ბა ბგ ბე ბი ბო
ბაი ბალ ბარ

ბალადა

ფრანგ. BALADE
ლირიკული ან ლირიკულ–ეპიკური შინაარსის მოკლე თხრობითი ხასიათის ლექსი.

ტერმინი წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ცეკვას.
ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა საფრანგეთში. ბალადებს მღეროდნენ ტრუბადურები, რომლებიც მეტწილად ხალხის ქვედა ფენებიდან გამოსული მოხეტიალე პოეტები იყვნენ. ისინი უმთავრესად დაიოდნენ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და მღეროდნენ ლექსებს მეფეებისა და რაინდების საგმირო საქმეებზე, მათ ბრძოლებზე, მამაცობაზე. ამ ლექსების მღერის დროს ცეკვავდნენ და თან საკრავებს უკრავდნენ. ასეთი მომღერალი პოეტები მოგზაურობდნენ აგრეთვე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.

ლექსის სიმღერასთან ერთად ცეკვას ასრულებდნენ თვით შემთხზველები ან სხვა მოცეკვავენი. სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა, მაგალითად, ქართული ფერხული.
წარსულში ბალადა სპეციალურად ითხზვებოდა, როგორც საცეკვაო სიმღერა, შემდეგში კი იგი განვითარდა როგორც ლირიკის ერთ–ერთი ფორმა, რომელიც წასაკითხავად და სადეკლარაციოდ (ზეპირად წარმოსათქმელად) იწერებოდა.

ბალადაში ეპიკური ელემენტიც არის და ლირიკულიც. იგი ლირიკულია, რადგან გამოხატავს ავტორის პირად განწყობილებას; იმავე დროს, ბალადას ეპიკურ გვარსაც აკუთვნებენ, რადგან ბალადა პოეტის განწყობილებას გამოხატავს არა უშუალოდ, არამედ ავტორის ცხოვრებისა და მისწრაფების ნაცვლად გვიხატავს სხვა მოქმედი პირის ცხოვრებას ან აგვიწერს რაიმე საინტერესო შემთხვევას, რაც პოეტის პიროვნების გარეშე ხდება.

ბალადას, უფრო ხშირად, საფუძვლად უდევს რაიმე ზღაპრული გადმოცემა. ამიტომ, მისი შინაარსი, ჩვეულებრივ, ფანტასტიკურია. მაგ. ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბა” ბალადის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში:

„ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო
და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ჰყვავისო,
მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ ჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი
და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია ის აკვანი ასვენია
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, – თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
იმას კი აღარ ამბობენ, აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ნატრულობა ჩუმის ნატვრითა ქართველი?”

ამ ლექსის შინაარსი ფანტასტიკურია. ავტორს გამოყენებული აქვს ძველი გადმოცემა ბაზალეთის ტბის შესახებ. ამ ბალადის საშუალებით ავტორი ნათლად გამოსახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას სამშობლო ქვეყნის აყვავებისადმი, მაღალი ეროვნული იდეალის განხორციელებისადმი.
ეს ლექსი გამოხატავს აგრეთვე ავტორის პატრიოტულ იდეალს. იგი იმით განირჩევა ზღაპრისაგან, რომ ზღაპარში შემთხზველს, როგორც ცრუმორწმუნეს, სწამს მისგან მოთხრობილი ფანტასტიკური ამბის მოხდენის შესაძლებლობა, სწამს „სასწაულთმოქმედი” ძალები. ი. ჭავჭავაძე კი შეგნებულად იყენებს გადმოცემას როგორც არა მისი ცრუმორწმუნეობის გამომხატველს, არამედ მხოლოდ როგორც პოეტურ ფორმას.

თანამედროვე ბალადა რეალისტურია.
ფანტასტიკური გამონაგონის ნაცვლად მას ტიპური ან სინამდვილის დამახასიათებელი რაიმე საინტერესო მოვლენის ასახვა ახასიათებს. ასეთი ბალადის ნიმუშია ა. მირცხულავას მიერ მიერ დიდი სამამულო ომის დროს დაწერილი ბალადა „ძმები”:

„ისინი დილით ნახეს ფლატეში,
ერთად ჩაკრული მშობლიურ გრძნობით,
და მოათავსეს ერთ პალატაში
მტერთან ბრძოლაში დაჭრილი ძმები;
ერთად იბრძოდნენ, ერთი მიზნისთვის
ცეცხლის ალში თუ კვამლში გართული,
– სამშობლოსათვის, სამშობლოსათვის –
– მტერს მიჰკიოდნენ ხმალაღმართული!
მაგრამ დაეცნენ მკერდზე მახვილით,
თვალთ ყორნისფერი ნისლი ებურათ,
და „ვაი–ნანას” ამოძახილით
სიკვდილს ებრძოდნენ ვეფხისებურად!
კვლავ წამოდგომა ეწადათ, მაგრამ
ვეღარ დგებოდნენ, ხმალს ვერ წვდებოდნენ,
ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს მაგრად,
ჩოქვით ერთმანეთს ეზიდებოდნენ!
ძლივს მიაწვდინეს მეგობრებს ხმები,
პირაღმა იწვნენ თოვლის ფლატეში,
და სასიკვდილოდ დაჭრილი ძმები
მოთავსებულან ერთ პალატაში!
დილით, როდესაც მზე ოქროს მკერდით
ჭერს გაანათებს, გაამზეურებს,
– ძმა როგორ არის? – კითხულობს ერთი,
– ძმა როგორ არის? – დარდობს მეორე!
ძილში, როდესაც ყუმბარის ფერდი
ციდან მოწყდება, ვით მეტეორი,
– ძმა ცოცხალია?– ბუტბუტებს ერთი,
– ძმა ცოცხალია? – გმინავს მეორე!
სიზმრების ზღვა კი, როგორც ხომალდებს,
ტახტებს არწევს და ღელვა ჰგონიათ
და ასე, სულის ამოხდომამდე,
ძმას აწამებდა ძმის აგონია!
ერთ მრისხანე დღეს, როცა ავდარი
სძრავდა მიდამოს; ცა რისხვით ჰქუხდა,
პალატა სდუმდა, ვით ნასაყდარი,
ძმა ძმის შესახებ აღარა სწუხდა!”

დასავლეთ ევროპის მწერალთა შორის ბალადა დაამუშავეს ულანდმა, შილერმა, გოეთემ („ტყის მეფე”, „მინიონი”), რუსულ ლტერატურაში ბალადებს წერდა პუშკინი („დამხრჩვალი”), ლერმონტოვი („ჰაეროვანი ხომალდი”), ნეკრასოვი, მაიაკოვსკი და სხვ. ქართულ პოეზიაში ბალადები გვხვდება ფოლკლორულ მასალებში. ასეთია „თავფარავნელი ჭაბუკი”, „ლექსი ვეფხისა და მოყმისა” და სხვ. ბალადისებურია ხალხური ლექსი „თამარ მეფე და ხონთქარი”, რომელიც სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა. ქართულ ლირიკაში ბალადის ნიმუშებია: რ. ერისთავის „ალები”, „ქალების აყვანა”, ი. გრიშაშვილის „ზღაპარი ჰამაკში” და ა.შ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9