The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მინადორა ეფრემის ასული ტოროშელიძე

მინადორა ეფრემის ასული ტოროშელიძე
ოფიციალური სახელი:მინადორა ეფრემის ასული ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1873
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1967  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    მინადორა ტოროშელიძე დაიბადა 1879 წლის 14 მარტს აზნაურის ოჯახში სოფელ ღორეშაში. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. ამის შემდეგ ერთვება მარქსისტული მოძრაობის წრეებში. 1901 წელს კი სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ქალაქის სოციალისტურ წრეებსა და „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. სწორედ ჟენევაში იქორწინა მან მალაქია ტოროშელიძესთან. 
    1905 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების შემდეგ კი აქტიური „მენშევიკი” გახდა. 1906 წლის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის შემდეგ ქალაქ ბაქოში გაემგზავრა და იმავე წელს ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.
1918 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში ჩაერთო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე მინადორა ტოროშელიძის ხელმოწერაც არის. 1918 წელს იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა, ხოლო 1919 წელს სოციალ-დემოკრატების სიით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის მუშაობაში. შეიძლება ითქვას, რომ მინადორა ერთდოულად ორ ფრონტზე იბრძოდა. დამფუძნებელი კრების დროს შეზღუდვა რ არსებობდა. 1919 წლის 4 აპრილს  დამტკიცდა კანონი „დამფუძნებელი კრების წევრობასა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობათა გამგეობის წევრს არ ეკრძალებოდა ამავე დროს ყოფილიყო დამფუძნებელი კრების წევრი. ამ უფლებით სარგებლობდა საკმაოდ ბევრი მაშინდელი პოლიტიკოსი, მათ შორის მინადორა ტოროშელიძე.
     1921 წლის თებერვალში რუსეთის საბჭოთა არმიის თავდასხმის დროს საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

       1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. 1925 წელს, მას შემდეგ,რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს, ხოლო მოგვიანებით თბილისში დაბრუნების უფლებაც მისცეს.
    1936 წელს მინადორა ტოროშელიძეს, ქალაქ კისლოვოდსკში ყოფნისას ანტი-საბჭოთა საუბრებისა და გადასახლებულ მენშევიკთან გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძესთან კავშირის გამო დასდეს ბრალი, რის გამოც იგი 1936 წლის 17 დეკემბერს 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ქალაქ ჩიმკენტის პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა. გადასახლებაში ყოფნის დროს, 1937 წლის 5 ივნისს იგი დააპატიმრეს, ხოლო 1937 წლის 29 ოქტომბერს ე.წ. „ტროიკამ“ მას 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა მისი მეუღლე მალაქია ტოროშელიძე და შვილები ლევან და გიორგი ტოროშელიძეები, რომელთაც შინსახკომის “ტროიკების” მიერ დახვრეტა მიესაჯათ. 
    მინადორა ტოროშელიძის სასჯელის ვადა 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა, ხოლო 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტირება.

    მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (-1916)

გააზიარე: