The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი

გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი
ოფიციალური სახელი:გიორგი ივანეს ძე გველესიანი
სხვა სახელი:გ. გ-ნი  (ფსევდონიმი)
გ. გვ-ი  (ფსევდონიმი)
გრ. გვ-იანი  (ფსევდონიმი)
ძველი მეთვალყურე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 1926  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    გრიგოლ გველესიანი დაიბადა 1870 წელს ქუთაისში, ივანე გველესიანის შეძლებულ ოჯახში, სადაც  ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს ქართული წიგნის სიყვარული. გრიგოლის ბებია, მარიამ მირიანაშვილი, მწიგნობარი ქალბატონი ყოფილა, რომელმაც აუარება ძველი ხელნაწერი დატოვა. მათ შორის, საკუთარი ხელით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ და სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონი. პირველდაწყებითი განათლება ალ. ჭიჭინაძის დაწყებითი სკოლაში მიიღო, რომლის დამთავრების შედეგ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიაში ჩააბარა. ქართული ლიტერატურისადმი დიდი მისწრაფება ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გამოამჟღავნა: აგროვებდა  ძველ ხელნაწერებს, ქართული წიგნების იშვიათ გამოცემებს და შექმნა ძვირფასი ბიბლიოთეკა. გიმნაზიის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1895 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

   გიორგი გველესიანი საქართველოში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. ქართულმა საზოგადოებამ იგი პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალებით გაიცნო. დაიბეჭდა ლერმონტოვისა და კრილოვის თარგმანები, ხოლო პირველი პუბლიცისტური წერილი - „ უნივერსიტეტის დაარსების გამო ჩვენში“, ილია ჭავჭავაძეს მოსკოვიდან გამოუგზავნა, რომელიც 1890 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა. თბილისის უნივერსიტეტის დაარსების პირველი სხდომა ივანე ჯავახიშვილმა სწორედ გრიგოლ გველესიანის სახლში გამართა.

   1900 წელს გრიგოლი ქუთაისის ქალაქის საბჭოს გამგეობის წევრად აირჩიეს, ხოლო 1905 წელს ქალაქის თავის მოადგილედ. რევოლუციის წლებში მისი ოჯახი იმდენად ქმედითად ჩაერთო საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა დაარბია და გადაუწვა მამაპაპისეული სახლი და მდიდარი ბიბლიოთეკა. გრიგოლი იძულებული გახდა ჯერ სამეგრელოში დამალულიყო, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში იგი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა: დაამთავრა სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა, გაიცნო გამოჩენილი რევოლუციონერი ჟან ჟორესი, თანამშრომლობდა გაზეთ „იუმინატეში“, სხვა ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში აშუქებდა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პრობლემებს, სწავლა-განათლების საკითხებს და ა.შ. ექვსი წლის შემდეგ გველესიანების ოჯახი, როგორც იქნა, სამშობლოში დაბრუნდა.

   გრიგოლ გველესიანმა ღრმა კვალი დატოვა თავისი პუბლიცისტური მოღვაწეობით. იგი სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ცნობის ფურცელი“, „ივერია“, „კვალი“, „კოლხიდა“, „სახალხო საქმე“, „ერი“, „ჩვენი ერი“, „მეგობარი“, „ჩვენი მეგობარი“, „იმერეთი“ და სხვა გამოცემებში. მის წერილებში კარგად იყო შერწყმული განსწავლულობა, კრიტიკოსის ლიტერატურული გემოვნება და ალღო.

    გრიგოლ გველესიანის მონაწილეობითა და დახმარებით საძირკველი ჩაეყარა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტს, რომლის ირგვლივ შეიკრიბნენ ცოდნის შეძენის წყურვილით გატაცებული ადგილობრივი რევოლუციური მუშაკები. გველესიანის სახლი ერთ-ერთ გამაერთიანებელ ცენტრს წარმოადგენდა ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მუშაობისთვის, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა მისი მეუღლეც მელანია გველესიანი. გრიგოლი დიდი ყურადღებით ეპყრობოდა წიგნების გამომცემელ საზოგადოებას. იგი აქტიურად მონაწილეობდა ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, იქნებოდა ეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება თუ ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შექმნა.

   1918 წლიდან გრიგოლ გველესიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში მუშაობდა. გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და მას, როგორც ღრმად განსწავლულ იურისტს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაევალა და ეს დავალება მან წარმატებით შეასრულა, მაგრამ დიდმა ჰუმანისტმა სიკვდილი, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, კონსტიტუციის პროექტში არ შეიტანა, რაზეც ნოე ჟორდანიას შეუნიშნავს: „გრიგოლ, ჩვენ მონასტრებს არ ვაშენებთ“-ო. ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, გრიგოლ გველესიანს თავისი პოზიცია არ შეუცვლია. შემდეგ კონსტიტუციის პროექტი დაამუშავა პავლე საყვარელიძემ, რომელმაც სავსებით გაიზიარა გველესიანის შეხედულება.

   1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია. იყო ჯერ სენატის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო შემდეგ თავმჯდომარე. მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში.

   1921 წლის თებერვალში გრიგოლ გველესიანმა უარი განაცხადა ემიგრაციაში წასვლაზე. გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. სიცოცხლის ბოლოს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობდა.

   გიორგი გველესიანი გარდაიცვალა 1926 წლის 17 იანვარს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, ერთ-ერთი ლიდერი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: