შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლიზა ლეონსკაია![]()
ბიოგრაფიამსოფლიოში აღიარებული პიანისტი ლიზა (ელისაბედ) ლეონსკაია დაიბადა 1945 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი. ვუნდერკინდ ბავშვად ითვლებოდა. თერთმეტი წლისამ სადებიუტო კონცერტი გამართა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (1957), ხოლო ორი წლის შემდეგ უკვე სოლო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულმა მუსიკოსმა სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გააგრძელა (1964-1971). სწავლობდა პროფესორ მილშტეინის კლასში. სტუდენტობის დროს მოიპოვა ენესკუს, მარგარეტ ლონგისა (1965, პარიზი) და დედოფალ ელისაბედის (1968, ბრიუსელი) პრესტიჟული საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების პრიზები. ლიზა ლეონსკაიას შემოქმედებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია მისმა თანამშრომლობამ სვიატოსლავ რიხტერთან, რომელიც აღიარებდა ახალგაზრდა პიანისტის გამორჩეულ ნიჭს და ხელს უწყობდა მის განვითარებას, არა მხოლოდ სწავლებისა და რჩევების მიცემის გზით, არამედ ხშირად იწვევდა მას ერთობლივი დუეტების შესასრულებლად. დიდმა პიანისტმა თავისი უკანასკნელი პროექტი (მოცარტის საფორტეპიანო დუეტები) სწორედ ლიზა ლეონსკაიასან ერთად განახორციელა. თანამშრომლობა და პირადი მეგობრობა მათ შორის გრძელდებოდა რიხტერის გარდაცვალებამდე (1997). მოსკოვის კონსერვატორიის დასრულებისა და არაერთ კონკურსზე უმაღლესი ჯილდოების მოპოვების შემდეგ, ვენაში გასტროლზე მყოფი (1978) ლიზა ლეონსკაია ემიგრაციაში დარჩა და უარი თქვა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. ამავდროულად, ის, ასევე მუსიკის ლეგენდას, ოლეგ კაგანს გაჰყვა ცოლად. საცხოვრებლად ვენაში გადასვლის შემდეგ, 1979 წელს, შედგა ლიზა ლეონსკაიას სენსაციური გამოსვლა ზალცბურგის ფესტივალზე, რომელიც გახდა მისი პროფესიული კარიერის უწყვეტი წინსვლის დასაწყისი დასავლეთში. მან სულ მალე მოიხვეჭა სახელი ევროპასა და ამერიკაში. როგორც სოლისტი, ლიზა ლეონსკაია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ორკესტრთან თანამშრომლობდა, მათ შორის: New York Philharmonic, Los Angeles Philharmonic Orchestra, Cleveland Orchestra, London Philharmonic Orchestra, Royal Philharmonic Orchestra, BBC Symphony Orchestra London, Zurich Tonhalle Orchestra, Berlin Philharmonic Orchestra, Gewandhausorchester Leipzig, ჰამბურგის, კიოლნისა და მიუნჰენის რადიო ორკესტრები, Czech Philharmonic Orchestra და მრავალი სხვ. თანამშრომლობდა ევროპისა და აშშ-ის ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: კურტ მაზური, სერ კოლინ დეივისი, კრისტოფ ფონ დონანი, მარის იანსონსი, კურტ ზანდერლინგი, იური ტემირკანოვი და სხვ. მის რეპერტუარშია: ვენის კლასიკოსები, რომანტიკოსები, რაველის, დებიუსის, ენესკუს, გლინკას, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები და სხვ. ლიზა ლეონსკაია ხშირი და სასურველი სტუმარია ზალცბურგის, ვენისა და ლუცერნის, Schleswig-Holstein Festival-სა და Schubertiade-ს პრესტიჟული საზაფხულო ფესტივალებისა. სოლო კონცერტებს მართავს პარიზის, მადრიდის, ბარსელონას, ედინბურგის, ვენის, ლონდონის, მიუნჰენის წამყვან საკონცერტო დარბაზებში. გადატვირთული სოლო კარიერის მიუხედავად, მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება კამერულ მუსიკას. იგი ხშირად თანამშრომლობს ემერსონის, ბოროდინისა და არტემისის კვარტეტებთან. მრავალი ჩანაწერი მოწმობს ლიზა ლეონსკაიას, როგორც პიანისტის განსაკუთრებულ შემოქმედებით მიღწევებზე. მიღებული აქვს Caecilia Prize (წმინდა ცეცილიას პრიზი) ბრამსის საფორტეპიანო სონატების ჩანაწერებისთვის, პრიზი "Diapason D'Or" - ლისტის ნაწარმოების ჩანაწერებისთვის. სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერები მოიცავს: ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტებს ნიუ იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად კურტ მაზურის დირიჟორობით, შოპენის საფორტეპიანო კონცერტებს ჩეხეთის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ვლადიმირ აშკენაზის დირიჟორობით, შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტებს სან პოლის კამერულ ორკესტრთან ერთად. მისი ჩანაწერი CD 'PARIS' რაველის, დებიუსისა და ენესკუს ნაწარმოებებით, რომელიც გამოცემულია ბერლინში ლეიბლით ეაშონუს, აღიარებულია 2014 წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერად International Classical Music Awards -ის ჟიურის მიერ. 2015 წლის შემოდგომაზე კი ამავე ლეიბლით გამოიცა ლიზა ლეონსკაიას მიერ შესრულებული შუბერტის სონატების სრული კრებული. ლიზა ლეონსკაიას განსაკუთრებულმა მიღწევებმა უდიდესი აღიარება მოუტანა მის მეორე სამშობლოში, ავსტრიაში. იგი გახლავთ ვენის Kონზერტჰაუს-ის საპატიო წევრი. 2006 წელს კი ავსტრიის მთავრობამ მას უმაღლესი სახელმწიფო ორდენი, ავსტრიის I ხარისხის "საპატიო ჯვარი"მიანიჭა, მეცნიერებასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეისათვის ლიზა ლეონსკაია - “Lioness of the Keyboard”, როგორც მას უწოდებენ, აღიარებულია გამორჩეულ პიანისტად. მისი ვირტუოზობა ყოველგვარ შექებას აღემატება და ყველგან უდიდესი სითბოთი და აღტაცებით ხვდებიან. ლიზა ლეონსკაია ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში წარჩინებულ პიანისტ სტუდენტთათვის დააარსა სტიპენდია და ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს დახმარების ხელი გაუწოდა. მათ მხარდასაჭერად პიანისტმა და პედაგოგმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი SOLO. ფონდის არსებობის 20 წლის მანძილზე, ლიზა ლეონსკაიას პირადი სახსრებით 100-ზე მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდა შემსრულებელმა მიიღო დაფინანსება - გრანტების, სტიპენდიებისა და პრემიების სახით. მათ შორისაა: ხატია ბუნიათიშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო გვეტაძე, თამარ ბერაია, ლევან ცხადაძე და სხვ. ლიზა ლეონსკაია დღესაც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სწავლობს ამერიკისა თუ ევროპის კონსერვატორიებში და სამუსიკო სასწავლებლებში. ლიზა ლეონსკაია საქართველოში ბოლოს 2016 წელს იმყოფებოდა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მოწვევით. მან თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ორი კონცერტი ჩაატარა. შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი №3, ალექსანდრ სკრიაბინის „ექსტაზის პოემა“, მორის რაველისა და ანტონ დვორჟაკის მაწარმოებები. „ლიზა ლეონსკაიასთან დაკვრა და ჩვენს ორკესტრთან მისი თანამშრომლობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. „პირველად მის კონცერტს სტუდენტობისას დავესწარი ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, შემდეგ კი ნიუ-იორკ ფილარმონიკთან ერთად მოვისმინე კურტ მაზურის დირიჟორობით... დღეს მას ავსტრიელ პიანისტად მოიხსენიებენ. თბილისის შემდგომ ვენა მისი ცხოვრების მთავარ ქალაქად დარჩა, მაგრამ მის ყველა კონცერტზე (და ასეთი ალბათ ათი ათასზე მეტია) ბუკლეტებსა თუ პროგრამებში დაბეჭდილ ბიოგრაფიულ მონაცემებში ყველგან წერია, რომ ის ჩვენ ქალაქში დაიბადა და მისი პირველი კონცერტიც ქართულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შედგა...“ წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 285 https://ghn.ge/news/150361-tbilisshi-legendaruli-pianisti-liza-leonsakia-kontsertebs-gamartavs https://www.ambebi.ge/article/157582-21-marts-tbilisis-operis-teatrshi-pianisti-liza-leonskaia /
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |