თამარ იაშვილი:  ღამის სტუმარი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 

 


 


 



შუაღამისას სიმღერის ხმა შემომესმა:

„მონადირისგან დაჭრილო წერო,

სხვის ბაღ–ბოსტანში სულს რომ ღაფავდი,

მე რა ვიცოდი, შენ თუ წერო ხარ,

მონადირისგან დაჭრილო წერო“...

ხმაზე ვიცანი. ამ სიმღერას თავის რადიო–პიესაში თავადვე ასრულებდა. სხვათაშორის კარგად მღეროდა, რაღაცნაირად თბილი , სიმშვიდის მომგვრელი და სულში ჩამწვდომი

ხმა ჰქონდა.

თავდაპირველად მეგონა, რომელიმე მეზობელს რადიო ჰქონდა ჩართული და ამ ძველ პიესას გადმოსცემდნენ, მაგრამ თანდათან ხმა რომ ჩემს კარს მოუახლოვდა, აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა, თუმც ფიქრი ვინ მაცადა. დაუკაკუნებლად შემომიღო კარი, ნებართვა არც ითხოვა, ისე შემოვიდა. თან უზარმაზარ კიდობანს მოათრევდა. ნამძინარევი თვალებს ვიფშვნეტდი და გაოცებული შევყურებდი.

ისეთი ახლო ურთიერთობა არასოდეს გვქონია, რომ გაუფრთხილებლად მსტუმრებოდა, თანაც შუაღამისას.

30 წლის წინ გავიცანი,,სკოლა და ცხოვრების“ რედაქციაში.იქ ჩემი მეგობარი– ლელა წიქარიშვილი მუშაობდა და მეც ხშირად ვსტუმრობდი მათ. კარგი დრო იყო,უდარდელი...სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ რედაქციაში სახელდახელო პურ–მარილი იმართებოდა ხოლმე.ნუგზარი ამ ყველაფრის სული და გული იყო.თავისი შეუდარებელი სიმღერით და გულის სიღრმიდან ამოთქმული სადღეგრძელოებით. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, აღარ შევხვედრივარ. (თუმცა მის მეუღლესთან ვმეგობრობდი).

 წლების შემდეგ მარტყოფში შევხვდით ერთმანეთს.

 მახსოვს, იალნოს მთის შესახებ იკითხა რაღაც და შემდეგ დიდხანს გაჰყურებდა დაფიქრებული. მწერლური გუმანი კარნახობდა, რომ უბრალო მთა არ უნდა ყოფილიყო. მართლაც, იალნოს დასავლეთ კალთაზე ღვთაების მამათა მონასტერია, სადაც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა (ამჟამად ეს ხატი დაკარგულია და როგორც ამბობენ, გამოჩნდება „საჭირო დროს“), რომელიც ასურელ 13 მამათაგან ერთ–ერთ წმინდა მამას–ანტონ მარტოდმყოფელს ჩამოუბრძანებია საქართველოში. აქვეა მისი სვეტ–კოშკიც, სადაც ეს წმინდა მამა ყოფილა დაყუდებული.

მაშინ გავიფიქრე, რომ ამ  მთის შესახებ ნამდვილად რამეს დაწერდა, რომელიმე მოთხრობაში გამოიყენებდა...თითქოს უცებ  დრო გაჩერდა. სივრციდან თვალწინ მოლივლივე სტრიქონებმა გამირბინეს, მაშინ ვერ მივხვდი, რა იყო ეს–ჩემი წარმოსახვა თუ რაღაც სხვა? აი ახლა, ლამის 15 წლის შემდეგღა ვხვდები, რომ ეს ჩემი მომავალი ესსეს სტრიქონებად უნდა ქცეულიყო...

ისევ ღამისეულ სტუმრობას დავუბრუნდეთ და ხის კიდობანს, ერთი შეხედვით უბრალოს რომ ჰგავს, სინამდვილეში კი „უძვირფასესი საგანძურია“. სხვა თუ არაფერი თუთის ხისაა და თავად მისგან ვიცი, თუთის კიდობანი პურს დიდხანს ინახავდა. მან ეს ამბავი თავის პაპისგან იცოდა, პაპამ კიდევ თავის მამა–პაპისგან ,ალბათ. თანაც მის დამზადებას რამდენი შრომა სჭირდებოდა...,,თუთას შემოდგომაზე ან ზამთარში მოსჭრიდნენ  და დამორავდნენ. გაზაფხულზე სამასალე ხის მოჭრას ერიდებოდნენ, რადგან ამ დროს ხე სუსტია და მისგან დამზადებული ნივთი უსათუოდ გასკდება. ამასთან, ხე ძველ მთვარეზე უნდა მოეჭრათ, თორემ ახალ მთვარეზე მოჭრილს ჭია უჩნდებოდა.

თუთის მორს სამხერხაოზე წაიღებდნენ, დახერხავდნენ და ფიცარს მშრალში ისე დააწყობდნენ, რომ თანაბრად გამხმარიყო, არ დაბრეცილიყო. სულ ცოტა ერთ თვეს მაინც ელაგათ ეგრე და ერთი თვის შემდეგ დურგალს მიუტანდნენ. დურგალი იმ ფიცრებს გარანდავდა, გაასუფთავებდა, ღარს ამოუღებდა, ზომაზე დახერხავდა და კიდობანს ააწყობდა“.

კიდობანი წინასწარ მომზადებულ განსაკუთრებულ ადგილზე დაიდგმებოდა და შიგ პურს ინახავდნენ...

სწორედ ეს თუთის ხისგან დამზადებული კიდობანი ახლა ჩემს ოთახში დგას და მისი  მომტანიც იქვე იატაკზე მოკალათებულა. ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს: ნუთუ კიდობანში ,,ჩათაკრული მახობლიანი პურებით“ გამიმასპინძლდება? ის კი სულაც არ ჩქარობს, გამომცდელ მზერას არ მაშორებს, თითქოს მამოწმებს, მზად ვარ თუ არა ,,საჩუქრის“ მისაღებად.

ოთახში პურის მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდა...

ვისაც ნუგზარ შატაიძის ,,პურის მოთხრობა“ წაუკითხავს, დამეთანხმება ალბათ, რომ საკმაოდ სერიოზული ნაშრომია, თითქმის სამეცნიერო. ავტორს ზედმიწევნით აღუწერია პურის გამოცხობის პროცესი (ფქვილის გაცრიდან დაწყებული ცომის თონეში ჩაკვრით დამთავრებული): ხორბლის მოყვანა, მიწის მოხვნა, თესვა, დაფარცხვა,მოსავლის აღება, ძნებისა და ზვინების აგება, წისქვილი...მართლაც რომ შესაშური სიზუსტეა, მცირე დეტალიც კი არ გამორჩენია. თუმცა ვერც ერთი სამეცნიერო ნაშრომის კითხვა ვერ მოგანიჭებთ იმ სიამოვნებას, რასაც იღებთ ამ მოთხრობისგან, (თავად ავტორს ,,პურისა“ რომ დაურქმევია), ვერ გაგრძნობინებთ ჯეჯილის ,,კურდღლაობას“, მზეკაბანით ჩაგვირისტებულ მწიფე ყანების სიმფონიას და ხოდაბუნების სილამაზეს ,,მორთულ–მოკაზმულ, მომლოდინე პატარძალს“ რომ დამსგავსებოდნენ, ვერ მოგასმენინებთ მწყერების ქვიტკიროს და ჭრიჭინების ,,კრიმანჭულს“, ეს მხოლოდ ,,პურის მოთხრობას“ შეუძლია, მხოლოდ ნუგზარ შატაიძეს ძალუძს, ისე გაქციოთ საკულტო  რიტუალების თანამონაწილედ რომ, მის გმირებთან ერთად ტკბილი, ,,ძარღვების მომდუნებელი ოროველაც იმღეროთ“ და საუკუნეს მიტანებული, დაბრმავებული გუთნისდედის – ილა ხიზამბარელის სევდაც გაიზიაროთ დანგრეული თონეების, მოშლილი წისქვილების, გამქრალი კალოსა და კევრის, ხარისა და გუთნის, ტაბიკისა და აპეურის გამო.

ახლა შემოდგომაა – მოსავლის აღების დრო და ტკივილამდე მძაფრდება სევდა: გლეხკაცი მიწას ვეღარ უვლის, მოუხვნელი და დაუთესავი რჩება, სამყოფი ხორბალი აღარ არის და პურიც, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი უხარისხო ფქვილით ცხვება...

უნებურად გარდასულ დღეთა ნოსტალგია შემომაწვა და ჩემს თვალწინ ისევ გაირბინეს სურათ–ხატებმა, როგორც თავად მწერალს წარმოუდგა ძველი კიდობნის ნახვისას, თითქოს ის ბნელი სხვენი კინოთეატრის ჩაბნელებული დარბაზი ყოფილიყო...

„ზოგჯერ გაიელვებდა დიდი ხნის წინათ გარდასულ, საყვარელ ადამიანთა სახეებიც, იმათი მზეზე გახუნებული თავშლები, სპეტაკი ხილაბანდები, ნაბდის ქუდები, მატყლის წინდები...

ისინი რახანია წასულიყვნენ,სათითაოდ გაკრეფილიყვნენ და თან წაეღოთ დაკოჟრილი, მაგრამ მაინც ლბილი და ალერსიანი ხელები, მტკივანი სახსრები, შუქდაკლებული თვალები, გატეხილი გულები“...

...პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს...პური და ღვინო–როგორც ჭეშმარიტებასთან ზიარების სასწაული.

„ღვინის მოთხრობა“ ნუგზარ შატაიძეს არ დაუწერია, თუმცა რომ დაეწერა, საუკეთესოდ დაწერდა, მასზე უკეთ ვერავინ „მოეფერებოდა“ ამ ღვთიურ სითხეს. გახსოვთ, „მოლხინო“: „გადააცალა კაცმა ქვევრის პირს საფენი და გამოჩნდა ღვინის მუქი, ლაპლაპა ზედაპირი. უცებ, რაღაც სასწაულის ძალით, ის ზედაპირი აშხივლდა, ამოყარა ზემოთ წინწკლები და ზედ პატარა, მოცახცახე წრეები დაიჩინა. ამოჩქროლდა ღვინის საამო სურნელიც, მოედო  მთელს მარანს... მლოცველებივით თავჩახრილები დავცქერით ქვევრის ყელში მოლიცლიცე ღვინოს და იმისი სურნელით გაბრუებულები ხმას ვეღარ ვიღებთ.“

მლოცველებივით ვიდექითო, –ამბობს, – ღვინის სურნელით გაბრუებულებიო, და აი „ხელში გალიცლიცებული ჭიქა მიჭირავს, ვილოცები, მერე პირთან მიმაქვს და ვსვამ... ვგრძნობ, როგორ მცემს ღვინის წინწკლები სახეში, რანაირად მიშლამავს ენასა და სასას სქელი სითხე, როგორ ნელ–ნელა მიხურდება ლოყები, ყურები... ცარიელ ჭიქას ხონჩაზე ვდგამ და გაკვირვებული ჩავიცქირები ქვევრში. ჩვენი მასპინძელი კი უკვე დიდ, შავფერა ჩაფს აყურყუმელავებს ღვინოში, აბუყბუყებს, ავსებს და ზემოთ რომ ამოსწევს, იმას წკრიალით გასდის გამჭვირვალე წვეთები.“

...ახლა, ახალგამომცხვარი პურის სუნით გაბრუებული ღვინის წინწკლებს ვგრძნობ სახეზე და „ზიარებისთვის“ ვემზადები. ისიც ხვდება, რომ უკვე მზად ვარ „საჩუქრის“ მისაღებად და კიდობანს თავს ხდის.

...პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს...

ჰოი, საოცრებავ! კიდობნიდან ერთმანეთის მიყოლებით ამოაქვს ძველი, გაცრეცილ–გაყვითლებულ ფურცლებიანი წიგნები და  იატაკზე აწყობს.მერე ფურცლავს და კითხვას იწყებს...

მისი ერთი პატარა ნოველა გამახსენდა, თავისი სოფლის სამკითხველოზე რომ წერდა.მართალია მე თბილისის სკოლა დავამთავრე,მაგრამ ჩემის სკოლის პატარა ბიბლიოთეკა ისე ჰგავდა მწერლის მიერ აღწერილს,რომ ვერაფრით განასხვავებდით ერთმანეთისგან,და როგორც ნუგზარ შატაიძე შორეულ წარსულში,მეც ათი წლის ასაკში ბიბლიოთეკარობაზე ვოცნებობდი.ის კი არა,უჩუმრად ხასხასა წითელს ტუჩის საცხსაც კი ვისვამდი,რომ ჩვენს ბიბლიოთეკარს დავმსგავსებოდი...

ნოველას სევდიანი დასასრული აქვს:სოფელში ჩასულ მწერალს  სამკითხველო დანგრეული დახვდება ხოლო წიგნები ,,საფეჩედ“ დატაცებული...  ,,ხშირად ვფიქრობ ამაზე...ვფიქრობ,მაგრამ სასიკეთო ვერაფერი მომიფიქრებიაო“,–ამბობს ავტორი.

...და აი,მოიფიქრა,როგორც ჩანს.მთელი სოფელი ოჯახ–ოჯახ მოუვლია,გადარჩენილი ძველი წიგნები მოუგროვრბია,პურის კიდობანში ჩაუწყვია და ჩემთვის მოუტანია... მოუტანია,როგორც პური ჩვენი არსობისა...

მისი წაკითხულიდან მხოლოდ ფრაგმენტები დამამახსოვრდა.მას შემდეგ რამდენჯერმე გადავიკითხე მწერლის მოთხრობები,თუმცა მსგავსი ვერაფერი ვიპოვნე.მივხვდი,ჯერ კიდევ დაუწერელ ნოველებს მიკითხავდა, ,,აჭაშნიკებდა“ . თურმე რამდენი დარჩენია დასაწერი...

პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს...

ახლა ხომ ეს ,,პურიც“ უცხოეთიდან შემოგვაქვს.ზოგი მართლაც ხარისხიანი ,,ფქვილით გამომცხვარი“ (ნათარგმანები), ძირითადად კი უხარისხო,მავანი და მავანი საუკეთესოდ რომ ,,ასაღებს“. და მკითხველსაც რაღა დარჩენია?! ხორბალი თუ არ დათესე,ვერც მოიმკი...ამიტომაც უფრო ხშირად ,,სხვის პურს“ ვჭამთ და ეს სულაც აღარ გვაწუხებს.

და ყველაფერთან ერთად ,,დავიწყებას მისცემოდა უამრავი სიტყვაც და მართალია,მიწა ისევ იმოსებოდა მწვანე ბალახით,ისევ ჭიკჭიკებდნენ და უსტვენდნენ ჭრელი ჩიტები,მაგრამ ახლა იმათ სახელები  აღარ ჰქონდათ – უსახელოდ ყვაოდნენ,უსახელოდ ჭიკჭიკებდნენ...“

ნუგზარ შატაიძე სწორედ ამ დავიწვებული სიტყვების აღდგენას ცდილობს.ის თავისი საოცრად მდიდარი ლექსიკით გვხიბლავს,გვაჯადოებს,ზღაპრის ბურუსში გვხვევს...

ის არ გვიკითხავს მორალს,არასოდეს გვარიგებს ჭკუას,ის თავად განიცდის,უხარია და სტკივა თავის გმირებთან ერთად,მათთან ერთად ცხოვრობს...

შატაიძე ,,კეთილი“ მწერალია.მას ყველა უყვარს...უყვარს ადამიანები და თანაუგრძნობს მათ,უყვარს ცხოველები,ჩიტები,ბალახები და ყვავილები...მკითხველიც მის შემოქმედებას ემოციურად იღებს,თანამონაწილე,თანაგანმცდელი ხდება.

ხშირად მწერალი თავად არის თავისი ნაწარმოებების მთავარი გმირი.(ან იქნებ არც არის და მე მეჩვენება ასე?!)

მისი ,,ბებერი მგელი“ ჩემი საყვარელი ნოველაა(შედევრია,მე თუ მკითხავთ).რატომღაც მგონია,რომ წერის დროს შატაიძე თავს იმ მგელთან აიგივებდა,თავად იყო,საკუთარ სატკივარზე წერდა... და როცა იგრძნო,,,რომ იქ,იმ გაღმა ნაპირზე მისთვის განკუთვნილი ადგილი გამონთავისუფლდა,გამონთავისუფლდა იმავე ნაპირის სურვილითა და იდუმალ ნებით“(,,გაღმა ნაპირი“),და როცა ,,ბოლოს,ნეტარებისმომგვრელმა,უცხო ბურუსმა ჩამოიარა,უკანასკნელად ასწია თავი,წამოიწია და გაოცებულმა დაინახა,როგორ მიჰქონდა ვარდისფერ ნისლს მისი ბებერი,უსიცოცხლო სხეული შორეული ქვეყნებისაკენ“(,,ბებერი მგელი“).

ან იქნებ მშობლიური მიწის სიყვარულმა სძლია,არსადაც არ წასულა,უბრალოდ ,,ზემოთ აუყვა.ნელი,მძიმე ნაბიჯით აიარა ბალახგადავლილი ბილიკი,თავში ავიდა და ვაშლის დაფუტუროებულ კუნძზე ჩამოჯდა.იჯდა და უცნაურ ბურუსში წასული უყურებდა ვენახს,საიდანაც რაღაც სევდიანი სიმშვიდე მოდიოდა.ის სიმშვიდე მის დაკემსილ გულს მალამოდ ედებოდა“(,,ვენახი“).

იქნებ ახლაც იქა ზის და გადმოჰყურებს ვენახს?!(ვისაც ნუგზარი თავის ერთი ხელისგულისოდენა ეზოში თალარის ქვეშ პატარა სკამზე ჩამომჯდარი უნახავს,ეს არ გაუკვირდება).

იქნებ ჩვენც გადმოგვყურებს...ხანდახან კი  გვესტუმრება ხოლმე შუაღამისას.

იმედი მაქვს,ისევ მოვა,რადგან დაუმშვიდობებლად წავიდა.თანაც კიდობანი ჩემთან დატოვა.და როგორც ვიცი,ბავშვობაში როცა უფროსებზე გამწყრალი კარს გაიჯახუნებდა და სახლიდან წავიდოდა,დედა მიაძახებდა:სად მიდიხარ,აქ მოგიყვანს პურის კიდობანიო... და ისიც ყოველთვის ბრუნდებოდა.

გამთენიისას ისე უეცრად გაქრა ჩემი ოთახიდან,მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი.თუმცა სადარბაზოდან კარგა ხანს კიდევ მოისმოდა მისი სიმღერა.