The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


უილიამ მორფილი

უილიამ მორფილი
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1834
გარდაცვ. თარიღი:1909  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

XIX ს-ის მეორე ნახევარში ინგლისში ქართული კულტურის ერთ-ერთი პირველი აქტიური პროპაგანდისტი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი  უილიამ მორფილი იყო. იგი დაიბადა 1834 წლის 17 ნოენბერს კენტის საგრაფოში.

სპეციალობით მორფილი  სლავისტი იყო. მკვლევარი იმდენად დაინტერესდა ქართული ენით, რომ 1888 წელს თბილისს ესტუმრა. იგი გაეცნო ჩვენს ქვეყანას და შემდგომ ინგლისურ პრესაში დაიწყო სტატიების გამოქვეყნება საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიის შესახებ. უილიამ მორფილმა არტურ ლაისტის მეშვეობით გაიცნო ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ლიტერატორები. პირადად შინ ესტუმრა ილია ჭავჭავაძეს.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ, 1881 წლის 21 ივლისს, მან პირველი ნაშრომი ჟურნალ „აკადემიაში“ გამოაქვეყნა. ეს იყო მეტად საინტერესო კვლევა, სათაურით „ქართული ენა და ლიტერატურა“, რომელშიც იგი ცდილობდა მიეწოდებინა ინგლისელი მკითხველისათვის ცნობები საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ენის შესახებ. აქედან მოყოლებული მორფილს არ შენელებია ინტერესი ქართული კულტურისადმი. იგი წლების მანძილზე აქტიურად იყო დაკავებული ქართველოლოგიის საკითხებით, შეძლებისდაგვარად, თითქმის ყველაფერს ეხმაურებოდა: წერდა სტატიებს ძველ საერო ლიტერატურულ ძეგლებზე („ვისრამიანი“, „როსტომიანი“) და ქართველ მწერლებზე (რუსთაველი, ჩახრუხაძე, თიმურაზ I, ვახტანგ VI, სულხან–საბა ორბელიანი, ანტონ კათალიკოსი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი და სხვ.). მისი ნაშრომი "საქართველოს მწერლობისა და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა" დაბეჭდილია მოსე ჯანაშვილის ნაშრომების მე–2 ტომში, თბ., 1907. მკვლევარი გამოეხმაურა უცხოელთა მიერ დაწერილ არა ერთ სამეცნიერო წერილს ქართულ ნაწარმოებთა თარგამანების შესახებ, კერძოდ, გამოაქვეყნა რეცენზიები არტურ ლაისტის, ოლივერ და მარჯორი უორდროპების თარგმანებსა და ნაშრომებზე. საინტერესოა, რომ ამ დროისათვის, მორფილს „ვეფხისტყაოსანის” ორი ეგზემპლიარი მოეპოვებოდა. ერთ-ერთი მათგანი თბილისში დაბეჭდილი, დასურათებული გამოცემა, საქართველოში ყოფნის დროს საჩუქრად მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან.

მორფილის ნაშრომები და მასზე სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 

უილიამ მორფილი გარდაიცვალა 1909  წელს.

უილიამ მორფილის შრომებმა, თავის დროზე, საყურადღებო წვლილი შეიტანა ქართულ-ინგლისური კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობათა საქმეში და ნიადაგი მოამზადა ინგლისში ქართველოლოგიური მეცნიერების ჩასახვისა და განვითარებისათვის.

წყარო:

  1. ფეიქრიშვილი, ჟ. ვაშაკიძე, ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012.

გააზიარე: