| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჟიულ მურიე![]()
ბიოგრაფიაფრანგი პუბლიცისტი, გამომცემელი, მოგზაური; პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ჟიულ მურიე (ფრანგ. Jules Mourier) დაიბადა 1846 წელს. ჟიულ მურიე კავკასიაში 1879 წელს ჩამოვიდა და ხანგრძლივად იცხოვრა თბილისსა და ზუგდიდში. ის ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა ჯერ თბილისში მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძის, შემდეგ ზუგდიდში ნიკო დადიანის ოჯახში. ამ პერიოდში დაინტერესდა კავკასიის ხალხების კულტურით. 1884 წელს საკუთარი თხოვნის საფუძველზე საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო კავკასიის სიძველეების კვლევის მინდობილობა. კავკასიაში დაბრუნებული მურიე ბევრს მოგზაურობდა, რეგიონის სხვადასხვა კუთხეში ატარებდა არქეოლოგიურ კვლევებს და აგროვებდა სიძველეების აღწერილობებს. თავისი კოლექცია მურიემ საფრანგეთში გააგზავნა და პარიზში, ტროკადეროს ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდა. ამ პერიოდში მურიემ გამოაქვეყნა ორიგინალური ნაშრომები: „ხელოვნება კავკასიაში“ (1883), „სამეგრელო (ძველი კოლხიდა)“ (1883), „ეჩმიაძინის ბიბლიოთეკა და სომხური ხელნაწერები“ (1885), „შოთა რუსთაველი“ (1886), „სამრეწველო ხელოვნებანი კავკასიაში“ (1886), „რელიგიური ხელოვნება კავკასიაში“ (1887), „ბათუმი და ჭოროხის აუზი“ (1887), „კავკასიური ზღაპრები და ლეგენდები“ (1888) და სხვ., თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის არაკები (1885), თათარხან დადეშქელიანის „შუა საუკუნეების ქართული არმია“ (1886), სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორია“ (1886). თბილისში გამოსცემდა საქართველოს პრესის ისტორიაში პირველ ფრანგულენოვან ჟურნალებს: La Revue Commerciale et Industrielle du Caucase („კავკასიის სავაჭრო და სამრეწველო ჟურნალი“; 1887-1888), Le Caucase Illustré („ილუსტრირებული კავკასია“; 1889-1892, 1899-1902). ჟურნალის დანიშნულებას წარმოადგენდა ფრანგულენოვანი მკითხველისთვის (როგორც თბილისში, ისე რუსეთის იმპერიის ცენტრებსა და ევროპაში) კავკასიის ხალხების ისტორიის, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის, ყოფის, კავკასიიის ფლორისა და ფაუნის, ადგილობრივი მრეწველობის გაცნობა. ჟურნალში ასევე იბეჭდებოდა კავკასიური ფოლკლორის და ლიტერატურის ნიმუშების ფრანგული თარგმანები. მურიე ჟურნალის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სახავდა კავკასიის ხალხების ხელოვნების ევროპელი მკითხველისთვის გაცნობას. საგულისხმოა, რომ ჟურნალი იმ დროისთვის მაღალ პოლიგრაფიულ დონზე იბეჭდებოდა და ის უხვად იყო დასურათებული. ჟურნალი, თავისი ხასიათით, აპოლიტიკური იყო - საერთოდ ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი იმდროინდელ კავკასიაში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემები. ჟურნალის ამგვარი ხასიათი განაპირობებდა მის გამოცემის დაშვებას რუსეთის იმპერიის ცენზურის მიერ. ჯიულ მურიე არტურ და ბერტა ზუტნერებთან ერთად ეხმარებოდა იონა მეუნარგიას “ვეფხისტყაოსნის” ფრანგულად თარგმნაში, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება, გამოიყენა უნგრელმა მხავარმა მიხაი ზიმიმ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებისას და კონსტანტინე ბალმონტმა რუსთაველის პოემის რუსულად სათარგმნელად. ჯიულ მურიე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ქართულ თეატრალურ ცხოვრებას და ასახავდა კიდეც მას ჟურნალ “ლე კოკაზ ილუსტრიეს” ფურცლებზე. მურიე ბევრს ბეჭდავდა ქართველი მსახიობების ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვის, ლადო მესხიშვილის, კოტე მესხის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის და სხვათა პორტრეტებს და საუბრობდა მათ ოსტატობაზე. თუმცა იგი დასისი ნაკლოვანებებზეც ამახვილებდა ყურადღეას, არკვევდა მიზეზებს და მათი გამოსწორების გზებზე მიუთითებდა. მურიეს მიმართ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო: ერთი მხრივ აფასებდნენ მის ღვაწლს ქართული კულტურის ძეგლთა დაცვა-შესწავლისა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, მეორე მხრივ სწყინდათ, რომ სათანადოდ არ აფასებდა რუსთაველის პოემას და ერთ-ერთ წერილში (1884) სკეპტიკური მოსაზრება გამოთქვა ქართველებს შორის განათლების გავრცელების პერსპექტივებთან დაკავშირებით. არტემ ახნაზაროვის გადმოცემით, „ივერიაში“ საპასუხო კრიტიკული წერილით გაღიზიანებული მურიე საყვედურის სათქმელად რედაქციაში მისულა, ილია ჭავჭავაძეს ურთიერთობის გასარკვევად დუელი შეუთავაზებია, რაზეც მურიე არ დათანხმებულა. აკაკი წერეთელმა მის გასაქილიკებლად ლექსი „პატარა მურია“ დაწერა. მიუხედავად ამისა, მურიემ თავის შემდგომდროინდელ გამოცემებში გულთბილი წერილები უძღვნა ილიას და აკაკის. 1904 წელს ჟიული მურიე საფრანგეთში დაბრუნდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. წყარო
იამანიძე მ. ჟ. მურიეს მოღვაწეობა საქართველოში. - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბილისი, 1989. - № 4. - გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

