კოლაუ ნადირაძე  აფხაზეთში

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

ნინო ჩხიკვიშვილი:  
კოლაუ ნადირაძის ორი ლექსი: "წიწამურიდან საგურამომდე" და "1921 წლის 25 თებერვალი"
ბევრი არ მითქვამს მამულო შენთვის – კოლაუ ნადირაძე

 


 

დავშორდი ქართლის გადამწვარ ველებს

და იმერეთის მხარეს უცნაურს.

ოქროს წვიმები მიწას ასველებს

მეც ვუსმენ ოქროს წვიმების ხმაურს.

 

დავტოვე ფოთის უსაზღვრო სევდა

და მარტოობა დიდი გემების,

როცა ღამეებს მწუხარედ ხევდა

რისხვით მქუხარე საყვირის ხმები.

 

როგორც სიცოცხლე, როგორც ალერსი

ისეთი ტკბილი იყო ჰაერი;

მათრობდა გრძნობა უმხურვალესი

ჩემთვის უცნობი და სხვანაირი.

 

ვით შევარდენი, ჯერ დაუგეში,

ისევ ითხოვდა გაფრენას გული,

მხოლოდ ზღა იყო ჩემი ნუგეში

და მისი სივრცე გადაკარგული.

 

რამდენმა ფიქრმა, რამდენმა განცდამ

დაიმორჩილა ოცნება მაშინ,

როს თვალი ნაცნობ ნაპირებს ასცდა

და მზე ჩასვენდა ანთებულ ზღვაში.

 

როგორც ირემი მკერდში დაჭრილი,

გადმოვარდნილი მთებიდან ბარად, –

და ზღვის სივრცეში ვიყავ გაჩრილი

და მარტოობა მიმქონდა ფარად.

 

მენატრებოდა, მსურდა მენახა

მხარე უცნობი, მხარე ზღაპრული;

მე ეს სურვილი შემომენახა

ჩემს ბავშვობიდან გულში ჩაკრული.

 

და როცა შორით ცისფერ ტალღებში

ნაპირი მწვანედ ამოიმართა –

მე თითქოს ვიღაც შემიდგა მხრებში

და გული გახდა ზღვასავით ფართე!

 

ზვირთების სუნთქვა მარილიანი

სახეში მცემდა და გულს სწვდებოდა,

და აფხაზეთი ოქროთმიანი,

როგორც სიზმარი, ჩემს წინ დგებოდა.

 

და მშორდებოდა, ვგრძნობდი, თანდათან

ყოველი ფიქრი, ყოველი სევდა ...

თითქოს ვიდექი მედეას ბაღთან,

თითქოს ლაჟვარდი მირონს მასმევდა!

 

შორს, სადღაც სჭექდა „არგოს“ საყვირი

და, გათანგული სისხლით და მზითა,

შინ ბრუნდებოდა ელინთა გმირი –

კოლხეთის ოქრო გაჰქონდა ტვირთად!

 

ბრწყინავდნენ მთები, გამდნარი მზეში,

ნიავი სურნელს ფანტავდა მძაფრად,

შუქი სისხლისფრად სწვავდა სივრცეში

არგონავტების გაფრენილ აფრას.

 

აქ მოხდა, ალბათ, ნურადინ-ფრიდონ

და ტარიელის შეყრა პირველი!

ალბათ, აქედან ქაჯეთს გაფრინდა

წერილით ზანგი გასაკვირველი,

 

რომ წამოიღო შორიდან ამბად

პირბადის კიდე, – ტრფობის ნუგეში –

მსუბუქი, როგორც ღრუბლების ბამბა,

ამონაწები ცრემლის გუბეში.

 

ვინ არ ყოფილა სიცოცხლის მდომი,

მიწას ცახცახით არ დამხობია!

ან რომელ ვაჟკაცს, რომ იყოს ლომი,

გული ცრემლებით არ დალბობია!

 

და მეც ხომ მხოლოდ ვარ სიყვარული

და ამღერება ქართული მიწის!

ზეციდან ოქრო გადმოღვარულა

და ჩემი ტანიც ოქროში იწვის!

 

მეც ხომ იგივე გრძნობა მაწვალებს,

მე მინდა ვიყო ველად გაჭრილი!

მეც სიყვარული მიბრმავებს თვალებს

და სასიკვდილოდ დღეს ვარ დაჭრილი, –

 

მაგრამ მადლობით სავსე ვარ, რადგან

მიწაზე გავჩნდი, როგორც სულდგმული,

რომ დღე ნათელი გვირგვინად მადგა

და ზეცა მქონდა გულში ჩადგმული!

 

1927 წ.