ნინო ჩხიკვიშვილი:  კოლაუ ნადირაძის ორი ლექსი:  "წიწამურიდან საგურამომდე" და "1921 წლის 25 თებერვალი"

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 

გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, სოცრეალიზმის წამომადგენლები დავობდნენ, როგორც თვითონ უწოდებდნენ ცისფერყანწელები, ეგ.წ. "ყვითელი მტრები", იყო თუ რა სიმბოლიზმი ჩვენში და იყვნენ თუ არა ჩვენი სიმბოლისტები, ფრანგული ან რუსული სიმბოლისტების მსგავსად, ამ ლიტერატურული მიმდინარეობის ის წარმომადგენლები, რომლებმაც შეცვალეს ლიტერატურული ცხოვრება?! ეს დავა ლამის დღემდე გრძელდება: და ალბათ ამიტომაც წერს ცისფერყანწელთა შემოქმედების ცნობილი ექსპერტი, მკვლევარი ლალი ავალიანი: "ცისფერი ორდენის ნამდვილი სახის წარმოსაჩენად საჭიროა, თითოეული ცისფერყანწელის შემოქმედების გამოწვლილვით შესწავლა, რაც დაგვანახებს შინაგან ძირებს მათი შემოქმედების ინდივიდუალური მცდელობისას და უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს ჯგუფის კოლექტიურ ნებასაც". (ლალი ავალიანი, "ლიტერატურული წერილები", გამომცემლობა "მერანი", 1992წ).


მოგვიანებით უკანასკნელი ცისფერყანწელი მათი ლიტერატურული სკოლის მოღვაწეობას ასე აფასებდა: "ჩვენი მიზანი იყო, მოგვეხდინა, უპირველეს ყოვლისა, ქართული ლექსის რეფორმა, მოგვეშორებინა მისთვის პროვინციალიზმისა და ჩამორჩენილობის ქერქი და აგვეჟღერებინა ქართული ლექსი სწორედ ისე, როგორც ეს გააკეთეს სიმბოლისტებმა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და ნორვეგიაში, მიგვეცა ლექსისთვის ის ძალა და ჟღერადობა, როგორც ეს შეძლეს რუსეთში სიმბოლიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლებმა - (ბალმონტი, ანდრეი ბელი, ბრიუსოვი, ბლოკი).


ჩვენ მივაღწიეთ ამას. ამის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა ჩვენი მაღალი კულტურული დონე, ჩვენი გემოვნება და ღრმა სიყვარული სამშობლოსადმი". (კოლაუ ნადირაძე, წიგნიდან, "რაც ლექსად ვარ ვთქვი", გამომცემლობა "მერანი", 1984წ.)


ამ წერილში ამ პრობლემის შესახებ არ ვისუბრებთ, მაგრამ გვინდა მკითხველის ყურადღება ერთ გარემოებაზე გავამახვილოთ: როგორც ვხედავთ, პოეტი ყანწელთა ლიტერატურული სკოლის შეფასებიას, ხაზგასმით აღნიშნავს ერთ გარემოებას, ჩვენ გვამოძრავებდაAღრმა სიყვარული სამშობლოსადმიო! და რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ეს ლიტერატურული სკოლა (სკოლა სიმბოლისტებისა), გამოირჩეოდა ეროვნულობისაკენ სწრაფვითო. და ეს ასეც იყო. წერდა კიდეც ტიციან ტაბიძე წერილში "ცისფერი ყანწებით" (წერილში, რომელიც ჯგუფის საპროგრამო მანიფესტად იქცა): "დღეს იწყება ძირიანად შეცვლა ქართული აზროვნების, საუკუნოებით დაჩრდილული წარსული ცოცხლდება და საქართველოს სახელმწიფოებრივი ტრადიციები დგებიან, დამონებული სული უბრუნდება თავის ძველ ბუდეს. რამდენადაც გაიზრდება ეროვნული შეგნება, იმდენად ჩვენ ვუახლოვდებით წარსულს და ინაკვთება ქართული იდეა. საქართველოს ხელოვნების მომავალიც ამ იდეის გაშლით გაიზომება." (ჟურნალი "ცისფერი ყანწები". 2. 1916 წ). ანუ, ცისფერყანწელების იდოლოგია, მათი რეფორმა და იდეალი, გაემართათ ქართული ლექსი ევროპული რადიუსით, არ ნიშნავდა ეროვნულ ძირებთან მოწყვეტას. აი, ამაზე ღირს დაფიქრება და მსჯელობა; მოდით, ამ თვალსაზრისით წავიკითხოთ უკანასკნელი ცისფერყანწელის - კოლაუ ნადირაძის პოეტური მემკვიდერობიდან ორი გამორჩეული ლექსი: "წიწამურიდან საგურამომდე" და "1921 წლის 25 თებერვალი".

"არცერთ ქართველ პოეტთან არ გვხვდება სამშობლოს ისეთი ტრაგიკული და მტკივნეული განცდა, როგორც კოლაუ ნადირაძესთან. სამშობლო მისთვის ბედისწერააა უკანასკნელი განსასვენებლია. სამშობლო - მიწა, ადამიანი და უკვდავი სულია." - შენიშნავს ერთგან თამაზ ჩხენკელი და შეუძლებელია, არ დაეთანხმო.

თვალსაჩინო მკვლევარს რამაზ პატარიძეს კი მიაჩნია, რომ კოლაუ ნადირაძე წარსულში გამოიკეტა და, როგორც პიროვნებამ და როგორც შემოქმედმა, უკანასკნელმა ცისფერყანწელმა, თავი გადაირჩინა; პოეტი წერს კიდეც ერთგან - "ჩანს, ისევ ფესვით წარსულში ვრჩებიო!". მისი ლექსები: "წიწამურიდან საგურამომდე", "პატრიოტული ეკლოგა", "დავით აღმაშენებელი", "ორი მშვენება", "სამშობლოსადმი", "სათქმელი ჩემი", "კრაწანისის ტრგედია", "ასპინძის ომი", "1921 წლის 25 თებერვალი" და სხვა, ამისი დასტურია. თუმცა მაღლა ჩამოთვლილ ლექსთა შორის მაინც განსაკუთრებულია "წიწამურიდან საგურამომდე". და "1921 წლის 25 თებერვალი", რომლის გამოქვეყნების გამო, ღრმად მოხუცი პოეტი ლამის აკრძალულ მწერლად გამოაცხადეს.

მინდა სწორედ ამ ლექსებზე ვისაუბროთ: ლექსი - "წიწამურიდან საგურამომდე", მალევე დაიბეჭდა. მეტიც, ქართული კრიტიკა, ჩვენდა გასაკვირად, გაბედულად გამოეხმაურა კიდეც: კრიტიკოსი დიმიტრი ბენაშვილი ("კრიტიკული ნარკვევები", ტომი I, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1967 წ.) წერდა: "თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ჩვენ არ გვეგულება მეორე ლექსი წიწამურის ტრაგედიაზე, რომელიც თავისი მხატვრული წარმოსახვის ძალით შეედრებოდეს კოლაუ ნადირაძის დასახელებულ ნაწარმოებს. პოეტური ექსპრესია, ემოციური სიმძაფრე, ბუნებისა და საგნების პალისტიკური ექსპრესია, ტექსტიდან და ქვეტექსტიდან აღძრული რომანტიკული განათება, იდეური მიზანსწრაფვა ისეთი სიმაღლეებს აღწევს, რომელზედაც ჯარ არ ასულა ამ თემაზე დაწერილი არც ერთი ლექსის არცერთი ავტორი. ლექსი "წიწამურიდან საგურამომდე" დიდ სივრცეებზე გაწვდილი ხმაა, რომელიც გაუძლებს საუკუნეებს."

ლექსის დაწერის თარიღი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უკვე დადგენილია (1936 წელი), მაინც ეჭვს იწვევს. თუ პოეტმა ლექსი მართლაც ამ წელს დაწერა, მაშინ რად არაა შეტანილი 1939 წლის გამოცემაში? და რად გამოაქვეყნა იგი პოეტმა პირველად 1940 წელს ჟურნალ "ჩვენი თაობის" პირველ ნომერში? (1955 წელს, "საბჭოთა მწერლის" გამოცემულ პოეტის კრებულშიც შეტანილ ამ ლექსს თარიღად 1940 წელი "უზის"). თუმცა, შესაძლოა, ეს არგუმენტები არაფერს სცვლიდეს ლექსის ზუსტი თარიღის დაგენაში; შესაძლოა, პოეტის მეუღლის, ქალბატონი ნორას მოგონებაც, რომელიც ზეპირი გადმოცემითაა ცნობილი, სადავო გახდეს, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ ესეც აღინიშნოს: "ლექსი "წიწამურიდან საგურამომდე" 1939 წელს, ჩვენი შეუღლების მერე დაიწერა საგურამოში, სადაც მე და კოლაუ ვისვენებდით (ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში). იქ გვიანობამდე, ოქტომბრის ბოლომე დავყავით. და მახსოვს იქ დაწერა ეს ლექსი. შემდეგ, როცა ჩამოვედით, რამდენიმე ჟურნალის რედაქტორს შესთავაზა, მაგრამ მხოლოდ დიმიტრი ბენაშვილმა გაბედა მისი დაბეჭდვა თავის ჟურნალში. ეს იყო უკვე 1940 წელი. ასე დაიბეჭდა კოლაუს "წიწამურიდან საგურამომდე". - მოგონა ჩემთან საუბარში ქალბატონმა ნორამ.

აქვე უნდა აღვნიშოთ ერთი დამახასიათებელი დეტალი: იმავე ნომერში, სადაც ლექსი დაიბეჭდა, დიმიტრი ბენაშვილი, ალბათ ერთგვარი სიფრთხილის მიზნით, მკითხველის ფსევდონიმით აქვეყნებს "უცნობი" ავტორის წერილს კოლაუ ნადირაძის შემოქმედებაზე, სადაც უცნობი კრიტიკოსი, უკანასკნელ ცისფერყანწელს "რატომღაც" ურჩევს, რომ თანამედროვეობის ამსახველ მოვლენებსა და თემებზე წეროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "წიწამურიდან საგურამომდე" ავტორს პავლე ინგოროყვასთვის მიუძღვნია. საერთოდ, ყანწელები გამორჩეულად აფსებდნენ პავლე ინგოროყვას, როგორც დიდ მეცნიერსა და მამულიშვილს. გარდა კოლაუ ნადირაძისა, პაოლო იაშვილსა და ვალერიან გაფრინდაშვილსაც აქვთ მისდამი მიძღვნილი ლექსები. და რაკი მიძღვნაზე ვსაუბრობთ, მინდა აქვე გავიხსენო კიდევ ერთი საინტერესო მიძღვნა, რომელიც კოლაუ ნადირაძეს 1955 წელს გამოცემული ლექსების კრებულის პირველსავე გვერდზე იკითხება (წიგნი ინახება რამაზ პატარიძის საოჯახო ბიბლიოთეკაში. ნ.ჩ.): "პავლე ინგოროყვას! თქვენ, ძვირფასო და სახელოვანო მეგობარო, გიძღვნით ამ წიგნს. მე იმედი მაქვს, რომ ეს პატარა კრებული შესძლებს მცირედაც მაინც გამოსახოს ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რომელიც მუდამ ამკობდა ჩვენს ესოდენ ხანგრძლივ და მრავალი წლებით გამოწრთობილ მეგობრობას.
ქართველი ერისადმი თქვენი ფასდაუდებელი თავგანწირული სამსახური, თქვენი შთაგონებული ოცნება და მომხიბლავი სილამაზე, თქვენი გმირული, ზნეობრივ – უმწიკვლო ცხოვრებისა, მარად თაყვანისცემისა და აღფრთოვანების საგანი იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, რომელნიც ამჟამად უკვე აღარ არიან ჩვენთან. თუ თქვენს მკაცრ, შეუცდომელ გემოვნებას, თქვენს განუზომელ და წარმართულ სიყვარულს უკვდავი ქართული ენისა და ქართული პოეზიისადმი ამ წიგნში მოთავსებულ ლექსთა თუნდაც ერთი სტროფი მოჰგვრის მცირეოდენ სიამოვნებას - მე ბედნიერად ჩათვლიდი ჩემს თავს... 10. 12. 1955. ნიკოლოზ ნადირაძე."

მართალია, ლექსი "წიწამურიდან საგურამომდე", როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, კოლაუ ნადირაძის პოეზიის მწვერვალია, მაგრამ ამ ლექსს, ჰყავს "მემკვიდრეც" - "1921 წლის 25 თებერვალი", ლექსი იდეური მრწამსით, ვფიქრობ, ნამდვილად არ ჩამოუვარდება დასახელებულ ლექსს. "1921 წლის 25 თებერვალის" გამო, სიცოცხლის მიმწუხრს, 37-იანი წლების ქარტეხილებს გადარჩენილ პოეტს, საყოველთაო აღიარებასთან ერთად, ოფიციოზის (თუმცა ოფიციოზი კოლაუ ნადირაძეს, როგორც "საეჭვო იდეოლოგიისა" და მიმდინარეობის პოეტს, ყოველთვის უნდობლად უყურებდა) რისხვა დაატყდა. ისე კი იყო ირონია ბედისა, რომ მაინცდამაინც იმ წიგნში დაიბეჭდა, რომელიც დიდი ოქტომბრის რევოლუციის 70 წლისთავს მიეძღვნა, სადაც კრებულის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: "ეს გამოცემა ეძღვნება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 70 წლისთავს და, იმედი გვაქვს, მკითხველს თუმცა მთლიანს ვერა, მაგრამ შეუმცდარ წარმოდგენას მაინც შეუქმნის პოეტთა შემოქმედებით გზაზეც და, საერთოდ, ქართული ლექსის იმ საგანძურზე, რაც საბჭოთა ეპოქით არის შთაგონებული..."

ასაკმა გადაარჩინა, თორემ კოლაუ ნადირაძეს ალბათ რომ დაიჭერდნენ. თუმცა, რეპრესიების წლები რომ ყოფილიყო, ვერც ასაკი უშველიდა, როგორც თავის დროზე ვერ უშველა ვერანაირმა მონანიებამ (ანკი რა ჰქონდათ მოსანანიებელი) პაოლოს, ტიციანს, ვერც მიხეილ ჯავახიშვილს.

ახლა, ამდენი ხნის, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, კოლაუს ჯერიც დადგა: 1985 წლის 3 სექტემბერს მწერალთა კავშირში საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ამ სხდომის ოქმს. სხდომას თავმჯდომარეობდა, მაშინდელი მწერალთა კავშორის თავმჯდომარე შოთა ნიშნიანიძე. ესწრებოდნენ - ჯანსუღ ჩარკვიანი და თამაზ ჭილაძე. მდივანი - რეზო კვერენჩხილაძე.

დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, პირველ საკითხად, როგორც ოქმის (#25) ჩანაწერიდან ვიგებთ, ნ. ნადირაძის საკითხი იხილებოდა და ... ნ. ნადირაძის ავტოგრაფის დაბეჭდვის შესახებ აზრი გამოთქვეს:

შ. ნიშნიანიძე: გუშინ ჩემთან, როგორც მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, მოვიდა პოეტი ნიკოლოზ ნადირაძე და, როგორც აღსარება, ისე გამანდო შემდეგი:

ნიკოლოზ ნადირაძის განცხადება: ცუდად გახმაურდა ეს ჩემი ლექსი, რომელიც, მართალია, 1966 წელს დავწერე, მაგრამ, დამიჯერეთ ამ ხნის კაცს, არც კი მახსოვდა. გამართლება არა აქვს ამ ფაქტს, მაგრამ მაინც აგიხსნით, რა ვითარებაში დაიწერა ეს ლექსი. იმ დღეს პაოლო იაშვილის თავის მოკვლის დღე იყო. რამდენიმე მწერალთან ერთად, შ. დემეტრაძეც იქ იყო. ქაშვეთში წავედით, გრიგოლ ორბელიანის საფლავი ვინახულეთ, მათი სულის მოსახსენიებელი დავლიეთ, კარგად შეზარხოშებულნი დავიშალენით. სახლში მიმყვა ეს განწყობილება, გამახსენდა ყრმობის დრო, პაოლოსთან ერთად გატარებული დღეები, ტირილი ამივარდა...

ასეთ კრიზისულ წუთებში დავწერე ეს ლექსი, ლექსად კი არ ვთვლი სინამდვილეში. წუთიერი სულიერი კრიზისი გადმოვანთხიე ქაღალდზე, ვაჩუქე შ. დემეტრაძეს, მივიწყებული მქონდა.

ვინც ეს ლექსი გამომცემლობაში მიიტანა, ის კაცი არის ყველაზე ბოროტმოქმედი, ავისმზრახველი როგორც ჩემ მიმართ, ასევე სახელმწიფოს მიმართ.
ბრალს ვდებ გამომცემლობას, მე რომ ცოცხალი ვარ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ. ჩემი არქივი მე მაქვს, ვიღაც ავისგანმზრახველმა მიასწავლა მაგათ, რომ მუზეუმში ინახებოდა ეს ავტოგრაფი. თუ ფაქსიმილე სჭირდებოდათ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ?

მე რომ თავად ცუდი განზრახვა მქონოდა, შემეძლო, მოდისიდენტო ჭკუანაღრძობი ხალხისათვის გადამეცა ეს ლექსი ან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე რაღაცას ჩავიდენდი საძრახისს...

შ. ნიშნიანიძე: ნ. ნადირაძე თვითონ ძალიან წუხს, სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს ისეთი ფაქტია და ამას ვამბობ, როგორც მოქალაქე, თავმჯდომარე, თქვენი კოლეგა, ეს იმდენად ამაზრზენი ფაქტია, არავითარი გამართლება არა აქვს.

ის შეძრწუნება, ჭირის ოფლში გავლა, რაც დაკავშირებულია ამ ლექსის წაკითხვასთან, არასოდეს დაავიწყდება იმას, ვისაც ეს ფაქტი გაახსენდება.
ჩვენ ნ. ნადირაძეს ვთხოვეთ, მოსულიყო სამდივნოზე, მაგრამ 93 წლის კაცი ფიზიკურად დაუძლურებულია და სკლეროზიც მოჭარბებული აქვს. ეტყობა, ამიტომ ვერ გამოცხადდა.

ჩვენ, როგორც მის კოლეგებს, სრული მორალური უფლება გვაქვს, ასეთი დანაშაულის, შეცდომის გამო ნ. ნადირაძე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გავრიცხოთ მწერალთა კავშირიდან. მაგრამ შემოქმედებითი ინტელიგენციისადმი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სათუთი და გულისხმიერი დამოკიდებულებით უნდა აიხსნას ის, რომ ამ ზომას არ მივმართავთ.

ვითვალისწინებთ რა ღრმა მოხუცის ზემოთ მოყვანილ აღსარების, მონანიების სიტყვებს, არ მივმართავთ ამ უკიდურეს ზომას.

ჯ. ჩარკვიანი: მე აღვშფოთდი, როცა ეს ლექსი წავიკითხე. ისეთი იდეური პოეტისგან, რომელსაც აქვს ლექსები "ლენინი", "მავზოლეუმი" და სხვა. არ მოველოდი ამგვარ პუბლიკაციას.

სკლეროზულ მოვლენებზე იყო ლაპარაკი. 77 წლის ასაკში, როცა ეს ლექსი დაიწერა, ცხადია, კარგად ვერ იქნებოდა ნ. ნადირაძე. ამასთან ერთად, ვფიქრობ, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნამ, სიყრმის მეგობარი პოეტის მწარე ბედის გახსენებით გამოწვეულმა აგზნებამ დააწერინა. იმასაც დავძენ: მუზეუმში უამრავი რამ ინახება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცეს. ისიც უნდა ითქვას: თავად საშინლად განიცდის ამ მდგომარეობას და ჩვენც მეტი რაღა უნდა ვუყოთ საცოდავ მოხუცს...

თ.ჭილაძე: ჩემი აზრი ემთხვევა შოთასა და ჯანსუღის აზრს. ნ. ნადირაძე შემთხვევითი პიროვნება არაა. ისეთი იდეური ლექსების ავტორისაგან, როგორიცაა მისი "წითელი მოედანი", "მავზოლეუმი" და სხვ. მართლაც საკვირველია ასეთი ლექსის დაწერა.

ეს არაა შეგნებული ნაბიჯი, რადგან მთელ მის ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ვიზიარებ ჩემი მეგობრების პოზიციას.

დაადგინეს: მწერალთა კავშირის სამდივნო გამოხატავს რა მთელი ქართული მწერლობის აზრს, უკიდურეს გულისწყრომას გამოთქვამს ზემოხსენებული ფაქტის მიმართ და სასტიკად კიცხავს ნ. ნადირაძეს ჩვენი ასეთი შერცხვენისთვის. (უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ფონდი@#8, ჩანაწერი #1, საქმე #3248, ფურცელი 30-33).

აი, ასეთი ბედი ეწია ამ ორ, გამორჩეულ ლექსს პოეტის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან და მათი ხელახალი გახსენება, ვფიქრობთ, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ცისფერყანწელთა შემოქმედება (მათი ცხოვრება და აღსასრული), ამ შემთხვევაში, კოლაუ ნადირაძის პოეზია, ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება პოეტმა (მიუხედავად ლიტერატურული სკოლებისა), გადაარჩინოს საკუთარ თავში პიროვნება და ეროვნული მრწამსი. დიახაც, ამ საკითხზე ღირს დაფიქრება და მსჯელობა, მით უფრო დღეს, რათა მსოფლიო გლობალიზაციამ ბოლომდე არ განგვაიარაღოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) ლალი ავალიანი, "ლიტერატურული წერილები", გამომცემლობა "მერანი", 1992წ.
2) კოლაუ ნადირაძე, "რაც ლექსად ვარ ვთქვი", გამომცემლობა "მერანი", 1984წ.
3) ტიციან, ტაბიძე, "ცისფერი ყანწებით" ჟურნალი "ცისფერი ყანწები". 2. 1916 წ.
4) დიმიტრი ბენაშვილი, "კრიტიკული ნარკვევები", ტომი I, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1967 წ.
5) "პოეტის ათასი სტრიქონი", გამომეცემლობა "მერანი". 1985 წ.
6) "კოლაუ ნადირაძე, "ერთტომეული", გამომეცემლობა მერანი". 1971 წ.