| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ვეშაპიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი (გოგა) ვეშაპიძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 1999 წელს - იმავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისრატურა. ბანკში სამსახურს ეძებდა, როცა უნივერსიტეტში განცხადება გამოაკრეს - იაპონელ პროფესორს (ექსპერიმენტატორს) იაპონიაში სტუდენტის წაყვანა უნდოდა, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად. კონკურსანტებმა გაიარეს გამოცდა, რომელიც 3 დღეს გაგრძელდა და არჩევანი გიორგიზე შეჩერდა. გიორგი ვეშაპიძემ იაპონიაში 4 წელზე მეტხანს იცხოვრა. სწავლობდა ტოკიოს "მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში" და ქსპერიმენტატორად მუშაობდა, ატომური ფიზიკის მიმართულებით. ლექციები ხშირად არ ჰქონდა, ძირითადად, ლაბორატორიულ, კვლევით სამუშაოს ასრულებდა. იაპონიაში პირველი 5-6 თვე მარტო ცხოვრობდა, შემდეგ კი ოჯახიც (მეუღლე და 2 წლის ბიჭი) წაიყვანა. მეორე ვაჟი უკვე იქ შეეძინა. იაპონიაში გიორგიმ სალაპარაკო იაპონური ისწავლა, თუმცა საერთაშორისო ჟურნალებიდან სტატიების კითხვა ინგლისურ ენაზე უწევდა. გიორგი ვეშაპიძემ 2003 წელს დაამთავრა ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის დოქტორანტურა ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმიის მიმართულებით და 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მრავალჯერად დამუხტული ბენზოლის, დაჯახებით გამოწვეული დისოციაციის პოზიციურად მგრძნობიარე ფრენის დროითი შესწავლა“. დისერტაციის დაცვის შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და 2004-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ატომურ-მოლეკულური პროცესების სპექტროსკოპიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა მკვლევრად: კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჯ. რ. მაკდონალდის სახელობის ატომურ-მოლეკულურ-ოპტიკური ფიზიკის ლაბორატორიაში (2005-2008 წწ); იაპონიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში JSPS (Japanese Society for the Promotion of Science), კერძოდ, მოლეკულურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (2008-2011 წწ); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2011- 2012 წწ); 2012-2020 წლებში გიორგი ვეშაპიძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. ფიზიკოსის სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: იონურ-მოლეკულური დაჯახებები, ულტრაცივი გაზები, ულტრასწრაფი ლაზერები, ლაზერული სპექტროსკოპია, არაწრფივი ოპტიკა, კოჰერენტული კონტროლი, ზედაპირული პლაზმონები, ელექტრომაგნიტურად აღძრული გამჭვირვალობა, კვანტური ინფორმაცია, გამოთვლითი მოწყობილობები და ალგორითმები. გიორგი ვეშაპიძის ძირითადი პროფესია ფიზიკას უკავშირდება, მაგრამ იგი ხელოვნების სფეროშიც მოღვაწეობს. დამთავრებული აქვს სპეციალური მუსიკალური სკოლა - ნიჭიერთა ათწლედი (საყვირის განხრით), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში "კავეენსაც" თამაშობდა, გადაღებულია სატელევიზიო სერიალში - „შუა ქალაქი“, სადაც ფიზიკოსი პროფესორის როლს ასრულებს. სერიალის გარდა, ტელემაყურებელს "ბუდარიიდანაც" ახსოვს. გოგა ვეშაპიძის მეუღლე, თამუნა დოკვაძე, განათლებით მუსიკოსია - ფორტეპიანოზე უკრავს. იაპონიაში წასვლამდე უცხო ენების ფაკულტეტზეც ჩააბარა, გერმანულის განხრით, მაგრამ სწავლის დასრულება არ დასცალდა. ამჟამად იაპონურ ენას ასწავლის სკოლაში ბავშვებს. წყარო: https://faculty.iliauni.edu.ge/bte_faculty/veshapidze-giorgi/ https://www.ambebi.ge/article/51940-iumoristi-pizikosis-mravalperovani-cxovrebiseuli-gamocdileba/ ვეშაპიძე გოგა. პროფესორი გოგა ვეშაპიძე „შუა ქალაქში“ საკუთრ თავს თამაშობს: ინტერვიუ /ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. 2012. 16 ივლისი, N28, გვ.46-47
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

