The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კირილე იესეს ძე ჯავახია

კირილე იესეს ძე ჯავახია
Other name:კ. წ–ს–ლელი  (Pseudonym)
კირილე წუთისოფლელი  (Pseudonym)
სორტელი სტუმარი  (Pseudonym)
Date of birth:9 June, 1871
Date of death:1 September, 1945  (at 74 years)
Burial location:სენაკი
Category:Educator, Religious leader, Writer

Biography

   კირილე ჯავახია დაიბადა 1871 წელს სენაკის მაზრის სოფელ გურძემში. მან წარმატებით დაამთავრა ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლის კურსი და თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. მასზე, როგორც მომავალ ბელეტრისტზე დიდი გავლენა მოახდინა შესანიშნავმა მასწავლებელმა და ნიჭიერმა პროზაიკოსმა ვასილ ბარნოვმა, რომელიც იმ ხანებში სენაკის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

    კირილე ჯავახია სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოს სოფლებში და მიუხედავად წინააღმდეგობებისა ენერგიულად განაგრძობს მასწავლებლობას დაწყებით სკოლებში, გამოდის ახალი სკოლების დაარსების ინიციატივით, ახერხებს გლეხების დარაზმვასა და აქტიურად ჩაბმას სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში და საიმედო ავტორიტეტი ხდება სოფლის ღარიბი მოსახლეობისათვის. მის სასკოლო–პედაგოგიურ მოღვაწეობაში აღსანიშნავია ქართული ენის დაცვა იმდროინდელ სამეგრელოს სკოლებში. ამასთანავე, როგორც მწერალი–ბელეტრისტი და კორესპონდენტი აქტიური თანამშრომელი იყო იმდროინდელი ქართული პერიოდიკისა, სადაც ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს.

    კირილე ჯავახია, მსგავსად ქართულ ლიტერატურაში ცნობილი სახელმოხვეჭილი ავტორისა, ერთხანს მღვდელიც იყო, რათა ხელისუფლების თვალში საეჭვო პირად არ გამოჩენილიყო. კირილე ჯავახია საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რომ "წუთისოფლელი" მისი ფსევდონიმი იყო. მწერალმა თავის სიცოცხლეში არ ისურვა ფსევდონიმების ("კირილე წუთისოფლელი", "კ. წ–ს–ლელი", "სორტელი სტუმარი" და სხვ.) გახსნა.

    კირილე წუთისოფლელი სამწერლო ასპარეზზე 90–იანი წლებიდან გამოჩნდა. მის დაბეჭდილ თხზულებათაგან აღსანიშნავია: ისტორიული მოთხრობა "მოჯალაბე", "კონსტანტინე დადეშქელიანი", "სააღდგომო კაბა", "დატანჯული მნათობი" და პატარ–პატარა ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვა, დაუბეჭდავებიდან კი: "ლევანის დრო", "ტახტის დამხობა", "ოლიკო" და "ორი დედა".

      მწერალს მასწავლებლობისთვის სიკვდილამდე არ დაუნებებია თავი. მხცოვანი მოღვაწე საბოლოოდ ახალსენაკში დამკვიდრდა, სადაც მისთვის ჩვეული ენერგიითა და ნაყოფიერებით განაგრძობდა სწავლა–აღზრდისა და მწერლობის სამსახურს.

   კირილე ჯავახია გარდაიცვალა 1945 წელს და დაკრძალულია სენაკში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)

Bibliography


Share: