კოლაუ ნადირაძე:  სათქმელი ჩემი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

ნინო ჩხიკვიშვილი:  
კოლაუ ნადირაძის ორი ლექსი: "წიწამურიდან საგურამომდე" და "1921 წლის 25 თებერვალი"
ბევრი არ მითქვამს მამულო შენთვის – კოლაუ ნადირაძე


 

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
 ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
 ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, –
 მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე-მლმობელმან“.

შოთა რუსთაველი

     
  რა მედარდება,
 რა მაღონებს,
 რა მამწუხარებს?!
რაც ადამიანს გააჩნია დასაკარგავი.
უძვირფასესი,
 უნეტარესი –  
– ეს ყოველივე აღარ არის.
ასევე სილა თითებს შუა
თითქოს უდნებათ
ზღვის პირას ბავშვებს,
უდარდელად რომ თამაშობენ.
მკვეთრად მომესმის გულის ცემა,
როცა შემოვა სიჩუმე ღამის,
და სარკმლის მინას
აეკვრება
შავი ზეწარი...
რა უცნაურად არ დაღლილა
ჯერ კიდევ გული –
ესოდენ ბრიყვი და უმეცარი!
მე ველოდები ყოველივეს,
რაც უნდა მოხდეს,
და ისე, როგორც
უძლიერეს მხარულით ვჭრიდი
რიონის ზვირთებს,
რიონის ლანქერს ჟამს გაზაფხულის,
როგორც ჩემს ღონეს,
და კუნთებს ვცდიდი
და მახარებდა
დაცვა ჩაგრულის,
ან ისე, როგორც
ჩემს მეტოქეს,
მოძულეს უღირსს
ვაძლევდი პასუხს
ძლიერი დარტყმით, –
ასევე ვხვდები გაბედულად
დასასრულს დღისა
უმტკიცეს აღთქმით!
კურთხეულ იყოს ყოველივე,
რაც განვიცადე,
რაც ახარებდა
ბავშვობას,
ყრმობას,
უმანკოებას,
როცა მჯეროდა,
რომ გზა ზურმუხტით მოჭედილი
ამოდის ცამდე,
რომ იქ სათიბებს
ულურჯეს ფერის
გააქვთ ბიბინი
და სერაფიმთა
ხმაშეწყობით
იქ გუნდი მღერის
და თუ მშობლების ვიქნებოდი
დამჯერი ბავშვი,
შემეძლებოდა
იქ სირბილი და იქ თამაში.
მუხთალს და ჯაბანს არ ჰქონია
საერთო ჩემთან!
არ მიჭამია მათთან პური,
არ მისვამს ღვინო!
არც მეგობრობა
არ მქონია
არამზადებთან,
ჩემი სამშობლოს
გამცემლებთან
სამშობლოს მტრებთან.
და თუმცა უკვე მივაღწიე
სამოცდაცხრა წელს, –
მე ახლაც შემწევს
გნებავთ სიტყვით,
თუ გნებავთ მკლავით
პასუხი გავცე
ყოველ სულმდაბალს,
ორგულს და გამცემს
სისხლში გასვრილი
არ ყოფილა
ხელები ჩემი,
არ მიძებნია წარჩინება,
ჯიღა და ჯილდო.
არ დავჩოქილვარ,
როგორც მონა
არვის წინაშე.
არ მაკვირვებდა
არც სიმდიდრე,
არც უქონლობა,
თუმცა ორთავე
მე საკმაოდ
მაქვს გამოცდილი.
ტანჯვის, ტკივილის
გადატანაც იყო ადვილი,
რადგან მე მწამდა
მხოლოდ ერთი
ღმერთი ნამდვილი,
მხოლოდ ერთი,
ნამდვილი ღმერთი:
ჩემი მამული
მისი ენა,
სიტყვა ქართული –
ჩემს სულში ტკბილად
ჩადენილი
და გამართული...
მას ვანაცვალე,
და შევწირე
რაც კი მებადა:
ჩემი ოცნება,
ფიქრი, ცრემლი
და ჩემი გული –
შევწირე, რათა ყოფილიყო
მხნე და დღეგრძელი...
და ნუ დამძრახავთ,
მაპატიეთ, რაც ვერ შევძელი!
აი, ამიტომ
რა მადარდებს,
რა მაღონებს,
რა მამწუხარებს?!
როგორც ოდესღაც
ჩემს მოძულეს
ვაძლევდი პასუხს
ძლიერი დარტყმით, –
ისევე ვხვდები დღის დასასრულს
უმტკიცეს აღთქმით!

1964 წ.