შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჰიროტაკე მაედა![]()
ბიოგრაფიაიაპონელი ქართველოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი ჰიროტაკე მაედა დაიბადა 1971 წლის მაისში ტოკიოში. ბავშვობაში მისმა ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელო ადგილი. მამა ბანკში მუშაობდა და, იაპონური ტრადიციის თანახმად, დედამ ჰიროტაკე და მისი და-ძმა სახლში გაზარდა. 15 წლის იყო ჰიროტაკე, როდესაც ბაბუამ ორი კვირით ამერიკაში წაიყვანა – "ქვეყანა უნდა ნახოსო", – იგონებს ჰიროტაკე. როგორც თვითონ მეცნიერი ამბობს, ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა უცხო ქვეყნები, განსაკუთრებით ის ქვეყნები, სადაც აბრეშუმის გზა გადიოდა. სტუდენტობის დროს აქტიურად დადიოდა კინოში, ნახა რამდენიმე ქართული ფილმი, მათ შორის, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერი“. აქედან მიხვდა, რომ საქართველო ძალიან საინტერესო კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა იყო. ჰიროტაკე მაედა სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ირანისტიკის მასწავლებლისგან მან გაიგო, რომ სპარსულ წყაროებში ბევრი მასალაა ქართველების მოღვაწეობის შესახებ. იგი მას აძლევდა თემებს, სადაც ბევრი ცნობა იყო საქართველოზე. აქედან ჰიროტაკე კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით და გადაწყვიტა მისი ნახვა. ეს ოცნება აისრულა 1995 წელს – სექტემბერში ჩამოვიდა და დეკემბრამდე დარჩა. ამ საქმეში მას ბიძა დაეხმარა, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ეს ძალიან ცუდი პერიოდი იყო და, როგორც თვითონ ჰიროტაკე ამბობს: „დენი ხშირად მიდიოდა. პირველი სიტყვა რაც ვისწავლე, იყო „წავიდა“ და „მოვიდა“. მეორედ ჰიროტაკე 1999 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 2001 წლამდე დარჩა. თანდათან შეისწავლა ქართული ენა. ჰიროტაკე მაედას ცხოვრება და მოღვაწეობა უკვე 20 წელზე მეტია საქართველოს უკავშირდება. საქართველოში ჰიროტაკე მაედას ურთიერთობა ჰქონდა ვახუშტი კოტეტიშვილთან, ალექსანდრე გვახარიასთან, თამაზ გამყრელიძესთან, თენგიზ მირზაშვილთან, ანზორ ერქომაიშვილთან და ბევრ სხვა გამოჩენილ ქართველებთან, რომელთა მიმართ იგი მუდამ გამოხატავს მადლიერებას. „უზომოდ მიყვარს ძველი თბილისი, საქართველოს მთისა და ბარის ბუნება… თენგიზ მირზაშვილი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია და ვამაყობ იმით, რომ მასთან შეხვედრა მოვასწარი. ასევე ერლომ ახვლედიანის იუმორი და სევდიანი ნათქვამი მიყვარს და მახსოვს“ – ამბობს მეცნიერი. ჰიროტაკე მაედამ შესანიშნავად იცის ქართული. მან თითქმის მთელი საქართველო მოიარა და აღფრთოვანებულია ქართველთა სტუმართმოყვარეობით. იგი კარგად იცნობს მთის ტრადიციებს, უყვარს ვაჟა–ფშაველა და მისი პოემები თარგმნა იაპონურად. მან ასევე თარგმნა გალაკტიონის ლექსებიც. იაპონურ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ ორი თარგმანი არსებობს, მაგრამ ისინი რუსულიდან არის თარგმნილი. ჰიროტაკე მაედას დიდი სურვილია, ქართულიდან თარგმნოს „ვეფხისტყაოსანი“. ჰიროტაკე მაედა პროფესიით ირანისტია. იგი იკვლევს კავკასიური წარმოშობის მოღვაწეებს სეფიანთა ირანის შაჰის კარზე. რამდენიმე წლის წინ მან ინგლისურ ენაზე მოზრდილი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ქართულ ენაზე ცალკე წიგნად ორჯერ – 2008 და 2011 წელს – გამოვიდა სათაურით „ქართველები სეფიანთა ირანში: ღულამთა ოთხი ოჯახის ეთნოსოციალური წარმომავლობა “. მასში საქართველოს ისტორიისათვის უაღრესად საინტერესო ახალი მასალები და დასკვნებია, რომლებიც ჰიროტაკემ რამდენიმე წლიანი კვლევის შედეგად მიიღო. 2015 წლის დეკემბერში "ქარვასლაში" მოეწყო ჰიროტაკე მაედას მიერ 20 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოების გამოფენა სახელად "რაც ვნახე საქართველოში”. გამოფენამ ქართველი მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჰიროტაკე მაედა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის დიდი მოამაგეა. იგი არაერთი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და უკვე წლებია, რაც თავის ქვეყანაში ქართულ კულტურას, ისტორიასა და ლიტერატურას უწევს პოპულარიზაციას. მის კაბინეტში უამრავი ქართული წიგნი და ისტორიული ლიტერატურაა, ასევე თამარ მეფის, ვახტანგ მეექვსეს, ერეკლე მეორისა და ფიროსმანის ფოტოებია გამოფენილი. ასევე აქვს სვანური ქუდი, ხევსურული ჩოხა და ბევრი სხვა რამ… წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |