The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კახი სოლომნიშვილი

კახი სოლომნიშვილი
Date of birth:9 May, 1990  (35 years)
Category:Musician

Biography

კახი სოლომნიშვილი არის სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრის და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი.
დაიბადა 1990 წლის 9 მაისს, თბილისში. მუსიკალური კარიერა პიანისტობით დაიწყო. სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, „ნიჭიერთა ათწლედში“. აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებსა და კონცერტებში.

პედაგოგებმა ურჩიეს დირიჟორობა შეესწავლა, რადგან აბსოლუტური სმენა ჰქონდა.
2007 წელს ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე, რომელიც 2013 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.
2011 წელს კახი სოლომნიშვილი დაინიშნა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ასისტენტ-დირიჟორად. 2014 წლიდან - ამავე თეატრის დირიჟორია.
2016 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, რომლის დირიჟორიც 2017 წლიდან გახდა.
2017 წელს მიენიჭა „წინანდლის პრემია” მუსიკის დარგში.

2018 წელს ეროვნულმა ფილარმონიულმა ორკესტრმა კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით შეასრულა სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული". სწორედ ამ კონცერტის ჩანაწერი გახდა მისი კარიერის გზამკვლევი საზღვარგარეთ. ამ ჩანაწერის საფუძველზე ქართველი დირიჟორი მიიწვიეს მონაკოში სადირიჟორი კონკურსზე, ხოლო შემდეგ, სტრავინსკის ყველაზე დიდმა შემსრულებელმა, შვეიცარიელ-ფრანგმა დირიჟორმა შარლი დუტუამ შესთავაზა არგენტინაში მისი ასისტენტი ყოფილიყო.
2022 წლიდან ახალგაზრდა დირიჟორი აქტიურად თანამშრომლობს მაესტრო შარლი დუტუასთან, ბუენოს აირესის ფილარმონიულ ორკესტრთან და teatro Colon-თან, სადაც მისი დებიუტი სტრავინსკის ოპერა „ქარაფშუტას თავგადასავლის“ პრემიერით შედგა. 2024 წელს, არგენტინის საოპერო თეატრის შეთავაზებით დადგა ჟორჟ ბიზეს „კარმენი” (დამდგმელი დირიჟორი). 

2023 წლიდან კახი სოლომნიშვილი თანამშრომლობას იწყებს სლოვენიის ფილარმონიულ ორკესტრთან (Slovenska filharmonija - Academia philharmonicorum), ხოლო, 2024 წლის 15 მაისიდან ამ ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოზიციას იკავებს.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სხვა ქვეყნის მთავარი ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი გახდა.

პირველმა სადებიუტო კონცერტმა ლუბლიანას მთავარ საკონცერტო დარბაზში, Cankarev Dom-ში, სრული ანშლაგით ჩაიარა. შესრულდა სლოვენიელი კომპოზიტორის ზვონიმირ ციგლიჩის, შოსტაკოვიჩისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.

2025 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი კახი სოლომნიშვილი იქნება.

ქართველ დირიჟორს უთანამშრომლია ისეთ საერთაშორისო და ნაციონალურ ორკესტრებთან, როგორებიცაა: პოლონეთის ფრედერიკ შოპენის სიმფონიურ ორკესტრი, საქართველოს სინფონიეტა, ისრაელის სინფონიეტა, Teatro Colon-ის ორკესტრი და ა.შ.

კახი სოლომნიშვილის მეუღლეა მარიამ ჩხაიძე. ისიც მუსიკოსია, არფაზე უკრავს. მათ ერთმანეთი ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრში გაიცნეს, 2018 წლის 28 აგვისტოს დაქორწინდნენ, ჰყავთ პატარა შვილი.

წყარო:

http://www.opera.ge/geo/conductorsinner/5

სოლომნიშვილი კახი. რატომ ესწრებოდა კახო სოლომნიშვიი წელიწად-ნახევარი ჯანლუკა მარჩიანოს რეპეტიციებს უსიტყვოდ და როგორ მიაღწია მან უდიდეს წარმატებას: ინტერვიუ/ ესაუბრა ქეთი კაპანაძე //თბილისელები. თბლისი, 2024. 30 სექტემბერი- 6 ოქტომბერი.N40(1240). გვ. 54

 

 

 

Share: