ლია წულაძე: აკადემიური წერა

 

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

თემა IV. კვლევითი ნაშრომი  

სარჩევი

 

 

 

კვლევითი ნაშრომი წარმოადგენს აკადემიური პრობლემის წერილობითი ფორმით გადაჭრას საბიბლიოთეკო გამოკვლევის ან თავად სტუდენტის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის საფუძველზე. შესაბამისად, ის ორი სახისაა: საბიბლიოთეკო და ექსპერიმენტული. ეს ორი სახის კვლევითი ნაშრომი სხვადასხვა მიზანს ემსახურება: პირველი აჯამებს და აფასებს არსებულ წყაროებს, რათა საკუთარი თეზისი განავითაროს;

 

მეორე კი მოიპოვებს პირველად ინფორმაციას სოციალური კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, იქნება ეს ექსპერიმენტი, ინტერვიუ, კონტენტანალიზი, თუ სხვ. მიზნიდან გამომდინარე, მათი სტრუქტურაც განსხვავებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამართული კვლევითი ნაშრომი, იქნება ეს საბიბლიოთეკო თუ ექსპერიმენტული, მსგავსი ნიშნებით გამოირჩევა:

 

  • ნაშრომში განსაზღვრულია პრობლემის აქტუალობა, კვლევის მიზანი და ამოცანები;

  • ნაშრომში ნათლადაა გააზრებული პრობლემის ირგვლივ არსებული წყაროები;

  • ნაშრომი სტრუქტურულად გამართულია;

  • ნაშრომი ლოგიკური თანმიმდევრულობით გამოირჩევა;

  • ნაშრომი აკადემიური სტილით არის შესრულებული;

  • ნაშრომი სწორად და აკურატულად ახდენს ციტირებას, პერიფრაზირებასა და შეჯამებას;

  • ნაშრომში სწორად და აკურატულადაა მითითებული ,,ჩართულები”;

  • ნაშრომში მკაცრად არის დაცული წყაროების მითითების ერთი განსაზღვრული ფორმატი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვლევითი ნაშრომი — საბიბილიოთეკოა ის თუ ექსპერიმენტული, გარკვეულწილად მსგავსადაა ორგანიზებული, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ APA ფორმატის ფარგლებში. როგორც ითქვა, ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის - APA-ს მიერ შემოთავაზებული ფორმატი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია სოციალურ მეცნიერებებში და, კრიტიკაზე საუბრისას, უკვე განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მივუთითოთ „ჩართულები“ მისი გამოყენებით. გავეცნოთ APA სტილის გამოყენებას ნაშრომის მთლიან სტრუქტურაში:

 

სათაურის გვერდი მოიცავს სამ ძირითად სათაურს:

  • ნაშრომის სათაური (მაქსიმუმ 10-12 სიტყვა.);

  • სტუდენტის სახელი და გვარი;

  • სასწავლო დაწესებულება.

თითოეულს შორის დაშორება ორი 2-2 ინტერვალია და გათანაბრებულია გვერდის ცენტრში მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ. თუ ნაშრომის სათაურს ერთ სტრიქონზე მეტი უკავია, ისიც 2-ინტერვალიანია.

 

სათაურის გვერდს მოსდევს ანოტაცია ანუ აბსტრაქტი, რაც ნაშრომის შეჯამებაა. ის მოთავსებულია გვერდის ცენტრში, 2 ინტერვალითაა დაშორებული სათაურიდან და წარმოადგენს ერთ პარაგრაფს, რომელიც აბზაცის გარეშეა დაწერილი. ანოტაცია შედგება 75-100 სიტყვისაგან თეორიული ნაშრომებისათვის და 100-150 სიტყვისაგან ემპირიული ნაშრომებისათვის.

 

ნაშრომის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგ დეტალებს:

  • გვერდი ყოველი მხრიდან 1.5 ინტერვალითაა დაშორებული;

  • მთელი ნაშრომი 2-ინტერვალიანია, გარდა მცირერიცხოვანი გამონაკლისებისა: ცხრილებსა და გრაფიკებში ნებადართულია 1-ინტერვალის გამოყენება; ქვესათაურებისა და სქოლიოს წინ, აგრეთვე ტექსტში ცხრილების წინ და შემდეგ, 3-4 ინტერვალის გამოყენებაა ნებადართული;

  • ნაშრომის პირველი გვერდი იმეორებს სათაურს, რომელიც მოთავსებულია

  • ყველა პარაგრაფი 5-ინტერვალიანი აბზაცით იწყება;

  • შესავალი უსათაუროა, ყველა დანარჩენი ნაწილი კი (მეთოდები, შედეგები, დისკუსია/დასკვნა, ბიბლიოგრაფია) - სათაურიანი; ისინი დამოუკიდებელ თავებს წარმოადგენენ, ამიტომ თითოეული მათგანი ახალი გვერდიდან იწყება;

  • ყველა სათაური დიდი შრიფტით არის დაბეჭდილი და ცენტრში გათანაბრებული; ნებისმიერი ცხრილი და გრაფიკი მოთავსებულია შესაბამის ადგილას ტექსტში:

  • მოკლე ცხრილები და გრაფიკები ჩართულია ტექსტებს შორის იმავე გვერდზე;

  • გრძელი ცხრილები და გრაფიკები ცალკე გვერდზეა მოთავსებული, უშუალოდ იმ გვერდის შემდეგ, რომელზეც ისინი პირველადაა ნახსენები;

  • სათაურები დგას ცხრილების დასაწყისში და გრაფიკების ბოლოს; ნებისმიერი დანართი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებს გვაცნობს, მოთავსებულია სულ ბოლოს, ბიბლიოგრაფიის შემდეგ;

  • თითოეული დანართი იწყება ახალი გვერდიდან;

  • გვერდის ნომერი დანართშიც უნდა იყოს მითითებული;

  • დანართის სათაურები „დანართი 1“, „დანართი 2“ და ა.შ. გათანაბრებულია გვერდის ცენტრში. [Sorenson, S. (3rd ed.). (2002). How to Write Research Papers. New York: Macmillan Reference USA.]

ამ საერთო მახასიათებლების განხილვის შემდეგ, უშუალოდ კვლევითი ნაშრომის სტრუქტურასა და შინაარსზე გადავიდეთ. დავიწყოთ საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომით.

 

საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის შექმნისას, სტუდენტმა შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროს მითითებული თანმიმდევრობით:

 

  • საკვლევი პრობლემის დასმა;

  • საკვლევი თეზისის ჩამოყალიბება;

  • წყაროების მოძიება;

  • წყაროების შეფასება;

  • წყაროებიდან ინფორმაციის მონიშვნა, ამოღება;

  • ციტატებზე მუშაობა;

  • პერიფრაზირება და შეჯამება;

  • ნაშრომის პირველი ვერსის შექმნა;

  • ბიბლიოგრაფიის მითითება;

  • ნაშრომის საბოლოო ვერსიის შექმნა.

საკვლევი პრობლემის დასმისას, სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • საკითხი აუცილებლად აქტუალური და საინტერესო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მკითხველის დაინტერესება და მისი დარწმუნება იმაში, რომ ღირს დროის დახარჯვა ამ ნაშრომის წაკითხვისას;

  • საკითხი აუცილებლად შემოწმებადი უნდა იყოს, ანუ სხვა მკვლევარს, სურვილის შემთხვევაში, უნდა შეეძლოს თქვენი მონაცემების გადამოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არასანდოდ ჩაითვლება;

  • საკითხი არ უნდა იყოს ზედმეტად ფართო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ სათანადო თეზისის ჩამოყალიბებასა და წარმატებით მხარდაჭერას;

  • საკითხი არ უნდა იყოს ზედმეტად ვიწრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოიძიებთ საკმარის მასალას მის დასასაბუთებლად;

  • საკითხი არ უნდა იყოს ზედმეტად ტექნიკური ანუ მოითხოვდეს სპეციალურ ცოდნას, რომელიც არ გაგაჩნიათ;

  • საკითხი არ უნდა იყოს ზედმეტად ორდინალური, რომლის შესახებაც ყველამ იცის და ამიტომ მკითხველისთვის მოსაწყენად ჟღერს;

  • საკითხი არ უნდა იყოს ზედმეტად წინააღმდეგობრივი, რადგან ამ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ მისი დასაბუთება.

[Steps in Writing a Research Paper. Retrieved 22 May, 2005 from http://www.esc.edu/htmlpages/writerold/ menue.htm].

 

სავარჯიშო №1: პედაგოგი სთავაზობს სტუდენტებს საკვლევი პრობლემების ნიმუშებს და სთხოვს განსაზღვრონ, რომელი გამოდგება საკვლევ პრობლემად და რატომ.

 

მაგალითის სახით განვიხილოთ შემდეგი წინადადებები:

 

1. ახალგაზრდების მიერ 2004 წელს საქართველოში ჩადენილი დანაშაულებანი;

2. რითი შევამციროთ ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაულებანი საქართველოში?

3. ახდენს განათლება გავლენას ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე საქართველოში?

 

პირველი წინადადება არ გამოდგება საკვლევ პრობლემად, რადგან ის ძალიან ვიწროა და სტატისტიკური მონაცემების მოყვანაც კი საკმარისია, რათა მას ვუპასუხოთ; მეორე წინადადებაც არ გამოდგება საკვლევ პრობლემად, რადგან ის ძალიან ფართოა და მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს, კერძოდ, ფსიქოლოგიურის, სოციალურის, იურიდიულის და ეკონომიკურის, რაც ერთი დისციპლინის ფარგლებს სცდება; მესამე პრობლემა გამოდგება საკვლევ პრობლემად, რადგან ის ფოკუსირებულია ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომლის კვლევა და შემოწმება შესაძლებელია.

 

მას შემდეგ, რაც საკვლევი პრობლემა დასმულია, აუცილებელია საკვლევი თეზისის ჩამოყალიბება, საკვლევი თეზისი წარმოადგენს სავარაუდო პასუხს ჩვენს მიერ დასმულ საკვლევ პრობლემაზე, ამიტომ შესავალში მას ჰიპოთეზის ფორმა აქვს, დასკვნაში კი - დასაბუთებული და ჩამოყალიბებული თეზისისა. ის იმავე მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც საკვლევი პრობლემა, ანუ შემოწმებადი უნდა იყოს, არც ზედმეტად ფართო უნდა იყოს და არც ზედმეტად ვიწრო, წინააღმდეგობრივი არ უნდა იყოს და ა.შ. ვინაიდან თეზისი საკვლევი პრობლემის პასუხია მას აუცილებლად არგუმენტის ფორმა უნდა ჰქონდეს და არა შეკითხვისა.

 

სავარჯიშო №2: პედაგოგი სთავაზობს სტუდენტებს საკვლევი თეზისის ნიმუშებს და სთხოვს განსაზღვრონ რომელი წარმოადგენს სათანადო თეზისს და რატომ. მაგალითის სახით განვიხილოთ შემდეგი წინადადებები:

 

1. მოზარდთა უწიგნურობა საფრთხეს უქმნის თანამედროვე საქართველოს

2. როგორ გადავჭრათ მოზარდთა უწიგნურობის პრობლემა თანამედროვე საქართველოში?

3. საქართველოში, მოზარდთა უწიგნურობაზე განმსაზღვრელ გავლენას სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები ახდენს.

 

პირველი წინადადება არ გამოდგება საკვლევ თეზისად, რადგან ის ზედმეტად ფართოა. არც მეორე წინადადება გამოდგება საკვლევ თეზისად, რადგან ის პრობლემას წამოჭრის და არა მასზე შესაძლო პასუხს გვთავაზობს (თანაც შეკითხვის ფორმა აქვს); მესამე წინადადება კი ნამდვილად წარმოადგენს საკვლევ თეზისს, რადგან ის გვთავაზობს არსებული ვითარების ახსნისა და პრობლემების შესაძლო გადაჭრის კონკრეტულ გზას.

 

როცა საკვლევი პრობლემა დასმულია და თეზისი ჩამოყალიბებული, შემდეგი ნაბიჯია უშუალოდ წყაროების მოძიება, რათა დასმულ პრობლემას ვუპასუხოთ და ჩვენი თეზისი შესაბამისი თეორიის საფუძველზე განვამტკიცოთ. არსებობს ინფორმაციის სამი ძირითადი წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეუძლია: ბიბლიოთეკა (წიგნები, ჟურნალები, ლექსიკონები და სხვა ნაბეჭდი მასალა), ინტერნეტი და სხვა წყაროები (CD, კასეტები, კინოფირები და ა.შ.).

 

მაგრამ სანამ ამ წყაროებს უშუალოდ გამოვიყენებთ, აუცილებელია მათში წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასება, რისთვისაც სტუდენტმა შემდეგ შეკითხვებზე უნდა გასცეს პასუხი:

  • რამდენად პასუხობს მოცემული წყარო ჩემს საკვლევ პრობლემას?

  • რამდენად სანდოა ინფორმაცია, ანუ არის თუ არა ის ექსპერტის მიერ მოწოდებული?

  • რამდენად სანდოა თავად წყარო?

  • არსებობს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სხვა წყაროებიც?

პირველ შეკითხვას ვპასუხობთ იმით, რომ ზოგადად ვეცნობით ამა თუ იმ წყაროს შინაარსს, ვთქვათ, გადავხედავთ წიგნის ან ჟურნალის სარჩევს ან ინდექსს, გავეცნობით მის ანოტაციას, თვალს გადავავლებთ ქვესათაურებს და ა.შ., რის საფუძველზეც ზოგადი წარმოდგენა გვექმნება მისი სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ.

 

მეორე შეკითხვას ვპასუხობთ იმით, რომ ვადგენთ, თუ რამდენად ხშირად მოიხსენიებენ ავტორს სპეციალურ ლიტერატურაში, რამდენად ავტორიტეტულია ის აღნიშნულ სფეროში, რამდენი ნაშრომის ავტორია და ა.შ.

 

მესამე შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: 1. რამდენად მიუკერძოებელია ავტორი (არ ხელმძღვანელობს პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით); 2. მითითებული აქვს თუ არა თავად ავტორს საკუთარი ინფორმაციის წყაროები; 3. აღწერს თუ არა თავად ავტორი არა მარტო მიღებულ შედეგებს, არამედ კვლევის მეთოდოლოგიასაც, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს ამ შედეგების გადამოწმება; 4. რამდენად ახალია წყარო. შესაძლოა, ისტორიაში ამას ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაგრამ სოციალურ მეცნიერებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რაც შეიძლება ახალ კვლევებზე იყოს აგებული, ვინაიდან სოციალური სამყარო მუდმივად იცვლება და შესაძლოა გარკვეული მონაცემები კარგად აღწერს 10 წლის წინ არსებულ ვითარებას, მაგრამ სრულიად არ შეესაბამება თანამედროვე რეალობას. და ბოლოს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამდენი წყაროს მოძიებაა შესაძლებელი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან, რაც უფრო მეტ წყაროს მოიპოვებს სტუდენტი და მათ შედარებით ანალიზს მოახდენს მით უფრო სანდოდ და დასაბუთებულად ჩაითვლება მისი ინფორმაცია [Steps in Writing a Research Paper. Retrieved 22 May, 2005 from http://www.esc.edu/htmlpages/writerold/ menue.htm].

 

რაც შეეხება მოძიებული წყაროებიდან ინფორმაციის მონიშვნა/ამოღებას, აკადემიური წერის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ინფორმაციის მონიშვნისათვის ძალიან ეფექტურია შენიშვნების ბარათების კეთება. ეს არის მომცრო ზომის ბარათები და თითოეულზე ერთი კონკრეტული სახის ინფორმაციაა წარმოდგენილი (წყაროს სრული მითითებით, გვერდების ჩათვლით). ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ციტატა, პერიფრაზირების ნიმუში, ავტორის იდეალების შეჯამება ან პირადი კომენტარი ნაშრომის გარკვეულ ნაწილთან, ან ავტორის გარკვეულ არგუმენტთან დაკავშირებით. რა სახის ინფორმაციასთანაც არ უნდა ჰქონდეს საქმე, სტუდენტმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ერთ ბარათზე მხოლოდ ერთი სახის ინფორმაცია უნდა მიუთითოს. მოგვიანებით, მას შეუძლია თემატურად დაალაგოს ბარათები და, ამ გზით, ნაშრომის გარკვეული თავები თუ ქვეთავები მიიღოს. ბარათების სისტემა სტუდენტს იმ მხრივაც უმარტივებს ამოცანას, რომ, რადგან თითოეულ ბარათზე სრულად არის მითითებული წყარო (გვერდების ჩათვლით), სტუდენტს აღარ სჭირდება წყაროსთან მიბრუნება და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება; და თუნდაც მეტად დეტალური ინფორმაცია დასჭირდეს, გაცილებით მარტივად მოიძიებს მას, რადგან ბარათზე მისი ზუსტი ადგილმდებარეობა აქვს მითითებული.

 

შემდეგ ეტაპზე სტუდენტს უშუალოდ ციტატებთან, პერიფრაზირებასა და შეჯამებასთან აქვს საქმე, რაც დეტალურად განვიხილეთ კრიტიკის ჟანრზე საუბრისას. ამ ყველაფერს კი ჯერ ნაშრომის სტრუქტურული გეგმის, შემდეგ კი - მისი პირველი ვერსიის შექმნა მოსდევს.

 

როგორ უნდა შეიქმნას კვლევითი ნაშრომის სტრუქტურული გეგმა და რა მიზანს ემსახურება ის?

 

ნაშრომის გეგმა ავტორისთვის გზისმკვლევს წარმოადგენს, რადგან ის ნაშრომის მთლიანი სტრუქტურის სქემატური გამოსახულებაა. მასში თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი ავტორის ძირითადი არგუმენტები და ქვეარგუმენტები; ამდენად, ნაშრომის გეგმის უმთავრესი ფუნქციაა დაეხმაროს ავტორს, რაც შეიძლება ეფექტური გზით გადმოსცეს სათქმელი. კვლევითი ნაშრომის საბოლოო გეგმა ხშირად მისი სარჩევის ფუნქციასაც ასრულებს.

 

ნიმუშის სახით განვიხილოთ კვლევითი ნაშრომის გეგმა, რომელშიც სამი პოლიტიკური თეორიაა განხილული: ნეომარქსიზმი, პლურალიზმი და ელიტიზმი. ვთქვათ, სტუდენტი ადგენს ნაშრომის საწყის გეგმას და ამ ეტაპზე სათანადოდ მხოლოდ პირველ ორ თეორიას იცნობს, მესამის შესახებ კი მეტ ინფორმაციას საჭიროებს. მისი საწყისი გეგმა შემდეგი სახის იქნება:

  • ნეომარქსიზმი

ძალაუფლება უმცირესობის ხელშია აქცენტს სვამს ეკონომიკაზე

  • პლურალიზმი

ძალაუფლება ინტერესების მქონე ჯგუფების ხელშია

აქცენტს სვამს ჯგუფებს შორის კოალიციაზე

  • ელიტიზმი

დეფინიცია

აღწერა

  • ანალიზი: შეერთებული შტატები

ნეომარქსიზმი
პლურალიზმი
ელიტიზმი

 

ზემოთ განხილული ნიმუში სამუშაო გეგმაა, რომელიც ავტორს ნაშრომის საწყისი ვერსიის შექნაში ეხმარება და საშუალებას აძლევს უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს: როგორ ვაპირებ ინფორმაციის წარმოდგენას, ვითვალისწინებ რა ჩემს მიზანს, მკითხველსა და ძირითად პოზიციას?

 

შემდგომ ეტაპზე სტუნდენტი გაეცნო მესამე თეორიასაც. ახლა მისი მიზანია, აღწერის სამივე თეორია და შეადაროს ისინი ერთმანეთს კონკრეტული ქვეყნის მთავრობის მაგალითზე; იმავდროულად ასაბუთებს რა, რომ ნეომარქსიზმი მოცემულ პირობებში ყველაზე ხელსაყრელი თეორიაა. მართალია, მისი ნაშრომის სამუშაო გეგმა არ არის ძალიან ფორმალური, მაგრამ ის კარგი სტრუქტურული გეგმის პირობებს აკმაყოფილებს, რადგან განამტკიცებს სტუდენტის პოზიციას, თანმიმდევრულად წარმოაჩენს ძირითად საკითხებს და ნათელყოფს კავშირს პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან საკითხებს შორის. წარმოგიდგენთ ნაშრომის გეგმის მეორე ვერსიას:

  • შესავალი

- თეორიები უფრო მარტივია, ვიდრე რეალური ცხოვრება
- თეორიები იარაღად გამოგვადგება

  • სამი პოლიტიკური თეორია

 

- ნეომარქსიზმი
ძალაუფლება უმცირესობის ხელშია აქცენტირებულია ეკონომიკური კონტროლის მნიშვნელობა

 

- პლურალიზმი


ძალაუფლება ინტერესების მქონე ჯგუფების ხელშია
ინტერესების მქონე ჯგუფები ქმნიან კოალიციას

 

- ელიტიზმი
ძალაუფლება ელიტის ხელშია
ელიტის დეფინიცია

 

  • შედარებითი ანალიზი შეერთებულ შტატებში

- ნეომარქსიზმი
- პლურალიზმი
- ელიტიზმი

 

ნაშრომის პირველი ვერსიის შექმნისას, სტუდენტს შეუძლია სამუშაო გეგმიდან აღწერით გეგმაზე გადავიდეს. აღწერითი გეგმა ნაშრომის თითოეულ პარაგრაფს აღწერს, ამდენად, სტუდენტს შეუძლია კრიტიკული თვალით შეაფასოს მისი ნაშრომის მთლიანი სტრუქტურა. ის ეხმარება ავტორს უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს: ლოგიკურად მისდევს ერთი პარაგრაფი მეორეს? მსგავსი იდეები ერთ სექციაში განვიხილე თუ გაბნეული მაქვს მთელ ნაშრომში? წარმოგიდგენთ აღწერით გეგმას, რომელიც სტუდენტმა ნაშრომის პირველი ვერსიის შექმნის შემდეგ შემოგვთავაზა. მან პარაგრაფების მიხედვით შეაჯამა ნაშრომი და შემდეგი სურათი მიიღო:

 

პარაგრაფი I - ზოგადი შესავალი პოლიტიკურ თეორიებში. თეზისი: ნეომარქსიზმი ყველაზე ხელსაყრელი თეორიაა

პარაგრაფი II - ნეომარქსიზმის აღწერა

პარაგრაფი III - პლურალიზმის აღწერა

პარაგრაფი IV - ინტერესების მქონე ჯგუფთა კოალიცია

პარაგრაფი V - ელიტიზმის აღწერა

პარაგრაფი VI - პლურალიზმის ანალიზი შეერთებულ შტატებში

პარაგრაფი VII - ნეომარქსიზმის ანალიზი შეერთებულ შტატებში

პარაგრაფი VIII - ნეომარქსიზმის ძლიერი მხარეები, ნეომარქსიზმისა და პლურალიზმის სუსტი მხარეები

პარაგრაფი IX - ელიტიზმის სუსტი მხარეები

პარაგრაფი X - დასკვნა

 

სტუდენტმა შეამჩნია, რომ ნეომარქსიზმისა და ელიტიზმის აღწერას თითო პარაგრაფი უკავია, პლურალიზმის აღწერას კი - ორი პარაგრაფი. მან გადაწყვიტა, რომ მე-3 და მე-4 პარაგრაფები შეეერთებინა. სტუდენტმა ისიც შეამჩნია, რომ ნაშრომის მეორე ნაწილი ერთი თეორიიდან მეორეზე ხტოდა, წარმოგვიდგენდა რა თითოეული თეორიის ანალიზს და შემდეგ თითოეული თეორიის სისუსტეს. მან გადაწყვიტა ერთ პარაგრაფში გაეერთიანებინა პლურალიზმის ანალიზი შეერთებულ შტატებში და ამ თეორიის სისუსტეები (მე-6 პარაგრაფი); აგრეთვე ერთად მოეთავსებინა ელიტიზმის ანალიზი და მისი სისუსტეები; შემდეგ კი ორი პარაგრაფი დაეთმო ნეომარქსიზმის ანალიზისა და მისი ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვისათვის.

 

სტუდენტს შეიძლება დაევალოს ნაშრომის ფორმალური გეგმის შექმნაც, რომელიც მისი ნაშრომის საბოლოო ვერსიას დაერთვება და მკითხველისათვის გზისმკვლევი იქნება. ფორმალური გეგმის შექმნის ორი გზაა: 1. თემატურ გეგმებში, იდეები პარალელური ფრაზების სახითაა წარმოდგენილი ანუ მსგავსი გრამატიკული სტრუქტურა აქვთ. როგორც წესი, ასეთი გეგმა შედარებით მოკლე და ლაკონურია; 2. წინადადებებისგან შემდგარ გეგმებში, იდეები სრული წინადადებების სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ისინი შეიძლება არც იყოს პარალელური. წინადადებებისაგან შემდგარი გეგმა უფრო დეტალურად აცნობს მკითხველს ავტორის არგუმენტებს.

 

მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ფორმალურ გეგმას აირჩევს სტუდენტი, მან აუცილებლად თეზისით უნდა დაიწყოს და მკაცრად განსაზღვრულ თანმიმდევრობას მისდიოს, ვთქვათ, I., A., 1.,a (1), (a). წარმოგიდგენთ ფორმალურ-თემატური გეგმის

 

ნიმუშს:

 

I. პოლიტიკური თეორიების ფუნქციები

 

A. იარაღი მკვლევარის ხელში მთავრობის გასაანალიზებლად

 

1. კატეგორიზაცია

2. შედარება

 

B. შეზღუდვა: ზედმეტად მარტივი

 

II. სამი პოლიტიკური თეორია

 

A. ნეომარქსიზმი

 

1. დეფინიცია

2. აღწერა

B. პლურალიზმი

1. დეფინიცია

 

2. აღწერა

 

C. ელიტიზმი

 

1. დეფინიცია

2. აღწერა

 

III. შედარებითი ანალიზი შეერთებული შტატების მთავრობის მაგალითზე

 

A. პლურალიზმი

 

1. ანალიზი

2. სუსტი მხარეები

 

B. ელიტიზმი

 

1. ანალიზი

2. სუსტი მხარეები

 

C. ნეომარქსიზმი

 

1. ანალიზი

 

2. კრიტიკა

 

 

 

A. სუსტი მხარეები

 

B. სუსტი მხარეები

 

 

IV. დასკვნა

 

[Using Outlines (2004). Writing Tutorial Services. Indiana University. Retrieved March 18, 2005, from http:/www.indiana.edu/wts/pamphlets/]

 

როგორც ვხედავთ, დეტალური სტრუქტურული გეგმა, ფაქტიურად, ნაშრომის მოკლე შინაარსსა თუ შეჯამებას წარმოადგენს და მხოლოდ მისი გაშლაღა გვრჩება, რის საფუძველზეც ნაშრომის პირველ ვერსიას ვღებულობთ.

 

საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომი, სხვა განხილულ ნაშრომთა მსგავსად, სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. მოკლედ განვიხილოთ, თუ რა ფუნქციას ასრულებს თითოეული.

 

საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის შესავალი მკითხველის ყურადღების მოპოვებას, მის დაინტერესებას ემსახურება. მასში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი პრობლემის აქტუალობა, ნაშრომის მიზანი და ამოცანები; აგრეთვე მკითხველს საჭირო საფუძველმდებარე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, სანამ ავტორი საკუთარ თეზისს გააცნობდეს მას, რადგან სწორედ ეს ინფორმაცია ამზადებს მკითხველს ავტორის თეზისის მისაღებად.

 

საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის ძირითადი ნაწილი მოძიებული წყაროების სინთეზსა და შედარებით ანალიზს ახდენს. ის ძლიერ წააგავს ანალიტიკური რეფერატის ძირითად ნაწილს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ, თუ ანალიტიკურ რეფერატში 2-3 წყაროა განხილული, აქ უკვე 5 წყაროზე მეტის ანალიზი და შეფასება ხდება განსახილველი პრობლემის ჭრილში.

 

საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის დასკვნა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

 

ავტორის ძირითად არგუმენტებს უნდა აჯამებდეს; პრობლემის მომავალ განვითარებას უნდა გვიხატავდეს; მოქმედებისაკენ უნდა მოუწოდებდეს მკითხველს, ანუ გარკვეულ სამომავლო გეგმას სთავაზობდეს განხილულ საკითხთან მიმართებაში; უნივერსალიზაციასა თუ კონტექსტუალიზაციას უნდა ახდენდეს; პროვოკაციული შეკითხვის დასმითა თუ გაფრთხილებით უნდა დასრულდეს, რათა მკითხველს საფიქრალი დაუტოვოს და ძლიერი საბოლოო შთაბეჭდილება მოახდინოს.

 

როცა კვლევითი ნაშრომის პირველი ვერსია მზადაა, ავტორმა გულდასმით უნდა წაიკითხოს და შეამოწმოს იგი. არსებობს 2 სახის შემოწმება: ღრმა - სტრუქტურულ- შინაარსობრივ დონეზე და ზედაპირული - გრამატიკულ-სტილისტურ დონეზე. სტუდენტი სტრუქტურულ-შინაარსობრივი შემოწმებით იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქცევს ყურადღებას ნაშრომის სტილისტურ გამართულობას.

 

ამ შემთხვევაში სტუდენტმა შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინოს:

 

  • ნაშრომის დაწერიდან შესწორებამდე რამდენიმე დღემ უნდა განვლოს. სტუდენტს სჭირდება გარკვეული დრო, რომ წერიდან რედაქტირებაზე გადაერთოს;

  • სტუდენტმა ორჯერ მაინც უნდა გადახედოს ნაშრომს საბოლოო ვერსიის შექმნამდე;

  • ნაშრომის შესწორებისას, სტუდენტმა ნელა და ხმამაღლა უნდა იკითხოს, რათა დააკვირდეს, თუ ყურს როგორ ხვდება ხმამაღლა გამოთქმული საკუთარი აზრები;

  • სტუდენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ხომ არ არის საჭირო სადმე მაგალითების დამატება, ან პარაგრაფებს შორის ლოგიკური კავშირი ხომ არ არის დარღვეული;

  • სტუდენტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა - კიდევ რის გაგებას ისურვებდა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, უკმარისობის გრძნობა ხომ არ რჩება. ამის შემდეგ, სასურველია, მან მეგობარსაც წააკითხოს ნაშრომი, რაც კარგი საშუალებაა საკუთარ თავში რწმენის განმტკიცებისა და ღირებული შენიშვნების მისაღებად.

ამ ყველაფრის საფუძველზე, წარმოგიდგენთ საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის სტრუქტურულ გეგმას, რაც ნაშრომის შექმნასა და გამართვაში დაგეხმარებათ.

 

საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა

 

საკვლევი საკითხის მოძებნა და დაკონკრეტება

  • მოძებნეთ საკითხი, რომელიც რეალურად გაინტერესებთ

  • აღწერეთ ის გზა, რომელიც გაიარეთ ამ საკითხის ძიებისას

  • ესაუბრეთ ხელმძღვანელსა და ჯგუფელებს თქვენს მიერ არჩეული საკითხის შესახებ

  • ჩამოაყალიბეთ თქვენი საკითხი შეკითხვის სახით, რომელსაც უნდა უპასუხოთ, ან პრობლემის სახით, რომელიც უნდა გადაჭრათ

წყაროების მოძიება, არჩევა და კითხვა

 

დაგჭირდებათ შემდეგი ტიპის წყაროების მოძიება:

  • ბარათის კატალოგები, პერიოდულ გამოცემათა ინდექსები, ბიბლიოგრაფიები;

  • პირველადი და მეორადი წყაროები;

  • ჟურნალები, წიგნები, ენციკლოპედიები, ინტერნეტის მასალა.

ინფორმაციის დაჯგუფება და დოკუმენტირება

 

შემდეგი სისტემები დაგეხმარებათ იყოთ ორგანიზებულნი:

 

  • ბიბლიოგრაფიულ ბარათებზე წყაროების მითითების სისტემა;

  • შედარებითი მნიშვნელობის მიხედვით მასალის მითითების სისტემა;

  • ინფორმაციის ჩანიშვნის სისტემა;

ნაშრომის გეგმის შედგენა

 

ამაში შემდეგი შეკითხვები დაგეხმარებათ:

  • რა საკითხს განვიხილავ?

  • რატომაა ის მნიშვნელოვანი?

  • რა საფუძველმდებარე ინფორმაცია მჭირდება?

  • რა არის ჩემი თეზისი (ძირითადი პოზიცია)?

  • რა სტრუქტურული გეგმა გამოხატავს საუკეთესოდ ჩემს მიზანს?

ნაშრომის შესავალი

  • წარმოადგინეთ შესაბამისი საფუძველმდებარე თუ კონტექსტუალური მასალა

  • განსაზღვრეთ საჭირო ცნებები და ტერმინები

  • ახსენით ნაშრომის ძირითადი მიზანი

  • წარმოადგინეთ თქვენი სტრუქტურული გეგმა

ნაშრომის ძირითადი ნაწილი

  • იხელმძღვანელეთ თქვენი სტრუქტურული გეგმით

  • ააგეთ თქვენი ნაშრომი საკითხების მიხედვით (და არა მასალის მიხედვით)

  • შეაჯამეთ, გააანალიზეთ, ახსენით და შეაფასეთ წყაროები (და არა უბრალოდ მოყევით მათი შინაარსი)

  • იმოძრავეთ ზოგადიდან კერძოსაკენ და კვლავ ზოგადისაკენ

ნაშრომის დასკვნა

  • თუ თქვენი არგუმენტი კომპლექსურია, საჭირო იქნება მკითხველისათვის მისი შეჯამება

  • თუ ნაშრომის დასკვნით ნაწილამდე არ აგიხსნიათ თქვენი დასკვნების მნიშვნელობა, აუცილებლად გააკეთეთ ეს ახლა

  • იმოძრავეთ დეტალურიდან ზოგადისაკენ, რაც დააბრუნებს საკითხს შესავალში წარმოდგენილ კონტექსტში

  • შემოგვთავაზეთ, თუ მოცემული საკითხის რა მხარეები ითხოვს შემდგომ კვლევას

შესწორება და ნაშრომის საბოლოო ვერსია

  • შეამოწმეთ ნაშრომის მთლიანი სტრუქტურა: შესავლის ლოგიკური მდინარება, ძირითად ნაწილში ანალიზისა და შეფასების სიღრმე, დასკვნის ეფექტურობა

  • პარაგრაფის დონეზე შეამოწმეთ: ძირითადი მტკიცებულება, მისი მხარდამჭერი დეტალის ლოგიკურობა, პარაგრაფის თანმიმდევრულობა და ჰარმონიულობა

  • წინადადების დონეზე შეამოწმეთ: წინადადების სტრუქტურა, სიტყვების არჩევა, პუნქტუაცია

  • წყაროების დოკუმენტირება: არჩეული სისტემის თანმიმდევრული გამოყენება, ყველა მასალის მითითება, რაც არ განიხილება საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებად, სქოლიოების შესაბამისი გამოყენება

[Planning a Researcg Paper. (2006). The Writing Center. University of Wisconsin-Madison. Retrieved 17 Jane, 2006, from http:/www.wiscedu/writing/Handbook/ PlaneResearchPaper.html.]

 

და ბოლოს, სანამ საბიბლიოთეკო კვლევით ნაშრომზე საუბარს დავასრულებდეთ, შემოგთავაზებთ სპეციალისტების რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმოთ დრო საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის წერის პროცესში.

 

თუ საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის საბოლოო ვერსიის შექმნამდე დაგრჩათ:

 

8 კვირა

 

3 დღე - საკვლევი პრობლემის არჩევა

5 დღე - წყაროების მოძიება და შეფასება

10 დღე - წყაროებიდან ინფორმაციის მონიშვნა/ამოღება

5 დღე - მონიშნული ინფორმაციის დალაგება

1 დღე - მონიშნული ინფორმაციის დალაგება

1 დღე - ნაშრომის სტრუქტურული გეგმის შედგენა

7 დღე - ნაშრომის პირველი ვერსიის შექმნა

3 დღე - შესწორების პროცესი

5 დღე - წყაროების დოკუმენტირება და ნაშრომის საბოლოო ვერსიის შექმნა

1 დღე - საბოლოო შემოწმება

 

4 კვირა

 

1 დღე — საკვლევი პრობლემების არჩევა

2 დღე - წყაროების მოძიება და შეფასება

6 დღე - წყაროებიდან ინფორმაციის მონიშვნა/ამოღება

2 დღე - მონიშნული ინფორმაციის დალაგება

1 დღე - ნაშრომის სტრუქტურული გეგმის შედგენა

3 დღე - ნაშრომის პირველი ვერსიის შექმნა

3 დღე - წყაროების დოკუმენტირება და ნაშრომის საბოლოო ვერსიის შექმნა

1 დღე - საბოლოო შემოწმება

 

დანარჩენი დღეები ეთმობა ნაშრომის კომპიუტერზე აკრეფას და ამობეჭდვას.[Sorenson, S. (2002). How to write Research Papers (3rd ed.). Thomson ARCO]

 

ვინაიდან ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომი უშუალოდ სტუდენტის მიერ ჩატარებულ სოციალურ კვლევაზეა აგებული, ის მეტ დროს საჭიროებს და მეტ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. კვლევის დაგეგმვას, ჩატარებასა და მონაცემების დამუშავებას საკმაო დრო მიაქვს და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი მონაცემების ანალიზი და შეფასება.

 

ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის შესაქმენლად, სტუდენტმა შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროს:

  • საკვლევი პრობლემის დასმა;

  • საკვლევი ჰიპოთეზების ფორმულირება;

  • კვლევის მეთოდების განსაზღვრა;

  • თეორიული წყაროების მოძიება და გაცნობა;

  • კვლევის დაგეგმვა და კვლევის პროგრამის შედგენა;

  • მონაცემების შეგროვება;

  • მონაცემების ანალიზი;

  • ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის შექმნა.

[Blaxter, L., Hugles, C., and Tighti M. (1996). How to Research. Philadelpia. Open University Press].

 

როგორ ვხედავთ, უშუალოდ ნაშრომის შექმნას საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი უსწრებს წინ. ამ პროცესში შემავალი თითოეული საფეხურის გააზრებულად და აკურატულად განხორციელება, სათანადო ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის შექმნის აუცილებელი პირობაა.

 

ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომი, საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომისაგან განსხვავებით, ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: შესავალი, მეთოდები, შედეგები და დისკუსია/დასკვნა. იმის განსაზღვრაში, თუ რა მიზანს ემსახურება თითოეული ნაწილი და როგორია ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის მთლიანი სტრუქტურა, შემდეგი სავარჯიშოები გვეხმარება:

 

სავარჯიშო №3. თქვენს წინაშეა ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის სექციები, თანმიმდვრობით მოცემული. ქვემოთ არეულადაა წარმოდგენილი თითოეულის განმარტება. მიუსადაგეთ ნაშრომის თითოეულ სექციას მისი შესაბამისი განმარტება.

 

 

ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა

 

1. სათაური

2. მადლობის გადახდა

3. სარჩევი

4. ცხრილების/გრაფიკების ჩამონათვალი

5. აბსტრაქტი

6. პრობლემის დაყენება

7. ლიტერატურის მიმოხილვა

8. გამოკვლევის დიზაინი

9. გამოყენებული მეთოდოლოგია

10. შედეგები

11. დისკუსია

12. დასკვნები

13. ბიბლიოგრაფია

14. დანართი

 

ა) ინფორმაციისა და მონაცემების პრეზენტაცია, რის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება ჰიპოთეზების მიღებისა თუ უკუგდების შესახებ.

ბ) მნიშვნელოვანი მონაცემები და საილუსტრაციო მასალა, მოთავსებული ძირითადი ტექსტის ფარგლებს მიღმა.

გ) ნაშრომის ძირითადი სექციები, თანმიმდევრობით მითითებული.

დ) შერჩეული პირველადი და მეორადი წყაროების მიმოხილვა და მათი ორიგინალური და კრიტიკული ანალიზი.

ე) მიღებული შედეგებით ნაკარნახევი პრინციპების, კავშირების, კორელაციებისა და განზოგადებების პრეზენტაცია; შედეგების ინტერპრეტაცია და საკვლევ პრობლემასა და ჰიპოთეზებთან მათი კავშირის ჩვენება; დედუქციურინდუქციური დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება.

ვ) ყველა გამოყენებული წყაროს აკურატული მითითება ანბანური თანმიმდევრობით.

ზ) მთელი ნაშრომის ძალიან მოკლე მიმოხილვა.

თ) კოლეგების, ხელმძღვანელების, სპონსორებისა და სხვ. მადლობის გადახდა გაწეული დახმარებისათვის.

ი) მონაცემების სანდოობისა და ვალიდურობის ჩვენება; იმ ანალიზის განხილვა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჰიპოთეზების შემოწმებას.

კ) მიღებული შედეგებისა და მათგან გამომდინარე დასკვნების მოკლედ შეჯამება.

ლ) ჰიპოთეზების შემუშავება და განხილვა; იმ თეორიული სტრუქტურისა და მეთოდების მითითება, რომლის ფარგლებში და რომელთა გამოყენებითაც უნდა შემოწმდეს ჰიპოთეზები.

მ) ცხრილებისა და დიაგრამების მითითება იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ტექსტშია მოცემული.

ნ) ნაშრომის ადეკვატური აღწერა რაც შეიძლება ნაკლები სიტყვით.

ო) გამოკვლევის ხასიათისა და მისი განხორციელების მიზეზების მოკლე მიმოხილვა; გამოკვლევის მიზნებისა და ჰიპოთეზების ნათლად ფორმულირება.

 

მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის სტრუქტურას გავეცანით, მოკლედ წარმოგიდგენთ მისი შემდგენელი ძირითადი ნაწილების ფუნქციას.

 

ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომი

სათაური

  • სათაურმა უნდა ასახოს კვლევის საგანი

  • სათაური ზუსტად უნდა ასახავდეს ნაშრომის ფოკუსს (არც ზედმეტად ფართო უნდა იყოს, არც ზედმეტად ვიწრო)

  • სათაური თვითამხსნელი უნდა იყოს მოცემული სფეროს სპეციალისტებისათვის

აბსტრაქტი

 

კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი შედგება ერთი პარაგრაფისაგან, რომელშიც 4-10 წინადადებაა. არსებობს ორი სახის აბსტრაქტი: I კონცენტრირებას ახდენს მიღებულ შედეგებსა და მათგან გამომდინარე დასკვნებზე; II კი ახდენს ნაშრომის 4 ძირითადი ნაწილის (შესავალი, მეთოდები, შედეგები, დისკუსია) თითო-თითო წინადადებით შეჯამებას.

 

შესავალი

 

შესავლის მიზანია საკვლევი სივრცის შექმნა და მკითხველების მოპოვება. ის სამი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:

 

1. საკვლევი სივრცის შექმნა

  • პრობლემის აქტუალობის ჩვენებით (სავალდებულო)

  • მოცემულ სფეროში უკვე არსებული გამოკვლევების განხილვით (სავალდებულო)

2. კონტექსტის შექმნა

  • წინა გამოკვლევების საფუძველზე ყურადღების მიღმა დარჩენილი საკითხების მითითებით და არსებული ცოდნის შევსების მცდელობით (სავალდებულო)

3. კონტექსტის ათვისება

  • გამოკვლევის მიზნისა და ხასიათის მითითებით (სავალდებულო)

  • ძირითადი დასკვნების წარმოდგენით (არჩევითი)

  • ნაშრომის სტრუქტურის გადმოცემით (არჩევითი)

მეთოდები

 

სოციალურ მეცნიერებებში მეთოდების სექცია შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:

  • დეტალურადაა გადმოცემული ყველა პროცედურა

  • არ ხდება არსებული კვლევების განხილვა

  • მოიცავს დასაბუთებებს, ახსნა-განმარტებებსა და მაგალითებს

  • ტერმინოლოგია ხშირად მეორდება

შედეგები

  • მეთოდოლოგიის დასაბუთება

  • შედეგების ინტერპრეტაცია

  • არსებულ გამოკვლევებთან თანხმობის დადგენა

  • კომენტარი მიღებულმონაცემებთან დაკავშირებით

  • ინტერპრეტაციის პროცესში სირთულეების ჩვენება

 

დისკუსია / დასკვნა

 

დასკვნა სამი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:

  • საკვლევი სივრცის გამთლიანება (სავალდებულო)

  • მოცემული გამოკვლევის შეზღუდვების ჩვენება (არჩევითი, თუმცა გავრცელებული)

  • მომავალი კვლევისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მითითება (არჩევითი და გავრცელებული მხოლოდ ზოგიერთ სფეროში) ბიბლიოგრაფია

ყველა გამოყენებული წყაროს მითითება ერთი არჩეული ფორმატის ფარგლებში (ვთქვათ, APA სტილით).

 

კვლევითი ნაშრომის სექციებში არსებული საკითხების სიხშირე

 

 

 

 

 

შესავალი

 

მეთოდები

 

შედეგები

 

დისკუსია

 

ახლანდელი დრო

 

მაღალი

 

დაბალი

 

დაბალი

 

მაღალი

 

წარსული დრო

 

საშუალო

 

მაღალი

 

მაღალი

 

საშუალო

 

ციტირება

 

დაბალი

 

მაღალი

 

ცვალებადი

 

ცვალებადი

 

ციტირება

 

მაღალი

 

დაბალი

 

ცვალებადი

 

მაღალი

 

შეზღუდვები

 

საშუალო

 

დაბალი

 

საშუალო

 

მაღალი

 

კომენტარი

 

მაღალი

 

დაბალი

 

ცვალებადი

 

მაღალი

 

[Swales, J.M. and Feak, C.B. (1994). Academic Writing for Graduate Students. Michigan: The Univesity, Michigan Press]

 

როგორც საბიბლიოთეკო, ისე ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომების გაცნობის შემდეგ, წარმოგიდგენთ ბიბლიოგრაფიის მითითების ტექნიკას APA ფორმატის ფარგლებში.

  • წიგნი, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. გამოცემის ადგილი:
გამომცემელი.

 

კიდი, უ. (2002) კულტურა და იდენტურობა. ნიუ იორკი: პალგრეივ მაკმილანი.

  • წიგნი, რომელსაც ორი ან მეტი ავტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, ინიციალი., და ავტორის გვარი, ინიციალი. (თარიღი). სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

სუეილსი, ჯ.მ., და ფიკი, ქ.ბ. (1994). აკადემიური წერა მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. მიჩიგანი: მიჩიგანის უნივერსიტეტის პრესა.

  • წიგნი, რომელსაც რედაქტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). (გამოცემის თარიღი). სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

სტანტონი, დ.ქ., და ფარბმანი, ე. (რედ.). (2003). ქალის ავტოგრაფი: ავტობიოგრაფიის თეორია და პრაქტიკა. მიდლტაუნი: იბის პრესი.

 

  • სტატია ან დამოუკიდებელი თავი წიგნიდან, რომელსაც ერთი ან რამდენიმე რედაქტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სტატიის ან თავის სათაური. წიგნში რედაქტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). წიგნის სათაური (გვერდები). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

 

შილზი, ე. (2002). ცენტრი და პერიფერია. წიგნში სპილმენი, ლ. (რედ.). კულტურის სოციოლოგია. ოქსფორდი: ბლექველი.

  • ხელახლა გამოცემული წიგნი:

ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. (მერამდენე გამოცემაა). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

სორენსონი, შ. (2002). როგორ დავწეროთ კვლევითი ნაშრომი. (მე-3 გამ.). ნიუიორკი: არკო.

  • წიგნი, რომელსაც ავტორი ან რედაქტორი არა ჰყავს:

წიგნის სათაური. (გამოცემის თარიღი). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

 

ვებსტერის ახალი ლექსიკონი. (1961). სპინგფილდი: მერიამი.

  • მრავალტომიანი ნაშრომი:

ავტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). (გამოცემის თარიღი). წიგნის სათაური. (ტომები).

 

გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

 

ბერი, ჯ.ვ., სეგალი, მ.ჰ., და კაგიციბასი, ს. (რედ.). (1996). კროსკულტურული ფსიქოლოგიის ცნობარი. (1-3 ტ.). ლონდონი: სეიგი.

  • ლექსიკონი:

სათაური. (მერამდენე გამოცემაა). (გამოცემის თარიღი). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

ოქსფორდის მოკლე ინგლისური ლექსიკონი. (მე-5 გ.). (2002). ნიუ-იორკი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა.

  • სტატია ჟურნალიდან:

ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სტატიის სათაური. ჟურნალის სათაური, ტომის ნომერი, გვერდები (არ იწერება გვ.)

უიტკროფტი, გ. (2004, ივნისი). ტონი ბლერის ტრაგედია. ატლანტიკა, 293, 56-72.

  • სტატია გაზეთიდან:

ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. გაზეთის სათაური, გვერდები (იწერება გვ.).

 

მოურისი, დ. (2003, 17 მარტი). პოლიტიკა - ბინძური თამაში? ნიუ იორკ თაიმსი, გვ. 11-12.

  • დისერტაცია ან ავტორეფერატი:

ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. დისერტაცია, უნივერსიტეტი, მისი მდებარეობა.

 

წულაძე, ლ. (2003). სოციალიზაციის ზოგიერთი პრობლემა ქართული კულტურის კონტექსტში (ავტონომიურობა და სანქციები . საკანდიდატო დისერტაცია, ივ. ჯავახიშვილის სახ.-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.

  • ლექციაზე მიცემული მასალა:

ლექტორის გვარი, ინიციალი. (თარიღი). სათაური. მასალა წარმოდგენილი ამა და ამ ლექციაზე, უნივერსიტეტი, მისი მდებარეობა.

 

წულაძე, ლ. (2005, აპრილი). მშობელთა რწმენის სისტემები კულტურაში. მასალა წარმოდგენილი კულტურის სოციოლოგიის ლექციაზე, ივ. ჯავახიშვილის სახ.-ის თბილისი სახ.-ფო უნივერსიტეტი, თბილისი.

  • სამთავრობო დოკუმენტი:

სამინისტროსა თუ დაწესებულების სახელწოდება. (გამოცემის თარიღი). დოკუმენტის სათაური (პუბლიკაციისა თუ ბრძანების ნომერი). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

 

მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი. (1982). ტელევიზია და ქცევა: სამეცნიერო პროგრესის 10 წელი (DHHS პუბლიკაცია A 82-1195). ვაშინგტონი: აშშ-ს მთავრობის გამომცემლობა.

  • არანაბეჭდი წყაროები:

გვარი, ინიციალი. (პოზიცია). (თარიღი). სათაური [ფილმი, ტელეგადაცემა...]. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

 

რედფორდ, რ. (რეჟისორი). (1980). უბრალო ადამიანები [ფილმი]. ჰოლივუდი: პარამაუნტი.

  • მასალა ინტერნეტიდან:

ავტორის გვარი, ინიციალი. (ინტერნეტში პუბლიკაციის თარიღი). დოკუმენტის სათაური. ნაშრომის სათაური სრულად. ნაშრომის ინტერნეტში მოძიების თარიღი და საიტის მისამართი.

  • ინტერნეტ-წიგნი

ბრაიანტ, პ. (1999). ბიომრავალგვარობა და დიალოგი. მოძიებული 4 ოქტომბერი, 1999, http:/www.

  • საგაზეთო სტატია ინტერნეტიდან

აზარი, ბ., და მარტინი, ს. (ოქტომბერი, 1999). უმაღლესი სკოლის ფსიქოლოგია. APA მონიტორი. მოძიებულია 7 ოქტომბერი, 1999, http:/www....

 

ჟურნალის სტატია ინტერნეტიდან

 

ფაინი, მ., და კურდეკი, ლ.ა. (1993). რეფლექსია. საგანმანათლებლო რეფორმის საკითხებზე. ამერიკელი ფსიქოლოგი, 48, 1141-1147. მოძიებულია 7 ივნისი, 1995. http:/www. .........

 

[APA References. Retrieved 22 May, 2005 from http:/webster.comment.edu/ada.htm]

 

 

სილაბუსი

 

აკადემიური წერა

 

სასწავლო კურსის კოდი:

სასწავლო კურსის სტატუსი: მაგისტრატურა, I კურსი, სავალდებულო.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.

 

ECTS: 8 კრედიტი. საკონტაქტო მუშაობაზე გათვალისწინებული საათების რაოდენობა - 32, დამოუკიდებელი მუშაობა - 150 საათი.

ლექტორი: ლია წულაძე, ასისტენტ-პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის დეპარტამენტი.

T: 33 30 43; 893 21 38 12; e-mail: likuna282003@yahoo.com

 

სასწავლო კურსის მიზანი: აკადემიური წერის კურსი აგებულია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური წერის პროგრამის საფუძველზე და 4 ჟანრს მოიცავს: არგუმენტირებულ ესეს, კრიტიკას, ანალიტიკურ რეფერატს და კვლევით ნაშრომს, რომელიც, თავის მხრივ, ორი ძირითადი სახისაა — საბიბლიოთეკო და ექსპერიმენტული. აღნიშნული კურსი ინტერაქტიული ხასიათისაა. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ლექციის მსვლელობაში და ლექციაზევე განიხილავენ და აანალიზებენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. ისინი ეტაპობრივად ქმნიან თითოეული ჟანრის ნაწარმოებს და, ჯგუფური შეფასების მეთოდის გამოყენებით, ლექციაზევე აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს წინასწარ შემუშავებული შეფასების სკალების საფუძველზე.

 

კურსის მიზანია არგუმენტირების, კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების უნარის განვითარება სტუდენტებში, აგრეთვე არსებული თეორიული მასალისა და გამოკვლევების გამოყენება საკვლევი პრობლემის გადაჭრისა და ემპირიული კვლევის პარამეტრების განსაზღვრისათვის. ამასთან ერთად, მოცემული კურსის საფუძველზე, სტუდენტები ეცნობიან პლაგიატის თავიდან აცილებისა და ციტირების სწორ ტექნიკას, გამოყენებული ლიტერატურის მითითებას მსოფლიოში აღიარებული ფორმატის ფარგლებში და პრეზენტაციების მოწყობის ხელოვნებას.

 

შესწავლის წინაპირობები: მოცემული კურსი აცნობს სტუდენტებს აკადემიური წერის საფუძვლებს და იწყებს არგუმენტის სტრუქტურირების ტექნიკით; ამდენად, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ სტუდენტები კარგად იცნობდნენ ქართული ენის მართლწერასა და ჰქონდეთ ანალიტიკური აზროვნების შესაბამისი დონე.

 

სასწავლო კურსის ფორმატი: ლექცია, პრაქტიკული მუშაობა და პრეზენტაცია.

სასწავლო კურსის შინაარსი:

 

 

 

გაკვეთილი

 

თემა

 

მიზნები

 

1

 

არგუმენტირებული ესეს შესავალი

სტუდენტები ეცნობიან კურსის სილაბუსსა და არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმებს

სტუდენტები ეცნობიან  არგუმენტირებული ესეს ჟანრს, მის სტრუქტურასა და ძირითად ელემენტებს

სტუდენტები განიხილავენ  არგუმენტირებული ესეს ნიმუშებს

 

2

წერითი პროცესის საფეხურები

 

პარაგრაფების განვითარება

სტუდენტები ეცნობიან წერითი  პროცესის ძირითად საფეხურებს და ვარჯიშობენ იდეების გენერაციაში, თემების არჩევასა და სათაურების  ფორმულირებაში

სტუდენტები ეცნობიან  ეფექტური პარაგრაფის სტრუქტურას

სტუდენტები ვარჯიშობენ პარაგრაფების განვითარებაში

 

3

არგუმენტირებული ესეს
შესავალი ნაწილი
საკუთარი არგუმენტების
პრეზენტაცია კონტრ-
არგუმენტების გათვალისწინება
და უკუგდება

სტუდენტები ეცნობიან  წარმატებული შესავლის როლსა და მისთვის
დამახასიათებელ ნიშნებს

სტუდენტები ვარჯიშობენ  შესავლის დაწერაში

სტუდენტები სწავლობენ  საკუთარი არგუმენტების წარდგენასა და დასაბუთებას

პრაქტიკა წერილობითი  ფორმით

სტუდენტები სწავლობენ  კონტრ-არგუმენტების გათვალისწინებასა და
უკუგდებას

 

პრაქტიკა წერილობითი  ფორმით

 

4

 

არგუმენტირებული ესეს დასკვნა
ლოგიკა და მთლიანობა
არგუმენტირებული ესეს
საბოლოო ვერსიის შექმნა
და პრეზენტაცია

სტუდენტები ეცნობიან  წარმატებული დასკვნის როლსა და მისთვის დამახასიათებელ  ნიშნებს

სტუდენტები ვარჯიშობენ  დასკვნის დაწერაში

სტუდენტები ეცნობიან  ნაშრომის გამთლიანებისა და ლოგიკური თანმიმდევრობის  უზრუნველყოფის ტექნიკას და ვარჯიშობენ მასში

არგუმენტირებული ესეს საბოლოო ვერსიის შექმნა და პრეზენტაცია; სტუდენტები
აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს

 

5

 

კრიტიკის შესავალი

სტუდენტები ეცნობიან  კრიტიკის შეფასების  კრიტერიუმებს

სტუდენტები ეცნობიან  კრიტიკის ჟანრს, მის  სტრუქტურასა და ძირითად ელემენტებს

• სტუდენტები განიხილავენ  კრიტიკის ნიმუშებს

 

6

პერიფრაზირება შეჯამება ციტირება

პლაგიატის თავიდან აცილება

 

 

სტუდენტები ახდენენ ავტორის  იდეების პერიფრაზირებას

სტუდენტები ეცნობიან  ტექსტის შეჯამების ტექნიკას

• პრაქტიკა წერილობითი  ფორმით

• სტუდენტები სწავლობენ  ციტირების სწორ ტექნიკას

სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ აიცილონ თავიდან

პლაგიატი

 

7

 

შეფასება-რეფლექსია

სტუდენტები გამოხატავენ  თავიანთ პოზიციას ავტორის იდეებთან მიმართებაში

სტუდენტები კრიტიკულად აფასებენ სტატიას

პრაქტიკა წერილობითი  ფორმით

 

8

 

წერის სტილი და ლოგიკა
კრიტიკის საბოლოო ვერსიის
შექმნა და პრეზენტაცია

სტუდენტები ფოკუსირებას  ახდენენ წერის სტილსა და ლოგიკაზე

კრიტიკის საბოლოო ვერსიის  შექმნა და პრეზენტაცია; სტუდენტები აფასებენ  ერთმანეთის ნაშრომებს

 

9

 

ანალიტიკური რეფერატის
შესავალი

სტუდენტები ეცნობიან  ანალიტიკური რეფერატის შეფასების კრიტერიუმებს

სტუდენტები ეცნობიან  ანალიტიკური რეფერატის ძირითად ელემენტებს

სტუდენტები განიხილავენ  ანალიტიკური რეფერატის ნიმუშებს

სტუდენტები ადარებენ კრიტიკისა და ანალიტიკური რეფერატის ძირითად
ელემენტებს

 

10

 

კონტექსტუალიზაცია

სტუდენტები ეცნობიან  კონტექსტუალიზაციის არსს და ვარჯიშობენ
კონტექსტუალიზაციის  განხორციელებაში

 

11

 

ავტორთა პოზიციების ანალიზი
და შეფასება შეხედულებების
განმტკიცება

სტუდენტები ადარებენ  ავტორთა პოზიციებს,  ნაბიჯნაბიჯ აფასებენ რა
მსგავსება-განსხვავებებს

 

სტუდენტები სწავლობენ, თუ  როგორ განამტკიცონ შესაბამისი მხარდაჭერით საკუთარი დასხვების შეხედულებები

 

12

 

წერის სტილი და ლოგიკა
ანალიტიკური რეფერატის
საბოლოო ვერსიის შექმნა
და პრეზენტაცია

სტუდენტები ფოკუსირებას ახდენენ წერის სტილსა და
ლოგიკაზე

ანალიტიკური რეფერატის
საბოლოო ვერსიის შექმნა
და პრეზენტაცია; სტუდენტები
აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს

 

13

 

კვლევითი ნაშრომის შესავალი

სტუდენტები ეცნობიან კვლევითი ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს

სტუდენტები ეცნობიან კვლევითი ნაშრომის ჟანრს და
მის ძირითად ელემენტებს

 

14

 

საბიბლიოთეკო კვლევითი
ნაშრომი

სტუდენტები ეცნობიან საბიბლიოთეკო კვლევითი
ნაშრომის სტრუქტურას, მის ძირითად სექციებს,
ეტაპებს საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის შექმნის  პროცესში

 

15

 

ექსპერიმენტული კვლევითი
ნაშრომი

სტუდენტები ეცნობიან
ექსპერიმენტული კვლევითი
ნაშრომის სტრუქტურას, მის
ძირითად სექციებს,
ეტაპებს ექსპერიმენტული
კვლევითი ნაშრომის შექმნის
პროცესში

 

16

ბიბლიოგრაფიის მითითების
APA-სტილი

სტუდენტები ეცნობიან  ბიბლიოგრაფიის მითითების
APA-სტილს

სტუდენტები ვარჯიშობენ APA-სტილის მიხედვით ბიბლიოგრაფიის მითითებაში

 

 

 

შეფასება:

 

დასწრება — 15%25

ნაშრომების შექმნა — 60%25

ნაშრომების პრეზენტაცია — 25%25

 

სავალდებულო ლიტერატურა:

  • რადგან აკადემიური წერა შედარებით ახალი დისციპლინაა საქართველოში და ძალიან რთულია ქართულენოვანი ლიტერატურის მოძიება მის შესახებ, ლექტორი აძლევს სტუდენტებს მის მიერ თარგმნილ და დამუშავებულ მასალას, აგრეთვე, სხვადასხვა ჟანრის ნიმუშებს.

Bailey, S. (2003). Academic Writing: A Practical Guide for Students. London and N.Y.: RoutledgeFalmer.

Leki, I. (2nd ed.). (1998). Academic Writing. Exploring Processes and Strategies. Cambridge: Cambridge University Press.

Smalley, R. L., Ruetten, M. K., & Kozyrev, J. R. (5th ed.). (2001). Refining composition Skills - Rhetoric and Grammar. Boston: Heinle & Heinle, Thomson Learning.

Swales, J. M., & Feak, C. B. (1994). Academic Writing for Graduate Students. Michigan: The University of Michigan Press.

 

დამატებითი ლიტერატურა:

 

Craswell, G. (2005). Writing for Academic Success: A Postgraduate Guide. London: SAGE Publications.

Ede, L. (2001). Work in Progress: A Guide to Academic Writing and Revising. (5th ed.). Boston and N.Y.: Bedford/St. Martin's.

Giltrow, J. (ed.). (2002). Academic Reading: Reading and Writing in Disciplines.

Hewings, M. (2002). Writing in Context: Implications and Applications.

Jordan, R. R. (3rd ed.). (1999). Academic Writing Course. Harlow: Longman, Pearson Education Limited.

Rosen, L. (2005). Handbook of Academic Writing.

Sorenson, S. (3rd ed.). (2002). How to Write Research Papers. New York: Macmillan Reference USA.

Teitelbaum, H. (4th ed.).(1998). How to Write a Thesis. Boston: Arco, Thomson Learning. http://www.apa.org/

http://www.ceu.hu/writing/sfaccess.html

http://www.criticalreading.com/

http://www.csuohio.edu/writingcenter/

http://www.esc.edu/htmlpages/writerold/

http://www.powa.org/

http://www.refdesk.com/citations

http://www.rpi.edu/dept/llc/writecenter/web/index.html

http://www.utoronto.ca/writing

http://webster.comment.edu/

http://www.wisc.edu/writing/

http://writing.richmond.edu/writing/

 

სწავლის შედეგი:

 

მოცემული კურსის საფუძველზე, სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნენ აკადემიური წერის ოთხ ძირითად ჟანრს: არგუმენტირებულ ესეს, რომელმაც გააცნო სტუდენტებს საკუთარი არგუმენტების პრეზენტაციისა და შესაბამისი მხარდაჭერით განმტკიცების, აგრეთვე, კონტრარგუმენტების უკუგდების ტექნიკა; კრიტიკას, რომელიც ემსახურება კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების უნარის განვითარებას სტუდენტებში; ანალიტიკურ რეფერატს, რომლიც ასწავლის სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების შეჯამებას, ანალიზს, კონტექსტუალიზაციას და მათზე რეფლექსიას; კვლევით ნაშრომს, რომელიც წარმოადგენს სტუდენტებისათვის მეგზურს წარმატებული საკურსოს დასაწერად და ამზადებს სადიპლომო ნაშრომების შესაქმნელად. ამასთან ერთად, სტუდენტებმა გაიცნეს პლაგიატობის თავიდან აცილებისა და ციტირების სწორი ტექნიკა, მსოფლიოში აღიარებული ფორმატის ფარგლებში გამოყენებული ლიტერატურის მითითება და პრეზენტაციების მოწყობის ხელოვნება.

 

 

 

არგუმენტირებული ესეს შეფასება

 

0x01 graphic
 

 

 

 

კრიტიკის შეფასება

 

 

 

0x01 graphic
 

 

 

 

 

 

 

 

ანალიტიკური რეფერატის შეფასება

 

0x01 graphic
 

 

 

 

კვლევითი ნაშრომის შეფასება

 

0x01 graphic

 

 
   

სარჩევი

თემა III. ანალიტიკური რეფერატი