აკაკი ბაქრაძე:  არაფრობის უარყოფა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 

ლუარსაბ თათქარიძის სახით ილია რომ საერთოქართულ მოვლენას გულისხმობდა, ეს თავად აღნიშნა მრავალგზის „კაცია-ადამიანში?!“.

„ჩვენ პირთან საქმე არ გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“, იმთავითვე აცხადებს მწერალი მკაფიოდ და ნათლად. მერე გზადაგზა, ყველა აუცილებელ შემთხვევაში, ახსენებს მკითხველს მოვლენის საერთოქართულ ხასიათს.
დავაკვირდეთ.

ილია ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარს აღწერს და დასძენს: „იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა, ეტყობა, რომ ქარათველია!..“

სიღარიბეს და გაჭირვებას არ დაუქცევია თათქარიძის კარ-მიდამო, ლუარსაბი კარგა მდიდარი კაცია. „მაშინ, რაღად სდგას ეგრე ცუდად? – მკითხავს გაკვირვებული მკითხველი, იმიტომ, რომ ქართველია, – მოგიგებთ სრულიად დარწმუნებული, რომ კაი საბუთი გითხარით“.
სახლ-კარი კი დაქცეოდა ლუარსაბს, მაგრამ სამაგიეროდ „ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას ბალნით არჩევს“.

მოტყუებული ლუარსაბი ბედს უდრტვინველად ემორჩილება. მაგრამ არც ეს მორჩილებაა პირადი თვისება. ესეც საერთოქართული ყოფილა. „კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე“.

დარეჯანმა არ იცის, ვინ არის ბიბლიური იაკობი, მაგრამ არცოდნის აღიარებას თაკილობს. „ისევ რაღაც მოჭორება ირჩივა „არ ვიცის“ თქმასა, როგორც ამგვარ შემთხვევაში ყველა ქართველმა იცის ხოლმე“.

ილია არ კმაყოფილდება ამ მითითებებით და მოთხრობის დასასრულს მკითხველს ასე მიმართავს: „ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირში – როგორც მოყვარე – გეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან, გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ – ეგ კაი ნიშანია: სჩანს სწუხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქმნას, რომ ეგრე იყოს“.

ამრიგად, ცხადია, რომ თათქარიძეობა საერთო ქართული მოვლენა ყოფილა. ასევე გაიგო „კაცია-ადამიანი?!“ მე-19 საუკუნის ქართულმა ლიტერატურულმა კრიტიკამ. კიტა აბაშიძე წერდა: „ილია ჭავჭავაძე თათქარიძეთა სახით მთელი ჩვენი ერის ცუდ-თვისებათ და ნაკლოვანებას გვიხატავს“.

მაინც რა არის ეს ცუდი თვისება და ნაკლი? რა კონკრეტული კომპონენტებისაგან შედგება თათქარიძეობა?

თვისება პირველი: სიზარმაცე.

ლუარსაბზე ამბობდნენ, სტუმარი ეჯავრებოდაო. მაგრამ ეს თურმე სიძუნწით არ მოსდიოდა. ილია ირონიულად შენიშნავს, სიძუნწე და ქართველი ერი ისე ვერ მოთავსდება ერთად, როგორც ცეცხლი და ყინულიო. მაშინ რატომღა ესიკვდილებოდა ლუარსაბს სტუმრის მოსვლა? „სტუმარი იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი. ეს ისე არ ეზარებოდა ლუარსაბს: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი“.
სიზარმაცე არ არის ერთფეროვანი მოვლენა. იგი მრავალსახიანია. სიზარმაცის ნაირსახეობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობაა. ამაში ლუარსაბის თანამეცხედრეს დარეჯანს ტოლი არ ჰყავს. ეს ქალი ხშირად ტყუილუბრალოდ გამოვარდებოდა, მოსამსახურეებს დააწიოკებდა. აქაოდა საქმეს ვაკეთებ, დღე და ღამე ჯარასავით ვტრიალებ, უქმად კაციშვილი ვერ მნახავსო.

„საკვირველიც იყო და სასაცილოც იმ ჩვენის კნეინის ტყუილუბრალოდ ფაცი-ფუცი. ეს ამოდენა დედაკაცი ჩაგოდრებული, ჩასორსრებული, ხშირად დილიდან შუადღემდინ ფეხზედ იდგა და გორგალსავით დაგორავდა. უსაქმო არ იყო, როგორც სჩანს: იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა საკრავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ პატარა მურიან ბიჭსა, რომელიც მთქნარებით და ზარმაცად სწმენდდა საღამოსათვის ჯერ კიდევ წუხანდელ გაქონილს შანდალსა, აქ იმას გაუწყრებოდა – რაზედ? თითონ კნეინამაც არ იცოდა – რაზედ; აქ ამას გამოგილანძღავდა – რისთვის? არც ერს იცოდა კნეინამა; დასწყევლიდა, დაჰქოლავდა, დატუქსავდა. – ერთის სიტყვით – მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ, – და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა: თუ გოგო დაჰხვდებოდა, ვერ მაითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცასაც“ ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო, – და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში...“

ეს უაზრო ბზრიალ-ტრიალი და ფაცი-ფუცი ლუარსაბს საქმე ეგონა და კმაყოფილი ბუტბუტებდა: „კაი ოჯახის ბურჯია, კაი მადლიანი დედაკაცია! გმადლობ, ჩემო გამჩენო, რომ ამისთანა შემახვედრე“.

სიზარმაცის, ცრუაქტიურობისა და ცრუსაქმიანობის შედეგი ნათელია. ამის უტყუარი ილუსტრაციაა ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარი. დახატულია სრული გაპარტახების, ნგრევისა და იავარქმნის სურათი. ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დაძაბოს, მდგომარეობა გონივრულად განჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. ამ ლოგიკური დასკვნების მაგიერ ლუარსაბ თათქარიძე უზომოდ თვითკმაყოფილია და კვეხნის დაუოკებელი სურვილით სავსე. ეს თათქარიძეობის პარადოქსია, მაგრამ მაინც შინაგანი ლოგიკით გაპირობებული, რამეთუ კვეხნის უცილებლობა მაშინ იბადება, როცა სიზარმაცის დაძლევა აღარ შეიძლება. ჭეშმარიტი საქმე და ცრუსაქმიანობა ერთმანეთისაგან ვერ გაგირჩევია და აღარც უნარი შეგწევს მდგომარეობა უკეთესისაკენ შეცვალო. არადა არც იხტიბარის გატეხვა გინდა. პოზის შესანარჩუნებლად იწყება კვეხნა.
ასე ვლინდება თათქარიძეობის მეორე თვისება – თვითკმაყოფილება და კვეხნა.

„ძლივს არ გავისტუმრე ურემი (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბსა), ძლივს! დალახვროს ღმერთმა გლეხკაცი. ვეჟო, მინამ თავს არ დაადგები და კარგად არ დასჭყივლებ, ხელს კი არ გასძრავს და. გაგონილა! მე რომ ვყოფილიყავ, მინდორში დაგვილპებოდა“.
...
„ – ეჰ, რას ამბობ, ჩემო რძალო! წელს ოთხი თქვენოდენა ნახნავები მქონდა, – მიუგო ლუარსაბმა. ამგვარებში ლუარსაბმა საშინელი კვეხნა
იცოდა, - რას ბრძანებთ!.. ჩემოდენა მოსავალი კახეთში ორ არ მოუვა, ქათლში ბევრს არ მოუვა...“

 ცოლ-ქმარი მკითხავმა მოატყუა. გაამასხარა და გააცუცურაკა, ლუარსაბიცა და დარეჯანიც მოგვიანებით მიხვდნენ ამას. მოტყუება იუკადრისეს, მაგრამ იხტიბარი არც ერთმა გაიტეხა და არც მეორემ. ვითომ მკითხავს ოინებს მაშინვე მიუხვდნენ, ოღონდ თავიზიანობის გამო არა აკადრეს რა ცრუსა და მატყარას.

  - მე კი გამოვიან აი! - დაიკვეხა ლუარსაბმა. დარეჯანს თუმცა ლუარსაბი უყვრდა, მაგრამ მაინც კიდევ თითონ უნდოდა, რომ გამოცნობის სახელი ამისი იყოს და არა ლუარსაბისა. კაცი სულლი თუ ბრძენი, ყოველთვის თავმოყვარეა, - განა რომ მდომებოდა, მე კი ვერ გამოვიცნობდი, - მიუგო დარეჯანმა, არ მინდოდა, თორემ გუშინვე გამოცნობილი მქონდა.“

 თათქარიძისებური კვეხნის საინტერესო მხარე ის არის, რომ ამ ტრაბახის არავის სჯერა, გარდა თავად ლუარსაბისა და დარეჯანისა. მაშასადამე ეს კვეხნა მხოლოდ თვითმოტყუებაა.

  - პურის მოსავალი როგორი გაქვთ წელს? - ჰკითხა დარეჯანმა.

 -                     თქვენმა მზემ, შარშანდელზედ ცოტა. თქვენს მაზლს ოც-დაათის ურმის იმედი აქვს, - დაიტრაბახა ელისაბედმა.

 ეგ, ბატონო, კაი მოსავალია. ოც-და-ათი ურემი ხუმრობა არ არის; ჩვენც მოგვივა მაგდენი, მაგრამ ენ ერთი ორად მეტი ნახნავი გვქონდა თქვენზედა, - იტყუვა თავის რიგზედ დარეჯანმაც.“

 თათქარიძეებს რაიმე აუცილებლობა ან შემთხვევითობა არ აიძულებს. იტყუონ. ყუილი მათი არსებობის პრინციპია. დარეჯანმაც იცის, რომ ტყუის და ელისაბედმაც, მაგრამ ორივენი მაინც ცრუობენ. ასევე შეგნებულად ტყუიან მათი მათი გოგო-ბიჭებიც.

 ცბიერი და გაიძვერა ითხავი შვილს დანატრებულ ლუარსაბსა და დარეჯანს ატყუებს: ამომავლობა იმიტომ არ გყავთ, რომ თქვენს სახლში ჯადო ყოფილა. სანამ ამ ჯადოს არ მოიცილებთ, არაფერი გეშველებათო. მერე ვითომ ეს ჯადო სახლის უკან ორმოში იპოვეს. ნამდვილად კი არც ორმო ყოფილა და არც ჯადო. ეს ლუარსაბმაც იცის და ბიჭებმაც. მაგრამ ლუარსაბი თავს ყუებს, ბიჭები კი ლუარსაბატყუებენ.

 - არა, თქვენის ორი თვალითა ჰნახეთ?

 - ორის თვალითა, აი ასე, როგორც შენა გხედავთ, ბატონო!“

 ამ სიცრუეს ბიჭები იმით ამართლებენ, რომ ტყუილი ბატონს ესიამოვნება: „- შენ რა გენაღვლება, ძმაო, - წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა , - ხომ ხედავ- ბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე, ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?“

 არც ისე გულუბრყვილო და უმტკიცნეულოა ეს - „შენ რა.“ აქ პირადი სარგებლობისა და გამორჩენის პრინციპია შენიღბული. პრინციპი - შენ  რა ყოველგვარ ვერაგობას უსხნის გზას. ვერაგული მოტყუებით ლუარსაბი: ჯერ სუსტ კნეინამ დაახვია თავრუ ლუარსაბს: მოსე გრძელაძის ქალი დარეჯანი მზეთუნახავიაო. მართალია, ჯვრისწერის წინ დავითი მიხვდა, რომ მოატყუეს. მაგრამ ამოქმედდა პრინციპი - შენ რა? შენ ხომ არ ირთავ დარეჯანს ცოლად? აიღე ათი თუმანი, ჯიბეში ჩაიდე და გაჩუმდი. დავითმაც არხეინად გაყიდა ათ თუმნად ძმა.

 თუ ლუარსაბი სუსტ-კნეინამ მოატყუა, მოსე გრძელაძემ სუტ-კნეინა დატოვა მშრალზე. ჯერ გასამრჯელოს შეჰპირდა, მერე როცა საქმე გაინაღდა, სუსტ-კნეინას ის გასამრჯელოც წაართვა და ხულაშიც დაამწყვდია.

 ამრიგად, ყველა ცრუ და მატყუარაა. მაასადამე, თათქაძეობა ტყუილზე აგებული არსებობაა.

 თითქოსდა ტყუილი შფოებასა და პროტესტს უნდა იწვევდეს. მაგრამ თითქარიძეობის პარადოქსი ის არის, რომ ამა თუ იმ პროცესს ლოგიკური ედეგი არ მოსდევს, პირიქით, ალოგიკური რეზულტატია მისთვის ბუნებრივი. ამჯერადა ასე მოხდა: პროტესტის მაგიერ სრული კმაყოფილება დაიბადა.

 „ჩვენმა ლუარსაბმა ესე დაიწერა ჯვარი. თუმცა ძალადობით მოხდა ეს, თუმცა მზითევშიც მოატყუეს და მზეთუანახის მაგიერ მახინჯი დარეჯანი შერთეს, მაგრამ - შუბლზედ ეგ მეწერაო - იფიქრა და დაემორჩილა ბედსწერას. ბოლოს ხომ, - შენც იცი, მკითხველო, - რომ ამათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამათ კი ასე ეგონათ, რომ უყვართ ერთმანეთი და სხვისა კი არ ვიცი. „ფერი ფერსაო,. მადლი ღმერთსაო“, - თქვამია, ფერი ფერს შეხვდა და ერთმანეთი შეიფერეს. ეს შეფერება ენში  ცოტასა აქვს მიღებული სიყვარულად? კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისათვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაწყებს ბრძოლასა, - და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი.. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ; კმაყოფილება კიდევ - ვიაცამა სთქვა - ბედნიერება არისო. ბევრჯერ ქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფირია: „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯრედებიან

მას, რაც არის, ამიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი, მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, „მჯობს მჯობი არ დაელევაო“, - ნათქვამია.

 ჩვენი ცოლ-ქმარნი კი ამისთანანი არ იყვნენ: ამათ თავიანთ ცხოვრებაზედ „მჯობი“ ცხოვრება არ ეგონათ ქვეყანაზედა. ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა...“

 ეს სრული კმაყოფილება ბუნებრივად იწვევს პირფერობასა და ფარისევლობას. ისინი ერთმანეთს განაპირობებენ და ერთმანეთით არსებობენ.

 ლუარსაბმა მოურავ დათოს მოუხმო. უნდოდა შეეტყო, სანოვაგე მოიტანა თუ არა ბაზრიდან. დათომ არ დააყოვნა და ბატონს ნაირნაირები ჩამოუთვალა. კმაყოფილმა ლუარსაბმა მოურავი შეაქო:

 „- ეგრე, ჩემო დათო! ბატონის ოჯახის პატივი და სახელი ერთგულმა ყმამ ქვეყანას უნდა მოსდოს.. ბარაქალა. თუნდ ნაკლული იყოს, უნდა სთქვა, რომ სავსეაო (ხედავთ, აქაც ტყუილისაკენ მოწოდებაა - ა.ბ.) შენ გამოცდილი კაცი ხარ , - ყველაფერი იცი.

 - ამოდენა კაცი შენს ხელში ვარ და როგორ არ მეცოდინება, შენი ჭირიმე,“ - მოუქონა თავი ლუარსაბს დათომაც.

 გლეხის ქალი ბაბალე მოვიდა და დარეჯანს სთხოვა: ჩვენი კამეჩი მეველეებს დაუჭერიათ, უბრძანეთ, გაუშვანო. დარეჯანმა ეს ლუარსაბს აცნობა. ლუარსაბმა მოურავს დაუცაცხანა და ბრძანა - კამეჩი დაუყოვნებლივ გაუშვითო. 

„ - ჰხედავ, უთხრა დარეჯანმა, როცა ლუარსაბი წავიდა, - ჰხედავ, რა რისხვა შეუთვალა, იქაურობას სულ აწიოკებს.

 „- დიდება აქვს, შენ გენაცვალე და იმიტომ.

 - ეგეც ხომ, მაგრამ ხმაც დიდი აქვს სოფელში გავარდნილი. აი, დავით ჩემი მაზლი: იმას კაცად არავინ აგდებს.

 - აბა, შენი კვნესამე, იმათ ფეხი სად მოუწვდებათ თქვენამდინ; ელისაბედიც მითამ თავადისშვილის ცოლია და თქვენცა?“

 ქალბატონს რძალ-მაზლის ლანძღვა-გინება ესიამოვნებაო და გაიძვერა ბაბალემაც გუდას თავი მოხსნა, დავითი და ელისაბედი მიწასთან გაასწორა. მერე მოულოდნელად ჭორაობა შეწყვიტა, ცნობისწადილმორეული დარეჯანი ჩააცივდა, კიდევ რას მეტყვიო, მაგრამ ბაბალემ პირში წყალი დაიგუბა და აღარაფერი თქვა. დადუმებულ ბაბალეს დარეჯანმა შეაპარა, იმათი ხომ არ გეშინიაო? ქლესა ბაბალემ სასწრაფოდ მიაგება პასუხი ქალბატონს: „-თქვენისთანა მწყალობელი რომ კაცს სადმე ეგულებოდეს, იქ ვიღასი უნდა ეშინოდესო“.

 თვალთმაქცობასა და პირფერობას საზღვარი არ აქვს. დარეჯანიცა და ლუარსაბიც უზომოდ ტკბებიან დავითისა და ელისაბედის აუგით. მაგრამ, საკმარისია, რძლები ერთმანეთს შეხვდნენ, რომ ურთიერთი პირზე კოცნით მოიკითხონ და უკვე სხვები ლანძღონ და ათრიონ. ვინმე თავად ნიკოლოზს მოახლესთან არშიყობა დაუწყია. დარაეჯანსა და ელისაბედს უკეთესი საბაბი არც უნდათ და ნიკოლოზი სასწრაფოდ ლაფში ამოსვარეს. ვითომ მისი საქციელი დაგმეს და დიწუნეს, მაგრამ გმობა პირფერული ყოფილა, აღშფოთება - ცრუ.

 „ - რომ არ გაგონილა ყურით და ენით არ თქმულა ქალისაგან ვაჟკაცის გალახვა და ქმრისგან ეგრე აშკარად მაგისთანა ამბები! სირცხვილი აღარ არის ეხლანდელ დროში, პირში წყალი გაგვშრობია. 

- არა, ისე ჩუმად მოეხდინა მაინც იმ სულის მტერსა, კიდევ არაფერი იქნებოდა, სთქვა დარეჯანმა.

 - ჩუმად რომ მოეხდინა, ვინ რას იტყოდა? - გააწყვეტინა  სიტყვა ლუარსაბმა, - განა უწინ კი არ იყო მაგისთანა ამბები, ხორციელები არ იყვნენ თუ? მაგრამ უწინ სულ დაფარული იყო, ისე დაიჭერდნენ საქმეს - რომ ხორციელ ადამიანს არ გააგებინებდნენ, - ბევრი მაგისთანაები მომხდარა უწინაც, მაგრამ აბა ერთი შეგიტყვიათ რამე? სულ ისე ჩუმად და გონიერად იცოდნენ უწინ ყველაფერი, ამიტომ რომ პირში წყალი ჰქონდათ“.

 როგორც ხედავთ ლუარსაბსა და დარეჯანს მოვლენა ან ფაქტი კი არ აწუხებთ, არამედ მისი გამჟღავნება. დააქციე ქვეყანა, ამის გამო თათქარიძეები თავს არ შეიწუხებენ. ოღონდ პირფერობისა და თვალთმაქცობის ნიღაბი გულმოდგინედ უნდა გქონდეს აფარებული.

 ამ ნიღაბს არ ღალატობს არც ბატონი, არც ყმა. ხმა გავარდა, ბატონყმობა უნდა გადავარდესო.  ლუარსაბმა, ცხადია, არ დაიჯერა ეს და დათოს მოუხმო:

 „-  ... ყმები ჩამოგვერთმევაო, რომ ამბობენ, ტყუილია. გესმის თუ არა? ყველას უთხარი, რომ ტყუილია. ხელმწიფეს მოუწერია, რომ დავარჩობ, ვინც იტყვის, რომ ეგ მართალიაო, ვინც გუნებაში მაგას გაიტარებსო, გაიგე?

გავიგე, შენი ჭირიმე! - უპასუხა დათომა. - განა მაგას ვინა ჰფიქრობს? აი, რაღაც გოგო-ბიჭები მიჰქარავენ, შენი ჭირიმე, იმათ ვინ დაუჯერებს, წვრილფეხობის სიტყვა რა დასაჯერია? იყბედებენ და დაჩუმდებიან.

 - ეგრე სთქვი სხვაგანაც, ჩემო დათო! ან რა კარგი იქნება თქვენთვის, რომ ჩვენ არა გყვანდეთ.

– შენი მტერი ყოფილა, ჩვენ ვიქნებოდით, შენი ჭირიმე!

რაც უნდა იყოს, მამასავით გპატრონობთ.

– დიაღ, შენი ჭირიმე! სწორედ მამა ბრძანდებით და ჩვენ შვილები ვართ. თუ ხანხისხან გაგვიწყრებით, აგვიკლებთ, წაგვართმევთ, – ეგ რა? სულ ჩვენი სიკეთისათვის არის ხოლმე, განა მამა შვილს არ გაუწყრება?“

 ასე გრძელდება ბატონსა და ყმას შორის ფარისევლური საუბარი ერთმანეთი სძულთ ეზიზღებათ, მაგრამ მაინც ლიქნასა და ლაქუცს ამჯობინებენ. სხვაც მოატყუე და თავიც მოიტყუე თუ არაფერს შეიძენ, არც არაფერს დაკარგავ თან მშვიდად იცხოვრებ და ამქვეყნიერი ჭირ-ვარამიც ნაკლებად შეგაწუხებს.

 უნებლიეთ იბადება კითხვა – სიზარმაცის, ცრუსაქმიანობის, ტყუილის, თვითკმაყოფილების, კვეხნის და პირფორების ატმოსფეროში რა უნდა აკეთოს ადამიანმა? ჭამოს. სხვა აღარაფერი დარჩენია მას და ლუარსაბსაც და დარეჯანიც ჭამენ. „ხვალ რა ვჭამოთ, – იტყოდნენ საღამოზედ. ეს იყო იმათი აზრის აღებ-მიცემობა“.

 ლუარსაბისა და დარეჯანის ცხარე დისკუსიები თართისა და ორაგულის, ჩიხირთმისა და ბოზბაშის შესახებ ყოველი წიგნიერი ქართველისათვის კარგად არის ცნობილი და ამიტომ ციტატებით მკითხველს თავს აღარ მოვაბეზრებ.

 თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია, მაგრამ ასეთ ცხოვრებას რა უნდა მოჰყვეს, როგორ უნდა გაგრძელდეს იგი? ილია მკაფიო პასუხს იძლევა – სრული უნაყოფობაა ასეთი ცხოვრების დასასრული. რამდენი იწვალეს ლუარსაბმა და დარეჯანმა, რამდენი არ ილოცეს, როგორ არ შეაწუხეს ღმერთი, მკითხავსაც კიდაუჯერეს და თელავის ხატიც მოილოცეს. მაგარამ არ იქნება და არა: არ შეეძინა ლუარსაბს შვილი.ილიას მოთხრობაში ლუარსაბის და დარეჯანის შვილიერების ხაზს ალეგორიული შინაარსი აქვს. ეს უნაყოფობა ყოველგვარ საქმის უნაყოფობას გულისხმობს. ამიტომაც არ გააჩნია ცოლ-ქმარს არავითარი ნიჭი. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ჭამა და ძილია. არც აკეთებენ სხვას არაფერს.

 უშვილობით დადარდიანებულმა დარეჯანმა სოფლის აქიმს მიმართა. ორი კვირა ასმევდა ექიმბაში რაღაც წამალს დარეჯანს. ბოლოს მესამე კვირას იმ წამალმა დარეჯანი წუთისოფელს გამოასალმა. ცოლის სიკვდილმა ლუარსაბი წაახდინა. გაახმო და დააჭკნო ეს ქონითა და ხორცით სავსე კაცი. მერე ფერიცვალობის დღეს ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა ლუარსაბს. ზაფრაშეყრილმა ლუარსაბმა ცდუნებას ვერ გაუძლო. იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა. კუჭის ანთება მოუვიდა და სული განუტევა.

 „მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ“.

 თავიდან ბოლომდე გავადევნეთ ჩვენ თვალი ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრებას. თათქარიძეების დამახასიათებელი თვისებებიც გამოვყავით და უკვე შეგვიძლია დავასკვნათ:

 – თათქარიძეობა არის ზარმაცობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა, თვითკმაყოფილება, ბაქიაობა, მატყუარობა, პირფერობა, თვალთმაქცობა, ღორმუცელობა და უნაყოფობა.

 ამგვარად, თათქარიძეები არაფრობის განსახიერებაა. სად არის მათი სხნა?

 ილიას აზრით, ყოველი პიროვნების ხსნა მტკიცედ უკავშირდება ღმერთსმიმსგავსებულობის პრობლემას. ამას ილია აშკარად და მკაფიოდ ამბობს „კაცია ადამიანში?!“ თათქარიძეების დახასიათებისას იგი შენიშნავს: „რა იცოდნენ ამათ, რომ თავისის ქცევით, თავისის ცხოვრებით არისხებდნენ ღმერთსა, რომელსაც თავისი სული ამათთვის შთაუბერია“. რატომ უნდა გაერისხებინათ უწყინარ ლუარსაბსა და დარეჯანს ღმერთი? დანაშაული არ ჩაუდენიათ და ბოროტი არ უქნიათ. ეს თურმე არ კმარა: „წირვა-ლოცვას არ ვაკლებდით, რა გამოვიდა? იქ ყოველთვის მსმენია  ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს სიტყვა: „ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრულიო“. აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ? არა, შენ მაგისთვის არა სცხოვრობ“. ე.ი. ადამიანის უპირველესი ამოცანა უზენაესის ბადალი სრულყოფილებისაკენ ლტოლვა ყოფილა, რადგან იცხოვრო, ნიშნავს ეცადო, აღასრულო მცნება – იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე.V, 46). ასეთია ილიას დასკვნა “კაცია-ადამიანში?!“

 სხვათა შორის, იგივე აზრია გატარებული მოთხრობის სათაურშიც სიტყვა „ადამიანი“ უთუოდ ადამიდან არის წარმოებული: ადამიანი – ადამის ძე. ამდენად, ადამიანში იგულისხმება დაცემამდელი პირველხატი და მისდაგვარი სრულყოფილება. ილიას აზრით, კაცი არ არის ადამიანი, თუ იგი თავის ცხოვრებით არ ეცდება იყოს პირველხატივით სრულქმნილი.

წყარო: ილია ჭავჭავაძე : არაფრობის უარყოფა / აკაკი ბაქრაძე // აკაკი ბაქრაძე - სკოლას : დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში საშუალო სკოლებისათვის / შემდგენელ-რედაქტორები: ამირან გომართელი, ლევან ბრეგაძე. - თბილისი, 2004. - ISBN 99940-32-72-0. - გვ. 117-125