სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო (სტატიების კრებული; მსოფლიო ეკონომიკა და ეკონომიკის ძირითადი პრინციპები №3)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
საავტორო უფლებები: © CTC-ACETT
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT) სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). მოცემული კრებული მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ დოკუმენტში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო სტატიების კრებული რედაქტორ-შემდგენელი: თამარ ბრეგვაძე მთარგმნელთა ჯგუფი: ნათია დათუაშვილი შოთა კოსოვი ნინო მარდალეიშვილი ნინო ჭიაბრიშვილი რედაქცია: თეა გულუა რიტა ბაინდურაშვილი დიზაინი და დაკაბადონება: შოთა კოსოვი სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ დოკუმენტში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ეს გამოცემა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის შეიქმნა. იგი აერთიანებს მიმოხილვითი ხასიათის ტექსტებსა და თანამედროვე სახელმძღვანელოების ამონარიდებს სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ფილოსოფიასა და ეკონომიკაში, რომელთა დიდი უმრავლესობა სპეციალურად ამ კრებულისათვის ითარგმნა ქართულ ენაზე.

ამგვარი დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა სამოქალაქო განათლების ინტერდისციპლინარულმა ხასიათმა განაპირობა. სამოქალაქო განათლება ახალი საგანია საქართველოს სკოლებში. ამ საგნის მასწავლებლის მომზადების კონცეფცია უმაღლესი განათლების სფეროში მხოლოდ ახლახან დაინერგა, ამიტომ მოქმედი მასწავლებლების დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების კუთხით ცოდნის გაღრმავების აუცილებლობას აღიარებს.

კრებულის შინაარსი მასწავლებლის სტანდარტს ეყრდნობა და მიზნად ისახავს, დაეხმაროს მასწავლებელს საჭირო კომპეტენციების განვითარებასა და სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადებაში.

ტექსტები სამ წიგნად გამოიცემა:

პირველი წიგნი მიმოიხილავს სოციალური მეცნიერებების საგანსა და ამოცანებს, მიკრო და მაკრო სოციალურ თეორიებს, გენდერის, რელიგიისა და კულტურის ცნებებს.

მეორე წიგნი შეიცავს ტექსტებს პოლიტიკის არსის, პოლიტიკური იდეოლოგიების ტიპოლოგიის, პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკურ რეჟიმების შესახებ. ამ თავში, აგრეთვე, საუბარია დეცენტრალიზაციის, გლობალიზაციის, ნაციონალიზმის, მულტიკულტურალიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ცნებებზე.

მესამე წიგნი აღწერს ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, ეკონომიკის ტიპებს, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს და სხვადასხვა ინსტიტუციების როლს ეკონომიკაში.

კრებულის თემების ჩამონათვალი თავად მასწავლებლებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა, ხოლო ტექსტები უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა შერჩეული. გამოცემაზე მუშაობაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა.

სკოლის, უნივერსიტეტებისა და სამინისტროს ეს ერთობლივი ინიციატივა ხაზს უსვამს სამოქალაქო განათლების მნიშვნელოვნებას ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

საქართველოში სამოქალაქო განათლების სწავლების ხანმოკლე გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად. სამოქალაქო განათლება ახლა იმკვიდრებს ადგილს სასწავლო გეგმაში, რაც მასწავლებლებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ისინი ახალი საგნის სწავლების ტრატეგიის განმხორციელებელნიც არიან და ამ სტრატეგიის შემქმნელნიც.

მუდმივად ცვალებად გარემოში და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში სამოქალაქო განათლების მასწავლებელს უნდა შეეძლოს ცოდნის სწრაფად განახლება და ამ ცოდნის მოსწავლეებისათვის ეფექტურად გადაცემა. იმედი გვაქვს, რომ მოცემული კრებული დაეხმარება მასწავლებლებს ამ რთული მისიის განხორციელებაში და ხელს შეუწყობს ახალი, შემოქმედებითი მიდგომებისა დანერგვას ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო აღზრდის საქმეში.

თამარ ბრეგვაძე
სამოქალაქო განათლების ექსპერტი
თბილისი, 2013

2 ეკონომიკის ათი პრინციპი*

▲ზევით დაბრუნება


გრეგორი მენქიუ

სიტყვა „ეკონომიკა“ ბერძნულია და ნიშნავს „ადამიანს, რომელიც საოჯახო მეურნეობას უძღვება“. ერთი შეხედვით, ასეთი ახსნა შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში, საოჯახო მეურნეობის გაძღოლასა და ეკონომიკას ბევრი რამა აქვთ საერთო.

ოჯახი მრავალი გადაწყვეტილების წინაშე დგას. გადასაწყვეტია, ოჯახის რომელი წევრი რას აკეთებს და რას იღებს სანაცვლოდ: ვინ ამზადებს სადილს? ვინ რეცხავს სარეცხს? ვინ მიიღებს სადილზე დესერტის დამატებით ულუფას? ვინ ირჩევს სატელევიზიო გადაცემას, რომელსაც ყველამ უნდა უყუროს? მოკლედ, საოჯახო მეურნეობამ თავისი შეზღუდული რესურსების განაწილებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეული წევრის უნარი, ძალისხმევა და სურვილი.

ოჯახის მსგავსად, საზოგადოებაც მრავალი არჩევანის წინაშე დგას. მან უნდა გადაწყვიტოს, რა სამუშაოები განხორციელდეს და ვინ რა სამუშაო შეასრულოს. საზოგადოებას სჭირდება ადამიანები, რომლებიც კვების პროდუქტებს ამზადებენ, ტანსაცმელს კერავენ, კომპიუტერულ პროგრამებს ადგენენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოება სხვადასხვა საქმეს მიუჩენს ადამიანებს (აგრეთვე, მიწებს, შენობებსა და მანქანებს), მან უნდა გაანაწილოს ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც ეს ადამიანები აწარმოებენ. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ შეჭამს ხიზილალას და ვინ კარტოფილს; ვინ იმგზავრებს „ფერარით“ და ვინ ავტობუსით.

საზოგადოების რესურსების მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რესურსები შეზღუდულია. შეზღუდულობა ნიშნავს, რომ საზოგადოებას იმაზე ნაკლების შეთავაზება შეუძლია, ვიდრე ხალხს სურს. როგორც საოჯახო მეურნეობა ვერ მისცემს თავის თითოეულ წევრს ყველაფერს, რასაც ეს უკანასკნელი მოისურვებს, ასევე საზოგადოებაც ვერ უზრუნველყოფს თითოეულ ინდივიდს ცხოვრების იმ უმაღლესი დონით, რომლის მიღწევაც ამ ინდივიდებს სურთ.

ეკონომიკა არის იმის შესწავლა, როგორ მართავს საზოგადოება თავის შეზღუდულ რესურსებს. თითქმის ყველა საზოგადოებაში რესურსები ნაწილდება არა ერთი ცენტრალური მგეგმავის მიერ, არამედ მილიონობით საოჯახო მეურნეობისა და ფირმის კომბინირებული საქმიანობის მეშვეობით. ეკონომისტები შეისწავლიან, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას: რამდენი იმუშაონ, რა იყიდონ, რამდენი დაზოგონ და როგორ დააბანდონ თავიანთი დანაზოგები. ამას გარდა, ეკონომისტები შეისწავლიან ადამიანების ურთიერთქმედებასაც. მაგალითად, როგორ განსაზღვრავს საქონლის მყიდველთა და გამყიდველთა ერთობლიობა ამ საქონლის ფასსა და ამ ფასად გაყიდული საქონლის რაოდენობას. და ბოლოს, ეკონომისტები აანალიზებენ, მთლიანად ეკონომიკაზე მოქმედ ძალებსა და ტენდენციებს, საშუალო შემოსავლის ზრდის, უმუშევრობის დონისა და ფასების ზრდის ტემპის ჩათვლით.

ლექსიკონი

შეზღუდულობა - საზოგადოების რესურსების ლიმიტირებულობა.

ეკონომიკა - იმის შესწავლა, როგორ მართავს საზოგადოება თავის შეზღუდულ რესურსებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა მრავალწახნაგოვანია, მას რამდენიმე ცენტრალური იდეა აერთიანებს. ამ თავში ეკონომიკის ათ პრინციპს გავეცნობით. ეს პრინციპები არაერთხელ შეგვხვდება ამ წიგნში, აქ კი მათ იმისთვის წარმოგიდგენთ, რომ ეკონომიკაზე ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ.

2.1 როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს

▲ზევით დაბრუნება


„ეკონომიკა“ სულაც არ არის რაიმე უჩვეულო. სულერთია, რაზე ვლაპარაკობ ლოს- ანჯელესის, შეერთებული შტატებისა თუ მსოფლიოს ეკონომიკაზე, ეკონომიკა არის მუდმივ ურთიერთქმედებაში მყოფ ადამიანათა ჯგუფი. იმის გამო, რომ ეკონომიკის ქცევა ასახავს იმ ადამიანთა ქცევას, ვინც ეკონომიკას შეადგენს, ეკონომიკის შესწავლას დავიწყებთ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების ოთხი პრინციპით.

2.1.1 პრინციპი №1: ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან

▲ზევით დაბრუნება


გადაწყვეტილებების მიღების არსი შეგვიძლია შემდეგი გამონათქვამით გამოვხატოთ: „უფასო სადილები არ არსებობს“. იმის მისაღებად, რაც მოგვწონს, როგორც წესი, უნდა დავთმოთ სხვა რამ, რაც აგრეთვე მოგვწონს. გადაწყვეტილების მიღება ერთი მიზნის მეორესთან დაპირისპირებას მოითხოვს.

მაგალითისთვის ავიღოთ სტუდენტი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ყველაზე ძვირფასი რესურსის, დროის განაწილების შესახებ. მას შეუძლია მთელი თავისი დრო ეკონომიკის ან ფსიქოლოგიის შესწავლას დაუთმოს, ან შეუძლია დრო ორივე საგანზე გაანაწილოს. თითოეული საათისთვის, რომლის განმავლობაშიც სტუდენტი ერთ საგანს სწავლობს, თმობს ერთ საათს, რომელიც შეეძლო მეორე საგნის შესწავლაზე დაეხარჯა და თითოეული საათისთვის, რომელსაც სწავლაზე ხარჯავს, თმობს ერთ საათს, რომლის განმავლობაშიც შეეძლო დაესვენა, ესეირნა ველოსიპედით, ეყურებინა ტელევიზორისთვის ანდა ემუშავა და თავისი შემოსავალი გაეზარდა.

განვიხილოთ მეორე მაგალითი მშობლები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ დახარჯონ ოჯახის შემოსავალი. მათ შეუძლიათ იყიდონ სურსათი, ტანსაცმელი ან დასასვენებლი საგზური. შეუძლიათ დაზოგონ თავიანთი შემოსავალი სიბერეში მშვიდი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ან შვილების განათლებისთვის. როდესაც ეს წყვილი იღებს გადაწყვეტილებას რომელიმე ამ საქონელზე დამატებითი ერთი დოლარის დახარჯვის შესახებ, მას ერთი დოლარით ნაკლები რჩება სხვა საქონლის შესაძენად.

როდესაც ადამიანები საზოგადოებებად ერთიანდებიან, მათ წინაშე სხვა სახის ალტერნატივები დგება. კლასიკური ალტერნატივაა “იარაღი კარაქი”. რაც უფრო მეტს ვხარჯავთ ეროვნულ თავდაცვაზე, უცხოელი აგრესორებისგან ჩვენი საზღვრების დასაცავად (იარაღი), მით უფრო ნაკლების დახარჯვა შეგვიძლია პირველადი მოხმარების საქონელზე, ჩვენი ოჯახების ცხოვრების დონის ასამაღლებლად (კარაქი). თანამედროვე საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს აფრეთვე სუფთა გარემოსა და შემოსავლის მაღალ დონეს შორის ალტერნატივას. კანონები, რომლებიც ფირმებს გარემოს დაბინძურების შემცირებას აიძულებს, ზრდის საქონლის წარმოების დანახარჯებს. დანახარჯების ზრდის გამო, ფირმები იღებენ ნაკლებ შემოსავალს, გასცემენ მცირე ხელფასებს, აწესებენ მაღალ ფასებს. ასე რომ, თუმცა გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო კანონების შედეგად ვიღებთ უფრო სუფთა გარემოს და გაუმჯობესებულ ჯანმრთელობას, იგივე კანონები ამცირებს ფირმათა მფლობელების, მშრომელებისა და მომხმარებლების შემოსავლებს.

კიდევ ერთი ალტერნატივა, რომელსაც საზოგადოება უპირისპირდება, არის ალტერნატივა ეფექტიანობასა და თანასწორობას შორის. ეფექტიანობა გულისხმობს, რომ საზოგადოება თავისი შეზღუდული რესურსებიდან მაქსიმუმს იღებს. თანასწორობა კი გულისხმობს, რომ ამ რესურსებიდან მიღებული სარგებლობა სამართლიანად ნაწილდება საზოგადოების წევრებს შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეფექტიანობა მიგვითითებს ეკონომიკური ნამცხვრის სიდიდეზე, თანასწორობა კი იმაზე, თუ როგორ ნაწილდება ეს ნამცხვარი. ხშირად, მთავრობის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისას, ეს ორი მიზანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

განვიხილოთ, მაგალითად, ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური კეთილდღეობის უფრო სამართლიან განაწილებას. ზოგიერთი ასეთი პოლიტიკა, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევის სისტემა ან უმუშევრობის დაზღვევა, ცდილობს დაეხმაროს საზოგადოების იმ წევრებს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. სხვა პროგრამები, მაგალითად, ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, ფინანსურად ძლიერი ადამიანებისაგან ითხოვს უფრო მეტი თანხის გაღებას მთავრობის მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამებს შედეგად შედარებითი თანასწორობა მოჰყვება, მათ გარკვეული ზარალიც ახლავს ეფექტიანობის შემცირების თვალსაზრისით. როდესაც მთავრობა „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“, შრომის სურვილი მცირდება, ხალხი ნაკლებს შრომობს და ნაკლებ საქონელსა და მომსახურებას აწარმოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ნამცხვრის უფრო თანაბარ ნაწილებად დაჭრას, ნამცხვარი პატარავდება.

იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან, თავისთავად, ვერ გაგვცემს პასუხს, თუ რომელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადამიანებმა ან რომელს მიიღებენ. სტუდენტმა არ უნდა შეწყვიტოს ფსიქოლოგიის შესწავლა მხოლოდ იმ საბაბით, რომ ამით ეკონომიკის შესწავლისთვის მეტი დრო დარჩება. საზოგადოებამ არ უნდა შეწყვიტოს გარემოს დაცვაზე ზრუნვა იმ საბაბით, რომ გარემოს დაცვისკენ მიმართული კანონები ჩვენი მატერიალური ცხოვრების დონეს ამცირებს. ღარიბები არ უნდა უგულებელვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის დახმარება შრომის სტიმულს ამცირებს. მიუხედავად ამისა, ცხოვრების ალტერნატივების გაცნობიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანები მხოლოდ მაშინ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, როდესაც ზუსტად იციან, რის არჩევა შეუძლიათ და რისა-არა.

2.1.2 პრინციპი №2: ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის

▲ზევით დაბრუნება


იმის გამო, რომ ადამიანები ალტერნატივის წინაშე დგებიან, გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს კონკრეტული ქცევის დანახარჯებისა და სარგებლობის შედარებას. თუმცა, ხშირად ქცევის დანახარჯები ისეთი აშკარა როდია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

განვიხილოთ, მაგალითად, გადაწყვეტილება კოლეჯში წასვლის შესახებ. ამ ნაბიჯის სარგებლობა ინტელექტუალური გამდიდრება და სამუშაოს მოძებნის შესაძლებლობის გაუმჯობესებაში აისახება. მაგრამ როგორია დანახარჯები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას პირველი, რაც შეიძლება თავში მოგვარდეს, სწავლის, წიგნების, ოთახის ქირისა და კვების ხარჯების შეჯამებაა. მაგრამ ეს ჯამი ზუსტად არ ასახავს იმას, რაც ადამიანმა უნდა დათმოს კოლეჯში სწავლის ერთი წლის სანაცვლოდ.

ეფექტიანობა - საზოგადოების თვისება, მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს არსებული შეზღუდული რესურსებიდან.

თანასწორობა - საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური კეთილდღეობის სამართლიანად განაწილება.

ამ პასუხთან დაკავშირებული პირველი პრობლემა ისაა, რომ იგი ხაზს უსვამს იმ დანახარჯებს, რომლებიც რეალურად ყოველდღიური ცხოვრებისთვის არა მხოლოდ კოლეჯში სიარულის დანახარჯებია. მაშინაც კი, როდესაც არ ვსწავლობთ, დასაძინებელი ადგილი და კვება მაინც გვჭირდება. ოთახი და კვება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს კოლეჯში სიარულის დანახარჯებად, თუ აქ ეს ყველაფერი უფრო ძვირია, ვიდრე სხვაგან. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ოთახისა და კვების საფასური კოლეჯში უფრო იაფი იყოს, ვიდრე ბინის ქირა და კვების ხარჯები, როდესაც კოლეჯში არ ვსწავლობთ. ამ შემთხვევაში, ოთახსა და კვებაზე დაზოგილი თანხა კოლეჯში სწავლის სარგებლობას წარმოადგენს.

მეორე პრობლემა ისაა, რომ დანახარჯების გამოთვლისას არ გავითვალისწინეთ კოლეჯში წასვლის ყველაზე დიდი დანახარჯი დრო. როდესაც საკუთარი დროის ერთ წელიწადს ვუთმობთ ლექციების მოსმენას, სახელმძღვანელოების კითხვასა და დავალებების შესრულებას, მუშაობას ვეღარ ვახერხებთ. სტუდენტთა უმრავლესობისთვის ხელფასი, რაზედაც ისინი უარს ამბობენ სასწავლებელში სიარულის სანაცვლოდ, მათი განათლების ყველაზე დიდი დანახარჯია.

ნივთის ალტერნატიული დანახარჯი ისაა, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობის სანაცვლოდ. როდესაც ვიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას, მაგალითად, კოლეჯში შესვლის შესახებ, უნდა ვიცოდეთ იმ ალტერნატიული დანახარჯის სიდიდე, რომელიც თან ახლავს თითოეულ შესაძლო მოქმედებას. რეალურად, ასეთი ინფორმაცია ყოველთვის გვაქვს. კოლეჯის ასაკის სპორტსმენებმა, რომელთაც მილიონების მიღება შეუძლიათ, თუ სწავლას შეწყვეტენ და პროფესიონალი სპორტსმენები გახდებიან, კარგად იციან, რომ მათთვის კოლეჯში სწავლის ალტერნატიული დანახარჯი ძალიან დიდია. ამიტომ არც გვიკვირს, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, რომ სარგებლობა დანახარჯებად არ ღირს.

2.1.3 პრინციპი №3: რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს

▲ზევით დაბრუნება


მრავალი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება გულისხმობს მოქმედების არსებულ გეგმაში მცირე ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებებს ეკონომისტები ზღვრულ ცვლილებებს უწოდებენ. ხშირად საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ზღვრული ანალიზის გზით.

დავუშვათ, მაგალითად, რომ მეგობარმა გვთხოვა ვურჩიოთ, რამდენი წელი ისწავლოს. თუ მის დასარწმუნებლად ფილოსოფიის დოქტორისა და დაწყებითი სკოლის კურსდამთავრებულის ცხოვრებას შევადარებთ, მეგობარი გვისაყვედურებს, რომ ასეთი შედარება მისთვის სულაც არ არის სასარგებლო. სავარაუდოა, რომ მას უკვე მიღებული აქვს გარკვეული განათლება და ახლა იმაზე ფიქრობს, დაუთმოს თუ არა კიდევ ერთი-ორი წელი სწავლის გაგრძელებას. ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მან უნდა იცოდეს იმ დამატებითი სარგებლობის შესახებ, რომლებიც ამისთვის უნდა გაიღოს. ამ ზღვრული სარგებლობისა და ზღვრული დანახარჯების შედარებით მას შეუძლია შეაფასოს, ღირს თუ არა მისთვის სწავლის გაგრძელება ერთი წლით.

ალტერნატიული დანახარჯი - ის, რაც უნდა დავთმოთ რამის მისაღებად.

იმის კიდევ ერთ მაგალითად, თუ როგორ გვეხმარება ზღვრული ანალიზი გადაწყვეტილების მიღებისას, განვიხილოთ ავიაკომპანია, რომელიც დამატებითი მგზავრებისათვის მგზავრობის საფასურის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. დავუშვათ, 200-ადგილიანი თვითმფრინავის რეისი ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში კომპანიას $100 000 უჯდება. ასეთ შემთხვევაში თითოეული ადგილის საშუალო დანახარჯი იქნება $100 000/200; ანუ $500. ადვილი შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს კომპანია არასოდეს გაყიდის ბილეთს $500-ზე ნაკლებად.

მაგრამ ეს კომპანია თავის მოგებას გაზრდის, თუ ზღვრულად იაზროვნებს. დავუშვათ თვითმფრინავი გაფრენისთვის მზადაა, სალონში კი ათი ცარიელი ადგილია დარჩენილი. დამატებითი მგზავრი რომელიც აეროპორტის ჭიშკართან იცდის, მზადაა მგზავრობისთვის $300 გადაიხადოს. უნდა მიჰყიდოს თუ არა მას კომპანიამ ბილეთი? ცხადია, უნდა მიჰყიდოს. თუ თვითმფრინავში ცარიელი ადგილებია, ერთი მგზავრის დამატების ხარჯები უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მგზავრის გადაყვანის საშუალო დანახარჯი $500-ია, ზღვრული დანახარჯი მხოლოდ მიწის თხილის ერთი პაკეტისა და ერთი ჭიქა მინერალური წყლის ღირებულებაა, რომელთაც მგზავრი მოიხმარს. თუ დამატებითი მგზავრი მზადაა ამ ზღვრულ დანახარჯებზე მეტი გადაიხადოს, ავიაკომპანიისთვის მისთვის ბილეთის მიყიდვა მომგებიანია.

როგორც ეს მაგალითები გვიჩვენებს, ინდივიდებსაც და ფირმებსაც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ, თუ ზღვრული კატეგორიებით იაზროვნებენ. რაციონალური ადამიანი მოქმედებას იწყებს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მოქმედების ზღვრული სარგებლობა ზღვრულ დანახარჯზე მეტია.

2.1.4 პრინციპი №4: ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ

▲ზევით დაბრუნება


ვინაიდან ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ დანახარჯებისა და სარგებლობის შედარების გზით, მათი ქცევა შეიძლება შეიცვალოს დანახარჯებისა თუ სარგებლობის ცვლილებასთან ერთად. ესე იგი, ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ. როდესაც ვაშლის ფასი იზრდება, ადამიანები მეტ ატამსა და ნაკლებ ვაშლს ჭამენ, ვინაიდან ვაშლის შეძენის დანახარჯები უფრო მაღალია. ამავე დროს, ვაშლის ბაღების მფლობელები გადაწყვეტენ მეტი მუშახელის დაქირავებასა და ვაშლის მოსავლის გაზრდას, რადგან ვაშლის გაყიდვიდან მიღებული სარგებლობაც უფრო მაღალია.

ქცევის განსაზღვრაში სტიმულების ცენტრალურ როლს დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სახელმწიფო პოლიტიკას ქმნის. სახელმწიფო პოლიტიკა ხშირად ცვლის კერძო ქმედების დანახარჯებსა თუ სარგებლობას. როდესაც პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ქცევა მათი პროგრამების განხორციელებისას, შედეგები შეიძლება მოულოდნელი იყოს.

ასეთი გაუთვალისწინებელი შედეგების მაგალითად განვიხილოთ პროგრამა, რომელიც უსაფრთხოების ქამრებსა და ავტომობილებით უსაფრთხო მგზავრობას შეეხება. 50-იან წლებში ავტომობილებს თითქმის არ ჰქონდა უსაფრთხოების ქამრები. დღეს ეს ქამრები ყველა ავტომობილშია, და ამ სიახლის მიზეზი სახელმწიფო პოლიტიკაა. 60-იანი წლების ბოლოს, რალფ ნეიდერის წიგნმა „დაუცველი ნებისმიერ სიჩქარეზე“ ფართო გამოხმაურება პოვა და საზოგადოებამ თავისი ყურადღება ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების მიღებას, მათ შორის, ახალი ავტომობილების უსაფრთხოების ქამრებითა და სხვა სტანდარტული მოწყობილობებით აღჭურვას ავალებდა.

ზღვრული ცვლილებები - მოდელში გამოყენებული პარამეტრების მცირე ცვლილებები.

რაციონალური ადამიანი - ადამიანი, რომელიც სისტემატურად და მიზნობრივად მოქმედებს იმისთვის, რომ შესაძლებლობების პირობებში მიზანს მიაღწიოს.

როგორ მოქმედებს უსაფრთხოების ქამარი მგზავრობის უსაფრთხოებაზე? პირდაპირი ეფექტი აშკარაა, რაკი ასეთი ქამრები ყველა ავტომობილშია, ამიტომ მათ უფრო მეტი ხალხი იყენებს, და დიდ ავტოკატასტროფაში გადარჩენის ალბათობაც იზრდება. ამ თვალსაზრისით უსაფრთხოების ქამრები ადამიანებს სიკვდილისგან იცავს. სწორედ ამან უბიძგა კონგრესს, მოეთხოვა უსაფრთხოების ქამრებით ავტომობილების სავალდებულო აღჭურვა.

თუმცა, ამ კანონის ეფექტის სრულიად გასაგებად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები თავიანთ ქცევას ცვლიან სტიმულების შესაბამისად. ჩვენს შემთხვევაში გვაინტერესებს ის სიჩქარე და სიფრთხილე, რომლითაც მძღოლები ავტომობილებს მართავენ. ნელა და ფრთხილად ტარება დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან მძღოლს დრო და ენერგია ეხარჯება. იმის გადაწყვეტისას, რამდენად უსაფრთხოდ იმგზავროს, რაციონალური ადამიანი მოძრაობის უსაფრთხოებას ზღვრულ სარგებლობას ზღვრულ დანახარჯებთან ადარებს. მძღოლი ავტომობილს ნელა და ფრთხილად ატარებს მაშინ, როდესაც ასეთი ქცევის სარგებლობა მაღალია. ამიტომაა, რომ ავტომობილები უფრო ნელა და ფრთხილად მოძრაობენ მოყინულ გზებზე.

ახლა ვნახოთ, როგორ ცვლის უსაფრთხოების ქამარი რაციონალური მძღოლის მიერ დანახარჯებისა და სარგებლობის გათვლებს. ქამრის გამო მძღოლისთვის ავარია ნაკლებ ხარჯიანი ხდება, ვინაიდან ქამარი ამცირებს დაშავებისა თუ სიკვდილის ალბათობას. ასე რომ უსაფრთხოების ქამრების კანონი ამცირებს ავტომობილის ნელა და ფრთხილად ტარების სარგებლობას. ადამიანები ქამრების შემოღებისა და საგზაო პირობების გაუმჯობესების პასუხად უფრო სწრაფად და ნაკლები სიფრთხილით მგზავრობენ. ამიტომ უსაფრთხოების ქამრების კანონის საბოლოო შედეგი ავარიების რაოდენობის ზრდაა.

როგორ მოქმედებს ეს კანონი საგზაო სიკვდილიანობაზე? მძღოლებს, რომლებიც ამ ქამრებს ატარებენ, ავარიაში გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ ავარიაში მათი მოხვედრის შანსებიც მეტია. შედეგი არაერთგვაროვანია. უფრო მეტიც, ავტომობილის ტარების უსაფრთხოების შემცირება აშკარად უარყოფითად აისახება ფეხით მოსიარულეებზე (და იმ მძღოლებზე, რომლებიც ქამრებს არ იკრავენ). კანონმა ეს ადამიანები საფრთხეში ჩააგდო, რადგანაც მათი მოხვედრა საგზაო ავარიებში უფრო მოსალოდნელი გახდა, უსაფრთხოების ქამრები კი მათ არა აქვთ.

ერთი შეხედვით, ეს მსჯელობა სტიმულებისა და უსაფრთხოების ქამრების შესახებ შეიძლება დროის ფუჭ ხარჯვად მოგვეჩვენოს. მაგრამ 1975 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ეკონომისტმა სემ პელცმენმა აჩვენა, რომ ავტომობილით მგზავრობის კანონებს მართლაც მრავალი ასეთი ეფექტი აქვს. პელცმენის დაკვირვებების თანახმად, მართალია, ამ კანონების მიღების შედეგად ერთ ავარიაზე სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ თვით ავარიების რაოდენობა მატულობს. ამ კანონების საბოლოო შედეგია მძღოლების სიკვდილიანობის ოდნავ შემცირება და ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის ზრდა.

სტიმული - ის, რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს.

კალათბურთელ ლებრონს ჯეიმზს კარგად ესმის ალტერნატიული დანახარჯები და სტიმულები. მან კოლეჯში სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა და პროფესიული კალათბურთი აირჩია. ის NBA ერთ-ერთი მოწინავე მოთამაშე გახდა და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.

პელცმენის ანალიზი იმ ზოგადი პრინციპის მხოლოდ ერთი მაგალითია, რომ ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ. იმ სტიმულების დიდი ნაწილი, რომელთაც ეკონომისტები სწავლობენ, უფრო უშუალოა, ვიდრე საავტომობილო უსაფრთხოების სტიმულები. მაგალითად, არავის უკვირს, როცა ვაშლის შეძენისკენ უბიძგებს. მაგრამ, როგორც უსაფრთხოების ქამრების მაგალითი გვიჩვენებს, საზოგადოებრივი პროგრამების შედეგები დასაწყისიდანვე ცხადი არ არის. ნებისმიერი პოლიტიკის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი ეფექტებიც, რომლებიც სტიმულების მეშვეობით იქმნება. თუ პოლიტიკა სტიმულებს ცვლის, ეს იწვევს ადამიანების ქცევის შეცვლას.

სწრაფი გამოკითხვა: ჩამოთვალეთ და მოკლედ აღწერეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების 4 პრინციპი.

2.2 როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები

▲ზევით დაბრუნება


პირველი ოთხი პრინციპი შეეხებოდა ინდივიდების მიერ გადაწყვეტილებების მიღებას. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ეს მარტო ჩვენზე კი არა, სხვებზეც მოქმედებს. მომდევნო სამი პრინციპი ეხება ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთქმედებას.

2.2.1 პრინციპი №5: ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის გაუმჯობესება

▲ზევით დაბრუნება


მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, ალბათ, იცით, რომ იაპონია ამერიკის კონკურენტია მსოფლიო ეკონომიკაში. ეს, გარკვეულწილად, ასეცაა, რადგან ამერიკული და იაპონური ფირმები მრავალ მგავს საქონელს აწარმოებენ. „ფორდი“ და „ტოიოტა“ კონკურენტები არიან საავტომობილო ბაზარზე. „ეპლი“ და „სონი“ კონკურენტები არიან ციფრული მუსიკალური მოწყობილობების ბაზარზე.

მაგრამ შეიძლება ადვილად შევცდეთ, როდესაც ორი ქვეყნის კონკურენციაზე ვმსჯელობთ. ვაჭრობა შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის სპორტული შეჯიბრება როდია, სადაც ერთი იმარჯვებს, მეორე კი მარცხდება. სინამდვილეში პირიქით ხდება: ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.

ამის გასაგებად ვნახოთ, როგორ მოქმედებს ვაჭრობა თქვენს ოჯახზე. როდესაც თქვენი ოჯახის წევრი სამუშაოს ეძებს, ის კონკურენციას უწევს სხვა ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე სამუშაოს ეძებენ. ოჯახები კონკურენტები არიან საქონლის შეძენისასაც, ვინაიდან ყველა ოჯახს სურს საუკეთესო საქონლის შეძენა უმცირეს ფასად. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ეკონომიკაში თითოეული ოჯახი სხვა ოჯახებს უწევს კონკურენციას.

ამ კონკურენციის მიუხედავად, თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება სხვა ოჯახებისგან თქვენი იზოლირების შედეგად. ოჯახი რომ იზოლირებული იყოს, დასჭირდება ზრუნვა საკუთარ საკვებზე, ტანსაცმელზე, საკუთარ სახლზე. ცხადია, რომ თქვენი ოჯახი მეტს იგებს სხვებთან ვაჭრობის შესაძლებლობის შედეგად. ვაჭრობა თითოეულ ადამიანს საშუალებას აძლევს, ხელი მოჰკიდოს იმ საქმიანობას, რაც ყველაზე კარგად ემარჯვება, აგრარული მეურნეობა იქნება ეს, კერვა თუ მშენებლობა. სხვებთან ვაჭრობის შედეგად ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ უფრო მრავალფეროვანი საქონელი და მომსახურება ნაკლებ ფასად.

ქვეყნები, ისევე, როგორც ოჯახები, ბევრს იგებენ ერთმანეთთან ვაჭრობით. ვაჭრობა ქვეყნებს საშულებას აძლევს, აკეთონ ის, რაშიც საუკეთესონი არიან და მიიღონ უფრო მრავალფეროვანი საქონელი და მომსახურება. იაპონელები, ისევე, როგორც ფრანგები, ეგვიპტელები და ბრაზილიელები, მსოფლიო ეკონომიკაში არა მხოლოდ ჩვენი კონკურენტები, არამედ პარტნიორებიც არიან.

კვირაში 5 დოლარად შეგიძლია წყნარად უყურო კალათბურთს და ბალახის გაკრეჭით თავი არ შეიწუხო“.

2.2.2 პრინციპი №6: ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალება

▲ზევით დაბრუნება


კომუნიზმის მარცხი საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. კომუნისტური ქვეყნები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობაში მყოფი ცენტრალური მგეგმავები ყველაზე უკეთ წარმართავდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ეს მგეგმავები წყვეტდნენ, რა საქონელი და მომსახურება უნდა ეწარმოებინა ქვეყანას, რამდენი უნდა ეწარმოებინა, ვის უნდა ეწარმოებინა და ვის უნდა მოეხმარა ეს საქონელი. ცენტრალური დაგეგმვის ეს იდეა ემყარებოდა თეორიას, რომლის თანახმად, მხოლოდ მთავრობას შეეძლო ეკონომიკური საქმიანობის ისე ორგანიზება, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა გაუმჯობესებულიყო.

საბაზრო ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა, რომელიც ანაწილებს რესურსებს მრავალი ფირმისა და საოჯახო მეურნეობის დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მეშვეობით საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე ამ ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების ურთიერთქმედების დროს.

დღეს იმ ქვეყნების უმრავლესობამ, რომელთაც ერთ დროს გეგმური ეკონომიკა ჰქონდათ, უარი თქვა ამ სისტემაზე და ცდილობს საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას. საბაზრო ეკონომიკაში ცენტრალური მგეგმავის გადაწყვეტილებები შეცვლილია მილიონობით ფირმისა და საოჯახო მეურნეობის გადაწყვეტილებებით. ფირმები წყვეტენ, ვინ დაიქირაონ და რა აკეთონ. საოჯახო მეურნეობები წყვეტენ, რომელ ფირმაში იმუშაონ და რა შეიძინონ თავიანთი შემოსავლით. ეს ფირმები და საოჯახო მეურნეობები ურთიერთქმედებენ ბაზრებზე, სადაც მათ გადაწყვეტილებებს ფასები და საკუთარი ინტერესები წარმართავს.

ერთი შეხედვით, საბაზრო ეკონომიკის წაარმატება გაუგებარია. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი მილიონობით ოჯახისა დაფირმის დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებები ქაოსს გამოიწვევს. მაგრამ ეს ასე არ ხდება. საბაზრო ეკონომიკამ ერთხელ გაართვა თავი წარმატებით ეკონომიკური საქმიანობის ისეთ ორგანიზებას, რასაც საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება მოსდევს.

1776 წელს გამოცემულ წიგნში „ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ეკონომისტმა ადამ სმიტმა მოგვითხრო თავისი ყველაზე ცნობილი დაკვირვების შესახებ: საბაზრო ურთიერთქმედებაში საოჯახო მეურნეობები და ფირმები ისე იქცევიან, თითქოს მათ „უხილავი ხელი“ წარმართავდეს და სასურველ საბაზრო შედეგებამდე მიჰყავდეს. ჩვენს ერთ-ერთ მიზანს ამ წიგნში წარმოადგენს იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ეს ჯადოსნური ხელი. თქვენ ნახავთ, რომ ფასები ის ინსტრუმენტია, რომლითაც ეს „უხილავი ხელი“ ეკონომიკურ საქმიანობას წარმართავს. ფასები ასახავს როგორც საქონლის ფასეულობას საზოგადოებისთვის, ისე მათი წარმოებისთვის გაწეულ საზოგადოებრივ დანახარჯებს. იმის გამო, რომ საოჯახო მეურნეობები და ფირმები ფასებს ითვალისწინებენ, ყიდვისა და გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, ნებსით თუ უნებლიეთ ითვალისწინებენ თავიანთი ქმედების სოციალურ სარგებლობასაც და დანახარჯებსაც. ფასების მხედველობაში მიღებით გადაწყვეტილებების ეს ინდივიდუალური მიმღებები ისეთ შედეგებს აღწევენ, რომლებიც ხშირად ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობის მაქსიმიზაციას.

ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაში ამ „უხილავი ხელის“ შესაძლებლობებზე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მეტყველებს: როდესაც მთავრობა აბრკოლებს ფასების ბუნებრივად დადგენას მიწოდებასა და მოთხოვნის სიდიდის მიხედვით, იგი ასუსტებს „უხილავი ხელის“ მიერ იმ მილიონობით საოჯახო მეურნეობისა და ფირმის კოორდინირების უნარს, რომლებიც ეკონომიკას შეადგენენ. აქედან ცხადია, რატომ მოქმედებს გადასახადები უარყოფითად რესურსების განაწილებაზე: გადასახადები ამახინჯებს ფასებს და, მათთან ერთად, საოჯახო მეურნეობებისა და ფირმების გადაწყვეტილებებს. ამ ფაქტით აიხსნება ის ზიანიც, რომელსაც იწვევს ფასების უშუალოდ მაკონტროლებელი პროგრამები, მაგალითად, ქირის კონტროლი. ეს ფაქტი კომუნიზმის მარცხსაც კარგად ხსნის. კომუნისტურ ქვეყნებში ფასებს განსაზღვრავდნენ არა ბაზრები, არამედ ცენტრალური მგეგმავები. ამ მგეგმავებს არ გააჩნდათ ინფორმაცია, რომელიც ფასებზე აისახებოდა; იმ ფასებზე, რომლებსაც საბაზრო ძალებზე თავისუფალი რეაგირების უნარი აქვს. ცენტრალური მგეგმავები დამარცხდნენ იმის გამო, რომ ეკონომიკას ბაზრის „უხილავი ხელის“ გაუთვალისწინებლად მართავდნენ.

2.2.3 პრინციპი №7: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება

▲ზევით დაბრუნება


თუკი „უხილავი ხელი“ ასეთი ძლიერია, მაშ რატომ გვჭირდება მთავრობა? ეკონომიკის შესწავლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ უფრო დახვეწილი წარმოდგენა შევიქმნათ მთავრობის პოლიტიკის როლისა და მასშტაბების შესახებ.

საკუთრების უფლება - ინდივიდის შესაძლებლობა, იქონიოს და გააკონტროლოს შეზღუდული რესურსები.

საბაზრო ჩავარდნა - სიტუაცია, როდესაც ბაზარი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიანად გადანაწილებას.

მთავრობის საჭიროების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ „უხილავი ხელი“ მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი მთავრობა საბაზრო ეკონომიკის კანონების განხორციელებას და ინსტიტუტების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. უფრო მეტიც, ბაზრები მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუკი დაცულია საკუთრების უფლებები. ფერმერი არ მოიყვანს მოსავალს, თუკი ეცოდინება, რომ მის ნაშრომს მოიპარავენ; რესტორნის მეპატრონე არ მოემსახურება კლიენტს, თუ იცის, რომ ამისთვის არ გადაუხდიან; მუსიკალური კომპანია არ ჩაწერს კომპაქტ დისკებს, თუ წინასწარ იცის, რომ დისკების არალეგალურ ასლებს ბევრი ხალხი ჩაიგდებს ხელში. ყოველი ჩვენგანი დამოკიდებულია მთავრობის მიერ დაფინანსებულ პოლიციასა და ჩვენი უფლებების დასაცავად არსებულ სასამართლო სისტემაზე. „უხილავი ხელი“ კი მოქმედებს იმ ვარაუდით, რომ ჩვენ საკუთარი უფლებების დაცვა შეგვიძლია.

მთავრობის არსებობის მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ „უხილავი ხელი“, მართალია, ძალიან ძლიერია, მაგრამ ის ყოვლისშემძლე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრები ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების საკმაოდ კარგი საშუალებაა, ამ წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი აქვს. არსებობს ეკონომიკაში სახელმწიფოს ინტერვენციის ორი მიზეზი: ეფექტიანობისა და თანასწორობის ხელშეწყობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თითქმის ყველა სამთავრობო პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ნამცხვრის გადიდება ან მისი განაწილების შეცვლა.

უხილავ ხელს, როგორც წესი, ბაზრები რესურსების ეფექტიანი განაწილებისკენ მიჰყავს. მიუხედავად ამისა, მრავალი მიზეზის გამო ეს „უხილავი ხელი“ ზოგჯერ არ მუშაობს. ეკონომისტები იყენებენ ტერმინს საბაზრო ჩავარდნა იმ სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიან განაწილებას.

საბაზრო ჩავარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გარეგანი ეფექტების არსებობაა. გარეგანი ეფექტი არის ერთი პირის ქმედების გავლენა მეორე პირის კეთილდღეობაზე. ამის კლასიკური მაგალითია გარემოს დაბინძურება. თუ ქიმიური ქარხანა არ ანაზღაურებს თავისი გამონაბოლქვის მთელ დანახარჯებს, ამ გამონაბოლქვის რაოდენობა ძალიან დიდი იქნება.

გარეგანი ეფექტი - ერთი პირის ქმედების გავლენა მეორის მდგომარეობაზე.

საბაზრო ძალაუფლება - ერთი ეკონომიკური აგენტის (ან აგენტების მცირერიცხოვანი ჯგუფის) უნარი, გავლენა მოახდინოს საბაზრო ფასებზე.

ამ შემთხვევაში, მთავრობას შეუძლია ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კანონების მეშვეობით. საბაზრო ჩავარდნის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია საბაზრო ძალაუფლება. საბაზრო ძალაუფლება გულისხმობს ერთი ადამიანის (ან ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის) უნარს, იმოქმედოს საბაზრო ფასებზე. მაგალითად, დავუშვათ, რომ ქალაქის ყველა მცოხვრებს სჭირდება წყალი, მაგრამ ქალაქში მხოლოდ ერთი ჭაა. ჭის მფლობელი არ ექვემდებარება მკაცრ კონკურენციას, რომლის მეშვეობითაც „უხილავი ხელი“, როგორც წესი, ბაზარს აკონტროლებს. გარეგანი ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების არსებობის დროს ეფექტიანი საზოგადოებრივი პოლიტიკის განხორციელებას შეუძლია გაზარდოს ეკონომიკური ეფექტიანობა.

„უხილავი ხელი“ ეკონომიკური კეთილდღეობის თანასწორად განაწილების კიდევ უფრო ნაკლებ გარანტიას იძლევა. საბაზრო ეკონომიკა კეთილდღეობას ანაწილებს იმ უნარის მიხედვით, რომლითაც ადამიანები აწარმოებენ ისეთ რამეს, რის შესაძენადაც სხვა ადამიანები მზად არიან, გარკვეული თანხა გადაიხადონ. მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელის შემოსავალი ბევრად მეტია, ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკისა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი მზადაა, კალათბურთის მატჩისათვის მეტი გადაიხადოს, ვიდრე ჭადრაკის სანახავად. „უხილავი ხელი“ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველას ექნება საკმარისი საკვები და რიგიანი ტანსაცმელი, და მათი ჯანმრთელობაც სათანადოდ იქნება დაცული. სახელმწიფო პოლიტიკა, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი და კეთილდღეობის სისტემა, მიზნად ისახავს ეკონომიკური კეთილდღეობის უფრო სამართლიან განაწილებას.

ის, რომ მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება, სულაც არ ნიშნავს, რომ ამას ყოველთვის ახერხებს. სახელმწიფო პოლიტიკას ქმნიან არა ანგელოზები, არამედ პოლიტიკური პროცესები, რომლებიც შორსაა სრულყოფილებისგან. ზოგჯერ პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკურ ძალაუფლების მქონეთა ინტერესების დასაცავადაა შექმნილი. ზოგჯერ კი პოლიტიკას ქმნიან კარგი განზრახვის მქონე, მაგრამ ცუდად ინფორმირებული ლიდერები. ეკონომიკის შესწავლის ერთ-ერთი მიზანია, დაგეხმაროთ იმის განსჯაში, შეუძლია თუ არა სამთავრობო პოლიტიკას, ხელი შეუწყოს ეფექტიანობას ან სამართლიანობას.

სწრაფი გამოკითხვა: ჩამოთვალეთ და მოკლედ ახსენით სამი პრინციპი, რომლებიც ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება.

ინფორმაციისთვის - ადამ სმითი დაუხილავი ხელი

შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, რომ ადამ სმითის ცნობილი ნაშრომი „ერთა სიმდიდრე“ 1776 წელს გამოვიდა, სწორედ მაშინ, როდესაც ამერიკელმა რევოლუციონერებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, მაგრამ ორივე ეს დოკუმენტი იმ დროისათვის მეტად პოპულარული მოსაზრების გამოვლინება ნამდვილად იყო: ადამიანები თავს ყველაზ უკეთ მაშინ გრძნობენ, როდესაც თავისუფლებას გრძნობენ და სახელმწიფო მათ მოქმედებებს არ აკონტროლებს. ამგვარი პოლიტიკური ფილოსოფია გახდა სწორედ საბაზრო ეკონომიკისა და ზოგადად თავისუფალი საზოგადოების ინტელექტუალური საფუძველი.

რატომ არის დეცენტრალიზებული საბაზრო ეკონომიკა ესოდენ ეფექტური? ნუთუ ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთისადმი სიყვარული და სიკეთე ამოძრავებთ? არა. აი, როგორ ხსნის ადამ სმითი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანების ქცევას:

„ადამიანს მუდმივად სჭირდება თანამოძმეთა დახმარება, მაგრამ მოლოდინი, რომ ისინი მხოლოდ დიდსულოვნების გამო დაეხმარებიან, უსაფუძვლოა. ადამიანი დახმარებას მაშინ უფრო მიიღებს, როცა შეძლებს სხვების დარწმუნებას იმაში, რომ ეს დახმარება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია... ჩვენი სადილი ყასბის, მეფუნთუშისა და სირაჯის დიდსულოვნების კი არა, იმის შედეგია, რომ ისინი საკუთარ ინტერესებს სცემენ პატივს... ცალკეული პირი ნაკლებად ფიქრობს საზოგადოებრივ ინტერესებზე და იმაზე, თუ თავად რა წილი მიუძღვის მათ დაცვაში... ის მხოლოდ საკუთარ ინტერესს ემსახურება, მაგრამ „უხილავი ხელი“ მის მოქმედებას ისე წარმართავს, რომ საბოლოო ჯამში მისი ქმედება საზოგადოებისათვისაც სასარგებლოა, თუმცა ეს სულაც არ შედიოდა თავად ამ პირის მიზნებში. ხშირად ასე გაუცნობიერებლად მოტანილი სარგებლობა უფრო დიდია, ვიდრე ის, რომელსაც ეს პირი საზოგადოებას შეგნებულად მოუტანდა“.

სმითი ამბობს, რომ ეკონომიკის მონაწილეები მოტივირებულნი არიან პირადი ინტერესებით, მაგრამ ბაზარზე მოქმედი “უხილავი ხელი” მათ მოქმედებებს საზოგადოებისთვის სასარგებლოდ წარმართავს.

სმითის არაერთი მოსაზრება უდევს საფუძვლად თანამედროვე ეკონომიკას. მომდევნო თავებში ჩატარებული ანალიზი საშუალებას მოგვცემს, შევისწავლოთ სმითის დასკვნები და სრულად გავაანალიზოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

2.3 როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ინდივიდები გადაწყვეტილებებს, შემდეგ კი ვნახეთ, როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები ერთმანეთთან. ყველა ეს გადაწყვეტილება და ურთიერთქმედება ერთად შეადგენს „ეკონომიკას“. ბოლო სამი პრინციპი ეხება ეკონომიკის, როგორც მთლიანის, მუშაობას.

2.3.1 პრინციპი №8: ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვა ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. 2003 წელს საშუალო ამერიკელის წლიურმა შემოსავალმა $37,500 შეადგინა, საშუალო მექსიკელის წლიურმა შემოსავალმა- $8,950, საშუალო ნიგერიელისა კი $900. ცხადია, რომ საშუალო შემოსავლებს შორის ეს განსხვავება ცხოვრების დონეებზეც აისახება. მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებს უფრო მეტი ტელევიზორი, ავტომობილი, უკეთესი კვება, სამედიცინო მომსახურება და სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა აქვთ, ვიდრე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებს.

ასევე დიდია ცხოვრების დონეების ცვლილებები დროის მიხედვით. შეერთებულ შტატებში შემოსავლები ისტორიულად წელიწადში 2 პროცენტით იზრდება (ცხოვრების დანახარჯების ცვლილებების გათვალისწინებით). ამის შემდეგ საშუალო შემოსავალი ორმაგდება ყოველ 35 წელიწადში. გასული საუკუნის განმავლობაში საშუალო შემოსავალი რვაჯერ გაიზარდა.

რით აისახება ცხოვრების დონეების განსხვავება როგორც სხვადასხვა ქვეყნებში, ისე დროის სხვადასხვა მონაკვეთებში? პასუხი მეტად მარტივია. ცხოვრების დონეებს შორის განსხვავების მიზეზი უნდა ვეძიოთ ქვეყანათა მწარმოებლურობაში - ანუ დროის ერთეულში წარმოებული საქონლისა და მომსახაურების რაოდენობაში. იმ ქვეყნებში, სადაც მშრომელები აწარმოებენ საქონლისა და მომსახურების დიდ რაოდენობას დროის ერთეულში, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრების დონე მაღალია; ქვეყანაში, სადაც შრომა ნაკლებად მწარმოებლურია, ხალხი იძულებულია, უფრო ღარიბულად იცხოვროს. ამასთან, ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდის სიდიდე განსაზღვრავს საშუალო შემოსავლის ზრდის სიდიდეს.

მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის ურთიერთდამოკიდებულება მარტივია, მაგრამ შორს მიმავალი შედეგები აქვს. თუ მწარმოებლურობა ცხოვრების დონის პირველადი განმსაზღვრელია, სხვა ახსნა-განმარტებები მეორადი მნიშვნელობისა უნდა იყოს. მაგალითად, შეგვიძლია, გასულ საუკუნეში ამერიკელ მშრომელთა ცხოვრების დონის გაზრდა პროფკავშირებისა თუ მინიმალური ხელფასის კანონების დამსახურებად ჩავთვალოთ. მაგრამ ამის ნამდვილი მიზეზი მშრომელთა მწარმოებლურობის ზრდაა. მეორე მაგალითია ზოგიერთი კომენტატორის აზრი, რომლის თანახმად, უკანასკნელ წლებში შეერთებულ შტატებში შემოსავლების ზრდის ტემპების ტემპების შემცირება 1970-იან 1980-იან წლებში იაპონიისა და სხვა ქვეყნების მზარდი კონკურენციის შედეგია. მაგრამ ნამდვილი დამნაშავეა არა უცხოური კონკურენცია, არამედ თვით შეერთებულ შტატებში მწარმოებლურობის ზრდის ტემპების შენელება.

მწარმოებლურობის და ცხოვრების დონის ურთიერთდამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო პოლიტიკისთვისაც. როდესაც ვფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკა ცხოვრების დონეზე, მთავარია, გავიგოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს პოლიტიკა ჩვენს უნარზე, ვაწარმოოთ საქონელი და მომსახურება. ცხოვრების დონის გაზრდისთვის პოლიტიკოსებმა მწარმოებლურობა უნდა გაზარდონ, რისთვისაც უნდა უზრუნველყონ მშრომელების კარგი განათლება, საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის საჭირო იარაღებითა და საუკეთესო ტექნოლოგიით მათი მომარაგება.

2.3.2 პრინციპი №9: ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს

▲ზევით დაბრუნება


გერმანიაში 1921 წლის იანვარში ყოველდღიური გაზეთი 0,30 მარკა ღირდა. 1922 წლის ნოემბერში, ორ წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ, იგივე გაზეთი 70,000,000 მარკა გახდა. ანალოგიურად გაიზარდა სხვა საქონლის ფასებიც. ეს ეპიზოდი ისტორიაში ინფლაციის, ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდის ყველაზე საინტერესო მაგალითად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს მსგავსი ინფლაცია არასოდეს განუცდია, ინფლაცია აქაც არაერთხელ ქცეულა ეკონომიკურ პრობლემად. მაგალითად, 1970-იან წლებში ფასების საერთო დონე 2-ჯერ და მეტად გაიზარდა, რის გამოც პრეზიდენტმა ფორდმა ინფლაციას „საზოგადოების ნომერი პირველი მტერი“ უწოდა. ამის საპირისპიროდ, 1990 წლებში ინფლაცია წელიწადში დაახლოებით 3 პროცენტს შეადგენდა. ასეთ პირობებში ფასების გაორმაგებას 20 წელიწადზე მეტი დასჭირდებოდა. იმის გამო, რომ მაღალი ინფლაცია საზოგადოებას უამრავ დანახარჯებს აკისრებს, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება პოლიტიკოსთა ძირითადი მიზანია მთელ მსოფლიოში.

მწარმოებლურობა - ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა.

ინფლაცია - ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა.

რა იწვევს ინფლაციას? დიდი ან ხანგრძლივი ინფლაციის თითქმის ყველა შემთხვევაში დამნაშავეა ფულის რაოდენობის ზრდა. როდესაც მთავრობა ეროვნული ვალუტის დიდ რაოდენობას უშვებს, ფულის ღირებულება მცირდება. გერმანიაში ადრეულ 20-იან წლებში, როდესაც ფასები საშუალოდ ყოველთვიურად სამმაგდებოდა, ფულის რაოდენობაც ყოველთვიურად სამმაგდებოდა. ნაკლები დრამატულობის მიუხედავად, შეერთებული შტატების ეკონომიკური ისტორიაც იმავე დასკვნისკენ გვიბიძგებს: მაღალი ინფლაცია 70-იან წლებში დაკავშირებული იყო ფულის რაოდენობის სწრაფ ზრდასთან, ხოლო დაბალი ინფლაცია 90-იან წლებში გამოიწვია ფულის მასის ზრდის ნელმა ტემპებმა.

2.3.3 პრინციპი №10: მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის ალტერნატივის წინაშე.

▲ზევით დაბრუნება


მართალია, გრძელვადიან პერიოდში, ფასების მატება ფულის მასის ზრდის უმთავრესი შედეგია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ის უფრო რთულ და წინააღმდეგობრივ მოვლენად გადაიქცევა. ეკონომისტების უმრავლესობა ფულის მასის ზრდის მოკლევადიან შედეგებს შემდეგნაირად ახასიათებს:

  • ეკონომიკაში ფულის მასის გაფართოება ზრდის ხარჯების საერთო დონეს, ანუ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას;

  • მოთხოვნის ზრდამ დროთა განმავლობაში შეიძლება ბიძგი მისცეს ფირმების მიერ ფასების მომატებას, მაგრამ ამავდროულად, ის მათ სტიმულს აძლევს, უფრო მეტი საქონელი და მომსახურება გამოუშვან და მეტი მუშახელი დაიქირაონ;

  • მეტი მუშახელის დაქირავება ნიშნავს უმუშევრობის დაბალ დონეს.

ამ ანალიზს ერთ საბოლოო ეკონომიკურ არჩევანამდე მივყავართ: მოკლევადიან არჩევანამდე ინფლაციასა და უმუშევრობას შორის.

მართალია, ეს იდეები დღესაც ეკონომისტთა ცხარე კამათის თემად რჩება, მაგრამ ეკონომისტთა უმრავლესობა უკვე აღიარებს, რომ მოკლევადიან პერიოდში მართლაც არსებობს ალტერნატივა ინფლაციასა და უმუშევრობას შორის. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, ერთ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, მრავალი ეკონომიკური პოლიტიკის გავლენით ინფლაცია და უმუშევრობა სხვადასხვა მიმართულებით იძენს. პოლიტიკოსები ამ არჩევანის წინაშე დგებიან იმის მიუხედავად, თუ ინფლაცია და უმუშებრობა მაღალ დონეზეა (როგორც ეს მოხდა 1980-იან წლებში), დაბალ დონეზე (როგორც 1990-იან წლებში) თუ სადღაც შუაშია მოქცეული. ეს მოკლევადიანი არჩევანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქმიანი აქტივობის ციკლის - ეკონომიკური აქტივობის არარეგულარული და მოულოდნელი ცვლილებების ანალიზის საქმეში, რომელიც გაიზომება საქონლისა და მომსახურების წარმოების ან დასაქმებულთა რაოდენობით.

პოლიტიკოსებს შეუძლიათ ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არსებულ ამ ალტერნატივას სხვადასხვა პოლიტიკური იარაღებით გაუმკლავდნენ. მთავრობის ხარჯების, გადასახადების, დაბეჭდილი ფულის რაოდენობის ცვლილებით პოლიტიკოსებს შეუძლიათ ინფლაციისა და უმუშევრობის კომბინაციაზე ზემოქმედება. ის, თუ როგორ გამოიყენონ პოლიტიკოსებმა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ეს პოტენციურად უძლიერესი ინსტრუმენტები ეკონომიკის კონტროლისთვის, ან, საერთოდ, გამოიყენონ თუ არა ისინი, დაუსრულებელი დებატების საგანია.

სანამ რიგში ჩადგებოდით, ეს, ალბათ, მართლაც 68 ცენტი ღირდა, მაგრამ ახლა 74 ცენტი ღირს!“

საქმიანი აქტივობის ციკლი - ისეთი ეკონომიკური აქტივობების ცვლილებები, როგორიცაა დასაქმება და წარმოება.

2.4 ეკონომიკური მოდელები

▲ზევით დაბრუნება


ანატომიის მასწავლებელი სკოლაში ადამიანის სხეულის პლასტმასის მოდელებს იყენებს. ამ მოდელებს ყველა ძირითადი ორგანო აქვს: გული, ღვიძლი, თირკმელები და ა.შ. ეს მოდელები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მარტივად და გასაგებად აუხსნას მოსწავლეებს, როგორ თავსდება და ურთიერთქმედებს ერთმანეთთან სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილები. რა თქმა უნდა, ეს პლასტმასის მოდელები არ არის ნამდვილი ადამიანის სხეულები, და მოდელს შეცდომით არავინ მიიღებს რეალურ ადამიანად. ეს მოდელები სტილიზებულია და ბევრი დეტალი აკლია. მაგრამ რეალობისაგან მათი განსხვავების მიუხედავად - სინამდვილეში კი, სწორედ რეალობის ამ ნაკლებობის გამო - ამ მოდელების შესწავლა ძალიან სასარგებლოა ადამიანის სხეულის მუშაობის შესწავლისათვის.

მოდელებს ეკონომისტებიც იყენებენ სამყაროს შესწავლისას, მაგრამ, პლასტმასის ნაცვლად, ისინი დიაგრამებისა და განტოლებებისგან შედგება. ანატომიის მასწავლებლის პლასტმასის მოდელის მსგავსად, ეკონომიკურ მოდელებსაც მრავალი დეტალი აკლია, რაც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. როგორც ანატომიის მასწავლებლის მოდელი არ შეიცავს სხეულის ყველა კუნთსა თუ კაპილარს, ეკონომისტის მოდელიც არ მოიცავს ეკონომიკის ყველა თავისებურებას.

იმის გამო, რომ ამ წიგნში არაერთხელ იქნება გამოყენებული მოდელები მრავალი ეკონომიკური საკითხის შესწავლისას, თქვენ ნახავთ, რომ ყველა მოდელი დაშვებებზეა აგებული. ისევე, როგორც ფიზიკოსი იწყებს მარმარილოს ბურთულის ვარდნის ანალიზს ხახუნის არარსებობის დაშვებით, ეკონომისტებიც განზრახ უგულებელყოფენ ეკონომიკის მრავალ დეტალს, რომლებიც ამ საკითხის შესწავლისას უმნიშვნელოა. ყველა მოდელი - ფიზიკაში, ბოლოგიასა თუ ეკონომიკაში - რეალობას ამარტივებს ჩვენ მიერ მისი უკეთ გაგების მიზნით.

2.4.1 ჩვენი პირველი მოდელი: ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა მილიონობით ადამიანისაგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული: აშენებენ, ყიდიან, მუშაობენ, ქირაობენ, აწარმოებენ და ა.შ. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა, ყველა ამ საქმიანობის შესახებ ჩვენი მსჯელობის გამარტივების გზებს უნდა მივაგნოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვჭირდება მოდელი, რომელიც ზოგადი ტერმინებით აგვიხსნის, როგორაა ორგანიზებული ეკონომიკა.

პირველ ნახაზზე წარმოდგენილია ეკონომიკის ვიზუალური მოდელი - ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი. ამ მოდელში ეკონომიკა შეიცავს გადაწყვეტილების მიმღებთა ორ ტიპს - საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს. ფირმები აწარმოებენ საქონელსა და მომსახურებას, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვა რესურსს, კერძოდ, შრომას, მიწასა და კაპიტალს (შენობებსა და დაზგებს). ამ რესურსებს საწარმოო ფაქტორები ეწოდება. საოჯახო მეურნეობები ფლობენ საწარმოო ფაქტორებს და მოიხმარენ ყველა იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელთაც ფირმა აწარმოებს.

ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი - ეკონომიკის მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ მოძრაობს რესურსების ნაკადი საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის სხვადასხვა ბაზრების გავლით.

საოჯახო მეურნეობები და ფირმები ურთიერთქმედებენ ორი სახის ბაზრებზე. საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე საოჯახო მეურნეობები მყიდველები არიან, ფირმები კი - გამყიდველები. კერძოდ, საოჯახო მეურნეობები ყიდულობენ ფირმების მიერ წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას. საწარმოო ფაქტორების ბაზრებზე საოჯახო მეურნეობები გამყიდველები არიან, ფირმები კი - მყიდველები. ამ ბაზრებზე საოჯახო მეურნეობები აწვდიან მასალებს, რომელთაც ფირმები საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის იყენებენ. ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი გვთავაზობს ყველა იმ ეკონომიკური ურთიერთქმედების მარტივ გზას, რომელსაც ადგილი აქვს ეკონომიკაში არსებულ საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის.

ეკონომიკური წრებრუნვის მოდელის შიდა წრე ასახავს საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის საქონლისა და მომსახურების ნაკადს. საოჯახო მეურნეობები თავიანთი შრომის, მიწებისა და კაპიტალის გამოყენების უფლებას მიჰყიდიან ფირმებს საწარმოო ფაქტორების ბაზრებზე. ფირმები ამ ფაქტორებს იყენებენ საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის, რომლებსაც, თავის მხრივ, საოჯახო მეურნეობები ყიდულობენ საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე. ასე რომ, საწარმოო ფაქტორების ნაკადი მიმართულია საოჯახო მეურნეობებიდან ფირმებისკენ, ხოლო საქონლისა და მომსახურების ნაკადი - ფირმებიდან საოჯახო მეურნეობებისკენ.

დიაგრამის გარე წრე ასახავს დოლარების შესაბამის ნაკადებს. საოჯახო მეურნეობები ფულს ხარჯავენ ფირმებისგან საქონლისა და მომსახურების შეძენისთვის. ფირმები უკუგების თანხის ნაწილს საწარმოო ფაქტორების შესაძენად, მაგალითად, ამ ფირმების თანამშრომლების შრომის ასანაზღაურებლად გამოიყენებენ. დარჩენილი ნაწილი ფირმების მფლობელების მოგებაა, რომლებიც, ამავე დროს, საოჯახო მეურნეობების წევრები არიან. ასე რომ, საქონლისა და მომსახურების შესაძენად გადაღებული ფულადი სახსრების ნაკადი მიმართულია საოჯახო მეურნეობებიდან ფირმებისკენ, ხოლო შემოსავალი, ხელფასების, ქირისა და მოგების სახით, მიმართულია ფირმებიდან საოჯახო მეურნეობებისკენ.

ეკონომიკური წრებრუნვის ეს დიაგრამა ეკონომიკის ერთ-ერთი მარტივი მოდელია. მას მრავალი დეტალი აკლია, რომლებიც გარკვეული მიზნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. კერძოდ, ეკონომიკური წრებრუნვის უფრო რთული და რეალისტური მოდელი ითვალისწინებს მთავრობისა და საერთაშორისო ვაჭრობის როლს. მაგრამ ამ დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვთ იმის ზოგადი გაგებისთვის, თუ როგორ არის ეკონომიკა ორგანიზებული. ამ სიმარტივის გამო სასარგებლოა ამ დიაგრამის გახსენება იმაზე მსჯელობისას, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეკონომიკის სხვადასხვა ნაწილები.

ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი. ნახაზი 1

0x01 graphic

ამ დიაგრამაზე სქემატურადაა წარმოდგენილი ეკონომიკის ორგანიზება. გადაწყვეტილებას იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები. საოჯახო მეურნეობები და ფირმები ურთიერთქმედებენ საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე (სადაც საოჯახო მეურნობები მყიდველები არიან, ფირმები კი გამყიდველები) და საწარმოო ფაქტორების ბაზრებზე (სადაც ფირმები მყიდველები, ხოლო საოჯახო მეურნეობები გამყიდველები არიან). გარე ისრები გვიჩვენებენ დოლარების ნაკად, შიდა ისრები კი საქონლისა და მომსახურების შესაბამის ნაკადს.

2.4.2 ჩვენი მეორე მოდელი: საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი

▲ზევით დაბრუნება


თითქმის ყველა ეკონომიკური მოდელი, ეკონომიკური წრებრუნვის მოდელისგან განსხვავებით, აგებულია მათემატიკური მეთოდების გამოყენებით. აქ განვიხილავთ ერთ-ერთ უმარტივეს მოდელს, რომელსაც საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი ეწოდება, და ვნახავთ, როგორ ასახავს ეს მოდელი ზოგიერთ ძირითად ეკონომიკურ იდეას.

მიუხედავად იმისა, რომ რეალური ეკონომიკა მილიონობით სახის საქონელსა და მომსახურებას აწარმოებს, წარმოვიდგინოთ ეკონომიკა, რომელიც აწარმოებს მხოლოდ ორი სახის საქონელს - ავტომობილებსა და კომპიუტერებს. საავტომობილო და კომპიუტერული მრეწველობა იყენებს ეკონომიკაში არსებულ ყველა საწარმოო ფაქტორს. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი წარმოადგენს გრაფიკს, რომელიც გვიჩვენებს პროდუქციის - ამ შემთხვევაში, ავტომობილებისა და კომპიუტერების - სხვადასხვა კომბინაციებს, რომელთა წარმოებაც შეუძლია ეკონომიკას მის ხელთ არსებული საწარმოო ფაქტორებისა და ტექნოლოგიის პირობებში.

მე-2 ნახაზზე მოცემულია საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის მაგალითი. თუ ამ ეკონომიკაში რესურსებს მხოლოდ საავტომობილო დარგი გამოიყენებს, ეკონომიკა აწარმოებს 1000 ავტომანქანას და არც ერთ კომპიუტერს. თუ რესურსებს მხოლოდ კომპიუტერების დარგი გამოიყენებს, ეკონომიკა მოგვცემს 3000 კომპიუტერს და არც ერთ მანქანას. საწარმოო შესაძლებლობების საზღვრის ორი უკიდურესი წერტილი ამ უკიდურეს შესაძლებლობებს ასახავს. თუ ეკონომიკა თავის რესურსებს გაანაწილებს ორ დარგს შორის, მაშინ აწარმოებს 600 ავტომობილს და 2200 კომპიუტერს, რაც ნახაზზე A წერტილითაა ნაჩვენები. B წერტილი D არ არის მიღწევადი, რადგანაც ამ ეკონომიკას არ გააჩნია საკმარისი რესურსები წარმოების ამ დონის უზრუნველსაყოფად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე ან მის შიგნით, მაგრამ ვერ აწარმოებს საზღვრის გარეთ მდებარე წერტილებში.

ამბობენ, რომ შედეგი ეფექტიანია, თუ ეკონომიკა სრულად იყენებს მის ხელთ არსებულ შეზღუდულ რესურსებს. წერტილები საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე (და არა მას შიგნით) ასახავს წარმოების ეფექტიან დონეებს. როდესაც ეკონომიკა ერთ-ერთ ასეთ წერტილში, ვთქვათ A წერტილში, აწარმოებს, შეუძლებელია ერთი საქონლის წარმოების გაზრდა მეორე წარმოების შემცირების გარეშე. B წერტილი ასახავს წარმოების არაეფექტიან დონეს. გარკვეული მიზეზების, შესაძლოა, ფართოდ გავრცელებული უმუშევრობის, შედეგად ეკონომიკა იმაზე ნაკლებს აწარმოებს, ვიდრე შეუძლია მის ხელთ არსებული რესურსების პირობებში: ეკონომიკა მხოლოდ 300 ავტომობილსა და 1000 კომპიუტერს აწარმოებს. თუ არაეფექტიანობის მიზეზი აღმოიფხვრება, ეკონომიკა შეძლებს B წერტილიდან A წერტილში გადასვლას.

განხილული ეკონომიკის ათი პრინციპიდან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგებიან. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს ერთ-ერთ ალტერნატივას, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. მას შემდეგ, რაც მივაღწევთ საზღვარზე მდებარე ეფექტიან წერტილს, ერთი საქონლის რაოდენობის გაზრდის ერთადერთი საშულებაა მეორე საქონლის წარმოების მოცულობის შემცირება. მაგალითად, როდესაც ეკონომიკა A წერტილიდან C წერტილში გადადის, საზოგადოება აწარმოებს მეტ კომპიუტერს, მაგრამ მხოლოდ ავტომობილების წარმოების შემცირების ხარჯზე.

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი ნახაზი 2

0x01 graphic

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს პროდუქციის - ამ შემთხვევაში, ავტომობილებისა და კომპიუტერების - კომბინაციებს, რომელთა წარმოებაც შეუძლია ეკონომიკას. ეკონომიკას წარმოება შეუძლია საზღვარზე ან მის შიგნით არსებულ ნებისმიერ წერტილში. საზღვრის გარეთ მდებარე წერტილები მიუღწეველია ეკონომიკაში არსებული რესურსები პირობებში.

კიდევ ერთი პრინციპი ეკონომიკის ათი პრინციპიდან იმაში მდგომარეობს, რომ რაიმე ნივთის ღირებულება არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის შეძენის მიზნით. ამას ალტერნატიული დანახარჯი ეწოდება. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს ერთი საქონლის ალტერნატიულ დანახარჯს მეორე საქონლის ერთეულში. როდესაც საზოგადოებას საწარმოო ფაქტორების გარკვეული მოცულობა გადააქვს საავტომობილო დარგიდან კომპიუტერის დარგში, რის შედეგადაც ეკონომიკა გადადის A წერტილიდან B წერტილში, იგი თმობს 100 ავტომობილს დამატებით 200 კომპიუტერის მისაღებად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ეკონომიკა A წერტილში იმყოფება, 200 კომპიუტერის ალტერნატიული დანახარჯი უდრის 100 ავტომობილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვთ, თითოეული ავტომობილის ალტერნატიული ღირებულება ორი კომპიუტერია. ასე რომ, ავტომობილის ალტერნატიული დანახარჯი საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის დახრილობის ტოლია (თუ არ გახსოვთ, რა არის დახრილობა, შეგიძლიათ ამ თავის დანართიდან გაიხსენოთ ამ ცნების განმარტება).

ავტომობილის ალტერნატიული ღირებულება, გამოხატული კომპიუტერების ერთეულებში, ამ ეკონომიკაში არ არის მუდმივი და დამოკიდებულია ეკონომიკაში თითოეული საქონლის წარმოების მოცულობაზე. ეს აისახება საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის ფირმაზე. იმის გამო, რომ საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი მე-2 ნახაზზე ამოზნექილია, ავტომობილის წარმოების ალტერნატიული ღირებულება მაქსიმალურია, როდესაც ეკონომიკა აწარმოებს ბევრ ავტომობილსა და ცოტა კომპიუტერს, როგორც E წერტილში, ანუ მაშინ, როდესაც საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი საკმაოდ დახრილია. და პირიქით, როდესაც ეკონომიკა თავისი რესურსების უდიდეს ნაწილს კომპიუტერების წარმოებაში იყენებს, როგორც F წერტილშია, საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის ფორმა ჰორიზონტალურს უახლოვდება და ავტომობილის წარმოების ალტერნატიული ღირებულებაც ნაკლებია.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი ხშირად ამოზნექილია. როდესაც ეკონომიკა თავისი რესურსების უმეტეს ნაწილს კომპიუტერების საწარმოებლად იყენებს, როგორც F წერტილშია, რესურსები, რომლებიც ყველაზე მეტად ავტომობილების წარმოებისთვის გამოდგება, მაგალითად, კვალიფიციური მუშახელი კომპიუტერებისათვის გამოიყენება. იმის გამო, რომ ეს ხალხი არ არის სპეციალიზებული კომპიუტერების წარმოებაში, ავტომობილების წარმოების ერთი ერთეულით გაზრდისთვის საჭირო არ იქნება კომპიუტერების წარმოების მოცულობის შემცირება. ავტომობილის წარმოების ალტერნატიული ღირებულება, გამოხატული კომპიუტერებში, არც ისე დიდია და საზღვარიც შედარებით ნაკლებად დახრილია. პირიქით, როდესაც ეკონომიკა მთელ რესურსებს ახმარს ავტომობილის წარმოებას, როგორც E წერტილშია, ის რესურსები, რომლებიც უკეთ შეესაბამება კომპიუტერების წარმოებას, მანქანებისთვისაა გამოყენებული. დამატებითი ავტომობილის წარმოება ნიშნავს კომპიუტერების წარმოებიდან კომპიუტერების საუკეთესო სპეციალისტების გადინებას და მანქანების წარმოებაში მათ გამოყენებას. შედეგად, დამატებითი ავტომობილის წარმოება უდიდეს დანაკლისს მოუტანს კომპიუტერების წარმოებას. ავტომობილის წარმოების ალტერნატიული ღირებულება მაღალია და საზღვარიც მეტისმეტად დახრილია.

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს ალტერნატივას სხვადასხვა სახის საქონლის წარმოებას შორის დროის მოცემულ მომენტში, მაგრამ ეს ალტერნატივა შეიძლება თანდათან შეიცვალოს. მაგალითად, თუ კომპიუტერების დარგში ტექნოლოგიის განვითარება ერთი მუშაკის მიერ ერთ კვირაში წარმოებული კომპიუტერების რაოდენობის ზრდას იწვევს, მაშინ ეკონომიკას შეუძლია, აწარმოოს კომპიუტერების მეტი რაოდენობა მანქანების ნებისმიერი მოცემული რაოდენობის სანაცვლოდ. თუ ეკონომიკა საერთოდ არ აწარმოებს კომპიუტერებს, მას მაინც შეუძლია 1000 ავტომობილის წარმოება, ანუ საზღვრის ერთი ბოლო წერტილი არ იცვლება.

მე-3 ნახაზი გვიჩვენებს ეკონომიკურ ზრდას. საზოგადოებას შეუძლია, წარმოება გადაიტანოს ძველი საზღვრის ერთი წერტილიდან ახალი საზღვრის მეორე წერტილში. ის, თუ რომელ წერტილს აირჩევს საზოგადოება, დამოკიდებულია იმ უპირატესობაზე, რომელსაც ის ამა თუ იმ საქონელს ან მომსახურებას ანიჭებს. ამ მაგალითში საზოგადოება A წერტილიდან G წერტილში გადაინაცვლებს, და აწარმოებს მეტ კომპიუტერსა (2,300 2,200-ის ნაცვლად) და მეტ ავტომობილს (650-ს 600-ის ნაცვლად).

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი ამარტივებს რთულ ეკონომიკურ რეალობას, რათა უფრო ცხადი და გასაგები გახადოს ზოგიერთი ისეთი ფუნდამენტური ცნება, როგორიცაა შეზღუდულობა, ეფექტიანობა, არჩევანი, ალტერნატიული ღირებულება და ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკის შესწავლის პროცესში ეს იდეები სხვადასხვა სახით შეგხვდებათ. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი ამ იდეებზე მსჯელობის ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა.

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის გადაადგილება. ნახაზი 3

0x01 graphic

ეკონომიკური განვითარება კომპიუტერების დარგში საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარს გადააადგილებს, რაც გაზრდის ავტომობილებისა და კომპიუტერების რაოდენობას, რომლის წარმოებაც შესაძლებელია ამ ეკონომიკაში.

2.4.3 ეკონომიკა და მაკროეკონომიკა

▲ზევით დაბრუნება


მრავალი საგანი ისწავლება სხვადასხვა დონეზე, მაგალითად, ბიოლოგია. მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტები შეისწავლიან ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს შეადგენენ. უჯრედის ბიოლოგია შეისწავლის უჯრედებს, რომლებიც მრავალი ქიმიური ნაერთისგან შედგება და ამავე დროს თვითონ წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმების შემადგენელ ბლოკებს. ევოლუციური ბიოლოგია შეისწავლის ცხოველებისა და მცენარეების მრავალ სახესხვაობას და მათ ცვლილებებს საუკუნის განმავლობაში.

ეკონომიკაც სხვადასხვა დონეებზე შეისწავლება. შეგვიძლია შევისწავლოთ ცალკეული საოჯახო მეურნეობებისა და ფირმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ან საოჯახო მეურნეობებისა და ფირმების ურთიერთქმედება საქონლისა და მომსახურების სპეციფიკურ ბაზრებზე. შეგვიძლია შევისწავლოთ ეკონომიკის, როგორც ერთი მთლიანის, მოქმედება, რაც ყველა ბაზარზე არსებული გადაწყვეტილებების ყველა მიმღების საქმიანობის უბრალო ჯამია.

ეკონომიკური მეცნიერება, ტრადიციულად, გაყოფილია ორ დიდ ნაწილად. მიკროეკონომიკა შეისწავლის, როგორ იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთქმედებენ სპეციფიკურ ბაზრებზე. მაკროეკონომიკა კი შეისწავლის მთლიანად ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს. მიკროეკონომისტმა უნდა შეისწავლოს ქირის კონტროლის ზემოქმედება ნიუ-იორკის საბინაო ფონდზე, უცხოური კონკურენციის გავლენა შეერთებული შტატების საავტომობილო მრეწველობაზე ან სავალდებულო სასკოლო განათლების გავლენა მშრომელთა შემოსავლებზე. მაკროეკონომისტმა კი უნდა შეისწავლოს ფედერალური მთავრობის მიერ სესხის აღების ეფექტი, ეკონომიკაში არსებული უმუშევრობის დონის დროში ცვლილება ან ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლების ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამები.

მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა მჭიდროდაა ერთმანეთში გადახლართული. იმის გამო, რომ ცვლილებები ეკონომიკაში ჩნდება მილიონობით ინდივიდის გადაწყვეტილებების შედეგად, შეუძლებელია მაკროეკონომიკური განვითარების გაგება მასთან დაკავშირებული მიკროეკონომიკური გადაწყვეტილებების გაუთვალისწინებლად. მაგალითად, ვთქვათ, მაკროეკონომისტი სწავლობს ფედერალური საშემოსავლო გადასახადის შემცირების გავლენას საქონლისა და მომსახურების მთლიან წარმოებაზე. ამ საკითხის გასაანალიზებლად მიკროეკონომისტმა უნდა გაითვალისწინოს ის, თუ როგორ იმოქმედებს გადასახადის შემცირება საოჯახო მეურნეობის გადაწყვეტილებაზე, რა თანხა გაიღონ საქონლისა და მომსახურების შესაძენად.

მიუხედავად მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკას შორის არსებული კავშირისა, ეს ორი სფერო განცალკევებულია. და რადგან მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა სხვადასხვა საკითხებს განიხილავს, თითოეული მათგანი იყენებს მოდელების განსაკუთრებულ ნაკრებს, ეს საგნები ხშირად ცალ-ცალკე ისწავლება.

სწრაფი გამოკითხვა: რით ჰგავს ეკონომიკა სხვა მეცნიერებებს? დახაზეთ საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი იმ საზოგადოებისთვის, რომელიც საკვებსა და ტანსაცმელს აწარმოებს. აჩვენეთ ეფექტიანი, არაეფექტიანი და შეუძლებელი წერტილები. აჩვენეთ გვალვის შედეგები. განმარტეთ მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა.

3 ეკონომიკა - ძალიან მოკლე შესავალი *

▲ზევით დაბრუნება


პარტა დასგუპტა

3.1 ეკონომისტის დღის წესრიგი

▲ზევით დაბრუნება


ბუნებრივია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები სხვადასხვაგვარად ცხოვრობენ. იმ საუკუნეში, რომელშიც ხშირად მოგზაურობენ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოსალოდნელი და მისაღებია ის ფაქტი, რომ ბეკისა და დესტას ერთმანეთისგან განსხვავებული მომავალი ელით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებითად ეს გოგონები ერთმანეთს ჰგვანან: ორივეს მოსწონს თამაში, ჭამა და ჭორაობა, სიახლოვე აქვთ ოჯახის წევრებთან, როცა უჭირთ რჩევას ეკითხებიან თავიანთ დედებს, მოსწონთ ლამაზად ჩაცმა და ორივემ შეიძლება განიცადოს იმედგაცრუება, გაღიზიანება და ბედნიერება.

ერთმანეთს მათი მშობლებიც გვანან. ისინი კარგად იცნობენ საკუთარ სამყაროს. ისინი ზრუნავენ თავიათ ოჯახებზე, ეძებენ გამოსავალს, ისეთი ჩვეული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც შემოსავალს, ოჯახის წევრებს შორის სახსრების გადანაწილებასა და სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებს ეხება. ეს კარგი დასაწყისია, იმის განსახილველად, თუ რატომ არის ასეთი რადიკალური განსხვავება ბეკისა და დესტას ცხოვრების პირობებს შორის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მათ ოჯახებს შექმნის დღიდან მოყოლებული დღემდე განსხვავებული შესაძლებლობები და წინააღმდეგობები შეხვდათ - აღსანიშნავია, რომ დესტას ოჯახი გაცილებით უფრო შეზღუდულია თავის შესაძლებლობებში, ვიდრე ბეკის ოჯახი.

ეკონომისტი ცდილობს დაადგინოს, თუ რა პროცესები ახდენენ გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე. ის ასევე სწავლობს, რა ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე იმისთვის, რომ გააუმჯობესოს შეზღუდული ცხოვრებისეული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პერსპექტივა. პირველი აქტივობა მიზეზების ახსნას გულისხმობს, ხოლო მეორე ოპტიმალური პოლიტიკის შემუშავებას. ეკონომისტები აკეთებენ პროგნოზებს იმის შესახებაც, თუ როგორი იქნება ეკონომიკური ცხოვრების პირობები მომავალში. თუმცა, თუ გვსურს, რომ ეს პროგნოზები საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი გახდეს, ისინი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეფუძნოს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედი პროცესების გააზრებას. სწორედ ამიტომ, საჭიროა, თავდაპირველად ავხსნათ, ხოლო შემდეგ პროგნოზის გაკეთება ვცადოთ.

კონტექსტი, რომლის ახსნაც ან რომლის პროგნოზირებაც უნდა ვცადოთ, შესაძლოა იყოს საოჯახო მეურნეობა, სოფელი, რაიონი, ქალაქი ან, ზოგადად, მთელი მსოფლიო. ადამიანთა და ადგილმდებარეობათა გაერთიანების ხარისხი და განფენილობა ასახავს იმ დეტალებს, რომელთა შესწავლასაც ვირჩევთ სოციალურ სამყაროში. წარმოიდგინეთ, რომ გვსურს, გავიგოთ, რის საფუძველზე ნაწილდება საკვები ოჯახის წევრებს შორის კონკრეტულ საზოგადოებაში. ოჯახის შემოსავალი, უდაოდ, ზეგავლენის მქონე ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე დაგვჭირდება დავადგინოთ, ნაწილდება თუ არა ოჯახში საკვები ასაკის, სქესისა და სტატუსის გათვალისწინებით. თუკი გავიგებთ, რომ ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია საკვების განაწილებისას, უნდა დავსვათ კითხვა, რატომ და რის საფუძველზე აქვთ მათ ეს მნიშვნელობა. საპირისპიროდ, წარმოვიდგინოთ, თითქოს გვსურს გავიგოთ, არის თუ არა დღევანდელი მსოფლიო უფრო მდიდარი, ვიდრე 50 წლის წინ. იმის გათვალისწინებით, რომ შეკითხვა გლობალურ საშუალო მონაცემებს ეხება, გამართლებული იქნება, თუკი დავადგენთ შემოსავლების სხვაობებს საოჯახო მეურნეობებს შორის.

საშუალო მაჩვენებლის გამოთვლისას საჭიროა დროის მონაკვეთების გათვალისწინებაც. კვლევის მიზანი და ინფორმაციის მოგროვების ხარჯები გავლენას ახდენს დროის იმ მონაკვეთის არჩევანზე, რომლის საფუძველზეც ხდება საშუალო მაჩვენებლის გამოანგარიშება. მოსახლეობის აღწერა, მაგალითად, ინდოეთში ხდება ყოველ 10 წელიწადში. უფრო ხშირი აღწერა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და თან ეს ინფორმაცია არ იქნება მრავლისმომცემი. საპირისპიროდ, იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ საცხოვრებელი სახლების სეზონური გაყიდვების მოცულობა, ყოველწლიური სტატისტიკაც კი არ იქნება საკმარისი. ამ შემთხვევაში, ყოველთვიური სტატისტიკა წარმოადგენს გარკვეულ კომპრომისს დეტალებსა და მათ მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის.

თანამედროვე ეკონომიკა, ანუ ის ეკონომიკა, რომელიც ისწავლება წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც წესი, საფუძვლებიდან იწყებს კვლევას, კერძოდ, სწავლობს: ინდივიდებს, საოჯახო მეურნეობებს, სოფელს, რაიონს, ქალაქს, ქვეყანას და, საბოლოო ჯამში, მთელ მსოფლიოს. მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილებები მათივე შესაძლებლობებზე ახდენს გავლენას. როგორც თეორიული ცოდნა, ასევე საღი აზრი და მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ჩვენს ნებისმიერ მოქმედებას უამრავი შედეგი მოჰყვება. ზოგი შედეგი წინასწარგამიზნულია, ზოგი კი - გაუთვალისწინებელი. თუმცა, არსებობს გარკვეული უკუკავშირიც - ეს შედეგები თავის მხრივ განაპირობებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს და რის გაკეთებას აირჩევენ. მაშინ, როდესაც ბეკის ოჯახის წევრები მართავენ ავტომობილს, ან როდესაც იყენებენ ელექტროენერგიას, ხოლო დესტას ოჯახი ამუშავებს ან წვავს შეშას საკვების მოსამზადებლად, ისინი ნახშირბადის გლობალურ გამოყოფას უწყობენ ხელს. მათი მოქმედება, ბუნებრივია, თავისთავად ადვილად უგულებელსაყოფი შეიძლება იყოს, თუმცა როდესაც მილიონობით ადამიანს შეაქვს თავისი წვლილი, ეს ყველაფერი მასშტაბური ხდება და ყველას ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში, მთლიანი წვლილი უფრო დიდია, ვიდრე ცალკეული ერთეულების ჯამი. აღსანიშნავია, რომ არამიზანმიმართულ შედეგებს შესაძლებელია შესამჩნევი ზეგავლენა ჰქონდეს ისეთ ყოველდღიურ ფაქტორებზე, როგორიცაა საბაზრო ფასები, როცა საქონელზე მოთხოვნა ასე თუ ისე უტოლდება მიწოდებას.

მე უბრალოდ აღვწერე ბეკისა და დესტას ცხოვრება, თუმცა, მათი ცხოვრების გააზრებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება; ის მოითხოვს ანალიზს, რაც, როგორც წესი, შემდგომ აღწერას გულისხმობს. ანალიზის ჩასატარებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ გოგონების ოჯახების მატერიალური პერსპექტივის იდენტიფიცირება აწმყოსა და მომავალში, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გათვალისწინებით. მეორე მხრივ, საჭიროა განვსაზღვროთ მათი არჩევანის ხასიათი და ის ხერხები, რომელსაც ბეკისა და დესტას ოჯახების მსგავსი მილიონობით ოჯახი ამ არჩევანის გაკეთებისას იყენებს და რომელიც, საბოლოო ჯამში, მათ ცხოვრებისეულ პერსპექტივაზე ახდენს გავლენას. მესამე, უნდა გავარკვიოთ, როგორ მოვიდნენ მათი ოჯახები დღევანდელ ყოფამდე.

ეს უზარმაზარი და რიგ შემთხვევაში უშედეგო შრომაა. ჩვენ შესაძლოა, გაგვიჩნდეს კითხვა: თუკი ყველა და ყველაფერი ურთიერთზემოქმედებს, რამდენად შესაძლებელია საღი აზრის გამოტანა სოციალურ სამყაროსთან დაკავშირებით? თუ ამაზე ვიდარდებთ, ჩვენ ვერასდროს წავალთ წინ. ნებისმიერი ჩვენთვის ნაცნობი დისციპლინა ქმნის სამყაროს კარიკატურას, რათა გარკვეული აზრის გამოტანა გახდეს შესაძლებელი. თანამედროვე ეკონომისტი ამას მოდელების შექმნის მეშვეობით აკეთებს, რომლებიც საკვლევი ფენომენის პირობითი გამოსახულებაა. პირობითი მართლაც პირობითს ნიშნავს, რადგან ეკონომისტისათვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ერთ ან ორ მიზეზობრივ ფაქტორზე ყურადღების გამახვილება და სხვა დანარჩენის გამორიცხვა, იმის იმედით, რომ გაირკვეს, რეალურად როგორ ფუნქციონირებენ საკვლევი ფაქტორები. ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინესი ეკონომიკას ასე აღწერს: „ეკონომიკა არის მეცნიერება, სადაც აზროვნება მოდელებზე და მათი თანამედროვე სამყაროსთან შესაბამისობაში შერჩევის ხელოვნებაზე არის დაფუძნებული“.

იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომისტები თვლად ობიექტებს იკვლევენ (მოხმარებული კალორიების რაოდენობა, სამუშაო საათები, წარმოებული ფოლადის ტონტევა, დაგებული კაბელის კილომეტრაჟი, განადგურებული ეკვატორული ტყეების კვადრატული კილომეტრები), ეკონომიკური მოდელები, როგორც წესი, ყოველთვის მათემატიკური ხასიათისაა. მათი გამოხატვა სიტყვებითაც არის შესაძებელი, თუმცა მათემატიკა ძალზე ეფექტური გზაა მოდელის სტრუქტურის გამოსახატავად და მოდელის შედეგების დასანახად. ეს, დიდი ხანია, იციან გამოყენებითი მათემატიკისა და ფიზიკის წარმომადგენლებმა, თუმცა, მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ეკონომისტებმა ურცხვად მიითვისეს კვლევის ეს ტაქტიკა, ისევე როგორც ისეთმა მონათესავე დისციპლინებმა, როგორიცაა, მაგალითად, ეკოლოგია. კარგი მოდელირების ხელოვნება ნიშნავს სიღმისეული წარმოდგენის შექმნას მცირე რაოდენობის მიზეზობრივ ფაქტორებზე დაყრდნობით. სიტყვა „ხელოვნება“ შემთხვევითი არ არის, რადგან არ არსებობს კარგი მოდელის შექმნის ფორმულა. მოდელის გამოცდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განასხვავებს (გამიჯნავს) ის საკვლევი ფენომენის ახსნის ალტერნატივებს. იმ მოდელებს, რომლებიც ემპირიულ ტესტირებას გადაურჩებიან აღიარებენ, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ დამატებითი მტკიცებულებებს, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ არსებულ მოდელს. ამ შემთხვევაში, ეკონომისტი დაუბრუნდება სამუშაო მაგიდას იმისთვის, რომ შექმნას უკეთესი (და არა აუცილებლად უფრო დიდი) მოდელი და ა.შ.

მეთოდოლოგია, რომელიც მოკლედ წარმოგიდგინეთ, საშუალებას აძლევს ეკონომისტს გააკეთოს პროგნოზი, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებას კი არ გულისხმობს, არამედ იმ მონაცემთა შედეგების პროგნოზს, რომლებიც ჯერ არ შეგროვებულა. ეს სარისკო საქმიანობაა, მაგრამ თუკი მოდელის მიზანია, ნათელი მოფინოს რეალობას, ის იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე მოვლენის შედეგების უბრალო აღწერაა.

უკანასკნელ პერიოდამდე, ეკონომისტები შეისწავლიდნენ ეკონომიკის ისტორიას ისევე, როგორც ისტორიკოსები შეისწავლიან სოციალურ და პოლიტიკურ ისტორიას. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ მიზეზები, მამოძრავებელი ფაქტორების იდენტიფიცირების მეშვეობით - რატომ ჰქონდა კონკრეტულ მოვლენას კონკრეტული შედეგი. ყურადღება გამახვილებული იყო შესასწავლი საგნის უნიკალურობაზე. კვლევის კლასიკური მაგალითი მოიცავდა იმის დადგენას, თუ რატომ მოხდა სამრეწველო რევოლუცია მე-18 საუკუნეში და რატომ მაინცდამაინც ინგლისში. როგორც ხედავთ, შეკითხვა ეფუძნება სამ ვარაუდს: იყო პირველი სამრეწველო რევოლუცია; ის მოხდა მე-18 საუკუნეში; ის დაიწყო ინგლისში. კითხვა ჩნდება სამივე წინაპირობასთან დაკავშირებით, მაგრამ საჭირო იყო უზარმაზარი შრომა ამ საკითხების ისტორიული შესწავლის მიზნით. ეკონომიკის ისტორიის უდიდეს მიღწევას წარმოადგენს ის ლიტერატურა, რომელიც ამ შეკითხვებზე გვაძლევს პასუხს.

უკანასკნელ წლებში ეკონომისტებმა კვლევის მეთოდებს სტატისტიკური მიდგომაც დაუმატეს. ეს ახალი მიდგომა ახლოსაა ეკონომიკურ თეორიასთან იმით, რომ ეყრდნობა ზოგად პროცესებს, რომლებიც, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენენ გარკვეულ მოვლენებზე. ის გულისხმობს ხედვას, რომლის თანახმად თეორიამ უნდა გამოავლინოს ის მახასიათებლები, რომლებიც ზოგადია ეკონომიკური თვალსაზრისით დროსა და სივრცეში. სავარაუდოდ, ორი ერთნაირი ეკონომიკა არ არსებობს, თუმცა თანამედროვე ეკონომისტები უფრო ადამიანთა გამოცდილების უნიფიცირებას ცდილობენ, ვიდრე განსხვავებების დადგენას. მაგალითად, გინდათ მოახდინოთ დესტას და ბეკის სამყაროთა ამჟამინდელი მახასიათებლების იდენტიფიცირება, რომელთა საშუალებით ახსნიდით, რატომ განსხვავდება ამ ბავშვების ცხოვრების სტანდარტები. ეკონომიკური მოდელის თანახმად, ეს მახასიათებლები აღინიშნება X, Y და Z ცვლადების მეშვეობით. თქვენ უნდა მოიძიოთ საერთაშორისო სტატისტიკა X, Y და Z-თან დაკავშირებით დაახლოებით 149 ქვეყნის მონაცემებიდან გამომდინარე. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რაოდენობრივი მონაცემები იქნება, თუმცა, თქვენ უნდა განიხილოთ ცვლადები, როგორც ყველა ქვეყნის გამაერთიანებელი ფაქტორი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 149 ქვეყანა პარალელურ ეკონომიკებად უნდა განვიხილოთ, ხოლო თითოეულის უნიკალური მახასიათებლები მათ დამახასიათებელ თვისებად მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, თქვენ არ შეგიძლიათ მოცემული თავისებურებების მოდელირება თქვენი ნება-სურვილის მიხედვით მოახდინოთ. სტატისტიკური თეორია, რომელსაც მოცემულ კონტექსტში ეკონომეტრიკა ეწოდება, გვიდგენს მოდელირების საზღვრებს.

149 ქვეყნის მონაცემებზე დაფუძნებთ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიყოთ თუ არა დარწმუნებულები იმაში, რომ X, Y და Z ფაქტორები ნამდვილად განსაზღვრავს ცხოვრების დონეს. დავუშვათ, ტესტირების შედეგად დავრწმუნდით მოცემული ფაქტორების საიმედოობაში. მონაცემთა შემდგომი ანალიზი საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ მოცემულ მაგალითში ცხოვრების დონის ვარიაციებზე გავლენას ახდენს თუ არა X, Y და Z-ის ვარიაციები. ამ თანაფარდობების მეშვეობით ნათელი გახდება იმ ფაქტორების შეფარდებითი მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების დონეს. დავუშვათ, ამ 149 ქვეყანაში ცხოვრების დონის ვარიაციათა 80%25-ის ახსნა შესაძლებელია X-ის ვარიაციებით, ხოლო დანარჩენი 20%25-ის ახსნა - Y-ისა და Z-ის ვარიაციებით. გაუმართლებელი არ იქნება დავასკვნათ, რომ X-ი მთავარი მოქმედი ცვლადია.

სტატისტიკის გამოყენება ეკონომიკურ მონაცემებთან მიმართებაში მრავალ სირთულეს ქმნის. მაგალითად, შესაძლებელია თქვენი ეკონომიკური მოდელის მიხედვით არსებობდეს 67 (და არა მხოლოდ X, Y და Z) ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ცხოვრების დონეზე. თუ თქვენ ხელთ გაქვთ მხოლოდ 149 ქვეყნის მონაცემები, ნებისმიერი სტატისტიკოსი გეტყვით, რომ 149 საკმაოდ მცირე რაოდენობაა 67 სხვადასხვა ფაქტორის როლის დასადგენად. ეკონომეტრიკის მუდმივად თანმდევი მრავალი სხვა პრობლემაც არსებობს. თუმცა, სანამ უარს იტყვით სტატისტიკაზე და ემპირიული დისკურსის ნარატიულ სტილს მიუბრუნდებით, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ერთი მეცნიერის ისტორიული ნარატივი უფრო სანდოა თუ მეორის. შესაძლოა, იმაზეც დაფიქრდეთ მისი ნაშრომი გამორჩეული ლიტერატურული სტილის გამო ხომ არ ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას. ვიღაც ეცდება დაგარწმუნოთ, რომ მოდელი თვით ისტორიული ნარატივის ავტორსაც კი აქვს გონებაში. იმასაც გეტყვით, რომ ავტორის მოდელმა განაპირობა მის ნაშრომში მოცემული მტკიცებულებების არჩევანი, რომ მან ეს არჩევანი შრომატევადი სამუშაოსა და უამრავი მტკიცებულების განხილვის შედეგად შეძლო. საპასუხოდ, თქვენ იკითხავთ, რატომ შეიძლება განვსაზღვროთ მისი კონცეპტუალური მოდელი უფრო უკეთესია თუ ნებისმიერი სხვისი. ეს კითხვა გვაბრუნებს სოციალური ფენომენის ალტერნატიული მოდელების გამოცდის/ტესტირების პრობლემასთან. [...] ისტორიული ნარატივი თანამედროვე ეკონომიკაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მოდელის შექმნასა და ეკონომეტრიულ ტესტებასთან ურთიერთკავშირში განიხილება.

ეკონომეტრიულ ტესტებთან დაკავშირებით, რომელთა შეფასება ძალზე რთულია (მაგალითად, როგორ ხდება ქვეყნისთვის დამახასიათებელი თავისებურების იდიოსინკრაზიის მოდელირება), არსებობს იმპლიციტური (ფარული) ვარაუდი. შესაბამისად, ეკონომიკური სტატისტიკა, უკეთეს შემთხვევაში, ხშირად გამჭირვალეა. უჩვეულო არ არის რამდენიმე კონკურენტი მოდელის თანაარსებობა და ერთის „გამარჯვება“. მოდელის შექმნა, მონაცემთა ხელმისაწვდომობა, ისტორიული ნარატივი და ეკონომეტრიული ტექნიკის მიღწევები ერთმანეთს განამტკიცებს და აძლიერებს. როგორც ეკონომისტი რობერტ სოლოუ აღნიშნავს, „ფაქტები მოითხოვს ახსნას, ხოლო ახსნა - ახალ ფაქტებს“.

ამ ნაშრომით, პირველ რიგში, მსურს გაიაზროთ, როგორ აღმოაჩენენ და განსაზღვრავენ ეკონომისტები იმ ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბეკისა და დესტას ცხოვრების წესზე. ამას ზემოხსენებული სამგვარი კითხვის დასმით გავაკეთებ. შემდგომ აგიხსნით, რატომ გვჭირდება ეკონომიკური პოლიტიკა და როგორ განვსაზღვროთ მათგან საუკეთესო. ამ პროცესში, ჩვენ აუცილებლად შევქმნით მოდელებს, თუმცა მათ, ძირითადად, სიტყვიერად აღვწერთ. გამოვიყენებთ ანთროპოლოგიის, დემოგრაფიის, ეკოლოგიის, გეოგრაფიის, პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ემპირიული კვლევის შედეგებს. თუმცა, ლინზა, რომლის დახმარებითაც სოციალურ სამყაროს შევისწავლით, აუცილებლად ეკონომიკის იქნება. ჩვენ განვიხილავთ შეხედულებას იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს შეზღუდული რესურსების გადანაწილებას თანამედროვე და მომავალ თაობებს შორის. მსურს წაგიყვანოთ სამოგზაუროდ, რათა მივხვდეთ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ გარშემო და ჩვენს მიღმა არსებულ სოციალური სამყაროს წვდომა.

______________

* წინამდებარე ტექსტები ნათარგმია წიგნიდან: „ეკონომიკა - ძალიან მოკლე შესავალი“. 2007

3.2 მაკროეკონომიკის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


ბეკისა და დესტას თანამედროვე ცხოვრებას რომ ჩავწვდეთ, საჭიროა, გავაანალიზოთ, როგორ მოვიდნენ ისინი დღევანდლამდე. ეს ეკონომიკის ისტორიის სფეროა. ისტორიის შესწავლისას, ჩვენ თამამად შეგვიძლია დავიწყოთ იმ შორეული წარსულის ანალიზი, როდესაც „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ (ამჟამინდელი თურქეთის) ტერიტორიაზე დაახლოებით 11 ათასი წლის წინ მიწათმოქმედება დაიწყო. აქედან დავიწყოთ განხილვა იმისა, თუ წარსულში არსებულმა რომელმა ინოვაციებმა შეიტანა ირიბი წვლილი ბეკის სამყაროს ჩამოყალიბებაში და რამ ვერ დაიმკვიდრა ადგილი დესტას სამყაროში.

მეცნიერები სწორედ ასეთ კვლევას ცდილობენ. გეოგრაფი ჯარედ დაიმონდი (Jared Diamond) ამტკიცებს, რომ ევრაზიის სუპერკონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებს სხვებთან შედარებით ორი უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. პირველ რიგში, აფრიკისა და ამერიკისგან განსხვავებით, ევრაზია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ზომიერი ჰავის სარტყელში მდებარეობს და არ მოიცავს ისეთ ქედებსა და უდაბნოებს, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ ადამიანების, იდეების, თესლისა და ცხოველების გავრცელებას. მეორე მხრივ, ევრაზია მდიდარია ცხოველთა იმ სახეობებით, რომელთა მოშინაურებაც შესაძლებელია და, შესაბამისად, ადამიანებს ხელი შეეწყოთ შეესრულებინათ ის საქმიანობა, რასაც დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებდნენ. სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა განვითარდა და შეფერხდა ევრაზიის სხვადასხვა ადგილებში - ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთში, ევროპის ხან ერთ რეგიონში, ხან მეორეში, თუმცა სუპერკონტინენტის ზომიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, უკანასკნელი 11 ათასი წლის განმავლობაში, კაცობრიობის მიღწევები აქ ფინანსური ბირჟის საქმიანობას წააგავდა: ერთ რეგიონში დაღმავლობა მეფობდა მეორეში კი - განვითარება. მე-16 საუკუნეში, ტექნოლოგიური განსხვავება დასავლეთ ევროპის საზღვაოსნო ერებსა და ამერიკას შორის იყო იმდენად დიდი, რომ იარაღის, ფოლადისა და ევროპული ძვირფასეულობის კომბინაციამ დამპყრობლების მცირე ჯგუფს „ახალი სამყაროს“ დამორჩილების საშუალება მისცა. ბეკის წარმატებული სამყარო დაახლოებით 500 წლის წინ განხორციელებული სოციალური ტრანსპლანტაციის შედეგია.

3.2.1 მშპ, როგორც საზომი ერთეული

▲ზევით დაბრუნება


წარმატებასა და წარუმატებლობაზე სასაუბროდ ერთგვარი საზომი ერთეული გვჭირდება. ყველაზე გავრცელებული საზომი არის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე ანუ მშპ ერთ სულზე. ეკონომისტებმა შეიმუშავეს ეს კონცეფცია, მაგრამ გაგვაფრთხილეს მისი შეზღუდულობის შესახებაც; მოგვწონს თუ არა ეს ტერმინი იმდენად დამკვიდრდა საზოგადოების ცნობიერებაში, რომ თუკი ვინმე იტყვის „ეკონომიკური ზრდა“, ჩვენ არ ვკითხულობთ „რა საზომით?“ - ვიცით, რომ იგულისხმება რეალური მშპ-ს ზრდა ერთ სულ მოსახლეზე; მშპ-ს ზრდა ერთ სულზე ინფლაციისა და დეფლაციის გათვალისწინებით.

ქვეყნის მშპ იმ საბოლოო საქონლის ღირებულებაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა აწარმოებს მოცემული წლის განმავლობაში. ეს ეკონომიკის მთლიანი გამოშვების საზომი. თუმცა, როდესაც საქონელი იწარმოება და იყიდება, გადასახადი თანხა ვიღაცის ჯიბეში ხვდება. შესაბამისად, მშპ შესაძლებელია გაიზომოს ყველას შემოსავლის შეჯამებით - შემოსავალები, ხელფასები, პროცენტები, მოგება და სახელმწიფოს შემოსავალი. ამრიგად, მშპ და ეროვნული შემოსავალი ერთი მონეტის ორ სხვადასხვა მხარეა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მშპ სიმდიდრის საზომად მიიჩნევა, ეს ასე არ არის. მშპ არის ნაკადი (მაგალითად, დოლარის რაოდენობისა წელიწადში), ხოლო სიმდიდრე არის ფონდი/მარაგი (დოლარის რაოდენობა რაღაც პერიოდში). რაკი მშპ თავდაპირველად საბაზრო ეკონომიკისთვის შეიქმნა, საქონელთან ასოცირებული ღირებულება საბაზრო ფასს წარმოადგენდა. თუმცა, ეროვნული ფასების (ე.წ. „ჩრდილოვანი ფასები“) გონივრული შექმნით, ეკონომისტებმა მშპ-ს გამოყენება ისეთ ეკონომიკაშიც შეძლეს, როგორიც დესტას ეკონომიკაა, სადაც მრავალი ეკონომიკური აქტივობა არასაბაზრო ინსტიტუტებში ხორციელდება. სწორედ დესტას სოფლის შემთხვევაში ადგილობრივი საქონლის წარმოებაზე ფასების წარმოქმნის მიხედვით დაასკვნეს ეკონომიკის სტატისტიკოსებმა, რომ დესტას ოჯახური მეურნეობის შემოსავალი ადგილობრივ ბუნებრივი რესურსებით შექმნილი საქონლის ღირებულების ტოლია, როგორც ეს დესტას სამყაროს აღწერისას აღვნიშნე.

მსოფლიოში ცხოვრების ხარჯებს შორის სხვაობების გათვალისწინებით, დღეს შემოსავალი ერთ ადამიანზე წელიწადში საშუალოდ 8000 დოლარია. თუმცა, წარსულში ადამიანები უკიდურესად ღარიბები იყვნენ. ეკონომიკოს-სტატისტიკოსმა ანგუს მედისონმა (Angus Maddison) არსებული მტკიცებულებათა ფრაგმენტების საფუძვლეზე გამოითვალა, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში მსოფლიოში ერთ სულზე შემოსავალი დაახლოებით 515 დოლარი იყო თანამედროვე ფასების მიხედვით. თუ მედისონის გამოთვლა დაახლოებით მაინც სწორია, ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო ადამიანი 2000 წლის წინ დღეში დაახლოებით ერთ დოლარად ცხოვრობდა, რაც მსოფლიოს ბანკის შეფასების მიხედვით უკიდურესი გაჭირვების ზღვარს მიღმაა. მედისონმა ისიც აღნიშნა, რომ 2000 წლის წინ, შემოსავალი თანაბრად ნაწილდებოდა: თითქმის ყველა, ყველგან ძალიან გაჭირვებული იყო. მის მიერ წარმოდგენილი ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში საშუალო შემოსავალი და შემოსავლის რეგიონული გადანაწილება ერთ სულზე თითქმის ერთნაირი იყო ჩვენი წელთაღრიცხვით 1000 წელს და 1000 წლით ადრე. როგორც ჩანს, რეგიონული უთანასწორობა შესამჩნევი გახდა მე-19 საუკუნის დასაწყისში: შემოსავალი ერთ სულზე დასავლეთ ევროპაში 3-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე აფრიკაში. თუმცა, ამ დროს, მსოფლიო შემოსავალი ერთ სულზე კვლავ 755 დოლარი იყო დღევანდელი ფასებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 1800 წლის განავლობაში შემოსავალი 50%25-ზე ნაკლებით გაიზარდა, რაც წლიური ზრდის ტემპის 0,02%25-ზე ნაკლებია. ეს მაჩვენებელი ძალზე მცირეა დღევანდელი სტანდარტების მიხედვით: უკანასკნელ ოთხ დეკადაში ერთ სულზე შემოსავლის წლიური ზრდა დაახლოებით 2%25-ს უდრიდა (ამის დასამახსოვრებლად შემდეგი ფორმულა გამოგადგებათ: თუ რიცხვითი ერთეული - მაგალითად, რეალური მშპ ერთ სულზე - იზრდება (ან მცირდება) გ%25-ის ტოლი წლიური ტემპით, ეს მაჩვენებელი ორმაგდება (ან ნახევრდება) დაახლოებით ყოველ 70/გ წელიწადში. მაგალითად, მშპ ერთ სულზე გაორმაგდება ყოველ 35 წელიწადში, თუკი წლიური ზრდის ტემპი 2%25-ია, ხოლო განახევრდება ყოველ 140 წელიწადში, თუკი წლიური კლების ტემპი 0,5%25-ია).

შემოსავლის არსებითი სხვაობა რეგიონებს შორის დაახლოებით 200 წლის წინ გაჩნდა. საშუალო შემოსავლის შეფარდება შეერთებულ შტატებსა და აფრიკას შორის მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე 3-დან 20-მდე გაიზარდა - დაახლოებით 38 000 დოლარი წელიწადში 1,850 დოლართან შედარებით. რეალური მშპ ერთ სულზე შეერთებულ შტატებში 200 წლის განმავლობაში 30-ჯერ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიური შემოსავლის საშუალო ზრდის ტემპი ერთ სულზე დაახლოებით 1,7%25-ს შეადგენს. სამწუხაროდ, შემოსავალი ერთ სულზე ეთიოპიაში თითქმის იგივეა, რაც 200 წლის წინ იყო (დაახლოებით 700 დოლარი წელიწადში). სწორედ ამით აიხსნება ოჯახის წევრზე შემოსავლების სხვაობა ბეკისა და დესტას ოჯახებში.

თუ დღეს ქვეყნებს ერთ სულზე მშპ-ის გათვალისწინებით დავალაგებთ, აღმოვაჩენთ ორ დაჯგუფებას: ღარიბს (დესტას სამყარო) და მდიდარს (ბეკის სამყარო). არსებობს საშუალო შემოსავლის მქონე ერებიც, რომლებიც ნაწილდებიან ამ ორ უკიდურესობას შორის (მაგალითად, ჩინეთი, ბრაზილია, ვენესუელა და არგენტინა), თუმცა, ქვეყნების დიდი ჯგუფი (საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ნაწილი, ინდოეთის ნახევარკუნძული, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მელანეზია და ცენტრალური ამერიკა), სადაც მთლიანი მოსახლეობა 2,3 მილიონია, წელიწადში საშუალოდ ერთ სულზე 2,100 დოლარს აწარმოებს, ხოლო ქვეყნების მეორე მცირე ჯგუფში (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია და იაპონია), სადაც მთლიანი მოსახლეობა მილიარდზე ოდნავ ნაკლებია, საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 30,000 დოლარია (იხ. ცხრილი 1). ამ მონაცემების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო პოლარიზირებულია. მეტიც, თუ არ გავითვალისწინებთ ინდოეთის შემთხვევას, მცირე ნიშანიც კი არ გვაქვს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ღარიბი მსოფლიოს ნაწილი მდიდარი მსოფლიოს ნაწილს დაეწევა. უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში, რეალური მშპ ერთ სულზე მდიდარ ქვეყნებში წელიწადში საშუალოდ 2,4%25-ით, ხოლო ღარიბ ქვეყნებში მხოლოდ 1,8%25-ით გაიზარდა (იხ. ცხრილი 1). მეტიც, მსოფლიოს ღარიბ ნაწილში, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში ერთ სულზე რეალური მშპ-ს მცირეოდენი კლებაც კი შეინიშნებოდა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში.

ღარიბ ქვეყნებთან შედარებით, სოფლის მეურნეობის წილი მდიდარი ქვეყნების ეროვნულ შემოსავალში საკმაოდ მცირეა. სოფლის მეურნეობის წილი ღარიბი ქვეყნების მშპ-ში დაახლოებით 25%25-ია, ხოლო მდიდარ ქვეყნებში 5%25-ზე ნაკლები. მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის 10%25-ზე ნაკლები ცხოვრობს სოფელში, მაშინ, როცა ღარიბ ქვეყნებში სოფლის მაცხოვრებელი დაახლოებით 70%25-ია (ცხრილი 1); ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას ეკონომიკაში წვლილი ბუნების დახმარებით შეაქვს, მათ „ბიომასაზე დაფუძნებული“ ეკონომიკა აქვთ. ეკოლოგია ძალზე მნიშნველოვანია ღარიბი სამყაროსთვის, რასაც ვერ ვიტყვით მდიდარი სამყაროს შესახებ.

ბოლო დროს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ცდილობს გააფართოოს ცხოვრების დონის გაზომვის საფუძველი. ეს მოხდა რიცხვითი ინდექსის შექმნით, რომელიც აერთიანებს მშპ-ს ერთ სულზე, სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას დაბადებიდან და წერა-კითხვის უნარს. UNDP-მ ამ საზომს ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) უწოდა. ისევ, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, მოცემული ინდექსი დაბალი იყო ღარიბ ქვეყნებში, ხოლო მაღალი მდიდარ ქვეყნებში (იხ. ცხრილი 1).

3.2.2 ბეკისა და დესტას სამყაროთა სხვაობის შესაძლო მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


რატომ არიან ბეკის სამყაროს წარმომადგენლები უფრო მდიდრები, ვიდრე დესტას სამყაროს წარმომადგენლები? არსებობს რამოდენიმე სავარაუდო მიზეზი.

მდიდარ ქვეყნებში ადამიანებს უკეთესი აღჭურვილობა აქვთ სამუშაოდ (ელექტრობურღი უფრო ძლიერია, ვიდრე წერაქვი; ტრაქტორი უკეთესია, ვიდრე გუთანი და თანამედროვე მედიცინა უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული სამკურნალო საშუალებები). ასე რომ, ერთ-ერთი არგუმენტის თანახმად ფიზიკური კაპიტალის (უფრო სწორად, წარმოებული კაპიტალის) აკუმულირებას ბეკის სამყაროში დიდი წვლილი შეაქვს ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებაში. ეს შესაძლოა იყოს ფაქტორი X, რომელიც შესავალში ვახსენეთ, როცა თანამედროვე ეკონომიკური თეორისაა და გამოყენებითი ეკონომიკის თანაარსებობის ილუსტრირება გვსურდა.

ბევრი აღნიშნავს, რომ მდიდარი ქვეყნების წარმომადგენლებს უკეთესი განათლება აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მრავალი გამოგონების შექმნა საქონლის საწარმოებლად, რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის, რომელთა უმეტესობა გაუნათლებელია. განათლების ინდექსი არის წერა-კითხვის მცოდნე ზრდასრულთა (15 წელზე უფროსი მოსახლეობის) რაოდენობა, რაც მდიდარ სამყაროში დაახლოებით 95%25, ხოლო ღარიბი სამყაროში - 58%25-ია (იხ. ცხრილი 1). გენდერული უთანასწორობა გაცილებით მაღალია ღარიბ ქვეყნებში მდიდარ ქვეყნებთან შედარებით. წერა-კითხვის მცოდნე ზრდასრული ქალების წილი ღარიბ ქვეყნებში 48%25-ია, ხოლო მდიდარ ქვეყნებში წერა-კითხვის მცოდნე ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა თითქმის ტოლია, კერძოდ, 95%25-ზე მეტი (ცხრილი 1).

ცხრილი 1: მდიდარი და ღარიბი ერები

მდიდარი ერები

ღარიბი ერები

მოსახლეობა (მილიარდებში)

1

2,3

მშპ ერთ სულზე

30 000 $

2 100 $

ადამიანის განვითარების ინდექსი

მაღალი

დაბალი

მოსახლეობის წლიური ზრდის ტემპი (%25): 1966-2004

0,8

2,4

ერთ სულზე მშპ-ს წლიური ზრდა (%25):1966-2004

2,4

1,8

შობადობის საერთო მაჩვენებელი

1,8

3,7

წერა-კითხვის მცოდნე ზრდასრულები (%25)

>95

58

(წერა-კითხვის მცოდნე ქალები (%25)

(>95)

(48

მთავრობაში კორუფციის ინდექსი

დაბალი

მაღალი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას (წლები)

78

58

სიკვდილიანობა 5 წლამდე (1000 სულზე)

7

120

სოფლის მოსახლეობა (მთლიანი მოსახლეობის %25)

10

70

წყარო: მსოფლიო განვითარების იდნიკატორები (მსოფლიო ბანკი, 2005)

განათლების გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანმრთელობა. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას მდიდარ ქვეყნებში ამჟამად 78, ხოლო ღარიბ ქვეყნებში - 58 წელიწადია. ღარიბ სამყაროში ყოველწლიურად 1000 ბავშვიდან 5 წლის ასაკამდე 120 ბავშვი ვერ აღწევს; შესაბამისი მაჩვენებლი მდიდარ ქვეყნებში 7 ბავშვია (ცხრილი 1).

აღსანიშნავია, რომ სუფთა წყალმა და ჰიგიენური ნორმების დაცვამ მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადებათა სიხშირე მდიდარ ქვეყნებში. ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი შიმშილობს, ხოლო მდიდარ ქვეყნებში ეს რაოდენობა უმნიშვნელოა. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულფასოვანი კვება და ინფექციებისადმი მოწყვლადობა ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი ერთ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ არასრულფასოვანი კვება ადრეულ ბავშვობაში გავლენას ახდენს კოგნიტური უნარების განვითარებაზე. შესაბამისად, საშუალო ადამიანს მდიდარ ქვეყანაში უკეთ და უფრო ხანგრძლივად შეუძლია მუშაობა, ვიდრე ღარიბი ქვეყნის წარმომადგენელს. განათლებასა და ჯანმრთელობას ერთად ადამიანური კაპიტალი ეწოდება. ეკონომისტების თეოდორ შულტცისა (Theodore Schultz) და ჰარი ბეკერის (Gary Becker) ნაშრომები თვალსაჩინოს ხდის, რომ ადამიანური კაპიტალის აკუმულირება მნიშვნელოვანი ფაქტორია ბეკის სამყაროში ცხოვრების მაღალი დონის უზრუნველყოფაში. ეს შესაძლებელია იყოს ფაქტორი Y, რომელიც შესავალში მოვიხსენიე.

მრავალი ეკონომისტის აზრით, ეკონომიკური პროგრესის მთავარი ფაქტორი ახალი იდეების შექმნაა. მათი თქმით, მდიდარი ქვეყნების წარმომადგენლები გამდიდრდნენ იმიტომ, რომ ისინი წარმატებით ქმნიდნენ ახალ იდეებს, არა მხოლოდ ახალი პროდუქტების (ბეჭდური პრესა, ორთქლმავალი, ელექტროენერგია, ქიმიური პროდუქტები, ელექტრონული კომპიუტერი) საწარმოებლად, არამედ ძველი პროდუქტების წარმოების იაფი გზების (ტრანსპორტირება, სამთო მრეწველობა) მოსაძიებლადაც. რა თქმა უნდა, განათლება და მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები ერთად ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. მხოლოდ დაწყებითი და საშუალო განათლება არ არის საკმარისი თანამედროვე საზოგადოების პროგრესისათვის. თუ ქვეყანში დაბალია უმაღლესი განათლება, მისი მოსახლეობა ვერ შეძლებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობას. ასევე შეუძლებელი იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევები მოწინავე განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე. იდეები შესაძლოა განვიხილოთ შესავალში ნახსენებ Z ფაქტორად.

ამას უკავშირდება საკითხი, რომელიც მოსალოდნელზე სადაო აღმოჩნდა: მოსახლეობის ზრდა. ინტუიტიურადაც კი შეგვიძლია დავუშვათ, რომ თუკი მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება, კაპიტალური აქტივების ზრდის ტემპი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ შევძლოთ ცხოვრების მაღალი დონის შენარჩუნება. თუ ორ ქვეყანაში ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის აკუმულირების ერთნაირი სურვილია და მოსახლეობის ზრდა არ ამცირებს ამ კაპიტალის აკუმულირების ხარჯებს, მაშინ იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ზრდის ტემპი უფრო დაბალია, გრძელვადიან პერიოდში ცხოვრების უფრო მაღალ დონე იქნება. 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის წლიური ზრდის ტემპი საშუალოდ 2,4%25-ია, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი მდიდარ ქვეყნებში დაახლოებით 0,8%25-ია (ცხრილი 1). ეს ძალზე დიდი სხვაობაა. დემოგრაფიის სტატისტიკოსები თანხმდებიან, რომ სხვა უცვლელი ფაქტორების შემთხვევაში, იმ ქვეყნებში, სადაც უკანასკნელ ათწლეულებში მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა, რეალური მშპ-ს ზრდა ერთ სულზე უმნიშვნელო იყო. მოგვიანებით, განვიხილავთ, რომ მოსახლეობის ზრდას ღარიბ ქვეყნებში ადგილობრივ ეკოლოგიაზე არასახარბიელო ზემოქმედება მოჰყვა შედეგად, რამაც, თავის მხრივ, დამატებითი პრობლემები შეუქმნა სოფლის მოსახლეობას.

ქვეყნის მოსახლეობის ზრდაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ წმინდა კვლავწარმოების, არამედ წმინდა მიგრაციული და ასაკობრივი გადანაწილების ფაქტორებიც. წმინდა კვლავწარმოების გამოცალკევებისათვის აღიარებულია, შობადობის ტემპის (უფრო ზუსტად, შობადობის საერთო კოეფიციენტის - შსკ) გამოთვლა. ეს არის ქალის სიცოცხლის განმავლობაში მის მიერ ცოცხლადგაჩენილთა მოსალოდნელი რაოდენობა. დავუშვათ, მშობლებს სურთ ჰყავდეთ შვილების გარკვეული რაოდენობა. ამ შემთხვევაში, შობადობის ტემპი უნდა შემცირდეს, თუკი შემცირდება 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა. დემოგრაფები ვერ იგებენ, რატომ არის შობადობის ტემპი ღარიბ ქვეყნებში მოსალოდნელზე დაბალი. შობადობის ტემპის პირველი ცნობილი დაცემა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში (განსაკუთრებით, ინგლისსა და საფრანგეთში) მე-17 საუკუნეში მოხდა, როდესაც მაჩვენებელი 7-დან 4-მდე შემცირდა. თანამედროვე მდიდარ სამყაროში შობადობის ტემპი 1,8-ია (ანუ 2,1-ზე - იმ მაჩვენებელზე ნაკლები, როდესაც მოსახლეობის სტაბილიზაცია ხდება გრძელვადიან პერიოდში), ხოლო ღარიბ ქვეყნებში - 3,7-ს უტოლდება (ცხრილი 1). მიუხედავად ბავშვთა სიკვდილიანობის შესამჩნევი შემცირებისა, შსკ საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში დღესაც 6-დან 8-მდე მერყეობს. ისმის კითხვა, არსებობს თუ არა ძალა ამ კონტინენტზე შობადობის მაღალი დონის შესანარჩუნებლად? ჩნდება მეორე კითხვაც, მოსახლეობის ზრდა უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა თუ არა? ამ საკითხებს აქ არ განვიხილავთ, თუმცა შევეხებით შობადობის მაღალი ტემპის გავლენას ქალთა მდგომარეობაზე.

საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ხანგრძლივი ძუძუთი კვება ორსულობის კონტროლის ტრადიციული პრაქტიკაა. კალაჰარის უდაბნოში მცხოვრები კუნგ-სანის მომთაბარეთა ტომებში, ბავშვები, როგორც წესი, ოთხ წლამდე იკვებებიან ძუძუთი. თუ ასეთ გამონაკლისებს არ გავითვალისწინებთ, აფრიკაში წარმატებული რეპროდუქცია მოიცავს ორსულობისა და ძუძუთი კვების ორ წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში, სადაც ქალთა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებიდან 45 წელზე მეტია, ხოლო შობადობის ტემპი 8, ისინი თავისი ნაყოფიერი ცხოვრების ნახევარზე მეტს (ვთქვათ, 15-დან 45 წლამდე) ორსულობასა და ბავშვის მოვლაში ატარებენ; მითუმეტეს, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ წარუმატებელ ორსულობებს. ასეთ ვითარებაში, დესტას დედის მსგავსად, ქალებს არ შეუძლიათ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის გარდა სხვა სამსახურის მოძებნა.

არც ერთ ეკონომისტს არ უთქვამს, რომ არსებობს ეკონომიკური ზრდის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა. ყველა, როგორც ჩანს, ეთანხმება მოსაზრებას, რომ წარმოებული კაპიტალისა და ადამიანური კაპიტალის აკუმულირება და ახალი მეცნიერული და ტექნოლოგიური იდეების შექმნა დადებითად მოქმედებს როგორც ურთიერთზე, ისე ეკონომიკურ ზრდაზე. თანამედროვე სამყაროში, სხვა თანაბარ პირობებში, წარმოებული კაპიტალური საქონლის აკუმულირება ზრდის რეალურ მშპ-ს. ეს საშუალებას აძლევს საზოგადოებას შემოსავლის მეტი ნაწილი მოახმაროს განათლებასა და ჯანმრთელობას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს როგორც შობადობის, ისე ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას. განათლება, სხვა თანაბარ პირობებში, ზრდის მშპ-ს, მაშინ, როცა შობადობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, როგორც წესი, ამცირებს მოსახლეობის რაოდენობას; ეს ყველაფერი ერთად აღებული საშუალებას აძლევს საზოგადოებას მეტი შემოსავალი მოახმაროს ახალი იდეების შექმნას. ეს უკანასკნელი ზრდის წარმოებული კაპიტალის პროდუქტიულობას, რაც, თავის მხრივ, იწვევს კიდევ უფრო მეტი წარმოებული კაპიტალის აკუმულირებას - ასეთია კეთილდღეობის უნაკლო ციკლი. ამ მოვლენის მეორე მხარე სიღარიბის მანკიერი ციკლია. პოლარიზაცია, რომელიც მდიდარ და ღარიბ სამყაროებს მიჯნავს ამ ორი ციკლის გამოვლინებაა. ეკონომისტები ტერმინებს უნაკლო და მანკიერი ციკლი, აღნიშნული პოლარიზაციის დასახასიათებლად იყენებენ (ზოგიერთი მანკიერ ციკლს სიღარიბის მახედაც მოიხსენიებს); რაც შეეხება მათემატიკოსებს, ისინი ამბობენ, რომ ღარიბი და მდიდარი სამყაროები მიზიდულობის ორი განსხვავებული პოლუსია.

შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის შეფარდებითი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები განსხვავებული იქნება გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიული პერიოდების მიხედვით. თუმცა, 50 წლის წინ რობერტ სოლოუმ (Robert Solow) გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ვიკვლიოთ ეს საკითხი ეკონომიკის რეალურ მშპ-ის აღრიცხული ცვლილებების ანალიზითა და გაზომვად წყაროებად დანაწევრებით. ქვეყანათაშორისი სტატისტიკის შესახებ შესავალში აღწერილი ემპირიული სავარჯიშოსაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მთავარია X, Y, Z ცვლადების ცვლილების გაზომვა კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ პერიოდში და ამ ცვლილებათა შეფარდებითი მნიშვნელობის შეფასება იმავე პერიოდში რეალური მშპ-ს ზრდის თვალსაზრისით. დავუშვათ, დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის რეალური მშპ გაიზარდა. სოლოუმ და შემდგომ სხვა ავტორებმა გვიჩვენეს როგორ დავუკავშიროთ ეს ზრდა სამუშაო ძალის გაზრდილ მონაწილეობას (მოსახლეობის ზრდა, ქალთა ანაზღაურებადი დასაქმების ზრდა), ადამიანების უნარებისა და წარმოებული კაპიტალის აკუმულირებას, მანქანა-დანადგარების ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ წარმოების მოცემული ფაქტორების წვლილის გათვალისწინებით, ჯამი არ ასახავს (ნაკლებია) რეალური მშპ-ს ზრდას. ჩვენ უფლება გვაქვს ეს დეფიციტი მოცემული ეკონომიკის კაპიტალში არსებული აქტივების მთლიანი მწარმოებლობის ზრდად განვიხილოთ; ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა შესაძლებელია მეტის გამოშვება, ვიდრე ადრე, წარმოების ისეთი ფაქტორები უცვლელი რაოდენობის შემთხვევაში, როგორიცაა მანქანა-დანადგარები და უნარები. ეს იმის ფორმალური აღიარებაა, რომ მოხდა საქონლის წარმოების ეფექტიანობის ზოგადი ზრდა. ეკონომისტები ასეთ ზრდას წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის ზრდას უწოდებენ.

როგორ ხდება ეს უკანასკნელი ზრდა? ის ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები იძენენ და შემდგომ იყენებენ ცოდნას ან როდესაც უკეთ იყენებენ იმას, რაც უკვე იციან. ამ და სხვა მიზეზების გამო ეკონომისტები წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის ზრდას ტექნიკურ პროგრესსაც უწოდებენ. თუმცა, ეკონომიკაში არსებობს სხვა ცვლილებებიც, რომლებიც გავლენას ახდენს წარმოების ფაქტორთა ერთობლივ მწარმოებლობაზე, როგორიცაა მაგალითად, საწარმოს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება. წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის ზრდა შესაძლოა მოუქნელი ინსტრუმენტია, თუმცა ის საკმაოდ კარგად ხსნის რეალური მშპ-ს ზრდას. ეკონომიკურ ლიტერატურაში ეს ტერმინი უმიზეზოდ არ შექმნილა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის ზრდა მდიდარ ქვეყნებში თვალშისაცემია. შეფასების მიხედვით, 1970-2000 წლებში წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის საშუალო წლიური ზრდის ტემპი გაერთიანებულ სამეფოში 0,7%25-ი იყო. ეკონომისტებმა გამოითვალეს, რომ იმავე პერიოდში წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობა უმნიშვნელოდ შემცირდა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.

რას გვეუბნება ეს ციფრები? ავიღოთ გაერთიანებული სამეფოს მაგალითი. ქვეყნის რეალური მშპ-ს საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2,4%25-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზრდის 29%25 (ანუ 0,7/2,4) წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის ზრდას შეგვიძლია მივაწეროთ. 2,4%25-იანი ზრდის ტემპის პირობებში, 2000 წელს რეალური მშპ ორჯერ მეტი იყო ვიდრე 1970 წლის მაჩვენებელზე. ამ ზრდის დაახლოებით ერთი მესამედი, წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის ზრდას მიეწერება. ამის საპირისპიროდ, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ეკონომიკა, სადაც წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობამ იმავე პერიოდში იკლო, არაეფექტურად იყენებდა წარმოების ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიცაა მანქანა-დანადგარები, უნარები და სამუშაო საათები. რთულად დასაჯერებელია, რომ ადამიანები ამ ქვეყნებში სისტემატურად ივიწყებენ ტექნიკურ ცოდნას, რომელიც მათ წარსულში ჰქონდათ. შესაბამისად, წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობის დაცემა გამოწვეული უნდა იყოს ადგილობრივი ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლით, რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო ომებისა და არასახარბიელო მმართველობის შედეგია.

ასეთი სტატისტიკა მრავალ შეკითხვას ბადებს. დღევანდელი ღარიბი ქვეყნების უმრავლესობა ტროპიკებში მდებარეობს, ხოლო მდიდარი ქვეყნები უმეტესწილად ზომიერი ჰავის ზონაში არიან. უდავოა, ტროპიკები მრავალი დაავადების გაჩენას უწყობს ხელს, თუმცა ისინი იმავდროულად ბუნებრივი რესურსების (ხე-ტყე, მინერალები; კარგი გარემო სუნელების, ყავისა და ჩაის საწარმოებლად) მდიდარი წყაროც არის. უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, დღევანდელი მდიდარი ქვეყნები ამ რესურსებისა და პროდუქტების იმპორტირებას აწარმოებდნენ საკუთარი ფაბრიკა-ქარხნების მოსამარაგებლად და გემრიელი კერძების მოსამზადებლად. მოხდა მანქანა-დანადგარების, ადამიანური კაპიტალის აკუმულირება და ასევე სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის შექმნა. მათ მსგავსად რატომ არ გამოიყენა ღარიბმა სამყარომ საკუთარი რესურსები გასამდიდრებლად?

კოლონიზაცია ერთ-ერთი შესაძლო პასუხია. ისტორიკოსებმა გვიჩვენეს, რომ მე-16 საუკუნიდან, ევროპულმა ძალებმა გამოიყენეს კოლონიების ბუნებრივი რესურსები, მათ შორის იაფი მუშახელი (მონები), თუმცა, ძირითადი დოვლათის ინვესტირება თავიანთ მიწაზე მოახდინეს. რა თქმა უნდა, შესაძლოა ვიკითხოთ, როგორ მოახერხეს ევროპელებმა ტროპიკების კოლონიზაცია? რატომ არ მოხდა პირიქით? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯარედ დაიმონდმა შემოგვთავაზა შესაძლო პასუხი. მრავალი ცნობილი ყოფილი-კოლონია უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკურად დამოუკიდებელია. ამ დროის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულზე მდიდარ ქვეყნებში იზრდებოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ყოფილი კოლონიების უმეტესობა ღარიბი დარჩა ან უფრო მეტად გაღარიბდა. რატომ მოხდა ასე?

3.2.3 ინსტიტუტები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკოსი ისტორიკოსები, როგორიცაა მაგალითად, რობერტ ფოგელი (Robert Fogel), დევიდ ლანდესი (David Landes) და დუგლას ნორზი (Douglass North), ამტკიცებენ, რომ მდიდარი ქვეყნები დღესაც მდიდრები იმიტომ არიან, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ შექმნეს ისეთი ინსტიტუტები, რომლებმაც ადამიანებს ცხოვრების მატერიალური პირობების გაუმჯობესების საშუალება მისცეს. ეს სიღრმისეული განმარტებაა. ამ განმარტების მიხედვით, მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა მოწინავე ტექნოლოგიებით მუშაობს, უფრო ჯანმრთელია, დიდხანს ცხოვრობს, უფრო განათლებულია და უფრო ბევრ პროდუქტიულ იდეას ქმნის, რადგან მათ საზოგადოებაში არსებული ინსტიტუტები საშუალებას აძლევს და წაახალისებს კიდეც, ეკონომიკის მასშტაბით წარმოების ისეთი ფაქტორების აკუმულირებას, როგორიცაა მანქანების წარმოება, ტრასპორტი, ჯანმრთელობა, უნარები, იდეები და ამ იდეათა ნაყოფი. წარმოების კაპიტალური აქტივების აკუმულირება სიმდიდრის უშუალო მიზეზია, რეალური მიზეზი პროგრესული ინსტიტუტების არსებობაა.

ამ საკითხს შესაძლოა უფრო ჩავუღრმავდეთ და ვიკითხოთ - როგორ და რატომ შეძლეს მდიდარი ქვეყნების წარსულში მცხოვრებმა ადამიანებმა ინსტიტუტების ისე მოწყობა, რომ დღეს ეს ქვეყნები მდიდრები არიან? ჩნდება კიდევ ერთი კითხვაც, ამ ყველაფერს უნდა ვუმადლოდეთ ინსტიტუტებს თუ ამ ქვეყნების ხელმძღვანელთა გონივრულ პოლიტიკას. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკა თავისით არ ჩნდება, ის ინსტიტუტების ფარგლებში მიზანმიმართული კონსულტაციებისა და მსჯელობის შედეგია. აგრეთვე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კეთილდღეობაზე მიმართული პოლიტიკა შედეგის მომტანი იქნება, თუკი ინსტიტუტებს არ ექნებათ საკმარისი რესურსი მოცემული პოლიტიკის განსახორციელებლად.

ამ დილემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ღარიბი ქვეყნებისთვის. რა სახის ინსტიტუტები უნდა გადმოიღოს და როგორი პოლიტიკა უნდა განახორციელოს მათმა მთავრობამ? ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებას (ფოლადის ქარხნები, ნავთობქიმიური ქარხნები, მიწის რეფორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, უფასო განათლება) აზრი არ აქვს, თუკი ქვეყნის ინსტიტუტებს არ აქვთ შესაბამისი კონტროლისა და დაბალანსების ინსტრუმენტები კორუფციისა და ფლანგვის შესამცირებლად. ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ადრე დასმულ შეკითხვას: როგორ მოხდა მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინსტიტუტების შექმნა და აყვავება? მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს მრავალი ისტორიკოსი ეკონომიკის სფეროდან, საკითხი კვლავ ბუნდოვანია. შემდეგ თავში ვნახავთ, რატომ არის ასე რთული დამაკმაყოფილებელი პასუხის მოძებნა. სირთულეების გათვალისწინებით, მართებული იქნება თუ საკითხს ინსტიტუტების არსებობის ფაქტორით ავხსნით, რაც დაგვეხმარება გავიგოთ ბეკისა და დესტას სამყაროში ცხოვრების დონეებს შორის განსხვავება.

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, ინსტიტუტი განმარტებულია, როგორც „დადგენილი კანონი, წეს-ჩვეულება, ადათ-ჩვევა, ორგანიზაცია ან ადამიანთა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების სხვა ელემენტი“. ჩვენ ამ განმარტებას გავითვალისწინებთ, თუმცა ყურადღებას გავამახვილებთ ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური ცხოვრების კონტექსტში. ინსტიტუტებში ვგულისხმობ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც კოლექტიურ ვალდებულებებს არეგულირებს. ამ სისტემაში არა მხოლოდ იურიდიული ორგანიზაციებია, როგორიცაა, მაგალითად, ფირმა, სადაც ბეკის მამა მუშაობს, არამედ ადამიანთა არაფორმალური ჯგუფებიც (იდდირ), რომელსაც დესტას მამა მიეკუთვნება. ეს სისტემა მოიცავს ბაზრებს, სადაც ბეკის ოჯახი ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას და სასოფლო თემის ქსელს, რომელსაც დესტას ოჯახი მიეკუთვნება; პარტნიორულ ოჯახს ბეკის სამყაროში და ნაცნობთა და, შესაბამისად, ვალდებულებათა ფართო სისტემას დესტას სამყაროში. ორივე სამყარო მოიცავს ისეთ ყოვლისმომცვლელ ერთეულს, რომელსაც მთავრობა ეწოდება.

ინსტიტუტები ნაწილობრივ კანონებითა და კოლექტიური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ხელისუფლების სტრუქტურით განისაზღვრება, ნაწილობრივ კი, საგარეო ურთიერთობებით. წესები, რომლებიც ქარხანაში გამოიყენება (ვინ რა დავალებას ასრულებს, ვინ ვისი უფროსია და ა.შ.), მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მოცემული ფირმის წევრებისთვის, არამედ სხვებისთვისაც. მაგალითად, მდიდარ ქვეყნებში არსებობს კანონები, რომლებიც ქარხანაში სამუშაო პირობებს ეხება. მეტიც, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების თანახმად, ფირმებს თავიანთ საქმიანობაში გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ. ნებისმიერ საზოგადოებაში უამრავი წესი და კანონი მოქმედებს, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხება. ზოგიერთი წესი, უკვე არსებული წესის შედეგია, ზოგიერთს კანონიერი ძალა აქვს, ხოლო ზოგი უბრალოდ იგულისხმება.

ინსტიტუტის ეფექტურობა დამოკიდებულია წესდებაზე, რომელიც მას არეგულირებს და იმაზე, იცავენ თუ არა წევრები ამ წესდებას. ქცევის კოდექსი ყველა ქვეყნის სამოქალაქო სამსახურში მოიცავს პატიოსნების პუნქტს, თუმცა რეალურ საქმიანობაში ყველა მთავრობა განსხვავებულად უდგება ამ საკითხს. სოციოლოგებმა განსაზღვრეს კორუფციის ინდექსი სახელმწიფო მოხელეების საქმიანობაში. ერთ-ერთი ასეთი ინდექსი ეფუძნება კერძო ფირმების წევრების გამოცდილებიდან გამომდინარე ხედვას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის ქრთამი უნდა მისცეს ბიზნესმენმა სახელმწიფო მოხელეს ბიზნესის ხელშეუხებლობისთვის. ინდექსი (იხ. ცხრილი 1) სკალით 1-დან (კორუფციის მაღალი დონე) 10-მდე (კორუფცია არ არსებობს), 3,5-ზე ნაკლებია ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში (აფრიკული ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე ცუდი მაჩვენებლებით გამოირჩევა) და 7-ზე მაღალია მდიდარ ქვეყნებში (საუკეთესო შედეგები სკანდინავიურ ქვეყნებში ფიქსირდება). ბევრი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო მოხელეების მოქრთამვა ეროვნულ შემოსავალს ზრდის, რადგან ეს ეკონომიკურ ტრანსაქციებს უწყობს ხელს. ეს მართლაც ასეა კორუფციულ სამყაროში: თუ არ იხდი, ვერ აწარმოებ ბიზნესს. თუმცა, კორუფცია გარდაუვალი ბოროტება არ არის. არსებობს რამოდენიმე ღარიბი ქვეყანა, სადაც კორუფციის დაბალი დონეა. მოქრთამვა ზრდის წარმოების ხარჯებს, შესაბამისად, მცირე რაოდენობა იწარმოება. მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან საქონელში გაცილებით მეტ ფასს იხდიან.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობაში არსებული კორუფცია უკავშირდება კანონის უზენაესობის არ აღიარებას (შეფერხებას). იმის თქმა მსურს, რომ მოცემული შეფერხება მოქრთამვის ლეგალიზაციას უწყობს ხელს. ღარიბ ქვეყნებში ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად 415 დღეა საჭირო, ხოლო მდიდარ სამყაროში - 280 დღე. შესაძლოა კორუფცია არაეფექტური მთავრობის ბრალიც იყოს. ღარიბ ქვეყანაში ბიზნესის დასარეგისტრირებლად 66 დღეა საჭირო, ხოლო მდიდარ ქვეყანაში - 27. ღარიბ სამყაროში საკუთრების დასარეგისტრირებლად საშუალოდ 100 დღეა საჭირო, ხოლო მდიდარში - 50 დღე. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, სახელმწიფო მოხელეები ღარიბ ქვეყნებში გამიზნულად ქმნიან გრძელ რიგებს (ეს მთავრობის არაეფექტურობაა) იმისთვის, რომ განმცხადებელმა რიგში დგომის სანაცვლოდ ქრთამი მისცეს (ეს კი კორუფციაა).

როგორ აისახება მთავრობაში არსებული კორუფცია, არაეფექტურობისა და კანონისადმი გულგრილობა მაკროეკონომიკურ სტატისტიკაში, რომელსაც შევისწავლით? ისინი თავის კვალს ტოვებს წარმოების ფაქტორთა ერთობლივ მწარმოებლობაზე. სხვა თანაბარ პირობებში, ქვეყანაში, რომელსაც კორუფციული და არაეფექტური მთავრობა ჰყავს, სადაც პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას, წარმოების ფაქტორთა ერთობლივი მწარმოებლობა უფრო დაბალია, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომლის მთავრობას ნაკლები მანკიერებები აქვს. ზოგიერთი მეცნიერი ამ არამატერიალურ, თუმცა, თვლად ფაქტორებს სოციალურ ინფრასტრუქტურას, ხოლო ზოგი სოციალურ კაპიტალს უწოდებს.

ინსტიტუტები ყოვლისმომცველი ობიექტებია. ადამიანები ერთმანეთთან ინსტიტუტებში ურთიერთქმედებენ. უფრო ზოგადი ცნება ადამიანთა ჩართულობაა. ჩართულობის შესაძლებლობა ეკონომიკური ცხოვრების ფუნდამენტურ პრობლემას უკავშირდება, რომელსაც შემდგომ შევისწავლით.

3.2.4 საზოგადოებები და ბაზრები

▲ზევით დაბრუნება


როგორ იწყებენ ადამიანები ურთიერთობას? დესტას სოფელში პასუხი მარტივია: უმეტესწილად ისინი ერთმანეთს დაბადებიდანვე იცნობენ. გრძელვადიან ურთიერთობებში ადამიანები სოციალურ ნორმებზე - თემებზე - დაყრდნობით მონაწილეობენ. მოკლედ თუ ვიტყვით, ისინი არაპირდაპირ მაინც უნდა იცნობდნენ ერთმანეთს იმ ადამიანების საშუალებით, ვისაც პირადად იცნობენ. მაგალითად, დესტას მამა იცნობს იმ თემის (iddir) წევრთა უმეტესობას, რომელსაც ის მიეკუთვნება. ოჯახი იცნობს ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც საერთო აქვს. თემი პერსონალიზებული და ექსკლუზიურია. წევრებს აქვთ სახელები, პიროვნულობა და ატრიბუტები. გარეშე ადამიანის სიტყვას ის ძალა არ აქვს, როგორიც შინაურისას.

აღწერილის საპირისპიროდ ის ტრანზაქციები, რომელთა საფუძველი კანონია, შესაძლებელია დაიდოს ერთმანეთისათვის უცნობ ადამიანთა შორისაც. ბეკის სამყაროში ადამიანები უფრო მობილურები არიან, მათი ქცევის მოდელს განაპირობებს ის ფაქტი, რომ შეუძლიათ საქმე დაიჭირონ იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც არ იცნობენ. ხშირად ბეკი არც კი იცნობს თავის ქალაქში მაღაზიის გამყიდველებს, არც ისინი იცნობენ ბეკის. როცა ბეკის მშობლები სესხს იღებენ ბანკში, თანხას მათთვის უცნობი დეპოზიტორის ანგარიშიდან აძლევენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მილიონობით ტრანსაქცია ხორციელდება იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და არც არასდროს შეხვდებიან. ხშირად გაცვლა მხოლოდ ერთხელ ხდება იმ გაცვლებისგან განსხვავებით, რომლებიც გრძელვადიან ურთიერთობებზეა აგებული. ბაზრები იმ ინსტიტუტების უპირველესი მაგალითია, რომლებიც ადამიანებს ამგვარ შესაძლებლობებს სთავაზობენ. თემებისგან განსხვავებით ბაზარი არაპერსონალიზებული და ინკლუზიურია. ამის დასტურია კარგად ნაცნობი ფრაზა: „ჩემი ფული შენსას არ ჩამოუვარდება“.

3.2.5 ინდივიდუალური მოხმარების საქონელი, საზოგადოებრივი საქონელი და გარე ფაქტორები

▲ზევით დაბრუნება


ინდივიდუალური მოხმარების საქონელში ეკონომისტი გულისხმობს ისეთ საქონელს, რომლის გამოყენება გამორიცხვადია და კონკურენციის საგნად შეიძლება იქცეს. საკვები ინდივიდუალური მოხმარების საქონლის თვალსაჩინო ნიმუშია. თუ ვინმე საკვების მოცემული რაოდენობიდან დამატებით ერთეულს მოიხმარს, მაშინ სხვა ნაკლების მოხმარებას შეძლებს (ამიტომაც არის „კონკურენციის საგანი“) და სანამ რომელიმე ადამიანის საკვებთან დაკავშირებული უფლებები დაცულია, მას შეუძლია არ დაუშვას (გამორიცხოს) სხვების მიერ მისი გამოყენება (ამიტომ არის „გამორიცხვადი“). საქონლის უმეტესობა, რომელსაც მოვიხმართ, როგორც წესი ინდივიდუალური მოხმარებისაა. მოცემულის საპირისპიროდ, საზოგადოებრივი მოხმარების საქონელი ისეთი საქონელია, რომლის მოხმარება არ იწვევს კონკურენციას და არც სხვების გამორიცხვას. ამ შემთხვევაში, კარგი მაგალითია ეროვნული თავდაცვა. თუკი ერს შესაბამისი აღჭურვილობა აქვს თავდასხმისგან დასაცავად, ის არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ იმ ადამიანებსაც დაიცავს, ვინ მომავალში გადაწყვეტს იმ ადგილებში ცხოვრებას (ამიტომ არის „არაკონკურენტული“). ამასთან, შეუძლებელი იქნება, არ დაიცვას ის ადამიანები, (გამორიცხოს თავდაცვისას), ვინც მომავალში დააპირებს ამ მიწაზე ცხოვრებას (ამიტომ არის „არაგამორიცხვადი“). იმავდროულად, არსებობს საზოგადოებრივი „ზარალიც“, რომლის ნათელი მაგალითია ქაღალდის ქარხნის გამონაბოლქვი.

საზოგადოებრივი საქონელი სარკისებურად ასახავს იმ რესურსებს, რომელიც ხელმისაწვდომია. ხელმისაწვდომი რესურსებისაგან განსხვავებით, რომელთა გაუმართლებლად ჭარბი გამოყენება ხდება, ჩაურევლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი საქონლის დეფიციტი (არასაკმარისი მიწოდება) შეიძლება გაჩნდეს. ეკონომისტებმა კნუტ უიკსელმა (Knut Wicksell) და პოლ სამუელსონმა (Paul Samuelson) მიაგნეს საზოგადოებრივი საქონლის არასაკმარისი მიწოდების მიზეზს: ადამიანი ცდილობს სხვის ხარჯზე მიიღოს სარგებელი. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი საქონელი მიწოდებისთანავე გადაიქცევა ხელმისაწვდომ საქონლად. თუმცა, საქონლის მიწოდების ინდივიდუალური სტიმული არ ითვალისწინებს აღნიშნულ სარგებელს. უიკსელი და სამუელსონი ამტკიცებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ კოლექტიური ქმედებით არის შესაძლებელი. ეს ქმედება შეიძლება ორგვარი იყოს: (I) საჯარო მომარაგება; (II) საჯარო წყაროებით სუბსიდირებული კერძო მომარაგება. იმ ტერიტორიაზე, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო საზოგადოებრივი საქონელი შეზღუდულია (ტყეები მიკრო-წყალგამყოფებთან; ადგილობრივი ჩამდინარე წყლების სისტემები), „საზოგადოებრივი“ შესაძლოა ნიშნავდეს თემს ან ადგილობრივ მთავრობას. ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადგილობრივი პოლიტიკის სფეროსთან. დესტას სამყაროში ადგილობრივ საზოგადოებრივ საქონელს, ჩვეულებრივ, თემი აწვდის; ბეკის სამყაროში კი, ეს ადგილობრივი მთავრობის პასუხისმგებლობაა. არც ერთ სამყაროში ბაზარს არ აკისრია წამყვანი როლი. იქ, სადაც საზოგადოებრივი საქონელი შეზღუდულია ეროვნული საზღვრებით (ეროვნული თავდაცვა), კოლექტიური მოქმედება გულისხმობს სახელმწიფო ჩართულობას, ანუ ეროვნულ პოლიტიკას. როდესაც საზოგადოებრივი საქონელი შეუზღუდავია (კლიმატის მართვის გლობალური სისტემა), კოლექტიური მოქმედება შესაძლოა გულისხმობდეს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას, ანუ საერთაშორისო პოლიტიკას.

საზოგადოებრივი საქონლის მომარაგება კერძო ბიზნესის მიერ არის იმ ეფექტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც გარეგანი ფაქტორები ეწოდება. გარეგან ფაქტორებში ვგულისხმობთ გადაწყვეტილებათა შედეგების გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გარკვეულ შემთხვევაში, ეს შედეგები სარგებლის მომტანია (ე.წ. დადებითი გარეგანი ფაქტორები), ზოგჯერ კი, ზიანი მოაქვს (ე.წ. უარყოფითი გარეგანი ფაქტორები). დაწყებითი განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა დადებით გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება. თუკი წიგნიერი გავხდები, ეს ჩემი სარგებელია; თუმცა ასევე სარგებლის მომტანია სხვა განათლებული ადამიანებისთვისაც, რადგან ახლა ისინი ჩემთან ურთიერთობას არავერბალური გზითაც შეძლებენ. სწორედ ასევე, ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ აცრა ჩემი სარგებელია; თუმცა, ჩემი აცრა სხვის სარგებელსაც უკავშირდება, რადგან მე მათთვის ინფექციის გადადების საფრთხეს აღარ წარმოვადგენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ განათლებასა და აცრას საზოგადოებრივი საქონლის სტატუსი მიენიჭა. ნებისმიერი ოჯახი არც ერთისათვის არ გაიმეტებს ინვესტიციებს, რადგან არ გაითვალისწინებს იმ სარგებელს, რომელიც სხვებზეც გავრცელდებოდა.

ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ, საცობები ტრასაზე და გამონაბოლქვით გაჟღენთილი ქალაქის ჰაერი უარყოფით გარეგან ფაქტორს წარმოადგენს. თუ გზატკეცილზე მოძრაობთ მანქანით, სავარაუდოდ, სარგებელი გაქვთ, თუმცა თქვენი წვლილი შეგაქვთ გზის საგზაო საცობის წარმოქმნაში, რითიც ვნებთ სხვებს. ამის მსგავსად, როდესაც თქვენი მანქანა გამოყოფს გამონაბოლქვს, ისინი ვინც დაბინძურებული ჰაერით სუნთქავენ, ზარალდებიან. ყოველი მსგავსი შემთხვევა გულისხმობს სხვის ხარჯზე სარგებლის მიღების პრობლემას, რომელსაც დღეს ხშირად ახსენებენ პოლიტიკური კომენტატორები. მოსაზრება იმის შესახებ, რომ სხვის ხარჯზე სარგებლის მიღება და გარე ფაქტორები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, საკმაოდ ძველია. ეკონომისტი ა. ს. პიგუ (A. C. Pigou) ამ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ 1920-იან წლებში საუბრობდა და გადასახადებისა და სუბსიდიების გამოყენებას იმით ამართლებდა, რომ, შესაბამისად, პირველი შეამცირებდა კერძო ბიზნესთან დაკავშირებულ უარყოფით გარე ფაქტორებს, ხოლო მეორე გაზრდიდა დადებითი გარე ფაქტორებს.

3.2.6 ფული

▲ზევით დაბრუნება


ნატურალურ მეურნეობაში ეკონომისტები გულისხმობენ ისეთ თვითკმარ აგრარულ საოჯახო მეურნეობას, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი თავის რჩენა. დესტას ოჯახი ბოლომდე ასეთი არ არის, თუმცა ახლოსაა მასთან. ბეკის ოჯახი ძალზე განსხვავებულია. მისი მშობლების შემოსავალი გამოიყენება იმ საქონლისა და მომსახურების მისაღებად, რომელსაც ოჯახი მოიხმარს. საჭირო საქონელსა და მომსახურებას ოჯახი ბაზარში ვაჭრობის მეშვეობით ყიდულობს. თუ პუნქტობრივად განვიხილავთ ბეკის ოჯახის ყოველწლიური ტრანსაქციების რაოდენობას, ვნახავთ, რომ მათი უმრავლესობა მოიცავს სასურსათო მაღაზიებში განხორციელებულ მცირე შენაძენებს (მაგალითად, პროდუქტების შეძენა) გადაუდებელი მოხმარებისთვის. ბეკის სამყაროში გადახდა ფულის საშუალებით, კერძოდ, ამერიკული დოლარებით ხდება. ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებსაც „ფული“ ეწოდება, არ გააჩნია არანაირი თვითღირებულება. მაშინ, რატომ იყენებენ მას ადამიანები? რატომ გვჭირდება გადასაცვლელი საშუალება?

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყველა ადამიანი სანდოა, სადაც ნებისმიერი საქმის წარმოება, ადგილისა და დროის მიუხედავად, შესაძლებელია უფასოდ. ასეთ სამყაროში ადამიანები საქმიანობას მხოლოდ მათივე სიტყვის საფუძველზე შეძლებდნენ. არ იარსებებდა ფულის საჭიროება. ჩვენ ასეთ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ფული საჭირო არ იქნებოდა.

ჩვენ ასეთ სამყაროში არ ვცხოვრობთ. იმისთვის, რომ მივხვდეთ, რატომ არის ფული აუცილებელი როგორც გაცვლის საშუალება იმ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: A ადამიანს აქვს ხორბალი, B-ს - ბრინჯი, ხოლო C-ს სიმინდი. დავუშვათ, რომ A-ს სურს ბრინჯი, B-ს სიმინდი, ხოლო და C-ს ხორბალი. საქონლის ორმხრივი გადაცვლა, რომელიც „ბარტერის“ სახელით არის ცნობილი, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან არ მოხდებოდა ის, რასაც ეკონომისტები „მოთხოვნების ორმხრივ დამთხვევას“ უწოდებენ. A-ს უნდა B-ს ბრინჯი, თუმცა ვერ გაუცვლის B-ს ხორბალში, რადგან ამ უკანასკნელს სულაც არ აინტერესებს A-ს ხორბალი და ა.შ. ეს პირობითი მაგალითი ძალზე ზოგად პრობლემას ასახავს. ფული, როგორც გაცვლის საშუალება ეხმარება ადამიანებს ერთმანეთთან აწარმოონ საქმე „მოთხოვნების ორმხრივი დამთხვევის“ გარეშე. ფული ლეგალური საშუალებაა ბეკისა და დესტას სამყაროებში, რადგან ის მათი ქვეყნების მთავრობამ დააკანონა. პოლ სამუელსონმა (Paul Samuelson) ზემოაღნიშნულის მსგავსად, თვალსაჩინო მოდელი შექმნა, რომლითაც გვაჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფულს თავისთავადი ღირებულება არ აქვს, ადამიანები იყენებენ მას, რადგან სურთ შეიძინონ საქონელი და მომსახურება ისე, რომ არ ჰქონდეთ გაცვლისთვის შესაფერისი საქონელი და მომსახურება. შესაბამისად, ფული არა მხოლოდ გაცვლის საშუალება, არამედ დაგროვების საშუალებაც. ბეკის ოჯახი ვერ იარსებებდა მონეტარული ეკონომიკის გარეშე. რაც შეეხება დესტას დამოუკიდებელი მეურნეობის მქონე თვითკმარ ოჯახს, ის გადარჩებოდა. თუმცა, ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ მიზეზ-შედეგობრიობას, როდესაც ის არ არსებობს. თუ ბეკის ოჯახი იცხოვრებდა სამყაროში, სადაც არ იარსებებდა ბაზარი, ისიც დამოუკიდებელ მეურნეობას მიმართავდა. ოჯახს ძალზე გაუჭირდებოდა, თუკი მამამისი შეეცდებოდა ადვოკატობით ერჩინა ცოლ-შვილი. რა თქმა უნდა, დესტას მშობლებსაც სჭირდებათ ფული მათ სოფელში არსებულ რამდენიმე ბაზარში საქონლის შესაძენად. ისინი იღებენ ფულს დესტას დედის მიერ დამზადებული ლიქიორის და მამის მიერ მოყვანილი ტეფის (მარცვლეულის სახეობა) სანაცვლოდ.

მთავრობის მიერ გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები ბეკის სამყაროში ფულის ერთადერთი სახეობა არ არის. ბიზნესთან დაკავშირებული ტრანსაქციებისათვის ხშირად გამოიყენება ჩეკები, რომლებიც ერთი ბანკიდან მეორეში გადადის. მიმდინარე ანგარიშის ბალანსიც ფულია, რადგან გაცვლის საშუალების როლს ასრულებს. კონტრაქტის ხელმოწერისას, მხარეებს აქვთ კონკრეტული წარმოდგენა დოლარის სამომავლო ღირებულებასთან დაკავშირებით, რაშიც იგულისხმება საქონლისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომლის შეძენაც ამ ფულით გახდება შესაძლებელი მომავალში. ეს წარმოდგენა, ნაწილობრივ, მათ ნდობას ემყარება, უფრო ზუსტად კი შეერთებული შტატების მთავრობისადმი ნდობას, რომ ის შეძლებს დოლარის ღირებულების მართვას. რა თქმა უნდა, ამ რწმენას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, მაგრამ მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორი: ფული ღირებულებას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს ასე სჯერათ. სწორედ ასევე, თუკი ადამიანებს შეეშინდებათ, რომ ფულის ღირებულება არ შენარჩუნდება, ასეც მოხდება. ვალუტის ისეთი ინფლაცია, როგორიც 1922-1923 წლებში ვაიმარში, გერმანიაში მოხდა, იმის ილუსტრაციაა, როგორ შეიძლება გამართლდეს ნდობის დაკარგვა - მართლაც დაკარგოს ფულმა ღირებულება. იგივე შეიძლება დაემართოს ბანკებსა და ბირჟებს. მრავალი სახის სოციალურ წონასწორობას თვითდადასტურებული რწმენა უწყობს ხელს. მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ფულის ღირებულების შენარჩუნებაა.

ფულის ტრანსაქციების ანონიმურობის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, ანონიმური ტრანსაქცია ხორციელდება მაშინ, როდესაც ბეკი იძენს კომპაქტ დისკებს ქალაქის მაღაზიაში და იხდის ნაღდ ფულს. ყოველდღიურად მილიონობით ტრანსაქცია ხორციელდება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და არც შეხვდებიან. ბეკის სამყაროში ნდობის პრობლემა მნიშვნელოვანწილად იჭრება ფულისადმი, როგორც გაცვლის საშუალებისადმი ნდობის ჩამოყალიბებით.

კარგი გზატკეცილების, ელექტროენერგიის, ონკანის წყლის არარსებობის გამო ბაზრები ვერ აღწევს დესტას სოფელში. ამის საპირისპიროდ, ბეკის ქალაქი გიგანტური მსოფლიო ეკონიმიკის ნაწილს წარმოადგენს. ბეკის მამას შეუძლია იმუშაოს იურისტად, რადგან ის დარწმუნებულია, რომ შეძლებს შემოსავლის მეშვეობით საკვების შეძენას სუპერმარკეტში, ექნება წყალი ონკანში, სითბო ღუმელებსა და რადიატორებში. სპეციალიზაცია საშუალებას აძლევს ადამიანებს აწარმოონ იმაზე მეტი, ვიდრე ისინი შეძლებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი იძულებულები იქნებოდნენ საქმიანობის დივერსიფიკაცია მოეხდინათ. ადამ სმიტმა აღნიშნა, რომ შრომის დანაწილება ბაზრის მიერ არის შეზღუდული. ადრე, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დესტას ოჯახი არ სპეციალიზდება, მაგრამ აწარმოებს ყოველდღიური მოთხოვნის შესაბამის ნედლეულს. ამის გარდა, მრავალი ტრანსაქცია, რომელშიც ის იღებს მონაწილეობას, ეფუძნება სოციალურ ნორმებს, პერსონალიზებულია და, შესაბამისად, შეზღუდული. ბაზრებსა და საზოგადოებებს, როგორც ეკონომიკური აქტივობის საფუძვლებს შორის დიდი განსხვავება არსებობს, რადგან ასევე დიდი სხვაობაა კანონებსა და სოციალურ ნორმებს შორის.

4 ეკონომიკა, წარმოება და მოხმარება *

▲ზევით დაბრუნება


ჯონ მასიონისი და კენ პლამერი

4.1 ეკონომიკური სისტემების ცვლილება: დიდი ტრანსფორმაციები

▲ზევით დაბრუნება


  • ეკონომიკურ ორგანიზაციაში სამი მთავარი ფრაზა არსებობს. ყველა საზოგადოებას საქმე აქვს სოციალურ წარმოებასთან,

  • განაწილებასთან,

  • საქონლის მოხმარებასთან (როგორიცაა: საკვები, ტანსაცმელი და ბინა) და მომსახურებასთან (როგორიცაა: რელიგიური ლიდერების, ექიმების, პოლიციის თანამშრომლებისა და ტელეფონის ოპერატორების).

ადამიანთა ადრინდელი საზოგადოებების წევრები დამოკიდებულნი იყვნენ ნადირობასა და ბუნებრივი საკვების შეგროვებაზე, რათა მიწის დახმარებით ეარსებათ. ამ საზოგადოებებში, ჩვეულებრივ, ოჯახური ცხოვრების უპირველეს სფეროს საქონლის წარმოება, განაწილება და მოხმარება წარმოადგენდა.

________________

* წინამდებარე ტექსტები ნათარგმია წიგნიდან: „სოციოლოგია: შესავალი კურსი“, მეოთხე გამოცემა, 2008

4.1.1 სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


დაახლოებით 5000 წლის წინათ სოფლის მეურნეობის განვითარებამ იმდროინდელ საზოგადოებებში ცვლილებები შეიტანა. სოფლის მეურნეობა მაშინ წარმოიქმნა, როდესაც ადამიანებმა ცხოველები გუთნებში შეაბეს და ამით ნადირობისა და მიწის პროდუქტიულობა ათჯერ უფრო გაზარდეს. წარმოქმნილმა ნამატმა ზოგიერთი გაათავისუფლა საჭმლის წარმოების საჭიროებისაგან. ინდივიდებმა დაიწყეს სპეციალიზირებული ეკონომიკური როლების ადაპტირება: ხელობაში გაწაფვა, სამუშაო იარაღების შექმნა, ცხოველების გამრავლება და საცხოვრებელი ადგილების მშენებლობა.

სოფლის მეურნეობის აქტიურად განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ქალაქები, რომლებიც ერთმანეთს საკვებით, ცხოველებითა და სხვა ნივთებით ვაჭრობის ქსელებით უკავშირდებოდნენ (იაკობი, 1970). ეკონომიკის გაფართოების გასაღებს წარმოადგენდა შემდეგი ოთხი ფაქტორი - სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგია, შრომის პროდუქტიული სპეციალიზაცია და განაწილება, მუდმივი ახალშენები და ვაჭრობა.

ამ პროცესში სამუშაო გარემო უფრო ნაკლებად გადაჯაჭვული გახდა ოჯახებთან, თუმცა წარმოება მაინც სახლთან ახლოს ხდებოდა. მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში ხალხის უმეტესობა ამუშავებდა მეზობლად მდებარე მინდვრებს. სოფლის და ქალაქის მაცხოვრებლები ხშირად საკუთარ სახლებში მუშაობდნენ - ამ ნიმუშს უწოდებენ ინდივიდუალურ (საოჯახო) მეურნეობას, ხოლო წარმოებული პროდუქცია ხშირად იყიდებოდა გარეთ - „ძველმანების ბაზრობაზე“ (ტერმინი გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხის არ იყო).

4.1.2 სამრეწველო რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან სწრაფად განვითარდა მეორე ტექნოლოგიური რევოლუცია, ჯერ - ინგლისში და შემდეგ, მალევე, ყველგან - ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მრეწველობის განვითარებამ ისე შეცვალა სოციალური ცხოვრება, როგორც ეს ადრე, ათასობით წლის განმავლობაში ვერ მოახერხა სოფლის მეურნეობამ.

ინდუსტრიალიზაციამ დასავლური საზოგადოებების ეკონომიკურ სისტემებში ხუთი მნიშვნელოვანი ცვლილება დანერგა:

1. ენერგიის ახალი ფორმა - ისტორიის მანძილზე ადამიანები ენერგიას საკუთარი ან ცხოველების კუნთებიდან იღებდნენ. 1765 წელს ჯეიმს ვატმა პირველმა სრულყო ორთქლის ძრავა. ორთქლის ძრავები, რომელთა ძალა კუნთებისას 100-ჯერ აღემატებოდა, უპრეცედენტო ეფექტურობით ამუშავებდა დიდ მანქანა-მოწყობილობებს;

2. ფაბრიკებში მუშაობის ცენტრალიზება - ორთქლზე მომუშავე დანადგარების წყალობით საოჯახო მეურნეობა მოძველებული გახდა. ქარხნები, ფაბრიკები, რომლებიც წარმოადგენდნენ ცენტრალიზებულ უსახო სამუშაო ადგილებს, გამოვიდნენ სახლებიდან და განვითარდნენ. სამუშაომ კერძო სფეროდან საჯარო სფეროში გადაინაცვლა ანუ „ხალხი გავიდა სამუშაოზე“;

3. წარმოება და მასობრივი პროდუქცია - სამრეწველო რევოლუციამდე სამუშაოს უმეტესობა მოიცავდა ნედლეულის (როგორიცაა: მოსავალი, ხის მასალა და მატყლი) კულტივაციასა და შეგროვებას. სამრეწველო ეკონომიკამ სამუშაო ადგილების უმეტესობა წარმოებაში გადაანაცვლა, სადაც ნედლეულისაგან ამზადებდნენ დიდი გასავლის მქონე პროდუქციის ფართო სპექტრს. მაგალითად, ფაბრიკები სერიულად ამზადებდნენ ხისგან ავეჯს და მატყლისგან - ტანსაცმელს;

4. შრომისა და სპეციალიზაციის განაწილება - კუსტარულ წარმოებაში, როგორც წესი, პროდუქტს თავიდან ბოლომდე ერთი მუშა ამზადებდა. ამისგან განსხვავებით, ფაბრიკაში მუშაობა მოითხოვს შრომისა და სპეციალიზაციის იმგვარად განაწილებას, რომ ერთმა მუშამ მუდმივად იმეოროს ერთი მარტივი დავალება და მხოლოდ მცირე წვლილი შეიტანოს საბოლოო პროდუქტში. ამგვარად, ვინაიდან ფაბრიკებმა გაზარდეს პროდუქტიულობა, მათ ასევე შეამცირეს საშუალო მუშის კვალიფიკაციის დონე (Warner and Low, 1947). ყოველივე ამის გამო მოხდა მისი შემოსავლის შემცირება;

5. შრომის ანაზღაურება - იმის ნაცვლად, რომ თავისი თავისთვის ემუშავათ ან საოჯახო მეურნეობებად გაერთიანებულიყვნენ, სამრეწველო სფეროს მუშებმა მიაშურეს ფაბრიკებს ანაზღაურებადი მუშების რანგში. ისინი თავიანთ შრომას ყიდდნენ უცხოებზე, რომლებიც ხშირად მათზე უფრო ნაკლებად ზრუნავდნენ, ვიდრე დანადგარებზე. თვალყურის დევნება განსაზღვრული და ინტენსიური გახდა. ჩვეულებრივ ანაზღაურება საოცრად დაბალი იყო და ამდენად, მუშებს დიდ ექსპლუატაციას უწევდნენ.

ინდუსტრიული რევოლუციის გავლენა თანდათან გასცდა ფაბრიკების ფარგლებს და დაიწყო მთელი საზოგადოების გარდაქმნა. მაშინ, როცა სამუშაო პირობები ბევრისთვის ძალიან ცუდი იყო, გაზრდილი პროდუქტიულობა მუდმივად ამაღლებდა ცხოვრების სტანდარტს, რადგან გაფართოებული ბაზარი უამრავი ახალი პროდუქტითა და სერვისით აივსო. ინდუსტრიული ტექნოლოგიის პრივილეგიები ძალიან არათანაბრად იყო განაწილებული. ზოგიერთი ფაბრიკის მფლობელებმა დიდი ქონება დააგროვეს მაშინ, როცა სამრეწველო მუშების უმრავლესობა გაღატაკებული იყო. ბავშვებიც მუშაობდნენ ფაბრიკებში ან ნახშირის შახტებში და დღეში ერთ პენის იღებდნენ. ფაბრიკის მუშა ქალები ყველაზე დაბალანაზღაურებადები იყვნენ და განსაკუთრებულ გაჭირვებას იტანდნენ.

4.1.3 ინფორმაციული რევოლუცია და პოსტინდუსტრიული საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მომუშავეებმა თანდათანობით შექმნეს სავაჭრო კავშირები, რათა ფაბრიკის მეპატრონეებთან მოლაპარაკებების გზით თავიანთი კოლექტიური ინტერესები წარმოედგინათ. მე-19 საუკუნის ბოლოდან დაწყებული დასავლეთის მთავრობები იძულებული გახდნენ უკანონოდ გამოეცხადებინათ ბავშვების შრომა, გაეზარდათ ანაზღაურება, გაეუმჯობესებინათ უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე, მოსახლეობის უფრო დიდი სეგმენტისათვის ჩაეტარებინათ სწავლება და მათთვის პოლიტიკური უფლებები გაეცნოთ.

ასევე თვითონ პროდუქციის ტიპმაც დაიწყო შეცვლა. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან ბევრ დასავლურ სახელმწიფოში მოხდა ტრანსფორმაცია. ავტომატიზირებულმა მანქანა-დანადგარებმა შეამცირეს ადამიანის შრომის როლი წარმოებაში. იმავდროულად, ბიუროკრატია აფართოვებდა კანცელარიის მუშაკებისა და მენეჯერების წოდებებს. მომსახურების ინდუსტრიებმა, როგორიცაა: საზოგადოებრივი ურთიერთობები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, მედია, რეკლამა, საბანკო საქმე და გაყიდვები - დაიწყეს დიდი რაოდენობის მომუშავეების დასაქმება. პოსტინდუსტრიული პერიოდის განმასხვავებელი ნიშანია ინდუსტრიული სამუშაოდან მომსახურეობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე გადასვლა.

ამ ეკონომიკური ცვლილების მამოძრავებელი ძალაა მესამე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია: კომპიუტერის შექმნა, საინფორმაციო რევოლუცია ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ახლახანს ინდუსტრიალიზებული აზიის ბევრ ქვეყანაში და სხვა. დაიწყო ინფორმაციის ახალი სახეებისა და კომუნიკაციის ახალი ფორმების დანერგვა, რომლებმაც შეცვალეს მუშაობის ხასიათი, როგორც ეს ორი საუკუნის წინ გააკეთეს ქარხნებმა. ამ საინფორმაციო რევოლუციამ გზა გაუხსნა სამ ძირითად ცვლილებას:

1. მატერიალური პროდუქტებიდან - იდეებამდე: ინდუსტრიული ერა აღწერილია, როგორც საქონლის პროდუქცია; პოსტინდუსტრიულ ერაში სულ უფრო მეტი და მეტი მუშაობა იყო მიმართული სიმბოლოებით რაიმეს შექმნისა და მანიპულაციის საკითხისაკენ. საინფორმაციო ერის დასაქმებულებს წარმოადგენენ: კომპიუტერის პროგრამისტები, მწერლები, ფინანსური ანალიტიკოსები, სარეკლამო აგენტები, არქიტექტორები და ყველა სხვა სფეროს კონსულტანტები;

2. მექანიკური უნარებიდან - წიგნიერებისკენ: როგორც ინდუსტრიული რევოლუცია სთავაზობს შესაძლებლობებს მათ, ვინც ისწავლა მექანიკური ვაჭრობა, ისე ინფორმაციული რევოლუცია მოითხოვს, რომ მომუშავეები წიგნიერები იყვნენ - შეეძლოთ ლაპარაკი, წერა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. ადამიანები, რომლებსაც ეფექტური კომუნიკაციის უნარი აქვთ, ტკბებიან ახალი შესაძლებლობებით; ვისაც ეს არ შეუძლია, ნაკლები პერსპექტივები აქვს;

3. სამუშაოს დეცენტრალიზაცია ფაბრიკების გარეთ: როგორც ინდუსტრიულმა რევოლუციამ (ორთქლის ენერგია, რომელიც ამოძრავებს მასიურ მანქანა-დანადგარებს) მომუშავეებს თავი მოუყარა ფაბრიკებში, ისე კომპიუტერული ტექნოლოგია ახლა ბევრ ადამიანს აძლევს საშუალებას იმუშაოს თითქმის ყველგან. მართლაც, ნოუთბუკები და სატელეფონო ხაზებთან შეერთებული ფაქსის აპარატები შესაძლებლობას აძლევს ხალხს, მოიწყონ „ვირტუალური“ ოფისები სახლში, მანქანაში და თვითმფრინავშიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგია მთლიანად ცვლის ინდუსტრიულ ტრენდს და უკან აბრუნებს სახლის „კუსტარულ ინდუსტრიაში“. ვირტუალური სამუშაო ადგილი და „ტელეკომუნიკაცია“ ბევრისთვის რეალობა გახდა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომუშავეთა უმეტესობას ჯერ კიდევ ოფისებში ინარჩუნებს. მეორეს მხრივ, დღეს უფრო მეტად განათლებული და კრეატიული სამუშაო ძალა აღარ საჭიროებს, ხშირად კი ეწინააღმდეგება ახლოდან დაკვირვებას, რაც ნიშანდობლივი იყო გუშინდელი ფაბრიკებისთვის.

4.1.4 დეზორგანიზებული კაპიტალიზმი: მოქნილობა და მსოფლიო - ფორდიზმის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


კაპიტალიზმი წარმოადგენს დინამიურ ეკონომიკურ სისტემას და სხვადასხვა ქვეყნებშიც კი განაგრძობს ფორმის შეცვლას. მთავარი ტრენდი, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო, ხასიათდება პროდუქციის მოქნილობაში ცვლილებით: ფორდიზმიდან პოსტფორდიზმამდე. ფორდიზმი ასოცირებულია ავტომობილის ამერიკელი მწარმოებლის ჰენრი ფორდის სახელთან, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა საამწყობო კონვეიერი იაფფასიანი მანქანების საწარმოებლად, რომელთა ყიდვასაც ხალხის მასა შეძლებდა.

ფორდიზმი წარმოადგენს ეკონომიკურ სისტემას, რომელიც დაფუძნებულია საამწყობო კონვეიერით მასობრივ პროდუქციაზე, მასობრივ მოხმარებასა და სტანდარტიზებულ ფართო მოხმარების საგნებზე. ეს დაკავშირებულია შესაბამის მანქანა-დანადგარებთან და ინსტრუმენტებთან, რომლებიც აწარმოებენ იდენტურ კომპონენტებს.

ცენტრალიზებული არაკვალიფიციური მუშაობა ინტენსიურად გამოიყენება სპეციფიური ამოცანების შესასრულებლად; ასევე დიდი რაოდენობის იაფფასიანი საქონლის პროდუქციის საწარმოებლად. მომუშავეები დიდი პერიოდის მანძილზე აკეთებენ ერთი და იმავე სამუშაოს: სამუშაო, როგორც წესი, საშინლად მოსაწყენია. მათ საკმაოდ კარგად უხდიან და ეს ზრდის მათი მომხმარებლების ხარჯებს. ფორდიზმი ტექნიკურად ლიმიტირებულია და არ არის ძალიან მოქნილი. ჰიუ ბიონმა თავისი კლასიკური კვლევის ფარგლებში 1960- იანი წლების ბოლოს ლივერპულში მოინახულა ფორდის ძრავის მწარმოებელი ქარხანა და დოკუმენტურად აღწერა ეს მოძრავი საკონვეიერო ხაზი, სადაც ხდებოდა დაახლოებით 16 000 განსხვავებული კომპონენტის „ჩახრახნა, მიმაგრება ან შედუღება“. შემდეგ კი მანქანა ამოძრავდებოდა და გასრიალდებოდა კონვეიერზე. (ბიონი, 1973:105). სასტიკი წნეხი უფრო სასაცილოდაა დოკუმენტირებული ჩარლი ჩაპლინის კლასიკურ მუნჯურ ფილმში „ახალი დროება“.

მაშინ, როცა ფორდისტული პროდუქციის ტექნოლოგია გაგრძელდა მე-20 საუკუნის გარკვეულ წლებამდე, მის გვერდზე გამოჩნდა უფრო ახალი და მოქნილი ფირმები (განსაკუთრებით იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). ეს, უფრო ახალი, პროცესი მოიცავდა შემდეგს:

  • ცვლილებები წარმოებაში: წარმოების უფრო მოქნილი სისტემა;

  • უფრო მოქნილი დრო: ნახევარი განაკვეთი, დროებითი და დამოუკიდებელი მუშები;

  • შრომის დეცენტრალიზაცია უფრო პატარა, ნაკლებად იერარქიულ ერთეულებად;

  • „მუშაობაში დამხმარე პერსონალის ჩართვა“, როდესაც მუშაობა უფრო სტაბილური და უსაფრთხო ხდება;

  • „პუნქტუალური“ (ე.ი. გაკეთებული უმცირეს შესაძლო დროში) სწრაფი წარმოება;

  • სტანდარტიზებული საქონლის შეცვლა ვარიანტების შემცველი საქონლით;

  • „მასობრივი მარკეტინგის და რეკლამის“ ეტაპობრივი შეცვლა „ნიშის მარკეტინგით“, რომელიც განკუთვნილია სპეციფიური „სტილის“ ჯგუფებისთვის;

  • გლობალიზაცია, შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება.

ახალი ეკონომიკური სისტემა, რომელსაც ხშირად პოსტფორდიზმს უწოდებენ, დაფუძნებულია მოქნილობაზე (უფრო მეტად, ვიდრე სტანდარტიზაციაზე), სპეციალიზაციასა და არასტანდარტულ საქონელზე (შედარებისათვის იხილე ცხრილი 1). ამ მეთოდებს ნახავთ არა მარტო სამუშაო პრაქტიკაში, არამედ ასევე სახლში მოხმარებისას. როგორც ვნახავთ, ამ ახალი მაგალითების უმრავლესობა გულისხმობდა სისტემას, რომელიც უფრო მეტად თავისუფალია დასაქმების საკითხში (Beck, 2000a).

ცხრილი 1. წარმოების სისტემის იდეალური ტიპების შედარება: ფორდისტულიდან პოსტფორდისტულ სისტემამდე

ფორდისტული

პოსტფორდისტული

პროდუქტი

სტანდარტიზებული - ერთსახოვანი

სპეციალიზებული - უკეთესი ხარისხი?

შრომა

ფრაგმენტირებული ცოტა ამოცანა მოქმედების მცირე თავისუფლება

ინტეგრირებული ბევრი ამოცანა მოქნილი

მენეჯმენტი

ცენტრალიზებული

დეცენტრალიზებული

ტექნოლოგია

უძრავი მანქანა-დანადგარები

მრავალი დანიშნულების/ელექტრონული

ხელშეკრულებები

შედარებით უზრუნველყოფილი

უმეტესად: არასაიმედო

4.1.5 ეკონომიკის სფეროები

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ აღწერილი სამი „რევოლუცია“ ასევე ასახავს საზოგადოების ეკონომიკის სამ სექტორს შორის ცვალებად ბალანსს. პირველადი სექტორი აწარმოებს ნედლ მასალას უშუალოდ გარემოსგან და მოიცავს სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, მეთევზეობას, მეტყევეობას და სამთო მრეწველობას. ის გაბატონებულია პრეინდუსტრიულ საზოგადოებებში. მეორადი სექტორი ნედლეულისგან სამრეწველო დანიშნულების საქონელს ამზადებს და მოიცავს ნავთობის გადამუშავებასა და ლითონების გამოყენებას ინსტრუმენტებისა და ავტომობილების საწარმოებლად. საზოგადოების ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ის სწრაფად ვითარდება. მესამეული სექტორი სთავაზობს მომსახურეობას და არა საქონელს და მოიცავს მასწავლებლებს, მაღაზიების გამყიდველებს, დამლაგებლებს, რწმუნებულებს, კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტებს, მედიის მუშაკებს და სხვ.

მესამეული სექტორი, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური პროდუქციის მხოლოდ 38 პროცენტს შეადგენს, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ვითარდება და დომინირებს ეკონომიკაში, რადგან ისინი შედიან პოსტინდუსტრიულ ხანაში. ეს მიანიშნებს თანამედროვე ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებაზე. გამოსახულება 1. ძალიან კარგად ასახავს ამ განსხვავებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სამუშაო ძალის 23 პროცენტი ჩართულია პირველად სექტორში მაშინ, როდესაც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში - მხოლოდ 2 პროცენტი. რაც შეეხება მომსახურეობის სექტორს, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, მასში სამუშაო ძალის 68 პროცენტია დაკავებული, ხოლო უფრო ღარიბ ქვეყნებში - მხოლოდ 38 პროცენტი. სოფლის მეურნეობისა და წარმოების ძველი ეკონომიკური ნიმუშები უფრო და უფრო მეტად უთმობენ გზას მომსახურეობასა და ინფორმაციაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. (UNDP, 2000; World Bank, 2000b).

გამოსახულება 1. ეკონომიკური სექტორების ზომა ქვეყნის შემოსავლის დონის მიხედვით

0x01 graphic

წყარო: ავტორის დასკვნები დაფუძნებულია UNDP (2000) და მსოფლიო ბანკის (2000ბ) მონაცემებზე52

4.1.6 გლობალური რევოლუცია: გლობალური ეკონომიკა

▲ზევით დაბრუნება


მაშინ, როცა ტექნოლოგია მსოფლიოს ხალხებს აახლოვებს ერთმანეთთან, როგორც ჩანს, იმავდროულად, სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. [...] გლობალიზაცია გახდა თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი მახასიათებელი: ჩვენ გავხდით გლობალური ეკონომიკის გამოჩენის მოწმე. ეს არის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც მოიცავს მსოფლიოს მრავალ ერს და ნაკლებად ითვალისწინებს ეროვნულ საზღვრებს. გლობალური ეკონომიკის განვითარებას ხუთი ძირითადი შედეგი აქვს:

პირველი - ჩვენ ვხედავთ შრომის გლობალურ განაწილებას, რომლის დროსაც მსოფლიოს ყოველი რეგიონი სპეციალიზებულია ეკონომიკური აქტივობის განსაკუთრებულ სახეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სოფლის მეურნეობა მოიცავს სამუშაო ძალის 70 პროცენტზე მეტს, ხოლო მსოფლიოს საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები კონცენტრირებულია სამრეწველო პროდუქციაზე. ყველაზე მდიდარი ერების, მათ შორის ევროპის ეკონომიკა ახლა სპეციალიზდება მომსახურეობის სექტორზე;

მეორე - უფრო ღარიბ ქვეყნებში მომუშავეები უფრო მეტ საათს მუშაობენ და ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, რასაც „არაქათის გამომცლელ შრომას“ the sweatshops of the world უწოდებენ. ისინი აწარმოებენ საქონელს, რომელიც შეიძლება გაიყიდოს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ერთ დღეში მომუშავეებმა შეიძლება აწარმოონ ასობით ტანსაცმელი მცირე ხელფასის პირობებში. მხოლოდ ერთი ტანსაცმლის ფასი, რომელიც გაიყიდება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მათი ხუთი დღის შემოსავლის ეკვივალენტური შეიძლება იყოს (Klein, 2000: 353)! ასევე ხშირად ეს მომუშავეები იძულებულნი არიან, იმოგზაურონ შორ მანძილებზე, დატოვონ ოჯახები იმისათვის, რომ იპოვონ კიდევ ასეთი სამუშაო პირობები. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ხშირად ასეთ სამუშაოს ბავშვებიც ასრულებენ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ დაახლოებით 250 მილიონი ბავშვი მუშაობს დაბალი შემოსავლის მქონე საზოგადოებაში. ამ ციფრში არ არის გათვალისწინებული ბავშვთა შრომა, რომელიც დამალულია სტატისტიკის მუშაკებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მოახლედ მუშაობა (უმეტესად, გოგონებისა). აქედან გამომდინარე, ეს ციფრი 500 მილიონს უახლოვდება და ეს არ შეიცავს ბავშვთა შრომას მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოებებში;

მესამე - პროდუქტების უფრო და უფრო მზარდი რაოდენობით წარმოება ერთზე მეტი ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას მოიცავს. მაგალითად, ტაივანში შეიძლება შეკიეროს ფეხსაცმელი, რომლებსაც დისტრიბუტორი ჰონგ კონგიდან გააგზავნის იტალიაში, სადაც მათ დააწებებენ იტალიელი დიზაინერის სამარკო ნიშანს; სხვა დისტრიბუტორი რომიდან ფეხსაცმელებს გააგზავნის ნიუ-იორკში, სადაც მათ გაყიდიან უნივერმაღში, რომლის მფლობელ ფირმას ცენტრალური ოფისი ტოკიოში აქვს. როგორც გამოსახულება 2 გვიჩვენებს, ავტომობილის წარმოებაში ასევე მრავალი ქვეყანაა ჩართული;

მეოთხე შედეგი გლობალური ეკონომიკისა არის ის, რომ ეროვნული მთავრობები აღარ აკონტროლებენ ეკონომიკურ აქტივობას, რაც მიმდინარეობს მათი საზღვრების შიგნით. ფაქტიურად მთავრობებს არ შეუძლიათ მათი ეროვნული ვალუტების ღირებულების რეგულირება, მას შემდეგ, რაც 24 საათის განმავლობაში ხდება ფულის ტოკიოს, ლონდონისა და ნიუ-იორკის ფინანსურ ცენტრებში გადაცვლა.

გლობალური ბაზრები წარმოადგენს სატელიტური კომუნიკაციის შედეგს, რომლებიც აყალიბებენ საინფორმაციო კავშირებს მსოფლიოს მთავარ ქალაქებს შორის. ეს სათავეს აძლევს გლობალურ ქალაქებს [...].

გლობალური ეკონომიკის მეხუთე შედეგი კი ის არის, რომ ახლა საერთაშორისო დონეზე მოქმედი ბიზნესის მცირე რაოდენობა აკონტროლებს მსოფლიო ეკონომიკური აქტივობის დიდ წილს. ერთი შეფასების მიხედვით, 600 უდიდესი მულტინაციონალური კომპანია მთლიანობაში ფლობს მსოფლიოს მთელი ეკონომიკური პროდუქციის ნახევარს (Kidron and Segal, 1991). მსოფლიო ჯერ კიდევ დაყოფილია დაახლოებით 200 პოლიტიკურად გამორჩეულ ერად, მაგრამ საერთაშორისო ეკონომიკური აქტივობის ზრდის გათვალისწინებით „ერის სტატუსმა“ საგძნობლად დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.

4.2 ეკონომიკური სისტემები; განსხვავებული ტიპები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიოს თანამედროვე ეკონომიკების ანალიზი ასევე შესაძლებელია ორი აბსტრაქტული მეთოდის - კაპიტალიზმისა და სოციალიზმის თვალსაზრისით. ცოტა საზოგადოებას აქვს ეკონომიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთი ან მეორეა: ევროპული ქვეყნების უმეტესობას აქვს „შერეული ეკონომიკების“ ხარისხები. შვედეთს და სხვა სკანდინავიურ ქვეყნებს უყურებენ, როგორც უფრო სოციალისტური მიდგომის ვერსიებს - ინტერვენტს, კორპორატისტსა და დაგეგმილს. მაგრამ ისინი იმყოფებიან იმ პროცესში, რომ მიუახლოვდნენ გერმანულ მოდელს, რომელიც უფრო სოციალურ ბაზარზეა ორიენტირებული. სისტემა დიდ ბრიტანეთში შერეული გახდა 1979 წელს ტეტჩერიზმის გამოჩენის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უფრო და უფრო მიუახლოვდა პრივატიზებულ საბაზრო სისტემას (რასაც ხშირად ნეოლიბერალიზმს უწოდებენ). სინამდვილეში, 1997 წლის ახალი ლეიბორისტული მთავრობა ასევე მიყვებოდა ამ მოდელს, რომელმაც შემოიტანა ახალი გზის ენა [...] მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპაში „არსებობდა მნიშვნელოვანი კონვერგენცია სოციალური ბაზრის გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით (Edye and Lintner, 1996: 183).

4.2.1 კაპიტალიზმი

▲ზევით დაბრუნება


კაპიტალიზმი წარმოადგენს ეკონომიკურ სისტემას, რომელშიც რესურსები და საქონლისა და მომსახურების წარმოების საშუალებები კერძო მფლობელობაშია. არსებობს კაპიტალისტური ეკონომიკის მრავალი სახეობა, მაგრამ, ჩვეულებრივ, მათ სამი დამახასიათებელი ნიშანი აქვთ.

1.ქონების კერძო მფლობელობა: კაპიტალისტური ეკონომიკა მხარს უჭერს ინდივიდების უფლებას, იყოს თითქმის ყველაფრის მფლობელი. ეკონომიკაში უფრო მეტად კაპიტალისტური ის არის, რომ არსებობდეს სიმდიდრის მწარმოებელი ქონების (როგორიცაა ფაბრიკები ან მიწა) მეტი კერძო მფლობელი.

ამის უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს მოგების მასობრივი აკუმულაცია შედარებით მცირერიცხოვანი ხალხის მიერ, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს პოლარიზაცია და გახლეჩა „მქონეებისა“ და „არმქონეების“ ჯგუფებს შორის. წარმოიქმნება კონფლიქტის პოტენციალი;

2. პირადი მოგებისკენ სწრაფვა: კაპიტალისტური საზოგადოება ხელს უწყობს კერძო ქონების დაგროვებას და განსაზღვრავს მოგებაზე ორიენტაციას, როგორც „ბიზნესის კეთების“ ბუნებრივ და მარტივ საკითხს. შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი ადამ სმითი (1723-90) ამტკიცებდა, რომ საკუთარ თავზე ორიენტირებული ინდივიდუალური სწრაფვა ხელს უწყობს მთელი საზოგადოების აყვავებას (1937: 508; ორიგ. 1776). სხვები ამტკიცებდნენ, რომ ეს იწვევს ადამიანების მცირე რაოდენობის მიერ სხვების ექსპლუატაციას და ამყარებს კლასობრივ სისტემას;

3. თავისუფალი კონკურენცია, მომხმარებელთა სუვერენიტეტი და ბაზრები: წმინდა წყლის კაპიტალისტური ეკონომიკა იმუშავებდა მთავრობის ჩარევის გარეშე, რასაც ზოგჯერ უწოდებენ მიდგომას - laissez-faire (ჩაურევლობა). ადამ სმითი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი კონკურენციის მქონე ეკონომიკა თავის თავს არეგულირებს მომარაგებისა და მოთხოვნების კანონებით და „უხილავი ხელით“.

გამოსახულება 2. გლობალური წარმოება:

0x01 graphic

კომპონენტების ქსელი ფორდ ექსკორტის ევროპული მოდელისთვის. ეს გამოსახულება აღებულია დიკენის გავლენიანი წიგნის „გლობალური დაყოფა“ (1986) პირველი გამოცემიდან. მასში ასევე განვითარებულია გლობალური წარმოების იდეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს ამ განსაკუთრებული წარმოების პროცესის დეტალები მნიშვნელოვნად შეიცვალა.

წყარო: ადაპტირებულია დიკენისგან (1986:304)

4.2.2 ბაზარი და ნეოლიბერალიზმი

▲ზევით დაბრუნება


ადამ სმითი ამტკიცებდა, რომ საბაზრო სისტემაში დომინირებენ მომხმარებლები, რომლებიც ირჩევენ საქონელსა და მომსახურებას, რომელსაც ყველაზე დიდი ღირებულება გააჩნია. მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე მაღალი ხარისხის საქონლისა და მომსახურების შეთავაზებაში ყველაზე დაბალ შესაძლო ფასად. ამგვარად, მაშინ, როცა მეწარმეები პირადი მოგებით არიან მოტივირებული, ყველა ნახულობს მოგებას უფრო მეტად ეფექტური პროდუქციისგან და მუდმივად მზარდი ღირებულებიდან. სმითის დროს ყველაზე პატივსაცემი ფრაზა იყო შემდეგი - ვიწრო, პირადი ინტერესიდან მოდის „ყველაზე დიდი სარგებელი ხალხის ყველაზე დიდი რაოდენობისათვის“. ეკონომიკის კონტროლი მთავრობის მხრიდან აუცილებლად ჩაშლიდა რთულ საბაზრო სისტემას, შეამცირებდა მწარმოებლების მოტივაციას და წარმოებული საქონლის რაოდენობასა და ხარისხს და შეცდომაში შეიყვანდა მომხმარებელს. სუფთა, იდეალური კაპიტალიზმი არ არსებობს. აშშ-ს შესაძლოა, კაპიტალიზმის ყველაზე სუფთა ფორმა აქვს - კერძო ბაზრები უფრო მსხვილია, ვიდრე ევროპაში. მიუხედავად ამისა, იქაც იგრძნობა ეკონომიკურ საქმეებში მთავრობის მმართველი ხელი. გადასახადების დაწესებითა და მრავალი მაკონტროლებელი ორგანოს მეშვეობით, მთავრობა გავლენას ახდენს კომპანიების პროდუქციაზე, საქონლის ხარისხსა და ხარჯებზე, პროდუქტებზე, რომელიც ფირმებს გააქვთ და შემოაქვთ და ბუნებრივი რესურსების მოხმარებასა და შენახვაზე. ფედერალური მთავრობა ასევე ფლობს და მართავს მრავალ ფირმას, მათ შორის აშშ-ს ფოსტას, რკინიგზის სისტემას Amtrak“ და ბირთვული რეგულაციების კომისიას (რომელიც აწარმოებს ბირთვულ კვლევებს და ბირთვულ მასალებს). ასევე მთავრობა მართავს აშშ-ს მთელ სამხედრო ბაზებს. ფედერალურ ჩინოვნიკებს შეუძლიათ ჩაერიონ საქმეში, რათა ხელი შეუშალონ ფირმების გაკოტრებას, მაგალითად, „დაეხმაროს“ დანაზოგების და სესხების ინდუსტრიას. გარდა ამისა, სახელმწიფო პოლიტიკა აწესებს მინიმალური ანაზღაურების დონეებს, აძლიერებს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტებს, არეგულირებს კორპორატიულ გაერთიანებებს, ფერმებს უწევს ფულად დახმარებას და შემოსავლებს მიმართავს ხალხის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით - სოციალური უზრუნველყოფის, საჯარო მხარდაჭერის, სტუდენტური სესხებისა და ვეტერანების შეღავათების ფორმით.

კაპიტალიზმი გვხვდება მრავალი ფორმით, მაგალითად, იაპონიასა და აშშ-ში კაპიტალიზმის სრულიად განსხვავებული ფორმებია. ზოგადად, თანამედროვე კაპიტალიზმმა განვლო სამი ფაზა. პირველი იყო ლიბერალური კაპიტალიზმი, რომელიც დომინირებდა ბრიტანეთსა და აშშ-ში მე-19 საუკუნის დასაწყისსა და შუა პერიოდში. ის მოიცავდა თავისუფალ ბაზარს, „ხელშემწყობ“ სახელმწიფოს და ლეგალურ სტრუქტურას, რომელიც ეხმარება კაპიტალიზმის შენარჩუნებას; მეორე იყო ორგანიზებული კაპიტალიზმი, რომელიც მოიცავდა ადმინისტრირებულ ბაზარს და უფრო „წარმმართველ სახელმწიფოს“. ამის მაგალითია გაერთიანებული სამეფო 1946 და 1979 წლებს შორის, სადაც ადგილი ჰქონდა უფრო მეტ „სახელმწიფო“ ჩარევას, როდესაც მთავრობები ხშირად ფორმას აძლევდნენ ეკონომიკურ პოლიტიკას. მოგვიანებით წარმოიქმნა დეზორგანიზებული/პოსტფორდისტული კაპიტალიზმი, რომელიც მოიცავს მომსახურეობის სექტორის განვითარებას, უფრო გლობალურ და გაფანტულ ოპერაციებს და ნაციონალური სახელმწიფოების უარყოფას (Lash & Urry, 1987).

სოციალიზმი

სოციალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომელშიც საქონლის წარმოებისა და მომსახურების რესურსები და საშუალებები კოლექტიურ მფლობელობაშია. თავისი იდეალური ფორმით სოციალისტური ეკონომიკა უპირისპირდება ზემოთაღწერილი კაპიტალიზმის სამივე დახასიათებას:

1. ქონების კოლექტიური მფლობელობა: ეკონომიკა იმ დონემდეა სოციალისტური, რომ ზღუდავს კერძო ქონების ფლობის უფლებას, განსაკუთრებით იმ ქონებისა, რომელიც გამოიყენება საქონლისა და მომსახურეობის წარმოებაში. შემუშავებულია კანონები, რომლებიც კრძალავენ ქონების კერძო მფლობელობას იმ მიზნით, რომ ბინით უზრუნველყოფა და სხვა ქონება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის და არა მარტო იმათთვის, ვისაც ბევრი ფული აქვს. კარლ მარქსი ამტკიცებდა, რომ საწარმოო ქონების კერძო მფლობელობა წარმოშობს სოციალურ კლასებს, რადგან ის წარმოქმნის ეკონომიკურ ელიტას. სოციალიზმი კი მიისწრაფვის, რომ უკლასო საზოგადოების იდეის გენერირებით, შეამციროს ეკონომიკური უთანასწორობა;

2. სწრაფვა კოლექტიური მიზნებისკენ: ინდივიდუალისტური სწრაფვა მოგებისკენ ასევე ეწინააღმდეგება სოციალიზმის კოლექტიურ ორიენტაციას. სოციალისტური ღირებულებები და ნორმები კიცხავენ იმას, რასაც კაპიტალისტები სამეწარმეო სულისკვეთებად მოიაზრებენ. ამიტომ კერძო ვაჭრობა დაღდასმულია, როგორც არალეგალური „შავი ბაზარი“;

3. მთავრობის მიერ ეკონომიკის კონტროლი: მთავრობა უარყოფს იდეას, რომ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა თავის თავს არეგულირებს. laissez-faire - მიდგომის ნაცვლად სოციალისტური მთავრობები მეთვალყურეობენ ცენტრალურად კონტროლირებულ ან მართულ ეკონომიკას. სოციალიზმი ასევე უარყოფს იდეას, რომ მომხმარებლები მართავენ კაპიტალისტურ წარმოებას. ამ თვალსაზრისით, მომხმარებლებს აქვთ პროდუქტების შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის ნაკლებობა და მანიპულირებულნი არიან რეკლამით - იყიდონ ის, რაც ფაბრიკების მფლობელებისათვისაა მომგებიანი და არა ის, რაც მათ, მომხმარებლებს ჭეშმარიტად სჭირდებათ. ამიტომ კომერციული რეკლამა სოციალისტურ ეკონომიკებში მცირე როლს თამაშობს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის მთელი რიგი ქვეყნები - მთლიანობაში დაახლოებით ოცდაოთხი ქვეყანა - ქმნიან თავიანთ ეკონომიკურ სისტემებს სოციალიზმის საფუძველზე, სადაც, თითქმის მთელი წარმოებული ქონების სიმდიდრე მოქცეულია სახელმწიფო კონტროლის ქვეშ (McColm et al., 1991). თუმცა, ბოლო წლებში შემცირდა მსოფლიო სოციალიზმის გავრცელება, რადგან აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოებებმა შექმნეს ახალი ეკონომიკური სისტემები და გაზარდეს საბაზრო ძალების გავლენა.

4.2.3 სოციალიზმი და კომუნიზმი

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთი ადამიანი აიგივებს ტერმინებს - სოციალიზმსა და კომუნიზმს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სოციალიზმის იდეალური გაგებით კომუნიზმი წარმოადგენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც საზოგადოების ყველა წევრი სოციალურად თანაბარია. კარლ მარქსი სოციალიზმს განიხილავდა, როგორც გარდამავალ ეტაპს კომუნისტური საზოგადოების იდეალის გზაზე, რომელმაც გააუქმა ყოველგვარი კლასობრივი დაყოფა. დღესდღეობით ბევრ სოციალისტურ საზოგადოებაში დომინანტური პარტია თავის თავს კომუნისტურად განიხილავს, მაგრამ წმინდა წყლის კომუნისტური მიზანი არსად არის მიღწეული. რატომ? ერთის მხრივ, სოციალური განლაგება მოიცავს ძალაუფლებისა და სიმდიდრის განსხვავებას. ზოგადად, სოციალისტურმა საზოგადოებებმა წარმატებას მიაღწიეს იმაში, რომ შეამცირეს სიმდიდრესთან დაკავშირებული განსხვავება მხოლოდ მთავრობის ბიუროკრატიის გაფართოებით და მოსახლეობის ფართო რეგულაციით. ამ პროცესში, როგორც მარქსს წარმოედგინა, მთავრობა არ “გამოიფიტა”. პირიქით, სოციალისტურმა პოლიტიკურმა ელიტამ, ჩვეულებრივ, უზარმაზარი ძალაუფლება და პრივილეგია მოიპოვეს. სავარაუდოდ, მარქსი დაეთანხმებოდა, რომ ამგვარი საზოგადოება უტოპიაა (ბერძნული სიტყვიდან „არარსებული ადგილი“). თუმცა მარქსი კომუნიზმს განიხილავდა, როგორც ღირსეულ მიზანს და შესაძლოა, საზოგადო აზრით, აბუჩად აიგდო „მარქსისტული“ საზოგადოებები, როგორიცაა: ჩრდილოეთ კორეა, ყოფილი საბჭოთა კავშირი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და კუბა, რომლებიც ვერც კი მიუახლოვდნენ თავის იდეალს.

4.2.4 კაპიტალიზმი და სოციალიზმი: დიდი სადაო საკითხები

▲ზევით დაბრუნება


რომელი ეკონომიკური სისტემა მუშაობს უკეთესად? პრაქტიკულად ამჟამად საზოგადოებების უმეტესობაში სხვადასხვა ხარისხებით კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ნარევი გვხვდება, თუმცა კაპიტალიზმი სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

1989 და 1990 წლებში აღმოსავლეთ ევროპის ერებმა (რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაპყრობილი ჰყავდა საბჭოთა კავშირს) უარი თქვეს თავიანთ სოციალისტურ რეჟიმებზე. და დღეს ჩინეთიც საბაზრო ეკონომიკას ირჩევს. მაგრამ რა ხდებოდა ამ დრამატულ ცვლილებებამდე? ჩვენ ეს შეგვიძლია ვნახოთ სამი განზომილების მიხედვით: ეკონომიკური პროდუქტიულობა (ან მთლიანი შიდა პროდუქტი - მშპ), ეკონომიკური თანასწორობა და სამოქალაქო საზოგადოებები.

4.2.5 1. ეკონომიკური პროდუქტიულობა

▲ზევით დაბრუნება


მშპ-ს მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა ქვეყნის მიერ კონტროლირებული საერთაშორისო საექსპორტო ბაზრის პროპორცია, მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა კაპიტალისტურ ქვეყნებში. თუმცა, როგორც ერთიანი ჯგუფი - კაპიტალისტური ქვეყნები უფრო მეტ საქონელს და მომსახურებას აწარმოებენ, ვიდრე სოციალისტური ქვეყნები. ინდუსტრიალიზებული ერების ეკონომიკური პროდუქციის საშუალო მაჩვენებელი 1980-იანი წლების ბოლოსათვის სულზე შეადგენდა დაახლოებით $13,500 აშშ დოლარს. იგივე მაჩვენებელი ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაახლოებით $5,000-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალისტური ქვეყნები სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით 2.7-ჯერ მეტს აწარმოებენ (UNDP, 1990).

4.2.6 2. ეკონომიკური თანასწორობა

▲ზევით დაბრუნება


მეორე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორ ნაწილდება რესურსები საზოგადოების შიგნით. 1970-იან წლებში დასრულებულ შედარებით კვლევაში დაიანგარიშეს შემოსავლის შეფარდება მოსახლეობის უმდიდრესი 5%25-ის და უღატაკესი 5%25-ის შემოსავლების შედარებით (ჭილეს, 1977). კვლევამ გამოავლინა, რომ საზოგადოებებში, რომელშიც დომინირებდა კაპიტალისტური ეკონომიკა, ეს თანაფარდობა შეადგენდა დაახლოებით 10-1-ზე. სოციალისტური ქვეყნების იგივე მაჩვენებელი შეადგენდა თანაფარდობას 5-1-ზე. ეკონომიკური მაჩვენებლების ეს შედარება გვიჩვენებს, რომ კაპიტალისტურმა ეკონომიკურმა სისტემებმა შექმნეს ცხოვრების უფრო მაღალი საერთო დონე, მაგრამ ამასთანავე წარმოქმნეს უფრო დიდი განსხვავება შემოსავლებს შორის. პირიქით რომ ვთქვათ, სოციალისტურმა ეკონომიკურმა სისტემებმა შექმნეს უფრო დაბალი განსხვავება შემოსავლებს შორის, მაგრამ სთავაზობენ ცხოვრების უფრო დაბალ საერთო დონეს.

4.2.7 3. სამოქალაქო და პიროვნული თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


მესამე საკითხი სოციალიზმის და კაპიტალიზმის შეფასებისას არის პიროვნული და სამოქალაქო თავისუფლებები, რასაც ორივე მათგანი სთავაზობს მოქალაქეებს. კაპიტალიზმი ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება არის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედება. თავისუფალ ბაზარზე მოქმედება დამოკიდებულია მწარმოებლებისა და მომხმარებლების თავისუფლებაზე, სადაც სახელმწიფოს ჩარევა მინიმალური იქნება. ამის საწინააღმდეგოდ, სოციალიზმი ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება არის ძირითადი სურვილები. თანასწორობა არის მიზანი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფო ჩარევას ეკონომიკაში, ეს კი წარმოშობს შეზღუდვებს მოქალაქეების ზოგიერთ არჩევანთან დაკავშირებით. არსებობს დაძაბულობა თავისუფლებიდან თავისუფლებამდე, თავისუფლებასა და თანასწორობას შორის. ეს დაძაბულობა ამ ორ სისტემას შორის ჯერ არ გადაწყვეტილა. კაპიტალისტურ დასავლეთში თითქოს ბევრი თავისუფლებაა გარანტირებული, მაგრამ აქვს კი ამ თავისუფლებას ღარიბი ადამიანისთვისაც ისეთივე მნიშვნელობა, როგორც მდიდრისთვის? მეორეს მხრივ, ორ, ბოლოს დარჩენილ სოციალისტურ ქვეყანაში - კუბასა ან ჩრდილოეთ კორეაში ეკონომიკური თანასწორობა ნაყიდია ადამიანთა უფლებების ხარჯზე, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი.

4.2.8 ოცდამეერთე საუკუნის მუტანტები

▲ზევით დაბრუნება


ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კაპიტალიზმს მთელს მსოფლიოში შეხვდებით. ჩვეულებრივ, მას უყურებენ, როგორც ეკონომიკური ორგანიზაციის დომინანტურ თანამედროვე ფორმას. თუმცა მას აქვს განსხვავებული ფორმების მთელი სპექტრი, რაც დაკავშირებულია ისტორიასთან, მთავრობებთან და კულტურებთან. მაგალითად, რეგულარულად ანსხვავებენ სამ სახეობას:

ბაზარზე დაფუძნებული ნეოლიბერალური კაპიტალიზმი - დეცენტრალიზებული, ღია ბაზრები; ანტიმონოპოლური ან კავშირის ტრადიცია; არასტაბილური კაპიტალის ბაზრები; ინდივიდუალიზმი წარმოადგენს გასაღებს; სახელმწიფოს ჩართვისა და დაგეგმვის მინიმიზაცია; კაპიტალის მფლობელებისათვის მოგების დაბრუნება; დაკავშირებულია „ლიბერალური დემოკრატიის“ პოლიტიკურ სისტემასთან; განსაკუთრებით გავრცელებულია შეერთებულ შტატებში; ნაკლებადაა გავრცელებული გაერთიანებულ სამეფოში (რადგან ისიც ევროკავშირის მიერაა ფორმირებული - ქვემოთ იხილე სოციალური ბაზარი).

სოციალურ ბაზარზე დაფუძნებული კაპიტალიზმი - სოციალური პარტნიორობა; მეტად ორგანიზებული ბაზრები; ბანკზე კონცენტრირებული კაპიტალის ბაზრები; დაკავშირებულია „სოციალურ დემოკრატიასთნ“ - მაგალითად, დასავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყნები და სკანდინავიის ქვეყნები.

განვითარებასთან დაკავშირებული კაპიტალიზმი - მართული ბაზრები; მტკიცე ბიზნეს ქსელები; მკაცრი ბიუროკრატია; მაღალი ტექნოლოგიური ურთიერთქმედება სახელმწიფოსა და ფირმებს შორის; სახელმწიფო საკმაოდ დიდ როლს თამაშობს; დაკავშირებულია „განვითარებასთან დაკავშირებულ დემოკრატიასთან“ - მაგალითად, იაპონია და ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია) ახალი ინდუსტრიალიზებული საზოგადოებები (Dicken, 2004: 128).

დასავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, შვედეთმა და იტალიამ, სოციალისტური ეკონომიკური პოლიტიკა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას დაუკავშირეს. ანალიტიკოსები ამას დემოკრატიულ სოციალიზმს უწოდებენ. ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, რომელიც აერთიანებს მთავრობის მიერ ეკონომიკის კონტროლს და თავისუფალ არჩევნებს. დემოკრატიული სოციალიზმის პირობებში მთავრობა ფლობს ინდუსტრიისა და მომსახურეობის ზოგიერთ მსხვილ სფეროს, როგორიცაა, მაგალითად: ტრანსპორტი, მასმედია და ჯანმრთელობის დაცვა.

შვედეთსა და იტალიაში ეკონომიკური პროდუქციის დაახლოებით 12 პროცენტი კონტროლდება სახელმწიფოს მიერ ან „ნაციონალიზებულია“. ეს მრეწველობის დიდ ნაწილს კერძო პიროვნებების ხელში ტოვებს, თუმცა ემორჩილება მთავრობის მხრიდან ფართო რეგულირებას. მაღალი გადასახადების დაწესება (რაც განსაკუთრებით მდიდრებისკენაა მიმართული), ფონდები, სხვადასხვა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები სიმდიდრეს საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილ წევრებს გადასცემენ.

წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და სინგაპურში კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ნარევის კიდევ ერთი ფორმა გამოჩნდა: სახელმწიფო კაპიტალიზმი: ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, რომელშიც კომპანიები კერძო მფლობელობაშია და ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ მთავრობასთან. სახელმწიფო კაპიტალიზმის სისტემები ყველა კაპიტალისტურ ერებს წარმოადგენენ, მაგრამ მათი მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობენ დიდ კომპანიებთან, უწევენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას ან აკონტროლებენ უცხო პროდუქციის იმპორტს, რათა დაეხმარონ ბიზნესს - შეძლებისდაგვარად კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიო ბაზარზე. ამ საუკუნის განმავლობაში ჩინეთიც შესამჩნევად გაიხსნა საბაზრო სისტემასთან მიმართებაში, თუმცა მაინც ინარჩუნებს ცენტრალურ სახელმწიფო კონტროლს.

ასევე 1980-იანი წლების ბოლოს სოციალისტური რეჟიმების (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ), ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი) დაცემის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპამაც ბაზარზე დაფუძნებული ან კაპიტალისტური სისტემები აირჩია. 1992 წელს საბჭოთა კავშირიც დაიშალა. ათი წლის შემდეგ სახელმწიფო საწარმოების სამი მეოთხედი ნაწილობრივ ან მთლიანად კერძო მფლობელობის ქვეშ მოექცა (Montaigne, 2001). ამ რადიკალურ ცვლილებებს მრავალი მიზეზი ჰქონდა. სოციალისტური ეკონომიკური სისტემები კაპიტალისტურ საზოგადოებებთან შედარებით უფრო ნაკლებ პროდუქციას უშვებდნენ და ხშირად ცხოვრების დონე ძალიან დაბალი იყო. საზოგადოების წევრები ფორმალურად იყვნენ თანაბარნი, მათი თავისუფლება ძალიან შეზღუდული იყო - დესპოტური სახელმწიფოები აკონტროლებდნენ მედიას. ახალი ელიტები, ჩვეულებრივ, დაფუძნებული იყო ძალაუფლებაზე.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დღემდე მიმდინარე საბაზრო რეფორმები ძალიან არათანაბარია. ზოგიერთი ქვეყანა (სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა) კარგ შედეგებს აღწევს. სხვებში (როგორიცაა თვითონ რუსეთის ფედერაცია) შეინიშნება კაპიტალიზმის ბევრი სუსტი მხარე, მაგალითად, სიღატაკისა და უთანასწორობის, მაღალი კონკურენტუნარიანობის ზრდა და სოციალური მდგომარეობის გაუარესება (Buraway, 1997).

4.2.9 დასკვნის სახით:

▲ზევით დაბრუნება


აღმოსავლეთ აზიის, დასავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის და სხვა კუთხეების ქვეყნებმა გვიჩვენეს, რომ არსებობს მრავალი გზა, რომელთა მეშვეობითაც მთავრობები და კომპანიები შეძლებენ თანამშრომლობას. სოციალიზმისა და კაპიტალიზმის შერწყმა ჩვეული სურათი ხდება.

5 ტერმინებისა და პიროვნებების საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანური კაპიტალი 37

ადამ სმითი 16

ალტერნატიული დანახარჯი 10

გარეგანი ეფექტი 16

გლობალური ეკონომიკა 53

დემოკრატიული სოციალიზმი 59

ეკონომიკა 7

ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი 20

ეფექტიანობა 9

ზღვრული ცვლილებები 11

თანასწორობა 9

ინფლაცია 18

კაპიტალიზმი 54

კომუნიზმი 57

ლიბერალური კაპიტალიზმი 56

მაკროეკონომიკა 27

მიკროეკონომიკა 27

მშპ 34

მწარმოებლურობა 18

ორგანიზებული კაპიტალიზმი 56

პოსტფორდიზმი 51

რაციონალური ადამიანი 11

საბაზრო ეკონომიკა 14

საბაზრო ჩავარდნა 15

საბაზრო ძალაუფლება 16

საკუთრების უფლება 15

საქმიანი აქტივობის ციკლი 19

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი 23

სახელმწიფო კაპიტალიზმი 60

სოციალიზმი 56

სოციალური ინფრასტრუქტურა 42

სოციალური კაპიტალი 42

სტიმული 12

ფორდიზმი 50

შეზღუდულობა 7

შობადობის საერთო კოეფიციენტი 38