ლია წულაძე: აკადემიური წერა

 

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

თემა III. ანალიტიკური რეფერატი  

სარჩევი

 

 

 

ანალიტიკური რეფერატი წარმოადგენს აკადემიური წერის ჟანრს, რომლის მიზანია დებატის არსის წვდომა და წერილობითი ფორმით გადმოცემა, სტუდენტისათვის შერჩეული ორი ან სამი სტატიის საფუძველზე. თავის სტრუქტურით ანალიტიკური რეფერატი ძლიერ წააგავს კრიტიკას, იმ განსხვავებით, რომ თუ კრიტიკის წერისას სტუდენტი ერთ სტატიას განიხილავს, აქ უკვე ორ, ზოგჯერ კი სამ სტატიასთანაც აქვს საქმე. როგორც წესი, ეს არის ორი ან სამი სხვადასხვა ავტორის სტატია გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით და მათ ამ საკითხის მიმართ განსხვავებული პოზიცია უკავიათ. სტუდენტი ახდენს მოცემული სტატიების შედარებით ანალიზს და გამოხატავს საკუთარ პოზიციას ავტორების მიერ განხილული საკითხის მიმართ. მაგრამ უმთავრესი განსხვავება ანალიტიკურ რეფერატსა და კრიტიკას შორის მაინც ისაა, რომ თუ ეს უკანასკნელი იზოლირებულად იწერება ანუ სტუდენტი მხოლოდ ერთი სტატიის ანალიზითა და შეფასებით შემოიფარგლება (თუმცა კი მისი პოზიციის განმტკიცებისათვის სხვა ავტორთა შეხედულების დამოწმებას ახდენს), ანალიტიკური რეფერატის შემთხვევაში ის მოცემულ სტატიებს არა იზოლირებულად, არამედ შესაბამისი დისციპლინის თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ჭრილში განიხილავს, ანუ უნივერსალიზაციას თუ კონტექსტუალიზაციას ახდენს. შესაბამისად, ანალიტიკური რეფერატის სტრუქტურა შემდეგ სახეს იძენს:

 

შესავალი: ავტორთა პოზიციების მოკლე შეჯამება;
კონტექსტუალიზაცია.

 

ძირითადი ნაწილი: I. წარმოდგენილ სტატიებში განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი; ძალიან მოკლედ თითოეული ავტორის არგუმენტი მასთან დაკავშირებით; თქვენს მიერ ავტორთა მოსაზრებების შეფასება და საკუთარი პოზიციის წარმოდგენა.

 

II. წარმოდგენილ სტატიებში განხილული მეორე მნიშვნელოვანი საკითხი; ისევ მოკლედ თითოეული ავტორის არგუმენტი მასთან დაკავშირებით, რასაც თქვენივე შეფასება მოსდევს.

 

III. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა - ავტორთა პოზიციების ანალიზი თქვენი კომენტარებით და ა.შ.

 

დასკვნა: საკუთარი შეფასებების შეჯამება და საბოლოო რეფლექსია.

 

ამდენად, ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ ანალიტიკური რეფერატის სტრუქტურა, შემდეგი ელემენტების გამოყოფას შევძლებთ: შეჯამება, კონტექსტუალიზაცია, ანალიზი, შეფასება და რეფლექსია.

 

აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ: სტუდენტები ხშირად სვამენ შეკითხვას, თუ როგორ გააანალიზონ სტატიები - ჯერ ერთი ავტორის შეხედულებები განიხილონ და მერე - მეორისა, თუ ის საკითხები გამოყონ, რასაც ორივე/სამივე ავტორი განიხილავს და ამის საფუძველზე თემატურად გააანალიზონ სტატიები. აკადემიური წერის სპეციალისტები გვირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ აკადემიურ წერაში მრავლად მოიპოვება ორივე შემთხვევის ნიმუშები, უმჯობესია თემატურად გავაანალიზოთ სტატიები და არა ავტორების მიხედვით, რადგან ანალიტიკური რეფერატის უმთავრესი მიზანია ფოკუსირება მოახდინოს პრობლემებზე და დებატებზე მოცემულ დისციპლინაში და სწორედ ეს ფოკუსი განაპირობებს იმას, რომ მისი უმთავრესი კომპონენტია კონტექსტუალიზაცია.

 

უფრო დეტალურად გავეცნოთ ანალიტიკური რეფერატის სტრუქტურის შემადგენელ თითოეულ ნაწილს.

 

ჯერ კიდევ კრიტიკის ჟანრზე საუბრისას, განვიხილეთ სტატიის შეჯამების ტექნიკა, რაც პერიფრაზით იწყება (რათა თავიდან ავიცილოთ პლაგიატი) და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენს ავტორის იდეების მოკლედ შეჯამებას, კრიტიკული კითხვის ტექნიკის გამოყენების კვალდაკვალ; კრიტიკული კითხვის ტექნიკის გამოყენება კი აუცილებელია იმიტომ, რომ მხოლოდ ის იძლევა საშუალებას, ღრმად გავაანალიზოთ ავტორის იდეები, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია მათი ადეკვატური შეჯამება.

 

სავარჯოშო №1: პედაგოგი აძლევს სტუდენტებს ორ სტატიას, რომელზეც მომავალში ანალიტიკური რეფერატი უნდა დაწერონ და სთხოვს მათ პერიფრაზირებასა და შეჯამებას.

 

ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ
ქენეთ მოტი (ცნობილი პედაგოგი)

 

 

ნიჭიერს ვუწოდებ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ფლობენ რაიმე განსაკუთრებულ თვისებასა თუ შინაგან უნარს, რაც არაერთმა ტესტმა თუ დაკვირვებამ დაადგინა და ვინც ავლენს ინტერესს და აღწევს წარმატებას ფიზიკურ, ინტელექტუალურ თუ არტისტულ სფეროებში.

 

ეს შეიძლება იყონ ბავშვები, რომლებიც ნიჭიერი ათლეტები არიან, მაგრამ უჭირთ აკადემიური საგნების ათვისება, ანდა სტუდენტები, რომლებიც არ გამოდგებიან ათლეტებად, მაგრამ ძალიან კარგი ინტელექტუალური მონაცემები აქვთ. „ნიჭიერი” შეიძლება ეწოდოს საშუალო გონებრივი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეს, რომელმაც იშვიათი უნარი გამოავლინა მუსიკასა თუ ხელოვნებაში, ანდა ბავშვს, რომლის IQ 135 აღწევს და ყველაფერში წარმატებულია.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ნიჭიერ ბავშვებთან? მტკიცედ მწამს, რომ აუცილებელია მათი დაჯგუფება შესაბამისი ინტერესებისა და უნარების მიხედვით და ისეთ პროგრამებში ჩართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი უნარების მთელი სისრულით გაღვივებას.

 

ამ დაჯგუფებას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული საგნების მიხედვით დაჯგუფების ფორმა დაწყებით კლასებში; ასეთ შემთხვევაში კლასი ჰეტეროგენულად არის დაჯგუფებული დღის უმეტეს ნაწილში, მაგრამ დროდადრო, სპეციალური ინსტრუქტაჟის მიღების მიზნით, საგანგებო ინტერესებისა თუ უნარების ჯგუფებად იქნება დაყოფილი. მაღალ კლასებში მოსწავლეები შესაძლოა დაჯგუფებულ იყვნენ ჩვეულებრივ კლასებად, ოღონდ სხვადასხვა საგნობრივი პროფილის მიხედვით, გარკვეული ინტერესისა და ცოდნის ფლობის (არფლობის) შესაბამისად.

 

ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი ნიჭიერთა დაჯგუფების წინააღმდეგ, ინტელექტუალური სნობების კასტის შექმნის საშიშროებაა. შესაბამისად, ზოგ პედაგოგს ეშინია, რომ საშუალო და სუსტი სტუდენტები საკუთარ თავს არასრულფასოვნად ჩათვლიან. თუ ნიჭიერთა შესახებ ჩემი დეფინიციით ვიხელმძღვანელებთ, ეს შიში უსაფუძვლო იქნება. სკოლები ხომ წლების განმავლობაში აჯგუფებენ ნიჭიერ ათლეტებს. მიუხედავად ამისა, რამდენი ათლეტი მიიჩნევს საკუთარ თავს ელიტის ნაწილად? განა ეს ათლეტები ზემოდან უყურებენ სხვა მოსწავლეებს? მათი აშკარა უმრავლესობა ასე არ იქცევა.

 

რამდენი „ნიჭიერ ბავშვთა წრეა” მეტყველებაში, მუსიკაში, ხელოვნებასა და ჟურნალისტიკაში. სკოლებმა სიამოვნებით დააჯგუფეს ნიჭიერი ბავშვები ამ სფეროებში, ყოველგვარი მავნე შედეგის გარეშე. ჩემი დაკვირვებით, ნიჭიერ ორატორთა, მუსიკოსთა, მხატვართა და მწერალთათვის მათი ნიჭის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, არ აღვივებს შურს ან არასრულფასოვნების გრძნობას ნაკლებ ნიჭიერ სტუდენტებში.

 

თუ პედაგოგებს გულწრფელად სურთ ხელი შეუწყონ ინდივიდუალურ განვითარებას, მათ არავითარი საფუძველი არა აქვთ ეშინოდეთ ნებისმიერი სახის დაჯგუფებისა. სწორედ მასწავლებელი და არა კლასის ორგანიზების ტიპი განსაზღვრავს სტუდენტების განწყობას ინდივიდუალურ განსხვავებათა მიმართ. სანამ შეეცდება შესაბამისი განწყობის დამკვიდრებას, პედაგოგმა ამ განსხვავებათა მიმართ საკუთარი განწყობის კრიტიკული ანალიზი უნდა მოახდინოს.

 

თუ ნიჭიერი და არანიჭიერი მოსწავლეების ჯგუფს მცდარი წარმოდგენა ჩამოუყალიბდება საკუთარ თავზე, ეს, ალბათ, მასწავლებლების, მშობლების ან ადმინისტრატორების ბრალია. ღრმად მწამს, რომ თუ მასწავლებლები პატივს სცემენ ინდივიდუალურ ღირსებას, თუ ისინი აღვივებენ ინტერესებს ახალგაზრდებში, თითოეული მოსწავლე წარმატებით განავითარებს საკუთარ უნარებს. უბრალოდ მომხრე ვარ, რომ მსგავსი ,,ნიჭით” დაჯილდოვებულნი ერთად იყონ და სიამოვნება მიიღონ ამ ერთიანობისაგან.

 

ბევრი პედაგოგი ეწინააღმდეგება ნიჭიერთა დაჯგუფების იდეას, რადგან მიაჩნია, რომ ეს ვერ ახდენს არსებით გავლენას შედეგებზე. პილოტაჟური გამოკვლევა აჩვენებს, რომ არსებით ცვლილებები არ არის თუ ბავშვები დაყოფილნი არიან ნელ და სწრაფ კლასებად. ისიც ფაქტია, რომ პილოტაჟურ გამოკვლევათა უმრავლესობაში ბავშვები დაჯგუფებულ იყვნენ მათი IQ ქულების მიხედვით, რომლებიც ნაკლებ სანდოა, დასკვნები კი დამყარებულია მიღწევის ქულებზე, რომლებიც ზომავს მხოლოდ ოსტატობას ან კონკრეტულ დეტალს. სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე სანდო ინსტრუმენტი ისეთ სფეროებში განვითარების გასაზომად, როგორიცაა შემოქმედება, განწყობები, ლატენტური ინტერესი და ნიჭი, აგრეთვე, შინაგანი უნარი.

 

ჩემი შეხედულების თანახმად, რომელიც ემყარება 10 წელზე მეტ გამოცდილებას საკლასო ოთახში, სწავლის პროცესი გაცილებით წარმატებულია, როცა ინდივიდები დაჯგუფებულნი არიან მათი ინტერესების და უნარების შესაბამისად, მოტივირებულნი და შთაგონებულნი არიან სასკოლო სამუშაოთი.

 

ჰეტეროგენული საკლასო ოთახები ხშირად ფრუსტრაციას იწვევს იმ ბავშვებში, რომლებიც მუდმივად ჩამორჩებიან უმრავლესობას. ფრუსტრაცია მაშინაც ჩნდება, როცა ნიჭიერ ბავშვებს არ ეძლევათ შესაბამისი სასკოლო სამუშაო, რაც ხშირად ხდება ჰეტეროგენულ საკლასო ოთახებში.

 

ნაკლებად მაქვს იმის შიში, რომ ნიჭიერი მოსწავლეები უკან დაიხევენ, ვინაიდან მათ თავიანთ შესაძლებლობებზე მეტს მოსთხოვენ, რადგან მჯერა, რომ მასწავლებლების უმრავლესობას შესწევს უნარი იგრძნოს ზღვარი მოსწავლისადმი წაყენებული მოთხოვნებისა. მეორე მხრივ, მჯერა, რომ ნიჭი არ უნდა დაიკარგოს მარტო იმიტომ, რომ ნიჭიერ მოსწავლეს უწევს ლოკოკინის ტემპით მოძრაობა, ანდა პირველია მათ შორის, ვისაც ნაკლები უნარები აქვს.

 

რამდენიმე ჩემთვის ნაცნობმა სკოლამ დააჯგუფა ნიჭიერი ბავშვები საკითხავი პროგრამის მიხედვით (ჩვეულებრივ ერთი საკლასო ოთახი იყოფოდა მკითხველთა 3-4 ჯგუფად და მასწავლებელს უწევდა თითოეული ჯგუფისათვის შესაბამისი დროის გამოყოფა). ექსპერიმენტი გულისხმობდა სხვადასხვა საკლასო ოთახებიდან ნელი მკითხველების ერთ ოთახში მოთავსებას, საშუალო მკითხველებისა - მეორეში და სწრაფი მკითხველებისა - მესამეში. თითოეულ საკლასო ოთახს ჰყავდა ერთი მასწავლებელი, მაგრამ მას აღარ უწევდა ყურადღების გადანაწილება სხვადასხვა ჯგუფებზე. საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა კლასი, რომელსაც ძველი წესით ასწავლიდნენ.

 

ორი წლის შემდეგ, მკვლევერებმა აღმოაჩინეს საგრძნობი საერთო პროგრესი ექსპერიმენტული ჯგუფის ყველა დონეზე. ზოგი ნელი მკითხველი შეუერთდა საშუალო მკითხველთა ჯგუფს და ზოგი საშუალო მკითხველი გადავიდა სწრაფ მკითხველთა ჯგუფში.

 

დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი შედეგების მიღწევა შესაძლებელია საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებში, მათემატიკასა თუ ინგლისურში. ინტერესისა და/თუ უნარის დონეების რაოდენობის შემცირებით, მასწავლებელს შეუძლია მეტი გააკეთოს ინდივიდუალური ზრდის დასახმარებლად.

 

თუმცა არ ვთვლი, რომ ბავშვები უნდა განიხილებოდნენ იმ რესურსის სახით, რომელსაც ფორმა უნდა მიეცეს საზოგადოების მოთხოვნილებების შესაბამისად, მჯერა, რომ როგორც ინდივიდები, ისინი დაჯილდოვებულნი არიან გარკვეული თვისებებითა და უნარებით - ბუნებისაგან ბოძებული „ნიჭით,” რაც მათი პოტენციური წარმატების მაჩვენებელია. სადაც ბავშვებს ერთნაირი „ნიჭი” აქვთ, მათ ერთად მუშაობისა და სწავლის საშუალება უნდა მიეცეთ.

 

ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები ერთად უნდა სწავლობდნენ
ბრუნო ბეტელჰაიმი (ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი)

 

 

არგუმენტი, რომ ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ, ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში მათი ინტელექტუალური ზრდა ფერხდება იმის სწავლებით, რაც ჩვეულებრივი ბავშვისთვისაა გათვალისწინებული.

 

უდავოა, რომ სპეციალურ კლასებს ნიჭიერი ბავშვებისათვის, შეუძლია დაეხმაროს მათ უფრო ადრე დაამთავრონ სწავლა და დაიკავონ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში. მეორე მხრივ, ასეთი მოსწავლეების ჩვეულებრივი საკლასო ოთახებიდან გაყვანამ, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც მათ, ისე საზოგადოებას.

 

გვეუბნებიან, რომ ჩვეულებრივ საკლასო ოთახში ნიჭიერი ბავშვი კარგავს ინტერესს სწავლისადმი. ეს საჩივარი უფრო ხშირად უფროსებისაგან - მშობლებისა და პედაგოგებისაგან გვესმის, ვიდრე თავად მოსწავლეებისაგან. ამის საფუძველზე, ზოგიერთი მშობელი და პედაგოგი მიდის დასკვნამდე, რომ ნიჭიერი ბავშვებისათვის სპეციალური კლასები უნდა არსებობდეს.

 

თუმცა ზოგი მოწინავე მოსწავლე მართლაც წუწუნებს, რომ ინტერესს კარგავს სკოლაში, ამის მიზეზი გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე სკოლის სამუშაო. თუ გრძნობების ფსიქოანალიტიკური შესწავლა ვალიდურია, მობეზრების გრძნობა ჩნდება, როგორც დაცვითი მექანიზმი აღელვების გრძნობის წინააღმდეგ. მოგბეზრდეს ნიშნავს აღელვებული იყო. მოსწავლე, რომელსაც მობეზრდა სწავლა, არის ადამიანი, რომელიც ვერ უმკლავდება საკუთარ აღელვებას. სინამდვილეში, მან უნდა სთხოვოს მასწავლებლებს, რომ მუდმივად დაკავებული ამყოფონ სწავლითა და ინტელექტუალური შეჯიბრით, და ის აღარ იგრძნობს აღელვებას. ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც მობეზრდა, არის აღელვებული ბავშვი. მისი ნევროზული დაცვითი მექანიზმების კვება შესაძლოა საზოგადოების გარკვეულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს, მაგრამ ნევროზის კვება არ ეხმარება მას, როგორც ადამიანს. ფსიქოლოგია, ბუნების მსგავსად, არ უშვებს ვაკუუმს. თუ მოსწავლეს არ აინტერესებს მასალა იმიტომ, რომ ადვილად ითვისებს მას, შედეგი არ იქნება აუცილებლად მობეზრება. სხვა ინტელექტუალურ ინტერესებს შეუძლია თავისუფალი დროის შევსება. ნუთუ აზრიანია ვიფიქროთ, რომ ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ მხოლოდ კურიკულუმის წნეხის ქვეშ?

 

რამდენიმე წლის წინ თავად დავაკვირდი, თუ რა დაემართათ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც სპეციალური კერძო სკოლიდან, სადაც სწავლის ძალიან სწრაფი ტემპი და ძლიერი კონკურენცია იყო, გადაიყვანეს კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სახელმწიფო სკოლაში, სადაც სკოლის სამუშაო იმდენად მარტივი უნდა ყოფილიყო მათთვის, რომ „ინტერესი დაკარგვოდათ.”.

 

დაკვირვებამ გამოავლინა საინტერესო განვითარება ახლადგადმოსულ ახალგაზრდებში. სპეციალურ სკოლაში ნიჭიერი ბავშვებისათვის, ისინი საკმარისად ვერ იყენებდნენ კრიტიკული შეფასების უნარს და უმეტესად მასწავლებლების მიერ არჩეულ მიმართულებას მისდევდნენ. უფრო ნელი ტემპის მქონე სკოლაში, სადაც აღარ ეშინოდათ ჩამორჩენისა, მათ სპონტანური რეაგირება დაიწყეს მრავალ პრობლემაზე, რომელთაგან ზოგიერთი არც კი იყო შეტანილი სასკოლო პროგრამაში. მათ ისწავლეს ცხოვრების, ხელოვნების, ლიტერატურის და სხვა ადამიანების უფრო მეტად დაფასება. აღარ იღლებოდნენ რა რთული დავალებების მზადებით, მათ რჩებოდათ ენერგია, რომ გაეფართოებინათ ინტერესები და უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ საკითხს.

 

გახანგრძლივებული და დაცული უსაფრთხოება, შესაძლოა, საუკეთესო სამზადისი იყოს რთულ ინტელექტუალურ პრობლემებთან გასამკლავებლად. რადგან ნიჭიერი ბავშვი ადვილად სწავლობს, მას ეუფლება უსაფრთხოების გრძნობა ჩვეულებრივ კლასში.

 

მეორე მხრივ, თუ ასეთ ბავშვს მოათავსებენ სპეციალურ კლასში, სადაც სწავლა მისთვის მარტივი არ არის, სადაც ის საშუალო მოსწავლეა ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს შორის, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ საშუალო შესაძლებლობები აქვს და ვერ შეეჭიდება რთულ ამოცანებს; რაც ხშირად ხდება.

 

მეორე არგუმენტი, რომლის თანახმად, ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ, ამტკიცებს, რომ განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვების საკლასო ოთახიდან გაყვანა ამცირებს საშუალო მოსწავლეთა აღელვებას. შესაძლოა ეს ასეა; მაგრამ როგორ უნდა გადავლახოთ აღელვება, თუ არა მათთან მეგობრული თანამშრომლობის გზით, ვინც ჩვენზე მაღლა მდგომად გვეჩვენება, ამ შემთხვევაში, ვინც ჩვენზე უკეთ სწავლობს.

 

დღეს, ძალიან ბევრ დიდ ქალაქში, მოსწავლეებს, რომლებიც ჩამორჩებიან აკადემიურ პროგრამებში, უუნაროდ მიიჩნევენ. სინამდვილეში, მათი უმრავლესობა ღარიბი, დაბალი კლასის ოჯახებიდანაა. ცხოვრობენ რა იმ ახალგაზრდების გარემოცვაში, რომელთაც ნაკლებ აინტერესებთ განათლების მიღება, და აქვთ რა ნაკლები ურთიერთობა მათთან, ვინც სწავლას მოწყურებულია, ამასთანავე, ვერ ღებულობენ რა მხარდაჭერას ოჯახიდან, ასეთ ბავშვებს უჭირთ იდენტიფიკაცია, რაც ნაკლებად მოხდებოდა კლასში კარგი მოსწავლეებიც რომ ყოფილიყვნენ. წარმატების მისაღწევად, ბევრ ბავშვს ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახიდან, სჭირდება ნიმუში, რომელიც მოტივაციას გაუზრდის. დაჯგუფება კი ტოვებს მათ ყოველგვარი სტიმულის გარეშე. ისინი უბრალოდ ჩამორჩებიან, რაც იმედგაცრუებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე აღელვებას შეამცირებს. თუ რომელიმე მათგანს გამორჩეული უნარი აღმოაჩნდება, მას ნიჭიერთა ჯგუფში გაგზავნიან, ტოვებენ რა კიდევ უფრო იმედგაცრუებულთ არანიჭიერთა ჯგუფის დანარჩენ წევრებს.

 

ინტელექტუალური უნარების მიხედვით, ბავშვების დაჯგუფებას ბევრი საერთო აქვს მთამსვლელობასთან. მთაზე ასვლისას, ჩვეულებრივ, წინ გიდი მიდის, უკან კი დამწყებნი ან ნაკლებ გამოცდილი მთამსვლელები მიჰყვებიან. თუ დამწყებს გამოცდილ მთამსვლელთა შორის მოათავსებენ, ის უკეთ და უფრო სწრაფად ისწავლის. თუკი ყველა კარგ მთამსვლელს ერთ მხარეს დააყენებენ, ყველა დამწყებსა და სუსტს კი - მეორე მხარეს, მეორე ჯგუფი საშინელ მარცხს განიცდის, ან შეიძლება ერთიანად დაიღუპოს კიდეც.

 

როცა დებატი ბავშვისათვის „საუკეთესო“ განათლების შესახებ მწვერვალს აღწევს, ძირითადად იმაზე კამათობენ, თუ რა არის საუკეთესო საზოგადოებისათვის. დღეს გვეუბნებიან, რომ გვჭირდება მეტი მეცნიერი და ინჟინერი, რათა „გადავრჩეთ.“ ამიტომ უნდა დავაჩქაროთ შესაბამისი ნიჭის მქონე ახალგაზრდების აღზრდა. იცის ვინმემ, თუ რა იქნება ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილება 30 წლის შემდეგ? შეუძლია მეცნიერებას გადარჩენის გარანტია მოგვცეს? ნუთუ საზოგადოებას უფრო მეტად არ სჭირდება ახალი, შემოქმედებითი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ მსოფლიო საზოგადოების ორგანიზება? ნუთუ, მეცნიერებზე მეტად, ფართო სოციალური ხედვის მქონე ადამიანები არ გვესაჭიროება? და რადგანაც იდეები ნელა მწიფდება, იქნებ ტემპის აჩქარება კი არ ღირს, არამედ, პირიქით, ჩვენი ზედმეტად სწრაფი ცხოვრების შენელება.

 

არ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვესაჭიროება ნიჭიერი ადამიანები და რომ მათ გარეშე უკეთ ვიცხოვრებდით. პირიქით, ჩვენი სკოლები აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. უბრალოდ

 

ვამბობ, რომ არგუმენტი ნიჭიერი ბავშვებისათვის სპეციალური განათლების შესახებ, მოკლებულია სერიოზულ მეცნიერულ საფუძველს. ის, რაც ამჟამად გვჭირდება, არის არა სწრაფი კომპენსაცია, არამედ ღრმა გააზრებასა და დაგეგმვაზე აგებული ფრთხილი ექსპერიმენტები.

 

სტატიების შეჯამების ნიმუში 1

 

ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი ბრუნო ბეტელჰაიმი და ცნობილი პედაგოგი ქენეთ მოტი, გამოთქვამენ თავიანთ არგუმენტებს ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვების ერთად თუ ცალცალკე სწავლასთან დაკავშირებით. ბრუნო ბეტელჰაიმი ამტკიცებს, რომ ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები აუცილებლად ერთად უნდა სწავლობდნენ; ხოლო ქენეთ მოტი მიიჩნევს, რომ ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ. მე ბრუნო ბეტელჰაიმის პოზიციას ვიზიარებ და ვთვლი, რომ საშუალო განათლება ერთნაირად უნდა მიიღონ ნიჭიერმა და ჩვეულებრივმა ბავშვებმა.

 

სტატიების შეჯამების ნიმუში 2

 

ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, უნდა სწავლობდნენ თუ არა ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში. ამასთან დაკავშირებით გავეცანით პედაგოგ ქენეთ მოტისა და ბავშვთა ფსიქოლოგ ბრუნო ბეტელჰაიმის ერთმანეთისაგან განსხვავებულ მოსაზრებებს. პირველი ამტკიცებს, რომ ნიჭიერთა სპეციალურ კლასებში დაჯგუფება არ წარმოადგენს საშიშროებას არც ერთი დონის მოსწავლისათვის. მეორე კი ეწინააღმდეგება ამ აზრს, რადგანაც ფიქრობს, რომ ამგვარი მიდგომა ვერ ახდენს გავლენას შედეგებზე. ამდენად, საბოლოო შეფასებისათვის აუცილებელია, საფუძვლიანად განვიხილოთ ნიჭიერ მოსწავლეთა სპეციალურ კლასებში დაჯგუფება-არდაჯგუფების საკითხი და გავაანალიზოთ ის არგუმენტები თუ კონტრარგუმენტები, რომლებიც მოტსა და ბეტელჰაიმს მოჰყავთ.

 

სავარჯიშო №2. შეადარეთ ერთმანეთს შეჯამების წარმოდგენილი ნიმუშები. მიუთითეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

 

შემდეგი საფეხურია კონტექსტუალიზაცია, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, გულისხმობს მოცემული სტატიების და მათში წარმოდგენილი ძირითადი იდეების დისციპლინის კონტექსტში (ან კიდევ უფრო ფართოდ - საზოგადოებრივი ცხოვრების ჭრილში) განხილვას. იმისათვის, რომ კონტექსტუალიზაცია სათანადო დონეზე იყოს შესრულებული, სტუდენტი საკმაო ცოდნას უნდა ფლობდეს მოცემულ სფეროში და იცნობდეს დისციპლინაში მოღვაწე ავტორიტეტთა დამოკიდებულებას განსახილველი საკითხის მიმართ, რათა საკუთარი შეფასებების დასასაბუთებლად, სოლიდური მხარდაჭერა ჰქონდეს. გარდა ამისა, მას უნდა შეეძლოს საკითხის ისტორიულ პერსპექტივაში წარმოდგენა, რათა მკითხველმა იგრძნოს, რომ სტუდენტი მოცემული საკითხის ისტორიულ განვითარებასაც იცნობს, ამდენად, საკმაოდ კომპეტენტურია. საუკეთესო შემთხვევაში, საკითხის სოციალურ და ისტორიულ კონტექსტში განხილვასთან ერთად, სტუდენტი მას კროსკულტურულ პერსპექტივაშიც აანალიზებს.

 

წარმოგიდგენთ, მოცემული სტატიების საფუძველზე, სტუდენტების მიერ კონტექსტუალიზაციის განხორციელების რამდენიმე მცდელობას:

 

1. განათლების ორგანიზების პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს. სწავლების ეფექტური მეთოდები, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან (პლატონი, არისტოტელე...) მოყოლებული მწვავე დებატებს იწვევდა, რამაც კლასიკური სახე XIX საუკუნეში მიიღო, როდესაც საზოგადოებრივ ასპარეზზე იან კომენსკი და მისი კოლეგები გამოჩდნენ. სწორედ მათი დიდი მონდომებით გახდა შესაძლებელი იმ მეთოდების განვითარება, რამაც თანამედროვე პედაგოგიკას ჩაუყარა საფუძველი. მართალია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ საკითხმა არა თუ აქტუალობა დაკარგა, არამედ კიდევ უფრო აქტუალური გახდა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი სოციალურეკონომიკური ცვლილებების ფონზე...

 

2. განათლების სისტემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სოციალურ ინსტიტუტთა შორის, რომლის გარეშეც შეუძლებელია სოციალიზაციის პროცესის განხორციელება ანუ საზოგადოების ღირებულებათა თაობიდან თაობაზე გადაცემა. განათლების სისტემის ძირითადი ელემენტია სასწავლო დაწესებულებანი, დაწყებული სკოლებით და დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლებით. სკოლა, ოჯახთან ერთად, უპირველესი და განმსაზღვრელი რგოლია სოციალიზაციის პროცესში და სწორედ სკოლით იწყება აუცილებელი ცოდნისა და ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება. ამდენად, საკითხი, თუ რა ფორმით გადასცემს სკოლა ამ ცოდნას მომავალ თაობას და როგორაა ორგანიზებული სწავლების პროცესი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა...

 

3. „სწავლა სიკვდილამდეო” - ნათქვამია და თუნდაც ეს მცირე ფრაზა საკმარისია იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახდეს ადამიანისათვის განათლების მიღების უდიდესი მნიშვნელობა. იყო დრო, როცა განათლების მიღება ფუფუნებად ითვლებოდა და მხოლოდ წარჩინებულთა ხვედრი იყო, სხვებისათვის კი აუხდენელ ოცნებად რჩებოდა. სამრეწველო და დემოკრატიულმა რევოლუციებმა განათლების სისტემის მნიშვნელოვნად გაფართოებას შეუწყო ხელი და დღეს საშუალო განათლების მიღება უკვე სავალდებულოდაა მიჩნეული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. სასკოლო სწავლებისას მიღწეული წარმატებები და განვითარებული ინტერესები კი დიდ გავლენას ახდენს უმაღლესი განათლების მიღებაზე, შესაბამისად, სამომავლო კარიერაზეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე პირობებში ყველაზე მწვავე პრობლემას დასაქმება წარმოადგენს, სამსახურში მიღების მთავარ კრიტერიუმად კი შეძენილი ცოდნა გვევლინება, სწორედ სათანადო განათლება ყოფილა პიროვნებისათვის შემდგომი წარმატების საწინდარი. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდთა სწორი და ეფექტური სწავლების ფორმებს...

 

სავარჯიშო №3. პედაგოგი სთხოვს სტუდენტებს შეაფასონ კონტექსტუალიზაციის წარმოდგენილი ნიმუშები და მიუთითონ თითოეულის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის შემდეგ სტუდენტები ქმნიან კონტექსტუალიზაციის საკუთარ ნიმუშებს.

 

შემდეგ ეტაპზე სტუდენტები უშუალოდ სტატიების შედარებით ანალიზს ახდენენ და ავტორთა პოზიციებს აფასებენ. კრიტიკის ჟანრის განხილვისას, უკვე გავეცანით ტექსტის ანალიზისა და შეფასების ტექნიკას, ამიტომ აქ ძალიან მოკლედ შევაჯამებთ და მხოლოდ ძირითადი პუნქტების სახით წარმოვადგენთ მას. ტექსტის ანალიზის ძირითადი საფეხურია:

 

ტექსტის ანალიზი:

 

  • როგორია ავტორის ძირითადი პოზიცია?

  • რა არის ავტორის მიზანი?

  • ვინ არის ავტორის მიერ ნაგულისხმევი მკითხველი?

  • რა არგუმენტებს წარმოგვიდგენს ავტორი მისი პოზიციის მხარდასაჭერად?

  • რა მონაცემების/ფაქტების საფუძველზე ახდენს ავტორი მისი არგუმენტების მხარდაჭერას?

  • რა მოსაზრებები უდევს საფუძვლად ავტორის დასკვნებს? ტექსტის შეფასება

  • არის ავტორის არგუმენტი ლოგიკური?

  • არის ტექსტი კარგად ორგანიზებული, ნათელი და ადვილად წაკითხვადი?

  • არის ავტორის ფაქტები აკურატული?

  • არის მნიშვნელოვანი ტერმინები ნათლად განსაზღვრული?

  • არის არგუმენტები საკმარისად განმტკიცებული შესაბამისი მხარდაჭერით?

  • განამტკიცებს თუ არა არგუმენტები ძირითად პოზიციას?

  • შეესაბამება თუ არა ტექსტი ნაგულისხმევ მკითხველს?

  • განიხილავს და უკუაგდებს თუ არა ტექსტი ოპონენტთა მოსაზრებებს?

  • გეხმარებათ თუ არა ტექსტი მოცემული საკითხის გაგებაში?

  • არის ტექსტში ისეთი სიტყვები და წინადადებები, რაც თქვენში ძლიერ რეაქციას იწვევს? როგორია ეს რეაქცია?

  • რა უდევს საფუძვლად მოცემული საკითხისადმი თქვენს ამგვარ რეაქციას? სად და როდის შეიტყვეთ პირველად მის შესახებ? რა კავშირშია ეს ყველაფერი მოცემულ ტექსტთან?

 

რა შეკითხვებს წამოჭრის მოცემული ტექსტი? [Katz, S. and Scerl, J. (2003). Critiques. Retrieved May, 23, 2004, from http://www.criticalreading.com/]

 

განხილული საფეხურების საფუძველზე მოვახდენთ თითოეული სტატიის ანალიზსა და შეფასებას, და შემდეგ მათ შედარებით ანალიზს შევუდგებით. ამისათვის ძალიან ეფექტური საშუალებაა ვენის დიაგრამა, რომელიც ვიზუალურად გვიხატავს და უფრო თვალსაჩინოს ხდის ავტორთა პოზიციებს შორის მსგავსება-განსხვავებას. ვენის დიაგრამა შემდეგი სახისაა:

 

 

0x01 graphic
 

A ზონა ერთი ავტორის სპეციფიკურ არგუმენტებს მოიცავს, B ზონა - მეორისას, C -კი იმას, რაც მათ შორის საერთოა. ამდენად, A და B ზონები ავტორთა პოზიციებს შორის განსხვავება-კონტრასტს გვიხატავს, C - კი მსგავსებას. იდეების ამ ფორმით გადმოცემა გვეხმარება ლოგიკურად გავმართოთ და ეფექტურად დავგეგმოთ ანალიტიკური რეფერატის სტრუქტურა.

 

სავარჯიშო 4. ზემოთ განხილული საფეხურების საფუძველზე, სტუდენტები ახდენენ სავარჯიშო 1-ში წარმოდგენილი სტატიების შედარებით ანალიზსა და შეფასებას. სტუდენტები კლასში აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს.

 

ავტორთა პოზიციების შედარების ნიმუში 1

 

ბეტელჰაიმს მოჰყავს ერთი საინტერესო შედარება, იგი ინტელექტუალური უნარებით დაჯგუფებულ ბავშვებს მთამსვლელებს ადარებს: „თუკი ყველა კარგ მთამსვლელს ერთ მხარეს დააყენებენ, ყველა დამწყებსა და სუსტს კი - მეორე მხარეს, მეორე ჯგუფი საშინელ მარცხს განიცდის, ან შეიძლება ერთიანად დაიღუპოს კიდეც“. ცხადია, ამგვარმა დაჯგუფებამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქოლოიგური განწყობაზე. როდესაც რომელიმე ბავშვს აღმოუჩენენ განსაკუთრებულ უნარს და გააგზავნიან ნიჭიერთა ჯგუფში, დანარჩენი მოსწავლეები რჩებიან იმედგაცრუებულნი და ეკარგებათ სწავლის სტიმული, რადგან თავს უუნაროდ და დაჩაგრულად თვლიან.

 

ამის შესახებ ქენეთ მოტის პოზიცია ასეთია: „მჯერა, რომ ნიჭი არ უნდა დაიკარგოს მარტო იმიტომ, რომ ნიჭიერ მოსწავლეს უწევს ლოკოკინის ტემპით მოძრაობა, ანდა პირველია მათ შორის, ვისაც ნაკლები უნარები აქვთ“. ჩემი აზრით, თითოეული მოსწავლე უნდა აღიქმებოდეს ცალკე პიროვნებად, რომელიც ბუნებისაგან დაჯილდოებულია ინდივიდუალური თვისებებითა და უნარებით, ხოლო თუ როდის გამოამჟღავნებს ის განსაკუთრებულ ნიჭს, ესეც დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ თანატოლმა დაასწრო მეორეს რაიმე განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე უნიჭოა, რადგან ისინი მოზარდები არიან და ყოველ დღე ახალ-ახალი ინტერესებითა და ცოდნით ავსებენ საკუთარ სამყაროს, და რადგან ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან, არ შეიძლება ნაადრევად გადავწყვიტოთ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვების შესაძლებლობები.

 

ავტორთა პოზიციების შედარების ნიმუში 2

 

აღსანიშნავია ასევე მოსაზრება, რომლის გამოც ბევრი ეწინააღმდეგება გამორჩეულ მოსწავლეთა ცალკე კლასში დაჯგუფებას. მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარი მიდგომა ვერ ახდენს გავლენას შედეგებზე. იმის მიუედავად, რომ პილოტაჟურმა გამოკვლელებმა ეს შეხედულება დაადასტურა, ცნობილი პედაგოგი არ მიიჩნევს მას სანდო საბუთად, რადგან ფიქრობს, რომ არ არსებობს ინსტრუმენტი ნიჭის, ინტერესებისა და შემოქმედების გასაზომად. რაც შეეხება ცნობილ ფსიქოლოს, ის ამბობს, რომ ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ ჯგუფებში შეზღუდულები არიან. როდესაც ნიჭიერი მოსწავლე გადმოიყვანეს ჩვეულებრივ სკოლაში, მან გამოავლინა უფრო ღრმა კრიტიკული აზროვნება, რისი საშუალებაც არ ჰქონდა სპეციალურ ჯგუფში. ამის დამადასტურებელი მაგალითი შემიძლია ჩემივე ცხოვრებისეული პრაქტიკიდან მოვიყვანო. მეშვიდე კლასში მათემატიკის საუკეთესო ცოდნისთვის მასწავლებელმა და მშობლებმა აიძულეს ერთერთი კლასელი კომაროვის სახელობის სკოლაში გაეგრძელებინა სწავლა. მერვე კლასში კი ის ბიჭი ჩემი კლასელი გახდა იმ მიზეზით, რომ ვერ დაძლია სირთულეები ისე თავისუფლად, როგორც ამას ჩვენს სკოლაში ახერხებდა და ვერ დაიმსახურა მასწავლებლის მხრიდან ის საქებარი სიტყვები, რომლითაც აქაური პედაგოგი ანებივრებდა. ამ ყოველივემ კი მასში ერთგვარი პროტესტის შეგრძნება გამოიწვია, ანუ დადგა სწორედ ის ფრუსტრაციის პრობლემა, რომელზეც შემდგომში ქენეთ მოტიც საუბრობს და რომლის საშიშროებასაც ისევ და ისევ გრძნობს.

 

სავარჯიშო №5. შეადარეთ ერთმანეთს ავტორთა პოზიციების შეფასების წარმოდგენილი ნიმუშები. მიუთითეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

 

სავარჯიშო №6. ანალიტიკური რეფერატის I ვერსიის შექმნა და ჯგუფში პრეზენტაცია. სტუდენტები აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს, რასაც ანალიტიკური რეფერატის საბოლოო ვერსიის შექმნა მოჰყვება.

 

ანალიტიკური რეფერატის ნიმუში 1

 

 

 

სწავლების პროცესის ორგანიზების შესახებ
(ანალიტიკური რეფერატი)

 

ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი ბრუნო ბეტელჰაიმი და ცნობილი პედაგოგი ქენეთ მოტი, გამოთქვამენ თავიანთ არგუმენტებს ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვების ერთად თუ ცალ-ცალკე სწავლასთან დაკავშირებით. ბრუნო ბეტელჰაიმი ამტკიცებს, რომ ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები აუცილებლად ერთად უნდა სწავლობდნენ; ხოლო ქენეთ მოტი მიიჩნევს, რომ ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ. მე ბრუნო ბეტელჰაიმის პოზიციას ვიზიარებ და ვთვლი, რომ საშუალო განათლება ერთნაირად უნდა მიიღონ ნიჭიერმა და ჩვეულებრივმა ბავშვებმა.

 

განათლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია საზოგადოებისთვის. დღესდღეობით ყველაზე მწვავე პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად, სამსახურის დაწყების მთავარი კრიტერიუმია, თუ როგორი განათლება აქვს მიღებული ადამიანს. სწორედ განათლებაა პიროვნებისთვის შემდგომი წარმატების საწინდარი, რის გამოც ხშირია კონკურენცია განათლებულ ადამიანებს შორის. ამიტომაც აუცილებელია ყურადღება მიექცეს მოზარდთა სწორი და ეფექტური სწავლა-განათლების ფორმებს.

 

როდესაც ლაპარაკია ნიჭიერი ბავშვების ცალკე ჯგუფის შექმნაზე, ქენეთ მოტისმოსაზრებით, სხვადასხვა უნარისა და ინტერესის მქონე ბავშვები უნდა დაჯგუფდნენ შესაბამის ჯგუფებში, რათა შეძლონ უკეთ გააღვივონ საკუთარი ინტერესები. ბეტელჰაიმის აზრით კი, ნიჭიერი ბავშვისათვის ჩვეულებრივ საკლასო ოთახში სწავლის გახანგრძლივება სულაც არაა საზიანო, პირიქით, ამ დროს მას ეუფლება უსაფრთხოების გრძნობა, ხოლო ნიჭიერ ბავშვებში მან შეიძლება თავი სუსტად იგრძნოს, რის შედეგადაც სრულიად დაეკარგოს სწავლის სურვილი.

 

აუცილებელია თანატოლმა მოზარდებმა განათლება მიიღონ ერთი და იმავე პროგრამით, რათა მსგავსი სასტარტო პირობები ჰქონდეთ. გარდა ამისა, ცალკე დაჯგუფების შემთხვევაში, ხშირია ცინიკური დამოკიდებულება ნიჭიერი მოსწავლეების მხრიდან, თანაბარი პირობების შემთხვევაში კი ადგილი აღარ ექნება ჩაგვრასა და ცინიზმს.

 

ბეტელჰაიმი იმასაც ამტკიცებს, რომ ნელი ტემპის სკოლაში, სადაც მოსწავლეებს არ ექნებათ ჩამორჩენის შიში, ისინი დაიწყებენ რეაგირებას კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურასა თუ ხელოვნებაზე, რითაც გაიფართოვებენ ცოდნის არეალს და გაიღრმავებენ ინტერესებს. როგორც ქენეთ მოტი ამტკიცებს, ნელი ტემპის სკოლებში ნიჭიერი ბავშვები ფრუსტრაციას განიცდიან, რადგან არ ეძლევათ შესაბამისი სასკოლო სამუშაო, მაგრამ არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ნიჭიერი ბავშვები გადაჰყავთ ნიჭიერთა სკოლებში. სწორედ მაშინ უჩნდებათ ფრუსტრაციის შეგრძნება, როცა აღმოჩნდება, რომ დანარჩენ ნიჭიერ მოსწავლეებთან შედარებით, ისინი ნაკლებად ნიჭიერნი არიან. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრება. შეფასების განსხვავებული სისტემა. ცხადია, ნიჭიერთა ჯგუფებში უფრო მკაცრად ხდება შეფასება, ვიდრე ჩვეულებრივ ჯგუფებში, შესაბამისად, რთულია წინასწარ განსაზღვრა, ჩვეულებრივი კლასის ხუთოსანი მოსწავლე რა ნიშნებზე ისწავლიდა ნიჭიერთა კლასში. ეს შეიძლება გახდეს ფრუსტრაციის ერთ-ერთი მიზეზი.

 

შემიძლია მოვიყვანო პირადი მაგალითი: როდესაც მე-7 კლასში ვიყავი, ჩვენთან გადმოვიდა ახალი მოსწავლე კომაროვის სკოლიდან, რომელიც ტექნიკურ საგნებში ჩვენი კლასის ერთ-ერთი ხუთოსანი მოსწავლე გახდა, როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში, მან გვიპასუხა, რომ იქ ტექნიკურ საგნებში მასწავლებლები სამებს უწერდნენ, მაშინ როცა ჩვენს კლასში იგივე საგნებს წარჩინებით სწავლობდა.

 

ბეტელჰაიმს მოჰყავს ერთი საინტერესო შედარება, იგი ინტელექტუალური უნარებით დაჯგუფებულ ბავშვებს მთამსვლელებს ადარებს: „თუკი ყველა კარგ მთამსვლელს ერთ მხარეს დააყენებენ, ყველა დამწყებსა და სუსტს კი - მეორე მხარეს, მეორე ჯგუფი საშინელ მარცხს განიცდის, ან შეიძლება ერთიანად დაიღუპოს კიდეც“. ცხადია, ამგვარმა დაჯგუფებამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქოლოიგური განწყობაზე. როდესაც რომელიმე ბავშვს აღმოუჩენენ განსაკუთრებულ უნარს და გააგზავნიან ნიჭიერთა ჯგუფში, დანარჩენი მოსწავლეები რჩებიან იმედგაცრუებულნი და ეკარგებათ სწავლის სტიმული, რადგან თავს უუნაროდ და დაჩაგრულად თვლიან.

 

ამის შესახებ ქენეთ მოტის პოზიცია ასეთია: „მჯერა, რომ ნიჭი არ უნდა დაიკარგოს მარტო იმიტომ, რომ ნიჭიერ მოსწავლეს უწევს ლოკოკინის ტემპით მოძრაობა, ანდა პირველია მათ შორის, ვისაც ნაკლები უნარები აქვთ“. ჩემი აზრით, თითოეული მოსწავლე უნდა აღიქმებოდეს ცალკე პიროვნებად, რომელიც ბუნებისაგან დაჯილდოებულია ინდივიდუალური თვისებებითა და უნარებით, ხოლო თუ როდის გამოამჟღავნებს ის განსაკუთრებულ ნიჭს, ესეც დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ თანატოლმა დაასწრო მეორეს რაიმე განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე უნიჭოა, რადგან ისინი მოზარდები არიან და ყოველ დღე ახალ-ახალი ინტერესებითა და ცოდნით ავსებენ საკუთარ სამყაროს, და რადგან ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან, არ შეიძლება ნაადრევად გადავწყვიტოთ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვების შესაძლებლობები.

 

ამრიგად, ქენეთ მოტის და ბრუნო ბეტელჰაიმის სტატიებში განხილული საკითხებიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა: აუცილებელია ნიჭიერმა და ჩვეულებრივმა ბავშვებმა თანაბარ პირობებში მიიღონ საშუალო-სასკოლო განათლება, რადგან მათ ექნებათ საშუალება განსაკუთრებული უნარები და ინტერესები გამოავლინონ, როდესაც დაამთავრებენ სკოლას და აირჩევენ მომავალ სპეციალობას. ასე რომ, მიუხედავად განსხვავებული ნიჭისა და უნარებისა, თანატოლი მოზარდები, თანაბარ პირობებში უნდა სწავლობდნენ და სხვადასხვა უნარების მქონე ბავშვებთან ურთიერთობით, იძენდნენ მრავალმხრივ გამოცდილებას.

 

ანალიტიკური რეფერატის ნიმუში 2

 

 

სწავლების პროცესის ორგანიზების შესახებ
(ანალიტიკური რეფერატი)

 

 

ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, უნდა სწავლობდნენ თუ არა ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში. ამასთან დაკავშირებით გავეცანით პედაგოგ ქენეთ მოტისა და ბავშვთა ფსიქოლოგ ბრუნო ბეტელჰაიმის ერთმანეთისაგან განსხვავებულ მოსაზრებებს. პირველი ამტკიცებს, რომ ნიჭიერთა სპეციალურ კლასებში დაჯგუფება არ წარმოადგენს საშიშროებას არც ერთი დონის მოსწავლისათვის. მეორე კი ეწინააღმდეგება ამ აზრს, რადგანაც ფიქრობს, რომ ამგვარი მიდგომა ვერ ახდენს გავლენას შედეგებზე. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, განათლების სისტემა არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან მოსწავლეები, მოზარდები, სტუდენტები არიან ადამიანები, რომელთა განათლების საფუძველზეც ქვეყნისა თუ მსოფლიოს მომავალი იგება. ამ შემთხვევაში კი შეცდომის დაშვება დაუშვებელია. ამდენად, აუცილებელია საფუძვლიანად განვიხილოთ ეს კონკრეტული საკითხიც - ნიჭიერ მოსწავლეთა სპეციალურ კლასებში დაჯგუფება და გავაანალიზოთ ის არგუმენტები თუ კონტრარგუმენტები, რომლებიც მოჰყავთ მოტსა და ბეტელჰაიმს.

 

პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ორივე ავტორი ამახვილებს ყურადღებას, არის არასრულფასოვნების შეგრძნება, რომელიც უჩნდება საშუალო და სუსტ მოსწავლეებს. ბრუნო ბეტელჰაიმის აზრით, როდესაც ნიჭიერი მოსწავლე სპეციალურ ჯგუფში გადაჰყავთ, მას ეჭვი შეაქვს საკუთარ ძალებში და იპყრობს შეგრძნება, რომ რთულ ამოცანებს ვერ შეეჭიდება. თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება ქენეთ მოტი და ამბობს, რომ ამის საშიშროება არ არსებობს; ამასთანავე, მას მაგალითად მოჰყავს ის ნიჭიერი ათლეტები, რომლებიც სპეციალურ კლასებში დააჯგუფეს და ამბობს, რომ არც ერთი მათგანი ზემოდან არ დასცქერის თავის შედარებით სუსტ თანატოლს. პირველ რიგში, აუცილებელი გავარკვიოთ, საერთოდ რას ნიშნავს იყო ნიჭიერი. აქ, ალბათ, საუბარი ინდა იყოს ზოგად აზროვნებასა და ცოდნაზე და არა ათლეტებზე, რისი მაგალითიც მოჰყავს ქენეთ მოტს და რაც სავსებით არ წარმოადგენს აუცილებლობას სხვა მოსწავლეთათვის. ასევე ვფიქრობ, რომ მის სიტყვებს ,,ნიჭიერი მოსწავლეები ზემოდან არ დასცქერიან სუსტებს“, სჭირდება სათანადო დასაბუთება, რადგანაც, შესაძლოა, მკითხველმა ეჭვი შეიტანოს მის სანდოობაში. სწორედ საწინააღმდეგოს ამტკიცებს 2000 წელს საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი მკვლელობა, რომელიც იმიტომ მოხდა, რომ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოსწავლემ აბუჩად აიგდო თავისი თანატოლი, რომელიც გონებრივად და ფიზიკურად არ იყო სრულფასოვანი; მისმა მეგობარმა კი დაიცვა იგი და სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ სიცოცხლეს გამოასალმა მეგობრის დამჩაგვრელი კლასელი.

 

ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის როლი სრულფასოვანი მოსწავლეების, როგორც „ღირსებების მქონე ინდივიდების,“ ჩამოყალიბებაში. ამ საკითხზე საუბრობს ქენეთ მოტი. მისი აზრით, არავითარი საფუძველი არ არსებობს გვეშინოდეს ნიჭიერთა სპეციალურ კლასებში დაჯგუფებისა, რადგან სწორედ პედაგოგი და არა კლასის ორგანიზების ტიპი განსაზღვრავს მოსწავლეების განწყობას ინდივიდუალურ განსხვავებათა მიმართ. ვფიქრობ, მასწავლებლის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ამგვარი დაჯგუფება სამართლიანად მივიჩნიოთ. პედაგოგს დიდი წვლილი მიუძღვის არა მარტო ბავშვების აღზრდისა და განათლების საქმეში, ასევე კლასში საერთო ატმოსფეროს შექმნაში, მაგრამ მაზე ძლიერი ფაქტორი, რომელიც უფრო მეტად ახდენს გავლენას მოსწავლეების ფსიქიკაზე, სწორედ მათივე ურთიერთდამოკიდებულებაა. პედაგოგი ყოველთვის ვერ აკონტროლებს მოსწავლეთა ქცევას, მას ძირითადი აქცენტი თავის საგანზე და მის შესწავლაზე აქვს გადატანილი, ამიტომ შესაძლოა მხედველობიდან გამორჩეს ის არასწორი ქმედება, რომელსაც, ვთქვათ, ერთი მოსწავლე მეორის მიმართ ახორციელებს. ზემოთ ნახსენები მაგალითის მსგავსი ფაქტები ბევრი არსებობს, თუმცა ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ შემთხვევებში არაპროფესიონალ პედაგოგებთან გვაქვს საქმე. ეს თავისთავად მათგან დამოუკიდებლად ხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ქენეთ მოტის შეხედულება პედაგოგის როლზე შეიძლება გაზიარებულ იქნას, თუმცა, ვთვლი, რომ არგუმენტად არ გამოდგება იმისთვის, რომ დავეთანხმოთ ნიჭიერთა დაჯგუფებას სპეციალურ კლასებში.

 

აღსანიშნავია ასევე მოსაზრება, რომლის გამოც ბევრი ეწინააღმდეგება გამორჩეულ მოსწავლეთა ცალკე კლასში დაჯგუფებას. მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარი მიდგომა ვერ ახდენს გავლენას შედეგებზე. იმის მიუედავად, რომ პილოტაჟურმა გამოკვლელებმა ეს შეხედულება დაადასტურა, ცნობილი პედაგოგი არ მიიჩნევს მას სანდო საბუთად, რადგან ფიქრობს, რომ არ არსებობს ინსტრუმენტი ნიჭის, ინტერესებისა და შემოქმედების გასაზომად. რაც შეეხება ცნობილ ფსიქოლოს, ის ამბობს, რომ ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ ჯგუფებში შეზღუდულები არიან. როდესაც ნიჭიერი მოსწავლე გადმოიყვანეს ჩვეულებრივ სკოლაში, მან გამოავლინა უფრო ღრმა კრიტიკული აზროვნება, რისი საშუალებაც არ ჰქონდა სპეციალურ ჯგუფში. ამის დამადასტურებელი მაგალითი შემიძლია ჩემივე ცხოვრებისეული პრაქტიკიდან მოვიყვანო. მეშვიდე კლასში მათემატიკის საუკეთესო ცოდნისთვის მასწავლებელმა და მშობლებმა აიძულეს ერთერთი კლასელი კომაროვის სახელობის სკოლაში გაეგრძელებინა სწავლა. მერვე კლასში კი ის ბიჭი ჩემი კლასელი გახდა იმ მიზეზით, რომ ვერ დაძლია სირთულეები ისე თავისუფლად, როგორც ამას ჩვენს სკოლაში ახერხებდა და ვერ დაიმსახურა მასწავლებლის მხრიდან ის საქებარი სიტყვები, რომლითაც აქაური პედაგოგი ანებივრებდა. ამ ყოველივემ კი მასში ერთგვარი პროტესტის შეგრძნება გამოიწვია, ანუ დადგა სწორედ ის ფრუსტრაციის პრობლემა, რომელზეც შემდგომში ქენეთ მოტიც საუბრობს და რომლის საშიშროებასაც ისევდაისევ გრძნობს.

 

მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური პირობები და ამით გამოწვეული პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლეებზე. სამწუხაროდ, ამ საკითხზე არ საუბრობს პედაგოგი, თუმცა დამაჯერებლად მსჯელობს ბავშვთა ფსიქოლოგი, ბევრ დიდ ქალაქში მოსწავლეებს, რომლებიც ჩამორჩებიან სხვადასხვა პროგრამებში, უუნაროდ მიიჩნევენ, სინამდვილეში, მათი უმრავლესობა დაბალი ფენის ოჯახებიდანაა. ეს ხელისშემშლელი პირობები უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეებზე და იწვევს სტიმულის დაკარგვასა და იმედგაცრუებას. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ამის დამადასტურებელ მაგალითებს უამრავს მოვიძიებთ. როგორც ცნობილია, წარსულში მხოლოდ დიდგვაროვან ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს ჰქონდათ უფლება მიეღოთ განათლება. ღარიბი ბავშვები კი, დიდი სურვილის მიუხედავად, უსწავლელნი რჩებოდნენ. თუნდაც გავიხსენოთ ი. ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობი“, რომელიც მაშინდელ რელობას ასახავს. ცოდნას მოწყურებული ღარიბი გაბრო ვერასოდეს შეძლებდა განათლების მიღებას, რომ არა ის ბედნიერი შემთხვევა, რომელმაც გლეხის ბიჭი უანგაროდ მომუშავე მასწავლებელს შეახვედრა.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლოა დავასკვნათ, რომ სპეციალურ კლასებში ნიჭიერ მოსწავლეთა დაჯგუფება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც შევამჩნევდით, რომ უფრო ზუსტად მის უარყოფით თვისებებზე მოგვიწია საუბარი, ვიდრე დადებითზე. აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი წამოწყება თუ რეფორმა, რომელიც ბავშვებში ემოციური მდგომარეობის გამძაფრებას იწვევს და დიფუზურს ხდის მათ შინაგან სამყაროს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ნიჭიერი ადამიანები. პირიქით, მათი არსებობის გარეშე ვერ განვითარდებოდა მსოფლიო ისე, როგორც დღეს არის; უბრალოდ საჭიროა სხვადასხვა კარგად დაგეგმილი, ფრთხილი ექსპერიმენტებისა და კვლევების ჩატარება, რათა დავადგინოთ თუ როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი ისე, რომ არც სუსტ მოსწავლეს გავუჩინოთ არასრულფასოვნების განცდა და არც ნიჭიერი მოსწავლე დავჩაგროთ.

 

 
   

სარჩევი

თემა II. კრიტიკა

თემა IV. კვლევითი ნაშრომი