ადგილი მოქმედების განვითარებაში, რომელიც გამწვავებულ ურთიერთობას გვიხატავს.
კულმინაციის გამოყოფა რომ გაგვიადვილდეს წინასწარ უნდა გამოვყოთ დაძაბული მდგომარეობა, რომელსაც გერმანულ პოეტიკაში „შპანუნგი” ეწოდება.
შპანუნგი ზოგჯერ დასაწყისიდანვე ქმნის კულმინაციის შთაბეჭდილებას, მაგრამ კულმინაცია დაძაბული მოქმედების დასაწყისი კი არ არის, მისი უმაღლესი განვითარებაა, რაც ამ მდგომარეობის დამთავრებისას გვხვდება.
ე. ნინოშვილის მოთხრობაში „ჩვენი ქვეყნის რაინდი” ტარიელის ცდა, ჩაამტვრიოს კარები და ძალადობა იხმაროს დესპინეზე, დაძაბული მდგომარეობის დასაწყისია.
„განდეგილში” დაძაბული მდგომარეობა ჩნდება იმ მომენტიდან, რა დროიდანაც ბერში იწყება შინაგანი ბრძოლა. ერთი მხრივ, ადამიანური გრძნობა ბერში ბადებს სურვილს, რომ მწყემს ქალს აკოცოს, მეორე მხრივ, საიქიოსა და
ასკეტური იდეალის რწმენა მასში ბადებს შიშს, რომ ამ სურვილის აღძვრითაც კი ბერს შეუძლია წაწყმდეს. ერთ მომენტში ხორციელი ზრახვა ძლევს, მაგრამ უფრო მკვეთრად
რელიგიის გავლენა იჩენს თავს და ცდილობს სულის „დაღუპვისაგან” გადარჩენას. ეს ცდა – დაძაბული მდგომარეობა, რომელიც ქალის საკოცნელად ფეხის წინ წადგმიდან დაიწყო, დიდხანს გრძელდება და მთავრდება ბერის დამარცხებით მაშინ, როდესაც სახარებას სხივი ლოცვანს აღარ იჭერს და ბერიც რწმუნდება, რომ მისი მიზანი – საიქიოში ცხონების დამკვიდრებისა, მიუღწეველია.
დაძაბული მდგომარეობა ხშირად დიდხანს გრძელდება და გვხვდება დაძაბულობის რამდენიმე ისეთი მომენტი, რომელიც მეტ დაძაბულობასთან შედარებით უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას, კულმინაციას მოგვაჩვენებს. შპანუნგის გამოყოფა მეტ შესაძლებლობას გვაძლევს მთავარი ყურადღება მის განვითარებაზე გადავიტანოთ.
„გოგია უიშვილში” დაძაბული მდგომარეობა კალანდის წინაღამით გოგიას ოჯახში ყაზახების მოსვლითა და ოჯახის დარბევით იწყება. დაძაბული მდგომარეობა გოგიას თვითმკვლელობამდე გრძელდება. დაძაბულობა კულმინაციურ მომენტს გოგიას საჯაროს გაროზგვის დროს აღწევს, რის შემდეგაც მოკლე ხანში კვანძი იხსნება – გოგია თავს იკლავს.
„ბაში–აჩუკში” დაძაბული მდგომარეობა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ– კახეთში) ირანელების შემოსევიდან იწყება. დაძაბული მდგომარეობა უფრო მეტად მწვავდება მაშინ, როცა როცა შეთქმულები მოღალატე მაყაშვილს კლავენ, ხოლო მოთხრობის კულმინაციური მომენტია სახალხო შეიარაღებული აჯანყების დაწყება, რაც კვანძის გახსნით – ირანელ დამპყრობთა განდევნით მთავრდება.
გ. წერეთლის „პირველ ნაბიჯში” დაძაბული მდგომარეობა ესმას მოტაცებით იწყება. ესმას მოკვლა უკვე კულმინაციური მომენტია. დაძაბულ მდგომარეობას ამის შემდეგ შურისძიების განხორციელება განაპირობებს და იგი ერემია წარბას მკვლელობით მთავრდება.
„სტუმარ–მასპინძელში” დაძაბული მდგომარეობა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ქისტები ღამით თავს ესხმიან მძინარე ზვიადაურს, ხოლო კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც ზვიადაურს დარლას საფლავზე კლავენ.