The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დარია გრიგოლის ასული ახვლედიანი

დარია გრიგოლის ასული ახვლედიანი
ოფიციალური სახელი:დარია გიორგის ასული ქაჯაია
სხვა სახელი:დიანა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1941  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (გადასვენებულია საბურთალოს პანთეონში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    დარია ახვლედიანი დაიბადა 1873 წლის 25 მაისს ქუთაისის მაზრის, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში აზნაურ გიორგი ქაჯაიასა და მგოსან სვიმონ გუგუნავას დის დომნას ოჯახში.  წერა-კითხვა სახლში დედამ შეასწავლა. 8 წლისა ქუთაისის ქალთა სასწავლებელში შეიყვანეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლას თავი მიანება და თვითგანათლებას მიჰყო ხელი. ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. პირველი ლექსი1901 წელს ჟურნალ „კვალში“ გამოაქვეყნა.

    დარია ახვლედიანი გახლდათ პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. დარია ახვლედიანი მეგობრობდა აკაკი წერეთელთან და გალაკტიონ ტაბიძესთან.  სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობდა თითქმის ყველა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო დაწესებულებაში, მატერიალურად ეხმარებოდა ინტელიგენციას.  ამის შესახებ, თავის მოგონებებში, თავად იოსებ გრიშაშვილი წერდა. ტერენტი გრანელმა დარიას ლექსიც მიუძღვნა - „დარია ახვლედიანს“.

    დარია ახვლედიანი იბეჭდებოდა ჟურნალებში: „კვალი“, „ნაკადული“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. გამოცემული ჰქონდა ლექსების კრებული - "სევდის ჰანგები". ლექსების გარდა იგი პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა და აქვს პიესა - „ქალი და აჩრდილი“. აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს. მისი ლექსების საგანია შეურაცხყოფილი და უფლებააყრილი სამშობლო. დარია ახვლედიანი გახლდათ მწერალთა კავშირისა და ლიტფონდის  წევრი.

    1906 წელს გაზეთ „ლამპარის“ რედაქციაში კორექტორაქდ მუშაობდა და მიუხედავად საკუთარი გაჭირვებისა, რედაქციას ყოველმხრივ ეხმარებოდა. 1907 წელს თითქმის მარტო უშვებდა ქალთა ჟურნალ „გუშაგს“, რომელიც ქალთა უმწეო მდგომარეობას ასახავდა. მარიამ დემურიასთან ერთად თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ჟურნალ  „ნაკადულის“ დაარსებასა და გავრცელებაში.

    დარია ახვლედიანის მეუღლე გახლდათ 1937-1938 წლებში რეპრესირებული მეცენატი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ახვლედიანი. დარია მეუღლესთან ერთად 1916 წლამდე ქუთაისში ცხოვრობდა. მათ სახლში იკრიბებოდა ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენციისა და საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. 1916 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. გიორგი ახვლედიანს გოლოვინის პროსპექტზე  გახსნილი ჰქონდა "ახალი აფთიაქი" და პირველი მსოფლიო ომის დროს  დაჭრილებსა და ქვრივ–ობლებს უფასო მედიკამენტებით ეხმარებოდა.

    გიორგი ახვლედიანი დახვრიტეს 1937-1938 წლებში და მისი საფლავი უცნობია.

   დარია ახვლედიანი გარდაიცვალა 1941 წელს და დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ხოლო მოგვიანებით, 1959-1960 წლებში საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

   დარიას გარდაცვალების შემდეგ, ფაქტიურად უპატრონოდ დარჩენილ მის 13 წლის ვაჟს - ოთარს,  მეზობლებმა ქურდობა დასწამეს. მართალია, იგი ციხიდან გალაკტიონმა იხსნა, მაგრამ მისი ბინა, სახლში არსებული ყველა ნივთი, ავეჯი და დარიასა და გიორგის საუკეთესო ბიბლიოთეკა მათ მიითვისეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვანის განყოფილების წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, სამხედროს ქ. N16 (დღევანდელი თაბუკაშვილის ქუჩა)

გააზიარე: