ნინო ჩხიკვიშვილი:  ბევრი არ მითქვამს მამულო შენთვის – კოლაუ ნადირაძე 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 

– გუშინ მის არქივს ვათვალიერებდი და მისი ლექსი, "აფხაზეთში", ვიპოვე. იმ ღამით კოლაუ მესიზმრა – თავისი ოთახის (სამუშაო) კედელზე გაკრულ ამ ლექსის (ორ გვერდზე ნაბეჭდ) გაგრძელებაზე მითითებდა: აუცილებლად მოძებნე და იპოვიო! მართლაც, მეორე დღეს ძველ ხელნაწერებსა და წერილებში ლექსის ადრეული, უფრო ვრცელი ვარიანტი აღმოვაჩინეო, მითხრა ქალბატონმა ნორამ, პოეტის მეუღლემ.

* * *

"აფხაზეთში" –  გახსოვთ ეს ლექსი?


კვლავ სამშობლოზე ჩაფიქრებულა პოეტი...


ლადო სულაბერიძე წერს ერთგან, კოლაუ ლექსსა და მამულზე ლოცვას შეაბერდაო!

და მართლაც ასე იყო.

* * *

მახსოვს, სადისერტაციო ნაშრომის იმ ქვეთავში, სადაც მის პატრიოტულ ლირიკაზე ვსაუბრობდი, თამაზ ჩხენკელის შეფასება მოვიშველიე: "არცერთ ქართველ პოეტთან არ გვხვდება სამშობლოს ისეთი ტრაგიკული და მტკივნეული განცდა, როგორც კოლაუ ნადირაძესთან. სამშობლო მისთვის ბედისწერაა და უკანასკნელი განსასვენებელია. სამშობლო მიწა, ადამიანი და უკვდავი სულია"; მახსოვს, ამიტომ... ერთ-ერთმა ოპონენტმა შემნიშნა: ასეთი განცხადება, ცოტა არ იყოს, უტაქტობააო!

ამ შემთხვევაში იქნებ ჩემი ოპონენტი მართალიცაა და შესაძლოა ბევრი მკითხველიც დაეთანხმოს, მაგრამ მე კვლავ მოვიშველიებ თამაზ ჩხენკელის ავტორიტეტს და კვლავაც გავიმეორებ: კოლაუ ნადირაძე ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია სხვა ცისფერყანწელთაგან... დიახ, სწორედ თამაზ ჩხენკელმა აღნიშნა, ათიანი წლების ქართულ ლირიკაში კოლაუ ნადირაძის "ოცნება საქართველოზე" , მხოლოდ გალაკტიონის "მამულს" თუ შეედრებაო.

აკაკი ბაქრაძე კი სწორედ ამ ლექსის გამო წერდა (საერთოდ კი მიიჩნევდა, რომ ქართული კრიტიკა ვალში იყო ამ შესანიშნავი ლირიკოსის წინაშე), ერთი შეხედვით, სურათი, რომელიც დახატულია ამ ლექსში ("ოცნება საქართველოზე"), ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მოუსვენარ ისტორიას, ტემპერამენტიან ხალხსა და ბუნებას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მოჩვენებითია, რადგან ამ ლექსში საქართველოს სულია გამოხატული. ამდენად, ყველაფერი – ნანგრევები, ცაცხვის ჩრდილები, გრილი ტაძარი, სამების შავი ხატი, წმინდა მამათა თაფლისფერი სახეები, დახავსებული სახურავები, ღვთისმშობლის სევდიანი თვალები – განუმეორებლად ქართულია, ოღონდ მათ სიმშვიდეს შარავანდედი ადგას. სიმშვიდე კი დაბადებულია ტრაგედიაგავლილი ერის მოწამეობრივი თავშეკავებით. ეს დარბაისლური სიმშვიდე და მოწამეობრივი მოთმინებაა საფუძველი კოლაუ ნადირაძის პოეზიით მოგვრილი ჩუმი მონატრებისაო... და რადგან ამდენი ვისაუბრეთ ამ ლექსზე, მინდა გაგახსენოთ კიდეც:

დავიწყებული ძველი ფონები;
შავი კედლები დიდ ციხეების;
ჩვენი დიდება მოსაგონები;
და ფართო ჩრდილი ცაცხვის ხეების.

შედიხარ ჩუმათ. გრილი ტაძარი...
მოთაფლისფერო სახე მამების.
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი;
და შავი ხატი წმინდა სამების.

ნიშანი ბედის – კარზე ნალები.
სახურავები დახავსებული.
და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები,
უმანკო სევდით ამოვსებული.

* * *

ერთი პოეტი წერდა: კოლაუ ნადირაძე წინა კაცია, ჩვენ ყველანი მის შემდეგ მივდივართ და მის გავლილ ბილიკებს, გზაშარებს, მაღალ ბორცვებს და მთაგრეხილებს ვერავინ ავცდებით, გვერდს ვერ ავუვლით, წინ დაგვხვდება მუდამო!

კოლაუ ნადირაძე, მეობა რომ გადაერჩინა, წარსულში გამოიკეტაო! – ესეც მითხრა ერთხელ ყანწელის მეგობრის, მიქელ პატარიძის ვაჟმა, საინტერესო მეცნიერმა, რამაზ პატარიძემ; და ვინ იცის... იქნებ მართლაც წარსულში გამოკეტვამ დააწერინა ლექსები: "წიწამურიდან საგურამომდე" "პატრიოტული ეკლოგა",  "დავით აღმაშენებელი",  "ორი მშვენება", "სამშობლოსადმი",  "სათქმელი ჩემი",  "კრწანისის ტრაგედია", "ასპინძის ომი",  "25 თებერვალი" და კიდევ სხვა ლექსები, ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა შევჩერდე ლექსზე "წიწამურიდან საგურამომდე"..

ლექსის დაწერის თარიღი საკამათოა, რადგან სხვადასხვა გამოცემაში 1936 წლითაა დათარიღებული და, თუ მართლაც 1936 წელს დაწერა, მაშინ რად გამოქვეყნდა ამდენი ხნის შემდეგ, 1940 წელს ჟურნალ "ჩვენი თაობის" საახალწლო ნომერში?!

თუმცა, შესაძლოა, ეს არგუმენტი არ გამოდგეს ლექსის ზუსტი თარიღის დასადგენად. შეიძლება პოეტის მეუღლის, ქალბატონი ნორას მოგონებაც სადავო გახდეს, თუმცა ახლა, ამდენი ხმის შემდეგ, ეს მონათხრობი სულ სხვა ელფერს იძენს:

"წიწამურიდან საგურამომდე" 1939 წელს, ჩვენი შეუღლების შემდეგაა დაწერილი. მე და კოლაუ საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში ვისვენებდით (მაშინ მწერალთა კავშირს იქ დასასვენებელი სახლი ჰქონდა გახსნილი. ნ.ჩ.). იქ გვიანობამდე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დავყავით. კოლაუმ ეს ლექსი წიწამურში დაწერა. შემდეგ, კარგად მახსოვს, დეკემბერი იქნებოდა, შინ გახარებული დაბრუნდა, მითხრა, დიმიტრი ბენაშვილი დამპირდა, ლექსს პირველივე ნომერში დაგიბეჭდავო (კრიტიკოსი დიმიტრი ბენაშვილი მაშინ ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქტორი იყო. ნ.ჩ.). მართლაც, 1940 წლის პირველსავე ნომერში დაიბეჭდა ლექსი და აქ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: ამავე ნომერში დიმიტი ბენაშვილი, ეტყობა, თავის დაზღვევის მიზნით, აქვეყნებს წერილს "მკითხველის" ფსევდონიმით (სავარაუდოდ, თვითონაა ამ წერილის ავტორი) და პოეტს ურჩევს, თანამედროვეობის ამსახველ მოვლენებსა და თემებზე წეროს.

როგორც ცნობილია, "წიწამურიდან საგურამომდე"  პავლე ინგოროყვას ეძღვნება და ეს მიძღვნა სიმბოლურ დატვირთვას იძენს (საერთოდ, კოლაუ ნადირაძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ამ ტიპის მიძღვნები), რადგან, ვიტყოდი, ყანწელები ყოველთვის უტყუარი ალღოთი გრძნობდნენ ჭეშმარიტ ერისკაცებს. ამგვარი ალღოს წყალობა იყო მათი თაყვანისცემა პავლე ინგოროყვასადმი... ცისფერყანწელმა პირველად ლექსი 1925 წელს მიუძღვნა.

* * *
ერთხელ კოლაუ ნადირაძემ პირად საუბარში თქვა: საოცარი კაცია პავლე ინგოროყვა, ზუსტად გრძნობს ქართულ სიტყვას. რა ქნა მაინც, რამ დააწერინა ასე ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ამბავი, თითქოს ახლიდან დაგვანახვა ბარათაშვილის გენიაო;

და აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო სხვა ყანწელთა მიძღვნა პავლე ინგოროყვასადმი: პაოლო იაშვილის ცნობილი ლექსი, პავლე ინგოროყვას", 1923 წლით დათარიღებული, ასევე 1923 წელს შექმნილი ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური ნიმუში; კოლაუ ნადირაძის ეს ლექსი კი, როგორც ირკვევა, მოგვიანებით დაიწერა, ერთგვარ გამოძახილად და სიმბოლურ მინიშნებად საქართველოს წარსულ დიდებასა და კიდევ იმაზე, რომ ილიას ხსენებისას უმალ გვაგონდება პავლე ინგოროყვას დამსახურება ილიას რეაბილიტაციის საკითხში (ვფიქრობ, სიმბოლურია ისიც, რომ ლექსი გამართულია 18-20-მარცვლიანი შაირით). აქვე უნდა ვახსენო ერთი მიძღვნაც, რომელიც წლების წინათ რამაზ პატარიძის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. კოლაუ ნადირაძის 1955 წლის "ლექსების" კრებულის პირველსავე გვერდზე ვკითხულობთ:

"პავლე ინგოროყვას

თქვენ, ძვირფასო და სახელოვანო მეგობარო, გიძღვნით ამ წიგნს. მე იმედი მაქვს, რომ ეს პატარა კრებული შესძლებს მცირედაც მაინც გამოსახოს ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რომელიც მუდამ ამკობდა ჩვენს ესოდენ ხანგრძლივ და მრავალი წლებით გამოწრთობილ მეგობრობას.

ქართველი ერისადმი თქვენი ფასდაუდებელი, თავგანწირული სამსახური, თქვენი შთაგონებული ოცნება და მომხიბლავი სილამაზე, თქვენი გმირული, ზნეობრივ-უმწიკვლო ცხოვრებისა, მარად თაყვანისცემისა და აღფრთოვანების საგანი იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის, რომელნიც ამჟამად უკვე აღარ არიან ჩვენთან. თუ თქვენს მკაცრ, შეუცდომელ გემოვნებას, თქვენს განუზომელ და წარმართულ სიყვარულს უკვდავი ქართული ენისა და ქართული პოეზიისადმი ამ წიგნში მოთავსებულ ლექსთა თუნდაც ერთი სტროფი მოჰგვრის მცირეოდენ სიამოვნებას – მე ბედნიერად ჩავთვლიდი თავს...

10.12. 1955 წ.

ნიკოლოზ ნადირაძე."

ამიტომაცაა ლოგიკური, თავისი პოეზიის მწვერვალი პავლე ინგოროყვას რომ მიუძღვნა (და მისი ნაბოლარა შვილი – ნუგზარიც რომ მას მოანათვლინა);


* * *
და არ შემიძლია, არ ვახსენო სერგო ზაქარიაძე. ვისაც მოუსმენია მის მიერ წაკითხული "წიწამურიდან საგურამომდე", ალბათ, დამეთანხმება, რომ ეს იყო მხატვრული კითხვის საუკეთესო ნიმუში. ყანწელსაც მიაჩნდა, რომ სერგო ზაქარიაძე გამორჩეული სიყვარულით კითხულობდა ამ ლექსს.

ერთხელ (ერთ-ერთ ინტერვიუში) ლამარა კიკილაშვილმა ჰკითხა – იქნებ იცით, როგორ მუშაობდა მსახიობი ამ ლექსზეო? და პოეტმა ისეთი პროფესიონალიზმით შეაფასა მსახიობის ნამუშევარი, რომ ბევრ თეატრმცოდნესაც კი შეშურდებოდა:

"იშვიათად მსმენია ლექსის ასეთნაირად კითხვა – რომ კაცი ლექსს კითხულობდეს ისე, როგორც პოეტი გრძნობს და განიცდის: არტისტულ კითხვაში ყოველთვის არის რაღაც ზედმეტი აფექტაცია, არის ისეთი მიმატებები, რაც არ სჭირდება ნამდვილ პოეზიას. პოეზიას სჭირდება ის სიმარტივე, ის გახსნილი, დამაჯერებელი მეტყველება, რომელიც ადამიანის გულის სიღრმემდე აღწევს. აი, ეს ჰქონდა სერგოს.

... მას სხვანაირი მიდგომა ჰქონდა, სურდა, ბოლომდე ჩასწვდომოდა ლექსს, პოეზიას... და, როგორც მოგეხსენებათ, ეს უნარი ბევრს არ შესწევს". –  წერს კოლაუ ნადირაძე.


* * *
კომუნისტური ცენზურის პირობებში, რადგან დაკვირვებული მკითხველი უმალ შეამჩნევს პოეტის სათქმელს, სტრიქონთა შორის "გადამალულს". საინტერესოა თვით სათაურიც. ყოველთვის, როცა კოლაუ ნადირაძეს ვუსმენდი, ვგრძნობდი, როგორ ცოცხლობდა პოეტის არსებაში ჩვენი ქვეყნის ისტორია. მაგონდება მისი საუბარი, 1988 წლის 5 ივლისს სტიქიურად რომ ჩამიწერია; პოეტი დავით აღმაშენებლის ეპოქას იხსენებს, მერე – თამარის მეფობის წლებს, მაშინდელ საქართველოს შენატრის: ეჰ, წავიდა ყველაფერი!.. ის ეპოქა. წავიდა თამარი და დაგვიტოვა რუსთაველი; ასე მგონია, უაზრობაა თამარის საფლავის ძებნა ბაგრატის ტაძარში, იერუსალიმშიც, ალბათ, შეუძლებელია მისი ნახვა, თუმცა, ხომ ამბობენ, ლაშას მიჰქონდა იერუსალიმში დედის კუბოო... ნუთუ რუსთაველთან? თუ რუსთაველი იმად გადაიხვეწა იერუსალიმში, რომ თამარიც იქ ეგულებოდა? მისი საფლავიც ხომ დაგვეკარგა. იქნებ ორივე იერუსალიმშია დასაფლავებული?!

წავიდა ყველაფერი!..

ჩვენი დიდებაც ჩაბარდა წარსულს!.. მაგრამ ერთი რამ მაინც იმედად მრჩება – საქართველო მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას, დიახ, ამას მთელი კულტურული კაცობრიობა მოითხოვს, რადგან ჩვენ ბევრი რამ გაგვიკეთებია საკაცობრიო მასშტაბით; სხვათა შორის, მარქსიზმიც საქართველოში დასამარდება!..

მერე თავი ჩაჰკიდა და დანანებით დასძინა: როგორები დავრჩით დღეს ქართველები?! არავითარი პატრიოტული გრძნობა. სრული გონებრივი სიღატაკე. ზნეობრივი და სულიერი ჩვენში აღარაფერი აღარაა, დღეს ქრისტესAოცდაათ ვერცხლად კი არა, შაურად გაყიდიან...

არადა, ქვეყნის დამოუკიდებლობას ერთიანობა სჭირდებაო!