The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



რაჟდენ მათეს ძე არსენიძე

რაჟდენ მათეს ძე არსენიძე
Other name:არ. რაჟდენიძე  (Pseudonym)
მიშა  (Pseudonym)
რ. არიოსი  (Pseudonym)
რაჟდენ  (Pseudonym)
Date of birth:28 September, 1880
Date of death:24 May, 1965  (at 84 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Lawyer, Politician

Biography

       რაჟდენ არსენიძე დაიბადა 1880 წლის 28 სექტემბერს (ძვ. სტ.) ქუთაისის მაზრის სოფელ სოჩხეთში მედავითნის ოჯახში. ანბანი და დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ორი წელი სოფლის სამრევლო სკოლაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ, მასწავლებლის რჩევით, მამამ სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, მოგვიანებით კი სემინარიაში გაგზავნა 6 წლით, სადაც ხაზინის ხარჯზე სწავლობდა. სემინარიაში სწავლის პერიოდში არსენიძე აქტიურად ჩაერთო სოციალ-დემოკრატების არალეგალური წრეების მუშაობაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ 6 თვის შემდეგ, 1901 წელს სტუდენტების პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო, პირველად დააპატიმრეს და როგორც გამოუსწორებელი მეამბოხე სასწავლებლიდან გარიცხეს. ამ დროიდან მოყოლებული იგი კიდევ უფრო დაინტერესდა სოციალისტური იდეებით.

    1902 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადასახლდა და მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციაში. პარალელურად ჟურნალ "კვალის" რედაქციაში, დიომიდე თოფურიძის ხელმძღვანელობით, ჯერ რედაქციის წერილების განყოფილების თანამშრომლად, ხოლო  („კანტორშჩიკად“), შემდეგ პუბლიცისტად მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც რაჟდენ არსენიძემ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საბუთები გამოითხოვა, ტაშკენტში ადმინისტრაციული წესით გადასახლება გამოუცხადეს. კატორღისთვის თავის არიდების მიზნით, შეცვლილი გვარით (იაშვილი) გაიქცა ბათუმში და არალეგალურად ცხოვრება დაიწყო. იატაკქვეშა საქმიანობისას სარგებლობდა სხვადასხვა ყალბი გვარით (იაშვილი, გელეიშვილი, ჭიპაშვილი და ა.შ.) და მეტსახელით - მიშა.

    1904 წელს რაჟდენ არსენიძე ყალბი გვარით მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მას ხშირად აპატიმრებდნენ. როგორც თავად ირონიულად შენიშნავდა, "ნიკოლოზის ხაზინა არჩენდა და უზრუნველყოფდა საჭმლით, სახლით და უსაფრთხო მოგზაურობით".

     1905 წლისთვის რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ბათუმსა და დასავლეთ საქართველოში. 1906 და 1910 წლებში თბილისში სამართალში იყო მიცემულიდაპატიმრებებს შორის - 1908-1912 წლებში მან მოახერხა დაბრუნებოდა უნივერსიტეტს და დაესრულებინა იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ვექილთა თანაშემწეების კორპორაციაში ჩაეწერა, თუმცა 1913 წლის 29 აპრილს (ძვ. სტ.) მალევე დააპატიმრეს და ჯერ პეტროგრადის ციხეებში იჯდა, ხოლო შემდეგ ციმბირში, ირკუტსკის გუბერნიაში ხუთი წლის ვადით გადაასახლეს.  1917 წლის თებერვლის რევოლუციამ გადასახლებაში მოუსწრო და იგი თბილისში დაბრუნდა. 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რაჟდენ არსენიძე აქტიურად ჩაერთო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საქმიანობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

    1917 წელს იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. ამავე წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და პარტიის ცენტრალური ბეჭდვითი ორგანოს "ერთობის" რედაქტორი.

    1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრია.  1918 წლის 26 მაისს მისი თანამონაწილეობით შემუშავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი, რომელსაც ეროვნული საბჭოს წევრის სტატუსით მოაწერა ხელი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. გახლდათ საკონსტიტუციო და იურიდიული კომისიების თავმჯდომარე და სარეგლამენტო, სარედაქციო და ხელოვნების კომისიის წევრი.

    1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა.

    1921 წლის 17 მარტს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ  რაჟდენ არსენიძე, დამფუძნებელი კრების დადგენილების თანახმად, როგორც მთავრობის წევრი, ემიგრაციაში წავიდა.

     1921-1923 წლებში ცხოვრობდა სტამბოლში, იყო სტამბოლის პოლიტიკური კომისიის წევრი და ჟურნალ "თავისუფალი საქართველოს" რედაქტორი.

    1923 წლიდან საფრანგეთში გადასახლდა, სადაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს მდივანი გახლდათ. 1925 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ "ბრძოლას".

    1925 წლიდან, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ემიგრანტულ წრეებში დაწყებული განხეთქილების შემდეგ, ხელმძღვანელობდა ოპოზიციურ ჯგუფს ირაკლი (კაკი) წერეთელთან ერთად. იყო ჟურნალ "სოციალისტური აზრი"-ს რედაქტორი.

     1949 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ჟურნალ "ჩვენი დროშის" აქტიური თანამშრომელი იყო, ხოლო 1930-1960 წლების განმავლობაში იკვლევდა ქართული სამართლის ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებს.

    1951 წლიდან თანამშრომლობდა ქართული ეროვნული საბჭოს გამოცემა "მებრძოლ საქართველოსთან". 1953 წელს ბოლშევიზმისაგან განმათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის (ყოფილი რუსეთის ხალხების განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი) ორგანიზებით მიუნხენთან რადიო "ევროპის გათავისუფალებამ" (შემდგომ რადიო "თავისუფლება") მაუწყებლობა დაიწყო, რომლის ქართული სექციის რედაქტორად რაჟდენ არსენიძე დაინიშნა და ამ მოვალეობას იგი 1962 წლამდე ასრულებდა.

     1962 წლიდან ცხოვრობდა ლევილის ქართულ მამულში.

    რაჟდენ არსენიძე გარდაიცვალა 1965 წლის 24 მაისს და დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.


Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1909-)

Share: