თა თე
თეთ თემ

თემა

საკითხი, მოვლენა, რის შესახებაც არის თხზულებაში ლაპარაკი. („თემა” ბერძნულად სიტყვა–სიტყვით ნიშნავს საკითხს, საგანს, ფუძეს, საძირკველს).

მაგ: აკაკის „ჩონგურში” ლაპარაკია პოეზიის დანიშნულების შესახებ. მაშასადამე, აკაკის „ჩონგურის” თემა პოეზიის დანიშნულებაა. ამავე საკითხის შესახებ ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძე ლექსში „პოეტი” და ამ ლექსის თემაც იგივეა, რაც „ჩონგურის” – პოეზიის დანიშნულება.

თუ ავიღებთ რომელიმე დიდტანიან მხატვრულ ნაწარმოებს და დავაკვირდებით მის შინაარსს, ვნახავთ, რომ მასში მრავალი სხვადასხვა ხასიათის მოვლენაა აღწერილი. მაგ: „კაკო ყაჩაღში” ი. ჭავჭავაძე გვიხატავს საღამოს სურათს, ლაპარაკობს ზაქროს ბავშვობის შესახებ, აგვიწერს ზაქროს მამის გაროზგვას, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან და სხვა, მაგრამ ეს ეპიზოდები მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ ავტორმა უფრო ნათლად დაგვიხატოს პოემის მთავარი საგანი – ბატონყმური ურთიერთობა. შესაბამისად, „კაკო ყაჩაღის“ თემა ბატონყმობაა.

„ვეფხისტყაოსანში” მოთხრობილია ავთანდილისა და თინათინის, ტარიელისა და ნესტან–დარეჯანის, ფრიდონის ამბები, ქაჯეთის ციხის აღება და სხვ მაგრამ ავტორი მათ შესახებ მოგვითხრობს მხოლოდ იმ მიზნით, რათა დაგვიხატოს თავისი აზრი ადამიანთა კავშირის ძალის, ერთობის მნიშვნელობის შესახებ, ე.ი. მთავარი მოვლენა, რის შესახებაც ლაპარაკობს რუსთაველი ზემოჩამოთვლილ „ამბავთა” საშუალებით, – ადამიანთა სოლიდარობის, ხალხთა ერთობის მნიშვნელობაა (ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი ერთობლივი ძალით აღწევენ მიზანს – ათავისუფლებენ ნესტან–დარეჯანს).

ხშირად თემა ლიტერატურული ნაწარმოების სათაურის სახითაა მოცემული: მაგ, „ბედი ქართლისა”, „სული ობოლი” (ნ. ბარათაშვილი), „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?” (ი. ჭავჭავაძე), „ჯანყი გურიაში” (ე. ნინოშვილი), „გამზრდელი” (აკაკი წერეთელი), „ეპოქა” (გ. ტაბიძე) და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9