შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ლუიჯი მანტოვანი![]()
ბიოგრაფიაიტალიელი ქართველოლოგი ლუიჯი მანტოვანი დაიბადა 1931 წელს ვერონის ახლოს, სოფელ ლავანიოში. სწავლობდა სტიმატინების მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. მიიღო კლასიკური განათლება, შეისწავლა თეოლოგია, დაამთავრა აგრეთვე პადუის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და მილანის წმინდა საგალობლების სამუსიკო ინსტიტუტი. მღვდლის ხარისხი მიიღო 1955 წელს. არის სტიმატინების კონგრეგაციის წევრი. ცხოვრობდა ვერონაში, სადაც ეწეოდა პედაგოგიური მოღვაწეობასაც. მამა ლუიჯი წლების მანძილზე იყო ვერონის საშუალო სკოლის დირექტორი. იგი საფუძვლიანად ფლობს რამდენიმე ენას: ლათინურს, ბერძნულს, იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, პორტუგალიურს, ქართულსა და რუსულს. 1994 წელს ვერონის სტიმატინების კონგრეგაციის გადაწყვეტილებით საქართველოში უნდა გამოეგზავნათ ადგილობრივი კათოლიკე მრევლისთვის მღვდლები – ჯუზეპე პაზოტო და გაბრიელე ბრაგანტინი. ამიტომ წმინდა მამებმა იტალიაშივე დაიწყეს ქართული ენის შესწავლა იმხანად ვერონის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტის ლელა ბერიძის დახმარებით. მალე იგი ლუიჯი მანტოვანიმაც გაიცნო და შემდეგ მათი ურთიერთობა მეცნიერულ თანამშრომლობაში გადაიზარდა. მამა ლუიჯი იმთავითვე მოიხიბლა რთული, მაგრამ მეტად საინტერესო ქართული ენით და ასე თანდათან გამოიკვეთა მისი ქართველოლოგიური კვლევის გზაც. ქართული ზმნის მრავალფეროვნებამ და კატეგორიების სიუხვემ ათქმევინა ლუიჯი მანტოვანის „ქართული ენა, ლამაზია, მაგრამ – რთული“. მამა ლუიჯი გულმოდგინედ შეუდგა ქართული ენის საფუძვლიან შესწავლას – ისმენდა ლელა ბერიძის კონსულტაციებს, ზაფხულობით ჩამოდიოდა ქუთაისში, როგორც კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, უშუალოდ აკვირდებოდა ქართველთა ყოფა–ცხოვრებას, ზნე–ჩვეულებებს, ეცნობოდა საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ქართული ენის შესწავლის მსურველ თანამემამულეთათვის 1997 წელს ლუიჯი მანტოვანიმ იტალიაში გამოსცა „ქართული ენის მცირე გრამატიკა“. ეს არის იტალიურად პირველი ნაბეჭდი წიგნი ქართული ენისა. 1998 წელს ლუიჯი მანტოვანიმ შეადგინა და ლელა ბერიძის თანაავტორობით იტალიაში გამოსცა წიგნი „ქართული ენის სავარჯიშოების მცირე კრებული“, რომელიც „ქართული ენის მცირე გრამატიკის“ უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. 1998 წლიდან ლუიჯი მანტოვანი საქართველოში, ძირითადად ქუთაისში, ცხოვრობს და მოღვაწეობს, როგორც კათოლიკე მღვდელი. 2006 წელს თბილისში გამოიცა მამა ლუიჯი მანტოვანისა და მარინე ოცხელის მიერ შედგენილი ვრცელი "იტალიურ-ქართული ლექსიკონი“, რომელმაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ლუიჯი მანტოვანი საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. 2002–2006 წლებში იგი თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიისა და კულტურის ისტორიის ინსტიტუტში ასწავლიდა ლათინურ ენას. მან 2007 წელს თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე გამოსცა სახელმძღვანელო „Lingua Latina = ლათინური ენა“ 2014 წელს თბილისში გამოვიდა ლუიჯი მანტოვანისა და მარინე ოცხელის მიერ შედგენილი „ქართულ–იტალიური ლექსიკონი“. მიუხედავად ასაკისა, ლუიჯი მანტოვანი დღესაც ახალგაზრდული შემართებით ეწევა ქართველოლოგიურ საქმიანობას. წყარო: 1.ბერიძე, ლელა. 1 კილოგრამი და 900 გრამი სიტყვები იტალიანისტებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის // 24 საათი, 2006, 14 ოქტომბერი. 2. ფეიქრიშვილი ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012. 3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა. ქართული ენის მოამაგენი. თბ., 2006.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |