The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელგუჯა დადუნაშვილი

ელგუჯა დადუნაშვილი
Date of birth:1961  (65 years)
Category:Philologist

Biography

ელგუჯა დადუნაშვილი დაიბადა 1961 წელს, საქართველოში.

უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1979–1983).

სამეცნიერო კარიერა დაიწყო 1986 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის რანგში ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში;

1988-1991 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში;

1991 წელს დაიცვა დისერტაცია ფოლკლორისტიკაში ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად, თემაზე: „შემოქმედებითი პაექრობა ქართულ ხალხურ პოეზიაში“;

1991-2008 წლებში იყო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ფოლკლორის არქივის ხელმძღვანელი;

2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა მაღალმთიან აჭარაში შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული არქივების მიერ ორგანიზებულ კომპლექსურ ფოლკლორულ ექსპედიციას;

2004 წელს თბილისში გამოიცა ელგგუჯა დადუნაშვილისა და დარეჯან თოლორაიას მიერ გადამუშავებული ქართული ხალხური ზღაპრები: „თაგვის ქორწილი“; „გიორგი და გაბრიელი“; „ძუნწი ხელმწიფე“; „ობლის კვერი“;

2008 წლიდან არის თბილისის ილიას უნივერსიტეტის (ილიაუნი) ასოცირებული პროფესორი;

2008 წელს, ფოლკლორის არქივის მიერ განხორციელებული საველე კვლევით მასალებზე დაყრდნობით მეცნიერმა შექმნა ეთნოლოგიური ფილმი „ბერიკაობა“ (მარინა ტურაშვილთან ერთად), რომელიც ასახავს კახეთის რეგიონში შემონახული ბერიკაობის /ყეენობის მომზადებისა და ჩატარების ტრადიციას; მისი მეორე ეთნოლოგიური ფილმი - „ორი გიორგობა“ - მომზადდა ფონდის, "ღია საზოგადოება - საქართველო", დაფინანსებული პროექტის, "ინეტრკულტურული პრაქტიკა ქვემო ქართლში", ფარგლებში (01.10.2007 - 31.05.2008);

2008 წლის ზამთრის სემესტრიდან ელგუჯა დადუნაშვილი საქმიანობას განაგრძობს გერმანიაში, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (2008-2013), როგორც კავკასიოლოგიის პროფესორის მოვალეობის შემსრულებელი, მოწვეული პროფესორი და შემდგომში (2013 წლიდან) ლექტორი და მეცნიერ-მკვლევარი;

მეცნიერის მოწვევა STAR-სტიპენდიით დააფინანსა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა (DAAD). ფოლკლორისტმა განაახლა სასწავლო პროგრამა და სხვა საკითხებთან ერთად შემოიღო საველე კვლევის მოდული;  

ამავდროულად მუშაობას აგრძელებს ილიას უნივერსიტეტში სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე;

ელგუჯა დადუნაშვილს გამოცემული აქვს წიგნები: ქართული ხალხური ლექსის კომპიუტერული ანალიზისა და კლასიფიკაციის თეორიული საფუძვლები (თბ., 1992);

ქართველ ებრაელთა ყოფა და ფოლკლორი / შემდგ.: ელგუჯა დადუნაშვილი, სოლომონ ტაბუციძე, ნინო დოლიძე ; ე. დადუნაშვილის შესავ. წერილით და შენიშვნ. (თბ., 1999);

რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე]; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი. - თბ., 2002 და სხვ.;

მეცნიერის კვლევითი ინტერესების სფეროებია: დიგიტალური ჰუმანიტარია, ფოლკლორი, მითოლოგია, ნარატოლოგია, უმცირესობებათა ყოფა და კულტურა,  კავკასიოლოგია, ვერსიფიკაცია;

2021წლის 8 ივლისს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: “ქაოსი და კოსმოსი მითოსურ აზროვნებაში”. ლექციას უძღვებოდა მეცნიერი ელგუჯა დადუნაშვილი, რომელმაც ისაუბრა კოსმოსის წესრიგის რღვევა-აღდგენის შესახებ, ახსნილი იყო სვანური ხალხური ტრადიციის, „ლიპანალის“, მაგალითზე, თუ როგორ იცვლის სახეს წეს-ჩვეულება დროთა განმავლობაში.

წყარო: 

https://faculty.iliauni.edu.ge/arts/elguja-dadunashvili/    

https://www.gu.edu.ge/ge/events/profesori-elgudja-dadunashvilis-sadjaro-leqcia.page 

https://folktreasury.ge/multimedia.htm


Share: