კოლაუ ნადირაძე: ორი მშვენება  (ბაგრატის ტაძარი და გელათი)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

  ნინო ჩხიკვიშვილი:  
კოლაუ ნადირაძის ორი ლექსი: "წიწამურიდან საგურამომდე" და "1921 წლის 25 თებერვალი"
ბევრი არ მითქვამს მამულო შენთვის – კოლაუ ნადირაძე

  გოლიათებად ხართ ამართული
თქვენ, – ჩვენი ერის ორი მშვენება!
უმზერთ ერთმანეთს და მეჩვენება,
რომ ხართ წარსულზე ფიქრით გართული –
როცა ხარობდა
როცა გალობდა
მარად უკვდავი მიწა ქართული!
თქვენ გახსოვთ შუბი მძლედ შემართული,
აელვარება რაინდთა ხმლების,
მათი მერნების ველად ჭენება,
დიდი ბრძოლები, ზეიმის ხმები,
და ვაჟკაცური მკერდიდან სიტყვის –
ძლევამოსილი ქართული სიტყვის –
რუსთველის ენით ამომღერება!

ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგომი,
თბილისისათვის ამხედრებული,
დიდი დავითი – მებრძოლი ლომი,
შურისძიებით გამეხებული,
მტკიცედ რაზმავდა საომრად ჯარებს
აქ მან ილოცა რომ მიდიოდა...
მზე გამარჯვების ამოდიოდა,
ასხივოსნებდა ივერთა მხარეს,
და ჩვენი ბედი გაღიმებული
ისევ გვიღებდა დიდების კარებს.
ჩვენო გელათო, გუმბათი შენი,
დავითის სიბრძნით ამონაშენი,
ისევ ზვიადი და დიდებული,
რატომღაც მოჩანს ჩაფიქრებული.
ქარიშხალს შენს და ბაგრატის თავზე,
აბობოქრებულს საზარელ ხმაზე
ათასჯერ მაინც გადუქროლია,
მაგრამ სიავე, მტრობა, ვარამი
და კაეშანი გულშემზარავი
ქარიშხალს ისევ თან გაჰყოლია!
აქ პირველ გაჩნდა კერა სიბრძნისა,
ქართული აზრის, ქართულ სიტყვისა!
მაშ რა გაფიქრებს, რა დარდი გაწევს,
მხნედ გადამტანო ჟამთა სიავის?
თამარის შუქი გფარავს და გარწევს
მისი წამწამთა ნაზი ნიავი...
ვერავინ შესძრავს შენს ძალს და ღონეს –
უდიადესი წარსულის მქონეს.
ვინ არ სცემს თაყვანს გმირთა სამარეს,
დიდ წინაპართა მყუდრო სავანეს?
თვით უკვდავება მე მეჯერება,
როდესაც შორს მყოფს, ვით მოჩვენება
ჩემს თვალწინ ჩნდება თქვენი მშვენება!

1969 წ.