კოლაუ ნადირაძე: დავით აღმაშენებელს

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: ფილოლოგი ლელა კურტანიძე

დამხმარე მასალა:

ნინო ჩხიკვიშვილი:  
კოლაუ ნადირაძის ორი ლექსი: „წიწამურიდან საგურამომდე" და „1921 წლის 25 თებერვალი"
ბევრი არ მითქვამს მამულო შენთვის – კოლაუ ნადირაძე

 


 

განგებას რისთვის ევედრებოდი?
ნეტავ  რა  ბრალის გსურდა  შენდობა?
განა დაგდევდა შენ უბედობა?
და  საგალობელს სინანულისა,
როგორც ცოდვილი და მონა ღვთისა,
სამარის პირთან რისთვის ამბობდი?
დაუძლეველო ლომო იბერთა,
და  ბრწყინვალებავ  ტანჯული  ერის!
რად მიდიოდი თავდახრით ღმერთთან,
რას თხოვდი თითქოს ცოდვილის ენით?
ეგების იმას:–სამეფო შენი
ხმლითა და სიბრძნით რომ ადიადე?
რომ დგას მარადი თვისი მშვენებით
დიდი გელათი შენგნით ნაშენი?
რომ მტრის მახვილი რისხვით დაფშვენი.
და ბრძოლით მიხველ დარუბანდამდე?!
ეგების იმას, რომ კიდევ დღესაც
შენი სხივებით გვევსება გული?
რომ ისევ ვხედავთ დიდების მზესა,
და ისევ ცოცხლობს ჩვენი  წარსული?
რომ  სვეტიცხოვლის, ჯვარის, სიონის
და განათლების ლამპარს იცავდა,
გასმოდა მოთქმა მტკვრისა, რიონის,
და რკინის პერანგს მისთვის იცვამდი,
რომ  აღდგენილი მშობელი მხარე
შენ მიგეყვანა გამარჯვებამდე?!
უკვდავ სიყვარულს მთელ სიძლიერით,
საფლავშიც  ჩააქვს მზის ელვარება!
შენი ანდერძის დამცველი ერი
დღესაც შენს მკერდზე დაიარება –
ალბათ ეგ იყო განგების ნებაც:
რომ ჩვენს მამობას დღესაც  ეწევი...
ეს იყო შენი ნატვრაც, ოცნებაც
რვაასი წლის წინ ნაანდერძევი!
მაშ, ზეცას რაღას ევედრებოდი?
ნეტავ რა ბრალის გსურდა შენდობა?
განა დაგდევდა შენ უბედობა?
და საგალობელს სინანულისა,
თითქოს ცოდვილი მსახური ღვთისა,
უკვე მისული სამარის პირთან,
ნეტავ  ვიცოდე, რისთვის ამბობდი?