ეს ინტერვიუ აღებულია 30 წლის წინათ, რა შეიცვალა მას შემდეგ?
ჩემს წინაა თბილისის "დინამოს" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის 1947 წლის შემადგენლობის ფოტო. მოსკოვის "დინამოს" სტადიონზეა გადაღებული, მოსკოველ თანაკლუბელებთან მატჩის წინ. მიუხედავად იმისა, რომ იმ სეზონში თბილისის "დინამო" ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა - ზემოაღნიშნულ მეტოქესთან მათ აშკარად სუსტად ითამაშეს და დამარცხდნენ როგორც შინ - 0-3, ისე სტუმრად - 0-4. 1947 წლის საფეხბურთო სეზონში უმაღლეს ლიგაში 13 კოლექტივი ასპარეზობდა. ჩემპიონის ტიტულს მოსკოვის ორი წამყვანი გუნდი "დინამო" და ცსკა ეცილებოდა, რომელთაც საბოლოოდ 40-40 ქულა ჰქონდათ აქტივში. "დინამოს" ბურთების შეფარდება - 57:15, ცსკას - 61:16. ასე რომ, არმიელმა ფეხბურთელებმა გაუსწრეს დინამოელებს და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. სწორედ ამ უნიკალურმა შემთხვევამ განაპირობა ის გარემოება, რომ საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას ცვლილება შტანა ჩემპიონატის წესდებაში და მომავალში მსგავს ვითარებაში გადათამაშება დააწესა. 1947 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შედეგებით მოსკოვის "დინამო" 5 ქულით უსწრებდა არმიელებს და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას ოქროს მედლების მოპოვებაში ვერავინ შცილებოდა. მაგრამ მოხდა დაუჯერებელი რამ - მეორე წრის დასაწყისში ლიდერი მძაფრ სპორტულ პაექრობაში დამარცხდა 0-1 ცსკა-სთან, ხოლო ორი მომდევნო მატჩიც კუიბიშევისა და მოსკოვის "კრილია სოვეტოვის" გუნდებთან ასევე დათმო ერთნაირი ანგარიშით 0-1. რაც შხება ცსკა-ს, მათ მეორე წრეში მხოლოდ ერთი ქულა დაკარგეს (ფრე თბილისის "დინამოსთან"). აღსანიშნავია, რომ 1947 წლის სეზონში მოსკოვის "დინამოს" რიგებში გამოჩნდა მეკარე ვალტერ სანაია, რომელმაც სულ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. 1948 წლის სეზონში ვალტერ სანაიას ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია. სეზონის უკლებლივ ყველა 26 მატჩში კარში ალექსეი ხომიჩი იდგა, ვალტერ სანაიამ 1949 წლის სეზონში დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და 12 შეხვედრა ჩაატარა ხომიჩთან მონაცვლეობით.
წერილის დასაწყისში მოხსენებული შემადგენლობიდან მხოლოდ 2 ფეხბურთელია დღეს ცოცხალი - გაიოზ ჯეჯელავა და გრიგოლ გაგუა, რომელთაც ამას წინათ XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
გთავაზობთ ინტერვიუს ფეხბურთელებთან. ჯერ გრიგოლ გაგუას მოვუსმინოთ:
ფეხბურთელები უნდა მოერგონ ტაქტიკას თუ ტაქტიკა ფეხბურთელებს?
- გააჩნია რა სახის ფეხბურთელებია მწვრთნელის განკარგულებაში იმისდა მიხედვით, შედგება ტაქტიკური ქმედების სხვადასხვა ვარიანტი, თუ არა.
თქვენ ხელში ბევრ სახელოვან ფეხბურთელს გაუვლია, ვის გამოარჩევდით მათ შორის?
- რა თქმა უნდა, კახი ასათიანს, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა ჯერ კიდევ "ნორჩ დინამოელში" გამოჩენისთანავე ვუწინასწარმეტყველე.
როგორ უყურებთ იმ გარემოებას, რომ დღევანდელი ფეხბურთი ძალზე ძალისმიერი ჩანს?
- ვფიქრობ, ნორმალურად. რადგან ფეხბურთი ეს ბადმინტონის თამაში არ არის. მასში ძალოვანი სპორტის ილეთები წარსულშიც გამოიყენებოდა და, ვფიქრობ, არც მომავალშიც იტყვიან მასზე უარს.
ბევრ სახელოვან ფეხბურთელს არ სიამვონებდა თქვენს წინააღმდეგ თამაში, მათ შორის ვის გამოარჩევდით?
- ვფიქრობ, პირველ რიგში მიხეილ იაკუშინს, რომელიც მკაცრ პრესინგზე ამყავდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდი, ისე, არც სხვა ფეხბურთელებისთვის დამიყრია კარგი დღე.
რა მიგაჩნიათ ფეხბურთელის დღეგრძელობის საიდუმლოებად?
- მუდმივი ფიზიკური დატვირთვა წლის ყოველგვარ ამინდში. ფიზიკური მომზადების გარეშე არავითარ ტექნიკას და ტაქტიკას გასავალი არ ჰქონდა წარსულში და მით უმეტეს - არ ექნება მომავალში.
დღევანდელი ფეხბურთელი რის დეფიციტს განიცდის?
- ვფიქრობ, დღევანდელ ფეხბურთელებს აკლიას ის შემართება, რაც ჩვენი თაობის გუნდს გააჩნდა. მაგალითისათვის, ბორის პაიჭაძეს ბევრჯერ უთამაშია სიცხიანს, მეკარბს დოროხოვს, შუდრას, მარღანიას, ტყებუჩავას ტრავმა მიღებულთ არ დაუტოვებიათ მოედანი, მე და მიხა ჭელიძეს ბევრჯერ თავგახეთქილებს არ მიგვიტოვებია თამაში და უფრო მეტი შემართებით გვიბრძოლია მატჩის ბოლომდე.
ახლა კი გაიოზ ჯეჯელავას მოვუსმინოთ:
როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა?
- რამდენადმე უჩვეულოდ. თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის გუნდს ერთ-ერთი ამხანაგური თამაშში მოთამაშე დააკლდა და მოწინააღმდეგის მცველისათვის ხელისშემშლელად მე დამაყენეს. ამ "ხელისშემშლელმა" სამი ბურთი გავიტანე. შემდეგ ვთამაშობდი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდში, 1948 წლამდე კი თბილისის "დინამოში" მარჯვენა გარემარბად. სხვადასხვა დროს ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი და მწვრთნელიც.
როდის უფრო უძნელდებოდა გარემარბს თამაში, წინათ დუბლ-ვე სისტემის დროს თუ ამჟამად?
- რა თქმა უნდა, დუბლ-ვე სისტემის დროს გარემარბი მეტ შეზღუდვას განიცდიდა და სათამაშო არეც ნაკლები ჰქონდა, ვიდრე ამაჟამად.
დაასახელეთ, მატჩები რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ...
- მატჩები თბილისსა და ბუქარესტში. 1939 წელს თბილისის "დინამო" თავის მოედანზე ხვდებოდა მოსკოვის ცდკა-ს. პირველ ტაიმს ვაგებდით 1-4. მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ანგარიშის არა მარტო გათანაბრება, არამედ გადამწყვეტი ბურთის გატანაც. ის გოლი მე გავიტანე. 1945 წელს ბუქარესტში რუმინელ ფეხბურთელებთან მატჩს ვაგებდით 2-3. ამ მომენტში მსაჯი რუმინელთა კარში ნიშნავს პენალტს. ურტყამს ბორის პაიჭაძე. მეკარემ შეძლო ბურთის აღება, ბორიამ თავში წაიშინა ხელები, ამ დროს მეკარეს სურს ბურთი დააბრუნოს მოედანზე, ბურთზე ფეხი აუცდა, ასხლეტილი ბურთი ჩემსკენ მოგორავს, რომელიც შეუჩერებლივ გავგზავნე კარში 3-3. - ეს მატჩი თბილისის "დინამომ" მოიგო 10-5. აქედან 5 ბურთი მე გავიტანე.
თამაშობს თუ არა, თბილისის "დინამო" შემტევ ფეხბურთს?
- ის გარემოება, რომ თავდასხმაში მოთამაშეთა რიცხვმა მკვეთრად იკლო და ამჟამად 5-ის მაგივრად გუნდები 2-3 მოთამაშით უტევს, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ თბილისის "დინამო" დაცვით ფეხბურთს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე შემტევს.
დაასახელეთ თბილისის "დინამოს" ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობა.
- 11 მოთამაშის დასახელება მიჭირს. უძლიერესად მივიჩნევ დოროხოვს, მარღანიას, ელოშვილს, ძიაპშიპას, ხურცილავას, ძოძუაშვილს, გაგუას, ჩოხელს, გიორგი სიჭინავას, იამანიძეს, მეტრეველს, ღოღობერიძეს, ბორის პაიჭაძეს, კალოევს, მესხს, პანიუკოვს...
დაასახელეთ მცველი, რომლის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- თბილისის ოფიცერთა სახლიდან შოთა ჯოჯუა.
ვის მიიჩნევთ უძლიერეს მეკარედ, მცველად, ნახევარმცველად, თავდამსხმელად, რომელთა წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- მეკარე ჟმელკოვი, მცველი სემიჩასტნი, ნახევარმცველი ვინოგრადოვი, თავდამსხმელები ფედოტოვი და ბობროვი.
რას მიიჩნევთ თანამედროვე ფეხბურთის ნაკლოვან მხარედ?
- ძირფესვიან გარდაქმნას მოითხოვს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. ძალზე ცუდად დგას ამ მხრივ საქმე 17-21 წლის ახალგაზრდებთან, აქედან შედეგი - ჩვენს ფეხბურთში იკლო სოლისტთა რიცხვმა, ურომლისოდაც დიდ ფეხბურთზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
თუ გქონიათ საფეხბურთო კარიერის მანძილზე რაიმე გულდასაწყვეტი შემთხვევა?
- რა თქმა უნდა, ალბათ უიღბლობას უნდა მივაწერო ის ფაქტი, რომ სსრ კავშირის თასის გათამაშების არც ერთ ფინალურ მატჩში არ მიმიღია მონაწილეობა ფეხის ტრავმის გამო. აქვე მინდა დავძინო, რომ სამი სეზონი მენისკის დაავადებით ვითამაშე.
p.s. ინტერვიუ აღებულია 70-იან წლებში და თავის დროზე გამოქვეყნდა გაგრის გაზეთ "ავანგარდში".















































































