The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ კალანდაძე

თამარ კალანდაძე
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

თამარ კალანდაძემ ნორვეგიული ენის შესწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და მალევე აღმოჩნდა ნორვეგიაში. თავდაპირველად ოსლოსა და ბერგენის უნივერსიტეტების საზაფხულო სკოლებში გადიოდა ნორვეგიული ენის კურსებს. შემდეგ კი, ერთწლიანი სტიპენდიით, ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.
სადოქტორო ნაშრომი, რომლის თემა იყო „აუტიზმის მქონე პირებში ენობრივი და კომუნიკაციური უნარები“, 2019 წელს, ოსლოს უნივერსიტეტში დაიცვა.

ამჟამად ის არის ასოცირებული პროფესორი ოსთფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში. ძირითადად სამაგისტრო პროგრამაზე ასწავლის. კითხულობს ლექციებს აუტიზმსა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევებზე, ნევრომრავალფეროვნებაზე, ასევე, ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე, მათი განვითარების სირთულეებსა და კვლევის მეთოდებზე.

გარდა ამისა, ასწავლის ოსლოს უნივერსიტეტში, ხოლო, შვედეთში, კაროლინსკას ინსტიტუტში ხელმძღვანელობს მალინ დალბი-სკუგის სადოქტორო ნაშრომს, რომლის თემაა: ენობრივი და კოგნიტური უნარები სმენის დაქვეითების მქონე პირებში. პარალელურად, კოლეგასთან ერთად, სათავეში უდგას სამეცნიერო კვლევით ჯგუფს DeveLeP (Development Learning and Psychological Processes).
თამარ კალანდაძემ ჯერ კიდევ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის პერიოდში აღმოაჩინა, რომ საშუალოზე მეტად აინტერესებდა კვლევის მეთოდები, კვლევის ხარისხი, კულტურა და გარემო, რომელშიც მეცნიერებს და მკვლევრებს უწევთ მუშაობა. მისი ინტერესის რეალიზება კი, სადოქტოროს დამთავრების შემდეგ, პანდემიის პერიოდში მოხდა.
პროექტები, რომლებშიც იგი დღეს აქტიურადაა ჩართული, სოციალურ მეცნიერებებს და კვლევის მეთოდებს უკავშირდება.

თუმცა, კვლავ აგრძელებს კვლევებს კომუნიკაციაზე, ენობრივ უნარებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აუტიზმის მქონე პირებში. მნიშვნელოვანი სიახლე შეაქვს კვლევის დიზაინში. პროექტის დაგეგმვის პროცესში, თანამშრომლობს აუტიზმის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მეცნიერის ინტერესი კვლევის მეთოდების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ფაქტობრივად, ის აღმოჩნდა ახალ სფეროში, რომელსაც მეტა-კვლევა ან მეტა-მეცნიერება , ასევე “ღია მეცნიერება“ (Open Science/open research/open scholarship) ჰქვია. მეტა-კვლევის მთავარი მიზანია, კვლევების ხარისხის კრიტიკული ანალიზის გზით, მათი ხარისხის გაუმჯობესება.

თამარ კალანდაძე თვლის, რომ ახალგაზრდებს გამოწვევების არ უნდა შეეშინდეთ, ხოლო, უკვე დაფუძნებული მეცნიერები, ვალდებულები არიან სტუდენტებს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში და თავის დამკვიდრების პროცესი გაუმარტივონ.
ამ მიზნით, მან დააფუძნა RIOT (Reproducible, Interpretable, Open and Transparen) Science Club-ის ნორვეგიული ფილიალი. RIOT-ის ფარგლებში ხდება სემინარების ორგანიზება, სადაც იწვევენ სხვადასხვა კარიერულ საფეხურზე მყოფ მკვლევრებს და მეცნიერებს, რომლებიც საუბრობენ მეცნიერებასთან და კვლევებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. სემინარები უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

წყარო:

1. https://speech.ge/metsniereba/thamar-kalandadze-metsnieri-norvegia/


გააზიარე: