Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ლევან ზანდარაშვილი![]()
Biographyქართველი მეცნიერი, 29 წლის ლევან ზანდარაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდებს იკვლევს. პროექტი, რომელზეც იგი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის აღდგენაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას. ლევან ზანდარაშვილი სწავლობდა თბილისის კომაროვის ფიზიკა–მათემატიკის სკოლაში. ტექნიკური საგნები ყოველთვის მოსწონდა და კომაროვში სწავლისას სასკოლო ოლიმპიადებზე გარკვეული მიღწევებიც ჰქონდა. მისი აბიტურიენტობის პერიოდში ეკონომიკის, მენეჯმენტისა და იურიდიულის ბუმი იდგა, მან კი ამჯობინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე გაეგრძელებინა სწავლა. ბაკალავრიატში სწავლისას მუდმივად ცდილობდა, არ შემოსაზღვრულიყო მხოლოდ ლექციებით და რაც შეიძლება, მეტი ესწავლა, მიეღო მეტი ინფორმაცია ფიზიკის სხვადასხვა დარგის შესახებ. მე-2 კურსზე დაიწყო მუშაობა პროგრამისტად ქართულ კომპანია EMCOS-ში. კომპანია კონკრეტულად სამანქანო ინდუსტრიაში მოღვაწეობს, თანამშრომლობს მსოფლიოში განთქმულ კომპანიებთან "AUDI", "Volkswagen" და მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავის დარგში. ამ პერიოდს ეკუთვნის ლევან ზანდარაშვილის პირველი სამეცნიერო სტატიაც. ლევან ზანდარაშვილი 4 წელი მუშაობდა სადოქტორო ხარისხზე პროფესორ ჯუნჯი ივაჰარას (Junji Iwahara) ლაბორატორიაში. ამ დროის განმავლობაში 4 სტატია გამოაქვეყნა პირველი ავტორობით. ხარისხის დაცვის შემდეგ კიდევ 2,5 წელი დარჩა სამუშაოდ იმავე ლაბორატორიაში, რათა დაესრულებინა თავისი პროექტები. შედეგად კიდევ 11 სტატია გამოაქვეყნა, რომელთაგან იგი განსაკუთრებით გამოჰყოფს პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ ორ სტატიას. გალვესტონში, UTMB-ში მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერი მასს-სპექტრომეტრიის მეთოდით (Mass-Spectrometry) დაინტერესდა და გადაწყვიტა, ისეთ ლაბორატორიაში გადასულიყო სამუშაოდ, სადაც ამ მეთოდს უკეთ გაეცნობოდა. ასეთი ლაბორატორია მან იპოვა პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს პროფესორი ბენ ბლექი (Ben Black). მისი ნაშრომების გაცნობის შემდეგ ლევანი დაუკავშირდა პროფესორ ბლექს და 2016 წლის იანვრიდან იქ მუშაობს. ლევან ზანდარაშვილი ცხოვრების დიდ ნაწილს ლაბორატორიებში ატარებს, რადგან, როგორც ამბობს, "ექსპერიმენტს ვერ აუხსნი, რომ სამუშაო დღე დასრულდა და შენ სახლში წასვლა და დასვენება გინდა". საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებას სამუშაოდ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. აქ ამის არც პირობებია და არც რესურსი, მაგრამ ახალგაზრდა ბიოფიზიკოსი იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე შეძლებს საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნის სამშობლოში გამოყენებას. წყარო: 1. www.ambebi.ge/tegebi.html?tags=124697-ლევან+ზანდარაშვილი 2. youngscientists.tumblr.com/.../რჩევები-ახალგაზრდა-მეცნიერს-ლევან-ზანდარა...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |