შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ევგენი არტემიძე![]()
ბიოგრაფიამეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ტექსელის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი ევგენი გაბრიელის ძე არტემიძე დაიბადა 1920 წლის 4 აგვისტოს დაბა მანგლისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში. 1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ევგენი ფრონტზე აღმოჩნდა. მისი ოთხივე ძმაც სამამულო ომში იბრძოდა. ოჯახი ქვრივი დედისა და წვრილშვილიანი რძლების ამარა დარჩა. 1941 წლის აგვისტოში ევგენი არტემიძე ტყვედ ჩაუვარდა გერმანიის არმიას და მოხვდა რუმინეთის ერთ-ერთ ტყვეთა ბანაკში, საიდანაც აყვანილ იქნა ვერმახტის ქართულ ლეგიონში, შემდეგ კი ბატალიონში. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა. შედგებოდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცისგან. ბატალიონს გერმანელი კლაუს ბრაიტნერი მეთაურობდა. ის ქართველებს ჯერ პოლონეთიდან საფრანგეთში გადაყვანის დროს ახლდა, შემდეგ კი, ამ გზის ბოლოს, კუნძულ ტექსელზე. ტექსელი (დასავლეთ ფრიზის კუნძულების ყველაზე დიდი და ყველაზე მეტად დასახლებული კუნძული), მესამე რაიხის მიერ ევროპის გაყოლებაზე, სიმაგრეებისა და თავდაცვითი ნაგებობების სისტემად გადაჭიმული „ატლანტიკური კედლის“ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელსაც დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა გადასხდომისთვის ხელი უნდა შეეშალა. 1944 წლის აპრილში, როცა ტექსელის აჯანყებამდე ერთი წელი იყო დარჩენილი, აჯანყების ორგანიზატორებმა შალვა ლოლაძემ, სერგი გუჯაბიძემ და ევგენი არტემიძემ ჰოლანდიური წინააღმდეგობის ძალებთან კონტაქტი დაამყარეს და არალეგალურ მუშაობაზე გადავიდნენ. ბატალიონში განსაკუთრებული სამეული არსებობდა ევგენი არტემიძის, ვარლამ ებრალიძისა და მაჰია პაჭკორიას შემადგენლობით. ეს სამეული ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კონსპირაციულ ბირთვს წარმოადგენდა. არალეგალურად მომუშავე მებრძოლებს ფსევდონიმები ჰქონდათ, მაგ. ე. არტემიძე – „არევი“. 1945 წლის თებერვლისთვის ბატალიონი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა. ქართველი ჯარისკაცების აჯანყება 1945 წლის 5 აპრილის ღამეს მათი გერმანელ ოფიცრებზე თავდასხმით დაიწყო. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა და გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ევგენი არტემიძე მეორე მსოფლიო ომს ცოცხალი გადაურჩა და საკუთარი ამბავი თავად გვიამბო ბიოგრაფიულ წიგნში - „მანგლისიდან ინგლისამდე“ (თბ., 2003). იგი 1945 წელს იქნა რეპატრირებული საქართველოში. ცხოვრობდა დაბა მანგლისში, სადაც საკუთარ სახლში მოწყობილი ჰქონდა ტექსელის აჯანყების მუზეუმი. ევგენი არტემიძე გარდაიცვალა 2010 წლის 22 ივნისს. დაკრძალულია მანგლისში, პატარა როშას სასაფლაოზე. წყარო: არტემიძე, ე., „მანგლისიდან ინგლისამდე: (აჯანყება კუნძულ ტექსელზე)“. - თბილისი, 2003 https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენი_არტემიძე ქოჩიაშვილი, მირონ. ქართველი პარტიზანები ჰოლანდიაში: აჯანყება კუნძულ ტექსელზე. - თბილისი, 1948
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |