The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა

გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა
Other name:Politicys  (Pseudonym)
ოდიშელია  (Pseudonym)
სტამბოლელი  (Pseudonym)
წკიპურტი  (Pseudonym)
Date of birth:23 April, 1869
Date of death:20 January, 1941  (at 71 years)
Burial location:პარიზი, ბატინიოლის სასაფლაო
Category:Lawyer, Founding member, Lawyer, Writer, Political Leader, Publicist, Public Figure

Biography

    გიორგი გვაზავა დაიბადა 1869 წლის 23 აპრილს (ძვ. სტ.) სენაკის მაზრის სოფელ სუჯუნაში ვაჭრის ოჯახში. ადრე დაობლებული დედის ძმამ ბლაღოჩინმა შალამბერიძემ აღსაზრდელად სოფელ ნოქალაქევში წაიყვანა. პირველდაწყებით განათლება ნოქალაქევსა და მარტვილში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიასა და მე-2 გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრებისთანავე მოსკოვში გაემგზავრა და ჩააბარა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო "კავკასიის სტიპენდიანტი". მოსკოვის შემდეგ სწავლა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტში, სადაც დაარსა სტუდენტური გაერთიანება "თავისუფლების ლიგა".

    XIX ს–ის 90-იანი წლებიდან სამშობლოში ბრუნდება და ცხოვრობს თბილისში, მუშაობა დაიწყო ადვოკატად და ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობას, სისტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსა და სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს სხვადასხვა  ფსევდონიმებით.

   1906 წელს თანამოაზრეებთან ერთად დაარსა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია.   1907 წლის ივნის-ოქტომბერში ესწრებოდა ჰააგის მე-2 კონფერენციას, რომელსაც ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად წარუდგინა მემორანდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.იმავე წელს ვარლამ ჩერქეზიშვილთან და მიხაკო წერეთელთან ერთად გამოსცა ჟურნალი "Грузинская мысль", რომელიც ცენზურამ აკრძალა  და  თავად გიორგი გვაზავა მთავრობის საწინააღმდეგო კორესპონდეციებისათვის 1911 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

    1909 წლიდან გიორგი გვაზავა იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის განავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში.

    1912 წელს გიორგი დაქორწინდა ნინო ჩერქეზიშვილზე. 1917 წელს მან რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი "საქართველო საერთაშორისო თვალსაზრისით", სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერება ჰქონდა დასაბუთებული. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გიორგი გვაზავა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნული საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის წევრი, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიების მუშაობაში.

    1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი და ტრაპიზონის, ბათუმისა და სტამბოლის საზავო მოლაპარაკებების მონაწილე-დელეგატი. 

    1918 წლის 26 მაისს გიორგი გვაზავამ ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა პარიზში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გახლდათ ინტერპარტიული ცენტრის ე.წ. „საერთო ფრონტის“ შემადგენლობაში და თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან.

   1926 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტის“ ე.წ. „პრომეთეისტული“ ორგანიზაციის საქმიანობაში,  1926-1939 წწ. ფრანგულ ენაზე გამოსცემდა ჟურნალ "პრომეთეს". ემიგრაციაში ცხოვრებისას აგრძელებდა პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. იგი გახლდათ ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე.

  1929 წელს პარიზში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ჟოლიო დე კრებიონის ტრაგედია "რადამისტი და ზენობია" სათაურით "ფარსმან მეფე ივერიისა". ასევე თარგმნა პასინის "მითრიდატი", ექსილეს "მიჯაჭვული პრომეთე". 1938 წ. პარიზში გამოიცა გიორგი გვაზავას მიერ ფრანგულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის" პროზაული ვარიანტი.

    1929-1938 წწ. პარიზში გიორგი გვაზავას რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის გაზეთი "საქართველო", სადაც სხვადასხვა ფსევდონიმებით ბეჭდავდა წერილებს.

     გიორგი გვაზავა გარდაიცვალა 1941 წლის 20 იანვარს პარიზში და დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: