The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი

იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი
დაბადების თარიღი:1855
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1944  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

   იაკობ მანსვეტაშვილი დაიბადა 1855 წელს სოფელ ნორიოში, გარდაიცვალა 1944 წელს.

   მანსვეტაშვილმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.

   1886–1890 წლებში იყო გაზეთ "ივერიის" მუდმივი თანამშრომელი. წერდა ფელეტონებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებსა და ნარკვევებს "ალექსანდრიძის", "დონ–იაგოს", "ბარელისა" და სხვა ფსევდონიმებით. თანამშრომლობდა ჟურნალ "ჯეჯილსა" და "მოამბეში".

   იაკობ მანსვეტაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მდივანი.

   საინტერესოა მისი "მოგონებანი", რომელიც დაწერა 1936 წელს და რომელშიც აისახა XIX საუკუნის 70–90 წლების მნიშვნელოვანი ისტორიულ–სოციალური და კულტურულ–ლიტერატურული მოვლენები.  ასევე მოხსენიებულია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და იმ დროს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ავტორმა პირუთვნელად და მოხდენილად დაახასიათა თავისი დროის ბევრი საზოგადო მოღვაწე.

   აღსანიშნავია ისიც რომ იაკობ მანსვეტაშვილი მსახურობდა, ილია ჭავჭავაძის მიერ, 1912 წელს, დაარსებულ ბანკში. იგი ბაქოში მოღვაწეობისას არაერთ ქართულ საქმეს დასდგომია გვერდით. მანსვეტაშვილი დახმარებას უწევდა გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილს, რომელსაც მისი პირადი ანგარიშიდან ყოველთვიურად 25 მანეთი დაუნიშნა სტიპენდიის სახით. გარდა ამისა, იაკობის თხოვნით ბაქოს ნავთობ მრეწველთა გამგეობისგან, კონსტანტინეს გადაეცა დახმარება, 2000 მანეთის სახით.

   1887 წელს იაკობ მანსვეტაშვილს ევალებოდა სოფელი დიდი თონეთის სკოლის შემოწმება. სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იმ დროს იყო ვაჟა ფშაველა. სკოლის შემოწმების შემდეგ მან აღნიშნა: " სასიამოვნო სანახავი იყო ღია, მხიარული, ცოცხალი სახე ყმაწვილებისა, მასწავლებელს თამამად ეპყრობიან, ამასთანავე დისციპლინაც დაცულია, ეტყობა მასწავლებელს შიშით კი არა სიყვარულით მოუნადირებია თავისკენ. ყმაწვილები ფიქრობენ და პასუხსს ისე აძლევენ და არა თუთიყუშებივით დაუზეპირებიათ."

   იაკობ მანსვეტაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1887-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების საპატიო წევრი (1912-)

გააზიარე: