The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი

ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი
Legal name:ანდრია იაკობის ძე ჭიაბრიშვილი
Other name:ჭრელი  (Pseudonym)
Date of birth:13 May, 1884  (140 years)
Burial location:უცნობია
Category:Founding member, Politician

Biography

    ანდრია ჭიაბრიშვილი დაიბადა 1884 წლის 13 მაისს (ძვ. სტ.) ქალაქ თბილისში მოქალაქის ოჯახში. პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა თბილისში და ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ხარატად დაიწყო მუშაობა. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი.

    1907 წელს ანდრო ჭიაბრიშვილი რსდმპ ლონდონის მე-5 ყრილობაზე დელეგატად იყო მიწვეული თბილისის ორგანიზაციიდან. 1911 წელს პოლიტიკური საბაბით იქნა დაპატიმრებული.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ანდრო ჭიაბრიშვილი  ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და ამავე წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად იქნა არჩეული.

    1917 წლის დეკემბერში ჭიაბრიშვილი საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი გახლდათ და არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.

    1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს არჩეული იყო თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად.

    1919 წლის 12 მარტიდ ანდრო ჭიაბრიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს და მუშაობდა საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიებში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მან დატოვა საქართველო და მცირე ხნით სტამბოლში ემიგრაციაში ცხოვრობდა, საიდანაც მალევე საქართველოში დაბრუნდა. საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა და რამდენიმე თვით მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში". გათავისუფლების შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    1921 წელს, ანდრო ჭიაბრიშვილი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, კვლავ დააპატიმრეს და კვლავ მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში" მოათავსეს.

    1922 წელს,  სხვა პოლიტპატიმართან ერთად, ეტაპით მოსკოვში გადაგზავნეს რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. ანდრო ჭიაბრიშვილი სსრკ შინსახკომის კომისიის გადაწყვეტილებით 1923 წელს არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს, საიდანაც 1926 წელს გაათავისუფლეს.

ანდრო ჭიაბრიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდგომი ბედი უცნობია.

Member of Organizations

  • თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1917-)
  • თბილისის სამაზრო ერობა, ხმოსანი (1919-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: