A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დია დიდ დივ დით დილ დიმ დინ დიო დიპ დირ დის დიფ დიქ

დიონისე

მითოლ.
ბერძნ. Dionisos

ღვინის, თრობისა და სულიერი შვების მომგვრელი ღვთაება. მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღმერთი. ზევსისა და სემელეს ძე. რომაულ მითოლოგიაში მას ბახუსს უწოდებენ.

დიონისემ მოგვიანებით დაიმკვიდრა ადგილი ოლიმპიურ პანთეონში, თუმცა ხალხს ძლიერ უყვარდა ეს მხიარული ღვთაება. საქვეყნოდ იყო ცნობილი მისი საოცარი დაბადების მითოსი: ზევსს შეუყვარდა თებეს მეფის მშვენიერი ასული სემელე და ჰერასგან მალულად ხვდებოდა ხოლმე მას. როდესაც ცათა დედოფალმა ეს ამბავი შეიტყო, სემელეს დაღუპვა განიზრახა. მრუმე ნისლებში გახვეული თებეს მეფის სასახლეს მიადგა. კარის ზღურბლს რომ მიუახლოვდა, ღრუბელი ჩამოიშორა და სემელეს ძიძად, ეპიდავროსელ ბერიქალად გარდაისახა. სემელემ ძიძა შინ მიიწვია. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, ზევსიც ახსენეს. ძიძად გარდასახულმა ჰერამ ასე დაარიგა სემელე: „ღმერთის სახელით ბევრი ბღალავს უმანკო საწოლს. ის თუ ზევსია, დააფიცე სტიქსის ძალები, რომ თავისი სახით გამოგეცხადოს და ისე მოგეალერსოს, როგორც ჰერას ეალერსება“, – თქვა და წავიდა. ხოლო როდესაც სემელეს თალამოსში მობრძანდა ზევსი, შეყვარებულმა ქალმა სთხოვა, დაეფიცა სტიქსის ძალები, რომ ერთ სურვილს აღუსრულებდა. ზევსმა დაიფიცა. მაშინ სემელემ სთხოვა ღმერთს, მიეღო თავისი ჭეშმარიტი სახე და ისე მიალერსებოდა. ამოიგმინა ზევსმა და რაც შეჰფიცა, აღასრულა: ზეცად აღზევდა, შემოიკრიბა საავდრო ღრუბლები, ელვა, მეხი, ჭექა-ქუხილი და ცეცხლის ფრქვევით გამოეცხადა სასიკვდილოდ განწირულ სემელეს. მეხისტეხაში იფერფლებოდა საბრალო ქალი, რომელიც მუცლით ატარებდა უმწიფარ ნაყოფს. შეებრალა ზევსს თავისი ჩვილი, ამოიყვანა დედის საშოდან და თეძოში ჩაისვა. როდესაც დიონისეს ქვეყნად მოვლენის დრო დადგა, კვლავ დაიბადა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ორგზის შობილს“.

ჰერას ბრძანებით ახალშობილი დიონისე ტიტანებმა მოიტაცეს და ასო-ასო აკუწეს. მისმა დიდედამ, რეამ, შვილიშვილის სხეული აღადგინა და სასიცოცხლო სული შთაბერა. ზევსმა პერსეფონეს სთხოვა, ყურადღება არ მოეკლო დიონისესათვის. მან კი პატარა აღსაზრდელად მიაბარა სემელეს დას, ინოს. აქაც მიაგნო ჰერამ. ახლა ზევსმა ღმერთების მაცნე ჰერმესს სთხოვა მისი მფარველობა. ჰერმესმა დიონისე დროებით ციკნად გარდასახა და ჰელიკონის ნიმფებს მიჰგვარა. ნიმფებმა სიყვარულით გამოზარდეს მომავალი ღვთაება. სწორედ აქ, ჰელიკონის ტყის დაბურულ ნისას ფერდობებზე ეზიარა დიონისე ღვინის დამზადების საიდუმლოს, რამაც მას სამუდამოდ გაუთქვა სახელი. ბოლოს და ბოლოს ჰერამ შეიწყნარა დიონისე და ოლიმპოსზე დავანების ნება დართო, ოღონდ გონება დაუბინდა. დიონისემ არ ისურვა ცისიერებთან ყოფნა, მიწაზე დარჩა და მრავალ ქალაქს ეწვია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებით მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, ხელში ჯადოსნური კვერთხი, თირსოსი, ეკავა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ღვინის სურნელით აბრუებდა ყველას. დიონისეს თან სდევდა მოხუცი სილენოსი, მენადების დასი და ველური სატირების ბრბო. მის თანმხლებთა შორის იყო პანიც. იგი ხშირად უკრავდა სტვირზე, ხოლო მის ხმაზე დიონისეს მთვრალი ამალა თავდავიწყებით ცეკვავდა და უმღეროდა თავის ღვთაებას.
სინონიმი: ბაქკოსი
წყარო: ბიბლიოვიკი დიონისე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9