავს, ღმერთი იწამოსო.

ყვარყვარე

იმ მეწისქვილეს უთხარი: აქ მალე მოგაკითხავს ქალიშვილი და შენს საქმეზე ჩემთან მოგოგმანდება-თქვა.

(პირველი რაზმელი მიდის. შემოდის ორი რაზმელი. ზურგზე ბარგი აქვთ მოკიდებული.)

მებარგე

ეს რევკომში შევიტანოთ?

ყვარყვარე

ეს ხომ ჩემი ამორჩეულია, სადაა სხვა საქონელი?!

მებარგე

იქაა მთელი ურემი.

ყვარყვარე

ჰოდა, ის შეიტანეთ რევკომში, ეს მე მაჩუქეს, მუშათა კლასს რომ ვემსახურები, იმისათვის... (ანჩხლად) და ჩემი საქონელი მიგაქვთ რევკომში, თქვე თვალდაფსებულებო?

მებარგეები

აბა, სად წავიღოთ?!

ყვარყვარე

თავ-აბრაგებს მიაბარეთ. მხოლოდ წვრილმა აბრაგებმა არ დაინახონ. (მებარგე აპირებს წასვლას.) დაიცადე, წადი ის ქურქი მოიტანე, თავადიშვილმა რომ მაჩუქა.

მებარგე

იმ ქურქს თავ-აბრაგები ერთმანეთში იყოფენ.

ყვარყვარე

რაო, ჩემს ქონებას იყოფენ ის პირძაღლები?! წადით, უთხარით, თავი თხლეზე არ დამაჭერინონ, თორემ ერთმანეთს ვერ გაასწრებენ, ჩქარა ორივე აქ მომგვარეთ.

მებარგეები

კი მარა, ეს სად წავიღოთ?!

ყვარყვარე

კარგი, მე თვითონ გაჩვენებთ მაგის ადგილს.

(ყველანი მიდიან. შემოდის გულთამზე და რევკომის თავმჯდომარე.)

გულთამზე

მამის დაპატიმრება მაცნობეს და გამოვეშურე. მაშინვე კი ვიგრძენი, რომ სრული გაუგებრობის მსხვერპლია ის საწყალი... რა უნდა შემთხვეოდა მოხუცს და, მართლაც, ვხედავ, მთელი მაზრა არეულია.

თავმჯდომარე

ცენტრში დამიძახეს, ამხანაგო გულთამზე, და გზაზე, აქეთობისას, ავად გავხდი, არაფერი არ ვიცი.

გულთამზე

ერთი ამხანაგი მოდის ამ ამბების გამოსარკვევად, ძველი მეგობარია, ფრონტზე ერთად ვეწეოდით ფარულ მუშაობას.

თავმჯდომარე

ეჰ, ყველაფერი ჩემი მოადგილის ბრალია. რაზმში ყაჩაღები მიუღია და ჩანს, თვითონაც მათი გავლენის ქვეშ მოექცა.

გულთამზე

ეტყობა, ეს თქვენი მოადგილე მათრახს უსამართლოდ ატრიალებს, ბევრ პარტიულ ამხანაგსა აქვს ზურგი აჭრელებული.

თავმჯდომარე

ვნახოთ, ვნახოთ, ყველაფერი გამოირკვევა. (შედიან რევკომში. შემოდის ყვარყვარე.)

ყვარყვარე

ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება... თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.

(შემოდის პირველი რაზმელი)

პირველი რაზმელი

იმდენი ხალხი ერთ სარდაფში არ ეტევა!..

ყვარყვარე

კარი ხომ მიუხურე!..

პირველი რაზმელი

როგორ არა!

ყვარყვარე

მაშ, თუ კარი მიუხურე, დაეტევა აწი, აპა რას იზამს?!

პირველი რაზმელი

სასუნთქავ ფანჯარას მაინც გავუღებ, თიორემ სულს ვერ ითქვამენ.

ყვარყვარე

მერე, იქედან რომ გადმოცოცდნენ? არა, მიხურე.

პირველი რაზმელი

ვინც სუსტი გულისაა, იმ სარდაფში მოკვდება!

ყვარყვარე

სუსტი გულის პატრონი პროლეტარიატს რად უნდა?! მეტ ტვირთად დააწვება, ახლა ეს მითხარი, გინდა პროლეტარიატი რომ შეწუხდეს?

პირველი რაზმელი

არ მინდა.

ყვარყვარე

აბა, დადექი შენს ადგილზე.

პირველი რაზმელი

კარგი, დავდგები (მიდის. მებარგეს შემოჰყავს პირველი და მეორე აბრაგი).

მებარგე

აი, ბატონო, ის აბრაგები მოვიყვანე!

ყვარყვარე (აბრაგებს)

აქეთ დადექით, ჩვენება უნდა ჩამოგართვათ.

აბრაგები

ბრძანეთ (მებარგე მიდის).

ყვარყვარე

ამ სოფელ-ქალაქს რომ მიდგომიხართ და ბუდეში კვერცხს არ უშვებთ, რას მიპასუხებთ?!

პირველი აბრაგი

შენი წყალობაა, რასაც ვჭამთ.

მეორე აბრაგი

მართალია, ცხრა ჭკუის ხალხი ტყიდან დაგვაბრუნე... ზოგი საწყალი მენშევიკი გლახა მწყერივით ჩამორჩა გაქცეულ მთავრობას და ჩვენთან ამოიძუა კუდი. ყველას კარი გაგვიღე, რაც აბრაგები გვნახე.

ყვარყვარე

ჰოდა, ახლა კოჭებს მისინჯავთ, მაგრამ მე თქვენი სულ არ მეშინია, არ მეშინია...

პირველი აბრაგი

რას გისინჯავთ? შენ რომ შენი თავგადასავალი გვითხარ, იმაზე ყველამ დაუმატა, რაც იცოდა, და ერთ დღეს თავიდან ბოლომდე რომ მოვყევით შენი საქმენი, ვიღაცამ თქვა, სხვას რომ მაგის ნახევარი ექნა, ძეგლს დაუდგამდნენო.

ყვარყვარე

ძეგლს მიდგამენ?!

აბრაგები

კი, ასე თქვა ვიღაცამ.

ყვარყვარე

მაშ, თუ ღირსი არა ვარ, ძეგლს რატომ მიდგამენ?

პირველი აბრაგი

ახლა იმის სათქმელადაც მოვედით, თურმე, წითელი ჯარი მოდის და იმისთანა დიდი ბოლშევიკები მოუძღვებიან... ქვეყანა რომ შეუძრავთ, და მეჭორეები ჩმახავენ, ყვარყვარე თუთაბერს გაკოჭავენო.

ყვარყვარე

მერე?

პირველი აბრაგი

ჩვენ შენი იმედი გვაქვს.

მეორე აბრაგი

მთელი ჩვენი ბიჭები საფარ-კედლად შენ გიყურებენ.

ყვარყვარე

მაშ, წადით და რაზმელებს უთხარით, მოედანზე ხალხს ათქმევინონ, რომ (უთითებს) იმ დიდი ლოდისაგან ჩემთვის ძეგლის გამოთლა უნდათ!

აბრაგები

რატომ?!

ყვარყვარე

როცა გაიგონებენ, თვალში ნაცარს ვერ მომაყრიან. ასეა... ხომ გესმით?!

აბრაგები

კი, გვესმის.

ყვარყვარე

მაშ, წადით!

პირველი აბრაგი

ბოლშევიკებისაგან ხომ დაგვიფარავ?!

ყვარყვარე

წყნარად იყავით, რწყილებივით!

აბრაგები

ვიქნებით.

ყვარყვარე

ქვეყანას არ ათქმევინოთ, ყვარყვარე თუთაბერს ვირები ვერ მოუთურგვნიაო

(აბრაგები მიდიან).

ყვარყვარე (აპირებდა რევკომში შესვლას. მობრუნდება)

ეს ვინ არის?! ქალი კი არა, მზის უნახავია. (შემოდის ქალი) შენ ვინ ხარ?

ქალი

რევკომში მაქვს საქმე.

ყვარყვარე

ჰოდა, თუ რევკომში მიხვალ, აგერ ვარ.

ქალი

მე გთხოვთ გაათავისუფლოთ ერთი უსამართლოდ შეპყრობილი ადამიანი.

ყვარყვარე

შეიძლება.

ქალი

ოჰ, როგორ მადლობელი ვარ, სულ უდანაშაულოა.

ყვარყვარე

ვინ არის, ბრძანეთ და ამ წუთში გავათავისუფლებ. ის კი არა, სული რომ მთხოვო, ამ ყელიდან ამოვიღებ და მოგცემ. (უახლოვდება ქალს.)

ქალი (უკან დაიხევს)

ის ჩემი ქმარია.

ყვარყვარე

ქმარიო?! ეს სხვა საქმეა. მე ახლა კანონს ფეხს ვერ გადავადგამ იმისთანა კონტრრევოლუციონერის გულისთვის.

ქალი

რას ბრძანებთ, სულ მთლად მართალია.

ყვარყვარე (უახლოვდება)

ის ვითომ არ გყოლიათ, ისე უნდა დაივიწყოთ.

ქალი

ვინ დავივიწყო, შე მხეცო, ა, ეს რა პასუხია, ჩემი ქმარი დავივიწყო, შე არამზადავ?!

ყვარყვარე

შენ ვის უბედავ ასეთ სიტყვას, თუ შენ გგონია, ისე მომწონხარ, რომ ჩემს თავს და მთავრობას გაგალანძღვინებ?! მე რომ ქალი მიყვარს და ვუყვარვარ, იმის გვერდით რომ გაჩერდე, ჯოჯოხეთის მაშხალად გამოჩნდები!

ქალი

ა, მე ვხედავ, რომ თქვენ დასცინით ჩემს თხოვნას... მაგრამ, როგორც გავიგე, მარტო არა ვარ ამ ყოფაში, დღესვე მოვადგებით ყველანი რევკომს და ხმამაღლა მოვითხოვთ სამართალს. ვნახოთ (მიდის).

ყვარყვარე (დუმილის შემდეგ)

ქალს როდესაც ვექორქოშები, ჭკუა მებნევა, თორემ იმ ქალმა, ახლა, იმისთანა სიტყვები მკადრა, უსათუოდ უნდა დამეტუსაღებინა (გაივლის). ეჰ, ეს მაზრა ხომ კარგად მივასწორ-მოვასწორე. აწი შევალ ჩემს რევკომში და, იცოცხლე, ყვარყვარე თუთაბერო, ერთი ათად გამოაჩინო შენი ნამოქმედარი.

(შედის რევკომში. შემოდის კაკუტა, ქუჩარა და ლირსა)

ქუჩარა

ე, კაკუტა, ხედავ, კაცო, სად მიდის ჩვენი ყვარყვარე?

კაკუტა

მისაკარებელი პირი რო არა გვაქვს?!

ქუჩარა

რა ვიცოდი, მაგის ბარი თუ ამდენს იმუშავებდა.

კაკუტა

ო, რას იზამ, კაცნი ვართ. ვუთხრათ, ჩვენი ნაბატონარის ნამოსახლარი რომ მოგვცეს.

ლირსა

ჰო, უთხარით, კაცებო, გაჭირვებულებისათვის ახლა თენდებაო და ჩვენზე გაჭირვებული ვინ არის, რაღაცა თითო ხელისდადება ადგილი გაქვთ, იმაში თესლის ჩაგდებაც არა ღირს. (კაკუტას) თუ მეტი მოხერხება არ გქონდა, შე საწყალი, რას იკიდებდი, ჩემს ცოდვას?!

კაკუტა

ასეა, ჩემო ლირსა.

ლირსა

უბედურებად მე ჩემი სიობლე მეყოფოდა.

კაკუტა

ო, რას იზამ.

ლირსა

როგორ რას იზამ, მგელივით კაცი ხარ. თუ ხელს გამოიღებ, შენისთანა ჩვენს სოფელში ორი არაა.

კაკუტა

ქალი შენა ხარ და ყველაფერი კი იცი...

ქუჩარა (ხარბად უყურებს მათ)

რა ვქნა, ჩემთვის არ მოინახა ასეთი უპატრონო და ობოლი... ქალის ჭირისუფალმა, თუ შეგატყო, რომ მჭადი გიჭირს, მაჭანკალს კეტით გამოგიგდებს... არადა, მეც მინდა ერთი გულის გამთბობი.

კაკუტა

რას იზამ, კაცნი ვართ...

ქუჩარა (იხედება რევკომისკენ)

თუ კარგი თვალით გადმოგვხედა ყვარყვარემ, ჩემი კერიაც დაინთება.

ლირსა

რატომ არა, მიდით და თხოვეთ, კაცებო, ხომ იყო თქვენი ამხანაგი!

ქუჩარა

არა, იმას ჩვენზე დიდად თავი სულ კი მოჰქონდა. კი, კი მოჰქონდა.

ლირსა (კაკუტას)

აბა, რას გამომიჭედე, ჩემო კაცო, ყური, ამხანაგი იყოო.

კაკუტა

არა, ღონით მე ყოველთვის ვაჯობებდი, მარა, რას იზამ!

ქუჩარა

ხერხი რომ არ ჰქონოდა, ვაჯობებდით, მარა, რაც ზევითაა, ორი იმდენი მიწაშია და მიწაში ეძიე შენ, რას მონახავ.

კაკუტა

კი, ძირს გამოგითხრის.

ქუჩარა

მე ახლა აქ სულ შენი იმედითა ვარ, ცოლიან კაცს რომ გნახავს, პატივს დაგდებს.

კაკუტა

კი, პირდაპირ ჩვენს იღბალზე დაწვა და დაანაცარტუტა ი ჩვენი ნაბატონარის მიტოვებული ოდა-სახლი.

ქუჩარა

იქ ერთი კუთხე რომ მოგვიგდოს, მეტი რად გვინდა.

კაკუტა

მართალია, უნდა მოგვიგდოს, ჩვენც კაცნი ვართ.

ქუჩარა

ჰოდა, რასაც მოგვცემს, იცოდე, ორივეს უნდა გვერგოს.

კაკუტა

კი, გერგება. (ყვარყვარე გამოდის რევკომიდან და ნელა-ნელა ეშვება კიბეზე)

ყვარყვარე

გულთამზე მოსულა და ხოხობივით ზის თავმჯომარის ოთახში. მეც ეშმაკი ვარ, იქ აღარ შევეფეთე. ასეა, მე რომ მკითხონ, სიყვარული მახეებში ძრომაა, თუ გააბი ქალი, ბულბულს შეარცხვენს, ისე ტკბილ გალობას დაგიბერავს, მაგრამ, თუ გაება, ქარცეცხლს შემოგიკიდებს. (თვალს მოჰკრავს კაკუტას და ქუჩარას) ესენი ახლა სად გამოჩდნენ ძველი მთვარესავით.

კაკუტა და ქუჩარა

ბატონი ყვარყვარე.

ყვარყვარე

ვინა ხართ? როდის გაჩნდით ქვეყანაზე (ზურგს შეაქცევს).

კაკუტა და ქუჩარა

ბატონო, ბატონო ყვარყვარე!

ყვარყვარე

ვინ მიბედავს ბატონის დაძახებას. რევოლუციურ ბრძოლაში კაცი ჩამტოვეთ, უნამუსოდ გაიპარეთ და ახლა აქ მობედეთ მოსვლა?

ქუჩარა

შევცდით, რომ გავიპარეთ, მაგრამ ახლა ძალიან გაგვიჭირდა და ისევ შენ დაგიკარით თავი.

ყვარყვარე

გაგიჭირდათ?!

ქუჩარა

აა, ეს საცოდავი კაკუტა უღელში გაება. ქალი ითხოვა და ჩვენი ნაბატონარის ნამოსახლარი გვინდა რომ გთხოვოთ. ხომ იცი, რა ძნელია, როცა კაცს უღელი აქვს კისერზე და მჭადი საძებარია.

ყვარყვარე

ამ გლახას ვინ მისცა ქალი?!

ქუჩარა (ჩუმად)

სეფისკვერივითაა ეს უპატრონო.

ყვარყვარე

მანახეთ, ეგება მეც მომეწონოს (წინ გამოსწევს ლირსას). ესაა? ტფუ... მგელს დააფეთებს!

კაკუტა

უპატრონო და ობოლი რომ იყო, იმიტომ მომცეს.

ყვარყვარე

ამის შეყვანას იმ ფაცხაში, ქვა რომ შეგეგდო, ის გერჩია.

ქუჩარა

რატომ, რაც უნდა იყოს, თბილია.

ლირსა

თქვენ იქით, გზა არა გვაქვს, ბატონო, იმ ეზო-გარემოში ოც წელიწადს ვემსახურებოდი ბატონს და ახლა კი გვეკუთვნის ერთი კუთხე.

ყვარყვარე

გაჩუმდი, შენი ხმა არ გავიგონო! (შემოდის პირველი რაზმელი)

პირველი რაზმელი

რაზმელებმა შემოგითვალეს, ამხანაგო, ძეგლს ჩვენი ხელით დაგიდგამთ, ოღონდ გვიშველეო.

ყვარყვარე

რა მეხი მოელანდათ?

პირველი რაზმელი

გზატკეცილზე წითელი ჯარი გამოჩნდა. პასუხისმგებელი ამხანაგები მოუძღვებიან და კალთა დაგვაფარეო.

ყვარყვარე

კალთა თუ არ ავიკაპიწე, ამდენი ოხერი ერთ ღელეში ჩამიტანს. წადი, უთხარი იმ რაზმელებს, ჩემი სახელი არ ახსენოთ, თორემ, რაც დღემდე დაგაკელით, აწი გაგშოლტავთთქვა! (რაზმელი მიდის)

ქუჩარა

ვისზე წყრები, ბატონო ყვარყვარე, რა გაქვს ახლა შენ ასაკრიჭინებელი?

ყვარყვარე

რომელ ურემს აწევს ჩემოდენა ტვირთი?

კაკუტა და ქუჩარა

რაო?

ყვარყვარე

ბოლშევიკებს ნაცარი კი არ მოაქვთ საქექავად?! საქმე იქნება.

ქუჩარა

ბოლშევიკებს, თურმე, ერთი კალაპოტი მოუტანიათ, ვინც პატარაა, იმაზე გაადიდებენ და ვინც დიდია, იმაზე დაამოკლებენ. რაც უნდა იხტუნო, თურმე, იმ კალაპოტს ვერ გაექცევი.

ყვარყვარე

მაშ, მეც თქვენთან გამასწორებენ?

ქუჩარა (კაკუტას)

ა, მგონია, ვერ ვთქვი კარგად.

ყვარყვარე

თქვენც იმ დიდ ქვაში გამოგიღებენ ჩემსავით, არა?

კაკუტა

შენ იმ ქვაში როგორ გამოგიღებენ?

ყვარყვარე

ცოცხალ ძეგლად დამდგამენ.

კაკუტა

ო, დაგდგამენ, მერე?

ყვარყვარე

მერე სოფელში თქვენი ძვალი არ იქნება, ეს კი ასე იდგმება.

ქუჩარა

სულ იქნებაო, გესმის ლირსა?!

ლირსა

კი...

ყვარყვარე

ვინ მოთვლის, იმ დრო-მდინარეში რამდენი ამის მნახველი გულზე ხელს დაირტყამს და იტყვის, სიკვდილო, შე ოხერო, ყვარყვარე თუთაბერის ფასი ქვეყანაზე რა დატოვეო. ანდა რამდენი ლამაზი ქალი მიასობს თვალს და იკითხავს, ეს რა მიწამ შეჭამაო, ეს საწყალიო, მალამოსავით დაილიაო... ისე ამოიჯენს ქალი გულს, რომ ფუნთულასავით მომეკვრება. მარა ქვას გაათბობს?!

ქუჩარა

ქვას კი გაათბობს, მკვდარს ვერ გააცოცხლებს, იმ მუდრეგს, თორემ, ქალის კოცნა კეცს გაახურებს.

ყვარყვარე

მერე მე რას გამომადგება. ეჰ, სულ ტყუილა-ბზუილა არის ეს ცხოვრება, ბოლო ყველასათვის დაკარგულია.

ქუჩარა

სულ ერთია, ჩემო ყვარყვარე, სანამ ხარ, რა დედამ გშობაო, ხომ ათქმევინებ ამ ქვეყანას.

ყვარყვარე

დედამ მშობა, აბა ციცრის კვერცხიდან კი არ გამოვჩეკილვარ, თქვე უპატრონოებო.

ქუჩარა

კი, კი... სოფელში ამბობენ, შენ დაბადებაზე ისე დაუტენია თოფი წყვიწყვის, რომ ლულა გახეთქია უბედურს. (ისმის ხმაური.)

ყვარყვარე

ეჰე, თავი ბოლშევიკები მოდიან და რას მიმოწმებთ, მეზობლებო, იმათთან.

ქუჩარა (კაკუტას)

ვაქოთ, ბიჭო!

კაკუტა

კი, ცაში ავიყვანოთ.

ყვარყვარე

ხომ გახსოვთ, რაც მე წვალება მინახავს თქვენი გულისთვის.

ქუჩარა

ის გავაცხადოთ?

ყვარყვარე

კი, სიმართლე თქვით.

ქუჩარა

კარგი, ასე იტყვით, რომ თავიდან ნაცარქექია იყავი და შიმშილით გკლავდნენ.

კაკუტა

კი, ყველამ ვიცით.

ქუჩარა

თბილ სახლიდან გზა-შარაზე გაგაგდეს. ბოლოს იჯარა აიღე, - შენც გაჯახირდი და მუშებსაც ტყავი გააძრე.

კაკუტა

ხიდი მაინც ვერ გააკეთე.

ქუჩარა

ვიტყვით, რომ კერიიდან აგაგდეს, შე საწყალო, და მართალი კაცი კინაღამ ჩამოგახრჩეს.

ყვარყვარე

მართალი კაციო!

კაკუტა

კი, სულ ტყუილა დაგიჭირეს. ახალთაობის საქმეში არ ერიე.

ქუჩარა

მერე, გაქცეული ჯარის უფროსობა გინდოდა, მარა ჩვენისთანა ვირებმა გიღალატეთ.

ყვარყვარე

ეს რა გამოდის?!

კაკუტა

მას შუა და იმას შუა რო იყო, იმასაც ვიტყვით.

ყვარყვარე

რას იტყვი?!

კაკუტა

სასახლეში რო წაგვიყვანე და ყმად რო უდგებოდი და მერე ის მთავრობა რო თხლესავით წავიდა.

ყვარყვარე

ჰოდა, ახლა კარგ ტაბლაკვერებს მიიღებთ ჩემგან, წამოდით, უნდა დაგატუსაღოთ.

ყველანი

რატომ, რატომ გვატუსაღებ?

ყვარყვარე

რადგან თქვენ ვერ მიცანით, თვითონ უნდა გაგაცნოთ ჩემი თავი და... როგორც გაუსწორებელ დამნაშავეებს, გაპატიმრებთ. (ეძახის) ეი, ვინა ხართ! (შემოდიან რაზმელები) წაიყვანეთ ესენი და სამივე იმ სარდაფში ჩასტენეთ!

პირველი რაზმელი

არ დაეტევა, ამხანაგო, არ დაეტევა და რა ვქნათ?

ყვარყვარე

წაიყვანეთ!

ლირსა

ეს რა მეხის ტეხაა?

პირველი რაზმელი

ის ხალხი იქ ისეა გამწარებული, როგორც კი გავაღებ კარს, გარეთ გამოცვივდებიან, იხრჩობიან.

ყვარყვარე

გინდა შენ, პროლეტარიატის ძალაუფლებას ძირი რომ გამოუთხარო?!

პირველი რაზმელი

არ მინდა.

ყვარყვარე

აბა, წაიყვანე!

ლირსა

ბატონო, რას გვიშვებით, კაცებო, მიპატრონეთ, თქვე შეჩვენებულებო!

ქუჩარა (მუდარით)

ყვარყვარე, ყვარყვარე, რა მიშობი?!

ყვარყვარე

გაყევი!

ლირსა

ბატონო, შენი მუხლის ჭირიმე!

ყვარყვარე (აპირებს წიხლი უთავაზოს ლირსას, რომელიც კაკუტას ეფარება) აი, ჩემი მუხლი!

ლირსა

რა ცეცხლში ჩამაგდეთ, კაცებო, თქვე შეჩვენებულებო, სად მომიყვანეთ? ამისთვის მეუბნებოდით, ამხანაგიაო?!

კაკუტა

ქუჩარა, ბიჭო, შენ ამბობდი, ცოლიან კაცს პატივს გცემსო, სადაა?

ყვარყვარე

ჩქარა წამოდით, ფეხს ნუ ითრევთ!

რაზმელები (თოფს მოიმარჯვებენ)

წამოდით! (ყველა მიდის. შემოდის სევასტი ორი წითელარმიელით. ადის კიბეზე. რევკომიდან გამოდიან გულთამზე, რევკომის თავმჯდომარე, წევრები და შეეგებებიან სევასტის)

გულთამზე

სევასტი, შენ მოუთმენლად გელოდით.

სევასტი

კიდევ კარგად ყოფილხართ. ისე არეულია ეს მაზრა, არ მეგონა, თუ აქ ცოცხალი დამხვდებოდით.

თავმჯდომარე

დიახ, ჩემმა ავადმყოფობამ ეს ახლად გასაბჭოებული მაზრა ისევ ძველი აბრაგების ხელში ჩააგდო.

სევასტი

ეს რა ხმაურობაა?!

გულთამზე

გესმით, რაღაც დაამტვრიეს.

სევასტი (შემორბიან ტუსაღები)

ესენი საიდან მორბიან?

პირველი ტუსაღი

გვიშველეთ, ამხანაგებო, ციხეში ჩაგვყარეს, დაგვიხსენით!

სევასტი

ეს რა ხალხია!

მეორე ტუსაღი

განუკითხავად დაგვიჭირეს, კარი რომ არ გამოგვემტვრია, ვიხრჩობოდით.

სევასტი

ციხეში ვინ ჩაგყარათ?!

ტუსაღები

ყვარყვარე თუთაბერმა!

გულთამზე

ყვარყვარემ?

სევასტი

ეს სახელი ნაცნობია, გულთამზე, შენ არ გაგონდება?

გულთამზე

უი, ის ნაცარქექია ხომ არ არის?!

სევასტი

დამშვიდდით, გლეხებო! სად არის დამნაშავე?

პირველი ტუსაღი

როდესაც ჩვენ გამოვცვივდით, გაიქცა.

მეორე ტუსაღი (იხედება)

აი, გაუკოჭიათ.

ხმები

მოჰყავთ, მოჰყავთ!..

ყველანი

ჩქარა, რევკომში მოიყვანეთ! (სევასტი, გულთამზე, თავმჯდომარე და წევრები შედიან რევკომში. წითელარმიელებს შემოჰყავთ ყვარყვარე. უკან მოჰყვება პირველი რაზმელი)

პირველი რაზმელი

არ დაეტევა-თქვა, ხომ ვიძახდი! (წითელარმიელებს ყვარყვარე შეჰყავთ რევკომში)

ხალხი

გაასამართლეთ! (შემოდიან კაკუტა, ქუჩარა და ლირსა)

ქუჩარა

დაინახეთ, რევკომში რომ შეათრიეს ის გარეწარი?

ლირსა

კი, კი... კარგად მიაჩანჩალეს.

კაკუტა

რას იზამენ ახლა, მოკლავენ?

ქუჩარა

მოკლავენ, აბა, ქალს კი არ უთხოვენ!!

ლირსა

ახია, კაცებო, რასაც უზამენ. ვერ ხედავდით რა დაგვიტრიალა?

ქუჩარა

დრო კია, მამამისი წყვიწყვი შავს იკერავდეს.

კაკუტა

კი, კი, ზარალი გამოუვიდა.

პირველი ტუსაღი (კაკუტას და ქუჩარას)

თქვენ იცნობთ მაგ უმოწყალოს?

ქუჩარა

ვიცნობთ კი არა, მაგის შიშით ძლივს დავდივართ ქვეყანაზე.

მეორე ტუსაღი

როგორ, კიდევ გაწვალათ ამის გარდა?

კაკუტა

ერთხელ გამოვეპარეთ, თორემ, ახლა ცოლი კი არ მეყოლებოდა - მკვდარიც ვიქნებოდი.

ქუჩარა

კაცო, კაკუტა! მაშინ რომ გადაურჩით, ხომ დავიფიცეთ, სათოფეზე არ მივეკაროთთქო, ახლა როგორ გადავცდით?!

კაკუტა

ჰოდა, ეს მოგვივიდა.

ხალხი

ეჰ, დასაღუპავია მაგისთანა კაცი!

ქუჩარა

აბა, ეგ თუ გაუშვეს, სულ ერთია, მთელ ქვეყანას დააქცევს (ყველა გამოდის რევკომიდან).

თავმჯდომარე

ამხანაგებო, ყვარყვარე თუთაბერის უმსგავსო საქმეები სულ თავიდან ბოლომდე გამოვარკვიეთ.

ქუჩარა

ალალია, ხომ ჩავარდი ტაფაში!

ყვარყვარე

რომ ვერ მივხვდი, რას მემართლებით? მე რევოლუციაზე ლოგინი დამიგია და ახლა დასჯა მერგება?

სევასტი

ამხანაგებო, ყვარყვარე თუთაბერი ნაცარქექიაა.

ხმები

კი, კი, ნაცარქექიაა.

სევასტი

ის მეფის დროს ჩემ მაგიერ დაიჭირეს და ამ შემთხვევის წყალობით თავი გაუსაღებია ძველ რევოლუციონერად... ჩვენი გამოძიებით კი ყვარყვარე თუთაბერი ნამდვილი ჭკუანაკლებია, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და ამიტომ ვათავისუფლებთ.

ხმები

შემცდარია რევკომი, რევკომი შემცდარია!

სევასტი

მხოლოდ იმ ხელისუფლებაში, რომელიც იქ, ჩვენამდე, ნაჩქარევად შედგა იმ არეულობაში, შეეძლო ყვარყვარე თუთაბერს გმირის ადგილი დაეჭირა და ხალხისათვის ვნება მიეყენებინა, ჩვენ კი ახლა მას ნიღაბი მოვხსენით და, დეე, თავისი ნამდვილი სახით, ნაცარქექიას სახელით, იაროს ქვეყანაზე.

პირველი ტუსაღი

მაშ, თუ ჭკუანაკლების ხელში ვიყავით, კიდევ კარგად გადავრჩენილვართ.

მეორე ტუსაღი

კარგია მაინც, რომ გავიგეთ!

მესამე ტუსაღი

რადგან აწი ზიანს ვეღარავის მიაყენებს, იაროს და იჩერჩეტოს, რა გვენაღვლება.

ყვარყვარე

ოო, რა სიცოცხლეს ვკარგავდი?!

სევასტი (ყვარყვარეს უახლოვდება)

ნაცარქექია, ეს თავი კი შეგრჩა, მაგრამ გულთამზესთან ხომ შეგარცხვინეს?!

გულთამზე

აწი მაინც ვერ შემხედავ, ძვალმოტეხილო, ხომ სულელად გამოგაცხადეს?!

ყვარყვარე

ყველა უბედურებას შენით გადავეკიდე, გულთამზე! მარა, თუ ცოცხალი გადავრჩი, მაინც არა უშავს, (თავისთვის) გული არ გაიტეხო ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცდები (ხალხი სტვენით, ყვირილით და დაცინვით აცილებს მიმავალ ყვარყვარეს).