| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მიხეილ ცქიტიშვილი![]()
Biographyშორეული ნაოსნობის კაპიტანი მიხეილ ცქიტიშვილი დაიბადა 1946 წლის 24 დეკემბერს, გერმანიაში, ქ. როსტოკში. იმ პერიოდში იქ ცხოვრობდა მამამისი, ასევე ზღვაოსანი მიხეილ ცქიტიშვილი (1919-1967), რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გერმანიის ტერიტორიაზე დაასრულა და 1945-1952 წლებში იქვე, გერმანიის პორტ ვარნემიუნდეში მოუწია სამხედრო სამსახურის გაგრძელება. მიხეილ ცქიტიშვილმა (შვილი) 1971 წელს დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით. 1970 წლის 18 მარტს დაქორწინდა. მეუღლე - თამარ ცქიტიშვილი. ზღვაში საქმიანობა დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე - 1971-1980 წწ. მუშაობდა კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ; შორეული ნაოსნობის შტურმანად ცურავდა სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე; 1980 წელს კი სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიაზე დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად; 1980-1993 წწ. მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემების ეკიპაჟებს; 1987 წელს საბერძნეთის პორტ პირეოსში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა სანაოსნოს ახალი ტანკერი „თბილისი", რომელსაც მომდევნო წლებში თავად მეთაურობდა კიდეც; სსრკ-ს დაშლის შემდეგ კაპიტანმა ცქიტიშვილმა საზღვაო სფეროში საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძო. 1993 წლის 30 ივნისს საცხოვრებლად გადავიდა გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში. 1993-1996 წწ. იყო ბრიტანეთში დაფუძნებული ერთობლივი სანაოსნო კომპანია „ANGLO-GEORGIAN SHIPPING"-ის ჯერ კაპიტანი, მოგვიანებით კი ტექნიკური დირექტორი; 1996-2004 წწ. საქმიანობდა სხვადასხვა ბრიტანული საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ მრჩეველ-მენეჯერად, საზღვაო ექსპერტად, ინსპექტორად და სუპერინტენდანტად; 2004-2007 წწ. იყო ბერძნული სანაოსნო კომპანია „JLJ Maritime S.A"-ს მმართველ-დირექტორი; 2007-2011 წწ. - საბერძნეთში მის მიერვე დაფუძნებული კომპანია „Argomar S.A"-ს მფლობელი და დირექტორ-განმკარგულებელი; 2011-2014 წწ. - ჰოლანდიური საზღვაო კომპანია „MMTT Holding B.V"-ს კონსულტანტი. ნიდერლანდებში ცხოვრობდა ქ. ჰააგაში. მიხეილ ცქიტიშვილი გარდაიცვალა 2025 წლის 25 ნოემბერს, ჰოლანდიაში. დაკრძალულია იქვე. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა "https://www.facebook.com/P.TABAGUA/photos/5083511951762341 https://www.facebook.com/michael.tskitishvili
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

