The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე

სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე
Other name:Старый  (Pseudonym)
მოხუცი  (Pseudonym)
სილვა  (Pseudonym)
Date of birth:1859
Date of death:17 February, 1922  (at 63 years)
Burial location:ვერის რუსული სასაფლაო
Category:Founding member, Politician, Publicist

Biography

     სილიბისტრო ჯიბლაძე დაიბადა 1859 წელს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ამაღლებაში, სასულიერო პირის ოჯახში.

    1872 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შევიდა, რომელიც 1879 წელს  წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მეექვსე კურსზე ყოფნისას, აკრძალული ლიტერატურის შენახვის გამო, რექტორის,  დეკანოზ ჩუდეცკის გადაწყვეტილებით სილიბისტრო ე. წ. „მგლის ბილეთით“ სემინარიიდან გარიცხეს, რის გამოც მან ჩუდეცკი სემინარიის შენობაშივე თმით ათრია და სცემა. სილიბისტრო დააპატიმრეს და ორი წლით ხარკოვის „გამასწორებელ რაზმში“ გაამწესეს, ხოლო შემდეგ კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს ვადა. 1889 წელს გათავისუფლდა და ჯანმრთელობაშერყეული თბილისში დაბრუნდა.

     1893 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფების მუშაობაში ჩაერთო და მალე მათი ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. ამ დროიდან იგი თანამშრომლობდა პრესაში და აქვეყნებდა პუბლიცისტურ და პოლემიკურ წერილებს.

    1897 წლიდან სილიბისტრო მუდმივად თბილისში ცხოვრობდა და კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მატერიალური საწყობის გამგედ მუშაობდა. 1898 წელს  სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტფილისის კომიტეტის წევრად, ხოლო შემდეგ თავმჯდომარედ აირჩიეს. ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფაქტობრივად ლეგალური ორგანოს - ჟურნალ „კვალის“ რედაქციის საორგანიზაციო ნაწილს.

     1900 წლიდან სილიბისტრო ჯიბლაძე გახლდათ „იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    1900 წელს  სილიბისტრო ჯიბლაძე პეტერბურგში გაემგზავრა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ცენტრთან კავშირის დასამყარებლად. 1901 წელს იგი  ჟანდარმერიამ დააპატიმრა თბილისიდან გორში გაასახლა, სადაც მან ვასო ცაბაძესთან ერთად ხელოსანთა შორის არალეგალური ორგანიზაციები ჩამოაყალიბა და გორის მაზრის გლეხთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციაც შექმნა. ამავე წელს იგი გორიდან გურიაში გადაასახლეს, სადაც გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორი გახდა.

     1903 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე დააპატიმრეს და ქუთაისისა და ფოთის ციხეებში ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ ხუთი წლის ვადით ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1905 წლის გაზაფხულზე ამნისტიით დაბრუნდა და პარტიაში დაწყებული განხეთქილების შემდეგ „მენშევიკების“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა იგი აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. რევოლუციის დამარცხებისა და „რეაქციის“ დაწყების შემდეგ ხელმძღვანელობდა ტერორისტული აქტების განხორციელებას სადამსჯელო ოპერაციების მეთაურების და ორგანიზატორების წინააღმდეგ. შემდგომ წლებში განაგრძობდა პარტიულ მუშაობას თბილისში და ხელმძღვანელობდა პარტიული პრესის გამოცემებს, მუდმივად იყო პარტიის ცენტრალური ორგანიზაციების წევრი.

     1909 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე პარიზში გამართულ რსდმპ კონფერენციაზე თბილისის ორგანიზაციის დელეგატისა და რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრის სტატუსით, გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილეობდა. ამავე წელს ჟანდარმერიამ იგი თბილისში დააპატიმრა და თბილისის გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით ხუთი წლით დონის როსტოვში გადაასახლეს, საიდანაც მალევე გაქცევა მოახერხა და არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში.

    1914 წელს, გადასახლების ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და თბილისისა და ჭიათურის პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობდა. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ციხეში არ ჩასვეს და მუდმივად პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

     1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. არჩეული იყო  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

    1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და  იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს.

     1919 წლის 12 მარტს სილიბისტრო ჯიბლაძე საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და როგორც უხუცესმა წევრმა, მისასალმებელი სიტყვით,  საზეიმოდ გახსნა დამფუძნებელი კრების სხდომა.

     1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ თბილისში დარჩა და დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება. იგი გახლდათ ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად პარტიებს შორის ერთიანი ფრონტის შექმნისათვის მოლაპარაკებების დაწყების მთავარი ინიციატორი.

     1921 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრა და მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო მალევე გაათავისუფლეს.

    სილიბისტრო ჯიბლაძე 1922 წლის 17 თებერვალს გულის უკმარისობით გარდაიცვალა კონსპირაციულ ბინაში. დილით გადაასვენეს საკუთარ ბინაზე, თუმცა, მეორე დღეს „ჩეკას“ წარმომადგენლებმა ოჯახს მისი ცხედარი მოსტაცეს და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაასაფლავეს, სავარაუდოდ, ვერის რუსულ სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • თბილისის ქალაქის საბჭო, ხმოსანი (1919-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "მენშევიკების" ფრაქციის წევრი (1905-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრი (1903-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე (1898-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ცენტრალური კომიტეტის წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

Share: