The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ პეპუს ძე მეუნარგია

მიხეილ პეპუს ძე მეუნარგია
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1827
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1904  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მეუნარგია მიხეილ პეპუს ძე (11.02.1827, სოფ. ცაიში, სამეგრელოს სამთავრო _ 28.03.1904, იქვე) _ დეკანოზი. დაიბადა ცნობილი ხატმწერის, აზნაურ პეპუ მეუნარგიასა (1791-1851) და გუქიტი ბეჟანის ასულ (1796-1863) ოჯახში. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებულს ბავშობიდანვე ღრმად უნერგავდნენ სამშობლოსა და ღვთის სიყვარულს, რამაც შემდგომში განსაზღვრა კიდევ მისი ცხოვრება. 17 წლის ასაკში იგი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ორი კლასი გაიარა. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი საირმის მონასტერში შეისწავლა, როგორც თავადვე გვამცნობს თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში: `უდაბნოში ვიყავ ორ წელს მოსწავლეთო~. 1846 წლის 30 აპრილს ჯვარი დაიწერა სუსანა ეგნატეს ასულ გაწერელიაზე (1825). ჰყავდათ ოთხი შვილი: მარიამი/მენიკი (1847, გათხოვილი სურამელ მიხეილ გურგენიძეზე), მართა/დარიკო (1848, გათხოვილი რაჭველ აზნაურ გიორგი მელაძეზე), იონა (26.11.1852 _ 15.05.1919, ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი), ბარბარე (1853-1874).  1846 წლის 12 სექტემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1850 წლის 22 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1851 წლის 2 თებერვალს ზუგდიდის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1855 წლიდან სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) ამავე ოლქის მთავრხუცესად დაადგინა. ეპისკოპოს თეოფანეს მმართველობის დროს ცაიშის მონასტერში დაცული ისტორიული სიგელებისა და წიგნების გადატანა გადაწყდა მარტვილის საკათედრო ტაძარში და ეს საქმე მამა მიხეილს დაევალა. მოძღვარმა არ დაიზარა და ეს დოკუმენტები გადაწერა, რითაც დიდი საქმე გასწია, რადგან შემდგომში ამ დოკუმენტების ნაწილი დაიკარგა. აი, რას წერდა იგი ამ სიგელ-გუჯარების პირების წინასიტყვაობაში: `განკარგულებითა ყ(ოვლა)დ სამღვდელოს, მენგრელიის ეპისკოპოსის თეოფანესითა ყოველნი ქონებულნი ცაიშის სობოროსადმი გუჯარნი და სიგელნი შეწირულობათანი ერთბამად წაღებულ იქმნენ მარტვილის საკათედროსა სობოროსა შინა და კეთილსაიმედოდ იყვებიან ისინი მუნ, ხაზინასა შინა. რომელთა გადმოწერა და ერთ წიგნად შედგენა საჭიროდ შევრაცხე, რათამცა პირი ესე იცვებოდეს ცაიშის სობოროში და დროსა საჭიროებისა ხელმძღვანელ გვექმნეს ადგილობრივთა მზრუნველთა~.  1859 წლის 1 იანვარს (1853-1856 წლებში ყირიმის ომში გამოჩენილი (მზრუნველობა დაჭრილებზე) ქველმოქმედებისათვის ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1859 წლის 29 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 19 აგვისტოს წმ. სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1861 წლის 15 ოქტომბერს სკუფია უბოძეს. 1866 წლის 3 აგვისტოს კამილავკა ეწყალობა. XIX ს-ის 60-იან წლებში სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) დავალებით ოთხი სამთავარხუცესო ოლქის აღწერა დაევალა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. 1871 წლის 26 ივნისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1876 წლის 26 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1880 წლის 29 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1881 წლის 26 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიაში ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე ძმობის კომიტეტში ჩაირიცხა. 1883 წლის 13 ივნისს (1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს) დაჭრილთა მომსახურებისათვის წითელი ჯვრის მედლით დააჯილდოვეს. 1884 წლის 29 ივნისს წმ. ანას II ხარისხის, ხოლო 1888 წლის 30 აგვისტოს წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1885 წელს სამეგრელოს მთავრის მემკვიდრემ ნიკო დავითის ძე დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომლის ჩასაბარებლად ილია ჭავჭავაძე ამა წლის 29 მარტს ჩავიდა სოფელ გორდში, სადაც ჩაიბარა ხელნაწერები. მთელი აპრილის თვე დარჩა სამეგრელოში ილია ჭავჭავაძე და ეცნობოდა იქაურ ხელნაწერებს, ეკლესიებს და იქ დაცულ სიწმინდეებს. ამ მგზავრობაში ილიას თან ახლდა დეკანოზ მიხეილის ვაჟი იონა, რომელმაც ქართველი მგოსანი სოფელ ცაიშშიც მიიწვია. საპატიო სტუმრების მისაღებად მამა მიხეილმა თადარიგი დაიჭირა და ღირსეული მასპინძლობა გაუწია მათ. ილიამ მოილოცა ცაიშის უძველესი ტაძარი. მას დიდად მოსწონებია ტაძრის მოვლილობა, სისუფთავე, მასში დასვენებული ძველი ნივთები და ხატები. მეორე დილას ეზოში გაშლილ ტრაპეზზე ილიას უთქვამს: `სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო~. ამ სტუმრობის შემდეგ დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას ოჯახში მუდამ ეკიდა ილია ჭავჭავაძის სურათი. XIX ს-ის 80-იან წლებში დეკანოზი მიხეილი ზუგდიდის მაზრის სასოფლო და საეკლესიო სკოლებისათვის, მასწავლებელთა თხოვნით, აარსებს სახელმძღვანელო წიგნების საწყობს, საიდანაც წიგნების გაცემა ხდებოდა პირვანდელი ღირებულებით. ასევე მისი დიდი ღვაწლისა და მეცადინეობის შედეგად ცაიშში დაფუძნდა ახალი სკოლა. აი, რას წერდა ამის შესახებ ჟურნალი `მწყემსი~ მე-8 ნომერში: `10 თებერვალს სოფელ ცაიშში აკურთხეს ახალი სკოლის შენობა. სკოლისათვის იყიდეს ერთი კაზარმა, რომელიც აქ უქმად იდგა. ბლაღოჩინმა, დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ სხვა კეთილ-პირების შემწეობით შეაგონა ხალხი, რომ ეს კაზარმა ეყიდათ. ხალხმა დაუჯერა თავის სულიერ მამას და იყიდა ეს შენობა 1325 მანეთად. მართალია, სოფლელებისათვის 1325 მანეთი დიდი ფულია, მაგრამ შენობაც კარგია: იგი ექსვი ოთახისაგან შესდგება. ადგილიც, თავისი მდებარეობითა და ჰაერით კარგია. სკოლის შენობის კურთხევა შეასრულა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე). პარაკლისზე დაესწრნენ: პრინცესა სალომე დადიანი, მისი მეუღლე პრინცი აშილ მიურატი, ზუგდიდის მაზრის უფროსი ბ. ჯაყელი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ბ. ქორქაშვილი, ადგილობრივი თავადაზნაურობა და მთელი ცაიშის გლეხობა. პარაკლისის შემდეგ დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ იქ დამსწრე პირთ მიმართა მეგრულ ენაზე ქადაგებით: `საყვარელნო შვილნო! თქვენ ყველანი ცაიშელნი ხართYდა საჭიროა იცოდეთ, თუ რანაირი იყო წარსული თქვენის სოფლის ცაიშისა და რა მდგომარეობაში არის ის დღეს. უწინდელ დროში ცაიში იყო საეპარქიო კათედრა. ცაისელი მიტროპოლიტებისგან ვრცელდებოდა და ითესებოდა ღვთის სიტყვა, სჯული და სარწმუნოება მთელს ნახევარ ოდიშში და სამურზაყანოში. ამ დროებში ცაიში ჰყვაოდა სწავლა-განათლებით. აქ იყო სასწავლებელი, სადაც იღებდნენ სწავლა-განათლებას აქაური თავადაზნაურნი, სამღვდელონი და გლეხობა; დღესაც ბლომად არიან სასულიერო პირნი, რომელთაც მიუღიათ განათლება ცაიშის სობოროში. დღეს მიმდინარეობს სამოცდა ორი წელი მას უკან, რაც უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ცაიშელი გარდაიცვალა და ამ დროიდგან იწყო კლება ცაიშის სობორომ, ჯერ კათედრა გაუქმდა და ბოლოს სწავლაც მოისპო მასში. ამ გვარად ძველად დიდებული სწავლა-განათლებით ჩვენი სოფელი ცაიში დადუმდა და მიეცა უფერულ ცხოვრებას და ღრმა ძილს. ჭეშმარიტად, დიდი სამწუხარო იყო ეს მისი მამულის შვილთათვის! მაგრამ შეგვეწია ღმერთი და ამა უკანასკნელ დროებში ცაიშმა იწყო ცოტ-ცოტად განახლება. დღეს, ამ ჩემ მოხუცებულობაში, მოვესწარი ერთკლასიანი სკოლის დაარსებას, რომელიც დღეს იკურთხა და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ნიმუში იქნება ცაიშის შემდეგი დიდებისა! სწავლა-განათლების საჭიროებაზე სიტყვას არ გავაგრძელებ. დღეს, ღვთის მადლით, ყველანი გრძნობენ, თუ რა საჭიროა სწავლა. მე მხოლოდ გეტყვით, რომ უსწავლელმა კაცმა არ იცის სჯული და სარწმუნოება, რომელნიც არიან დედაპატიოსნებისა და კეთილშრომისა, აგრეთვე უსწავლელი კაცი ვერ ცნობილობს თავის თავსა, მან არ იცის, თუ რისთვის მოსულა იგი ამ ქვეყნად და რაშია მისი დანიშნულება. სწავლა გაუნათლებს კაცს გონებას და აზრს. თქვენში მე დღეს ვხედავ ერთ კაი სანუგეშო მაგალითს. თუმც ყველა თქვენთაგანს არა ჰყავს შვილები, მაგრამ დღეს ნაკურთხი სკოლის ხარჯს თქვენ თანასწორად იხდით. დიახ, ეს კეთილი და ღვთის სასიამოვნო საქმეა. აბა რა ჰქნან ზოგიერთმა ღარიბმა პირებმა, რომელთაც არ შეუძლიათ დაუხმარებლად, საკუთარის საშვალებით გამოზარდონ თავიანთი შვილები. მერწმუნენით, ამნაირი ერთმანეთის დახმარება ღმერთსაც ესიამოვნება და სკოლასაც რიგიანად აღასრულებინებს თავის დანიშნულებას. უცხადებ ბოლოს თქვენ მაგიერ გულითად მადლობას იმ პატიოსან და ღვთის მოყვარე პირთა, რომლებიც დაგვეხმარენ სკოლის საქმეში და დღესაც დაგვესწრენ აქ სკოლის კურთხევაზედ. ღმერთსა ვსთხოვ, რომ დღეს ნაკურთხი სკოლა მუდამ იდგეს აქ და მოკლე ხანში გადაკეთებულიყოს ის ორკლასიან სასწავლებლად~. ბოლოს დეკანოზმა მიხეილმა პატივცემული სტუმრები მიიწვია თავის სახლში და ღირსეულად სცა მათ პატივი. ამ ამბავის გამოეხმაურა ვინმე `ერჩქინდია~ გაზეთ `ივერიის~ ფურცლებზე, სადაც ვკითხულობთ: `წელს ცაისშიაც გვეღირსა სკოლა. ცაიშში შეუერთდა თავადაზნაურობა გლეხობას და ერთად იყიდეს 1 500 მანეთად ქვის ყაზარმა, რომელიც იყო აშენებული 20 000 მანეთად, რუსის ჯარისათვის. იქირავეს მასწავლებლად საოსტატო სემინარიაში კურსდასრულებული ყმაწვილი კაცი და ამ სკოლასი სწავლობს ეხლა 170-მდე ახალგაზრდა. ამ ყმაწვილების სიმრავლიდან სჩანს, რა წყურვილი ჰქონიათ ცაიშელებს სწავლა-განათლებისა. ამ კეთილ საქმის მეთაური დეკანოზი მიხეილ მეუნარგია ღირსია გულითადის მადლობისა. სკოლის დაარსების დღეს დიდად გაიხარა ამ კეთილმა კაცმა და დიდძალ სტუმრებთან ერთად იდღესასწაულა სკოლის დაარსება. მოწვეულთ შორის იყვნენ პრინცი მიურატი და მისი მეუღლე პრინცესა სალომე დავითის ასული დადიანი~.1892 წლის 15 მაისს დეკანოზ მიხეილს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის ენქერის ტარების უფლება მიენიჭა. 1893 წლის 10 ივნისს ცაიშის საკათედრო ტაძარზე ათასი მანეთის შეწირვისათვის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1894 წლიდან, როდესაც ამოქმედდა ქუთაისის სასულიერო სემინარია, გახსნის დღიდან, ყოველწლიურად ეხმარებოდა ფინანსურად და მატერიალურად, თანაც მრავალ საქმეში თანადგომას უწევდა. 1896 წლის 14 მაისს წმ. სინოდის სიგელი გადაეცა. 1897 წელს განსვენებულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ხსენებასთან დაკავშირებით ვერცხლის მედალი უბოძეს. 1898 წლის 15 ივნისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უწყალობა. წლების განმავლობაში, ასრულებდა ცაიშის წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლის (გამგებლის) მმართველის მოვალეობას. 1902 წლის 29 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებამ იდღესასწაულა დეკანოზ მიხეილის 50 წლის იუბილე.  ამ დღეს ცაიშში შეიკრიბნენ მთელი ოლქის სამღვდელოება და ინტელიგენცია: პრინცესა სალომე დადიანი თავისი ქალით, ზუგდიდის მაზრის უფროსი ვ. კეგამოვი, ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ-შუამავალნი თავადი ზაალ ჭავჭავაძე და თავადი მ. დადიანი, მთავარხუცესი მღვდელი ანდრია ვახანია, სამრევლო სკოლების ზედამხედველი ტროფიმე ჯოხთაბერიძე და სხვ. ცნობილი სახეები. საღვთო ლიტურგია აღასრულა ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე), მღვდლების _ ოქროპირ ქირიას, ზოსიმე მაქაცარიასა და დიანოს კვარაცხელიას თანამწირველობით. წირვაზე გალობდნენ სამრევლო სკოლის მოსწავლენი სოლომონ გვასალიას ლოტბარობით. განიცადეზე იქადაგა არქიმანდრიტმა სვიმონმა, რომელმაც ასე დაახასიათა მოძღვარი: `როცა სამეგრელოს სამღვდელოება შეიკრიბებოდა სადმე და სჯა ჰქონდა საზოგადო საქმეზე, ყოველ კაცს ყური შენკენ ჰქონდა _ რას იტყვის დეკანოზიო და შენს სიტყვას ისმენდა და იჯერებდა კრებაო~. შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს მღვდლებმა: სამსონ თათარაშვილმა და გაბრიელ ჯიქიამ, რომელთაც კეთილი სიტყვებით შეამკვეს მხცოვანი დეკანოზი. ლიტურგიის დასასრულს, სამღვდელოებამ მამა მიხეილს ვერცხლის მთავარანგელოზ მიქაელის ხატი მიართვა სამახსოვროდ, რომლის შემდეგაც სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა იოანე ბობოხიძემ:`თქვენო მაღალ-ღირსებავ, დიდად პატივცემულო დეკანოზო მიხეილ! ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოება განუსაზღვრელი აღტაცებით ეგებება დღეს თქვენი მაღალ-ღირსების 50 წლის იუბილეს დღესასწაულს. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენ შეგისრულებიათ მძიმე მოვალეობა მოძღვრისა და ჩვენის უფროსისა, ისეთის კრძალულებით, პატიოსნებით, მართლმსაჯულებით და კეთილსინდისიერად, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს ყანაზე მუშაკთა შორის თქვენ დაიჭირეთ თვალსაჩინო და საპატიო ადგილი. უღრმესი სარწმუნოება, მოშიშებით ღვთისმსახურება, გაჭირვებულთა და დაჩაგრულთა შებრალება, ხოლო მჩაგვრელთა წინაშე შეუპოვრობა, სიმართლის პირდაპირ წარმოთქმა, პირმოუფერებლობა აგიღიათ თქვენ საგნად თქვენის მოქმედებისა და მიზნისა წარსულის საუკუნის მეორმოცდაათე წლებში და მას შემდეგ თუმცაღა გავიდა არა მცირე ხანი, თუმცაღა ბევრნაირად შეტრიალდა ჩარხი ჩვენის საზოგადოებისა და სამღვდელოების სულიერის ცხოვრებისა და მმართველობისა, თუმცაღა ბევრი გინახავს კარგიცა და ავიც, გარნა გამოტეხილად და გულწრფელად აღვიარებთ, რომ მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი თვალსაჩინო შემთხვევა, რომ თქვენ ოდესმე გეღალატოთ თქვენის მიმართულებისათვის, რომ თქვენ ოდესმე მოგედრიკოთ ქედი გარემოების წინაშე. მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი მოქმედება, რომელიც ჩირქს სცხებდეს თქვენს პატიოსნებას, ისეთი საქმე, რომელიც აშავებდეს თქვენს პირადობას. ეს არის ხვედრი მხოლოდ რჩეულთა ქრისტეს მეომართა. გიხაროდენ, მაღალ-ღირსო დეკანოზო, რომ ასე გაუსვრელად, ასე შეუბღალავად, ასე უანგაროდ, ასე წმინდათ გიზიდავს თქვენი მძიმე ტვირთი მოძღვრისა და უფროსისა მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ვსასოებთ, რომ ამგვარის თქვენი უმანკო სამსახურისათვის, როგორც მთავრობისაგან და საზოგადოებისაგან ხართ დაჯილდოებული ყოველგვარ ნიშნებით უუღრმესი პატივისცემისა და სიყვარულისა, აგრეთვე ღვთისაგანაც მიიღებთ თქვენ უდიდეს ჯილდოს, როცა წარსდგებით მის წინაშე. წინდად ჩვენ შორის მტკიცე სულიერი კავშირისა და მამაშვილურის სიყვარულისა ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოებისაგან ამ ღირს შესანიშნავ დღეს მიიღე, ღრმად საყვარელო, მხცოვანო დეკანოზო, ჩვენო სულიერო მამაო და აღმზრდელო, ხატი ესე მთავარანგელოზ მიხეილისა. მთავარანგელოზი მიხეილი იყოს შემწე და მფარველი თქვენის მარჯვენისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. ამინ~. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მამა მიხეილის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდა XIX ს-ის II ნახ. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მღვდელმთავარი, აწ საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). როდესაც რუსეთის ხელისუფლების წაქეზებით ზოგიერთმა სასულიერო და საერო პირმა მოინდომა სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულ ენაზე შემოღება, ამ საქმეში სხვა საეკლესიო მოღვაწეებთან ერთად მათ წინ აღუდგა მამა მიხეილიც, რომელმაც საჯაროდ დაგმო და გაკიცხა ამ საქმის მოთავენი.  დეკანოზი მიხეილი 1904 წლის 28 მარტს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი 1 აპრილს დიდი პატივით მიაბარეს ცაიშის საკათედრო ტაძარს, სადაც მან 54 წელი ღირსეულად იმოღვაწევა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი `ივერია~ წერდა: `გასულ მარტში ქართველთა ეკლესიას შესანიშნავი დეკანოზი დააკლდა. სოფელ ცაიშში, სამეგრელოში, გარდაიცვალა დეკანოზი მიხეილ მეუნარგია, მამა ჩვენის მწერალის იონა მეუნარგიასი. ვამბობთ შესანიშნავი, იმიტომ, რომ იშვიათია ეხლა საქართველოში მისთანა ენამეტყველი, კილოიანი და სასოებიანი მკითხველი სახარებისა, ანდერძისა და საზოგადოდ ყოველ საღვთო წიგნებისა, როგორიც იყო მამა მიხეილი. დღეს ჩვენ გაზეთში სამგლოვიარო განცხადებაა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას გარდაცვალების შესახებ და ამ გარემოებამ გაგვახსენა აღგვენიშნა ამ მოძღვრის კეთილი სამსახური ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ~. 

გიორგი მაჩურიშვილი


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ზუგდიდი

გააზიარე: