Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მიხეილ ქირია![]()
Biographyსაოპერო მომღერალი (ბარიტონი) მიხეილ (მიშა) ქირია დაიბადა 1986 წელს ქალაქ ზუგდიდში. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). მომღერალი ამბობს, რომ დიდ სცენაზე სერიოზული ფიქრი და ოცნება მაშინ დაიწყო, როცა მაესტრო ნოდარ ანდღულაძის სახლში პირველად მოხვდა. მას ზუსტად ახსოვს, რომ ეს იყო 2002 წლის 5 აგვისტო. ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტი გახლდათ, როცა, 2010 წელს, შედგა მისი დებიუტი საოპერო სტუდიის სცენაზე ვერდის ოპერაში "ტრავიატა" (ჟერმონის პარტია). 2011 წელს ჩააბარა ლა სკალას აკადემიაში. აკადემიაში სწავლის პერიოდში ლა სკალას სცენაზე შეასრულა ბლანსაკის პარტია როსინის ოპერაში "აბრეშუმის კიბე" (რეჟისორი დამიანო მიკელეტო). 2013 წელს შედგა მიშა ქირიას დებიუტი ვერონის ფილარმონიულ თეატრში, სადაც ასრულებდა კავალიერე ბელფიორეს პარტიას ვერდის ოპერაში "ერთი დღე მეფედ" (რეჟისორი პიერ ლუიჯი პიცი). 2014 წელს, იტალიურმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ "ტაქტუსი" გამოსცა ამ ოპერის დისკი. 2015 წელს მომღერალმა ლა სკალას სცენაზე შეასრულა დონ მანიფიკოს პარტია როსინის ოპერაში "კონკია" (შემოკლებული ვერსია);. ამავე წელს ბერლინის დოიჩე ოპერაში შედგა მისი დებიუტი პუჩინის ოპერაში "ტურანდოტი" ( პინგის პარტია) და როსინის ოპერაში "სევილიელი დალაქი" (ბარტოლოს პარტია). 2016 წელს, ამსტერდამის ნაციონალური ოპერისა და ოპერა ზაუდის ერთობლივ პროექტში, მიხეილ ქირიამ შეასრულა სინიორ ჯერონიმოს პარტია ჩიმაროზას ოპერაში "ფარული ქორწინება". 2017 წელს ბერლინის დოიჩე ოპერაში შეასრულა დულკამარას პარტია (რობერტო ალანიასთან ერთად ) გაეტანო დონიცეტის ოპერაში "სიყვარულის ნექტარი". იმავე წელს, ვერდის ფესტივალზე თეატრ რეჯო დი პარმაში შედგა მისი დებიუტი ვერდის ოპერაში "ფალსტაფი" (ფალსტაფის პარტია). 2017 წლიდან მიხეილ ქირია მუდმივად ცხოვრობს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, თუმცა სახლში იშვიათად ნახავთ. საქმე ისაა, რომ მომღერალი ხშირად გამოდის ევროპის საუკეთესო სცენებზე და ამის გამო რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ჩერდება. 2018 წელს მიშა ქირიას რამდენიმე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა გერმანიაში. მან ფრანკფურტის ოპერის თეატრში შეასრულა დონ მანიფიკოს პარტია როსინის ოპერაში "კონკია", ბერლინის დოიჩე ოპერაში - დონ ალფონსო, მოცარტის ოპერაში "ასე იქცევა ყველა" და ლორდ სიდნეის პარტია როსინის ოპერაში "მოგზაურობა რეიმსში". ასევე, 2018 წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი ბრეგენცის ფესტივალზე ავსტრიაში, სადაც შეასრულა ბარტოლოს პარტია როსინის ოპერაში "სევილიელი დალაქი" (რეჟისორი ბრიგიტე ფასბენდერი). 2019 წელს იტალიის მარკეს ტურში შეასრულა ფალსტაფის პარტია ვერდის ოპერაში "ფალსტაფი". ქართველ მომღერალს ხშირად იწვევენ ევროპის სხვადასხვა საოპერო თეატრებსა საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორისაა: ბერლინის დოიჩე ოპერა, ფრანკფურტის ოპერა, მიუნხენის შტაატსოპერა, ამსტერდამის ნაციონალური ოპერა, ვერონის ფილარმონიული თეატრი, ლა-სკალა, მადრიდის სამეფო თეატრი და ვალენსიის თეატრი. რაც შეეხება ფესტივალებს - მონაწილეობდა ბრიტანეთში გამართულ გლაინბორნის, ავსტრიის ბრეგენცისა და იტალიის ვერდის ფესტივალებზე… მიშა ქირიას მეუღლე მაია ყამბეგაშვილი პროფესიით ბანკირია, გერმანული ბანკის უფროსის თანაშემწედ მუშაობს, მაგრამ მუსიკის სიყვარულისა და თანდაყოლილი ნიჭის წყალობით, გაერთიანებულია გერმანულ ბენდში, რომელიც ელექტრო-პოპის მიმართულებით მუშაობს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ქირია http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014643 https://sputnik-georgia.com/20190501/mixeil-qiria-245098150.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |