The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი (ლალიონი)

არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი
Other name:ლალიონი  (Pseudonym)
Date of birth:23 January, 1866
Date of death:18 September, 1918  (at 52 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator, Public Figure

Biography

    არსენ მამულაიშვილი დაიბადა 1866 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში, მეტად ღარიბ ოჯახში. წერა–კითხვა უფროსმა დამ შეასწავლა, ხოლო შემდეგ ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ, მძიმე ეკონომიური პირობების გამო, მხოლოდ 1885 წელს ახერხებს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩაბარებას.

     1889 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსების დამთავრების შემდეგ არსენ მამულაიშვილი დანიშნული იქნა აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის სამოქალაქო სკოლის მასწავლებლად. შექმნილი პოლიტიკური ვითარების წყალობით ახალგაზრდა პედაგოგი იძულებული იყო სამშობლოს გარეთ ემსახურა. 1893 წელს მთავრობის განკარგულებით არსენი გადაყვანილი იქნა ნახჭევანის იმავე ტიპის სკოლის მასწავლებლად, სადაც მან 1897 წლამდე დაჰყო. ხელმოკლეობით, მძიმე შრომითა და მისთვის აუტანელი კლიმატური პირობების გამო ჯანგატეხილი პედაგოგი და უკვე ცნობილი მწერალი მეგობრებისა და მოწინავე ქართველი საზოგადოების დახმარებით თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად იწყებს მუშაობას.

    ლალიონის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა მოთხრობა "ფირალი დავლაძით" დაიწყო, რომელმაც ქართული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ყურადღება მიიქცია. ჯერ კიდევ 1896 წელს გრიგოლ ყიფშიძემ "ფირალი დაბლაძე" მშვენიერი ქართულით დაწერილ, ჩვენი საჭირბოროტო საგნისა და ახალი ტიპის დამხატველ მოთხრობად აღიარა, ხოლო მისი ავტორი ეგნატე ნინოშვილის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნია. პუბლიცისტმა ალექსანდრე წულუკიძემ ლალიონის ეს მოთხრობა თავის კრიტიკულ წერილში ახალი ქართული მხატვრული პროზის საუკეთესო მაგალითად აღიარა. არსენ მამულაიშვილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები: "რაქვიანა", "მშობლები", "ეფემიას ოცნება", "ბეჟუკას ხვედრი", დამშვიდება" და სხვა.

    1900–იან წლებში ივანე გომელაურის თანამშრომლობითა და შემწეობით მამულაიშვილმა თბილისში კერძო სკოლა პანსიონი დააარსა, რომლის მიზანი იყო სკოლის მხოლოდ ქართველი ბავშვებით დაკომპლექტება და ყველა საგნის ქართულ ენაზე სწავლება. არსენმა დიდი ბრძოლებითა და შეხლა–შემოხლით თავისი მიზანი განახორციელა, მაგრამ სამი წლის შემდეგ სკოლა მაინც დაიხურა თავად კი უსამსახუროდ დარჩა. 1906 წელს არსენ მამულაიშვილს აღუდგინეს მასწავლებლობის უფლება და თბილისში, ვერის პირველ უმაღლეს–დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.

     არსენ მამულაიშვილი გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

Bibliography


Share: