კოლაუ ნადირაძე: კრწანისის ტრაგედია

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

ნინო ჩხიკვიშვილი:  
კოლაუ ნადირაძის ორი ლექსი: "წიწამურიდან საგურამომდე" და "1921 წლის 25 თებერვალი"
ბევრი არ მითქვამს მამულო შენთვის – კოლაუ ნადირაძე

 


 

1.      ბრძოლის მეორე დღე

 

მოველ კრწანისზე. მტკვრისა ნაპირზე

ჩუმად ჩამოვჯექ ფიქრში გართული,

და ჩემს წინ, ველად, ბრძოლის საყვირზე

ისევ დაიძრა ჯარი ქართული.

 

სადღაც ჰაერში იწივლა ხმალმა

და ფარზე შუბმა ელვა გაკვესა,

მაგრამ გაფანტა აჩრდილი ქარმა

და წეროების გაისმა კვნესა.

 

გახსოვს ეს კვნესა, ველო კრწანისის?

ო, მოიგონე დღე ნისლიანი,

შენ კვლავ მოისმენ ტყვიების სისინს,

კვლავ მოგესმება ჯავშნის ზრიალი.

 

დღე ნისლიანი დგებოდა ნელა,

აფრინდა მძიმედ ფშანიდან ყანჩა,

ნისლმა სერები ჩამოაბნელა,

ნისლმა დანისლა დროშების ფარჩა.

 

და მაშინ, როცა გაისმა მკვეთრად,

როგორც გოდება წეროთა კვნესა -

სამასი ხმალი გაშიშვლდა თეთრად,

სამასი ელვა დაეცა ველსა.

 

დაღამდა. ბინდი მძიმედ დაჰკვროდა

ქარით გაწვენილ ყვავილებს ამ დროს,

კრწანისის ველზე ცხენი დაჰქროდა

და დაეძებდა ჭიხვინით პატრონს.

 

გამხმარ ბალახზე, ძეძვის ეკლებზე

სისხლის წვეთები ეკიდნენ მაშინ.

მგლები ღმუოდნენ მდუმარ ველებზე

და წეროები ტიროდნენ ცაში.

 

2.    სამას არაგველს

 

სამასჯერ მინდა მიწას ვემთხვიო,

სამასჯერ მუხლი მოვხარო მინდა,

აქ, სადაც სისხლი თქვენ დაანთხიეთ,

აქ, სადაც შეწყდა სულისთქმა წმინდა.

 

როს ქარიშხალი, ავდრიან დილით,

გაცოფებული მძვინვარებს ველზე,-

ეგ თქვენ ყიჟინით, ხმალამოწვდილნი,

შემუსვრად მიდიხართ მტრებზე,

და კვლავ მიღელავს ბალახზე, ქვებზე

თქვენი ხმლების და შუბების ჩრდილი.

 

გაზაფხულს ველი მუდამ მოელის,

რომ მზე სხივებით მიდამოს ჰფენდეს

და თქვენი სისხლის წვეთი ყოველი

ამოყვავილდეს და ასურნელდეს.

 

და როცა დგება დღე ნისლიანი,

კვლავ მომესმება აურზაური:

თქვენი შეტევის ხმა რისხვიანი

და თქვენთა ხმალთა ჩეხვის ხმაური.

 

მომელანდება ფაფარაყრილი

ბედაურების ველად ქროლება,

შუბი ტარამდე მკერდში გაყრილი

ჯავშანთ ჯახანი და შებრძოლება.

 

მაგრამ თქვენ გძინავთ და თქვენს გარშემო

დღეს უდარდელად ჰყვავის ბუნება.

მხოლოდ ამ ველზესისხლი არ შრება,

და თქვენზე ფიქრი არ იკურნება.

არ იკურნება განუკურნელი

გულში ჭრილობა და თაკარება!...

 

სამასჯერ მინდა მიწას ვემთხვიო.

სამასჯერ მუხლი მოვხარო მინდა

აქ, სადაც სისხლი თქვენ დაანთხიეთ,

აქ, სადაც შეწყდა სულისთქმა წმინდა.

 

     
 

3.    შავნაბადაზე

 

 

„ი. გურამიშვილმა და მისმა მეგობრებმა ფიცი დასდეს შავნაბადაზე დახოცილიყვნენ  ბრძოლაში და,  დასტურად ამისა, აიღეს სამი თითით მიწა და შეჭამეს იგი“.

 

       
 

  შავნაბადიდან მტკვრისა ნაპირებს

გადაუქროლებს ქარი.

ის თითქოს ამბის თხრობას აპირებს,

ჩემს წინ შედგება წამით.

მაგრამ შორიდან გამონატყორცნი

ყურთან იწივლებს შუბი.

ძირს დავემხობი, მიწას დავკოცნი,

შუბმა განგმიროს შუბლი!

 

დაღამებამდე კრწანისის ველზე

ბორგავს სისხლი და ცეცხლი,

მკერდგადაფხრეწილ ხანების წელზე

ბრწყინავს სპარსული ვერცხლი.

 

და, როგორც თვალი სპარსელი ქალის,

ვით ნაპერწკალი ღამით.

შორით გაელავს ხოროსნის ხმალი

მორწყული სისხლის ნამით.

 

და მაშინ, როცა ნისლი დადნება

და ხმა მოაღწევს ცუდი,

საბედისწერო წუთი დადგება,

მსხვერპლის გაღების წუთი.

 

სისხლიან ველზე კიდიდან - კიდით

ქარი ბალახებს ჩეჩავს.

სიკვდილის ფიცს ვდებ და სამი თითით

მშობლიურ მიწას შევჭამ!

 

4.      მოკლული არაგველის სიტყვა

როდესაც კრწანისს ნაომარს, ნაჯეგს

მზე გაუნათებს ნაპირს, -

მკვდრეთით აღვდგები და ისევ დავჭექ

ჩვენი დიდების საყვირს.

 

მახვილი ხელით, მკერდსისხლიანი

გავეშურები მცხეთას,

სადაც ერეკლეს კაეშნიანი

სდარაჯობს ქართლის დედა.

მივალ და ვკადრებ: სინათლე თვალთა,

ჩვენო ტანჯულო დედავ,

გადამაფარე ეგ შენი კალთა -

მე ამის თხოვნას ვბედავ.

 

ო, მე იქ მომკლეს, სადაც სამასი

შენი დაეცა შვილი,

მე მათთან ერთად შენ რძე შემასვი,

ნანა მიმღერე ტკბილი.

 

მე არაერთხელ მომკვდარვარ ასე,

სხვაგან და სულ სხვა დროში:

დიდი თამარის ბრძანების ხმაზე

ჩვენ მივდიოდით ომში.

ის, ფეხშიშველი, ეკლიან გზაზე

წინ მიგვიძღოდა დროშით...

 

მკვდრეთით აღვმდგარვარ, რომ სიყვარულით

კიდევ მოგაპყრო თვალი.

არ ინაცრება ეს ჩემი გული

და არ ჟანგდება ხმალი.

 

რაც ნაისრალი მკერდს დასჩენია -

სულს ნეტარებას ჰგვრიდა.

მე არასოდეს შემირცხვენია

შენი სახელი წმინდა.

 

იხილე ჩემი სახე და მკერდი -

გულში რომ შვება გაჩნდეს.

ვერ ნახავ, თუნდაც ჭრილობა ერთი

ზურგში დარტყმული მაჩნდეს.

 

აქეთ წამოველ, რომ კვლავ მენახე,

შენთან მოვბედე მცხეთას.

ისევ გვინათებს ეგ შენი სახე,

ჩვენო უკვდავო დედავ.

 

და როცა კრწანისს ნაომარს, ნაჯეგს

მზე გაუნათებს ნაპირს, -

ისევ აღვდგები და ისევ დავჭექ

ჩვენი დიდების საყვირს!

 

1953 წ.